QronikaPlus
„თუ ის ჩატაევია, ჩვენი რეპუტაცია შეირყევა და გაჩნდება კითხვა: როგორ შემოუშვით, ხომ არ გეძინათ?“

„თუ ის ჩატაევია, ჩვენი რეპუტაცია შეირყევა და გაჩნდება კითხვა: როგორ შემოუშვით, ხომ არ გეძინათ?“

2017-12-01 11:56:12

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია მოსახლეობის დამოკიდებულება. გაჩნდა ეჭვები, რომ მსგავსი ტერორისტული აქტი მოსალოდნელია განმეორდეს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებზე, როგორიც არის მატარებლის სადგური, აეროპორტი, მეტრო და სხვა ტიპის თავშეყრის ადგილები. მიუხედავად მსგავსი მოლოდინებისა, სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები. ბათუ ქუთელია _ საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში: _ ზოგადად თუ შევაფასებთ, ჩემი აზრით, საქართველოს პირდაპირი ტერორისტული საფრთხე არ ემუქრება. მაღალი ალბათობით, ეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დღის წესრიგში არ დგას. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს, რომ შეიძლება რაიმე მსგავსი მოხდეს, მაგრამ ძირითადი საფრთხე, რაც პირდაპირ ისლამურ ტერორიზმთანაა კავშირში, არის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ტრანზიტისთვის და თუ ამ პირობებში ეფექტიანდ ვერ მოხერხდა ამ სატრანზიტო მიმოსვლის აღკვეთა, საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიადგება, თან ჩვენ ვართ ანტიტერორისტული კოალიციის წვრი და ბუნებრივია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რომ ჩვენი ტერიტორია პირდაპირ ან ირიბად არ იყოს გამოყენებული ტერორისტული აქტივობებისთვის. შესაბამისად, ეს არის მთავარი საფრთხე და კიდევ უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეს თუ მივუდგებით, საქართველოში თუკი რაიმე ტერორისტული აქტიურობის საფრთხეა, ეს დაკავშირებულია უფრო მეტად რუსეთთან, ვიდრე ისლამურ სახელმწიფოსთან. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რუსეთი ცდილობს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს ეს ვითომ ისლამური ტერორიზმი, რეალურად კი თვითონ იყოს ამ ტერორისტული საფრთხეების უკან. _ დღეს თუ არის იგივე საფრთხე საზოგადოების თავშეყრის ადგილას, ან თუნდაც სკოლებსა თუ ბაღებში? _ ისლამური მხრიდან ორკესტრირებული ასეთი საფრთხის წინაშე, დიდი ალბათობით, არ ვდგავართ (თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება), მაგრამ თუკი რაიმე მსგავსი იგეგმება, ან მოხდა, მგონია, რომ ამის უკან რუსეთი შეიძლება იყოს და ეს შექმნილი მდგომარეობა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს სტაბილური იმიჯი შელახოს. _ ამ ეტაპზე რა გავლენა იქონია უკვე მომხდარმა ფაქტმა ქვეყნის იმიჯზე? _ სამწუხაროდ, ის კომუნიკაცია, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა (ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვგულისხმობ), ძალიან არადამაკმაყოფილებელი იყო, რამაც უკვე ზიანი მიაყენა საქართველოს იმიჯს და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასაც. ამის დადასტურებაა, თუნდაც, ისიც, რაც საერთაშორისო პრესაში ხდება. გაურკვევლობაა: ანუ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად გაუმართავი იყო. სამომავლოდ, უკვე გამოძიების პროცესში თუკი ხელისუფლებას არ ექნება კარგად ჩამოყალიბებული კომუნიკაცია, ასევე, თუკი გამოძიება საერთაშორისო სტანდარტებით არ იმოქმედებს, რომ გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ, მაშინ, ბუნებრივია, ქვეყნის იმიჯს ეს გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებს და ამ კუთხით ქვეყნის იმიჯი პირდაპირვე აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე. _ თავისთავად, უსაფრთხოების ხარისხი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც. _ ბუნებრივია, თუკი ქვეყანაში ასეთი საფრთხეებია, ეს ეკონომიკაზეც აისახება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პირდაპირ არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე და თუკი იგი შემცირდა, ეს შეასუსტებს ჩვენს ეკონომიკას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება, რაც, ჯამში, დაასუსტებს სახელმწიფოს და სუსტი სახელმწიფო უკვე ძალიან მარტივი სამიზნეა იმ ჰიბრიდული გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ახლა დღის წესრიგში დგას საქართველოს მთავრობის კოლექტიური პოლიტიკური პასუხისმგებლობა, აქ ერთი ინსტიტუტის პასუხისმგებლობა გამორიცხულია. საბოლოოდ, ამ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე ტერორისტული აქტის განხორციელება მაინც დაბალალბათურია. ჩემი აზრით, ეს იყო დერეფნის ოპერაციის ფაქტორები, რაც გამოსაძიებელია. ჩანს, საქმე არ წავიდა ისე, როგორც მის ავტორებს ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ამ ინციდენტის ყველა კონკრეტული კომპონენტია გამოსაძიებელი, ეს კი ძალიან ბევრია და ასევე უამრავი შეკითხვაა, რომლებზეც პასუხები არ გაგვაჩნია. თორნიკე შარაშენიძე _ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში: _ ესენი არიან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, რომლებიც, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეები გახლავან. ისინი შეეცდებიან გადავიდნენ რუსეთში და საქართველო დერეფნად გამოიყენონ. ჩვენ ფედერალური სავიზო რეჟიმი გვაქვს. ამ ეტაპზე, ეს საქმე დგას დღის წესრიგში და რამდენად იქნება მათი სამიზნე უშუალოდ საქართველო, ეს რთული სათქმელია, მაგრამ, თავისთავად, ის, რომ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას შეეცდებიან, ეს პრობლემურია. არ მგონია, მათ საქართველოს წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელება უნდოდეთ, ეს ნაკლებად სჭირდებათ. ტერაქტის მოწყობა, როგორც წესი, უფრო შურისძიების გამო უნდა უნდოდეთ, რადგან, როგორც იცით, რუსეთმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ისლამური სახელმწიფოს განადგურებაში. რაც შეეხება უშუალოდ ტერორისტის ვინაობას, თუ იგი ნამდვილად ჩატაევია, რისი დიდი ეჭვიც უკვე არსებობს, ძალიან სერიოზული პრობლემა გვექმნება, _ როგორ და რატომ შემოუშვეს ის ქვეყანაში კიდევ ერთხელ მას შემდეგ, რაც ჩაიდინა და თუ დადასტურდა, რომ ჩატაევია, მსოფლიოს თვალში ეს ყველაფერი საგრძნობლად შეარყევს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. გაჩნდება კითხვა, _ ხომ არ გეძინათ?!“

ნინო ტაბაღუა

გაზიარება