QronikaPlus
ვინ იყო, სინამდვილეში, შოთა ჭიჭიაშვილი?

ვინ იყო, სინამდვილეში, შოთა ჭიჭიაშვილი?

2019-10-12 08:16:14

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, კერძოდ, კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი _ შოთა, იგივე მევლუდ ჭიჭიაშვილი მოკლეს. განცხადებაში, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ სპეცოპერაციამდე 10 დღით ადრე, ჭიჭიაშვილი, საბუთების შემოწმების მიზნით, გააჩერეს, თუმცა მან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. „ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჩვენ შევძელით ბოროტმოქმედის ვინაობის დადგენა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ბანდის შექმნის, ადამიანების გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის. დავადგინეთ, რომ ის კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა. პროკურატურასთან შეთანხმებით, დაიგეგმა მისი დაკავების სპეცოპერაცია, _ განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრიშენკომ და დასძინა, რომ ჭიჭიაშვილმა სამართალდამცველებს ცეცხლი ორი იარაღიდან გაუხსნა, _ საპასუხოდ, პოლიციელებმაც გამოიყენეს იარაღი და მსროლელის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამასთან, ბოროტმოქმედმა ორი სპეცრაზმელი დაჭრა“. ჭიჭიაშვილის მკვლელობიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საზოგადოებას, ცოტა არ იყოს, სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, ანუ სააკაშვილმა თქვა, რომ ჭიჭიაშვილი უკრაინაში მისი და მისი გარემოცვის წევრების სათვალთვალოდ იყო ჩასული: „ჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა. კრიმინალ ჭიჭიაშვილს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, 22 წელი მიუსაჯეს, შემდეგ, ივანიშვილის ბრძანებით, გამოუშვეს და, ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით მიავლინეს უკრაინაში“, _ დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში. ზოგადად, 90-იანი წლების მიწურულს, ჭიჭიაშვილი ერთობ პოპულარული პიროვნება იყო, ანუ იმ დროს მომხდარი თითქმის ყველა კრიმინალური დანაშაული მასთან ასოცირდებოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ე. წ. პანკისის პრობლემა მოგვარდა და, შესაბამისად, ჭიჭიაშვილიც დავიწყებას მიეცა, თუმცა 2013 წელს საყოველთაო ამნისტიით ის ციხიდან განთავისუფლდა და, შესაბამისად, მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში დროებით ისევ მოექცა. ბოლოს, ჭიჭიაშვილის გარშემო გასული წლის თებერვალში აგორდა სკანდალი, როცა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“ პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა ინტერვიუ მისცა და პირდაპირ თქვა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ამავე ინტერვიუში ციხისთავმა იმ ადამიანის ვინაობაც დაასახელა, ვინც ჭიჭიაშვილს სანაიას მკვლელობა შეუკვეთა, ანუ პატიმარი ციხისთავი ირწმუნებოდა, რომ ჭიჭიაშვილი ჟურნალისტის მოსაკლავად თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა დაიქირავა, რომელსაც 2001 წელს, ანუ სანაიას მკვლელობის დროს, კახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. „გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. „P. S.