QronikaPlus
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტები ლაგოდეხში არამიზნობრივად იხარჯება?

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტები ლაგოდეხში არამიზნობრივად იხარჯება?

2019-11-30 08:29:56

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი _ LAG“, რომლის ოფიციალურ საიტზეც ვკითხულობთ:
„ლაგოდეხში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარმოადგენს დამოუკიდებელ პლატფორმას, რომლის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თემების მობილიზაცია მათთან თანამშრომლობისა და მათი გაძლიერების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის განვითარებას. LAG-ი LEADER-ის მიდგომის ნაწილია, რომელიც ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისთვის გამოიყენება და საქართველოს რეალობას უნდა მოერგოს. ლაგოდეხის LAG-ი აერთიანებს მუნიციპალიტეტის 15-ივე თემის წარმომადგენლებს: კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სახით.

გენერალური ასამბლეა LAG-ის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს. მისი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. იგი ირჩევს მმართველობით საბჭოს, რომელიც განაგებს LAG-ს და უზრუნველყოფს მის ქმედითუნარიანობასა და მდგრადობას. LAG-ის მმართველობითი საბჭო ასახელებს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურებს. სამივე კანდიდატურას ამტკიცებს გენერალური ასამბლეა. ახლახან ლაგოდეხის LAG-მა პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია.
ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შედგება 100 წევრისგან. ის წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას. იგი მუშაობს ასოციაციის მსგავსი პრინციპით, რომელსაც მართავს გენერალური ასამბლეა და დემოკრატიულად არჩეული დირექტორთა საბჭო; ჯგუფის მარეგულირებელი ბაზა განსაზღვრულია მისი წესდებით. CARE-მ ხელი შეუწყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნაში, რომელიც ემყარება კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და აერთიანებს ადგილობრივ მხარეებს, ადგილობრივ მოთხოვნებსა და ტერიტორიულ რესურსს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ტერიტორიული ერთეულის კონკურენტული უპირატესობების ქმედითი გამოყენება.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი არის ფიზიკურ პირთა, იურიდიული პირებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და დემოკრატიული ასოციაცია, რომელიც ახდენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თემების მობილიზაციას და თანამშრომლობისა და პოტენციალის გაძლიერების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებას. ასოციაცია გამიჯნულია ნებისმიერი პოლიტიკური მიზნებისგან და არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საქმიანობს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

  • თანასწორობა სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის;
  • თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა წევრებს შორის, რასის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური კუთვნილების ან პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად“.

ჯემალ ხაჩიძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორია. როგორც მან „ქრონიკა+-სთან“ საუბრისას განაცხადა, ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლება მას ავიწროებს. მის მიერ დაწერილი არც ერთი საგრანტო პროექტი „ლაგმა“ არ დააფინანსა:
„2016 წლის იანვრიდან ევროკავშირის პროგრამით საქართველოს 3 რაიონში (ბორჯომი, ლაგოდეხი, სტეფანწმინდა) საპილოტე პროექტები დაიწყო სოფლის განვითარების, მოსახლეობის დასაქმებისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ევროკავშირის მიერ ლაგოდეხში გამოიყო გრანტი 1 მილიონი ევრო, ანუ 3 მილიონი ლარი.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ლაგოდეხის ოფისი, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, ანუ მმართველობითი საბჭო სოფლის თემებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან 16 კაცით.
ამ პერიოდში ლაგოდეხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო კარლო ჯამბურია, რომელიც არის „ლაგოდეხის განვითარების მმართველობითი საბჭოს წევრი“, ხოლო მმართველი საბჭოს პრეზედენტად (თავმჯდომარე) აირჩიეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კ. ჯამბურიას პირველი მოადგილის, გიორგი ბოკერიას მეუღლე თამარ მუმლაძე. ბატონი კ. ჯამბურია 2017 წლის საკრებულოს არჩევნების დროს პარტიული სიით შევიდა საკრებულოში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს 2018 წლის მმართველობითი საბჭოს შემადგენლობაში. იგი დღესაც ისევ დარჩა წევრად, ე. ი. ოთხი წელია, ბატონი კ. ჯამბურია ლაგოდეხის მმართველობითი საბჭოს წევრია და ევროკავშირის გამოყოფილ გრანტებს განაგებს.
