ჩვენს რეალობაში კონკრეტული, არასასურველი პირების მიმართ საქმის შეკერვა უცხო არ არის. ამის გამო ზოგჯერ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს უწევთ ციხეში ჩაჯდომა და სასჯელის მოხდა იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ. ამჯერად მოგიყვებით ჯარისკაცზე, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს გაუპატიურების მცდელობისთვის და რომლის მიმართაც, შესაძლოა, მიზანმიმართულად “შეკერეს” საქმე. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ბრალდება ისმის ჯარისკაცის ხვიჩა შარაშენიძის წინააღმდეგ, რომელიც 15 წელი ერთგულად ემსახურებოდა თავის სამშობლოს და რამდენიმე დღეში კაპიტნის წოდებაც უნდა მიეღო.
ბურუსით მოცული საქმის ირგვლივ უამრავი კითხვაა, მათ შორის, მოწმეებთან დაკავშირებით. „ქრონიკა+“-მა წყაროს მეშვეობით საქმის მასალები და ჩვენებები მოიპოვა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ხვიჩა შარაშენიძის ადვოკატ ნათია კორკოტაძეს ესაუბრა:
ბრალდებული ჯარისკაცის განცდები
_ დაკავებულია ხვიჩა შარაშენიძე, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი აქვს. ის 37 წლისაა, ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, ჰყავს მეუღლე და 4 წლის ვაჟი. შარაშენიძე აგვისტოს ომის, კოსოვოსა და ავღანეთის მისიების მონაწილეა. საქმეში ჩავერთე ა. წ. 10 სექტემბერს. პირველი ვიზიტი მასთან განვახორციელე სასჯელაღსრულების ნომერ 8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მან მითრა, რომ უკვე 15 წელია, სამშობლოს ემსახურება და მხოლოდ და მხოლოდ იმას ნერვიულობს, რომ კარიერა დაენგრა. 22 წლის ასაკში პირველი სამხედრო ვალდებულება მოიხადა. ისიც მითხრა, რომ როდესაც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მივდიოდი, ბაბუაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყოო. როდესაც თვითმფრინავი აფრინდა და გააცილეს, სწორედ მაშინ ნერვიულობის ნიადაგზე გარდაცვლილა ბაბუამისი. მისთვის ეს მოგონება უმძიმესია, ის ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას და, ალბათ, სხვისთვის წარმოუდგენელია, როგორი მწარე რეალობის წინაშე დგას. აღსანიშნავია ისიც, რომ, დაახლოებით 10 დღეში კაპიტნობაზე უნდა წარედგინათ, ასევე ენის შემსწავლელ კურსებზე უნდა დაეწყო სიარული.
ბრალდებულის დარღვეული დუმილი ადვოკატთან _ რას ჰყვება ჯარისკაცი?
_ პირველ რიგში, აუცილებლად აღვნიშნავ, მე, როგორც მისი ადვოკატი, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად შეთითხნილი ბრალდებაა, მაგრამ მოტივაციას ვერ ვხვდები, რატომ უნდა გააკეთებინათ მის წინააღმდეგ ეს?
2018 წლის 26 აგვისტოს, სინამდვილეში, 01:02 წუთზე, ბრალდებულის მანქანაში დაზარალებული იჯდა. საქმის მასალებიდან გამომდინარე არ ჩანს ბრალდებულის დაკითხვის ოქმი, რადგან მან დუმილის უფლება გამოიყენა, იყენებს დღემდე და როგორც ბრალდებულს, მას ჩვენება არ მიუცია. წარმოიდგინეთ, 15 წელია, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, სამხედრო პირია და მას სათანადო ანაზღაურება არ გააჩნია, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს, ამიტომ ღამის საათებში, როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, ტაქსაობს. ერთ-ერთ ასეთ ღამეს, როდესაც ის ოჯახის სარჩენად გამოვიდა და გაჩერებული იყო ე. წ. ევროპის მოედანზე, მან დაინახა იქვე ქვაზე ჩამომჯდარი გოგონა, რომელიც ტიროდა. ხვიჩა მივიდა და დაინტერესდა, რა აწუხებდა მას. თათიამ უთხრა, რომ შეყვარებულმა უღალატა და ამიტომ თავის მოკვლა უნდოდა. ხვიჩამ მას დახმარება შესთავაზა, რის შემდეგაც გოგონამ უთხრა, _ თუ შეძლებთ წამიყვანოთ ჩემს საცხოვრებელ სახლშიო? როგორც აღმოჩნდა, თათია ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობდა, რაზედაც ხვიჩა დასთანხმდა. თათია მანქანაში დაჯდა უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს და წავიდნენ. თათია გზაში კვლავ ტიროდა, ისინი ამასობაში ნოე რამიშვილის 38 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს. სწორედ აქ გაჩერდა მანქანა. ხვიჩა ამბობს, რომ ტირილის დროს ვუთხარი, დამშვიდებულიყო, კარი გამოვაღე და სიგარეტიც მივაწოდეო. გაბრაზებულმა და განერვიულებულმა თათიამ მობილური უკან საბარგულში გადააგდო, ხვიჩამ კი ეს ტელეფონი ამოიღო და მას მიაწოდა. თათიამაც გამოართვა და ტირილი განაგრძო. ის ამბოდა, რომ თავს მოიკლავდა. როდესაც ხვიჩამ წასვლა გადაწყვიდა, მანქანა ვერ დაქოქა. ამ დროს ის მანქანიდან გადავიდა და ხელით აწვებოდა, ამასობაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურამდე მივიდა. ქვევით ვარკეთილის მოსახვევი და თავდაღმართი იყო, იქ უკვე შეძლებდა მანქანის დაქოქვას. როდესაც ბენზინგასამართ სადგურს გაუსწორდა, ვიღაცამ მანქანა გააჩერა და ხვიჩას დახმარება შესთავაზა, რაზედაც მან არ უპასუხა, ამ დროს კი ეს გოგო მანქანიდან გადმოხტა და იყვირა, _ მიშველეთ, მაუპატიურებენო! თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი განათებულია, „სოკარის“ ავტოგასამართი სადგური მუშაობს, იქ არიან თანამშრომლები, მათ შორის, დაცვის. ეს გოგო აბსოლუტურად არავისთან მიდის დასახმარებლად, ამასობაში მანქანაც იქოქება და ხვიჩა თავის საცხოვრებელ ბინაში მიდის. ხვიჩამ იფიქრა, რომ ეს გოგო მანქანიდან გადავიდა და თავის გზაზე წავიდა. მას არც გაუგია, რომ ის ყვიროდა და ამბობდა, მაუპატიურებენო. სხვას ვერაფერს იტყვის ბრალდებული. ეს არის ის, რაც იმ დღეს მოხდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შარაშენიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
დაზარალებულის სტატუსის მქონე თათია ცაგურიშვილის ჩვენება და კითხვები მის ირგვლივ
„2018 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 01:30 წუთზე მე ჩამოვედი ქალაქ თბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ბარიდან ფეხით გამოვუყევი მეტეხის აღმართისაკენ, ვიყავი ძალიან აღელვებული, რადგან ჩემს შეყვარებულს ვეკამათე. აღნიშნულის გამო ვიყავი თვალაცრემლებული, მეტეხის აღმართთან მივდიოდი მარტო, როდესაც მივუახლოვდი ევროპის მოედანს, გვერდით ჩავუარე იქ მდგომ კერძო ტაქსის. ერთ-ერთმა ჩემთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა შემამჩნია, რომ ვტიროდი. ის მომიახლოვდა და გამომელაპარაკა, თუ რატომ ვტიროდი. მე მისთვის პასუხი არ გამიცია. შემდეგ მითხრა, რომ იყო ტაქსის მძღოლი. მკითხა, თუ საით მივდიოდი და მომემსახურებოდა, როგორც ტაქსი. მე მას ჩემი მისამართი ვუთხარი, რის შემდეგაც ჩემთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა ხელით მანიშნა იქვე მდგომი, მოწითალო ფერის „ოპელ ასტრას“ ფირმის ავტომანქანისკენ. მეც წავედი და უკან სავარძელზე ჩავჯექი მარჯვენა მხარეს, ხოლო ზემოთ აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი დაჯდა ავტომანქანის საჭესთან, რის შემდგომაც ჩვენ დავიძარით. გზად ჩემთვის უცნობი ტაქსის მძღოლი მეუბნებოდა, რომ აღარ მეტირა, ჩემი ცრემლების ღირსი არავინ იყო. მე პასუხს არ ვცემდი. როგორც აღვნიშნე, ვიყავი აღელვებული და მინდოდა, სახლში მალე მივსულიყავი. როდესაც კახეთის გზატკეცილზე ვმოძრაობდით, აღნიშნული ტაქსის მძღოლმა „სამგორის“ მეტროს ზედა ამოსასვლელთან მარჯვენა მხარეს არსებულ დამხმარე გზაზე გააგრძელა მოძრაობა და ავტომანქანა სიბნელეში გააჩერა“.
რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია ცაგურიშვილის ჩვენებას, ასეთი სიტყვებით „პუტანკებიც“ კი არ დაწერენ. მე არ ვიცნობ მას და ვერ ვისაუბრებ მის პიროვნებაზე, მაგრამ ადამიანი, რომელიც თავს დებს პატიოსნებასა და კარგ ქალობაზე, ასევე ამბობს, რომ ჰყავს შეყვარებული, ასეთი ადამიანი ასეთ სიტყვებს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს. მე პირადად მისი ჩვენების წაკითხვისაც კი მრცხვენია.
ამ ნაწილში საგულისხმოა ერთი მომენტი: ის წერს, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად. ჩემი ინფორმაციით, მას ჰყავს მეუღლე და 11 წლის გოგონა, მეუღლე დაჭერილია და ციხეში ზის. ცაგურიშვილს ჰყავს ასევე დედა, რომელიც, როგორც წყარო მატყობინებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა თანამდებობაზე. რატომ არ წერს თავის ჩვენებაში თათია ცაგურიშვილი ამ ფაქტების შესახებ, რატომ ასაიდუმლოებს თავის ოჯახურ მდგომარეობასა და ოჯახის წევრებს?! ამ ნაწილში სწორედ ეს კითხვები ჩნდება.
ამის შემდეგ კი ის დეტალურად აღწერს მომხდარს, სადაც წარმოუდგენელი სიტყვებით საუბრობს:
„პიროვნებამ დამიწყო ლაპარაკი: „ეს რა გავაკეთე, მაპატიე“. თან სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი მე მომცა და ერთი თავისთვის ამოიღო, ის კვლავ იმეორებდა მაპატიეს, მე კვლავ ვეცადე კაბის გასწორებას, მაგრამ მუქარის ტონით მითხრა, არ გაისწოროო. მე მას ვუთხარი, რომ ტელეფონი დაებრუნებინა და სახლში წავეყვანე. ამ დროს ხელი გადაყო უკან საბარგულისკენ და ამოიღო ჩემი ტელეფონი, მაგრამ ჩემთვის არ მოუცია, თავად ეჭირა. ის სიგარეტს ეწეოდა. მე ვუთხარი, რომ დამპირდი, სახლში წაგიყვანო, მან მითრა, სიგარეტს მოვწევ და წაგიყვანო. ის მანქანიდან გადავიდა, თან ეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი. მე იმ წუთშივე გავისწორე კაბა. აღნიშნული პიროვნება ავტომანქანის საჭესთან დაჯდა და ჩაილაპარაკა, ნეტავ, დაიქოქოსო, მაგრამ ავტომანქანა არ დაიქოქა, ამის შემდგომ ის ავტომანქანიდან გადავიდა და ავტომანქანას საჭის კართან მიწოლა დაუწყო. დაახლოებით 2 წუთი აწვებოდა მანქანას. ვიფიქრე, რომ მანქანიდან გადმოვსულიყავი და გავქცეულიყავი, მაგრამ შემეშინდა, რადგან გარეთ სიბნელე იყო და როგორ აღვნიშნე, დაახლოებით 2 წუთი აწვებოდა ავტომანქანას. როდესაც „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს მივუახლოვდით, ჩვენთან ახლაგაზრდა მამაკაცი მოვიდა, რომელმაც ჩემთვის უცნობ ტაქსის მძღოლს უთხრა, დაგეხმარებიო. ამ დროს მე ავტომანქანიდან გადმოვედი უკანა მარჯვენა მხრიდან, გადმოსვლისთანავე წავიქეცი. ჩემთან მოვიდა უცნობი მამაკაცი, რომელიც ავტომანქანასთან იდგა დასახმარებლად და როდესაც ის მაყენებდა, ზემოთ აღნიშნული ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ჩემზე იძალადა, დაქოქა ავტომანქანა და კახეთის მიმართულებით წავიდა. იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ არ დამინახავს, ზუსტად რა მიმართულებით წავიდა. როდესაც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა წამომაყენა, თავისი ავტომანქანისკენ წამიყვანა, მე შეშინებული ვიყავი და ვტიროდი, როდესაც ავტომანქანასთან მიმიყვანა. აღნიშნულ პიროვნებას ვუთხარი, რომ იმან გამაუპატიურა. ამის შემდეგ ავტომანქანაში ჩავსხედით. აღნიშნულ პიროვნებას ისტერიულად ვთხოვდი, რომ სახლში წავეყვანე. თან ჩემი მისამართი ვუთხარი. მან მანქანა დაძრა და ჩემი სახლისკენ წავიდა. თან მაწყნარებდა, მეუბნებოდა, სასწრაფოს და პოლიციას გამოვუძახოთო, მაგრამ ისტერიულად ვიყავი შეშინებული და ვთოხვე, მალე მივეყვანე სახლში. შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ პიროვნებას ვთხოვე, ტელეფონი ეთხოვებინა, რადგან ჩემი ტელეფონი ზემოთ აღნიშნული ტაქსის მძღოლმა წამართვა და თან წაიღო. აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელსაც შემდეგ გავარკვიე, გიორგი ჩუბინიძე ერქვა, მისი ტელეფონი მომაწოდა, რომლის საშუალებითაც ჩემს შეყვარებულ ნიკა კალმახელიძეს დავურეკე და აღნიშნული ვუთხარი. მან მითხრა, რომ ადგილზე დავლოდებოდი და მოვიდოდა. გიორგი ჩუბინიძეს ვთხოვე, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა, მანაც გააჩერა. ნიკა კალმახელიძე დაახლოებით 10 წუთში მოვიდა ჩემთან, მას ყველაფერი ვუამბე, რის შემდგომაც ნიკამ 112-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა“.
თათია ბარში ნასვამი მივიდა. როგორც მან ხვიჩას მოუყვა, ყველამ ვიცით, რომ შარდენზე ბარში მხოლოდ გასართობად არ მიდიან. წარმოვიგინოთ ნამდვილი სურათი და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ასევე შეურაცხყოფილი და ატირებული, ბარიდან წამოსული თათია, მიუხედავად შეყვარებულთან კამათისა, ის დასახმარებლად მაინც მას ურეკავს. უცნაური გარემოებაა, _ რატომ, მაინცდამაინც, ნიკა კალმახელიძეს და არა სხვა მის მეგობარს? კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: თათია სწორედ ნიკას გამო იყო ანერვიულებული და ატირებული, მასზე ასეთი გაბრაზებული კი ისევ მასთან რეკავს დასახმარებლად.
„ოქროს მოწმე“ და პასუხგაუცემელი კითხვები
გიორგი ჩუბინიძე, რომელიც შემსწრეა ავტოგასამართ სადგურთან, როგორ ხტება თითქოს თათია მანქანიდან და მას სთხოვს შველას, არის „ოქროს მოწმე“.
გიორგი ჩუბინიძე დაკითხულია 2018 წლის 26 აგვისტოს. დაკითხვის დაწყების დროა 07:05 წუთი, გამოკითხვის დასრულების დროა 07:40 წუთი.
„მიმდინარე წლის 25 აგვისტოს სტუმრად მივედი ჩემს მეგობარ რობერტ აბროვიანთან, ქალაქ თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირი, მეორე კვარტალი, კორპუსი #28, ბინა #13ა, სადაც გვიან ღამემდე დავრჩი, რომლისგანაც დაახლოებით 01:00 საათზე მარტო წამოვედი ჩემი კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ ფირმის ავტომანქანით. კახეთის გზატკეცილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე გაჩერებული წითელი ფერის „ოპელის“ ფირმის ავტომანქანა, რომლის მძღოლი მარტო ცდილობდა მიწოლით ავტომანქანის დაქოქვას. მე ის შემეცოდა და გადავწყვიტე, ავტომანქანის დაქოქვაში დავხმარებოდი, რის გამოც ჩემი ავტომანქანა იქვე, „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის გვერდით გავაჩერე მისი ავტომანქანიდან, დაახლოებით, ოც მეტრში. მანქანიდან გადმოსულმა, მისკენ მიმავალმა, მძღოლს ხმამაღლა დავუძახე, _ დახმარება ხომ არ გჭირდება-მეთქი? ხსენებულ ავტომანქანას რამდენიმე მეტრით მივუახლოვდი, რა დროსაც გაიღო „ოპელის“ ფირმის ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარი, საიდანაც გადმოვარდა შავებში ჩაცმული ახალგაზრდა გოგო, რომელიც ხმამაღლა ტიროდა და შველას ითხოვდა, გოგონას თმები გაჩეჩილი ჰქონდა, „ბრეტელები“ კი ორივე მხარეს _ ჩამოგდებული. ასევე გეტყვით, რომ დავიბენი, გავოცდი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ამასობაში იქვე, ავტომანქანასთან წაქცეულ ახალგაზრდა, შავებში ჩაცმულ მანდილოსანს მივუახლოვდი, რომელსაც წამოდგომაში მივეშველე, წამოვაყენე, სანამ ჩემს ავტომანქანამდე მივიყვანდი, გზაში „ბრეტელებს“ ისწორებდა, რომელსაც მაღლა წევდა და თან მეუბნებოდა: ის არაკაცი ჩემს გაუპატიურებას ცდილობდაო. მადლობას მიხდიდა, რომ დავეხმარე. ის სწრაფად ჩავსვი ჩემს ავტომანქანაში. დავაზუსტებ: ჩავსვი ჩემი ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს. როდესაც „ოპელის“ ფირმის ავტომანქანისკენ მოვტრიალდი, ის უკვე წასულიყო. აქვე გეტყვით, რომ მე ვერ დავინახე, საით წავიდა ხსენებული „ოპელის“ ფირმის ავტომანქანა. ასევე გეტყვით, რომ „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურისთვის ყურადღება არ მიმიქცევია“, _ წერს „ოქროს მოწმე“ თავის ჩვენებაში.
ახლა კი ამ კონკრეტული ნაწილიდან ურთიერთგამომრიცხავ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას: თავიდან ჩუბინიძე წერს, რომ ავტოგასამართი სადგურიდან ოც მეტრში დააყენა ავტომანქანა. თუ მაშინ დაინახა ავტოგასამართი სადგური, რომ ოცი მეტრით დაშორებული იყო, შემდეგ რატომ აღნიშნავს, რომ თითქოს „სოკარისთვის“ ყურადღება არ მიუქცევია?
რამდენიმე პიროვნება, რომელთა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, მეუბნება, რომ დავინახეთ ვიღაც ქალბატონი იქვე საპირფარეშოში შევიდა, გარეთ კი ვაჟი ელოდებოდაო. იქიდან გამოვიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენო. ანუ მათ არც ყვირილის ხმა და არც რაიმე ხმამაღალი სიტყვები არ გაუგონიათ. ჩუბინიძე კი ჩვენებაში ყვება, რომ პირდაპირ წავიდნენ. ჩემი წყაროს ინფორმაციით კი ასე ჩანს, რომ ყვირილი არავის გაუგია, თათია საპირფარეშოში შევიდა, გარეთ კი ჩუბინიძე ელოდებოდა და თათიას გამოსვლის შემდგ წავიდნენ და არა მაშინვე, როგორც ჩუბინიძე ყვება.
ისევ ჩუბინიძის ჩვენებიდან: „შავებში ჩაცმული მანდილოსანი ვაზისუბანში ავიყვანე. დაზუსტებისთვის გეტყვით, რომ მე-8 ლეგიონის დასახლებაში ონაშვილის ქუჩაზე, ის ჩემი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მის ახლობელს, რომელიც დარეკვიდან, დაახლოებით, 10 წუთში მოვიდა. მას მომხდარი ფაქტის შესახებ აუხსნა და ონაშვილის ქუჩიდან 112-ში დარეკეს, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოვიდა“. ახლა ისმის კითხვა: იმ დროს, როდესაც გიორგი ჩუბინიძეს თათია ცაგურიშვლი საკუთარი მანქანით მიჰყავდა, შსს-ს მოპირდაპირე მხარეს იყო, რატომ იქვე არ გაჩერდნენ და არ დარეკეს 112-ში? რატომ მოცილდნენ შემთხვევის ადგილს და რატომ დარეკეს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან? ჩუბინიძეს შიშის მომენტი არ გაუჩნდა? ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალბატონს მანქანაში რომ ისვამდა, ყველა ნორმალური ადამიანი იმავე ადგილიდან დარეკავდა პოლიციაში და გზას აღარ გააგრძელებდა. ცხადია, ასე მოვიქცეოდი მეც, არ მოვშორდებოდი შემთხვევის ადგილს.
ჩუბინიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის რობერტ აბროვიანთან იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აბროვიანის სახლიდან, დაახლოებით, პირველ საათზე გამოვიდა. მე ექსპერიმენტი ჩავატრე, რობერტ აბროვიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანით წამოვედი, არა სანაპიროთი, სადაც შუქნიშნები არ არის, არამედ ცენტრალური გზით. გამოვიარე პეკინის ქუჩა, რუსთაველი, მივედი ავტოგასამართ სადგურზე, ვესაუბრე კონკრეტულ პირს და წამოვედი დიღომში. დიღომში როცა მივედი, ზუსტად 40 წუთი იყო გასული. ღამის პირველ საათზე, როცა გზები გადატვირთული არ არის და შესაბამისად არც საცობია, გიორგი ჩუბინიძე დაახლოებით 30 წუთს ანდომებს მოძრაობას. გამოძიება რატომ არ დაინტერესდა, ვინ არის გიორგი ჩუბინიძე და ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იგი რობერტ აბროვიანთან? ამ კითხვაზეც პასუხი არ არსებობს, ისევე როგორც სხვა კითხვებზე.
თათია ცაგურიშვილის შეყვარებულის _ ირიბი მოწმის ჩვენება
ნიკა კალმახელიძე თავის ჩვენებაში აღნიშნავს:
„მყავს შეყვარებული თათია ცაგურიშვილი, რომელიც ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ვაზისუბანში. 2018 წლის 26 აგვისტოს ღამით თათიასთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში, სადაც თათიასთან შემექმნა კონფლიქტური სიტუაცია და მომივიდა შელაპარაკება, რის გამოც თათია სახლში წავიდა, მე კი ბარში დავრჩი. მე და თათიას ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მოგვსვლია. კონფლიქტი შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შელაპრაკებით. როდესაც თათია ბარიდან წამოვიდა, დაახლოებით ღამის 01:30 წუთი იქნებოდა. მე, როგორც მოგახსენეთ, ბარში დავრჩი და დროის გატარება გავაგრძელე. თათიას წასვლიდან საათ-ნახევარი იქნებოდა გასული, როდესაც ჩემთვის უცხო ტელეფონის ნომერმა დამირეკა, საიდანაც თათია ატირებული ხმით დამელაპარაკა და მითხრა: „სასწრაფოდ ჩემთან ვაზისუბანში მოდი ეკლესიასთან, ძალიან ცუდად ვარ, ჩემი გაუპატიურება სცადესო“. მე იმავე წუთს ტაქსით წავედი იმ ადგილას, სადაც თათიამ მიმითითა. მას ვაზისუბანში ეკლესიასთან შევხვდი. თათია ჩემთვის უცნობ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. როგორც თათიამ ამიხსნა, ეს მამაკაცი იყო მისთვის უცნობი პიროვნება, ვინც მანქანით ამ ადგილამდე მიიყვანა მისივე თხოვნით. როგორც თათიამ ამიხსნა, მას შემდეგ, რაც ჩემგან ბარიდან წამოვიდა, იგი ჩამჯდარა მისთვის უცნობ ტაქსიში და ვაზისუბნის მიმართულებით წამოსულა, რა დროსაც ამ ტაქსის მძღოლს გზაზე მანქანა გაუჩერებია და ძალადობით უცდია მისი გაუპატიურება. ამის გამო 112-ში დავრეკე და მომხდარის შესახებ მოვახსენე, რის შემდეგაც პოლიცია მალევე მოვიდა და მე და თათია პოლიციაში წამოგვიყვანა შემდომი საჭირო პროცედურების გავლის მიზნით. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ მე არ ვიცი, ვინ იყო ის ტაქსის მძღოლი, ვინც თათიას გაუპატიურება სცადა და დაწვრილებით ნიუანსებში გარკვევა ვერ მოვასწარი. თათია ისეთი აღელვებული და შეშინებული იყო, რომ რისი თქმაც მოასწრო, ამის შესახებ მოგახსენეთ კიდეც. საქმესთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს გეტყვით“.
აღსანიშნავია ერთი გარემოება: როდესაც გიორგი ჩუბინიძე იკითხება 07:05 წუთზე, რატომ არის ნიკა დაკითხული რამდენიმე საათის შემდეგ? როგორც ადვოკატს, პირველი სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა.
თუ შეყვარებული იყო და კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ, არ უნდა მოეკითხა სახლში, როგორ მივიდა? აი, ამ დამოკიდებულებით კი ნამდვილად ბევრი რამე ჩანს. ნიკა როგორც ჩვენებაში ამბობს, ატირებული თათიას წასვლის შემდეგ ის განაგრძობს ბარში გართობას, თუმცა არც ნიკა ასახელებს, რომელ ბარში.
ფაქტს არც ერთი მოწმე არ შესწრებია. ვინ არიან საქმეში არსებული ირიბი მოწმეები?
გიორგი რუაძე პოლიციის იმ განყოფილების თანამშრომელია, სადაც საქმის წარმოება მიმდინარეობს. ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის, ვერ ადასტურებს, რადგან იქ არ ყოფილა. იურიდიულ ენაზე ის ირიბი მოწმეა.
მეორე არის გიორგი ჩუბინიძე. ის ამბობს, რომ დასახმარებლად მივიდა, მძღოლის ამოცნობაც კი არ შეუძლია, მანქანაც კი არ დაუნახავს. უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა.
ნიკა კალმახელიძე ასევე ირიბი მოწმეა, დაზრალებულის სტატუსის მქონე თათია ცაგურიშვილის შეყვარებული, რომელიც იმყოფებოდა შარდენ ბარში და მას დასახმარებლად დაურეკა თათიამ. ნიკა მივიდა და პოლიციაში დარეკა, თუმცა ის ფაქტს არ შესწრებია, მანაც თათიას მონათხრობი იცის.
დაჩი გორგოძე _ ისიც პოლიციის თანამშრომელი, ასევე ირიბი მოწმეა.
ივანე მაქაცარია _ პოლიციელი, რომელიც ხვიჩა შარაშენიძის კუთვნილ ბინაში მივიდა, სადაც ბინის ჩხრეკას აწარმოებდა. აღსანიშნავია, რომ ბინაში კანონსაწინააღმდეგო არც ნივთიერება და არც ნივთი არ ყოფილა.
თამარ ოქროპირიძე გახლავთ ხვიჩა შარაშენიძის მეუღლე, რომელიც საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მისი მეუღლე პოლიციაში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, არც ერთი მოწმე შესწრებია ფაქტს და მათ არ შეუძლიათ მომხდარის დადასტურება.
საეჭვო გარემოებები
თათიას თქმით მან დაკარგა მარჯვენა თვალის ხელოვნური წამწამი, საყურეები და მობილური ტელეფონი. ჩხრეკის შედეგად არც ერთი ნივთი არ არის ამოღებული არც ხვიჩა შარაშენიძის სახლიდან და არც მისი კუთვნილი ავტომობილიდან. ხვიჩას დაკავების პროცეში პოლიციის თანამშრომლებმა მას ჰკითხეს, _ აიფონი, რომელიც თათიას წაართვით, სად არისო? ამ მობილურით დაიწყეს პოლიციის თანამშრომლებმა მასთან საუბარი. ეს ხვიჩას მეუღლემაც გაიგონა, როდესაც აიფონზე იყო საუბარი.
ამ ფაქტთან მიმართებით, ხანდაზმულობის თვალსაზრისით, ექსპერტიზა ჩატრდება იმ დაზიანებების შესახებ, რაც თათიას აქვს. ამ დროს მე, როგორც ადვოკატს, მიჩნდება კითხვა, _ როგორ დაადგენს ექპერტიზა, ვისგან ჰქონდა მიყენებული დაზიანებები? ხომ არის შესაძლებელი ვივარაუდოთ, რომ დაზიანებები შეყვარებულთან კონფლიქტისას მიიღო და არა ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ძალადობისას? ჩვენ არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნია, რომ თათია ცაგურიშვილისა და ნიკა კალმახელიძის კონფლიქტი მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაზარალებულის სტატუსის მქონე თათია ცაგურიშვილი და მისი შეყვარებული ირიბი მოწმე ნიკა კალმახელიძე არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელ ბარში იმყოფებოდნენ. ჩნდება კითხვა, _ რატომ? ხომ შეიძლება, ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილიყო ვიდეოკამერები, რომლითაც გავიგებდით, რეალურად რა მოხდა მათ შორის, _ იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება თუ ფიზიკური შეურაცხყოფაც მოხდა?
რას აკეთებს გამოძიება?
ბრალდებულის ადვოკატის გეგმები
რას აკეთებს გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, როდესაც ბრალი წაყენებულია და წინასასამართლო პროცესამდე არის 50 დღე აღებული? გადმომეცა საქმის მასალები, რომელზედაც ერთი მტკიცეულება, ერთი ფურცელიც კი არ არის გაკეთებული იმის შემდეგ, რაც ხვიჩა შარაშენიძე შეასახლეს. ბრალდების მხარე 50 დღეს ითხოვს. 60-დღიანი ვადაა. 5 დღით ადრე უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. დაცვისა და ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა გაცვალოს, რომლის წარდგენასაც ისინი სასამართლოში აპირებენ. ყველა მტკიცებულება უნდა მოგროვდეს, მაგრამ დღემდე არაფერია გაკეთებული. ვერ ვხვდები, რატომ?! საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რაზედაც ვრცლად უკვე ვისაუბრეთ.
საპროცესო კოდექსი საშუალებას მაძლევს, რომ მტკიცებულებები მოვიპოვო და კანონიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემი გეგმები, სტრატეგია და ვერსიები მაქვს, რომელზედაც ვმუშაობ. მსგავსი ბურუსით მოცული საქმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთან დაკავშირებით პირველი არ არის და რამდენიმე შემთხვევა ადრეც ყოფილა.
ნენე ინჯგია