სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბანკროტია. ექვსი წლის თავზე არც ერთი გახმაურებული საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის. მეტიც, მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები ძალოვან უწყებებში დააწინაურეს.
გორიდან თბილისში სუსის სპეცრაზმის უფროსად გადმოიყვანეს პირი, რომელიც გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად „ხარება“, აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზეც ეჭვმიტანილია, მაგრამ ცხადია, გამოძიება ამ მიმართულებით ამ დრომდე არაფერს ამბობს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხარება სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურის პროტეჟე და ახლო მეგობარია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ხარაზიშვილი გომელაურს წარსულით აშანტაჟებს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ არსებობს კონკრეტული პირი, რომელმაც კარალეთის ბაზაზე ხარაზიშვილის გომელაურთან არცთუ სასიამოვნო საუბარი მოისმინა.
ასევე „ოცნების“ ხელისუფლების დროს დაწინაურდა კიდევ ერთი პირი, გურამ შარაძის ძმისშვილი, ნიკა შარაძე, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, მუხროვანის ბაზაზე მომხდარი აჯანყებისას ვანო მერაბიშვილის გვერდით ჩანს ცნობილ კადრში, სადაც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს. გავრცელებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ მინისტრი მხოლოდ ახლო გარემოცვასთან ერთად განიხილავს აჯანყებულების აყვანის სპეცოპერაციის დეტალებს, ნიკა შარაძის იქ ყოფნა კი ავტომატურად ნიშნავს, რომ გურამ შარაძის ძმისშვილი ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.
2007 წლის 20 მაისს აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით მოკლეს. ყოფილი პარლამენტარის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, თუმცა აკადემიკოსის ოჯახის წევრები და საზოგადოების დიდი ნაწილი გურამ შარაძის მკვლელობის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, გახმაურებული საქმის გამოძიებას ითხოვდა. რა მოტივაცია ჰქონდა გიორგი ბარათელს, მოეკლა ცნობილი მეცნიერი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოძიებას არც წინა ხელისუფლების დროს უცდია.
მიმდინარე წლის 10 აპრილს რუსუდან შარაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ამ დრომდე არ გახმაურებულა.
პრესკონფერენცია ტელევიზიებით არ გაშუქებულა. რუსუდან შარაძე მიიჩნევს, რომ მის დაბლოკვაში სუსის ხელი ურევია და კონკრეტულად სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილს ასახელებს.
„ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ რუსუდან შარაძის პრესკონფერენციის სტენოგრამას:
„ერთი წლის წინ, 2017 წლის მარტში, ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი, დღეს არ ვასახელებ მის ვინაობას. ის მთელი საქართველოსთვის ცნობილი პიროვნებაა. მეგობარმა შარშან მითხრა, რომ არსებობდა მოწმე, დათა ახალაიას დროინდელი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას არაერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის, მამაჩემის მკვლელობაზე. მოწმეს ჰქონდა მტკიცებულებები აუდიო და ვიდეო ჩანაწერების სახით.
მეგობარმა მითხრა, რომ მან ეს ყველაფერი დიდი ხანია იცის, უჩემოდ მოსინჯა ყველა გზა, რადგან არ სურდა ჩემი ამ საქმეში ჩართვა. მეგობარს იმედი ჰქონდა, რომ შესაბამის ორგანოებს მოაპოვებინებდა ამ მტკიცებულებებს და მხოლოდ მაშინ მეტყოდა, როცა ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.
მართლაც, მან ბევრი იბრძოლა ამისთვის, პირველ რიგში დასვა ეს მოწმე კამერის წინ ღიად და ნებაყოფლობით ალაპარაკა ყველაფერზე. ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც მოწმე საუბრობს, თუ რა იცის და რა მტკიცებულებების წარმოდგენა შეუძლია, 56 წუთი გრძელდება. მე ეს ჩანაწერი იმ დღესვე გადმომცა მეგობარმა.
რას ამბობს მოწმე?
ის ყვება ხუთ ამბავს. დღეს თავს შევიკავებ სხვა საქმეების დასახელებისგან, რადგან ზოგიერთ მათგანზე მიმდინარეობს გამოძიება და ვერ ჩავერევი. ჯერჯერობით, მოგახსენებთ იმაზე, რაც მამაჩემს შეეხება. მოწმის თქმით, ის არის მონაწილე საუბრის, რომელიც შედგა სააკაშვილის ხელისუფლების დროს გურამ შარაძის მკვლელობიდან მალე. ამ საუბარს ესწრებოდნენ თავად ეს მოწმე, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ და კუდის რამდენიმე თანამშრომელი. მოწმის თქმით, მას აქვს ამ საუბრის აუდიო ჩანაწერი. ზემოაღნიშნული პირები ერთმანეთში საუბრობენ, თუ როგორ მოიშორეს „პროფესორა“, რაც მათ ე. წ. პირველმა დაავალა.
ჩანაწერში ისმის შეკითხვა, _ შემსრულებელი ხომ არ შექმნიდა პრობლემას? რაზეც პასუხი უარყოფითია.
რაც მთავარია, ჩანაწერში დასახელებულია „პროფესორას“ მკვლელის მეტსახელი.
მოწმის თქმით, ამ საუბრის აუდიოჩანაწერი სხვა მასალებთან ერთად გადამალული აქვს საზღვარგარეთ (ქვეყანას არ ვასახელებ) და თუ მას დაუკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს, მზად იყო, ჩამოეტანა ყველაფერი და გადაეცა ხელისუფლებისათვის. ამასთან, მოწმე მზად იყო, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და გამოსულიყო სასამართლოს წინაშე.
კიდევ რთხელ დავაზუსტებ, რომ ამ ყველაფერს მოწმე ამბობს 56-წუთიან ჩანაწერში ღიად და ნებაყოფლობით და მე ამის შესახებ ვიცი ერთი წლის წინ, მეგობრის მეშვეობით.
რას ითხოვდა მაშინ მოწმე?
უხეშად რომ ვთქვათ, მოწმეს უნდოდა საქართველოში თავისუფლად ცხოვრება, ხელშეუხებლობა, უსაფრთხოების გარანტიები და ფინანსური კეთილდღეობა, ოღონდ თანახმა იყო, ეს ყველაფერი მიეღო მას შემდეგ, რაც მისი მასალების ვარგისიანობა დადასტურდებოდა. ხაზს ვუსვამ _ ვარგისიანობა დადასტურდებოდა.
როგორც ვთქვი, ეს 56-წუთიანი ვიდეოჩანაწერი ჩემმა მეგობარმა ჩვენი შეხვედრის დღესვე გადმომცა, მანვე მითხრა, რომ სანამ ჩემამდე მოვიდოდა, ყველა გზა მოსინჯა.
რა გააკეთა ჩემმა მეგობარმა?
ბუნებრივია, თავდაპირველად მას ეჭვი გაუჩნდა, მართლა ჰქონდა თუ არა მოწმეს ჩანაწრები და ხომ არ იტყუებოდა, რადგან ეს მოწმე გახლავთ ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი და დათა ახალაიასთან დაახლოებული პირი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოწმემ გამოთქვა სურვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ჩემმა მეგობარმა მოწმე მიიყვანა ხელისუფლებასთან და წარუდგინა 56-წუთიანი ჩანაწერი.
მას შეჰპირდნენ, რომ ყველაფერს დაადგენდნენ, თუმცა შემდგომ წავიდა დროის მოგების პოლიტიკა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა ჩემი მეგობარი ჩემთან და მიამბო ეს ამბავი და გადმომცა ჩანაწერი. ის ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო თავისი სინდისის და მამაჩემის ხსოვნის წინაშე, ასევე ჩვენი მეგობრობის გამო.
ალბათ გაინტერესებთ, ვინ არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ბლოკავენ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს?
ეს გახლავთ სოსო გოგაშვილი _ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
მე არ ვიცი, ვის ბრძანებას ასრულებს გოგაშვილი. მე ამის მტკიცებულება არა მაქვს, შეგვიძლია, არაერთი ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ ფაქტია, მტკიცებულება რაც ხელში მაქვს და ვისზეც დარწმუნებით შემიძლია ვილაპარაკო, ეს არის სოსო გოგაშვილი.
მეტი რა უნდა ექნა ჩემს მეგობარს? მოქალაქეს, კერძო პირს? მან მოიპოვა მოწმე, ნებაყოფლობით ალაპარაკა კამერის წინ, შემდეგ ეს ყველაფერი ჩააბარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამის შემდეგ ლოგიკურად სუსს ყველაფერი უნდა ეღონა, რომ მოეპოვებინა ეს მასალები ან გაექარწყლებინა ეჭვები და დაემტკიცებინათ, რომ მოწმე ტყუის.
შარშან, როცა ჩემი მეგობრისგან ეს ყველაფერი პირველად გავიგე, შევხვდი ჩემს ბიძაშვილს ნიკა შარაძეს, რომელიც არის სუსის მაღალჩინოსანი. მას გადავეცი 56-წუთიანი ვიდეო და ვთხოვე დახმარება.
რა ხდება ამის შემდეგ?
როგორც კი სოსო გოგაშვილი იგებს, რომ ჩემთვის ეს ამბავი ცნობილია, სუსის ორი თანამშრომელი მიდის მოწმესთან, აშინებენ და აშანტაჟებენ მას.
ამის შემდეგ კატეგორიულად მოვითხოვე სოსო გოგაშვილთან შეხედრა, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არაფრით დამთანხმდა.
ასე მოვაღწიეთ გასული წლის ივნისამდე. მაშინ შევუთვალე, რომ დამელოდოს, სანამ კამერებითა და ჟურნალისტებით მივაკითხავდი.
რა რეაქცია აქვს ამაზე გოგაშვილს?
იმის მაგივრად, შემხვდეს და ასე მარტივად დაამტკიცოს, რომ მოწმე არის მატყუარა, ურეკავს ჩემს მეგობარს ტელეფონზე და ისტერიულად სთხოვს პასუხს, თუ რატომ გამაგებინა მან ეს ამბავი მე. გოგაშვილისთვის გურამ შარაძე არის გურამა, ხოლო მე ანუ „ეს ქალი“ „ვერა ვარ“ და ა. შ.
სოსო გოგაშვილის და ჩემი მეგობრის საუბრის ჩანაწერი გრძელდება 25 წუთი. თუ იქამდე ვეჭვობდი, რომ ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული ძალები ბლოკავენ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებას, ამ ჩანაწერმა საბოლოოდ გამიმყარა ეს ეჭვი. ამის შემდეგ მე წავედი პროკურატურაში, მივეცი ოფიციალური ჩვენება და გადავეცი 56-წუთიანი ვიდეო. გოგაშვილზე მაშინ მხოლოდ სიტყვიერად მოყოლას დავჯერდი. პროკურატურამ დაიბარა ჩემი მეგობარი და მოწმე. დღეს სამივეს _ მოწმეს, ჩემს მეგობარს და მე გვაქვს ჩვენება ოფიციალურად მიცემული და გურამ შარაძის საქმეში დევს 56-წუთიანი ჩანაწერი, სადაც მოწმე საუბრობს მის ხელთ არსებულ მასალებზე. ამ ეპიზოდზე გამოძიება დაიწყო.
ასე მოვაღწიეთ გასული წლის შემოდგომამდე იმ იმედით, რომ რამე შედეგს მივაღწევდით, მაგრამ არაერთი ფაქტის გამო კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ ხელს მიშლიდა და ამიტომ სოსო გოგაშვილს შევუთვალე, ნუ იქნებოდა მშვიდად, რადგან მე ხელთ მქონდა მისი და ჩემი მეგობრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
აქ მოხდა ძალიან საინტერესო რამ _ სოსო გოგაშვილმა დაიწყო შუამავლების გამოგზავნა, შორიდან რომ ვერ მომიდგა, გადავიდა უახლოესი ადამიანების გამოგზავნაზე.
რა ხდება დღეს?
პროკურატურა იძიებს საქმეს კეთილსინდისიერად, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ სუსი მაინც არ ისვენებს, მოწმე შეშინებული და დაშანტაჟებულია, რომელიც ამასობაში გავიცანი და არაერთხელ შევხვდი. ის ამბობს, რომ დაიწვას ის დღე, როდესაც ჩემს მეგობართან მივიდა. იგონებს ათასგვარ მიზეზს, რომ ეს საქმე დროში გაიწელოს. მოწმის მონდომების გარეშე რა უნდა ქნას გამოძიებამ?
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუსი და სოსო გოგაშვილი მანიპულირებენ მოწმით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი და ამას ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩანაწერების არსებობაში პროკურატურას დღეს ეჭვი არ ეპარება.
ახლა სოსო გოგაშვილის არგუმენტი იქნება, რომ ეს მოწმე არის თაღლითი, უნდა პირადი კეთილდღეობა და ვაჭრობა, იტყვის იმასაც, რომ მოწმე ითხოვს უკანონობას. ამაზე ჩემი პასუხი იქნება, რომ, ჯერ ერთი, საქმეებში, რომლის მონაწილეც გახლავთ ეს მოწმე, მხოლოდ მსგავსი ადამიანები იქნებოდნენ ჩართულნი, პატიოსანი კაცი დათა ახალაიას დროს კუდის თანამშრომელი ვერ იქნებოდა, ისევ ასეთი ხალხისგან თუ გავიგებთ დღეს სიმართლეს. პირადად მე მამაჩემის მკვლელობის საქმეში მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. მეორე და მთავარი _ ვთქვათ, მოწმე მართლაც ითხოვდა უკანონოდ რამეს, ამ დროს სუსმა რა უნდა ქნას? უკანონო ხარ შენ, ვერ მოგცემ, რაც გინდოდა და ამიტომ კარგად იყავიო, უთხრას და დაემშვიდობოს. თურმე, მე უნდა ვენდო სიტყვაზე სოსო გოგაშვილს, რადგან მას ასე ჰგონია და ხვაგვარად ვერ წარმოუდგენია. მიჩნდება კითხვა, _ ნუთუ ეს ნორმალურია? მეტ დეტალებს დღეს აღარ მოვყვები. ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება, მივდივარ დათმობაზე, არ ვაქვეყნებ არც მოწმის 56-წუთიან ვიდეოს და არც გოგაშვილისა და ჩემი მეგობრის სატელეფონო აუდიოჩანაწერს, არ ვასახელებ მოწმისა და ჩემი მეგობრის ვინაობას. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ჯერ კიდევ მაქვს იმედი პროკურატურის, რომელსაც ვენდობი და ხელს არავინ შეუშლის. ჩვენ ყველაფერი მივეცით, მივუყვანეთ მოწმე, გამოვუცხადეთ ნდობა, ეს საქმე უკვე გახმაურებულია, ჩემს ირგვლივ ამის შესახებ იცის ყველამ.
ახლა რას ვაპირებ?
რასაც აქ ვყვები, ამას მივცემ ჩვენების სახეს, დავამატებ კიდევ სხვა დეტალებს და მასალებს, რაზე საუბრისგან ჯერ კიდევ თავს ვიკავებ. ამას დავურთავ გოგაშვილის სატელეფონო ჩანაწერს, რომლის შესახებაც პროკურატურამ ჩემგან სიტყვიერად იცის და ოფიციალურად შევიტან მთავარ პროკურატურაში. მოვითხოვ სოსო გოგაშვილის დაკითხვას, დაამტკიცოს, რომ ეს არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ეს არაფერი არაა.
