QronikaPlus
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სკანდალური ანგარიში

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სკანდალური ანგარიში

2020-03-15 07:06:00

საქართველოს იუსტიციის სისტემას შესაძლოა, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას ე. წ. დეესკალაციის ოთახებთან დაკავშირებით. ამ ლამაზი სიტყვით აღინიშნება „კოშმარ-ხიჟინები“, როგორც მას პატიმრები უწოდებენ დ სადაც მსჯავრდებულებს დასჯის მიზნით ათავსებენ.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, მთელი თავისი დელიკატურობისა და ტაქტის მიუხედავად, უკვე განგაშის ზარებს სცემს. საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში კომიტეტმა უკვე სერიოზული შეშფოთება გამოხატა დეესკალაციის ოთახის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით. კომიტეტმა დეესკალაციის ოთახების 72-საათიანი ვადით ხშირი გამოყენების პრაქტიკა შეაფასა, როგორც დე ფაქტო წამება და დასჯა. ამასთანავე, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი გამოკითხული პატიმრისთვის დეესკალაციის ოთახში მოთავსება აღიქმებოდა, როგორც მათი ქცევის საპასუხო სასჯელი.
არადა, #3 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ ბრძანებაში წერია, რომ მასში პატიმრებს ათავსებენ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად. ამ დროს, პატიმრების განცხადებით, დეესკალაციის ოთახებში მათი მოთავსება სრულიად სხვა მიზეზების გამო ხდება. ეს მიზეზებია: პატიმრების მიერ რაიმესთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა, სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევა, ციხის თანამშრომელთან სიტყვიერი შელაპარაკება და ა. შ. #3 დაწესებულების დეესკალაციის საკნებში პატიმრებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. აქ მაქსიმალურად შეზღუდული აქვთ პირადი ჰიგიენის დაცვის პირობები. ამ დროს პატიმრების ტანსაცმელი ინახება დაწესებულების თანამშრომლებთან და პატიმრებს საკუთარ ტანსაცმელზე წვდომა არ აქვთ. არ ეძლევათ შხაპის მიღებისა და გასეირნების საშუალება, ასევე შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. რა არის ეს, თუ არა დასჯა?! პატიმრებიც აღნიშნულ ღონისძიებას დასჯად აღიქვამენ. ასე მაგალითად, ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მათ სახალხო დამცველთან და ადვოკატთან დარეკვაც ეკრძალებათ. არ აძლევენ სიგარეტს, ფანჯარა დაკეტილია და არის უჰაერობა, არც მაღაზიიდან ყიდვის უფლება აქვთ. ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, ადმინისტრაციას ინდივიდუალური მიდგომები აქვს პატიმრებთან მიმართებით. ანუ თუ პირადი ინტერესი აქვთ რომელიმე პატიმრის მიმართ, მაშინ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პატიმრები ცუდ პირობებში ამყოფონ _ არ მიაწოდონ წყალი, საპონი, ქაღალდი, პირსახოცი და ა. შ.
სახალხო დამცველის სამსახურმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით, მაგრამ დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გათვალისწინებული. როგორც გაირკვა, #3 დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში მყოფ პატიმრებს დისციპლინურად „სჯიან“. კერძოდ, 2019 წლის იანვრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებულებაში დაფიქსირდა დისციპლინური სახდელების გამოყენების 660 შემთხვევა, საიდანაც 74 შემთხვევაში დისციპლინური სახდელი პატიმარს დაეკისრა დეესკალაციის ოთახში ყოფნისას. ამ დროს, 26-ე მუხლის მე-6 პუქნტის შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია მსჯავრდებულისთვის დეესკალაციის ოთახში დისციპლინური სახდელის დაკისრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ისუტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომ უზრუნველყოს პატიმრების უფლებების დაცვა. ყველაზე ამაზრზენი რაც არის, გახლავთ ის, რომ ნაცვლად რამდენიმე დღისა, აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრები ერთიდან 5 თვეზე მეტი ხნით იზოლირებულები არიან. მათ შორის, ერთ შემთხვევაში, პატიმარი საკანში მარტო იყო განთავსებული ნახევარი წელი. დირექტორს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მოათავსოს პატიმრები განუსაზღვრელი ვადით და შეუზღუდოს მათ სხვა პატიმრებთან კონტაქტის შესაძლებლობა. ევროპული კონვენციის თანახმად, რომლის წევრიც არის საქართველო, პატიმრის დიდი ხნით იზოლაცია შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. შესაბამისად, დირექტორისთვის მინიჭებული დისკრეცია, განუსაზღვრელი ვადით მოათავსოს პატიმარი განცალკევებით, წამების ტოლფასია. ევროპული კომიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იზოლაციის საკითხს, რადგანაც ამ ღონისძიებას შეუძლია, უკიდურესად დააზიანოს ადამიანის ფსიქო-სომატური მდგომარეობა.
პატიმრების შემზღუდველ რეჟიმში ყოფნას ემატება ისიც, რომ განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებს კანონმდებლობით მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან ურთიერთობა. ეს ვითარება მნიშვნელოვნად რთულია იმ პატიმრებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც რეგიონში, კერძოდ კი აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობენ და შორი მანძილის, ასევე დამატებითი ხარჯების გამო უჭირთ პატიმართა მონახულება.
პატიმრებს საუბრისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ, რაც აისახება პატიმართა მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. ასე მაგალითად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები სარგებლობენ უფრო ნაკლები რაოდენობის პაემნებით (ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები), სატელეფონო საუბრებით, სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით მათ არ აქვთ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება. ტელეფონოგრამების შესწავლიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების მიზეზი გახდა ის, რომ ულუფაში არ იყო ჩაი. ერთ-ერთი მსჯავრდებულის შიმშილობის მიზეზად კი მითითებულია დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან პატიმრის კუთვნილი ოთახის ფეხსაცმლის დაზიანება, რასაც ის ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიიჩნევდა. ეს არ არის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო „პრეტენზიები“ _ პატიმრების ფსიქოემოციური მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია და სულ მცირე მიზეზიც უკვე საკმარისია აფეთქებისთვის.
ყოველივე ეს უარყოფით გავლენას ახდენს პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც ხშირ შემთხვევაში პატიმართა პროტესტის, თვითდაზიანებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მაპროვიცირებელი ფაქტორი ხდება. დაწესებულებაში პატიმრების მცირე (საშუალოდ, 50 პატიმარი) რაოდენობის მიუხედავად, ხშირია სხვადასხვა ინციდენტი. მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია 100-ზე მეტი შემთხვევა. აქედან: სუიციდის მცდელობა _ 6; თვითდაზიანება _ 33; შიმშილობა _ 36; შიმშილობა და თვითდაზიანება _ 2; თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა _ 15.
სახალხო დამცველის სამსახურმა არაერთხელ მიმართა მე-3 პენიტენციურ დაწესებულებას, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი და იმ შემთხვევაში, თუ 24 საათის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძველი, პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ #18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში. სულ ტყუილად!

რაც შეეხება საცხოვრებელ საკნებს!
სათანადო ბუნებრივი ვენტილაცია და განათება კვლავ მოუწესრიგებელია. ბუნებრივი ვენტილაციისა და განათების ნაკლებობა განპირობებულია საკნებში არსებული პატარა ზომის ფანჯრებით, საიდანაც ვერ ხერხდება საკმარისი სინათლისა და ჰაერის შემოსვლა. ასევე ფანჯრები არის ძალიან მაღლა და, ფაქტობრივად, შეუძლებელია გარე სივრცის დანახვა. ვინაიდან საკნები არ არის აღჭურვილი სათანდო ზომის თაროებით, პატიმრებს პირადი მოხმარების ნივთები განთავსებული აქვთ საწოლზე ან იატაკზე. დაწესებულებაში არც ერთი სარეაბილიტაციო აქტივობა არ განხორციელებულა. მაგალითად, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. ამ აქტივობების გარეშე კი საკანში 24 საათი ყოფნა პატიმრებში აძლიერებს პროტესტის, უსამართლობისა და უიმედობის განცდას, რაც დამატებით პრობლემებს აჩენს უსაფრთხოების დაცვის კუთხით. პატიმრებისთვის, ერთადერთი თავშესაქცევია ტელევიზორი, რადიო და წიგნები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მყოფ პატიმართა ნაწილს არც ტელევიზორზე მიუწვდება ხელი. მართალია, დაწესებულების საწყობში ინახება პატიმართა ტელევიზორები (დაახლოებით 50), რომელთა ნაწილი მუშა მდგომარეობაშია (დაახლოებით 16), თუმცა დაწესებულების თანამშრომლების თქმით, სხვის კუთვნილ ტელევიზორებს სხვა პატიმრებს ვერ გადასცემენ.
კვლავ გადაუწყვეტელ საკითხად რჩება #3 დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნა. ბიბლიოთეკაში 4 სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის ძველი ნომრები მოიპოვება. ბოლოს 2018 წლის ბოლოს მიიღეს ჟურნალ National Geographic -ის მთელი წლის განმავლობაში გამოშვებული ნომრები.
რაც შეეხება პაემნებს _ პატიმრებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ საშიშროების მაღალი რისკი, უფლება აქვთ: 1 თვის განმავლობაში ჰქონდეთ 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; 1 წლის განმავლობაში ჰქონდეთ 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; 1 თვის განმავლობაში უფლება აქვთ საკუთარი ხარჯით ჰქონდეთ 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული _ არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით _ 1 სატელეფონო საუბარი. ევროპული კომიტეტის კანონმდებლბით, ყოველივე ეს წამებასთან არის გათანაბრებული. UNODC-ს დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პატიმრის კონტაქტი გარე სამყაროსთან არის მისი უფლება და არა პრივილეგია, შესაბამისად, ის არ უნდა გახდეს პატიმრის დასჯისა და წახალისების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი საქართველოში თავის ანგარიშში ხაზგასმით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მთლიანად შეცვალოს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების მიმართ არსებული მიდგომები. თუნდაც ასეთი, რომ #3 დაწესებულების დებულებაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულები ვალდებულნი არიან, დაწესებულების დირექტორს წინასწარ მიაწოდონ იმ 5 პირის საკონტაქტო ნომერი, რომელთანაც განახორციელებენ სატელეფონო ზარებს. ამ ნომრების გარდა, პატიმარი ვერ შეძლებს სხვა ნომრებზე დარეკვას, თუ ხელახლა წერილობით არ მიმართავს დაწესებულების დირექტორს და არ შეცვლის ტელეფონის ნომერს. აღნიშნულის გამო პრობლემური ხდება პატიმრის მიერ ისეთ უწყებებთან დაკავშირება, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, გენერალური ინსპექცია და სხვა, რადგან ეს წესი ამ უწყებების საკონტაქტო ნომრებზეც ვრცელდება.
2019 წელს პატიმრების ნაწილი კვლავ აღნიშნავდა, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ლოდინი უწევთ. დაწესებულებიდან გაგზავნილი ტელეფონოგრამების ჟურნალის შესწავლით კი დადგინდა, რომ პატიმრების ნაწილი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით და სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობის გამო შიმშილობდნენ, ასევე იყენებდნენ თვითდაზიანებას.
აქვე დავძენთ, დაწესებულებაში არ ჰყავთ პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმი და ექთანი, ასევე მორიგე ექიმი. თავად მთავარი ექიმი რამდენიმე ფუნქციას ითავსებს. მიუხედავად იმისა, რომ მე-3 დაწესებულებას ემსახურებიან მოწვეული ექიმ-სპეციალისტები: ნევროლოგი, ფსიქიატრი, უროლოგი და სტომატოლოგი, პატიმარი გაჰყავთ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
რაც უფრო ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ვადით არის პატიმარი იზოლირებული, მით მეტია შანსი მისი სომატური ჯანმრთელობის შერყევის. ევროპული კომიტეტი მიიჩნევს, რომ იზოლაციის მაქსიმალური ვადა, ისიც უკიდურეს შემთხვევაში, 14 დღეს არ უნდა აღემატებოდეს და სასურველია, უფრო ნაკლები ხანგრძლივობის იყოს.

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება