- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-08-14 06:58:38
19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის 4 დღით გაუჩინარება, მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე სუფრაზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი ავტობანთან იკარგებოდა, სადაც ის სამ მეგობართან ერთად თბილისიდან გამოძახებულ ტაქსის ელოდებოდა. მათან გაჩერდა მანქანა, საიდანაც ბიჭები გადმოვიდნენ და გიორგის ერთ-ერთ თანამგზავრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირება გახდა იმის საფუძველი, რომ გიორგი გაქცეულიყო თავის დაღწევის მიზნით. როგორც ჩანს, ეს მან ვერ მოახერხა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გვამი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.
საგამოძიებო უწყებაში მითითებულია, რომ კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა, თუმცა არ უთითებენ, იყო თუ არა იქ მანქანა და რამდენი. ამ დრომდე უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაში ბრალდებული ან ბრალდებულები? საჯარო განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა.
ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო აქ ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ. ოჯახის მოთხოვნით, გამოძიებაში ჩაერთო დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორი“. პარალელურად, გამოძიება მედიამაც დაიწყო და თავისი დასკვნა დადო ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტმა გალინა კორმუხინამ. „ვექტორისა“ და „ემპათიის“ საექსპერტო პოზიციები ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
„ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ესაუბრება „ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი კახა ერისთავი:
_ ბატონო კახა, აქ იკვეთება მთელი რიგი საკითხები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. თქვენ გიორგი შაქარაშვილის ცხედართან უშუალო შეხება გქონდათ. სწორედ თქვენ, სამხარაულის ექსპერტებთან ერთად, გამოიკვლიეთ ცხედარი და დადეთ საექსპერტო დასკვნა.
_ ჩვენ ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი გამოვიკვლიეთ, მეორე მხარეს გვამი საერთოდ არ უნახავს და გალინა კარმუშინა ე. წ. დასკვნები გამოიტანა რუსულ ენაზე თარგმნილი ექსპერტიზის ვარიანტზე დაყრდნობით.
_ მაგრამ წყალში დახრჩობის ვერსიას ისინი ხომ ეთანხმებიან?
_ დიახ, ისინიც ეთანხმებიან, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია, ანუ ეს პიროვნება ცოცხალი მოხვდა წყალში.
_ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტის პოზიციით ქალა-ფუძის მოტეხილობის დამადასტურებელ ნიშნებად მიიჩნევა თვალბუდეებში სისხლჩაქცევა და თავზურგ-ტვინის შემღვრევა. რატომ არის ეს არასწორი?
_ ზოგიერთმა ექსპერტმა მიიჩნია ორივე თვალბუდეში სისხლჩაქცევა ქალა-ფუძის მოტეხილობის უტყუარ ნიშნად. ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში ამ ქალბატონს დაუსვეს შეკითხვა ქათამაძესთან დაკავშირებით. ქათამაძეს ასევე ჰქონდა ორივე თვალბუდეში სისხლჩაქცევა, მაგრამ არ ჰქონდა ქალა-ფუძის მოტეხილობა. გალინა კარმუშინას პასუხი იყო, რომ ქათამაძეს ერთ თვალბუდეში მეტი ინტენსივობის სისხლჩაქცევა ჰქონდა, ვიდრე მეორეშიო და ამიტომაც არ აღენიშნებოდა ქალა-ფუძის მოტეხილობაო. გესმით?! ამას იტყვის „პონჩიკების“ გამყიდველიც კი. ანალოგიურად, თავზურგტვინის სითხის შემღვრევაზე, ლპობითი პროცესების დროს, ვერანაირად ვერ დარჩება ეს სითხე გამჭვირვალე და აბსოლუტურად არანაირ მიზეზობრივ კაშირში არ არის ქალა-ფუძის მოტეხილობასთან.
_ გვამური გაშეშების დიაგნოზი როგორ დასვა?
_ ფოტოებით. ახლა მე თქვენ გეკითხებით: თუ არ შეეხეთ ცხედარს ხელებით, სახის კუნთებს და ა. შ. როგორ უნდა დაადგინო მხოლოდ ფოტოებით, გაშეშებულია თუ არა?
_ მრეცხავის ხელთათმანებზე რას გვეტყვით?
_ ადამიანი რომ მოხვდება წყალში, ხელებზე ეწყება კანის შენაოჭება და მოთეთრო ფერის ხდება. მაგალითად, ხშირად თუ დაგიბანიათ ხელი და აუზში ხანგრძლივად ყოფილხართ, თითები ოდნავ შენაოჭებული გექნებათ. მაგრამ მრეცხავის ხელებზე ეს აშკარად არის გამოკვეთილი. გვამს წყალში ხანგრძლივი ყოფნის დროს უვითარდება „სიკვდილის ხელთათმანები“. კარმუშინა ამბობს, რომ „სიკვდილის ხელთათმანები“ ვითარდება 2-4 საათშიო, მაშინ როდესაც მის განვითარებას სჭირდება რამდენიმე კვირა. ამ ქალმა ვადებზე საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს, სირცხვილია უბრალოდ. „სიკვდილის ხელთათმანი“ _ ეს არის შორს წასული პროცესი ცხედრის წყალში ყოფნის, რა დროსაც კანის ზედაპირული შენაოჭებული შრე ხელთათმანივით ძვრება სხეულს. მე თუ არ მენდობა, აიღოს ამერიკული ან ევროპული სასამართლო ექსპერტიზის სახელმძღვანელო. შაქარაშვილს ეს არ ჰქონია.
_ მაშასადამე, კატეგორიულად არ ეთანხმებით მეორე მხარის ვერსიას, რომ დაღუპული დღე-ნახევარი ცოცხალი იყო უგონო და კომატოზურ მდგომარეობაში?
_ არანაირად. როგორ დავეთანხმო, როდესაც გვამთან ვიმუშავე და ფაქტი სახეზე გვაქვს? დღე-ნახევარი ანდა ორი დღე ცხედარი როდესაც არის მაღალ ტემპერატურაზე ჰაერზე, იქ ვითარდება ლპობითი პროცესები. ელემენტარული, ამოცნობის პრობლემა დადგებოდა. ანალოგიური პროცესები განვითარდებოდა შაქარაშვილის შემთხვევაშიც.
_ მაშასადამე, წყალში რომ მოხვდა, შაქარაშვილი ცოცხალი იყო?
_ ბუნებრივია! ეს დადგენილია უკვე მიკროსკოპული და მაკროსკოპული კვლევით. წყალი მეტ-ნაკლებად ცივია და ამან ლპობითი პროცესების ინტენსიურ განვითარებას ხელი შეუშალა. ამის გამო სიკვდილის მიზეზი დადგინდა, თორემ სიკვდილის მიზეზსაც ვერ დაადგენდა ჩვენი ჯგუფი და სამხარაულის ექსპერტები. შაქარაშვილი 3-4 დღე წყალში იყო, რომლის დროსაც ლპობითი პროცესები კი დაიწყო, მაგრამ არა ინტენსიური, რომ სულ გაენადგურებინა ქსოვილები.