“-ს ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა შეასრულა. ციხისთავი ჰყვება იმასაც, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ, გიორგი სანაიას სიცოცხლეში. გიორგი სანაია, ციხისთავის მტკიცებით, შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილს ასახელებს. ციხისთავი 2000-იან წლებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების მოწმე და ბევრი კრიმინალური საქმის უშუალო შემსრულებელია. მის სახელს უკავშირდება ესპანელი ბიზნესმენების, პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა გატაცება თუ მკვლელობა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ მათი ბანდის წევრებმა გადაიღეს ის ვიდეომასალაც, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მითქმა-მოთქმის საბაბს წარმოადგენდა. ეგ გრიცკო ვინც აიღო თავის თავზე, ჩვენი საქმეების მომცემი იყო ხოლმე. საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და იქიდან გვაწვდიდა ამ უცხოელებისა და სხვადასხვა პირის შესახებ გადაადგილებებს... პანკისის ბანდას რა... მაშინაც მორიგე იყო, ის ორი ესპანელი რომ მოვიტაცეთ. მაგან აიღო თავის თავზე. ვალი ჰქონდა“, _ აცხადებს ციხისთავი. გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლეს. მას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. 26 წლის ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა, ქყვეყანას საპროტესტო ტალღამ გადაუარა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები გიორგი სანაიას მკვლელობის აშკარა პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებდა, მთავრობამ გრიგოლ ხურცილავას წყალობით საქმისთვის ვექტორის შეცვლა მოახერხა და სამივე ინსტანციის სასამართლომაც მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. „2013 წელს გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და გრიგოლ ხურცილავა ახლა თავისუფალია. გრიცკოს თავისუფლებას საფრთხე, სავარაუდოდ, ისევ დაემუქრება, ახლა ვითარება შესაძლოა, კოტე ციხისთავის ჩვენებამ შეცვალოს“, _ იუწყებოდა 2018 წლის თებერვალში „რუსთავი 2“. ვინ იყო, სინამდვილეში, შოთა ჭიჭიაშვილი? _ ამის გარკვევას „ქრონიკა+“ პანკისის მკვიდრებთან შეეცადა, თუმცა ინტერვიუზე არავინ დაგვთანხმდა, ანუ ხეობის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა და მასზე საჯარო საუბარმა პანკისში არსებული ისედაც მყიფე ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბოს, ამიტომ „ქრონიკა+“-მა შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დოსიეს შედგენა პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით გადაწყვიტა. მართალია, ჭიჭიაშვილი ბოლო წლებში ნომერ პირველ ტერორისტად იყო გამოცხადებული, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ის სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა, კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გასული საუკუნის 90-იან წლებში ის გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გარიცხეს. სხვათა შორის, იმას, რომ უშიშროებასთან ჰქონდა შეხება, არც თავად ჭიჭიაშვილი უარყოფდა და ინტერვიუში, რომელიც 2013 წელს, ციხიდან ამნისტიით გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ ქართულ ბეჭდურ გამოცემას მისცა, ამბობდა: „მართალია, მქონდა უშიშროების ოფიცრის მოწმობა, შსს-ს მაიორიც ვიყავი და კაპიტანიც, მაგრამ ამ „წოდებებს“ მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ვიყენებდი“. ჭიჭიაშვილის კრიმინალური საქმიანობა სპეცრაზმიდან მისი დათხოვის შემდეგ იწყება, მით უმეტეს, რომ იმ დროს საამისოდ ხელსაყრელი პირობები არსებობდა _ მოგეხსენებათ, 90-იანებში, მთელ საქართველოში კრიმინალური ბანდები დათარეშობდნენ. ჩეჩნეთის ომების შემდეგ კი, ამ მხრივ, ყველაზე ნოყიერი ნიადაგი პანკისის ხეობაში იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დედა ქისტი ჰყავდა, სპეცრაზმიდან დათხოვილი ჭიჭიაშვილი საცხოვრებლად პანკისში გადადის და, როგორც იტყვიან, იქაური კრიმინალური სამყაროს მეფეც ხდება. ჯგუფი, რომელსაც ჭიჭიაშვილი უდგება სათავეში, ყველაფერზე აწერს ხელს, თუმცა ამ ჯგუფის საქმიანობის მთავარი სფერო მაინც ადამიანის გატაცება და იარაღის უკანონო ვაჭრობა გახლდათ. შესაბამისად, ჭიჭიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ხმაურიანი გატაცება, მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს და ასევე პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებაც (შეგახსენებთ: ცისკარიშვილი და მისი საცოლე 2001 წელს, თბილისის ცენტრიდან, კერძოდ, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს). ამას გარდა, ჭიჭიაშვილი სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის _ ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორადაც. ჭიჭიაშვილის ბანდამ ესპანელი ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ჭიჭიაშვილი ნარკოტიკებით ვაჭრობაშიც იყო ჩართული. ასევე ცნობილია, რომ ჭიჭიაშვილს ახლო კავშირი ჰქონდა ჩეჩენ „ბოევიკთა“ იმ დაჯგუფებებთან, რომელიც იმხანად პანკისში იყო დისლოცირებული. ნიშანდობლივია, რომ ჭიჭიაშვილის სახელს დაუკავშირდა 2001 წლის ე. წ. მუხროვანის სამხედრო ამბოხებაც. 2001 წელსვე ქართველი სამართალდამცველები ჭიჭიაშვილზე ძებნას აცხადებენ. ამის გამო ის საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად მოსკოვში გადადის. ორი წლის შემდეგ მას მოსკოვში აპატიმრებენ. რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილის ჩეჩენ „ბოევიკ“ რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვს, რომელიც პანკისის ხეობას აფარებს თავს. საბოლოოდ, რუსული მხარე ჭიჭიაშვილს საქართველოს 2004 წელს გადმოსცემს. 2004 წელსვე ქართული სასამართლო მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა და ტერორისტული საქმიანობისთვის 22-წლიან პატიმრობას უსჯის, თუმცა შვიდი წლის შემდეგ, ანუ 2013-ში, ჭიჭიაშვილი საპატიმროს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე ტოვებს და, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საცხოვრებლად უკრაინაში მიდის. 2016 წლამდე ჭიჭიაშვილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გივი თარგამაძის მანქანას აფეთქებენ და დაზარალებული ამ ტერორისტული აქტის ორგანიზატორად სწორედ ჭიჭიაშვილს ასახელებს, ანუ თარგამაძემ ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რომ მისი ავტომობილის აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, დიმიტრი აბრამიშვილი, შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უკრაინაში მოკლულ ტერორისტს პირადად იცნობდა, თუმცა არეშიძე ქართულ საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბოლო წლებში ჭიჭიაშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც ის იცოდა, უკრაინაში რომ იმყოფებოდა: „ვიცოდი, რომ თურქეთში იყო. მას 90-იანი წლების ბოლოდან ვიცნობდი, როცა „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები გაიტაცეს _ ამ საქმეში ჩართული ვიყავი და პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა ჭიჭიაშვილთან. იმ სიტუაციაში ის მოიქცა უაღრესად სწორად და ვაჟკაცურად. აბრალებდნენ, მაგრამ მას არ გაუტაცია „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები, ისინი, რამდენადაც ვიცი, ჩეჩნებმა გაიტაცეს, კერძოდ, იმ რაზმის ნარჩენმა, რომელიც საქართველოში 1999 წლის მერე ჩამოვიდა _ პანკისში ლტოლვილებს შემოჰყვა. ანუ ეს გილაევის კი არა, უკონტროლო რაზმი იყო დ სწორედ მან გაიტაცა „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები. გამოსასყიდად 2 თუ 3 მილიონს ითხოვდა და ჭიჭიაშვილის მეშვეობით მოხერხდა, რომ მძევლები უსისხლოდ და გამოსასყიდის გარეშე განთავისუფლდნენ. ჭიჭიაშვილი, საგარეჯოს იზოლატორზე თავდასხმის გამო, თავისი და თავისი რამდენიმე თანამებრძოლის შეწყალებას ითხოვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, კახა ბაკურაძის მეშვეობით, კომუნიკაცია დავამყარე იმდროინდელ ხელისუფლებასთან და მერე უკვე შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ჭიჭიაშვილს შეწყალების დოკუმენტი გაუგზავნა. თუ არ ვცდები, ეს 2000 წელს მოხდა. მოკლედ, ჭიჭიაშვილს ამ ამბებიდან ვიცნობდი და მერე რამდენჯერმე ვნახე. ვიცი, რომ გარკვეული საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები მას მიმართავდნენ ხოლმე, რადგან პანკისში უსაზღვრო ავტორიტეტი ჰქონდა“. ამასთან, მამუკა არეშიძე ჭიჭიაშვილის ნარკობიზნესთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ჭიჭიაშვილი ნარკომოვაჭრეებს შეურიგებლად ებძოდა. ამავე კონტექსტში არეშიძე ვეფხია მარგოშვილსაც ახსენებს. ცნობისთვის: მარგოშვილი საკუთარი სახლის ტუალეტში ააფეთქეს. არეშიძის ვერსიით, ჭიჭიაშვილი მიიჩნევდა, რომ ყველაფერი, რაც პანკისში იმ დროს ნაკოტიკების კუთხით ხდებოდა, გარკვეულწილად, საქართველოს ხელისუფლების დამსახურება იყო, ანუ ხელისუფლება ხეობაში ნარკომაფიის გაძლიერებას ხელს უწყობდა. „კიდევ ერთ გატაცების საქმეში ვიყავი ჩართული, ეს ხოშაბაევის გატაცება იყო. ხოშაბაევის შვილი მოსკოვში ძალიან შეძლებული კაცი გახლდათ და ამ მიზნით გაიტაცეს, მაგრამ ეს ამბავი კომიკურად დამთავრდა _ ჭიჭიაშვილს ხოშაბაევის შვილიშვილი მოეწონა, ხოშაბაევი გაათავისუფლა და მის შვილიშვილზე დაქორწინდა“, _ ამბობს არეშიძე „ჰოთნიუსთან“ საუბრისას. რაც შეეხება გიორგი სანაიას მკვლელობასთან ჭიჭიაშვილის კავშირს, ამაზე არეშიძის პასუხი ასეთია: „ამის თაობაზე მასთან საუბარი მქონდა. თქვა, არაფერ შუაში ვარ და შეიძლება, ბრძოლას შეეწირა, ანუ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით, ვიღაცამ შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოკლაო. მაშინვე მეუბნებოდა, არავითარი კასეტა არ არსებობდა და ეს კასეტა მოგონილიაო“. 2013 წელს ციხიდან ამნისტიით გამოსულ ჭიჭიაშვილს ჟურნალისტებმა, ცხადია, სანაიას მკვლელობაზე ჰკითხეს და ისიც შეახსენეს, რომ მოარული ინფორმაციით, სანაია თითქოს იმ ვიდეოკასეტას შეეწირა, რომელიც პანკისში გადაიღეს და რომელზეც მაღალჩინოსნების კომპრომატები იყო ასახული. „რამე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. ნარკოტიკების სფერო მძულდა, მასში ჩახედული არ ვიყავი, მაგრამ მგონია, ესეც ჭორია და არანაირი კასეტა არ არსებობს. სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს, უფრო მომავალი „ნაცების“ ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს“, _ ასეთი იყო ჭიჭიაშვილის პასუხი ზემოხენებულ კითხვაზე. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილის გატაცებას, ამ ამბავს ჭიჭიაშვილი ასე იხსენებდა: „პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას, როგორც მთის კაცს, რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი. ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, მეფის კარზე კი იყო დიდი ინტრიგები – ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვნებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა და ნომრიანი აგენტი, თელაველი კაცი. კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა „სასტავმა“ კოტე ციხისთავი გამოაქციეს ციხიდან, რის შემდეგაც მე მომადგა სახლში. შევიფარე, ვასვი, ვაჭამე, ჩავაცვი, გვერდში დავიყენე და ყველას ვუთხარი, ეს კაცი ჩემი სტუმარია და თუ რამე მოხდა, მის სისხლს მე ავიღებ-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი აგენტი ყოფილა. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? კოტე პოლიციელის ფორმით იყო და წიგნაკი ჰქონდა. ეს იყო კოტე ციხისთავის, როგორც პოლიციის აგენტის მიერ წინასწარ დადგმული ოპერაცია. ის თხუნელა იყო, შემოგზავნილი, თორემ დავალება მას თარგამაძემ და მისმა ხალხმა მისცა, ანუ მათ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, ერთ-ერთ ჯგუფს დაგვაჯახეს. ჩვენ სხვა საქმეზე ვიყავით წასულები, მანქანა უნდა „დაგვეთრია“, უფრო სწორად, ექსპროპრიაცია მოგვეხდინა, მერე კი სადმე მიგვეტოვებინა. პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისი წაყვანა მოგვიწია. უბრალოდ, გვინდოდა, დროებით, 1-2 დღე იზოლაციაში მოგვექცია, სანამ საქმეს გავაკეთებდით. მას ახლდა შეყვარებული, რომელსაც ვუთხარი, წადი, დაიკო, შენთან საქმე არ გვაქვს-მეთქი. ქალს, თურმე, ძალიან ჰყვარებია პეტრე და გვითხრა, სადაც ეს, მეც იქო და არ მიატოვა. ასეთი თავგანწირვის გამო პატივისცემა გაგვიჩნდა მის მიმართ. მათთვის ზედმეტი არავის არაფერი უკადრებია, პირიქით, რომ სციოდა, ჩვენს ტანსაცმელს ვაცმევდით იმ გოგოს. ამასობაში, ლამის მთელი სახელმწიფო გადავიკიდეთ. ახმეტამდე რომ მოვაღწიეთ, კოტე ციხისთავს ვუთხარით, მანქანა დაეტოვებინა. იქ ჯარის კორდონები იდგა, ჩვენ კი ჩვენი ბილიკები გვქონდა და იმის ავლით ჩუმად შევაღწევდით ხოლმე პანკისში. მანქანა რომ მიაგდეს, კოტემ ხელთათმანები არ ჩაიცვა და მანქანაში სპეციალურად დატოვა კვალი, ვითომ გადაავიწყდა. არ მინდოდა, მასში ეჭვი შემეტანა, ალალად ვუყურებდი, 23 წლის ბიჭი ვიყავი და არც იმდენი გამოცდილება მქონდა. მერე ეს ციხისთავი ჯერ პეტრეს დაეტაკა, გინება დაუწყო, შემდეგ იმ ქალს დაუწყო „ჩალიჩი“, მათი დამცირება და მიწასთან გასწორება უნდოდა. მის არაკაცობაზე ძალიან გავბრაზდი, დავემუქრე, კიდევ თუ რამეს მოიმოქმედებ, ტვინს გაგასხმევინებ-მეთქი. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე... ეს ამხელა კაცი რომ ამკიდეს, მივხვდი, მხარეები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, პოლიტიკური ინტრიგა იყო, რომელშიც ჩაგვითრიეს და ბრმა იარაღად უნდოდათ ჩვენი გამოყენება. ამას მალე მივხვდი, ჩვენ არც გამოსასყიდი მოგვითხოვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავდათ დაჭერილი არაკაცურად – ერთი ძმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს და მომიკლეს, მეორე ძმა მის დასაფლავებაზე მოდიოდა, ვითომ დერეფანი მისცეს და დაიჭირეს. რადგან ასე ვერაგულად დააკავეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, _ ჩემი ძმა გამოუშვით და პეტრეს გადმოგცემთ-მეთქი. გაუშვეს და მეც გავუშვი. ეს იყო და ეს. პეტრეს ნარკომანობას აბრალებდნენ, მაგრამ ის სპორტსმენი კაცი იყო და სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, არც არავის ვალი ჰქონია, ეს იყო ბინძური პიარი. მგონია, ღირსეული კაციცაა, ჩემთვის ხელი არ დაუდევს, არც არაფერი დაუშავებია, მეც, ჩემი მხრივ, მისი ღირსება დავიცავი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერთმანეთში ყველაფერი მაშინვე გავარკვიეთ“. ასეა თუ ისე, შოთა ჭიჭიაშვილმა ძალიან ბევრი საიდუმლო იცოდა, საიდუმლო, რომელიც საფლავში წაიღო. ისიც ფაქტია, რომ 90-იანებსა და შემდეგაც ჭიჭიაშვილი „ზურგის გარეშე“ ვერ იმოქმედებდა. როგორც ამბობენ, კრიმინალური დაჯგუფებების „ზურგი“ ხშირად ძალოვანი უწყებებია. სწორედ ამაზე მიანიშნებს კოტე ციხისთავის ზემოხსენებული ინტერვიუ, სადაც ციხისთავი ჭიჭიაშვილისა და კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის კავშირებზე საუბრობს, თუმცა აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალოვნების აგენტად ჭიჭიაშვილი თავად ციხისთავს მიიჩნევდა. ვინ ვისი აგენტი იყო, ამის გაგება ძნელი იქნება, რადგან ჭიჭიაშვილი ცოცხალი აღარ არის და ციხისთავთან მისი, ასე ვთქვათ, დაპირისპირება ვერ მოხდება. ასევე ფაქტია, რომ ჭიჭიაშვილის სიკვდილით ძალიან ბევრმა, ალბათ, მშვიდად ამოისუნთქა და თავი დაიდინჯა, რომ 90-იან წლებში თუ მერე ნაკეთები შავბნელი საქმეები ვეღარ გამოაშკარავდება, თუმცა ცნობილია, რომ არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება!

გიორგი აბაშიძე

 

გაზიარება