QronikaPlus
პოლიტიკური მოტივით დაკავება თუ კანონდარღვევა?

პოლიტიკური მოტივით დაკავება თუ კანონდარღვევა?

2020-06-05 08:28:13

ბათუმში 7 მაისს სამართალდამცველებმა ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს. ანთაძე და წულუკიძე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა 8 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია გამართეს, ისინი მათ განთავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულებს მტკიცებულებების არქონის გამო წარუდგინეს ბრალი. მათ მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთანაც სურდათ შეხვედრა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა _ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
27 მაისს კი დილიდან დაიწყო ისევ აქცია მთავრობის სახლთან იგივე მოთხოვნით, _ განთავისუფლდნენ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა და გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა ამის საშუალება მომიტინგეებს არ მისცეს და დაიწყო კიდეც დაპირისპირება. ამ დღეს აქციაზე 30 პირი დააკავეს.
მეორე დღეს სასამართლო პროცესზე უმრავლესობას 1000-1000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და პროცესიდან გაათავისუფლეს.

„ქრონიკა+“ ამ თემის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელს ესაუბრა და მასთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა:
_ როდის არის სასამართლო პროცესი?
_ სასამართლო პროცესი 23 ივნისს ჩაინიშნა.
_ რას აპირებთ სასამართლო პროცესის შემდეგ?
_ თუ გამოძიებამ მათ ბრალი შეუფარდა და პატიმრობაში დატოვა, არ გავჩერდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ _ აჭარის ფარგლებს გავცდებით და ცენტრალურ ხელისუფლებას მოვთხოვთ, დროულად გონს მოეგოს და გამოსავალი ნახოს. ეს მუხტი მანამდე არ ჩაცხრება, სანამ უდანაშაულო ბიჭებს არ გამოუშვებენ.
_ როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში ვინმე მაღალი თანამდებობის პირი ერევა?
_ დარწმუნებული ვარ, ანთაძე და წულუკიძე პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს, რადგან მათ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ამიტომ ვფიქრობ ასე.

ოჯახის წევრები სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და სასამართლო განჩინებას ელოდებიან, რომელიც 23 ივნისს არის ჩანიშნული.
ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად განუცხადა:
_ თუ სასამართლო დაკავებულებს არ გამოუშვებს მასობრივ აქციებს გავმართავთ და ეს წელი „ქართული ოცნების“ დასრულების წელი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდეს!

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება