QronikaPlus
ჩინური წარმოების კორუფცია, ქართული ყაიდის არაპროფესიონალიზმი თუ მიზანმიმართული დივერსია?

ჩინური წარმოების კორუფცია, ქართული ყაიდის არაპროფესიონალიზმი თუ მიზანმიმართული დივერსია?

2020-08-07 08:57:07

2018 წლის 25 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტურისტული სეზონისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18-კილომეტრიანი გზა ექსპლოატაციაში შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო და რომ ეს ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო. მისი შესრულების ვადები უნდა ყოფილიყო 2013-2016 წლები.
პროექტი განახორციელა ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“.
ცოტა რამ პროექტის ისტორიიდან:
მაშინ, როდესაც „სინოჰიდრო“ ქართულ საგზაო-სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა, პროცესში არც ბახტაძე, არც ცქიტიშვილი და არც ზურაბ პატარაძე არ იყვნენ ჩართულები.
მაშინ სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა აჭარას და რეგიონული განვითარების სამინისტროს.
ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, მისი მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, საავტომობილო დეპარტამენტის აჭარის დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე და კომპანია „სინოჰიდროს“ ხელმძღვანელები.
ერთი წლის თავზე აჭარის ხელმძღვანელობა სიამაყით აცხადებდა, რომ საქართველოში ამ ტიპის უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით სახიდე კონსტრუქციები პირველად ეწყობოდა; რომ ერთ წელიწადში უკვე დასრულებული იყო 6 ხიდის მშენებლობა, 46 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები; რომ დასაქმებული იყო 550-მდე ადამიანი, რომელთა 70%-ს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა.
ასე აცხადებდნენ მაშინ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ნაცვლად, ჩამოყვანილი ჰყავს ჩინეთის მოქალაქეები. რაკი „სინოჰიდრო“ სახელმწიფო კომპანიაა, კითხვები ჩნდება ამ მიმართებითაც: რამდენი ადამიანი და რა კატეგორიის სპეციალისტები არიან დასაქმებული პროექტებზე?
ეს თემა ცალკე ყურადღებას იმსახურებს და ამ ეტაპზე შესწავლის სტადიაშია. შესასწავლი კი ბევრია, რადგან დღეს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არაერთი ჩინური კომპანიაა, რომელთაც უკვე მრავალი პრობლემა შექმეს და ბევრი თავსატეხი გაუჩინეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას.

ზოგადად, რა კომპანიაა „სინოჰიდრო“? როგორ აღმოჩნდა იგი „ქართუს“ საგზაო-სამშენებლო ბაზარზე და რამ შეუქმნა მას სკანდალური რეპუტაცია?
ამის ფესვები ამჯერადაც ისტორიაში, ოღონდ, კომპანიის ისტორიაში უნდა ვეძებოთ:

  1. 2011 წელი _ „სინოჰიდრო“ აღიარებს ხარვეზებს ბაკუნჰესის მშენებლობის პროცედურებში.
    გარემოსდაცვითი ჟურნალისტ კლერ რიოკესლის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ( The Sarawak Report ) ნათქვამია, რომ ჰესის მშენებელი ჩინური „სინოჰიდრო“, ხარჯების დაზოგვის მიზნით, მშენებლობის პროცესში ცემენტს ჭარბი რაოდენობით წყალს ურევდა, რაც სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან სახიფათო ქმედებადაა მიჩნეული. ამ პროექტს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჯგუფმა „კორუფციის მონუმენტი“ უწოდა. აღნიშნული ჰესის მშენებლობამ 10.000 ადგილობრივი მოსახლე იძულებით ეკომიგრანტად აქცია და მათი უმრავლესობა დღესაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს;
  2. 2013 წელი _ კარუმაჰესი უგანდაში _ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ღირებულების ჰესი „სინოჰიდროს“ ხელში.
    ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მშენებლობის პროცესი საკმაოდ უხარისხო იყო როგორც დაგეგმარებისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის, ასევე სამშენებლო მასალების მიმართულებით. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესშივე გამოიკვეთა საკმაოდ შესამჩნევი ბზარები წყლის გამშვებზე. საინჟინრო გამოწვევების გარდა ასევე პრობლემას წარმოადგენდა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი საკითხებიც. „სინოჰიდროს“ აკრიტიკებდნენ იმიტომაც, რომ მაღალ პოზიციებზე არ ასაქმებდნენ ადგილობრივებს და მათ მხოლოდ ყველაზე დაბალკვალიფიციურ მუშახელად ამუშავებდნენ. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ვადებიც, ვინაიდან პროექტი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერაც არ დასრულებულა;
  3. 2015 წელი _ ბალკანურ-ჩინური კორუფცია.
    კორუფციის ექსპორტი _ 2013 წლის ბოლოს მაკედონიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა 57-კილომეტრიანი გზატკეცილის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ჩინურ „სინოჰიდროსთან“. ხელშეკრულების ღირებულებამ 373 მილიონი ევრო შეადგინა. პროექტის მნიშვნელობა თავიდანვე დაიჩრდილა სავარაუდო კორუფციის ბრალდებებით. 2015 წელს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა ჩაწერილი საუბრები 38 ნაწილად, რომელთა მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები. ისინი საუბრობდნენ ჩინური კომპანიის მხრიდან პირდაპირ მათთვის გადახდილ თანხებზე. მოგვიანებით დადგინდა, რომ პროექტირების ეტაპზე აღინიშნა არასწორი მენეჯმენტი, რის გამოც პროექტის ღირებულება გაიზარდა 120 მილიონი ევროთი. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური ურთიერთობების საკითხში მინისტრის მოადგილე ვლადიმირ პეშევსკი, ტრანსპორტის მინისტრი მილე იანაკიესკი და მაკედონიის სახელმწიფო გზების საჯარო კომპანიის დირექტორი ლუპჩო გეორგიევსკი. გარდა ამისა, მთელი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესმა აჩვენა უამრავი ხარვეზი, რომელიც გამოიწვია პროექტირებისა და მშენებლობის უხარისხობამ. ამ კონტექსტში აუცილებელია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის (EUISS) გამოცემის მიხედვით „სინოჰიდრო“ ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბანკს ჰყავს შავ სიაში შეყვანილი;
  4. 2016 წელს ყირგიზეთში ბიშკეკი-ნარინი-ტორგარტის ავტომაგისტრალის მშენებლობა.
    კონტრაქტორი _ „სინოჰიდრო“. გზის მონაკვეთის უხარისხო მშენებლობის გამო დამკვეთმა $2.2 მილიონი დაუკავა;
  5. 2017 წელი _ უსაფუძვლოდ მინიჭებული 580-მილიონდოლარიანი ტენდერი კენიაში.
