QronikaPlus
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩაბუქს დევნილის სტატუსზე უარი ეთქვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩაბუქს დევნილის სტატუსზე უარი ეთქვა

2018-02-03 06:48:22

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. მანამდე, დევნილის სტატუსზე უარი ჩაბუქს ლტოლვილთა სამინისტრომ უთხრა. ეს ადვოკატებმა ჯერ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, საქალაქოს უარი კი უკვე – შემდგომ ინსტანციაში. სააპელაციო ეტაპზე ადვოკატებს სხვა მოლოდინი ჰქონდათ. მათ სხდომაზე მიიტანეს ახალი მტკიცებულება _ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ის ანგარიში, რომელშიც საუბარია, რომ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებები ირღვევა და სწორედ ამიტომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება შესაძლოა, სახიფათო იყოს. ამ თემაზე „ქრონიკა+“ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს, ვახტანგ კვიჟინაძეს ესაუბრება: _ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით და ამაში ორი აზრი არც შეიძლება იყოს. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ როგორც ადვოკატები ვიცავთ ამ ადამიანს, არამედ სასამართლოზე მთელი რიგი მტკიცებულებები უგულებელყვეს. საუბარია მტკიცებულებებზე, რომელიც მოპოვებულია არა, ვთქვათ, სუბიექტურად განწყობილი ადვოკატის, ან მოწმეების მიერ, არამედ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა თურქეთის შესახებ, რომელიც სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება. მეორე მხრივ, ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ არაფერი ყოფილა წარმოდგენილი, პროცესზე მათი შესაგებელიც კი არ ყოფილა. არათუ ეს, რაღაც ფურცელზე დაწერილი საწინააღმდეგო პოზიციაც კი არ მოუტანიათ. _ ამას რას უკავშირებთ? _ როგორც იურისტი, არასოდეს ვცდილობ, რომ პოლიტიკაში ჩავერიო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. ამას სხვა ვერაფერს დავუკავშირებ. _ „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც თქვენ ბოლო სასამართლო პროცესზე წარადგინეთ? _ „ჰუმან რაითს ვოჩის“ დასკვნა მთლიანად ეყრდნობა იმ კვლევებს, რომელიც მათმა წარმომადგენლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკაშიც ჩაატარეს. ამ მსოფლიო დასკვნიდან ამოღებულია თურქეთის ნაწილი, რომელიც საქმეს დავურთეთ და მტკიცებულების სახით სასამართლოზე წარვადგინეთ. სასამართლომ ეს მტკიცებულება მიიღო, მაგრამ ესეც ყურადღების მიღმა დარჩა და, ჯერჯერობით, ამ ჭრილში სათანადო რეაგირება ვერ ვნახეთ. მაგრამ ეს ორგანიზაცია იმიტომაც არის ავტორიტეტული და მსოფლიო მნიშვნელობის, რომ მსგავს დასკვნებს ჰაერზე არ წერს და რეალურ სიტუაციას ასახავს. _ ამის გათვალისწინებით, რა ელის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს გადაცემის შემთხვევაში? _ უპირველესად, მის მიმართ წაყენებული ბრალი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ადამიანი ორი წლის განმავლობაში თურქეთში არ ყოფილა და საქართველოში, რეალურად, დაქირავებული პერსონალია. თანამშრომელია, რომელიც ამ სკოლის მენეჯერად დანიშნეს, ამით გარკვეული მმართველობითი ფუნქციით აღჭურვეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი პარტნიორი წილს ყიდის და მეორე პოტენციური პარტნიორი აღნიშნულ წილს ყიდულობს. აღნიშნულმა პიროვნებამ მფლობელის ეს გადაწყვეტილება აიღო და რეესტრში მიიტანა, მეტი არაფერი ჩუდენია. ეს იგივეა, თქვენ რომ ბინას ყიდდეთ და ამისთვის ადვოკატი გყავდეთ აყვანილი. მოკლედ, ადვოკატმა ეს თქვენი გადაწყვეტილება რომ აიღოს და საჯარო რეესტრში მიიტანოს, ეს შეიძლება ადვოკატის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვალოს? რადგან თურქეთიდან ბრალდება მტკიცებულებების გარეშეა გადმოგზავნილი, ეს უკვე ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებებია. ამ სკოლების მუსტაფა გიულენთან ასოცირების გამო (მის იდეებს იზიარებსო), პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების ნათელ მაგალითთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფერს კი რეალურ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. იმ კვლევებში კი პირდაპირ აღნიშნულია, რომ პიროვნებები, რომლებიც მსგავსი ბრალდებით დაკავებული არიან (გიულენთან არა კავშირში, არამედ, ვთქვათ, მის იდეებს რომ იზიარებდნენ და მიმდევრებად იყვნენ შერაცხულები), მათ მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება. სწორედ ამ კვლევებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა ერთად ვამბობთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისი ექსტრადირების შემთხვევაში სწორედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე არსებობს და ის სავსებით რეალურია. ამიტომ მას ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რაც არსებულ საფრთხეს თავიდან ააცილებს. _ სააპელაციომ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო? _ რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ისეთი ღირებულებაა, რასაც თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირი ჰქვია და, ალბათ, ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობა გაურთულდებათ. ეს სწორედ ის პოლიტიკური სარჩულია, რომელიც საფუძვლად უდევს როგორც ჩაბუქის დაკავებას, ისე მის საქმიანობას. _ რას აპირებთ? _ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ უკვე ამოვწურავთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ. _ არასამთავრობოების ნაწილი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს... _ ამის მიმართ დადებითის გარდა სხვა დამოკიდებულება ვერ გვექნება, რადგან მოქალაქეობის მინიჭება, პრაქტიკულად, გამორიცხავს სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. შესაბამისად, მივესალმებით ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ დაუშვას მისი ექსტრადირება თურქეთში, სადაც ის პოლიტიკური დევნისა და წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. „თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარი, რომელიც აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა. „ემც“ (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) იმთავითვე უთითებდა, რომ სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის გამყარებული ინდივიდუალური საქმის სათანადო შემოწმების შედეგებით, ობიექტური მტკიცებულებებითა და წარმოშობის ქვეყანაში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის რეალისტური შეფასებით. მათ შორის, ტექსტში არ არის მითითებული და გაბათილებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებაში გამოყენებული ძირითადი არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია. აღნიშნულის მტკიცებისას სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უართან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში ემც-იმ საქმეზე წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა ქვეყნების სასამართლოების რელევანტურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, მიმოხილულია ის სამართლებრივი სტანდარტები, რომელთა არსებობა არსებითია ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევისთვის. ემც-ის შეფასებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესი ასოციაციური და პოლიტიკური დევნის, დისკრიმინაციისა და თვითნებობის მაღალ რისკებს შეიცავს. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ემც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკული ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მიმოხილვას, რომელიც თურქეთში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების დევნის პროცესსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას აჩვენებს. ამასთან, ემც-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია საქართველოში ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ბოლო წლის განმავლობაში გამოვლენილი უკანონო ქმედებები, მათ შორის, შაჰინისა და დემირელის სკოლების დახურვის ფაქტები, რაც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის პროცესთან ერთად, მთლიანობაში აჩვენებს საქართველოს მთავრობის დისკრიმინაციულ პოლიტიკას ჩაღლარის სკოლებისა და იქ დასაქმებული ადამიანების მიმართ. ემც მომავალშიც განაგრძობს სამართლებრივი და საადვოკაციო გზებით მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მხარდაჭერას“, _ აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში. ამ ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგსა და მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს. ქართველმა სამართალდამცველებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ოჯახის წევრები, მათზე განხორციელებული მუქარის გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც. ექსტრადაციის შემთხევაში დიდია რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლოა, წამების მსხვერპლი გახდეს. სამწუხაროდ, ჩაბუქის მიმართ განხორციელებული ქმედებები დემირელის სკოლის სხვა მასწავლებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არაპირდაპირი გზავნილია და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ საქართველოს ტერიტორიაზე. დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 24 წელია, ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს (დღემდე 30 000-მა მოსწავლემ და სტუდენტმა დაამთავრა ეს სასწავლებლები, ბევრმა მათგანმა არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოუტანა საქართველოს წარმატება) მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით. მათი ნაწილი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის უკვე გახდა საქართველოს მოქალაქე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომელთაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი, გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე“, _ ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, მედიის განვითარების ფონდი, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, „საზოგადოება და ბანკები“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“.

გელა მამულაშვილი

 

გაზიარება