2018 წლის 22 თებერვალს 21 წლის ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იპოვეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგალაშვილმა გამთენიისას ანა ნაცვლიშვილი სახლიდან გამოიყვანა და დანა 33-ჯერ დაარტყა _ თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიებამ მკვლელობის იარაღი _ დანა, ბრალდებულის ავტოფარეხიდან ნივთმტკიცებად ამოიღო, მკვლელობის მოტივად კი შურისძიება დასახელდა. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეუფარდა.
„ქრონიკა+“-ს მკვლელობაში ბრალდებულის ბებია, მარიამ გელაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც გახმაურებული მკვლელობის საქმის დეტალებზე ისაუბრა:
_ ქალბატონო, მარიამ, საშინელი მკვლელობიდან უკვე ერთი წელი გავიდა. მოგვიყევით, რა ხდებოდა იმ დღეს თქვენს ოჯახში?
_ 2018 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით, დილის 09:30-ზე, ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, _ უბედურება გვჭირს და სასწრაფოდ მოდი ჩემთანო. წესიერად ვერც კი ამიხსნა, რა მოხდა. თავზარდაცემული გავიქეცი და როცა მივედი, ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა. ცოტა ხანში უკვე პოლიციაც მოვიდა. ოთახიდან ყველა გაუშვეს და მისაღებში მე და ჩემი ქალიშვილი დაგვტოვეს. შვიდი სხვადასხვა განყოფილებიდან შემოდიოდნენ და გადიოდნენ პოლიციელები. სადღაც 12:00 საათზე ჩვენთან საშუალო ტანის ახალგაზრდა პოლიციელი მოვიდა და მოგვთხოვა, ლადოსთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი გაგვემზადებინა. იმ დროს, ჯერ კიდევ, მოწმის სახით ჰყავდათ წაყვანილი და გვითხრეს, იმ ტანსაცმელს, რაც აცვია, ექსპერტიზა უნდა გაუკეთდესო. გამოვიტანე ქურთუკი და პოლიციელს ვუთხარი, _ უამრავი ინფორმაცია მესმის ტელევიზიიდან გაყალბების შესახებ და სანამ წაიღებთ, ერთად დავათვალიეროთ-მეთქი. გავშალე მაგიდაზე ქურთუკი და მათი თანდასწრებით ძირფესვიანად დავათვალიერე. არანაირი სისხლის ლაქა არ ეცხო. პოლიციელმა გადაიკიდა ხელზე და წაიღო. ჩემმა ქალიშვილმა გარდერობიდან გარეცხილი ჯემპრი და შარვალი გამოუტანა. მოკლედ, წაიღეს შარვალი, ფეხსაცმელი, ჯემპრი და ქურთუკი. ჩვენ არ ვიცოდით, _ თურმე, ეს ყველაფერი დალუქულ მდგომარეობაში უნდა გაგვეტანებინა. ამის შემდეგ სწორედ ამ ტანსაცმელზე აღმოჩნდა სისხლის ლაქები.
_ რაიმე სერიოზული კონფლიქტი ხომ არ მოსვლიათ იმ დღეს ანასა და ლადოს? როგორ ხასიათზე იყო ლადო?
_ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ერთ უბანში ცხოვრობდნენ და მათი სიყვარულის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცოდით. იმ დღესაც, როდესაც ეს საშინელება მოხდა, ლადო დედამისს უყვებოდა, რომ გათენდებოდა თუ არა, ანას მეგობრის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას. მოგეხსენებათ, თანამედროვე ახალგაზრდები მთელი ღამე ტელეფონებში არიან ჩამძვრალი, გვიანობამდე არ სძინავთ, ესენიც სულ მესიჯობდნენ და დილამდე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. იმ დღესაც ასე იყო და როდესაც ანამ უთხრა, აბაზანაში შევდივარ და მალე დაგირეკავო... აღარ დაურეკავს, ამიტომ ლადომ მოკითხვა დაიწყო, მესიჯებს სწერდა, ურეკავდა, ანა კი პასუხს არ უბრუნებდა. ლადომ შეყვარებულის დას დაურეკა და მოიკითხა. დამ უთხრა, რომ ეძინა. ლადომ უპასუხა, _ არ არსებობს, ამდენი წელი ჩემს ზარს უპასუხოდ არ ტოვებდა და ახლა რა დაემართა, შეამოწმეო... აღმოჩნდა, რომ ანა სახლში არ იყო. ლადო მაშინვე წავიდა გოგონას ოჯახში.
_ ოჯახის წევრებს არაფერი გაუგიათ, რა დროს გავიდა ანა სახლიდან?
_ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არაფერი გაუგიათ.
_ თქვენ ამბობთ, რომ ექვსი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ამ დროის განმავლობაში რამდენად ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები?
_ სერიოზული კონფლიქტი მათ შორის არასოდეს მომხდარა. რაც შეეხება უმნიშვნელო კამათს, პატარ-პატარა გაბუტვებს და მერე შერიგებას, ეს ყველა შეყვარებულის ურთიერთობაში ხდება. ამაზე არ შეიძლება რაღაც ისტორიის აგება და იმაზე საუბარი, რომ ეს დანაშაულის საწყისი ეტაპი იყო. პროკურორი ჭორაობდა, _ სხვა გოგონებთან რატომ ჰქონდა ურთიერთობაო?!. რატომ გაუკვირდა?! ახალგაზრდა ბიჭია და ძალიან ბევრ გოგონას მოსწონდა, მაგრამ ლადოს ანა არასოდეს მიუტოვებია. 6 წელი უყვარდათ ერთმანეთი და ლადო უკვე ემზადებოდა, ანა ჩვენი რძალი გამხდარიყო. ანას ბებია რამდენჯერ გზაში შემხვდებოდა, სულ უხაროდა ჩვენი შვილიშვილების სიყვარულის ამბავი, ბათუმშიც ერთად დადიოდნენ დასასვენებლად.
_ მკვლელობის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ გოგონა ხალათით იყო სახლიდან გამოსული, ასევე თქვენმა ადვოკატმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, მკვლელობის ადგილზე შავი „BMW“ შეამჩნიეს!
_ ტყუილია, თითქოს ანა სახლიდან ხალათით გამოვიდა. საქმის მასალებში არის ფოტო, სადაც ჩანს, რომ გარდაცვლილს შარფი აქვს შემოხვეული, ქურთუკი და მოშავო ჯინსის შარვალი აცვია. საშინელ ეჭვებში ვარ... როდესაც ექსპერტიზა გაკეთდა, გოგონას წვივზე პატარა ზომის ფეხი ჰქონდა დარტყმული და ამ ფაქტს ახლა ვუკავშირებ ანას მამის ნათქვამს, რომელიც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან: ჩემი შვილის მკვლელი ციხეში ჭორაობს, ჩემი შეყვარებული ჩემზე შეყვარებულმა გოგონებმა მოკლესო. ამ დეტალისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, არავის გამოუძიებია, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია გარდაცვლილის მამას...
_ თქვენს შვილიშვილთან თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი?
_ ჩემი შვილიშვილი სახტად დარჩა, საიდან მოაქვთ ასეთი ამბებიო?! ან ვისთან უნდა ეთქვა, რომ ციხიდან გასულიყო ასეთი ჭორი? განმარტოებულ საკანში ზის უკვე რამდენი ხანია, სადაც მის ყოველ ნაბიჯს კამერები აკონტროლებს. საინტერესოა, ვისთან ყვებოდა ასეთ სისულელეს, ან რისთვის სჭირდებოდა ასეთი ჭორის გავრცელება გარდაცვლილის მამას?! რაც შეეხება „BMW“-ს ვერსიას, ეს ამბავი პოლიციამ გაავრცელა, ჩვენი ოჯახიდან არავის არაფერი უთქვამს. სწორედ ამიტომ ისაუბრა ლადოს ადვოკატმა ამ ვერსიის შესახებ ჟურნალისტებთან. ეჭვებს მიჩენს სატელეფონო ანძის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, როდესაც ლადო შეყვარებულის სადარბაზოსთან იყო მისული, გოგონა რატომ დაფიქსირდა გურამიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე! ფაქტობრივად, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ჩემი შვილიშვილის ამ საშინელი დანაშაულის ჩადენას დაამტკიცებს. განაჩენი მტკიცებულებებისა და მოტივის გარეშე გამოიტანეს. არანაირი ძიება არ ჩატარებულა, მეტიც: მკვლელობის ადგილზე ფაილი აღმოაჩინეს, სადაც ინფორმაცია იყო 10 000 ლარით დაფინანსებული გულის ოპერაციისთვის. ვის ეკუთვნოდა იგი, ვინ იყო ეს ადამიანი? არავინ დაინტერესდა, იქნებ, ის შეესწრო საშინელ მკვლელობას? ან იქნებ ის არის მკვლელი?.. თვითონ სახელმწიფო ექსპერტიზამ და ჩვენ მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა, გეჯაძემ და გოგიამ, სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს, რომ იმ დანით რომელიც, გამოძიებამ ნივთმტკიცებად ამოიღო, შეუძლებელი იყო იმ დაზიანებების მიყენება, რაც გარდაცვლილს აღენიშნებოდა. ის დანა ჩემს სიძეს 20 წელია, მანქანაში ედო და მეორეც _ მკვლელი დანაშაულის ჩადენის იარაღს თავიდან იშორებს და დავიჯერო, ჩემმა შვილიშვილმა მოკლა და მერე დანა მამამისის მანქანაში ჩადო? გამოძიება გვეუბნება, რომ დანა გარეცხა და მამის მანქანაში დამალაო. სწორედ ამით დააშინეს და დააწერინეს თავიდან აღიარებითი ჩვენება, მისი დაჭერით დაემუქრნენ... მე რასაც გიყვებთ, ეს ყველაფერი სასამართლო პროცესებზე გავიგე, მეტი არაფერი ვიცი... ყველაზე უფრო მე მაინტერესებს, რეალურად რა მოხდა იმ დღეს... მოსამართლეებსა და პროკურორებს სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, დაგვცინიან და არაფრად გვაგდებენ არც მე და არც ჩვენს ადვოკატს. ურცხვად გვაყრიან თვალებში ნაცარს... დალუქული სისხლიანი შპრიცი, რომელიც დნმ-ის ანალიზებისთვის იყო საჭირო, საერთოდ გააქრეს. პროკურატურას მივმართეთ, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოძიება ხელახლა დაწყებულიყო და უარი გვითხრეს. ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები სამი სახეობის საგნით იყო მიყენებული და როგორ შეიძლება, ლადოს 26 წუთში მოესწრო ამ სამი საგნის გამოყენება და ასეთი საშინელი მკვლელობის ჩადენა, მერე ამ ყველაფრის გარეცხვა, ტანსაცმლის გაშრობა?! მოგეხსენებათ, თებერვალი იყო და ამ ამბის შემდეგ გასუფთავებული წავიდა შეყვარებულის მოსაძებნად? საქართველოში არაფრის იმედი აღარ მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიტანო... სასაცილოა ის ფაქტიც, რომ პოლიციელებმა ჩვენი ხელიდან წაიღეს ტანსაცმელი და შემდეგ გვეუბნებიან, რომ მასზე სისხლის წვეთები აღმოჩნდაო. საიდან? როგორ? როგორ შეიძლება, ორ შარვალზე, ორ ქურთუკზე ყოფილიყო სისხლის წვეთები?! ყველაფერი ფალსფიცირებულია!.. 33 ჭრილობა მიაყენო ადამიანს და ერთი ნაკაწრიც არ გქონდეს? უსამართლობისა და უნდობლობის განცდა მაქვს გამოძიებისა და მოსამართლეების მიმართ. 22 თებერვლის შემდეგ გამოძიებას ხელი არ გაუნძრევია, ჭორები დაყარეს, ძაღლმა კვალი ლადოს სახლიდან აიღოო. საქმის მასალებში ასეთი რამ არ წერია, სულ სხვა სადარბაზოსთან გაჩერდა ის ძაღლი და იმ კორპუსში ერთი ადამიანიც კი არ დაუკითხავთ. იმ დღეს მობილური ტელეფონები ჩამოგვართვეს და ჩვენ გვყარაულობდნენ, როცა ვერაფერი მოიფიქრეს, ღამის ცხრა საათზე ჩემი სიძის მანქანაზე გადაიტანეს ყურადღება და გასაღები ჩამოართვეს. მხოლოდ ლადოს მესიჯები გახდა მოტივი იმისა, რომ ბრალდებულად ეცნოთ და შემდეგ ყველაფერი ისე შეკრეს, როგორც მათ სურდათ. ექსპერტებსაც ეჩხუბა ანას მამა, ყოველდღე გვაგინებდნენ და „კონცერტებს“ მართავდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში.
_ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა გამოძიებას, რომ თქვენი შვილიშვილი მტკიცებულებების გარეშე მიეცა პასუხისგებაში?!
_ საქმე რომ სწრაფად დაეხურათ და თავი აღარ შეეწუხებინათ. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში რამდენი უსამართლობა ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს სასამართლო სისტემაც ჩამოშლილია და იშვიათად, ადამიანმა სამართალი იპოვოს. ამდენი გახმაურებული გამოუძიებელი საქმე, ქუჩაში ადამიანებს კარვები აქვთ გაშლილი და სამართალს ვერ პოულობენ... შესაბამისად, ეს საქმე მალე რომ არ გაეხსნათ, ანას მამაც ქუჩაში დაჯდებოდა, არჩევნები მოდიოდა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა პოლიტიკური სარჩული.
_ ლადოს მშობლები, როგორც ვიცი, საქართველოში აღარ ცხოვრობენ, რატომ?
_ პირველივე დღიდან დაიწყო ჩვენი ოჯახის შევიწროება, ლადოს არასრულწლოვან ძმას სკოლაშიც ვეღარ ვუშვებდით. გარდაცვლილის ბებია ქუჩაში ხვდებოდა, უყვიროდა, წყევლიდა, _ მკვლელის ძმა ხარო! არავინ ეთამაშოსო... ატირებული მოდიოდა 11 წლის ბავშვი სახლში. ანას მამას ვიღაც ძალიან დიდი მფარველი ჰყავს, ნაცვლიშვილები არიან და როგორც ინფორმაცია გვაქვს, ლაშა ნაცვლიშვილის (მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე) ბიძაშვილია, რომელსაც დიდი გავლენები აქვს სამთავრობო სტრუქტურებზე. ანას მამა ბრმად ამბობს, პოლიციას ვენდობიო. ნუთუ თავად არ უჩნდება ეჭვები იმ გარემოებებზე, რაც ამ საქმეს ახლავს თან? იქნებ, სხვა არის მკვლელი და ახლა თავისუფლად დადის ქუჩაში? მე არაფერს ვამტკიცებ, არც ის ვიცი, ლადომ მართლა მოკლა თუ არა, იმ მასალებსა და მტკიცებულებებს ვუყურებ, რაც საქმეშია... ამიტომ მიჩნდება ამდენი შეკითხვა, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი?! ამ დრომდე ჩვენი ოჯახიდან ერთი განცხადებაც კი არ გაგვიკეთებია საჯაროდ... პირველად გავბედე და ამის შესახებ თქვენს გაზეთს ვესაუბრები. არაფრის გაგონება არ უნდათ. გვემუქრებიან და ჩემს სიძესაც ემუქრებოდნენ, იმდენი მოახერხეს, სამსახურიდან გააშვებინეს. მამუკა ნაცვლიშვილი (გარდაცვლილის მამა, _ ავტ.) ყოველდღე ამოწმებდა, ჩემი შვილის აივანზე იყო თუ არა გამოფენილი საპატრულო პოლიციის ფორმა, გახარიასთან მოითხოვა შეხვედრა და პირველივე მოთხოვნაზე გაათავისუფლა მინისტრმა ჩემი სიძე დაკავებული თანამდებობიდან. გიორგი გახარიამ, ყოველგვარი უფლებების დარღვევით, ჩემი სიძე ქუჩაში დატოვა განაჩენის გამოტანამდე ხუთი თვით ადრე. იქნებ, ძიების ბოლოს გამოჩენილიყო, რომ არ იყო მკვლელის მამა, რა უფლებით მოხსნა?
_ ამბობთ, რომ არასრულწლოვანზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამ ფაქტზე სამართალდამცველებს თუ მიმართეთ?
_ პოლიციაში განცხადება რამდენჯერმე შევიტანეთ და გაჩვენებთ კიდევაც... სრული იგნორირება იყო სამართალდამცველების მხრიდან, _ რა ვქნათ, დაზარალებულები არიან და ვერაფერს ვიზამთო...ამიტომ ლადოს დედ-მამა იძულებულები გახდნენ, სხვა ქვეყანაში მოეთხოვათ თავშესაფარი და დღეს ისინი საქართველოში აღარ ცხოვრობენ.
_ თქვენი შვილიშვილი რას ამბობს იმ ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდება?
_ მამშვიდებს, მეუბნება, დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევაო. იმედი აქვს, რომ ოდესღაც მის სიმართლეს დაამტკიცებს და რეალურ მკვლელსაც დაიჭერენ.
ძალიან ვიტანჯებით მთელი ოჯახი. როგორ დავიჯერო ეს ყველაფერი? ამხელა ცოდვა როგორ ვატარო? ყოველდღიურ გაუნელებელ სატანჯველში ვართ... გაუსვენებელი მკვდარი გვყავს, ასე ჰქვია ჩვენს ცხოვრებას.
ლევან ქემოკლიძე