ამას იმიტომაც გავაკეთებ, რომ მსურს, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სამუდამოდ დარჩეს ეს ისტორია.
ახლა ვსვამ კითხვებს, თუ მოწმე არის მატყუარა, რა უნდოდა ამის დამტკიცებას?
რატომ ნერვიულობს გოგაშვილი?
რატომ მომიგზავნა შუამავლები?
რატომ არ შემხვდა? რატომ არ უნდა იმის ახსნა, რომ მოწმე ტყუილს ამბობს?
და მთავარი კითხვა, _ რატომ არ უნდა გამეგო ეს ამბავი მე, შვილს?
მით უფრო, თუ ტყუილია, რა აქვს სანერვიულო გოგაშვილს, მთელ 25 წუთს რომ უთმობს იმის გარკვევას, რატომ მითხრა ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მე? რატომ უნდა დაემალა? ამით რა გაფუჭდა?
რომ დავებარებინე და ადამიანურად დავერწმუნებინე, რომ მოწმე ტყუის, მე რას ვიზამდი?
ბოლოს, რატომ ვერ ვარ?
თავიდან მის უწყებასთან მე ხომ მშვიდობიანად დახმარების თხოვნით მივედი? მე ხომ მხოლოდ მას შემდეგ მოვითხოვე კატეგორიულად პასუხი, რაც მოწმის დაშინება და დაშანტაჟება დაიწყეს? ამ ყველაფრის მიხედვით, რაც გიამბეთ და ჩათვალეთ, რომ კიდევ ბევრი დავაკელი, ვეკითხები გოგაშვილს, _ ვინ უფრო ვერ არის, მე თუ თქვენ?
გააქარწყლეთ ჩემი საფუძვლიანი ეჭვები და ამით მხოლოდ მოხარული დავრჩები.
ბატონო სოსო, მე თქვენთან არაფერი მაქვს გასაყოფი, მით უმეტეს, საბრძოლო. ხელს ნუ შეუშლით და პირიქით, დაეხმარეთ პროკურატურას გამოძიებაში. თუ გნებავთ, მე, ჯერ კიდევ, მზად ვარ შგხვდეთ. დამაჯერეთ თქვენი სიმართლე და დაგიჯერებთ.
რუსუდან შარაძე
10 აპრილი, 2018 წელი“
ეს არის რუსუდან შარაძის პრესკონფერენციის სრული სტენოგრამა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მეგობარი, რომელმაც რუსუდან შარაძეს მოწმის 56-წუთიანი ვიდეოჩანაწერი გადასცა, კახა მიქაიაა. მასვე დაურეკა ტელეფონით სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილმა. აღნიშნული საკითხის გასარკვევად „ქრონიკა+“ კახა მიქაიას დაუკავშირდა. მან კატეგორიულად უარყო როგორც სოსო გოგაშვილთან საუბრის, ისე ჩანაწერის არსებობის ფაქტიც.
„ქრონიკა+“ ასევე გასულ წელს სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი, თავის დროზე, კუდის აგენტი იყო და ის მისმა მეზობელმა, კუდის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა, გოგიტა პაპაშვილმა გადაიბირა. ის ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში და მეუფე იობთან იყო ჩანერგილი. მისი უშუალო მონაწილეობით დააკავეს ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილეები. ეს ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ლიდერებმა დავით შუკაკიძემ და ჯემალ გუნდიაშვილმა სატელეფონო საუბარშიც დაუდასტურეს (აუდიოჩანაწერი „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა). ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას სოსო გოგაშვილი სწორედ ყოფილი პატრონების დავალებით უშლიდეს ხელს.
„ქრონიკა+“ მზადყოფნას გამოთქვამს, უცვლელად გამოაქვეყნოს ყველა მასალა, ყველა მხარის პოზიცია, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება.
ელისო კილაძე