    კენიაში ჩატარდა ტენდერი ჰესის მშენებლობაზე ( Thwake Dam ), სადაც „სინოჰიდრო“მეორე ადგილზე გავიდა ფასით და მიუხედავად ამისა, მას მაინც გადასცეს მშენებლობის კონტრაქტი. შემდეგ გაჩნდა ეჭვები „სინოჰიდროს“ მიერ ირიგაციის მინისტრის მოსყიდვის შესახებ, რომელიც მათ ინტერესებს ლობირებდა, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომიტეტიც კი ეწინააღმდეგებოდა „სინოჰიდროსთვის“ ამ ტენდერის გადაცემას. მხოლოდ აფრიკის განვითარების ბანკისა და კენიის შესყიდვების განხილვის საბჭოს სერიოზული ზეწოლის შემდეგ ჩამოართვეს მინიჭებული კონტრაქტი „სინოჰიდროს“ და გადასცეს პირველ ადგილზე გასულ კომპანიას. პროცესი იმდენ ხანს გაიწელა, რომ საბოლოოდ მშენებლობა 2018 წელს დაიწყო.
  6. 2017 წელი _ აფრიკის განვითარების ბანკმა უგანდის ქეისის გამო „სინოჰიდრო“ შავ სიაში შეიყვანა.
    აფრიკის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ დაკავებული იყო თაღლითური ქმედებებით უგანდაში AfDB-ის მიერ დაფინანსებული საგზაო სექტორის მხარდაჭერის პროექტისთვის ფასის შეთავაზების პროცესში. მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, AfDB-მ სინოჰიდროს დაუწესა პირობითი აკრძალვა სამი წლის ვადით ( conditional non-debarment );
  7. 2018 წელი _ უხარისხო ჰესი და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება ეკვადორში.
    ქრთამის აღების ბრალდებით არიან დაკავებულები ჰესის მშენებლობაში ჩართული სახელმწიფო მოხელეები. მათ შორის: ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ელექტროენერგიის ყოფილი მინისტრი და ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელიც კი, რომელიც პირადად აწარმოებდა მშენებლობაზე მონიტორინგს.
    ჯერ კიდევ 2014 წელს ტექნიკოსებმა შეამჩნიეს ბზარები ჩინური წარმოების უჟანგავი ფოლადის მოწყობილობებში. იმავე წლის დეკემბერში 13 თანამშრომელი დაიღუპა გვირაბის ჩამონგრევისა და დატბორვის გამო. როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა შეამოწმეს პროექტი, მხოლოდ მსუბუქი კრიტიკითა და მინიმალური ჯარიმებით შემოიფარგლნენ, რის გამოც სავარაუდო კორუფციის სერიოზული ეჭვი გაჩნდა.
    ბოლო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰესის მთავარ მოწყობილობებში უკვე 7,648 ბზარია, რაც ჩინური „სინოჰიდროს“ მიერ დაბალი სტანდარტის ფოლადისა და არასაკმარისი ხარისხის შედუღების ბრალია;
  8. 2018 წელი ბოტსვანაში „სინოჰიდრომ“ მოიგო აეროპორტის გაფართოების პროექტი.
    ღირებულება 527 მილიონი აშშ დოლარი. იმის გამო, რომ ნეგატიურად ზემოქმედებდა მოსახლეობასა და გარემოზე, ასევე სამუშაოებს ასრულებდა ძალიან უხარისხოდ, დამკვეთმა შეწყვიტა კონტრაქტი სინოჰიდროსთან, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების 90% უკვე შესრულებული იყო;
  9. 2018 წელს სომხეთში ჩინური „სინოჰიდრო“ სომხეთის ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მშენებლობას აწარმოებს.
    უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სომხეთის მთავრობამ შეაჩერა პროექტი მანამ, სანამ კომპანია გამოასწორებს ხარისხთან დაკავშირებულ დეფექტებს;
  10. 2017 წელს უკრაინაში „სინოჰიდრომ“ მოიგო 42 მილიონი ევროს ღირებულების გზის სამშენებლო ტენდერი.
    2020 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, „სინოჰიდრო“ ვერ ეტევა კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში. უკრაინის გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და არ აძლევს ჩინურ „სინოჰიდროს“ სხვა ტენდერებში მონაწილეობის უფლებას.

სია შთამბეჭდავია და, რა თქმა უნდა, ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება არ უნდა გასჭირვებოდათ საგზაო დეპარტამენტში, მაგრამ კომპანია კვლავ ქართულ ბაზარზე რჩება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. მეტიც: აგრძელებს სხვა პროექტებისთვის ბრძოლას.
2018 წელს მაია ცქიტიშვილი ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მუშაობით უკმაყოფილო იყო. მინისტრი კომპანიის შესრულებული სამუშაოების უკმაყოფილებას მედიის თანდასწრებითაც ვერ მალავდა.
2020 წელს კი მინისტრმა ცქიტიშვილმა ამავე კომპანიაზე აზრი სრულიად შეიცვალა და აცხადებს, რომ „სინოჰიდრო“ სამუშაოებს ძალიან კარგად უმკლავდება და მათი მუშაობის ხარისხიც საუკეთესოა, თუმცა არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ პასუხისმგებლობას არსებულ დარღვევებზე ვერ გრძნობს:
„თუ თქვენ კანონდარღვევას ნახავთ და ნახავთ პერიოდს კალენდარულად, ამ შემთხვევაში ჩემი მინისტრობის პერიოდს ეს საკითხები არ ეხება“, _ აცხადებს მინისტრი.
ეს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ვითარებას, თუ ყურადღებას მივაქცევთ მის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს კანონდარღვევების ალბათობას. კანონდარღვევებს რომ გამოძიება და დამნაშავის გამოვლენა სჭირდება, ეს ჩვენ ვიცით. იმედია, იცის მინისტრმაც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტი უნდა დასრულებულიყო 2016 წელს, მაგრამ დასრულდა 2018 წელს. ამ ვადაგადაცლების მიზეზი კიდევ ერთი სკანდალის საფუძველი აღმოჩნდა, რამაც კითხვები გაამძაფრა, მაგრამ ამჯერად არა მხოლოდ კომპანიის მიმართ.
მაია ცქიტიშვილის უწყებამ სოფელ აჭვადან იმ ოჯახების გასახლება გააჭიანურა, რომლებიც შემოვლითი გზის სამშენებლო ზონაში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული, ისმაილ კონცელიძე, ამბობს, რომ ტენდერის გამოცხადება და მილიონების ჩარიცხვა ჩინური კომპანიისთვის ისე განხორციელდა, რომ მასთან მოლაპარაკება დასრულებული არ იყო.
„ბულდოზერით მოვიდნენ, 29 თებერვალი იყო, სიცივეში გამოგვყარეს მთელი ოჯახი გარეთ, დაანგრიეს ჩემი მამაპაპისეული სახლი, მომიკლეს 11-ლიტრიანი მარჩენალი ძროხა… ის ღამე ღია ცის ქვეშ გავატარე“, _ ამბობს ისმაილ კონცელიძე, რომელმაც დარღვეული უფლებების აღსადგენად და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში წერია: „საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას აკრძალულია ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისთვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის ან სხვა ქონების გადაცემისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ“.
როგორც ვხედავთ, კანონი დაირღვა, მაგრამ ვერც აქ ვხედავთ დამნაშავეს, რადგან იგი არც არავის უძებნია.
ამას შედეგად მოჰყვა კიდევ უფრო ბუნდოვანი ფაქტი:
ჩინურმა „სინოჰიდრომ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 37-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვა. გზების მშენებელმა კომპანიამ დავების განმხილველი დისპუტბორდი დაარწმუნა, რომ ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისას შექმნილი შეფერხება მათთვის ამ ოდენობის ზარალის მომტანი იყო.
როდესაც მედიასაშუალებებმა მიაქციეს ყურადღება ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის დაზიანებულ მონაკვეთებს, სახელმწიფომ მხოლოდ ამის შემდეგ დაიქირავა უცხოელი იურისტები 473 ათას ევროდ და პროცესიც მოიგო, თუმცა არბიტრაჟისთვის არ მოუმართავს.
და ახლა მივედით მთავარ თემამდე, რომელიც კიდევ უფრო ართულებს სქემას, თუმცა კვანძის გახსნამდეც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ:
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა,
ქობულეთის შემოვლითი გზის (ლოტი II) კმ12+400-კმ30+384 მონაკვეთის დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი (საგარანტიო ვადა) ამოიწურა 2020 წლის 30 მარტს.
პროექტის ჩაბარება დამკვეთისათვის განხორციელდა ხელშეკრულების ზოგადი და სპეციალური პირობების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტორის მხრიდან სამუშაოების, პროექტისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად შესრულებას.
ხელშეკრულების თანახმად, ზედამხედველმა ინჟინერმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდგომ გამოიცემა მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი.
ეს გულისხმობს, რომ დამკვეთი _ სახელმწიფო, ვეღარ მიმართავს კონტრაქტორს პრეტენზიებით დაზიანებული მონაკვეთების გამოსწორების მოთხოვნით, თუმცა მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ დაფიქსირდა ცალკეული მონაკვეთების შეკეთების ფაქტები. ე. ი. 30 მარტის შემდეგ (გასულია ოთხი თვე) ვიღაცის ფინანსური სახსრებით ხდება დეფექტების გამოსწორება. ვინ არის ეს „ვიღაც“ _
„სინოჰიდრო“ თუ სახელმწიფო?
სახელმწიფო, რომელსაც იმ დროს, როდესაც ხარვეზებიანი გზა ჩაიბარა ჩინური კომპანიისგან, იგივე კომპანია 37 მილონის გადახდას სთხოვდა, თუ კომპანია, რომელსაც კანონით აღარ ევალება ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზრუნვა?
ნებისმიერ შემთხვევაში კითხვა გვაქვს საგზაო დეპარტამენტის მიერ დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიასთანაც.
რამდენად კანონიერად იყო მიღება-ჩაბარება, რადგან ვიზუალური დათვალიერებითაც კი ფიქსირდება ხარვეზები?
ეს კითხვები პასუხებს საჭიროებს.
ინფრასტრუქტურული პროექტები კი, რომელიც დონორების ფულით შენდება და რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის _ ხარისხიანად განხორციელებას.
ამასობაში კიდევ გვიჩნდება სხვა კითხვები. მთავარი აქედან მაინც ერთია: ვინ ლობირებს ჩინურ კომპანიებს საქართველოში?

(გაგრძელება იქნება)

გაზიარება