QronikaPlus
ნანა ჩარკვიანი: „არსებობს ე. წ. ჯანმრთელი აგრესია, რომელიც დამცავი რეაქციაა და საფრთხეს ანეიტრალებს!“

ნანა ჩარკვიანი: „არსებობს ე. წ. ჯანმრთელი აგრესია, რომელიც დამცავი რეაქციაა და საფრთხეს ანეიტრალებს!“

2020-03-06 11:37:48

„საჩხერეში მკვლელობა მოხდა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის მოზარდმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შვილმა, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. მომხდარის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.
არასრულწლოვანი მოზარდი ადგილზე დააკავეს, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი _ თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.


„დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები _ დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი კი _ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს“.


„თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს მე-11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ეს ბოლო დღეების არასრული კრიმინალური ქრონიკაა, ქრონიკა, რომელიც ადამიანს უჩენს განცდას, რომ მთელი ქვეყანა გაგიჟდა.

რა უბიძგებთ ადამიანებს სისხლიანი აგრესიისკენ და, საერთოდ, რატომ უჩნდება შვილს სურვილი, რომ საკუთარი მშობელი, და ან ძმა მოკლას? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტ ნანა ჩარკვიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ აგრესია, ზოგ შემთხვევაში, ადამიანს შესაძლოა, წარმატების მიღწევაში დაეხმაროს, ანუ როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, თუ ადამიანი საკუთარი აგრესიის მართვას შეძლებს, მაშინ ტრაგედია არ დატრიალდება.
მოკლედ, როგორ ვმართოთ აგრესია? _ გთავაზობთ ინტერვიუს ნლპ-ს სპეციალისტ ნანა ჩარკვიანთან:

_ ბოლო დროს შვილების მიერ მშობლებზე ძალადობა გახშირდა. ასე, მაგალითად, ამას წინათ, 18 წლის ბიჭმა საჩხერეში მძინარე მამა მოკლა. ასევე, 18 წლის ბიჭმა თბილისში ბებია და დედა ნაჯახით აჩეხა. ტრაგედია მოხდა სოფელ ჭოპორტში, სადაც მამაკაცმა დედა და და მოკლა. ასევე თბილისში მოზარდმა დედა და და მოკლა. ნანა, ამ აგრესიის მიზეზი რა არის?
_ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აგრესიის მიზეზის გამოვლენა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. ამიტომ რამის გადაჭრით თქმა ძნელია, რადგან ეს მხოლოდ თეორია იქნება, ანუ არ ვიცით, ამა თუ იმ მკვლელის ქმედებას საფუძვლად რა ედო. ეს ნათელი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ განსასჯელებთან სპეციალისტი იმუშავებს.
_ რაკი ასეა, მაშინ თემა განვაზოგადოთ და მითხარით, რა უბიძგებს მოზარდს აგრესიისკენ და, მით უმეტეს, მკვლელობის ჩადენისკენ?
_ აგრესიისკენ მხოლოდ მოზარდს კი არა, ზოგადად, ადამიანს, შესაძლოა, როგორც, უბრალოდ, გადაღლამ ან მაღალმა ტემპერატურამ, ასევე სხვადასხვა ფსიქიკურმა დარღვევამაც, მაგალითად, შიზოფრენიამ უბიძგოს.
ამასთან, აგრესიის მიზეზი შესაძლოა, ქალა-ტვინის ტრავმა, ინტოქსიკაცია ან თავის ტვინის ცვლილებები იყოს. თუ ადამიანი უმიზეზო მრისხანების ხშირი შემოტევებისკენაა მიდრეკილი, ბრზის მართვა არ შეუძლია, თუ გარშემომყოფებზე ბოღმას რეგულარულად ანთხევს და ყველაფერი აღიზიანებს და ანერვიულებს, მაშინ სასწრაფოდ ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოს, რათა თავისი ქცევისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების კორექცია მოახდინოს.
სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგი მიიღოს. აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ აგრესიული ქმედება ყველა შემთხვევაში პათოლოგიას არ წარმოადგენს.
_ ანუ?
_ არსებობს ასეთი ცნება _ „ჯანმრთელი აგრესია“, რომელიც სხვადასხვა გამაღიზიანებელზე ბუნებრივი დამცავი რეაქციაა და საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არასასურველი სიტუაციის გამოსასწორებლად ძალების მობილიზებას ახდენს.
ჩვენს შორეულ წინაპრებს თავის გადარჩენაში სწორედ აგრესია დაეხმარა, დღეს კი ეს ძალა, როგორც წესი, უმეტესად დამანგრეველია.
რაც შეეხება მოზარდებს, საერთოდ, მადომინირებელი აგრესიული საქციელი მოზარდებისა და ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. ეს კი ართულებს ადაპტაციას სოციუმში, ხელს უშლის სწავლას, ვნებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, იწვევს თავის ტკივილებს, დეპრესიულ მდგომარეობას, უძილობას, ხშირად მიჰყავს მოზარდი გამოფიტვამდე, ნერვული სისტემის პათოლოგიებამდე, გულის დაავადებებამდე, ჰორმონული ფონის დარღვევამდე და ა. შ.
ყოველივე ამას შეიძლება, არაადეკვატური ქცევა და დანაშაულის ჩადენაც კი მოჰყვეს.
_ სხვათა შორის, ბიჭზე, რომელმაც ბებია და დედა მოკლა, ამბობენ, ოჯახის წევრებისა და თანასკოლელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყოო. შესაძლოა, სწორედ ბულინგი გახდეს სისხლიანი აგრესიის მიზეზი?
_ დიახ. არაჯანსაღი აგრესია შეიძლება, გადატანილმა ოჯახურმა _ ყოფითმა ან სექსუალურმა ძალადობამ გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, ფსიქიკის აგრესიული ნაწილი შესაძლოა, რეალიზდეს, როგორც მსხვერპლი ან სადისტი, ანუ ადამიანი ან დაემორჩილება ნებისმიერ დარტყმას, ან თავად იქცევა თავდამსხმელად.
ამის დანახვა ადვილია სკოლაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ კლასში ახალი მოსწავლე გამოჩნდება. თუ ეს ბავშვი ისეთი ოჯახიდანაა, სადაც ამცირებენ, სცემენ ან შესაძლოა, მასზე ძალადობენ, მაშინ ამ ორი საქციელობრივი მოდელიდან ერთ-ერთი მკვეთრად გამოეხატება.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ის ჩაიკეტება მთელი სამყაროსგან და თითქოს მხოლოდ საკუთარი თავის შიგნით ცხოვრობს. ამ დროს თანატოლები მას ამცირებენ, ტკივილს აყენებენ და აბუჩად იგდებენ, რადგან გულის სიღრმეში ის თავად ფიქრობს, რომ ამგვარ მოპყრობას იმსახურებს. მან სხვაგვარი მოპყრობა, უბრალოდ, არ იცის.
რაც შეეხება საქციელის მეორე მოდელს, ბავშვი ან მოზარდი იქცევა აგრესიულ ნეგატიურ ლიდერად, რომელიც ფიქრობს: „ჯობია, თავად დავესხა თავს, რათა ხელახლა არ მომაყენონ ტკივილი“.
_ დასამალი არაა, რომ მთელი საზოგადოება აგრესიულია. ამაში მედიაც ხომ არაა დამნაშავე, ანუ მედია, განსაკუთრებით, ტელემედია მუდმივად ნეგატივზეა ორიენტირებული. ეს მოზარდების ფსიქიკას აზიანებს?
_ უთუოდ და ერთმნიშვნელოვნად! მედია, პრაქტიკულად, აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, საზოგადოებისთვის პრიორიტეტებს ანაწილებს და საზოგადოებით მანიპულირებს, ანუ უხეშად რომ ვთქვა, მისთვის ღირებულებებს ქმნის. ამიტომ მედია ზედმიწევნითი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ საქმეს და, მინიმუმ, არ ავნოს საზოგადოებას. სამწუხაროდ, საქართველოში ეს იშვიათია!
სხვათა შორის, აგრესიას ნოყიერ ნიადაგს რელიგიები და ეროვნული იდეებიც უქმნიან, რომლებსაც ადამიანში დანაშაულის გრძნობის ჩანერგვა ჩინებულად შეუძლიათ. ისინი იოლად მანიპულირებენ სოციუმით და გარკვეულ იდეოლოგიას ნერგავენ, ადამიანმა რა უნდა აკეთოს და რა _ არა.
აბა, როგორ უნდა განვრისხდეთ საკუთარ სამშობლოსა ან ღმერთზე? _ ეს ხომ არ შეიძლება? ამიტომ მრისხანება ითრგუნება და წარმოიშვება დანაშაულის გრძნობა. ნებისმიერ ადამიანი კი, რომელსაც დანაშაულის გრძნობა აწუხებს, ცნობიერად ან გაუცნობიერებლად ცდილობს, თავი დაისაჯოს, მაგალითად, იმის გამო, რომ ვერ შოულობს ფულს, თავს იზღუდავს რაღაც სიამოვნებებისგან, უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს, იყოს ბედნიერი ურთიერთობებში ან ქმნის თავისთვის რაღაც შეზღუდვებსა და აკრძალვებს.
ის, ვისაც დანაშაულის გრძნობა სტანჯავს, ლამობს, რაც შეიძლება მეტ ხალხს ასიამოვნოს, მაგალითად, ჰპირდება მეტს, ვიდრე შესრულება შეუძლია. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანს დანაპირების შესრულება არ შეუძლია ან მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს. ამ ნიადაგზე კი დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო უძლიერდება, რადგან ვერ გაამართლა სხვების იმედები და ვერ ასიამოვნა მათ. ამავდროულად, ძლიერი მრისხანება ეუფლება, რადგან ამ „სხვებს“ არც უცდიათ, მისთვის გაეგოთ, არც უკითხავთ, რა სჭირდება, რა აინტერესებს, რას განიცდის და რა აკლია თავად მას.
რასაკვირველია, ამ მრისხანებას ადამიანი კვლავ თრგუნავს, დანაშაულის გძნობა კიდევ უფრო უმძაფრდება და მოჯადოებულ წრეში ექცევა.
_ საერთოდ, რატომ აქვს ადამიანს მიდრეკილება ნეგატიური ინფორმაციის მიღებისკენ?
_ იმიტომ, რომ ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წარმომადგენლებმა, ანუ ჟურნალისტებმა, ჩინებულად იციან, როცა რაიმე კარგი ხდება, მაშასადამე, არაფერიც არ ხდება და ეს არავისთვის იქნება საინტერესო. მაშინ კი, როცა ქვეყანას თავს ატყდება ცუნამი, ქარბორბალა, მეწყერი და კორონავირუსი, ეს უკვე ცუდია და, შესაბამისად, საინტერესო, ანუ ბევრი ხალხი ნახავს, წაიკითხავს და ჯაჭვურ რეაქციასაც შექმნის.
ზუსტად ამავე მიზეზით აინტერესებს სოციუმს ნეგატიური ინფორმაცია, რადგან თუ მთავრობამ სადღაც, რომელიმე მდორე მდინარეზე ხიდი გადო, ეს ეხება მხოლოდ იმ კონკრეტული ადგილის მკვიდრთ, სადაც ხიდი გაიდო, დანარჩენი საზოგადოებისთვის კი არაა საინტერესო, მაგრამ თუ სადმე შვილმა დედა ან ბებია მოკლა, ან ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა, ეს მძაფრ ემოციებს იწვევს, ეხმიანება სხვა ადამიანების ემოციებს, რადგან ცოლი, ქმარი და ბებია ყველას ჰყავს და შესაბამისად, ოჯახური ტრაგედიებიც უცხო არაა, ამიტომაც არის ყველაფერი ეს საინტერესო…
_ ნანა, როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ინფორმაციისგან?
_ არ უყუროთ ტელევიზორს და არ წაიკითხოთ გაზეთები!
მერწმუნეთ, ასე ცხოვრებაც შეიძლება და გაცილებით საამურად. მაგალითად, სანამ არ მითხარით, რომ მკვლელობები მოხდა, ამის შესახებ სრულებით არაფერი ვიცოდი.
არსებობს სხვა გზაც _ უყურეთ ტელევიზორს და იკითხეთ გაზეთებიც, ოღონდ ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ ეს წმინდა წყლის სიმართლეა, ეცადეთ, დაახარისხოთ ინფორმაცია და გადაწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ჩაერთოთ საყოველთაო ორომტრიალსა და აგრესიაში, თუ უბრალოდ, იყოთ ბედნიერი.
_ აგრესიის მიზეზი ისიც ხომ არაა, რომ ქვეყანაში განათლების დეფიციტია, თუ აგრესია თანამედროვე მსოფლიოს სენია?
_ აგრესიას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ის ყოველთვის დესტრუქციული როდია.
_ ანუ ჯანსაღი აგრესიაც არსებობს?
_ დიახ.
_ და როგორია ის?
_ ჯანსაღი აგრესია ქმედების ცხოვრებისეული ძალაა, მიაღწიო შედეგს, რეალიზება მოახდინო შენი სურვილებისა და მოთხოვნების, ანუ, ამ შემთხვევაში, აგრესია ძალაა, რომელიც წინსვლაში გვეხმარება.
იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, გვჭირდება ენერგია და მაშასადამე, აგრესია. ამიტომაც, დედამიწაზე ყველა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს აგრესია. ზოგერჯ გარემო იმდენად არაკეთილსასურველია, რომ თავის გადარჩენის მოთხოვნილება წარმოიშობა. ყველამ ვიცით გამოთქმა _ „ბრძოლა გადარჩენისთვის“. ამ გადარჩენისთვის კი საჭიროა ენერგია, რომელსაც განაპირობებს აგრესია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიყვარულიც აგრესიაა, რადგან ის ძალიან ძლიერ ენერგიას ფლობს. ასე რომ, მედალს ორი მხარე აქვს!
რაც შეეხება უვიცობას, როგორც ნიადაგს არაჯანსაღი აგრესიისთვის, დიახ, აგრესიული საქციელის მიზეზი ხშირად ელემენტარული აღზრდისა და კულტურის უქონლობაა. ასეთმა ადამიანმა, უბრალოდ, არ იცის, როგორ მოიქცეს სოციუმში და ძალადობრივი, აგრესიული ზემოქმედების „გაკვალულ“ გზას მიჰყვება, რადგან სხვა საქციელობრივი პროგრამები მისთვის უცხოა, არ ასწავლეს.
შეიძლება, ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს კონფლიქტების დაწყების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია!
თავად ადამიანი, ცხადია, არაა დამნაშავე, რომ დაიბადა განსაზღვრულ გარემოში, ვერ მიიღო საბაზო აღზრდა, თუმცა მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვეულებრივ, იგი ხვდება, რომ სხვებთან ურთიერთობის მისეული მოდელი არაეფექტიანია ან ვერ ხვდება და ყოფილ ცოლს შესაძლოა, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გაუსწორდეს.
_ ისე, ადამიანებმა სიყვარული რატომ დავკარგეთ?
_ დავკარგეთ კი?
კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, რადგან ეს რიტორიკულ კითხვას ჰგავს. პირადად მე, მგონია, რომ მოწიფული ადამიანი და, აქ ასაკს არ ვგულისხმობ, თავად ირჩევს, უყვარდეს თუ სძულდეს სამყარო. ეს კონკრეტულად მისი არჩევანია. ზოგს ურჩევნია, სძულდეს, რადგან მაშინ საკუთარი უბედურებებისა და წარუმატებლობის მიზეზებს გარე სამყაროში მოძებნის და არა _ საკუთარ თავში და აგრესიასაც აქეთ მიმართავს.
ასეთი ადამიანი, უბრალოდ, უმწიფარია და კონტროლის ლოკუსიც (ბიოქიმიური პროცესის მაკონტროლებელი გენები, _ რედ.) გარე ფაქტორებისკენ აქვს მიმართული, რადგან ამით პასუხისმგებლობას იცილებს საკუთარ ცხოვრებაზე. მისთვის ასე უფრო იოლი და კომფორტულია.
_ სხვათა შორის, საქართველოში სანამ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა, პატრიარქმა მეორედ მოსვლა დააანონსა. ეკლესიის წინამძღვრისგან მსგავსი განცხადების გაკეთება რას უნდა ემსახურებოდეს და ეს ხალხზე როგორ მოქმედებს?
_ მგონია, ეს ფრაზა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი ან მცდარად ინტერპრეტირებული.
ამას გარდა, სავარაუდოდ, ჩემზე უკეთ იცით, რომ ქადაგების ტექსტს პატრიარქი არ წერს. არსებობს სხვა ახსნაც.
_ კერძოდ?
_ რადგან მრევლი დიდია, ამგვარი განცხადება ძალიან სერიოზულად იქნებოდა აღქმული და ხალხიც მეტად შეეცდებოდა, გაფრთხილებულიყო, ანუ მეტად ემარხულა, მეტი ეფიქრა სულის უკვდავებაზე, მეტი შეზღუდვები დაეწესებინა საკუთარი თავისთვის და, მარტივად რომ ვთქვა, წესიერად მოქცეულიყო…
საერთოდ, როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი, რაც იდეოლოგიას ქმნის, მიმართულია მასების უპირობო დამორჩილებისკენ. ხომ ატყობთ, როგორ ეშინიათ ქვეყანაში ეკლესიის კრიტიკის? _ მორწმუნე მრევლი ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს ფიზიკურ განადგურებას ჰპირდება!
_ ისე, ძმის მიერ ძმის მკვლელობა ბიბლიიდან მოდის. ჰოდა, შვილების მიერ მშობლების ან პირიქით მოკვლა ადამიანში იმთავითვე ხომ არაა კოდირებული?
_ ბიბლიის ინტერპრეტირების პრეტენზია არ მაქვს. ამისთვის ჩემზე უფრო ჭკვიანი და მცოდნე ხალხი არსებობს.
ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ მკვლელობა ადამიანში იმთავითვეა კოდირებული, მაშინ რა ვუყოთ იმავე ბიბლიურ მცნებას: „არა კაც ჰკლა“?
_ ზოგადად, ადამიანს ვინმეს მოკვლის სურვილი რატომ უჩნდება, ანუ მკვლელს ფსიქიკური გადახრები აქვს, თუ ყველაფერი ეს აფექტით აიხსნება?
_ ხშირად მკვლელობა ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე ხდება. ეს აშლილობა კი შეიძლება, სულაც არ იყოს თვალში საცემი, თუმცა ერთადერთი მიზეზი როდია. ესაა მიზეზთა ერთობლიობა და ყველა კონკრეტული შემთხვევა ცალკე მსჯელობას ექვემდებარება.
აგრესია, რომლის ნიადაგზეც მკვლელობა მოხდა, უკავშირდება სოციალიზაციის დეფექტებს, მასობრივი კულტურის ნეგატიურ ზეგავლენასა და ინდივიდის ფსიქიკურ თვითრეგულაციას, თუმცა ხელშესახებ როლს ასრულებს გენეტიკური ანომალიებიც, ინდივიდის ენდოკრინულ-ჰუმორალური (სისხლი, ლიმფა, _ რედ.) ორგანიზაცია და მრავალი სხვა ფაქტორი.
_ ნანა, თქვენი, როგორც ნლპ-ს სპეციალისტის, რეკომენდაციები როგორია, როგორ განვიკურნოთ აგრესიისგან?
_ აგრესიისგან ვერ განვიკურნებით და არცაა საჭირო. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ მრისხანებისა და ბრაზის მართვა. ეს უნარი ძალიან მჭიდრო კავშირშია ჩვენს აღზრდასა და შინაგან ორგანიზაციასთან.
აი, ზოგიერთი რჩევა აგრესიის აღსაკვეთად:
ეცადეთ, არ ფოკუსირდეთ ნეგატიურ ემოციებზე. ისწავლეთ სასიამოვნო მოგონებებსა და ფიქრებზე გადართვა.
ნუ დაიგროვებთ ბოღმას გულში. გაუფრთხილდით გულს _ ის სიყვარულისთვის შეიქმნა.
თუ მრისხანების ამოფრქვევები გახასიათებთ, ისწვალეთ ბრაზის მართვა და თავის შეკავება, თუნდაც მოკლე დროით. ეს პატარა პაუზა ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ!
ისწავლეთ სხვისთვის დათმობა.
ნუ მიისწრაფვით მიუღწეველი იდეალებისკენ. გააცნობიერეთ, რომ იდეალური არ ხართ და ვერც იქნებით.
გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. თუ ვარჯიში გეზარებათ, ფეხით ბევრი იარეთ _ ამით მრისხანებასა და გაღიზიანებას გაუმკლავდებით.
შეეცადეთ, დღის განმავლობაში ორ-სამჯერ თხუთმეტიოდე წუთით დაისვენოთ და მოდუნდეთ.
არ დაუშვათ სისტემატური ღამის თენება. უძილო ორგანიზმი ადვილად გაღიზიანებადია.
დასასრულ, გახსოვდეთ: არც ერთი ადამიანი არ უნდა ავლენდეს აგრესიას სხვა ადამიანებისადმი და არც თავად უნდა დაზარალდეს გარშემომყოფთა აგრესიული საქციელისგან.
სხვათა შორის, ხშირად დაკავდით სექსით _ ეს ამ ქვეყნად ყველაზე სასიამოვნო აგრესიაა!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება