- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-08-07 08:33:44
„ყველას უნდა გვახსოვდეს და განსაკუთრებით ყველა ხელისუფლებას, რომ ქართული სისხლის სამართლის კოდექსი სიტუაციას, როდესაც ერთი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას მეორე თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე ეწირება, სახელდებით არ ითვალისწინებს. შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეზე მეტი არ ღირს და არც შენი ახლობელი დამნაშავეა ჩემს ახლობელ დამნაშავეზე უკეთესი იმის გამო, რომ შენ დიდი ვინმე გგონია თავი“, _ ამ სიტყვებით დავასრულე გასული წლის აპრილში გამოქვეყნებული პუბლიკაცია „დანაშაული ანუ ქართული კრიმინალის „კარნეადესის ფიცარი“.
ჰო, ვიცი, შეგონებები არ ჭრის. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ახლა, ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობით ერთიანად დაზაფრული საზოგადოება საერთოდ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. „დედა ენაცვალა, შამოაკვდა ჩემს ბიჭს, განა მოკვლა უნდოდა“, _ ამასაც კი არავინ ამბობს. დიდი არაფერი ეტყობათ ჩვენს სამართალდამცველ ინსტიტუტებს ანალიტიკური სამსახურების ეფექტიანი საქმიანობის, თორემ ახლა უნდა ირტყამდნენ თავში ხელს, რადგან უმძიმესი გამოწვევების წინაშე იმყოფებიან, რომლის მართვისა და რომელზედაც რეაგირების არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ამ კონტექსტში „ხორავას ქუჩის საქმე“ სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ცხადია, არც გაანალიზებულა. დანაშაულის ჩამდენისთვის საკმაოდ კომფორტულია, როდესაც ეს სტრუქტურები საკუთარი არაპროფესიონალიზმით უშვებენ შეცდომებს, რეაგირებენ „საბჭოთა მეთოდებით“ (მერე რა, რომ უმეტესობა მათგანს არც კი ახსოვს საბჭოთა კავშირი, მილიცია და ის პროკურატურა, სისტემა ხომ არავის დაუნგრევია რეალურად და მისი მოდერნიზება მოხდა). იმ პირობებში, როდესაც რთული გახდა მტკიცებულებების მოპოვება და ადვილი _ საქმის გაფუჭება (მიზანმიმართულად თუ უვიცობით) შემოაკვდა-შემომაკვდა უკვე არ გახლავთ საჭირო. დამიმტკიცე! აი, ეს არის სუსტი რგოლი! როგორ დაუმტკიცებ, თუ არ აღირებს და თუ რეალურად არ ხარ პროფესიონალი? მერე რა, იქნებ, გენერალიც იყო, პოლკოვნიკი, მაიორი, კაპიტანი _ არ იცი საქმე, ამის დედა ვატირე, და რა უნდა გააკეთო? ხერხემალში ვერ გადაამტვრევ, ფსიქოლოგიურად ვერ იძალადებ, ფიზიკური ზემოქმედების არანაირი გზა არ არსებობს და რა გინდა, ქნა? ვიმეორებ _ კომპეტენციაც არ გყოფნის.
ახლა, უნდა ისხდნენ სტრუქტურების ხელმძღვანელები, სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ იმაზე, _ რა ხდება? რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას? როგორ შეიძლება არსებულ ვითარებებაზე რეაგირება? რა არის გამოსავალი, რომ არ აღმოვჩნდეთ უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომელიც შესაძლოა, ხვალ და ზეგ მეთოდად ჩამოყალიბდეს?
შეხედეთ და ნახეთ პარალელი იმავე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან. ნახეთ ანალოგია _ არ თანამშრომლობენ, თანამშრომლობენ ტყუილებით, ცვლიან ჩვენებებს, თავგზას უბნევენ პოლიცია-პროკურატურას, მათ კი არ ჰყოფნით კომპეტენცია (სხვა მოტივაციაზე არ ვაპირებ შეჩერებას), რომ მათი მანიპულაცია შეაწყვეტინონ არასრულწლოვნებს, რომელთა უკანაც დგანან სრულწოვნები და ისინი კატეგორიულად არ ამბობენ „შემომაკვდა-შემოაკვდას“.
ობივატელი კი კვლავ ძველი ღირებულებებით აფასებს მოვლენებს: „ოჯახი, სკოლა, საზოგადოება“ და არცკი ფიქრობს, რომ დამნაშავეებისა და მათი გარემოცვის დამოკიდებულება დანაშაულის ანატომიის მიმართ იცვლება. ჩვენი ობივატელი „მოითხოვს“, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები „ეფექტიანები“ იყვნენ, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ დამნაშავის მენტალობაც იცვლება და ხშირ შემთხვევაში უსწრებს კიდეც აზროვნებასა და გონიერებაში ინსტიტუციებს, რომლებმაც გარეგნული ცვლილებების მიუხედავად ვერ შეძლეს არსებობის შინაარსის _ სისტემის შეცვლა.
გაგახსენებთ, რომ კანონი მარავალკომპონენტიანი გააზრების საფუძველზე მიღებული წესია, რომელც სავალდებულოდ შესასრულებელია კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ. კონკრეტულ სახელმწიფოში იმიტომ, რომ ერთი და იგივე საკითხის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოში შესაძლოა, სხვადასხვა შინაარსის კანონი მოქმედებდეს _ ზოგჯერ დიამეტრულად საწინააღმდეგო ნორმებით. ამიტომ კანონი მეტწილად არის გამოცდილებაზე, მორალურ-ზნეობრივ სტანდარტებზე, კულტურულ გარემოსა და ტრადიციებზე დაყრდნობით მიღებული აქტი, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეებს ანიჭებს როგორც უფლებებს, ასევე ზღუდავს ქმედებებს მოქალაქეთა მეტი სიკეთის, უმრავლესობის ან უმცირესობის სასარგებლოდ.
ჩვენ გვაქვს ვითარება: როდესაც არ არსებობს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა. რაც არ უნდა პოზიტიური იყოს რომელიმე ცალკეული ინსტიტუტის მოტივაცია, საბოლოოდ შედეგი ვერ იქნება ეფექტიანი. შედეგი უნდა იყოს დანაშაულის პრევენცია, მაგრამ თუ დანაშაული ხდება, ეფექტიანი გამოძიება და კანონიერი განაჩენი ნებისმიერი პერსონის მიმართ არის ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტესტი. ნებისმიერმა გამონაკლისმა ან ინსტიტუციურმა მიკერძოებულობამ პოზიტიურ ტენდენციას შესაძლოა, უდიდესი ზიანი მიაყენოს.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება ხელისუფლებისა და პოლიტიკური ნება ნებისმიერ უწყებაში. ვიმეორებ: როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულსა და მის მიმართ კომპლექსურ დამოკიდებულებაზე, ცალკეული ინდივიდის _ რომელიმე მინისტრისა თუ მთავარი პროკურორის _ პოლიტიკური ნება პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუმცა ინდივიდებს _ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არსებული პოლიტიკის განხორციელების საკითხში უნდა ჰქონდეთ თანამდებობის შესაფერისი სახიერება _ შინაგანი და სახელმწიფოებრივი მოტივაცია.
და მაინც, რის საფუძველზე ვითხოვთ საგამოძიებო სტრუქტურებისგან ეფექტიან და კვალიფიციურ საქმიანობას და რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ საბჭოთა მემკვიდრეობით დამძიმებული სამართალდამცველი სისტემა ეფექტიან საპოლიციო ძალად გარდაქმნილიყო?
ვინმესთვის დამალულია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, პირველსავე წლებში, მილიციის სტრუქტურა შენარჩუნდა? შენარჩუნდა ძირითადი კადრებით, მართვის სისტემით, მართვის სტილითა და მოდელით. მაგრამ ამ პირობებში გაიზარდა მილიციელთა რაოდენობა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, 1991-2004 წლამდე საქართველოში მილიცილეთა რაოდენობა 25 ათასიდან 56 ათასამდე გაიზარდა. თავი დავანებოთ ახლა იმაზე საუბარს, როგორ და რა მეთოდებით ეწყობოდნენ მილიციაში ადამიანები, რამდენ ქრთამს იხდიდნენ და მერე ამ ფულის ამოსაღებად რა „სამძებრო-ოპერატიულ“ საქმიანობას აწარმოებდნენ. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, იმ პერიოდისთვის საქართველოს 78 მოქალაქეზე ერთი მილიციელი მოდიოდა. ისიც მოგეხსენებათ, როგორი იყო იმ პერიოდში კრიმიოგენური ვითარება და განსაკუთრებით კორუფციის დონე შს სამინისტროში.
ვინმე ზრუნავდა ამ პერიოდში მილიციელების პროფესიონალიზმის ზრდაზე? ან ვინმესთვის დასამალია, როგორ და რა მეთოდებით იხსნებოდა დანაშაული? რეალურად, ორი მეთოდი არსებობდა: ერთი _ ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და შანტაჟი: მეორე _ თანამშრომლობა დანაშაულებრივ სამყაროსთან (ამ შემთხვევაში ზოგჯერ რთული გასაგებიც კი იყო, კონკრეტულ ვითარებაში ვინ ვისთან თანამშრომლობდა, ვინ მართავდა კონკრეტულ ვითარებას, ვინ კარნახობდა თამაშის წესებს): მთავარი ამ პერიოდში იყო ნარატივი _ რომელსაც იგონებდა სისტემა და რომელსაც ამყარებდა მასთან თანამშრომლობაში მყოფი დანაშაულებრივი სამყარო. სწორედ ამ პერიოდში ათი გამოკითხული მამრობითი სქესის ბავშვიდან 7 აცხადებდა, რომ სურდა გამხდარიყო „ქურდი“. და ამ ყველაფერს მილიცია ახალისებდა თავისი უუნარობით, მდგარიყო საზოგადოების ინტერესების დასაცავად. მილიცია, რომელიც კორპორაციულ და პირად ინტერესებსა და კომფორტს გადასარევად უზრუნველყოფდა.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო შს სამინისტროს რეფორმირება. უმადურობა იქნება ამის დაუნახავობა, თუ როგორ შეიცვალა გარეგნულად პოლიცია. შეიცვალა შინაარსიც იმ ნაწილში, რომ ეს სტრუქტურა უკვე არ ასოცირდებოდა კორუფციასთან. შეიცვალა კადრები. სხვადასხვა მინაცემის მიხედვით (შს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილის 2012 წლის მაისის ინტერვიუ „ფორბსის“ რუსულ გამოცემასთან), სისტემაში ძველი კადრებიდან მხოლოდ 5% დარჩა. შეიცვალა განწყობები და დამოკიდებულებები პოლიციის მიმართ და უკვე ახალგაზრდების უმეტესობა „ქურდობას“ კი არა, სამომავლოდ პოლიციელობას ცდილობდა. მაგრამ რეალობა ის არის, რომ თუ საპატრულო პოლიციის ნაწილში, სადაც საზოგადოებასთან კონტაქტი უფრო მეტი იყო, ადამიანები ხედავდნენ კიდეც შინაარსობრივ ცვილებებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულება არ იყო კრიმინალური პოლიციის, საგამოძიებო ორგანოების მიმართ. გამოძიება „ვარდების ხელისუფლების“ ერთ-ერთი სუსტი რგოლი იყო. ჩვენებებს, მეტწილად, აღიარებით ჩვენებებს იღებდნენ ფსიქიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლის, შანტაჟის საფუძველზე. გარეგნულად აქაც ყველაფერი კარგად იყო, ამ ნაწილში შინაარსობრივად გვქონდა კატასტროფული მდგომარეობა. ან რის საფუძველზე უნდა ყოფილიყო უკეთესი შედეგი, როდესაც პოლიციაში არ იყო მემკვიდრეობითობის პრინციპი, არ არსებობდა გამოცდილება, ნაკლები იყო პროფესიონალიზმი. და ამ ყველაფრის გადაფარვა ხდებოდა „შედეგით“, მაგრამ შედეგამდე მისვლის შინაარსს გარკვეულ ეტაპამდე არც არავინ აკვირდებოდა.
სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ციხეებში პატიმრების რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ადამიანები, მათ შორის მოზარდები, სასამართლოს ვერდიქტის გარეშე სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ცხადდებოდნენ დამნაშავეებად. სასამართლო კი პოლიცია-პროკურატურის ნების აღმსრულებელი, ერთგვარი ნოტარიული ბიურო გახდა. 2011 წლისთვის პატიმრების რაოდენობით, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა აშშ-ის, რუანდისა და რუსეთის შემდეგ.
მართალია, სახელმწიფომ შეძლო „კანონიერი ქურდების“ იზოლირება ან ქვეყნის ფარგლებიდან მათი გაძევება (სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით გასამართლდა 180 „კანონიერი ქურდი“), რაც ერთგვარად განაპირობებდა ორგანიზებული დანაშაულის ფაქტების კლებას, მაგრამ ამავდროულად იმატა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში ადამიანების უფლების დარღვევის ფაქტებმა. გაიზარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვიანობა. ცალკეული საქმეებიდან აშკარა იყო, რომ გამოძიება მეტწილად არაკვალიფიციურად მიმდინარეობდა, არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და სამხილები, რომლებიც გაამყარებდა ცალკეული ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას, რაც ბადებდა საფუძვლიან ეჭვს ჩვენების ძალადობრივი გზით მიღების შესახებ.
ექსპერტი რევაზ ბახტაძე კვლევაში, რომელიც GFSIS-ის მიერ გამოქვეყნდა _ „პოლიცია საქართველოში: უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულების მუდმივი საჭიროება“ აღნიშნავს: ქართული პოლიციის რეფორმა არ ემყარებოდა „დემოკრატიული პოლიციის“ მოდელს და კორუფციის წარმატებით აღმოფხვრა და სამართალდაცვის ეფექტიანი განხორციელება მთავრობის მიერ მართლმსაჯულებისა და საჯარო სამსახურის კონტროლის პირობებში ხდებოდა. საქართველოს შემთხვევამ აჩვენა, რომ დემოკრატიზაციასა და პოლიციის რეფორმას შორის ურთიერთობა არ არის ცალსახა (ლაითი, 2013, 18). ცუდი კოორდინაცია, გამჭვირვალობის ნაკლებობა და დემოკრატიული პოლიციის მოდელის უგულებელყოფა იმ მკვლევრების მიერ იდენტიფიცირებული სამი თემაა, რომლებმაც სააკაშვილის მთავრობის დროს განხორციელებული პოლიციის რეფორმა გააანალიზეს“. სამწუხაროა, რომ მკვლევრები აქაც არ შევიდნენ შინაარსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა განაპირობებდა დემოკრატიული პოლიციის უგულებელყოფას და გამჭვირვალობის ნაკლებობას. რა თქმა უნდა, სუსტი საგამოძიებო რგოლის არსებობა. რაც შეეხება კოორდინაციას, პირიქით, იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მიმართულება მეტწილად ძალადობრივ მეთოდებზე იდგა, ამ ძალადობის მიჩქმალვა და მისი სისტემად ქცევა კოორდინაციის გარეშე შეუძლებელიც იყო.
ცოდვა გამხელილი სჯობს _ სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რას გადააბრალებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შს სამინისტროსა და პროკურატურაში არსებულ პრობლემებს _ არასაკმარის პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციის ნაკლებობას, გამოცდილი კადრების არყოლას თუ სხვა რამე გარემოებას? თვალნათელია, რომ სისტემა ისევ „ბუქსაობს“. მით უფრო იმ პირობებში, რომ სამართალდამცველ სისტემაში რეალურად, გარდა მცირედი გამოანკლისი ფაქტებისა, არცკი გვხვდება ინფორმაცია ცალკეული სახის ძალადობის შესახებ. რა თქმა უნდა, არასაკმარისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია სულაც არ გახლავთ არსებული პრობლემის გასაღები. აქ ვერ გავექცევით გამოძიებაზე პერსონალური თუ პოლიტიკური ზეგავლენის ფაქტებს, რომლის შესახებაც არაერთხელ გაუმახვილებია მედიას ყურადღება. თუნდაც „ხორავას ქუჩის საქმემ“ აჩვენა ამ გავლენის შედეგები.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, როგორც მისმა წინამორბედებმა სამართალდამცველ უწყებაში, კვლავაც შეინარჩუნეს სისტემის საბჭოური მართვის მეთოდები. უფრო სწორად, სამართალდამცველი ინსტიტუციები შინაარსობრივად კვლავაც მახინჯ საბჭოურ სისტემას ეფუძნება. საზოგადოებაში დაბრუნდა განცდა ნაშაულებრივ სამყაროსთან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის ან მათ მიმართ ლოიალობის შესახებ. და ამ განცდის გასაფანტავად შესაბამისი სამსახურების მხრიდან თითქმის არაფერი კეთდება, რაც კონკრეტულად ამ სამსახურებს კი არა, სახელმწიფოს აყენებს ზიანს.
ხელისუფლება, უფრო სწორად, მისი საგამოძიებო სამსახურები კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, ისინი ვერ ახერხებენ სისტემური ხასიათი მისცენ გამოძიების პირობებში ეჭვმიტანილებზე ძალადობასა და ჩვენებების ამ სახით მიღებას. მათ არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, არ ჰყავთ გამოცდილი კადრები, ცალკეულ შემთხვევებში აშკარად იკვეთება გამოძიებაში კონკრეტული პერსონების ინტერესები და გავლენა, რაც მაქსიმალურად ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულად საგამოძიებო სამსახურების, არამედ მთლიანად სამართალდამცველი სტრუქტურების საქმიანობის დისკრედიტებას, მოტივირებული თანამშრომლების დემორალიზებას. საზოგადოებაში ქმნის დაუცველობის სინდრომს და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.
ზემოთ რადგან მედია ვახსენე, უნდა აღვნიშნო, რომ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მედიის მიერ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრი, ერთგვარი, დაკვეთაც ხდება, რათა საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს ჩამოყალიბებული განცდა იმაზე, „ვინ არის დამნაშავე?!“ და მისი დასჯის სურვილი გამოკვეთოს.
ისევ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს თუ დავუბრუნდებით, ჩემთვის, ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის, კვლავაც გაუგებარი რჩება, _ ვინ მოკლა დათუნა სარალიძე და იხდის თუ არა კანონიერად, მართებულად და დამსახურებულად სასჯელს მიხეილ კალანდია? რატომ გაჩნდა ეს განცდა? სწორედ იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყებებმა ვერ შეძლეს ჩემი დარწმუნება ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ სწორედ მიხეილ კალანდია არის მკვლელი. მაგრამ მის დასასჯელად, იმის გამო, რომ გამოძიებაზე ზეწოლა ბიძამისის, მირზა სუბელიანის მხრიდან, ასე თუ ისე, გამოკვეთილი იყო და ეს გახლდათ მშვენიერი თემა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, მისი მხილებისთვის, საზოგადოება, მედიის მეშვეობით გახდა დამკვეთი მიხეილ კალანდიას ნებისმიერ შემთხვევაში დასასჯელად. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სწორედ ის არის დამნაშავე, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაკვეთა სულაც არ გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემადგენელი ნაწილი, არც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი და, მით უფრო, არც საკონსტიტუციო ჩანაწერია. მსოფლიო გამოცდილებით ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით იმის შესახებ, რომ სამართალდამცველებს, გამოძიებას, საზოგადოებას სჯეროდა ცალკეული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, მაგრამ წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე იყო სხვა. არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ „უდანაშაულო დამნაშავე“ სიკვდილითაც კი დაუსჯიათ.
დაახლოებით ამ დამოკიდებულებას ტოვებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში საგამოძიებო სტრუქტურები _ დამნაშავის პოვნა ძნელდება, ხოლო პოტენციური დამნაშავის _ „ეჭვმიტანილის“ მიმართ საზოგადოებას უჩნდება ემპათია იმის გამო, რომ ამ სტრუქტურებისადმი ნდობა მინიმალურია. საზოგადოებაში არის სრტუქტურების არაპროფესიონალიზმის, მათზე გავლენის მოხდენის დიდი ალბათობის განცდა.
და ახლა „შაქარაშვილის საქმეს“ დავუბრუნდეთ… თავად მე მაქვს შეგრძნება, რომ საგამოძიებო სამსახურები თავიდანვე არასწორი მიმართულებით წავიდნენ და უამრავი შეცდომა დაუშვეს. ნებსით (ვინმესთვის ანგარიშის გაწევით, გავლენით) თუ უნებლიეთ საქმე გააფუჭეს და ახლა როდესაც საქმეში არ დევს უამრავი მტკიცებულება თუ მამხილებელი მასალა, მათი ერთადერთი გამოსავალი, თან იმ პირობებში, როდესაც საქმე რეზონანსულია და ეჭვმიტანილებისა და მოწმეებისგან ჩვენებების მიღება „ენის ამოგლეჯით“ შეუძლებელია, დარჩა აღიარება _ შემომაკვდა-შემოაკვდა.
ამას კი საკუთარი თავის, ახლობლის საზიანოდ არავინ ამბობს. ისევე როგორც ეს არავინ თქვა „ხორავას ქუჩის საქმეზე“. ახლა ნებისმიერმა „შემომაკვდამ“ შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დამნაშავისადმი ისევ გააჩინოს ემპათია. გააჩინოს განცდა, რომ ჩვენება მიღებულია „სხვა ხერხითა და მეთოდით“, აქ ხომ ნარატივია მნიშვნელოვანი, მით უფრო მაშინ, როდესაც საგამოძიებო სამსახურები ფაქტებზე დაყრდნობით ვერ უმტკიცებენ დანაშაულს დამნაშავეს.
ინფორმაცია განსჯისთვის, „პირველი ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია“:
უახლოს დღეებში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის სამართალდამცველი სისტემის რეფორმის პროექტს. ეს პროექტი პირველ ოქტომბერს პრეზიდენტს გადასცეს იმ კომისიის წევრებმა, რომლებიც მის შემუშავებაზე მუშაობდნენ. კომისიის ხელმძღვანელის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურიას თქმით, პროექტის შექმნა რევოლუციური მნიშვნელობისაა, რადგან ამ პროექტის თანახმად, ძირეულად შეიცვლება საბჭოთა ტიპის სამართალაღსრულების სისტემა. როგორც შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, კომისიის ყველა წევრი, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა, მის შინაარსს ეთანხმება და მიესალმება დაგეგმილ ცვლილებებს. ლადო ჭანტურიამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდამცველი სისტემის თანამშრომელთა ანაზღაურებას, რადგან არასაკმარისი ანაზღაურება ხშირად ხდება კორუფციის წყარო.
18 წლის წინანდელი ნიუსი. გამოწვევებს ხედავთ? ანუ მაშინ სამართალაღსრულების სისტემის პრობლემად კომისიამ დასაქმებულთა არასაკმარისი ანაზღაურება მიიჩნია, რაც კორუფციის საფუძვლად განიხილა. ახლა? ახლა რა არის პრობლემა? ორი რამ რეალურად _ კვალიფიკაციის ნაკლებობა და გავლენა სამართალდამცველ სტრუქტურებზე.
ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, უამრავი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს.