2018 წელს პროექტების განმხილველი მმართველობითი საბჭოს ძველი შემადგენლობიდან (16 კაცი) 11 წევრი შეიცვალა.
ოფისის ხელმძღვანელ ბატონ ჯ. მარუაშვილსა და რაიონის პირველ პირს, კარლო ჯამბურიას, მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე ვკითხე, _ მე, ჯემალ ხაჩიძე, რატომ არ ვარ მმართველობითი საბჭოს წევრი ლაგოდეხში ჩემი 27 წლის პარტიულ-სამეურნეო მუშაობის განვლილი გამოცდილებით, 10 წლის ინსტიტუტში სამეცნიერო გამოცდილებით და როგორც ს/მ მეცნიერებათა დოქტორი?! რომ მე მათზე კარგად ვიცნობ ლაგოდეხის მოსახლეობის დღევანდელ პრობლემებს, ასევე დაბადებიდან ვცხოვრობ ლაგოდეხში და ჩაწერილი ვარ ჩემს სოფელ კართუბნის თემში. მათ მხრები აიჩეჩეს და ერთმანეთს დაუწყეს ყურება.
„ქრონიკა+“-ის მკითხველს დეტალურად მინდა გავაცნო: 3 წელიწადში შესული განაცხადიდან უკვე დამტკიცებულია 45 პროექტი, ხოლო 2018 წელს შესული მე-4 ეტაპის განაცხადების განხილვა დასრულდა 2018 წლის ოქტომბერში, მაგრამ 10 თვეა, დამტკიცებული ბენეფიციარების პროექტებს თავიანთ საიტზე არ აცხადებენ და გასაიდუმლოებულია. სამჯერ მივმართე წერილობით ოფისის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერ ნინო უგულავას და სამჯერვე უარს მეუბნება მე-4 ეტაპით დამტკიცებული პროექტების მასალების გადმოცემაზე. გიორგი ბოკერიაც, როგორც მმართველობითი საბჭოს პრეზიდენტი, ჩემს ოფიციალური წერილზე ერთი თვეა, პასუხსაც არ მცემს.
2017 წელს მეც შევიტანე ერთი პროექტი: „ღია გრუნტში 0,70 ჰექტარზე მარწყვის წარმოება, შოკური გაციებისა და გაყინვის 20 ტონის ტევადობის მაცივრის აშენება“. უარი მითხრეს. 2018 წელს კიდევ შევიტანე ორი პროექტი: ერთი ისევ ეს შესწორებული და მეორე _ საკონსერვო მინიწარმოების შექმნა „პოლონური ტექნოლოგიით ცელოფნის პაკეტებში დამჟავებული კიტრის, პომიდვრისა და კომბოსტოს გამოშვება“. საჭირო იყო პოლონეთში დანადგარების შეძენა და ჩამოტანა. კ. ჯამბურიამ და გ. ბოკერიამ _ ლაგოდეხის არასამთავრობოდან მოყოლებული გრანტიჭამიებმა _ ორივე პროექტზე უარი მითხრეს და ორჯერ წარდგენილ პროექტებზე 2-იანები დამიწერეს.
შემდეგ წერილობით მოვითხოვე მმართველობითი საბჭოსგან სამი რაუნდით დამტკიცებული 45 პროექტის მასალები, სადაც უკვე 1.623.644 ლარი გრანტი გაიხარჯა, დანარჩენი 1 მლნ. თანხის ხარჯვის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, _ სად და რა პროექტებზე გაიხარჯა, არავინ არაფერი იცის. მმართველობითმა საბჭომ (სხდომის თავმჯდომარე თამარ მუმლაძე) 2016 წელს თავისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგასთვის“, დაიმტკიცა 11 960 ლარი გრანტი, ხოლო მესამე რაუნდით 2018 წელს, სადაც ახლა მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე მისი ქმარი, გიორგი ბოკერიაა, კიდევ დაიმტკიცეს 22 191 ლარი გრანტი, ანუ სულ მიღებული აქვთ 34 151 ლარი გრანტი. მადა ჭამაში მოდისო. ეს ცოლ-ქმარი წინა ხელისუფლების დროსაც არასამთავრობოებში მოღვაწეობდა და გიგა ბოკერიას დახმარებით ლაგოდეხში ტურიზმის განვითარებისთვის ვიღაც კუტიბაშვილის სახელზე კარგი გრანტებიც აქვთ მიღებული ცხენების შესაძენად.
მმართველობითმა საბჭომ (სხდომის თავმჯდომარე თამარ მუმლაძე) 2017 წელს მეორე რაუნდის დროს დააფინანსა თავისი მეგობრის არასამთვრობო ორგანიზაცია „მადლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის _ 25 970 ლარი გრანტით. თანადაფინანსებით ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 19727 ლარი, ხელმძღვანელი ეკა გოგაშვილია. ეს ქალბატონი კ. ჯამბურიას გამგებლობის დროს გამგეობის იურისტი იყო, ხოლო ახლა საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტია. 2018 წელს, გიორგი ბოკერიას თავმჯდომარეობის დროს, მეორეჯერ კიდევ დააფინანსეს „მადლი“ 15 100 ლარის გრანტით და ბიუჯეტიდან 2600 ლარით, ანუ მთლიანობაში დაფინანსება მიღებული აქვს 60197 ლარი. რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოხმარება და ყურადღება რომ სჭირდება, აქ ორი აზრი არ არსებობს. მე დამაინტერესა და შევხვდი ასეთ სამ ოჯახს. გამოვიკითხე, ამ ორგანიზაციიდან მათ ფულადი ან მატერიალური დახმარება თუ მიუღიათ. ბოლო 3 წლის განმავლობაში მათ ოჯახებმა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ არც არაფერი იცოდნენ და არც არაფერი დახმარება მიუღიათ.
მმართველობითმა საბჭომ მეორე რაუნდის დროს (თავმჯდომარე თამარ მუმლაძე), 2017 წელს, დააფინანსა შპს „ლაკუასტი“ 70 291 ლარის გრანტით. აქ შედიოდა სოფელ შრომაში ხურმის ფერმის ელექტროგაყვანილობა, ხელმძღვანელი ვინმე დავით დავითელაშვილი (ვერ გამიგია, რას ნიშნავს ხურმის ფერმა?! ასეთი ტერმინი სოფლის მეურნეობაში არაა, ფერმა მე ვიცი ძროხის, ღორის და ა. შ.). ამის მეპატრონეა თბილისელი რომან ჩხენკელი, ეს ის პიროვნებაა, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც წინა ხელისუფლების დროს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „ქართუ ბანკიდან“ 80 მილიონი ლარი რომ აახიეს, რომელიც ბატონმა ბიძინამ ხელისუფლებაში მოსვლის დროს სასამართლო წესით დაიბრუნა. ბატონ ჩხენკელს, ანუ შპს „ლაკუასტის“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დანერგე მომავლის“ პროგრამით მიღებული აქვს სოფელ შრომაში 8 ჰექტარი ხურმის გაშენებისთვის 140 759 ლარი გრანტი და ლაგოდეხში მმართველობით საბჭოსაც აახია 70 291 ლარი გრანტი. ე. ი. ერთი ნერგის შესყიდვასა და დარგვაზე ორჯერ იხარჯება დიდძალი ფული. ამ პიროვნებას „დანერგე მომავლის“ პროგრამით კიდევ მიღებული აქვს სოფელ შრომაში ვაშლისა და მსხლის გაშენებისთვის 225 856 ლარი გრანტი, მთლიანობაში _ 366 619 ლარი გრანტი.
მმართველობითი საბჭოს წევრი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტია ქალბატონი ირმა ხვედელიძე. მმართველი საბჭოს წევრობა და ექსპერტობა ერთდროულად არ შეიძლება. ქალბატონი ირმა ხვედელიძე ასევე მუშაობს ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცეტრში უფროს სპეციალისტად. ცენტრს აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოდან „დანერგე მომავლის“ პროგრამით ლაგოდეხში დაფინანსებული ფიზიკური და იურიდიული პირების
მონაცემები. როგორც მმართველობითი საბჭოს წევრმა და ექსპერტმა მან მმართველობითი საბჭოს ან ოფისის მენეჯერ ჯუმბერ მარუაშვილს რატომ არ მოახსენა, რომ ხურმის ნერგის დარგვაზე შპს „ლაკუასტის“ თბილისელ მილიონერ რომან ჩხენკელს სოფელ შრომაში ხურმის გაშენებისთვის უკვე მიღებული ჰქონდა 140 759 ლარი გრანტი?! ან რაიონის პირველმა პირმა, გამგებელმა კ. ჯამბურიამ, ეს არ იცოდა?! ე. ი. სხდომები ტარდება ფიქტიურად და ერთმანეთის არწყენისთვის. მმართველობითმა საბჭომ (მესამე რაუნდის დროს თავმჯდომარე გურამ ბოკერია) 2018 წელს დააფინანსა შპს „შატო ყირამალა“ 86 098 ლარის გრანტით _ სოფელ მაწიმში ტურისტული დასასვენებელი კომპლექსი. მის მეპატრონეს ლაგოდეხში 3 ბენზინგასამართი სადგური აქვს თავისი მაღაზიებითა და ავტომანქანის შემკეთებელი სახელოსნოებით (ლაგოდეხში, სოფელ კავშირსა და სოფელ კაბალში), თანადაფინანსების თანხად გამოყოფილი აქვს 214 906 ლარი. სხვისი კი არაფერი მშურს, მაგრამ ასეთი ბიზნესის პატრონს უკვე მშენებარე ობიექტისთვის კიდევ ამხელა თანხის გრანტი უნდა მიეცეს?
ამავე მესამე რაუნდით თავმჯდომარე გურამ ბოკერიას დროს, 2018 წელს, ქ. ლაგოდეხში დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური, „მოხუცებულთა სოციალური სახლი“, 60 000 ლარის გრანტით, ხოლო ლაგოდეხის გამგეობის კარლო ჯამბურიას მიერ თანადაფინანსებით ბიუჯეტიდან გამოყოფილია 55 000 ლარი.
ასევე მესამე რაუნდით (თავმჯდომარე გურამ ბოკერია) დამტკიცებულია ვინმე მარიამ ქადაგიძეზე 21 000 ლარის გრანტით _ მცხოვრები ლაგოდეხში, ვაშლოვნის ქ. #35, „საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა“.
ასეთი ფუქსავატური პროექტებია დამტკიცებული კარლო ჯამბურიასა და გურამ ბოკერია-თამარ მუმლაძის მიერ. დამტკიცებული 45 პროექტიდან რეალისტურია 17 პროექტი, დანარჩენი უსარგებლოა რაიონის გაღარიბებული მოსახლეობისთვის. სამუშაო ადგილებიც იმიტომ არ იქმნება.
დამტკიცებული პროექტებით, უმრავლეს შემთხვევაში, გრანტების საშუალებით, ფულს ათეთრებენ, რასაც გამოძიება სჭირდება.
მეორე რაუნდით (თავმჯდომარე თამარ მუმლაძე) დაფინანსდა ვინმე სოსო მერაბიშვილის „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“ 16 300 ლარის გრანტით, ხოლო იმავე მეორე რაუნდით ეს პიროვნება კიდევ დაფინანსდა 23 419 ლარის გრანტით (ჭრა-კერვის კურსები). მე შევხვდი ამ პიროვნებას და მან ამიხსნა, რომ ჭრა-კერვის კურსების გახსნა გამგეობაში სთხოვეს ლტოლვილებისთვის, მაგრამ იგი საერთოდ არ ფუნქციონერებს.
აი, ასეთ ხალხს ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ რაიონი, ხოლო ჩემი კანდიდატურა, რაიონის მოსახლეობის მიერ წარდგენილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაუმალეს, არც განიხილეს და არც პასუხი მოუციათ. 2014 წელს ლაგოდეხში ბატონი კახი კალაძე ჩამობრძანდა და რაიონის გამგებლად კ. ჯამბურიას კანდიდატურა წარმოგვიდგინა. ე. ი. სანამ კახი კალაძე მთავრობაში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, კარლო ჯამბურიამაც უნდა ტკეპნოს ერთ ადგილზე ლაგოდეხი.
დაბოლოს, ყველაზე საოცრება ისაა, რომ მესამე რაუნდით მმართველობითმა სამჭომ (თავმჯდომარე გურამ ბოკერია), სოფელ კაბალში დააფინანსა საგრანტო პროექტი 29 000 ლარი გრანტით _ ავტოსერვისცენტრი, ამ სოფლის გამგებელ ნამაზ ალახვერდოვის ვულკანიზაცია, რომელზეც მის შვილს, ფერიდე ალახვერდოვას ჰქონდა შეტანილი საპროექტო განაცხადი. ქალმა, რომელმაც ქართული არ იცის, როგორ დაწერა ფრიადზე განაცხადი მმართველობითი საბჭოს ყველა წევრის, განსაკუთრებით, კარლო ჯამბურიასა და ბოკერიას მოსაწონად? მმართველობითი საბჭოს ცხრილში სტრატეგიულ მიმართულებაში უწერიათ: „ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა“. ამ გრანტით შეიძინეს მსუბუქი ავტომანქანის „რაზვალის“ დანადგარი. ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას „რაზვალის“ დანადგარით ცდილობს რაიონის უცოდინარი ხელისუფლება.
ვსვამ საკითხს: ლაგოდეხის მოსახლეობის „ცხოვრების ხარისხის გაუჯობესების, მათი ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობისთვის“ „რაზვალის“ დანადგარი უფრო საჭიროა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, თუ ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინისაწარმო სოფელ თამარიანში ახალგაზრდობის დასაქმებისთვის, რომელიც მე შევიტანე?! კ. ჯამბურიამ და გ. ბოკერიამ გამცენ პასუხი მეც და მთავრობის ადმინისტრაციასაც.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლაგოდეხში სრული განუკითხაობაა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტების ხარჯვის მმართველობითი საბჭოს ოფისში. უნდა შემოწმდეს ოფისის ფინანსური მხარე და სისხლის სამართლებრივი დანაშაული აუცილებლად გამოიკვეთება ბიუჯეტის ფულის არადანიშნულებით ხარჯვისა და გრანტების გათეთრების საქმეში.
სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო! კ. ჯამბურიასა და გ. ბოკერიას ჰგონიათ, რომ მე ლაგოდეხში აღარაფერი ვარ. მთავრობის ადმინისტრაციაში 2019 წლის 4 თებერვლის ჩემი ოფიციალური კორესპოდენციის შემდეგ ვერ გადაწყვიტეს საკითხის შესწავლა. 8 თვეა, მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაგზავნილი მასალები კახეთის პროკურატურასა და კახეთის ფინანსურ სამსახურში დევს. მინდა, ვთხოვო მთავრობის ადმინისტრაციას, პირადად ბატონ სოზარ სუბარსა და კახეთის გუბერნატორს, ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს _ უკანონოდ და უსაფუძვლოდ ნუ იცავთ კარლო ჯამბურიას, მიეცით უფლება კახეთის ფინანსურ სამსახურს, გამომძიებელ ბატონ იოსებ ღარიბაშვილს, აწარმოოს გამოძიება. თქვენი ქმედებით ფინანსურ სამსახურსა და პირადად გამომძიებელს ნუ აყენებთ გამოუვალ მდგომარეობაში.
შეგახსენებთ: მე, ჯემალ ხაჩიძე, „ქართული ოცნების“ წევრი გავხდი 2012 წლის მარტიდან. ცენტრალურ ოფისში აქტიურადაც ვმონაწილეობდი პარტიის პროგრამის შედგენაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დემურ გიორხელიძე პროგრამულ ნაწილზე მუშაობდა, ჩემი ორი წინადადებაც შეტანილია პროგრამაში.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის მოსახლეობა განცხადებით ითხოვდა ჩემს კანდიდატურას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიიდან, ეს განცხადება დამალეს და სრულიად შემთხვევითი ლაგოდეხისთვის შეუფერებელი ლუკა კურტანიძის კანდიდატურა წამოაყენეს. სამარცხვინოდაც წააგო მან და შემდეგ აღარც გამოჩენილა ლაგოდეხში.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც კახი კალაძე პირადად ჩამოვიდა ლაგოდეხში და ნეპოტიზმით დაგვინიშნა ახლო ნათესავი, შემთხვევითი პიროვნება კარლო ჯამბურია, ხოლო ჩემი კანდიდატურა არც განიხილეს პოლიტსაბჭოზე, მოსახლეობისთვის არც პასუხი გაუციათ და არც ჩემთან შეხვედრა-გასაუბრება შემდგარა. „ქართულმა ოცნებამ“ შეურაცხყოფა მომაყენა, ამიტომაც სამართლიანადაც ვარ ნაწყენი და გაბრაზებულიც, მაგრამ ყველაფერზეც ჩავიქნიე ხელი და 2014 წლიდან პოლიტიკური პარტია დავტოვე“.

_ იყო თუ არა შერჩევითი პროექტების გაცემა? რატომ ვერ მოხვდა მმართველობით საბჭოში ჯემალ ხაჩიძე, რისი სურვილიც მას ჰქონდა? დამტკიცდა თუ არა 2018 წლის გეგმის მიხედვით საგრანტო პტოექტების დაფინანსება? როგორ ხდებიან ადამიანები ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ან მმართველობითი საბჭოს წევრები?
ამ კითხვებზე „ქრონიკა+“-ს პასუხობს პროექტ „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი ნინო უგულავა:

„ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, რა არის „ლაგი“, რა მიზნობრიობით და როგორ ჩამოყალიბდა, მკითხველს განვუმარტავ: „ლაგი“ ადგილობრივი განვითარების ჯგუფია, ევროპული წესით სოფლის განვითარების ლიდერ-მიდგომების საშუალებაა. აღნიშნული ლიდერ-მიდგომა გულისხმობს ტერიტორიული ერთეულის, ჩვენს შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ლაგს“ აქვს ორი ძირითადი მოთხოვნა: მასში უნდა იყოს წარმომადგენლები სამი სექტორიდან: კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებიდან. ლაგმა უნდა შეიმუშაოს ადგილზე განვითარების სტრატეგია. ე. ი. კერძო სექტორში მოიაზრებიან ლაგოდეხის ბიზნესის წარმომადგენლები, ფერმერები; კერძო სექტორში დასაქმებულები და ა. შ.;
საჯარო სექტორში მოიაზრებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები;
სამოქალაქო სექტორში მოიაზრებიან, ლაგოდეხში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ცენტრები და ა. შ. „ლაგმა“ ხელი უნდა შეუწყოს სამი სექტორის ერთად მუშაობას თავიანთი ტერიტორიული ერთეულის განვითარებისა და თანამშრომლობისთვის.
„ლაგის“ ჩამოყალიბებას წინ უსწრებდა რამდენიმეთვიანი მობილიზაციის ფაზა, რომლის ფარგლებშიც პროექტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემეო ცენტრებისა თუ მუნიციპალიტეტის დახმარებით მოვაწყვეთ შეხვედრები ლაგოდეხის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივების საჭიროებების გამოვლენა, ასევე მოტივირებული და ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი ადამიანების მოძიება და მათი გამოვლენა. თითოეული შეხვედრის ბოლოს დამსწრეებს ვთხოვდით, რომ დაესახელებინათ ორი ადამიანი, ვინც მათ სოფელს წარმოადგენდა „ლაგში“. ასე შეირჩა თავდაპირველად ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის გენერალური ასამბლეა. ხოლო ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ამ ადამიანებს. ჩატარდა გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც თითოეულმა სექტორმა: კერძომ, საჯარომ და სამოქალაქომ, მმართველ საბჭოში აირჩია თავისი ხუთი წარმომადგენელი, ე. ი. აპლიკანტი, რომელიც თაქვენთან იყო მოსული და პრეტენზიას აცხადებს, რომ უნდა მართალ საბჭოში ყოფნა, არ ყოფილა დასახელებული გენერალურ ასამბლეაში და არ ყოფილა არჩეული მმართველ საბჭოშიც. შესაბამისად, იგი ვერ მოხვდებოდა მმართველ საბჭოში.
ახლა მეორე კომპონენტი პროექტთან დაკავშირებით: მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა „ლაგი“ და გუნდმა ლაგოდეხის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: lagodekhilag.ge ეს სტრატეგია დაედო საფუძვლად შემდგომ ოთხივე საგრანტო კონკურსს და საგრანტო სახელმძღვანელო შემუშავდა განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით, სადაც გაიწერა პრიორიტეტები: სოფლად პრობლემების მოსაგვარებლად რა სტრატეგიული მიმართულება უნდა აირჩიოს „ლაგმა“, რა უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტში. სტარტეგია შეიქმნა სამივე სექტორის ჩართულობით, იგი წარმოადგენს კონსოლიდირებულ შეჯამებულ ხედვას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, ამიტომ საგრანტო კონკურსში გამოცხადებული პირობები შემუშავდა მასზე დაყრდნობით. იქ იყო გაწერილი, თუ რა მიმართულებებს დაუჭერდა მხარს „ლაგი“.
აღნიშნული აპლიკანტის მიერ შემოტანილმა განაცხადმა ვერ დააგროვა შესაბამისი გადამსვლელი ქულა, ამიტომ იგი არ დაფინანსდა. სულ გვქონდა ოთხი საგრანტო კონკურსი. ჯამურად შემოვიდა 600 განაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 64 (საუკეთესო 10%). სამწუხაროდ, ყველა დანარჩენს ეთქვა უარი, რადგან ბიუჯეტი შეზღუდულია.
აღნიშნულ აპლიკანტს გაეგზავნა პასუხი და არა მხოლოდ გაეგზავნა, იგი მობრძანდა კიდეც ოფისში, შეხვდა „ლაგის“ წარმომადგენლებს, პროექტის წარმომადგენლებს, აგრეთვე ექსპერტს. ყველა მხრიდან მიიღო დასაბუთებული პასუხი. კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა და მას გავესაუბრეთ.
საგრანტო პირობების ფორმატი ვერაფრით გაითვალისწინებდა მის წინადადებებს.
რაც შეეხება საგრანტო კონკურსში გფამარჯვებულ პირებს: სულ 4 საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. პირველი სამი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები უკვე დასახელდნენ „ემპარდის“ ოფიციალურ გვერდზე. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გრანტი _ „ემპარდ 1-ისა“ და „ემპარდ 2-ის“ ფარგლებში. ორი საგრანტო კონკურსი დაფინანსდა „ემპარდ 1-ის“ ფარგლებში, 2 საგრანტო კონკურსი კი _ „ემპარდ 2-ის“ ფარგლებში. პირველი სამი გამოქვეყნებულია, ხოლო მეოთხე პროექტი ოქტომბრის ბოლოს სრულდება.
დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს „ლაგის“ ვებგვერდი“.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება