„ქრონიკა+“-ს გაუხმაურებელი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ აცნობეს. მართალია, მომხდარზე, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, მაგრამ იმის შესახებ, რომ ცნობილმა ბიზნესმენმა, დაახლოებით, ათი დღის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, შსს-ს ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებია.
რა გახდა სუიციდის მიზეზი? _ ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებს საუბარი უჭირთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე საგულისხმო გარემოება, რაც აძლიერებს გონივრულ ეჭვს, რომ წარმატებულმა მეწარმემ თავი კი არ მოიკლა, არამედ, მოკლეს!
შესაძლო მკვლელობის ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ბიზნესმენს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
ზოგადად, ორი ტყვიით თვითმკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში „ნოუ ჰაუ“ არ არის _ სუიციდში ორი ტყვიის ვერსია თავდაპირველად ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმეში გაჩნდა. ეს ამბავი კი ასე მოხდა:
2005 წლის 22 მაისს, ანუ პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25 წლის ხელმძღვანელი, ლევან სამხარაული, რომელიც ამ თანამდებობაზე წელიწადნახევრის დანიშნული გახლდათ, კახეთში, კერძოდ, მშობლიურ ყვარელში ჩადის.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, სამხარაული თანაკლასელ ზეზვა ასაბაშვილს ხვდება და ორივე სხვა თანაკლასელთან მიდის.
ცოტა ხნის შემდეგ სკოლის მეგობრებს დავით მჭედლიშვილიც შეუერთდება.
ოფიციალური ვერსიით, მჭედლიშვილი სამხარაულს შეხვედრისთანავე მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გამოშვებული „ტეტედან“ ესვრის, ასევე დაჭრის ასაბაშვილსაც.
მოგვიანებით, მჭედლიშვილი შინ მივა და ორი იარაღით _ „ტეტეთი“ და გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფით თავს მოიკლავს.
ლევან სამხარაულის მკვლელ თვითმკვლელს ორი ჭრილობა ექნება _ გულმკერდისა და თავის არეში. გულმკერდში მიყენებული ჭრილობა, როგორც გამოძიება დაადგენს, „აბრეზით“ აქვს მიყენებული, თავის არეში კი _ „ტეტეთი“.
იმთავითვე გაჩნდება ეჭვი, რომ მჭედლიშვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს. ამ ვერსიას დღესაც იზიარებენ სასამართლო ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ორი გასროლით მოიკლას თავი.
ამავე ვერსიას თვითმხილველთა უმეტესობის მონათხრობიც ამყარებს, ანუ მჭედლიშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს.
ერთადერთი, რომელიც თავიდანვე აცხადებდა, რომ ორი გასროლა გაიგო, მჭედლიშვილის დედა გახლდათ.
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, დამოუკიდებელი ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს, რომლის თანახმადაც, გამორიცხულია, ორივე გასროლა ერთი და იგივე ადამიანს განეხორციელებინა.
2013 წელს, ერთ-ერთი ქართველი ტელეჟურნალისტი, რომელმაც მჭედლიშვილის გვამი მორგში პირველმა ნახა, საგაზეთო ინტერვიუში იტყვის:
„2005 წლის 22 მაისს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გახსნაზე ვიყავი მიწვეული. როცა შევიტყვე, რომ ყვარლის ცენტრში მკვლელობა მოხდა, ბუნებრივია, მაშინვე შემთხვევის ადგილისკენ გავეშურე, თუმცა იმ მომენტში არ ვიცოდი, ვინ იყო მკვლელი ან მოკლული...
ადგილზე მისულმა გავარკვიე, რომ მოკლული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლევან სამხარაული, რომელიც თანაკლასელს, დავით მჭედლიშვილს მოუკლავს, ლევანს 7 გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა...
მე და ჩემი ოპერატორი მორგში წავედით, სადაც დავით მჭედლიშვილი იყო გადასვენებული. ვერავინ შეგვნიშნა... ეს კადრები ტელევიზიის არქივში, ალბათ, იქნება _ დავით მჭედლიშვილის გვამს ორი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა: ერთი თავისა და მეორე გულმკერდის არეში. გულმკერდის არეში ჭრილობა ორლულიანი თოფით იყო მიყენებული... რადგან გამჭოლი იყო, თავში ტყვია არ აღმოჩნდა, შესაბამისად, უცნობი დარჩა, თუ რა იარაღით იყო თავში ნასროლი. ამ ფაქტმა მაშინვე გამოიწვია ეჭვი, ანუ შესაძლებელია თუ არა, თვითმკვლელმა განზრახვის სისრულეში მოყვანისას ორი გასროლა განახორციელოს?
ეს შეკითხვა ექსპერტ გურამ კანტროშვილს დავუსვი, რომელიც დაიბნა, თუმცა მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო...
კლასის ხელმძღვანელს ვკითხე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ლევანსა და დავითს, ანუ დავითს ჰქონდა თუ არა საფუძველი, რომ ბავშვობის წყენის გამო ლევანი მოეკლა, რაზედაც მიპასუხა, _ ბავშვობაში მათ შორის წყენა არსებობდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენო...
ლევან სამხარაულის მკვლელს, ალბათ, თავი მოაკვლევინეს და მერე „კონტროლკა“ დაუმატეს...
მჭედლიშვილი სამხარაულს მოსაკლავად რომ დაედევნა, „ტეტეს“ ტიპის იარაღი ჰქონდა, მერე კი სასიკვდილო ჭრილობა ორლულიანი გადაჭრილი თოფით მიიყენა, რაც ცოტა ალოგიკურია. ემოციებით დატვირთულ ადამიანს იარაღის შესაცვლელად ეცალა? სხვათა შორის, როგორც ვთქვი, ვერ დადგინდა, თავში რა იარაღიდან იყო ნასროლი...“
თავის დროზე სამხარაულის ერთ-ერთი თანაკლასელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებდა, რომ სამხარაულის მკვლელობა წინასწარ დაიგეგმა და ის სახლიდან გამიზნულად გამოიყვანეს.
მისივე ვარაუდით, დავით მჭედლიშვილი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დაამუშავეს და სამხარაული სწორედ მისი ხელით მოიშორეს, შემდეგ კი სიცოცხლეს მჭედლიშვილიც გამოასალმეს.
ნებისმიერი დანაშაულის, როგორც იტყვიან, ამოსავალი წერტილი მოტივია, ანუ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა კრიმინალური შემთხვევის მოტივი, თუმცა ბოლო წლებში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს თუ გავიხსენებთ, მოტივი, უმეტესად, არ სახელდება. ასეა, მაგალითად, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში, ანუ მართალია, გამოძიებამ გვითხრა, რომ ხარძიანი დაქირავებულმა მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს და მან საქართველოს საზღვრების დატოვებაც მოახერხა, მაგრამ საგამოძიებო უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა ხარძიანის მკვლელობის მოტივი. ასევე არ ვიცით, ვინ დაიქირავა „ქილერი“.
სხვათა შორის, გამოკვეთილი მოტივი არც ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შემთხვევაში დასახელებულა. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, სმიტების ოჯახი _ დედა, მამა და ოთხი წლის შვილი _ 19 წლის მწყემსმა მოკლა. როგორც გამოძიება ამბობს, მწყემსსა და ამერიკელ სმიტს შორის შელაპარაკება იმ ნიადაგზე დაიწყო, რომ მამაკაცმა ბიჭს უთხრა, თოფი ცუდად გიჭირავსო. ამის გამო მწყემსი გაბრაზდა, გონება გადაეკეტა და ოჯახი ამოხოცა, მაგრამ ესაა მოტივი?
ლევან სამხარაულის მკვლელობის მოტივად მისი და მჭედლიშვილის ბავშვობისდროინდელი უთანხმოება დასახელდა. დავუშვათ, ასეა, მაგრამ რა გახდა მჭედლიშვილის თვითმკვლელობის მოტივი ან, სულაც, რატომ დაიხალა მჭედლიშვილმა ორი ტყვია ორი სხვადასხვა იარაღით? _ ამ კითხვებზე გამოძიებამ, თავის დროზე, პასუხები არ გასცა.
მეტიც, გამოძიება შეწყდა და საქმე დაიხურა.
ერთი სიტყვით, თითქოს უკვე შევეგუეთ, რომ საქართველოში წარმატებული ადამიანები ორი გასროლით იკლავენ თავს, მაგრამ ეს „შეგუება“ გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ვინც სიცოცხლეს თითქოს სუიციდით ამთავრებს, სინამდვილეში, მკვლელისა თუ მკვლელების მსხვერპლი გახდა.
ამ ეჭვს ბიზნესმენის თვითმკვლელობაც ამყარებს და აი, რატომ:
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკითხავია, ადამიანმა, რომელიც წარმატებული მეწარმეა _ მის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადის და უცხოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რატომ უნდა მოიკლას თავი, მით უმეტეს, რომ ჩვენი წყაროს თქმით, გარდაცვლილს არც პირადი მტრები ჰყავდა და არც _ ბიზნესკონკურენტები?
სხვათა შორის: ბიზნესმენის ვინაობა, რომელმაც თითქოს თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილია, მაგრამ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის ეს ვერსია უცნობია. შესაბამისად, ჩვენ ჟურნალისტურ ეთიკას ვიცავთ და არათუ ბიზნესმენის ვინაობას, არამედ იმ სფეროსაც არ ვაკონკრეტებთ, რომელშიც გარდაცვლილი მოღვაწეობდა, თუმცა ვიტყვით, რომ ეს პიროვნება რამდენიმე წლის წინათ დარგის ლიდერად აღიარეს.
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, მეწარმე, რომელმაც თითქოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, საქართველოსთან ერთად, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქეც იყო.
მეტიც: მისი ოჯახი ევროპაში ცხოვრობს და, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სწორედ იმ დღეებში, როცა თავი მოიკლა, მეწარმე ოჯახთან აპირებდა გამგზავრებას.
რაც შეეხება სხვა საეჭვო დეტალებს, ამ მხრივ ერთ გარემოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას:
ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომ წარმატებულმა ადამიანმა იარაღი ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე შეიძინა.
წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ლოგიკას თუ გავყვებით, შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც სერიოზულ საქმიანობას ეწევა, რეგისტრირებული და გაფორმებული იარაღი არ ჰქონოდა.
თუ ამ ვერსიას გავყვებით, მაშინ თავისთავად გაჩნდება კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანი:
რატომ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ახლად შეძენილი იარაღით მოეკლა თავი?
ჩვენში დარჩეს და, ქართული სინამდვილისთვის, ასე ვთქვათ, უცხო არც ახალი იარაღით თავის მოკვლის ვერსია გახლავთ. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ვერსიით, „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმაც, ვიდრე თავს მოიკლავდა, ახალი იარაღი შეიძინა.
პეკინის ქუჩაზე მდებარე იარაღის მაღაზია „დიანაში“ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილმა
CZტიპის იარაღი შეიძინა.
„ვადასტურებ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა
CZტიპის იარაღი შეიძინა“, _ ამბობს მაღაზიის გამყიდველი, რომელიც დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
კერძოდ, უცნობია, ამოიღეს თუ არა გამომძიებლებმა მაღაზიაში დამონტაჟებული ორი სათვალთვალო კამერის ვიდეოკადრები? ასევე უცნობია, ამოიღეს თუ არა პეკინის #28-ში განთავსებულ „რესპუბლიკა ბანკის“ ფილიალის ვიდეოკადრები, რომელსაც კიწმარიშვილის მაღაზიაში შესვლა, წესით, უნდა დაეფიქსირებინა?
პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 15 ივლისს, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საკუთარ მანქანაში ნახეს კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
„ასევე აღმოჩენილ იქნა მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მომხდარია გასროლა“.
კიწმარიშვილის მეგობარ ბადრი ნანეტაშვილის განცხადებით, 14 ივლისს იგი კიწმარიშვილთან ერთად საბურთალოზე მდებარე იარაღის მაღაზია „დიანაში“ იარაღის შესარჩევად იმყოფებოდა.
კიწმარიშვილმა შეარჩია
CZ-ს ტიპის პისტოლეტი, რომლის ღირებულებაც 1750 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც ისინი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში (17:35 სთ.), სადაც იარაღი რეგისტრირდება, საბუთის გაფორმებისთვის წავიდნენ, თუმცა 5 წუთი დააგვიანდათ, რის შემდეგაც იარაღის გაფორმება კიწმარიშვილმა მომდევნო დღისთვის გადადო.
ნანეტაშვილის თქმით, როგორც ჩანს, კიწმარიშვილი 15 ივლისს იარაღის რეგისტრაციაზე უკვე მარტო მივიდა.
ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მან, დაახლოებით, 14:00 საათზე კიწმარიშვილს დაურეკა და ჰკითხა, რამდენად ადვილად გაიარა რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები, რაზეც „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა უთხრა, რომ პროცედურა ძალიან მარტივად გაიარა“, _ ნათქვამია სტატიაში, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მეორე დღეს, კერძოდ, 2014 წლის 17 ივლისს გამოაქვეყნა.
სხვათა შორის, თავიდან ითქვა, რომ ეროსიმ იარაღი თითქოს ძმისთვის შეიძინა, მაგრამ ეს ინფორმაცია ზურაბ კიწმარიშვილმა ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ უარყო.
„გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღარი არა თავის დასაცავად, არამედ მისი ძმისთვის საჩუქრად შეიძინა, დღეს თავად მისი ძმა ზურაბ კიწმარიშვილი უარყოფს. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში ეროსი მისთვის იარაღს არ შეიძენდა.
მეტიც: ზურაბ კიწმარიშვილი ფიქრობს, რომ ეროსიმ ცეცხლსასროლი იარაღი თავისთვის შეიძინა.
გარდაცვლილის ძმა არ გამორიცხავს, რომ ეროსი გარკვეულ პროვოკაციებსა და თავდასხმებს ელოდებოდა და მოწმესთან ეროსი კიწმარიშვილის სტელეფონო საუბარს იხსენებს.
„ამ პერიოდში მე გამოვრიცხავ, რომ ჩემთვის საჩუქრად იარაღი ეყიდათ. მე მაქვს რამდენიმე იარაღი გაფორმებული და დამატებითს არ ვსაჭიროებ.
რაც შეეხება საჩუქარს, ეროსის არა მარტო ნანიტაშვილთან, გაცილებით უფრო ადრე სხვასთანაც ჰქონდა ნათქვამი. ვფიქრობ, ეს იარაღი მას თავისთვის უნდოდა გარკვეულ შემთხვევებში თავის დასაცავად. საფრთხეებზე ის არ საუბრობდა, რომ, აი, რაღაცის მოლოდინშია. ის ერთ-ერთ მოწმესთან საუბარში ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ მან გარკვეული ინფორმაცია გაავრცელა პრესაში და ამით სხვადასხვა პიროვნება დატესტა, რომელიც არ დაუკონკრეტებია. ის მიიჩნევდა, რომ არ იყო გამორიცხული, მასზე პროვოკაცია, თავდასხმა განხორციელებულიყო“, _ ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი „რუსთავი 2-ის“ მიერ 2015 წლის შემოდგმაზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიწმარიშვილის საქმეში იარაღის ეპიზოდმა თავიდნავე ეჭვი გაუჩინა ოპოზიციასაც.
„თუკი ბატონ კიწმარიშვილს თვითმკვლელობა სურდა, მაშინ გაუგებარია, რატომ გაივლიდა ის ხანგრძლივ პროცედურებს, რათა აღნიშნული იარაღი დაერეგისტრირებინა?
მას ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერვიუ აქვს მიცემული „რუსთავი 2-ის“ შესახებ და ამ ინტერვიუებიდან გამომდინარეობს, რომ დღევანდელი მთავრობა აპირებს, „რუსთავი 2“ აგრესიულად ჩაიგდოს ხელში.
ჩვენ, ამავე დროს, ისიც გვახსოვს, რომ 90-იანი წლების რუსეთში შეკვეთილი მკვლელობები ყოველდღიურობის ნაწილი იყო“, _ განაცხადა კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს გიორგი კანდელაკმა.
ეროსი კიწმარიშვილისა და ლევან სამხარაულის მკვლელის თვითმკვლელობის ვერსიების მსგავსად, წარმატებული ქართველი ბიზნესმენის თვითმკვლელობაშიც არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, ლაფსუსი არსებობს.
ზოგადად, იმ შემთხვევაში, როცა გვამს გამოკვეთილი ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გამოძიება, როგორც წესი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება ხოლმე.
„ქრონიკა+“ იურისტებს ესაუბრა და მათ კითხვა დაუსვა, სწორია თუ არა, რომ ბიზნესმენის გარდაცვალებაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო?
„ყველა სისხლის სამართლის საქმეს გამოძიების დასაწყისშივე ენიჭება კონკრეტული მუხლი, ანუ ე. წ. სამუშაო კვალიფიკაცია, მაგრამ ძიების დროს, როგორც კი რამდენიმე შერჩეული ვერსიიდან რომელიმეს სასარგებლოდ მოხდება მტკიცებულებების დამაგრება, პროკურორი მოვალეა, მუხლი გადააკვალიფიციროს დასაბუთებული ვარაუდისთვის საჭირო კრიტერიუმის სტანდარტით.
რაც შეეხება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ეს გახლავთ ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ დასკვნის გამოტანისთვის.
საერთოდ, წინასწარი გამოძიების ეტაპი წინასწარი იმიტომაა, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია მხოლოდ სამუშაო ვერსიაა.
რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლს, გავრცელებული პრაქტიკით, როდესაც გვამს პოულობენ იზოლირებულ სივრცეში, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არ აღენიშნება და თან გარდაცვლილის სახელზე გაფორმებულ იარაღსაც აღმოაჩენენ, სტანდარტულად, გამოძიება სწორედ ამ მუხლით იწყება. ასე იყო არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის, არამედ კომუნისტების დროსაც“, _ განგვიმარტეს იურისტებმა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ბიზნესმენის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის, მაშასადამე, თვითმკვლელობის მუხლი სწორად შეირჩა, მაგრამ საინტერესოა, გადაკვალიფიცირდება თუ არა ეს მუხლი?
წესით და ლოგიკითაც გამოძიებამ ყველა დეტალს უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან.
მართალია, ჩვენ გამომძიებლები არ ვართ, მაგრამ ბიზნესმენის თვითმკვლელობის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიებისას „ქრონიკა+“-მა ერთი ძალიან საგულისხმო და ხელჩასაჭიდი გარემოება აღმოაჩინა, რაც, დიდი ალბათობით, გამოძიებისთვისაც ცნობილი უნდა იყოს.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თვითმკვლელობამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ბიზნესმენის საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პირველ ეტაპზე დაიბადა ეჭვი, რომ ხანძარი ჩვეულებრივი დივერსია იყო და ვიღაცამ თუ ვიღაცებმა მიზანმიმართულად გააჩინეს.
ასევე „ქრონიკა+“-მა შეიტყო, რომ ხანძარზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ბოლოს, გარკვეულა, რომ ცეცხლი გაჩნდა თანამშრომლის უსაფრთხოების ნორმების არცოდნის(?!) გამო.
შესაბამისად, დივერსიის ვერსია გამორიცხულა და, სავარაუდოდ, საქმეც დახურულა.
მიუხედავად ამისა, ხანძრის შემდეგ, როგორც გვიყვებიან, წარმატებული ქართველი მეწარმე გულჩათხრობილი გამხდარა.
_ რაღაც ფორიაქიც ეტყობოდაო, _ ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურობის დაცვით ესაუბრა.
სხვათა შორის, ამ მეწარმეს გარკვეული პრობლემები წინა ხელისუფლებასთან ჰქონია და სწორედ მაშინ გამხდარა იძულებული, ევროპაში წასულიყო, თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია და 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმატებული საწარმოც შეუქმნია.
ცნობისთვის: როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ბიზნესმენს ერთი ტყვია მხარის არეში აქვს მოხვედრილი, მეორე კი _ გულმკერდის.
შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ პირველი გასროლის შემდეგ მამაკაცი, უბრალოდ, დაიჭრა და იძულებული გახდა, მეორე გასროლა განეხორციელებინა, მაგრამ თუ აფექტში იყო, ვიდრე მეორე გასროლას განახორციელებდა, ეს აფექტი, ალბათ, გაუვლიდა და, სხვა თუ არაფერი, თავის მოკვლაზე ტკივილი მაინც ააღებინებდა ხელს.
საერთოდ, ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესმენს თავი არ მოუკლავს.
რატომ იკლავენ თავს ადამიანები? _ ეს კითხვა იურისპრუდენციას სცდილდება. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ სუციდის სურვილი შესაძლოა, ნებისმიერ, მათ შორის, წარმატებულ ადამიანსაც გაუჩნდეს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუიციდიზმი მეცნიერებაა, რომლის თანახმადაც, თვითმკვლელის სოციალური აქტივობა, თუნდაც სუიციდამდე რამდენიმე საათით ადრე, არაფერს ნიშნავს, რადგან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღება ერთი საათიდან რამდენიმე წუთამდე, „ფეთქებადად განვითარებული დეპრესიის“ დროს, რომელსაც კონკრეტული მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება არც ჰქონდეს და ზოგადი დეპრესიის გამოვლინება იყოს, რაც იმავე სოციალური აქტივობით ინიღბებოდა თვეების ან, სულაც, წლების განმავლობაში.
ბიზნესმენის შემთხვევაშიც შესაძლოა, წუთიერი მიზეზი, ანუ რაიმე „ცხელი“ ინფორმაცია არ არსებობდა. სამაგიეროდ, იყო დროში გაწელილი მოტივი და მის მიერ გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხი. ასეთ წნეხად კი შეგვიძლია, ხანძრის ეპიზოდი ჩავთვალოთ, რომლის შემდეგაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეწარმე გულჩათხრობილი გახდა.
ამასთან, ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელსაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს კი არა, ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ უმხელს ხოლმე.
აქედან გამომდინარე, იმ ტრაგიკულ ზღვრამდე, რასაც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება ჰქვია, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი მივიდეს, მაგრამ ბიზნესმენის გარდაცვალების საქმეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაერთი საეჭვო გარემოება არსებობს.
ამ მხრივ კი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, ყველაზე საეჭვო ხანძარია, რომელიც გარდაცვლილი მეწარმის საწარმოში ტრაგედიამდე არცთუ დიდი ხნით ადრე გაჩნდა.
მაინც, როგორ უნდა დადგინდეს, ბიზნესმენის გარდაცვალება თვითმკვლელობაა, მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობა?
ასეთ დროს, როგორც წესი, სამედიცინო, კრიმინალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები ტარდება ხოლმე.
ასევე გამოძიება სათვალთვალო კამერებით, სატელეფონო ჩანაწერებითა და პერსონალური კომპიუტერის მონაცემებით ინტერესდება.
მნიშვნელოვანია პირადი მიმოწერებიც.
ყოველივე ამის გარდა, სრულფასოვანი გამოძიების დროს, მოწმდება გარდაცვლილის კავშირები და ინტერესები.
იკითხება ყველა პირდაპირი და ირიბი მოწმე, მათ შორის, ოჯახის წევრები და მეგობრები.
ყოველივე ამის შემდეგ არსებული ინფორმაციისა და მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზი კეთდება და გამოძიება ასე ადგენს, რა მოხდა სინამდვილეში.
„ქრონიკა+“-ისთვის უცნობია, ბიზნესმენის საქმეზე ყველა ზემოხსენებული პროცედურა ჩატარდა თუ არა?
ჩვენ ასევე არ ვიცით, ამოღებულია თუ არა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები?
იმის თქმა, რომ სათვალთვალო კამერები არ არსებობდა ან ჩანაწერები წაშლილია, ცხადია, არ შეიძლება, რადგან, ჯერ ერთი, დღეს სათვალთვალო კამერების პრაქტიკას არათუ წარმატებული ადამიანები მიმართავენ, არამედ, _ საშუალო ფენის წარმომადგენლებიც.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტრაგედია თბილისთან ახლოს, ბიზნესმენის აგარაკზე მოხდა (კონკრეტულ ადგილს „ქრონიკა+“ არ ასახელებს, თუმცა ჩვენთვის ცნობილია). შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მინიმალური ზომები (ვგულისხმობთ სათვალთვალო კამერებს) დაცული იქნებოდა.
ისე, ისიც საინტერესოა, გამოძიებამ დაადგინა თუ არა, რომელ მაღაზიაში შეიძინა იარაღი და თუ დაადგინა, დაკითხული არიან თუ არა ამ მაღაზიის თანამშრომლები ან ამოღებულია თუ არა მაღაზიიდან ვიდეოჩანაწერები?
ასევე ყურადღებამისაქცევი იქნება ის გარემოებაც, იარაღი, რომელიც ბიზნესმენმა შეიძინა, ვის სახელზე, პოლიციის რომელ განყოფილებაში და რომელ საათზე გააფორმა ან მაღაზიაში მარტო იმყოფებოდა თუ ვინმესთან ერთად?
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ იარაღით მოვაჭრე მაღაზია ვალდებულია, როცა იარაღს ყიდის, ამის შესახებ სპეცსამსახურს შეატყობინოს. ეს ვალდებულება ორჯერ უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრდება, თუ იარაღს ე. წ. ცნობადი სახე ყიდულობს.
ასე რომ, გამოძიება იმითაც უნდა დაინტერესდეს, ბიზნესმენის მიერ იარაღის ყიდვის შესახებ მაღაზიამ სპეციალურ ორგანოებს აცნობა თუ არა და თუ არ აცნობა, რატომ?
დავუშვათ, თვითმკვლელობამდე ბიზნესმენმა იარაღი მართლაც შეიძინა, მაგრამ ისევ მივდივართ კიწმარიშვილის სცენარამდე _ ადამიანმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და იმის ნაცვლად, რომ ამაზე ეჭვი არავის აეღო, წავიდა და იარაღი შეიძინა?
სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი _ გაუფრთხილებლობა იარაღის მოხმარების დროს.
რატომ არის გამორიცხული, რომ ბიზნესმენს იარაღი გაუვარდა, ანუ გაუფრთხილებლად მოიქცა და რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით?
ერთი სიტყვით, წარმატებული ქართველი ბიზნესმენის გარდაცვალებაში უამრავი საეჭვო გარემოება და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
„ქრონიკა+“ ამ საქმის გამოძიებას თვალს მიადევნებს და ახალ დეტალებს მკითხველს მოგვიანებით გააცნობს.
იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო უწყებები აპრობირებულ მეთოდს მიმართავენ და საქმეს პირვანდელი კვალიფიკაციით დახურავენ, ანუ გამოძიება დაადგენს, რომ წარმატებულმა ქართველმა მეწარმემ სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა, ზემოხსენებული კითხვები არათუ გაქრება, არამედ გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობაში ვინმე დაეხმარა, უფრო მეტად გამძაფრდება და ისედაც რეპუტაცია შელახული საგამოძიებო უწყება უარესად დაკარგავს ნდობას!
მთავარ პროკურატურას ეროსი კიწმარიშვილის ან, სულაც, ლევან სამხარაულის მკვლელის, დავით მჭედელიშვილის საქმეებში კითხვები და „შავი ხვრელები“ რომ არ დაეტოვებინა, ეჭვები არც ბიზნესმენის გარდაცვალებაში იარსებებდა, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოება, მინიმუმ, ფხიზლად უნდა იყოს, რადგან კიდევ ერთი საქმე არ შემოიდოს თაროზე და კიდევ ერთი გაუხსნელი ტრაგედია არ მივიღოთ, რის სანაცვლოდაც დამნაშავეები თუ დამნაშავე (ცხადია, თუკი ასეთი არსებობს) დაუსჯელი ივლის!
ასე რომ, ფხიზლად, ბატონებო!
დროა, ქვეყანაში სამართლიანობის ელემენტარული ნიშნები გაჩნდეს!
გიორგი აბაშიძე