- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-08-07 08:57:07
2018 წლის 25 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტურისტული სეზონისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18-კილომეტრიანი გზა ექსპლოატაციაში შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო და რომ ეს ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.
ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო. მისი შესრულების ვადები უნდა ყოფილიყო 2013-2016 წლები.
პროექტი განახორციელა ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“.
ცოტა რამ პროექტის ისტორიიდან:
მაშინ, როდესაც „სინოჰიდრო“ ქართულ საგზაო-სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა, პროცესში არც ბახტაძე, არც ცქიტიშვილი და არც ზურაბ პატარაძე არ იყვნენ ჩართულები.
მაშინ სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა აჭარას და რეგიონული განვითარების სამინისტროს.
ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, მისი მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, საავტომობილო დეპარტამენტის აჭარის დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე და კომპანია „სინოჰიდროს“ ხელმძღვანელები.
ერთი წლის თავზე აჭარის ხელმძღვანელობა სიამაყით აცხადებდა, რომ საქართველოში ამ ტიპის უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით სახიდე კონსტრუქციები პირველად ეწყობოდა; რომ ერთ წელიწადში უკვე დასრულებული იყო 6 ხიდის მშენებლობა, 46 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები; რომ დასაქმებული იყო 550-მდე ადამიანი, რომელთა 70%-ს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა.
ასე აცხადებდნენ მაშინ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ნაცვლად, ჩამოყვანილი ჰყავს ჩინეთის მოქალაქეები. რაკი „სინოჰიდრო“ სახელმწიფო კომპანიაა, კითხვები ჩნდება ამ მიმართებითაც: რამდენი ადამიანი და რა კატეგორიის სპეციალისტები არიან დასაქმებული პროექტებზე?
ეს თემა ცალკე ყურადღებას იმსახურებს და ამ ეტაპზე შესწავლის სტადიაშია. შესასწავლი კი ბევრია, რადგან დღეს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არაერთი ჩინური კომპანიაა, რომელთაც უკვე მრავალი პრობლემა შექმეს და ბევრი თავსატეხი გაუჩინეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას.
ზოგადად, რა კომპანიაა „სინოჰიდრო“? როგორ აღმოჩნდა იგი „ქართუს“ საგზაო-სამშენებლო ბაზარზე და რამ შეუქმნა მას სკანდალური რეპუტაცია?
ამის ფესვები ამჯერადაც ისტორიაში, ოღონდ, კომპანიის ისტორიაში უნდა ვეძებოთ:
სია შთამბეჭდავია და, რა თქმა უნდა, ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება არ უნდა გასჭირვებოდათ საგზაო დეპარტამენტში, მაგრამ კომპანია კვლავ ქართულ ბაზარზე რჩება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. მეტიც: აგრძელებს სხვა პროექტებისთვის ბრძოლას.
2018 წელს მაია ცქიტიშვილი ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მუშაობით უკმაყოფილო იყო. მინისტრი კომპანიის შესრულებული სამუშაოების უკმაყოფილებას მედიის თანდასწრებითაც ვერ მალავდა.
2020 წელს კი მინისტრმა ცქიტიშვილმა ამავე კომპანიაზე აზრი სრულიად შეიცვალა და აცხადებს, რომ „სინოჰიდრო“ სამუშაოებს ძალიან კარგად უმკლავდება და მათი მუშაობის ხარისხიც საუკეთესოა, თუმცა არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ პასუხისმგებლობას არსებულ დარღვევებზე ვერ გრძნობს:
„თუ თქვენ კანონდარღვევას ნახავთ და ნახავთ პერიოდს კალენდარულად, ამ შემთხვევაში ჩემი მინისტრობის პერიოდს ეს საკითხები არ ეხება“, _ აცხადებს მინისტრი.
ეს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ვითარებას, თუ ყურადღებას მივაქცევთ მის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს კანონდარღვევების ალბათობას. კანონდარღვევებს რომ გამოძიება და დამნაშავის გამოვლენა სჭირდება, ეს ჩვენ ვიცით. იმედია, იცის მინისტრმაც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტი უნდა დასრულებულიყო 2016 წელს, მაგრამ დასრულდა 2018 წელს. ამ ვადაგადაცლების მიზეზი კიდევ ერთი სკანდალის საფუძველი აღმოჩნდა, რამაც კითხვები გაამძაფრა, მაგრამ ამჯერად არა მხოლოდ კომპანიის მიმართ.
მაია ცქიტიშვილის უწყებამ სოფელ აჭვადან იმ ოჯახების გასახლება გააჭიანურა, რომლებიც შემოვლითი გზის სამშენებლო ზონაში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული, ისმაილ კონცელიძე, ამბობს, რომ ტენდერის გამოცხადება და მილიონების ჩარიცხვა ჩინური კომპანიისთვის ისე განხორციელდა, რომ მასთან მოლაპარაკება დასრულებული არ იყო.
„ბულდოზერით მოვიდნენ, 29 თებერვალი იყო, სიცივეში გამოგვყარეს მთელი ოჯახი გარეთ, დაანგრიეს ჩემი მამაპაპისეული სახლი, მომიკლეს 11-ლიტრიანი მარჩენალი ძროხა… ის ღამე ღია ცის ქვეშ გავატარე“, _ ამბობს ისმაილ კონცელიძე, რომელმაც დარღვეული უფლებების აღსადგენად და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში წერია: „საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას აკრძალულია ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისთვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის ან სხვა ქონების გადაცემისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ“.
როგორც ვხედავთ, კანონი დაირღვა, მაგრამ ვერც აქ ვხედავთ დამნაშავეს, რადგან იგი არც არავის უძებნია.
ამას შედეგად მოჰყვა კიდევ უფრო ბუნდოვანი ფაქტი:
ჩინურმა „სინოჰიდრომ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 37-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვა. გზების მშენებელმა კომპანიამ დავების განმხილველი დისპუტბორდი დაარწმუნა, რომ ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისას შექმნილი შეფერხება მათთვის ამ ოდენობის ზარალის მომტანი იყო.
როდესაც მედიასაშუალებებმა მიაქციეს ყურადღება ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის დაზიანებულ მონაკვეთებს, სახელმწიფომ მხოლოდ ამის შემდეგ დაიქირავა უცხოელი იურისტები 473 ათას ევროდ და პროცესიც მოიგო, თუმცა არბიტრაჟისთვის არ მოუმართავს.
და ახლა მივედით მთავარ თემამდე, რომელიც კიდევ უფრო ართულებს სქემას, თუმცა კვანძის გახსნამდეც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ:
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა,
ქობულეთის შემოვლითი გზის (ლოტი II) კმ12+400-კმ30+384 მონაკვეთის დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი (საგარანტიო ვადა) ამოიწურა 2020 წლის 30 მარტს.
პროექტის ჩაბარება დამკვეთისათვის განხორციელდა ხელშეკრულების ზოგადი და სპეციალური პირობების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტორის მხრიდან სამუშაოების, პროექტისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად შესრულებას.
ხელშეკრულების თანახმად, ზედამხედველმა ინჟინერმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდგომ გამოიცემა მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი.
ეს გულისხმობს, რომ დამკვეთი _ სახელმწიფო, ვეღარ მიმართავს კონტრაქტორს პრეტენზიებით დაზიანებული მონაკვეთების გამოსწორების მოთხოვნით, თუმცა მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ დაფიქსირდა ცალკეული მონაკვეთების შეკეთების ფაქტები. ე. ი. 30 მარტის შემდეგ (გასულია ოთხი თვე) ვიღაცის ფინანსური სახსრებით ხდება დეფექტების გამოსწორება. ვინ არის ეს „ვიღაც“ _
„სინოჰიდრო“ თუ სახელმწიფო?
სახელმწიფო, რომელსაც იმ დროს, როდესაც ხარვეზებიანი გზა ჩაიბარა ჩინური კომპანიისგან, იგივე კომპანია 37 მილონის გადახდას სთხოვდა, თუ კომპანია, რომელსაც კანონით აღარ ევალება ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზრუნვა?
ნებისმიერ შემთხვევაში კითხვა გვაქვს საგზაო დეპარტამენტის მიერ დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიასთანაც.
რამდენად კანონიერად იყო მიღება-ჩაბარება, რადგან ვიზუალური დათვალიერებითაც კი ფიქსირდება ხარვეზები?
ეს კითხვები პასუხებს საჭიროებს.
ინფრასტრუქტურული პროექტები კი, რომელიც დონორების ფულით შენდება და რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის _ ხარისხიანად განხორციელებას.
ამასობაში კიდევ გვიჩნდება სხვა კითხვები. მთავარი აქედან მაინც ერთია: ვინ ლობირებს ჩინურ კომპანიებს საქართველოში?
(გაგრძელება იქნება)