ავლაბარში, ლაგოდეხის ქუჩაზე „ჰილტონის“ მშენებარე სასტუმრო, რომელიც 22 სართულისა და 125 ნომრისგან შედგება, თბილისის ამ უძველესი უბნის მოსახლეობას საფრთხის წინაშე აყენებს. ყაზახების კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაზარალებული მანანა უტიაშვილი, რომლის განცხადებითაც ხსენებულ საქმეს მისი დედის სიცოცხლე შეეწირა, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ არ დაუშვებს ამ ტერიტორიაზე „ჰილტონის“ აშენებას.
მანანა უტიაშვილი _ დაზარალებული:
_ ლაგოდეხის ქუჩის შესახვევში მდებარე სახლი, რომელშიც 1973 წლიდან ვცხოვრობ, მამაჩემის აშენებულია. 2017 წლის იანვრის ბოლოს შევიტყვე, რომ ჩემი სახლის მომიჯნავედ ლაგოდეხის ქუჩა #6-ის ეზო გაიყიდა და ახალი მესაკუთრე გახდა ყაზახეთის მოქალაქე ბაუირჯან უალიევი, ქ. ასტანის მკვიდრი, რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს შპს სამშენებლო კომპანია „იპოცენტრი“ და რომელიც არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს აწარმოებდა. მშენებლობის ბრიგადირს, ვინმე გოჩას მაშინვე ვთხოვე, რომ ეზოში განთავსებული ნაგებობების ნგრევა ფრთხილად განეხორციელებინა, ვინაიდან ჩემი სახლის კედელი აღნიშნულ ეზოში გადიოდოდა და იქ მდებარე სახლებს (რომლებსაც ანგრევდნენ) ემიჯნებოდა. ბრიგადირი საკმაოდ კონტაქტური აღმოჩნდა _ მე „დაიკოს“ მეძახდა, ცხონებულ დედაჩემს _ „დედიკოს“ და მეც მშვიდად ვიყავი, რომ ჩემს საცხოვრებელს არაფერი დაემუქრებოდა. რაც მთავარია, ჩვენი სახლი ძალიან კაპიტალური იყო. 1973 წელს, როცა მამაჩემმა ეს ადგილი იყიდა, ძველი ნაგებობა დაანგრია და 1977 წელს ახალი სახლის აშენება დაიწყო.
_ როდის შეგექმნათ პრობლემები?
_ 2017 წლის 8 მარტს, დემონტაჟის დროს, სახლის კედელი (აბაზანის) გამომინგრიეს. ამ დროს აბაზანაში ვიმყოფებოდი. როცა ზემოდან ნანგრევები წამოვიდა, მხოლოდ იმიტომ გადავრჩი, რომ აბაზანაში შეკიდული ჭერია და იმან დაიჭირა. ფაქტის დასაფიქსირებლად მაშინვე პატრული გამოვიძახე, 9 მარტს კი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში წავედი და ექსპერტიზის მოთხოვნით განცხადება დავწერე. სწორედ „სამხარაულში“ მირჩიეს მერიის ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირება, რის შემდეგაც მერიამ „იპოცენტრს“ სადემონტაჟო სამუშაოები ორი დღით შეუჩერა.
_ მხოლოდ ორი დღით?
_ დიახ. როცა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ, მაშინ პირველად ვნახე ვინმე ლაშა ჯამალაშვილი, კომპანია „იპოცენტრის“ წარმომადგენელი. მოვითხოვე, რაც დამიზიანეს, შეეკეთებინათ. ჯამალაშვილმა მითხრა, _ არ გვიჩივლო, დირექტორ ტარიელ გაბუნიას დაველაპარაკები და ყველაფერს გაგიკეთებთო. ასევე მთხოვა, რომ „პრარაბი“ თავად მომეყვანა, ხარჯთაღრიცხვა გამეკეთებინა და ჩვენ გადავიხდითო. მეც ვენდე მის „კაცურ“ სიტყვას და დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით „სამხარაულში“ 9 მარტს შეტანილი განცხადება 13 მარტს უკან გამოვიტანე. ამის შემდეგ ერთი თვე გავიდა და მერე მივხვდი, რომ ხელზე მიხვევდნენ.
_ ანუ მოგატყუეს?
_ მწარედ! შეთანხმების მიხედვით, ჩემი „პრარაბი“ მოვიყვანე, ხარჯთაღრიცხვა გავაკეთებინე, რის შემდეგაც ჩემთან თეონა წოწოლაშვილი მოვიდა, რომელიც გამეცნო, როგორც მშენებლობის მენეჯერი. ამ ქალბატონმა „პრარაბის“ გარდა არქიტექტორიც მოითხოვა. ორივე მოვიყვანე. თეონა წოწოლაშვილი მეუბნება, რომ კედლის ამ ნაწილს გავამაგრებთ, ხოლო წინა ნაწილს _ არაო. _ რატომ-მეთქი? ეს ხომ ერთიანი კედელია, ვერ ვიგებ, ნაწილი როგორ უნდა გაამაგროთ, როცა მთლიანად არის დაზიანებული-მეთქი? არ მიპასუხა. მოკლედ, ვერ შევთანხმდით. უკვე ეჭვი შემეპარა, რატომ ამაგრებდნენ მხოლოდ კედლის ერთ ნაწილს?! მეორე დღესვე წავედი საჯარო რეესტრში, ამოვიღე სახლის კოდები, რუკები და რას ვხედავ _ ჩემი სახლის წინა ნაწილი, რომელზედაც თეონა წოწოლაშვილმა მითხრა, არ გავამაგრებთო, მომიჯნავე ეზოს საკადასტრო კოდშია შეყვანილი. ანუ ჩემი საკუთარი სახლის ნაწილი, როგორც მიწის ნაკვეთი, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდა. აქვე დავძენ, რომ დემონტაჟის დაწყებამდე, 2016 წლის 11 ოქტომბერს, ღამით დავინახე, რომ ჩემი საცხოვრებლის წინ ლაზერის დანადგარით ზომავდნენ ჩემი საცხოვრებელი სახლის წინა ნაწილის კედლებს. როცა ვკითხე, _ ვინ ბრძანდებით, ღამე რატომ ზომავთ ჩემს სახლს, რა გინდათ-მეთქი? მითხრეს, რომ აქ ტროტუარი უნდა გავაკეთოთო. ამ დროს ტროტუარი იმ ადგილას არასოდეს ყოფილა. ნამდვილი მიზეზით დავინტერესდი, საკმაოდ უხეში და უზრდელური პასუხი მივიღე. გავაფრთხილე, რომ პატრულის თანამშრომლებს ვიძახებდი, ვინაიდან არც იმას მეუბნებოდნენ, ვინ იყვნენ, რომელი ორგანიზაციიდან და რა უფლებით აწარმოებდნენ ჩემი საკუთრების აზომვით სამუშაოებს, ვინაიდან მე, როგორც მესაკუთრეს, დაკვეთა არ მიმიცია, მსგავსი სამუშაოები ეწარმოებიათ. არც იმაზე მიპასუხეს, დამკვეთი ვინ იყო. საპატრულო ბრიგადა გამოვიძახე. პატრულის თანამშრომლებმა ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ერთ-ერთი ამზომველი იყო ვინმე გიორგი ვასაძე _ შპს „კოლერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ თანამშრომელი (კოსტავას 37/39). როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გაავლეს ეს წითელი ზოლები, ვინაიდან გაყიდვას აპირებდნენ.
_ კი მაგრამ, რეესტრი?
_ ლაშა ჯამალაშვილის მეუღლე რეესტრში მუშაობს (როგორც ვიცი). ეს უბრალოდ აღვნიშნე. მოკლედ, როდესაც 2017 წელს უკვე რეესტრიდან საბუთები ამოვიღე და გავარკვიე, რომ ჩემი კუთვნილი ტერიტორია უკანონოდ იყო გაყიდული, ადვოკატები ავიყვანე. ჩემმა ადვოკატმა უჩა ზაქაშვილმა საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა მოთხოვნით, რომ თქვენივე ხარვეზი სასწრაფოდ გამოასწორეთო. რეესტრიდან პასუხი მივიღეთ, რომ თუ შპს „იპოცენტრი“ ნებაყოფლობით დააბრუნებს უკან ამ ტერიტრიას, ჩვენ მანანა უტიაშვილს დავურეგისტრირებთ, პრობლემა არ არისო. ეს ხდება 2017 წლის მაის-ივნისში. მიუხედავად იმისა, რომ 1987 წელს მთელი საკუთრება აღრიცხული იყო, 1997 წელს კი პრივატიზაცია მოხდა, ამ საბუთების ასლები ამოღებულია ტექბიუროს არქივიდან. 2000 წელს მამამ სახლს 2 სართული დააშენა ყველა ნებართვისა და ნახაზების საფუძველზე.
_ „სამხარაულისთვის“ აღარ მიგიმართავთ?
_ ჯამალაშვილთან საუბრის შემდეგ, ერთი თვე რომ გავიდა და შემონგრეული კედელი არ გამიკეთეს, აპრილში ჩემმა ადვოკატმა ხელახლა შეიტანა განცხადება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ექსპერტიზა ორ კვირაში გაკეთდა და 2017 წლის 16 აპრილს დასკვნა დაიდო, რომ დემონტაჟის დროს ჩემი სახლისთვის მიყენებულია მე-3-4 ხარისხის ზიანი და სამუშაოები „იპოცენტრმა“ მანამდე არ შეიძლება აწარმოოს, სანამ სახლი სათანადოდ არ გამაგრდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული დასკვნა „იპოცენტრს“ არ გაუთვალისწინებია.
_ დემონტაჟი არ შეწყვიტეს?
_ კომპანიას 2017 წლის 16 აპრილამდე ჰქონდა დემონტაჟის ვადა. ამ დრომდე, რისი დანგრევაც მოასწრეს _ დაანგრიეს. ხოლო ჩემი სახლის კედლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ ეზოში „იპოცენტრმა“ ხელშეკრულება დადო შპს „ჩუბინთან“, რომელმაც განაცახადა, რომ მე თვითონ მოვახდენ ჩვენი მხარის დემონტაჟსო და „იპოცენტრმაც“ ნება დართო (იქ რესტორანი „ვახტანგური“ მდებარეობდა). არადა, ამ დროისთვის დემონტაჟის ვადა უკვე გასული იყო და ჯარიმა ეკუთვნოდათ 5 ათასი ლარი, რაც მათთვის არავის დაუკისრებია. „ჩუბინისთვის“ დემონტაჟში ხელი არ შემიშლია, ვინაიდან მეორე მხარეს კეთდებოდა, მაგრამ ორი კვირა გავიდა და მუშები ჩემი სახლის კედელს დარჩენილი სადემონტაჟო კედლის დასანგრევად მოადგნენ. რა თქმა უნდა, შევაჩერებინე, მაგრამ რამდენიმე დღეში კიდევ რომ განმეორდა, კვლავ საპატრულო ბრიგადა გამოვიძახე, რომელიც მერიის ზედამხედველობის უფროსს დაუკავშირდა და სამშენებლო ტერიტორიაზე მოსვლა მოსთხოვა (ამ დროისთვის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკვე გამოცემული ჰქონდა ბრძანება დემონტაჟის ნებართვის შეჩერების თაობაზე და ნებისმიერი სამუშაოები იკრძალებოდა, მით უმეტეს, ეკრძალებოდათ დაზიანებულ კედლებთან ახლოს მისვლა). ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თეონა წოწოლაშვილს დაურეკა და ჰკითხა, თუ ვინ იმყოფებოდა „იპოცენტრის“ ტერიტორიაზე და რატომ აწარმოებდნენ სამუშაოებს მაშინ, როცა ყველაფერი შეჩერებული იყო. იქიდან თეონა წოწოლაშვილმა განუცხადა, რომ მე არ ვიცი, მაგ ტერიტორიაზე ვინ იმყოფებაო, რაზედაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განუცხადა, რომ თქვენ თუ არ იცით თქვენს ტერიტორიაზე ახლა ვინ იმყოფება, მაშინ პატრული აქვეა და ყველას დავაჭერინებო! მაგრამ არც ამ შემთხვევის შემდეგ დაჯარიმდა კომპანია.
_ სასამართლოში სარჩელი როდის შეიტანეთ?
_ მას შემდეგ, რაც არავინ მოგვაწოდა ჩემი საცხოვრებლის გამაგრების გეგმა. 2017 წლის ივლისში იძულებული გავხდი, სასამართლოში სარჩელი შემეტანა კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის გაუქმების თაობაზე.
_ კი მაგრამ, ამ დროისთვის დავა ხომ დაწყებული იყო და კომპანიას დემონტაჟიც შეჩერებული ჰქონდა?
_ ჩემმა ადვოკატმა უჩა ზაქაშვილმა ყველა დოკუმენტაცია მოაგროვა, რომ დემონტაჟი შეჩერებულია, სახლი დაზიანებულია, რასაც ექსპერტიზის დასკვნები თან დაურთო. მიუხედავად ამისა, მერიის არქიტექტურის სამსახურმა მაინც გასცა ნებართვა მშენებლობაზე, მაგრამ 2017 წლის 17 ივლისს ჩვენვე შევუჩერეთ სასამართლოს ძალით. კომპანია „იპოცენტრმა“ ეს სააპელაციოში გაასაჩივრა, მაგრამ მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
_ ვინ გამოცხადდა მათი მხრიდან?
_ ძირითადად, ვინც ყველა სხდომაზე დადის: ტარიელ გაბუნია, თეონა წოწოლაშვილი და მათი ადვოკატი ზვიად მათიაშვილი. ადმინისტრაციულ საქმეზე ორი ინსტანცია გავიარეთ და ერთი ინსტანცია _ სამოქალაქო საქმეზე. ივნისშივე დავნიშნეთ აუდიტი, რომელმაც ზარალი 172 ათას დოლარად შეაფასა. ეს მხოლოდ იმ ნაწილის ზარალია, რომელიც ამ ეტაპზე ჩემს საკადასტრო კოდშია და 2017 წლის 27 ნოემბერს უკვე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შევიტანეთ, სადაც გათვალისწინებულია, რომ აღნიშნულ ადგილზე ძალიან მერყევი მიწაა რბილი ნიადაგით, ქვემოთ კი გადის მეტროს გვირაბი, სხვა საიდუმლო გვირაბები და კომუნიკაციები (სატრანსპორტო სამინისტროს ოფიციალური პასუხის თანახმად ჩვენს განცხადებაზე: 2018 წლის 10 და 22 აგვისტო). „იპოცენტრმა“ 2017 მარტში ჩემგან გაიგო, რომ ტერიტორიის ქვეშ გვირაბები გადის, მაგრამ არც კი შეწუხებულა. ამასთან, 5.8 მ. სიღრმეზე მიწისქვეშა აგრესიული წყლებია და 22 მ. სიმაღლის 125 ნომრიანი სასტუმროს აშენება იქ არაფრით შეიძლება! პირველ რიგში, ის არის მოსაძიებელი, ვინც მშენებლობის ნებართვა გასცა. ეს ძველი უბანია. მშენებლობა რომ დაიწყება, ხალხს სახლები საკმაოდ დიდ მონაკვეთზე დაენგრევა. თავდაპირველად ეს სამშენებლო ტერიტორია ეკუთვნოდა ზონა სზ2-ს (დაბალი ინტენსივობის ერთგვაროანი საცხოვრებელი ქვეზონა), ანუ საცხოვრებელი ზონა 2, რომელიც ითვალისწინებს, მაქსიმუმ, 10.5 მ. სიმაღლის შენობა-ნაგებობის აშენებას. თუმცა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე დამკვეთმა ზონის ფუნქციური ცვლილება მოითხოვა და საცხოვრებელი ზონა 2-ის ნაცვლად იგი საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად გარდაქმნა, რაზედაც კომისიისგან თანხმობა მიიღო. საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში კ2 კოეფიციენტი უდრის 4.6 ს.-ს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 20 მეტრს აღწევდეს ან შესაძლოა, მეტსაც, რასაც „იპოცენტრი“ აკეთებს, _ 22 მ. სიმაღლის სასტუმროს გეგმავს. ახლა მერმა და მერიამ იმაზე ლაპარაკი დაიწყო, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტი არ უნდა გაიზარდოს კ2-მდე, ვინაიდან ქალაქს აუშნოვებს ამ კოეფიციენტის მიხედვით აშენებული შენობები, მით უმეტეს, ავლაბარი ძველი ისტორიული კოლორიტული უბანია და როგორ შეიძლებოდა, მშენებლობის ნებართვა იმის გათვალისწინებით გაეცათ, რომ სანამ სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყებოდა, ჩვენთან ექსპერტი არ მოუყვანიათ და სახლის ტექნიკური მდგომარეობა არ შეუმოწმებიათ.
_ სასამართლო პროცესები როგორ წარიმართა?
_ პირველი სხდომა ადმინისტრაციულ საქმეზე 2017 წლის 19 მარტს ჩატარდა. მოსამზადებელი სხდომის შემდეგ გადავწყვიტე, სამხარაულის კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩამეტარებინა. 2018 წლის მარტის ბოლოს დასკვნა დაიდო, რომლის თანახმადაც: სახლის ტექნიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია, ძველი ბზარები და ნაპრალები გაზრდილია, გაჩენილია ახალი ნაპრალები, 2 ადგილას საყრდენი კედელი გადახსნილია და მეზობელ ქუჩაზე არსებული შენობები მოჩანს, ასევე ცა, შემოდის სიცივე, მტვერი, ჩხრიალით ჩამოდის წვიმის წყალი, შარშან გამონგრეული კედლიდან გადმოცოცდა ხვლიკი, მუდმივად შიშის ქვეშ ვართ, რომ ზაფხულში რამე უარესი არსება არ შემოძვრეს სამშენებლო ტერიტორიიდან. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სახლი სავალალო მდგომარეობაშია, საჭიროებს ხარისხიან გამაგრებით სამუშაოებს, რეაბილიტაციას, წინაამღდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეიძლება უზარმაზარი საყრდენი კედელი ჩამოინგრეს, რაც სიცოცხლის მოსპობოთ ემუქრება მობინადრეებს, ანუ მე და ჩემს ქალიშვილს. დედა უკვე შეეწირა ამ სახლის პრობლემებს, ნერვიულობის ფონზე გულის უკმარისობა დაეწყო, ჰიპერტონია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვმკურნალობდი, სტრესმა და ნერვიულობამ თავისი გააკეთა: 18 ნოემბერს ცუდად გახდა და 19 ნოემბერს დილით ადრე გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო... დედა დავკარგე! შოკიდან ახლაც ვერ გამოვსულვარ და ვერც გამოვალ. სანახევროდ ქუჩაში ვცხოვრობთ, სახლი სავალალო მდგომარეობაშია. „იპოცენტრმა“ მომიჯნავე შენობა არ გაამაგრა, რომელიც თვითონვე დააზიანა. მეორე ექსპერტიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულ კედლებთან ახლოს მოსვლა ეკრძალებოდათ, რაშიც თეონა წოწოლაშვილიც მარწმუნებდა, რომ ჩემი სახლის კედლებთან არ მივიდოდნენ, როგორც სხვა დანარჩენი, ეგეც ტყუილი აღმოჩდა _ ჩემი დაზიანებული სახლის კედელთან 4 მ. სიღრმეზე ამოღებული მიწის საფარი და კედლის ქვაბული გაშიშვლებულია და ჰაერშია დარჩენილი საყრდენის გარეშე, რაც სამხარაულის დასკვნაში სურათებზე ჩანს. როგორც კი ქვაბული გააშიშვლეს, ცოტა ხანში აბაზანის კედლის კუთხე გადაიხსნა. ასეთმა დასკვნამ არანაირი ზემოქმედება არ მოახდინა არც მოსამართლეზე და არც _ მერიის არქიტექტურული სამსახურის წარმომადგენლებზე. 20 მარტს სასამართლო ჩატარდა ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც მოვიგეთ. შემოდგომაზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა იყო ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც წავაგეთ. ახლა ეს საქმე უზენაეს ინსტანციაშია გადასული. ეს რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად არ განიხილოს (თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ მიიღო წარმოებაში, რადგან უზენაესი ძალიან იშვიათად იღებს წარმოებაში და განიხილავს. ახლა კი საქმე განხილვის სტადიაშია, მიიღონ წარმოებაში თუ არა) ჩათვალეთ, რომ სახლი დანგრეული მაქვს და ნანგრევებში ვართ მოყოლილი მე და ჩემი გოგო.
_ გენპროკურატურას რასთან დაკავშირებით მიმართეთ?
_ ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მითვისების თაობაზე. კერძოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის მარტის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ კომპანია „იპოცენტრს“ ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთი აქვს მითვისებული, _ 145 კვ.მ.-დან გაყიდულია 40 კვ.მ. ის კეთილსინდისიერი მყიდველი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, მესაკუთრეებთან უნდა მისულიყო და ეთქვა, _ მე ეს შევიძინე და თქვენ უნდა გამოათავისუფლოთ რაღაც ვადებშიო. ნასყიდობის შემდეგ შვიდი თვის განმავლობაში კომპანიიდან არავინ მოსულა და მესაკუთრის დამადასტურებელი საბუთები და მესაკუთრის უფლებები არ წარუდგენია. როცა ტარიელ გაბუნიას ვკითხე, რატომ არ აღიარებდით, რომ ჩემი სახლის ნაწილი შესყიდული ჰქონდათ-მეთქი, მიპასუხა: როცა ჩვენი ნაწილის დასანგრევად მოვდიოდი, ხომ გაიგებდითო. _ საინტერესოა, როგორ აპირებდით დანგრევას, ეს ხომ ერთიანად აშენებული ჭერი და კედლებია, ხომ ვერ გადახერხავდით-მეთქი. თურმე, ისიც არ იცოდნენ, რომ ეს ერთიანად აშენებული სახლია, თურმე ჰგონებიათ, რომ სახლის წინა ნაწილი მიშენებულია და პრობლემას არ წარმოადგენდა. ხმა ამოიღეს, როდესაც დავა დავიწყე.
_ რით ახსნეს, რომ თქვენი კუთვნილი ფართი თქვენ უნებართვოდ იყიდეს და ვისგან?
_ „იპოცენტრის“ წარმომადგენელმა ლაშა ჯამალაშვილმა 2017 წ. ივნისის დასაწყისში შეხვედრა დამინიშნა. იქ იყო ასევე ვინმე ირაკლი ბერეკაშვილი და ნინო ჩუბინიძე, შპს „ჩუბინის“ ხელმძღვანელი, რათა ფართზე დამლაპარაკებოდა. მითხრეს, რომ მთელ სახლს გაგირემონტებთ, ოღონდ ამ მიწაზე არ გვედავოო. ვუთხარი, _ მაგ მიწაზე ჩემი 100 კვ.მ. შენობა-ნაგებობა დგას, მამაჩემმა თქვენთვის ააშენა ეს სახლი-მეთქი? ბერეკაშვილი დამემუქრა, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ბულდოზერს მოვიყვანთ და საერთოდაც მიგინგრევთო. ჯამალაშვილი მისი მუქარის გამოსწორებას შეეცადა, სახლამდე გამომყვა, თან არ გაჩერებულა: ქალბატონო მანანა, ბოდიშს გიხდით ყველაფერზე, თქვენ როგორც გინდათ, ისე განვიხილოთო.
როგორც ზემოთ გითხარით, ბოლოს დირექტორ ტარიელ გაბუნიასთან დალაპარაკება აღმითქვა, _ ერთ კვადრატულ მეტრში 800 დოლარს გადაგიხდითო. ვუპასუხე, რომ ეს მამაჩემის აშენებული სახლია და არ ვყიდი-მეთქი.
_ საბოლოოდ, თქვენი მოლაპარაკება როგორ დასრულდა?
_ უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენი ტერიტორიის მიწის ქვეშ მეტროსადგურის გვირაბი გადის. 2017 წლის ივნისში „იპოცენტრმა“ მძიმე ტექნიკა შემოიყვანა და ზემოდან 4 მეტრის სიღრმეზე ნიადაგი ამოიღო, რაც დაუშვებელია. მას მერე, რაც მშენებლობის გაგრძელებაზე ნებართვა შევუჩერე, ჩემი უბნელი ლაშა ხოსიტაშვილი მომიგზავნეს, რომლის მეუღლე, სხვათა შორის, მერიაში მუშაობს. „უბნელმა“ შემდეგი წინადადება შემომთავაზა, _ კომპანიამ მიწის ნაკვეთი თუ დაგიბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ 40 კვ.მ. მიწის ნაკვეთში 50.000 დოლარი გვაქვს გადახდილი, საჩივარს უკან გაიტანო? მაგ თანხას როგორ დავიბრუნებთ, ჩვენი პრობლემააო. ვუპასუხე, _ „თუ“ კი არა, მაინც დავიბრუნებ, მაგრამ თუ თავის ნებით დამიბრუნებენ, ლოგიკურია, საჩივარს გავიტან-მეთქი. და ამ თემაზე ჩემს ადვოკატთან შეხვედრა შევთავაზე. მეორე დღესვე გადაიფიქრეს. საკრებულოს #14.39 დადგენილების 30-ე მუხლით, როდესაც შენდება სასტუმრო და მომიჯნავედ არიან მეზობლები, ზოლი უნდა გავიდეს სამი მეტრის დაშორებით. ამათ პირდაპირ ჩემს კედელზე გაავლეს გამყოფი ზოლი.
_ დღესდღეობით რა სიტუაციაა?
_ ეს ტერიტორია დაყადაღებულია. „იპოცენტრს“ ასევე დაყადაღებული აქვს საბანკო ანგარიში და მძიმე ტექნიკა. ორი განცხადება შევიტანე პროკურატურაში _ ერთი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე და მეორე _ ფართის მითვისების თაობაზე. საფუძვლიანად ვეჭვობ, რომ ამ საქმეში რეესტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. კომპანიის წარმომადგენელი ტარიელ გაბუნია დღემდე ამტკიცებს, რომ თითქოსდა, სანამ დემონტაჟის გეგმა იქნებოდა, ჩემი სახლის მდგრადობა არავის შეუმოწმებია. როცა გამომძიებელმა ჰკითხა, თქვენ რატომ არ შეამოწმეთო? _ ვიყავით მისულები, მაგრამ არ შეგვიშვესო. ტყუილი! რატომ არ მიჩივლა იმ საბაბით, რომ ხელს ვუშლიდი მუშაობაში? რატომ არ გამოიძახა საპატრულო და პატრულის თანამშრომლების თანდასწრებით რატომ არ შემოვიდნენ და არ ჩაატარეს ექსპერტიზა?!! რატომღაც, 7-ჯერ გამოვიძახე პატრული ფაქტების დასაფიქსირებლად და სარჩელები შევიტანე. ლოგიკა სად არის, ვერ ვხვდები. 20 წლის გოგონა მყავს და სახლიდან გაქცევაზეა, ჭერი გვენგრევაო. ამის შემხედვარე, პროკურორობა მოინდომა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ კომპანია „იპოცენტრს“ ნამდვილ ტერორში ვყავართ მთელი ოჯახი _ მე არ ვყიდი სახლს!
_ შპს „იპოცენტრი“ ყაზახური კომპანიის მიერ დაქირავებული ფირმაა. არ შეეცადეთ, თავად ამ ტერიტორიის მფლობელებს დაკავშირებოდით?
_ ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ მესაკუთრეს შევხვედროდით, რაზედაც ლაშა ჯამალაშვილი და სხვა შუამავლები, ტარიელ გაბუნიას თამადობით, კატეგორიულ უარზე იყვნენ. ჩემმა ადვოკატმა 2017 წლის 28 ნოემბერს ბაუირჯან უალიევს რეესტრში მითითებულ მისამართზე ასტანაში წერილი გაუგზავნა. წერილი უკან დაგვიბრუნდა. მიზეზი: მითითებულ იურიდიულ მისამართზე ეგ პიროვნება არ იმყოფება ისევე, როგორც „იპოცენტრი“ არ იმყოფება თავის იურიდიულ მისამართზე. ვერ ვიგებ, რატომ გვემალებიან ყაზახები? სხვათა შორის, ეს საკითხი ცალკე გამოძიების საგანია _ რა ხდება საერთოდ ამ ტერიტორიასთან და მის მესაკუთრეებთან დაკავშირებით.
„ქრონიკა+“ ამ საქმის სამართლებრივი კუთხითაც დაინტერესდა და მანანა უტიაშვილის ადვოკატს, ექსპერტს სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებში, უჩა ზაქაშვილს დაუკავშირდა:
_ მანანა უტიაშვილის საკუთრებაშია უძრავი ქონება ლაგოდეხის ქ. 6-ში საკადასტრო კოდით 01.17.01.095.010, რომლის მომიჯნავედაც იმავე მისამართზე საკადასტრო კოდით 01.17.01.095.002 გაიცა დემონტაჟისა და შემდგომში მშენებლობის ნებართვა მისი მესაკუთრე შპს „იპოცენტრის“ ს.კ. 405056460 სასარგებლოდ. მშენებლობის ნებართვა შეთანხმდა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ბრძანებით #3097371 30.01.2017წ. ამის შემდეგ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერდა დემონტაჟის სამუშაოები, რადგან არ იყო დაცული უტიაშვილის სახლის უსაფრთხოება. აღნიშნული დადგენილება ძალაშია დღემდე, თუმცა იგი შეეხება მისამართზე დარჩენილი დემონტაჟის სამუშაოებს და არ ეხება ადგილზე დაგეგმილ ქვაბულის სამუშაოებს, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს მანანა უტიაშვილს, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების ხელყოფის საფრთხეს, ასევე საკუთრების განადგურებას.
_ დღესდღეობით რა ვითარებაა?
_ აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებულია საექსპერტო დასკვნა, რომლის შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება დაზიანებული უძრავი ქონების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე აღდგენა-გაძლიერება, არ უნდა გაგრძელდეს არანაირი სამშენებლო სამუშაოები. მით უმეტეს დაუშვებელია დაუმთავრებელი დემონტაჟის სამუშაოების წარმოება, ქვაბულის ამოთხრა, რასაც გეგმავს კიდეც შპს „იპოცენტრი“. ჩვენი დაკვეთით 2018 წლის 4 აპრილს ჩატარდა კიდევ ერთი საექსპერტო კვლევა ლ. სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2017 წლის 11 აპრილის (ობიექტის პირველად შემოწმების თარიღი) შემდგომ მანანა უტიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონების მდგომარეობა დამძიმდა, იგი საშინლად ავარიულია და საჭიროა მისი დაუყოვნებლივი აღდგენა.
_ შპს „იპოცენტრის“ პოზიცია როგორია აღნიშნულ საქმესთან მიმართებით?
_ შპს „იპოცენტრის“ მხრიდან ამ დროის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მცდელობა, მოეგვარებინა და გამოესწორებინა საკუთარი დაუდევრობის შედეგად უტიაშვილისთვის მიყენებული ზიანი.
_ საქმეში ერთი მეტად საინტერესო თემაც იკვეთება _ სხვისი ფართის გადმორეგისტრირების საკითხი მესაკუთრესთან შეუთანხმებლად. ამასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურაშიც არის შეტანილი...
_ მანანა უტიაშვილს საკუთრების უფლება წარმოეშვა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. როგორც დოკუმენტაციის შემოწმებით დადგინდა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე დატანილი აღმოჩნდა ჩემი მარწმუნებლის მამის საკუთრებაში ჯერ კიდევ 2007 წლიდან აღნუსხული უძრავი ქონება, საუბარია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: 01.17.01.095.012 საკადასტრო გეგმაზე დატანილ შენობაზე #6/2. აღნიშნული შენობის მშენებლობა უტიაშვილის მამის, ომარ უტიაშვილის მიერ განხორციელდა, ჯერ კიდევ, 2000 წლის 30 აგვისტოს გაცემული პროექტისა და ნებართვის #09.05.495 საფუძველზე, მოგვიანებით კი აღნიშნული ნაგებობები, როგორც კანონიერი, დატანილ იქნა 2007 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებულ გენგეგმაზე.
_ როგორ შეაფასებდით არსებულ მდგომარეობას?
_ ჯერ იმას განვმარტავ, რომ ჩვენ ერთხელ უკვე მოვითხოვეთ ამონაწერებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. შესაბამისად, ჩვენ ისევ წარმოვადგინეთ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და მოვითხოვეთ, ცვლილება შეეტანათ შპს „იპოცენტრის“ სახელზე შეცდომით რეგისტრირებულ უფლებაში, აესახათ ცვლილება შენობა #6-ზე და მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია აღნიშნული შენობა.
“ქრონიკა +”აგრძელებს თემაზე მუშაობას და ყაზახური მხარის კომენტარს მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ
თამარ როსტიაშვილი