„ქრონიკა+“-ს გაუხმაურებელ დეტალებზე ესაუბრება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ დირექტორი ალეკო გეჯაძე:
_ როდესაც გალინა კარმუშინა პირველად გამოვიდა ტელეეთერში, მან აღნიშნა, რომ მას გადაუთარგმნეს მთლიანად პირველი ექსპერტიზა, სადაც დადგენილია სიკვდილის მიზეზი, როგორც ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის ამ „გადათარგმნილი“ ვერსიით, ქალბატონი გალინა ცალსახად განმარტავს, რომ გვამს არ აღენიშნებოდა ლპობითი ცვლილებები და მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ შემთხვევის ადგილზე გვამის დათვალიერებისას ექსპერტმა მიუთითა გვამური გაშეშების არსებობაზე ყველა ჯგუფის კუნთებში, განმარტა, რომ რადგანაც არ ჰქონდა ლპობა, ხოლო გაშეშება გამოხატული იყო ყველა კუნთში, ამიტომ მან სიკვდილის ხანდაზმულობად განსაზღვრა არა უმეტეს 36 საათისა. ფაქტობრივად, კარმუშინამ გვერდი აუარა ლპობითი პროცესების არსებობას და განავითარა არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური მსჯელობა სიკვდილის ხანდაზმულობაზე. ეს კი რეალობისგან ყველანაირად მოწყვეტილია.
_ კი მაგრამ, გადათარგმნილ დოკუმენტში ხომ წერია, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ლპობითი პროცესები აღენიშნებოდა?
_ კი ბატონო, ოქმში ცალსახად წერია, რომ იყო ლპობითი პროცესები. ამავდროულად, არა მარტო ოქმში, არამედ უშუალოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის გამოკვლევისას, იქაც ცალსახად დაფიქსირებულია ლპობითი პროცესები ყოველგვარი გვამური გაშეშების გარეშე. მინდა მოგახსენოთ, რომ ბუნებაში არ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოს ცხელი ზაფხულის პირობებში, ისეთი მოვლენა, რომ 4 დღის განმავლობაში წყალში ყოფნისას ცხედარს შენარჩუნებული ჰქონოდა გვამური გაშეშება. ამის თაობაზე ყველა ტელეეთერში ვსაუბრობდი. თუნდაც ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში ვთხოვე მას, რომ კარმუშინა დაესვათ ჩემ პირდაპირ, ან თუნდაც ჩართულიყო „ემპათიის“ ოფისიდან, იმიტომ რომ არ მინდა, არაპროფესიონალიზმზე ზურგს უკან ვილაპარაკო. უკვე გადაცემის მსვლელობისას, ბოლო მომენტში, მეც და ტელემაყურებელსაც „ემპათიის“ ხელმძღვანელმა კარმუშინას სახელით უარი განგვიცხადა ეთერში ჩართვაზე.
_ რაზე მიანიშნებთ, რომ ეს ქალბატონი ერიდება თქვენთან ერთად ღია ტელეეთერში გამოსვლას?
_ სიმართლე გითხრათ, ამაზე ცალსახად პასუხი არ მაქვს. ფაქტია, რომ ჩემთან პირისპირ დაჯდომა არ უნდა. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეცდომაში შეიყვანეს, როგორც ქართული ენის არმცოდნე ანდა სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, რაზედაც პასუხი არ გამაჩნია. ლპობას ადგილი ჰქონდა როგორც შემთხვევის ადგილზე გვამის აღმოჩენისას, ასევე პროზექტურაშიც მისი გაკვეთის პროცესში.
_ თუ კარმუშინას ვერსიის მიხედვით, არაუმეტეს 36 საათისა იყო ცხედარი წყალში, გამოდის, რომ მანამდე, თუნდაც, დღე-ნახევარი ხმელეთზე იყო?
_ მისი აზრით, დიახ, ასეა, რაც სრული აბსურდია, რამეთუ, თუკი 1,5-2 დღე, 28-30 გრადუსს ტემპერატურაზე ცხედარი იქნებოდა ჰაერზე, ისეთი ლპობითი პროცესები განვითარდებოდა, რომ გვამის ამოცნობაც კი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.
_ თუკი წყალში მოხვედრილი არ იყო შაქარაშვილის ცხედარი, მაშინ სად იყო?
_ მათი ვერსიით, შაქარაშვილი იყო ცოცხალი, ანუ დროის ამ მანძილზე იმყოფებოდა უგონო კომატოზურ მდგომარეობაში.
_ ეს საიდან დაასკვნეს?
_ მათი პოზიციით, იმის გამო, რომ გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა ორივე თვალბუდის სისხლნაჟღენთები თვალის სკლერებში სისხლჩაქცევით, ამავდროულად შემღვრეული ჰქონდა თავ-ზურგტვინის სითხე, ე. ი. უნდა ჰქონოდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, რაც ასევე სრული აბსურდია. ჯერ ერთი, თავის ტვინის დეტალური მაკროსკოპული და მიკროსკოპული (ჰისტოლოგიური) გამოკვლევებით არანაირ ტრავმულ დაზიანებას თავის ტვინში სისხლჩაქცევების ან სხვა სახით გვამს არ აღენიშნებოდა. ქალა-ფუძის მოტეხილობა რომ ყოფილიყო, ეს ისეთი მძიმე ტრავმაა, რომ ყველა შემთხვევაში სისხლჩაქცევებსა და დაზიანებებს ადგილი უნდა ჰქონოდა თავის ტვინში. ასევე აბსურდია ცენტრ „ემპათიის“ ვერსია, რომ არ ჩაუტარდა გვამს კომპიუტერული ტომოგრაფია ქალა-ფუძის მოტეხილობის დასადგენად. რაც არსებობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პრაქტიკა, არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცისა და დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში, ქალა-ფუძის მოტეხილობის დასადგენად კომპიუტერული ტომოგრაფიის საჭიროება არსად არ დგას. ვინაიდან ქალა-ფუძის მოტეხილობის დიაგნოსტირებისას მთლიანად ხდება თავის ტვინის ქალას სარქველიდან ამოღება, შემდეგ ე. წ. მაგარი გარსი ხელით სცილდება ქალას ფუძეს, შედეგად, როგორც სარკე, ისე შიშვლდება ქალას ფუძე. ამ დროს თუნდაც მცირედი ბზაროვანი მოტეხილობაც კი აშკარად ჩანს.
_ გიორგი შაქარაშვილის ფეხსაცმელი სად არის, რატომ არ იძებნება?
_ ბუნებრივია, აქ კითხვის ნიშნები მეც მაქვს _ არ ვიცი, რატომ არ აქვს. წყალმა მოაძრო, წინდა ეცვა-არეცვა… კი ბატონო, ამ ნაწილში, ვეთანხმები. ანდა ზედა მაისური თუ პერანგი, რაც ეცვა, ყველა ღილი რატომ იყო შეკრული? აქაც შეიძლება ბევრი ვარაუდი იყოს _ ზოგ სამოსს ისეთი ქანჩი აქვს, რომ ღილი კარგად შედის და მყარად ფიქსირდება.
_ წყალში როგორ მოხვდა ახალგაზრდა ბიჭი?
_ რა ვითარებაში მოხვდა წყალში შაქარაშვილი, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ტარდება მეორე კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი სხვა კითხვებთან ერთად, თუ რა ვითარებაში შეეძლო, რა მატრავმირებელი ფაქტორების ზეგავლენით შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. კერძოდ, შეეძლო თუ არა დაზიანებები მიეღო, მაგალითად, ხიდიდან წყალში ჩავარდნით, ბილიკზე დაგორებით, ან ასფალტირებულ ზედაპიზე დაცემით დ ა. შ. ამავდროულდ, შეიძლებოდა თუ არა დაზიანებები მიეღო ხელკეტის ჩარტყმით, მუშტის, ქვის და ა. შ. სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტთა კომისია მუშაობს და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი კატეგორულ ანდა სავარაუდო ფორმატში. მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს შეგნებულად, რამეთუ გამოძიებას ხელი არ შევუშალოთ, რადგან აღნიშნული ინფორმაცია სავსებით დასაშვებია, წინასწარ გამოიყენონ ბრალდებულების ადვოკატებმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ.
თამარ როსტიაშვილი