„მეშინია, რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ“, _ ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მალხაზ მაჩალაკაშვილი სპეცოპერაციის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ „იარაღის მუქარით მძევლად იყო აყვანილი“.
„მე არც სისტემის მეშინია და არც _ ციხის. მეშინია ერთი რამის _ ჩემი სინდისისა და ჩემი კაცობის დაკარგვის. მე მეშინია ერთი ღმერთის. მე მეშინია, რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ. რისიც მეშინოდა ამქვეყნად, მე ის დავკარგე, ეს იყო თემირლანი. მე მისი დაკარგვის მეშინოდა“, _ განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს.
თავის მხრივ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (ემც) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც „ემცში“ აღნიშნავენ, სუსის მიერ, მედიაში თემირლან მაჩალიკაშვილის თაობაზე გაკეთებული განცხადებების შედეგად დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია და განსაკუთრებული ზიანი მიადგა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ღირსებას.
„სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ მოსარჩელეების შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის განხორციელების თაობაზე, რითიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ავტომატურად დამნაშავედ გამოაცხადეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ამდენად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვაზე სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულება. სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის დადგენასა და მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი ავალდებულებს საქმის განმხილველ სასამართლოს ან საჯარო თანამდებობის ნებისმიერ პირს, არ გამოხატოს წინასწარი მოსაზრებები იმ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან საჯარო თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განცხადება ასეთ პირთან მიმართებით არ გამოხატავდეს მოსაზრებას, რომ ის დამნაშავეა იქამდე, ვიდრე ამ პირის დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
მოცემულ შემთხვევაში, სპეცოპერაციის ჩატარების დღიდან, მედიასთან სპეცოპერაციის თაობაზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის გარეშე, პირდაპირ მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი დათქმის გარეშე, სუსი უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობასა და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე. 2017 წლის 26 დეკემბერს, ბრიფინგის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი (ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი), ყოველგვარი ვარაუდის გარეშე, მტკიცებით ფორმაში, საუბრობს და პირდაპირ მიუთითებს სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირების, მათ შორის, მოსარჩელეთა შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. ამასთან, ყოველგვარი დამატებითი განმარტებების გარეშე, სუსის მიერ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ბერი სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან ერთად. აღნიშნული ვიდეო სუსმა ჯერ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გაუზიარა, ხოლო მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი მედიისთვისაც გასაჯაროვდა, რომლის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა პრესკონფერენციის მსგავსად, სუსი კვლავ მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა თემირლანის დამნაშავეობაზე, რაც განცხადებების ამგვარ, მტკიცებით ფორმაში გაკეთების პირობებში, საქმის დეტალებში გაუთვითცნობიერებელ მოსახელობას ავტომატურად არწმუნებდა თემირლანის დამნაშავეობაში. აღნიშნული ვიდეოს მტკიცებულებითი ღირებულება სადავო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ აღნიშნული პირები პანკისის ხეობას თვეების განმავლობაში სტუმრობდნენ და მათ ადგილობრივები სხვა სახელებითა და ვინაობით იცნობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ სუს-ი მითითებულ საქმეზე წარმოადგენდა ბრალდების მხარეს, მასზე უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება მაინც ვრცელდებოდა, რამდენადაც განცხადებების გაკეთება არ განხორციელებულა სამართალწარმოების ფარგლებში, არამედ განცხადებების უშუალო მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, რა დროსაც როგორც ბრალდების მხარეს, ასევე სხვა ნებისმიერ საჯარო უწყებას აქვს უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება.
სუსის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საწყის ეტაპზევე დამნაშავედ გამოცხადება მისი სიცოცხლის დაცვის ღირებულების დასუსტებისა და დეჰუმანიზაციის მცდელობა იყო და, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მისი უფლებების დარღვევის გადაფარვის მცდელობას ისახავდა მიზნად.
სუსის მიერ მედიაში თემირლან მაჩალიკაშვილის თაობაზე გაკეთებული განცხადებების შედეგად დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია და სახელმწიფო უწყების მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად და უკანონოდ მიენიჭა დამნაშავის სტატუსი, რომელმაც საზოგადოებაში ამგვარი წინასწარგანწყობების გავრცელებას შეუწყო ხელი, რითაც დიდი ზიანი მიადგა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ღირსებას. აღნიშნულ დავას ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც მათ გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე დავის შესაძლებლობა წართმეული აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მითითებული საქმე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების აღდგენისთვის, არამედ მას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს სხვა მსგავსი შემთხვევებისთვისაც, რადგან უდანაშაულბის პრეზუმპციის დარღვევის საქმეებზე ეროვნულ სასამართლოებს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა არ გააჩნიათ.
შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევისა და ამ გზით ოჯახის წევრების ღირსების შელახვის საკითხებზე, „ემც“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს დავას“, _ აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქრონიკა+“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტ თამთა მიქელაძეს ესაუბრება:
_ ქალბატონო თამთა, როგორია პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის სოციალური და ემოციური გავლენები ადგილობრივ ქისტ თემზე? რაზე ამახვილებენ ყურადღებას ადგილობრივი თემის წარმომადგენლები და, ამ მხრივ, თქვენი დაკვირვება რას გეუბნებათ?
_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ამ ხელისუფლების მიერ ხეობაში დაწყებული პოლიტიკის პარადიგმის რადიკალური და ნეგატიური შემობრუნება იყო. თუ 2012 წლიდან ხელისუფლება რეგიონის სოციალურ განვითარებაზე აკეთებდა აქცენტს და ინფრასტრუქტული, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე იყო ორიენტირებული, 26 დეკემბრის სპეცოპერაციამ, შემდგომში ხეობასთან გართულებულმა კომუნიკაციამ და ნდობის აღდგენის მცდელობის არარსებობამ შექმნილი პოზიტიური გამოცდილება დაასუსტა.
26 დეკემბრის მოვლენები ადგილობრივებისთვის პანკისის ხეობაში სპეცოპერაციებისა და რეპრესიის პოლიტიკის გამოღვიძების ნიშანი იყო, რაც, ცხადია, ადგილობრივი თემისთვის წარსულ ტრავმულ გამოცდილებას, დაუცველობას, ტერორიზმთან დაკავშირებული წარმოდგენების გაძლიერებას უკავშირდება.
წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა ადგილობრივი ქისტი თემის სოციალური ინკლუზიის, მონაწილეობისა და თანასწორი შესაძლებლობების შექმნის ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების მიდგომაზე დგას, რომელიც პანკისს განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ტერიტორიად სახავს და სხვადასხვა კონტექსტში ამ საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებასაც ახდენს.
სხვადასხვა ხელისუფლებას ხეობაში ჩატარებული აქვს დემონსტრაციულად რეპრესიული სპეცოპერაციები, რომლებსაც მსხვერპლი მოყვა, მაგრამ სახელმწიფოს ეს შემთხვევები ეფექტიანად დღემდე არ გამოუძიებია. პანკისის ერთგვარი საგანგებო მდგომარეობის ტერიტორიად განხილვა, პირველ რიგში, ადგილობრივების უსაფრთხოებასა და დაცულობაზე ახდენს გავლენას.
ამავდროულად, ადგილობრივებს მუდმივად უწევთ ტერორიზმთან დაკავშირებული წარმოდგენებისგან თავის მართლება, რაც სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელსაც პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, ასევე მედია, აქტიურად აწარმოებს.
აღნიშნული სპეცოპერაცია ასევე აჩვენებს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ხარვეზსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეუზღუდავი ძალაუფლების პრობლემაზე. სუსის მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ სხვა პოლიტიკური უწყებების, მათ შორის, შერიგების სამინისტროს, განათლების სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკა ნეგატიურად შემოაბრუნა, ისე რომ, მისი სოციალური, ემოციური და პოლიტიკური შედეგები სათანადოდ არც გაიაზრა.
სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკა დღეს მხოლოდ წესრიგზე, ხელისუფლების სტაბილურობასა და ინტერესთა დაცვაზე დგას და მთლიანად გამორიცხავს სოციალური უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ადამიანის, სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, პოლიტიკური მონაწილეობის, ინტეგრაციის ხაზზე გადის. უსაფრთხოების პოლიტიკა დღეს მხოლოდ რეპრესიისა და კონტროლის პრიმიტიული ინსტრუმენტებით ხორციელებდა და არა ანალიტიკური, პრევენციული და სოციალური, ინკლუზიაზე ორიენტირებული მიდგომებით, რაც, ცხადია, სოციალურ სტაბილურობას კიდევ უფრო აზიანებს.
არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში უსაფრთხოების სამსახურების გავლენები და მუშაობა გაუმართლებლად მაღალია. ეს პოლიტიკა არადომინანტ კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფებს რისკჯგუფად განიხილავს და აძლიერებს „ჩვენ და სხვები“ პრინციპით დაყოფას, რაც ეთნორელიგიური ნაციონალიზმის გაბატონებული იდეოლოგიის პირობებში ისედაც ძლიერია.
ცხადია, 26 დეკემბრის სპეცოპერაციამ ასევე კიდევ ერთხელ დააყენა სუს-ის ულიმიტო და უკონტროლო ინსტიტუციური ძალაუფლების პრობლემა, რომელზეც არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის კონტროლიც კი ძალიან დაბალია. სუს-ი დღეს ერთგვარი სახელმწიფოა სახელმწიფოში, ძალიან დაბალი პოლიტიკური და საჯარო კონტროლით. სპეცოპერაციის დროს სუს-ი თანადროულად ანტიტერორისტული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო კომპეტენციებით მუშაობდა, რაც, ცხადია, კონფლიქტური კომპეტენციებისა და ძალაუფლების დაუშვებელ კონცენტრაციაზე მიანიშნებს.
_ როგორ აფასებთ ხელისუფლების რეაგირებას ამ სპეცოპერაციის შედეგებსა და შემდგომ განვითარებულ საპროტესტო პროცესებზე?
_ სამწუხაროდ, პოლიტიკური ხელისუფლება სათანადოდ ვერ იაზრებს სპეცოპერაციის მძიმე სოციალურ და ემოციურ შედეგებს ხეობის მოსახლეობაზე და კომუნიკაციის გაუმჯობესების, დარღვეული ნდობის აღდგენის მიზნით ძალისხმევას არ მიმართავს. ხეობისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარ საძინებელ ოთახში, მწოლიარე მდგომარეობაში სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი განსაკუთრებული უსამართლობისა და დაუცველობის ნიშანია და უნდა ითქვას, რომ ადგილობრივების აზრი ამ საქმეზე კონსოლიდირებული და ერთიანია. ისინი უთითებენ, რომ სწორედ სიმართლის დადგენასა და დამნაშავე პირების დასჯაზე გადის ნდობის აღდგენის ხაზი. თუმცა თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს.
ხელისუფლების იგნორირების პირობებში უნდა ითქვას, რომ საზოგადოების მხარდაჭერა პანკისის მიმართ მაღალი იყო და თბილისში ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე ორგანიზაციებმა, აქტივისტურმა ჯგუფებმა მხარი დავუჭირეთ ხეობის მცხოვრებლებს. აღნიშნული მხარდაჭერა, ვფიქრობ, ხეობაში შექმნილი სასოწარკვეთისა და უკმაყოფილების ფონზე, მნიშვნელოვანი ემოციური და სოციალური რესურსი გახდა და მან დააბალანსა კიდეც პოლიტიკური ხელისუფლების უგუნურობა.
_ პანკისში განვითარებულ პროცესებზე უშუალოდ თქვენი ორგანიზაციის დამოკიდებულება როგორია?
_ ჩვენი ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს. მათ შორის, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რელიგიის თავისუფლების, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და პანკისის ხეობა, მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ხარვეზიანობის გამო, ჩვენი კვლევისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის საგანიც არის.
ჩვენი ორგანიზაცია თემირნალ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ოჯახის ინტერესებს იცავს გამოძიების წინაშე. იანვრის დასაწყისიდან ჩართულები ვართ გამოძიების პროცესში და აქტიურად ვცდილობთ სიმართლის დადგენას აღნიშნულ საქმეზე. მათ შორის, ადგილობრივი გამოძიების არაეფექტიანობის შემთხვევაში „ემც“ ოჯახთან ერთად გეგმავს საქმის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
აღნიშნულ საქმეზე ჩვენ იმთავითვე ვუთითებდით, რომ პრობლემური და უკანონო იყო სპეცოპერაციის დემონსტრაციულად რეპრესიული ფორმით დაკავების ღონისძიების ჩატარება. სუსს შეეძლო აღნიშული პირების დაკავება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დღისით, ინდივიდუალურ პირობებში. მით უმეტეს, რომ დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით არ განხორციელებულა და ის არც ანტიტერორისტული ოპერაცია ყოფილა, თუმცა სპეცოპერაციის ფორმა პოლიტიკური და არასამართლებრივი აუცილებლობით შეირჩა და ამ გადაწყვეტილების გაუაზრებელ ნეგატიურ შედეგებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
გამოძიების საწყის ეტაპზევე, სიცოცხლის უფლების ქვეშ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ვითხოვდით არა მხოლოდ სროლის განმახორციელებელი პირის, არამედ სუსის იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესწავლას, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან ოპერაციის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე და ამ პროცესში ძალადობის მინიმიზაციაზე.
სამწუხაროდ, თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმიდინარე გამოძიებას ფუნდამენტური ხარვეზები უკვე აქვს. მათ შორის, საქმეზე პრობლემურია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი _ გამოძიების პირველ ეტაპზევე არსებითი მტკიცებულებები (მათ შორის, ხელყუმბარა) ამოიღო სუსმა და არა პროკურატურამ, რამაც მათი ვალიდურობა იმთავითვე სადავო გახადა. მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღებისა და შენახვის დროს დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები (სუსის გადაწყვეტილებით ხელყუმბარა განადგურა, ავტომატის მასრა შემთხვევის ადგილიდან არ იყო ამოღებული და საბოლოოდ, როგორც გამოჩნდა, სუსის განმარტებით, იარაღს გარკვეული დაზიანება ჰქონდა და მისი ნაწილი შეიცვალა, თ. მაჩალიკაშვილის დაზიანებების დოკუმენტირება არასათანადოა, რის გამოც სროლის მანძილის სიზუსტის დადგენა შეუძლებელია და ა. შ.), ამ დრომდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს პროკურატურამ არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ოფიციალური მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზამ უკვე დაადგინა. ამასთან, არ გვაძლევენ წვდომას საქმის მნიშვნელოვან ნაწილზე (მათ შორის, სპეცრაზმელების ჩვენებები პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება, ძალის გამოყენების შიდა რეგულაციები და ა. შ.), რომელიც პროკურატურისა და სუსის ინფრომაციით საიდუმლოდ არის მიჩნეული და ინდივიდუალურ რეჟიმშიც კი არ დაუშვეს ადვოკატები.
ჩვენ სამოქალაქო სარჩელი წარვადგინეთ საქალაქო სასამართლოში სუსის წინააღმდეგ, სადაც უწყების მიერ თ. მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეცუმპციის დარვევაზე ვდაობთ. იმ პირობებში, როდესაც ოჯახს გამოძიების ფარგლებში მათი შვილის ბრალეულობაზე დავის შესაძლებლობა არ გააჩნია, აღნიშნულ სამოქალაქო დავას დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებისა და ვარაუდზე დათქმების გარეშე, სუსის მიერ თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ გამოცხადების პრობლემის აღმოსაფხვრელად.
_ კიდევ გეგმავენ თუ არა ადგილობრივები აქციების ჩატარებას და ამან რამდენად შეიძლება, შედეგი მოიტანოს?
_ ადგილობრივი მოსახლეობა იმთავითვე სიფრთხილით, გონიერებითა და პოლიტიკური სიბრძნით ეკიდებოდა შექმნილ მძიმე სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მათი უკმაყოფილების გამოვლენის ფორმები ასევე გონიერი იქნება.
_ გამოსავალი სად არის, რომ კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპები დაცული იყოს?
_ უპირველესად, ეს არის თ. მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტიანი, დროული და სამართლიანი გამოძიება და პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და სპეცრაზმელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ადგილობრივების თქმით, სწორედ სიმართლის დადგენაზე გადის დაზიანებული ნდობის აღდგენის ხაზი. სიმართლის დადგენა არა მხოლოდ პასუხისმგებელი პირების დასჯის, არამედ მათი სიცოცხლისა და უფლებების აღიარების ინტერესით არის განპირობებული.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ხეობასთან ნდობის შემობრუნების პოლიტიკა დაგეგმოს ხელისუფლებამ, რომელიც, პირველ რიგში, ხეობის განვითარებას, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის თანასწორი, უსაფრთხო და სოციალურ ინკლუზიაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას გულისხმობს და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურ უწყებებს საკმარისი გონიერება ეყოფათ, დროულად იფიქრონ შექმნილი მდგომარეობის პოზიტიურ ტრანსფორმაციაზე.
გელა მამულაშვილი