მომიწევს მოვიტანო ციტატა ზემოთ ნახსენები ჩემი პუბლიკაციიდან: „დანაშაული, ანუ ქართული კრიმინალის „კარნეადესის ფიცარი“:
„დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ჩვენ _ საზოგადოებამ, უნდა ავირჩიოთ სამი უმთავრესი პრიორიტეტი: 1. ვიყოთ სახელმწიფოს პარტნიორები ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენის დროს; 2. ვაიძულოთ ხელისუფლება (ნებისმიერი) იბრძოლოს დანაშაულის ყველა სახის წინააღმდეგ; 3. მედია, საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი გამოვიყენოთ სამართალდამცველი ორგანოების შემართების, საქმიანობის ეფექტიანი ზრდისა და მორალური წახალისებისთვის, ისევე როგორც ობიექტური მხილებისთვის;
ამ პრიორიტეტებისთვის უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები: 1. დანაშაულთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უნდა იყოს უმაღლესი მოქალაქეობრივი ვალდებულება; 2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ქმედითი მექანიზმები _ აკადემიური პოლემიკიდან დაწყებული, უკიდურეს ვითარებაში საპროტესტო აქციების გამოყენების ჩათვლით; 3. სამართალდამცველთა ნებისმიერი კანონსდაქვემდებარებული და მორალური ასპექტებით გაჯერებული ქმედებების პოპულარიზაცია უნდა გახდეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულების დამადასტურებელი ფაქტორი. ისევე როგორც კანონსგაცდენილი ქმედებების მხილება, უწყებების შინგნით და გასაჯაროებით, ასწევს თავად ამ ინსტიტუტების ავტორიტეტს.
დანაშაული მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყნის პროგრესს უამრავი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც, ერთი მხრივ, უნდა „ვამხილოთ“ ხელისუფლება და, მეორე მხრივ, ამ ზედოზირებული მხილების პროცესში არ უნდა დავაზიანოთ სახელმწიფო“.
დიახ, დანაშაული იყო და, ალბათ, ყოველთვის იქნება. მაგრამ აქ ხომ მთავარი სხვა რამეა _ როგორ ვებრძვით დანაშაულს და რამდენად ვჯდებით კანონის მოთხოვნების ფარგლებში, იმ კანონების, რომლებიც ჩვენი დაკვეთით იქმნება, მაგრამ რომლის შინაარსი არ ვიცით ხოლმე. კანონის, რომელიც არასოდეს არის რეპრესიული ან ლიბერალური. კანონი ისეთია, როგორი განწყობა და მოთხოვნა, დაკვეთაა საზოგადოებაში. მხოლოდ ერთი დათქმით ნებისმიერ სამართალდამცველ სტრუქტურაში უნდა ესმოდეთ, საკუთარი თანამშრომლების ღირსების დაცვა და ასევე ნებისმიერ გადაცდომაზე ყველას პასუხისგება კანონით დადგენილ ფარგლებში, კონკრეტულ თანამშრომელსა და უწყებას კი არ სჭირდება, არამედ _ სახელმწიფოს. სწორედ ასეთი მოცემულობის დროს ვერც ერთი პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვერ გაბედავს გავიდეს კანონის ფარგლებიდან და პირიქით, მისთვის პატივიც კი იქნება „თანამშრომლობა“ არა საბჭოური გაგებით, არამედ სახელმწიფოებრივი განცდით.
ამიტომ პირველი: უნდა ვიმსჯელოთ პრობლემაზე; მეორე: უნდა შევძლოთ პრობლემის მინიმალიზირება; მესამე: რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური ყველა უწყებისთვის და ბოლომდე გააზრებული; მეოთხე: ეს ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენი ყველა გაგებით და მას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენსას და აქ აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, რომელი პოლიტიკური ძალა მართავს სახელმწიფოს, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთები, ვისაც მოსწოს და ვისაც არ მოსწონს კონკრეტული ძალა. იმიტომ, რომ სახელმწიფის ვალდებულებაა დაიცვას მისი მოქალაქე, ხოლო ხელისუფლების, რომელიც სახელმწიფოს მართავს _ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების (პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად) უსაფრთხოება.
„შემომაკვდა-შემოაკვდა“ მოდიდან გავიდა, „პლოსკოთი“ ენის ამოგლეჯვა“ _ არ გამოდის. რა დარჩა? რა არის გამოსავალი 10-15 წლის პერსპექტივაში კი არა, ხვალ?! გაითვალისწინეთ, აღიარებით ჩვენებასაც მტკიცებულება უნდა. რატომ? იქნებ, ვინც იბრალებს, ის სხვას მალავს ანგარებით, შიშით, ზეწოლით ან სხვა მეთოდის გამოყენებით?
დიდი გამოწვევების წინაშე ვართ! დიდი გამოწვევების!
გოჩა მირცხულავა