დღეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხონის ყოფილ გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ბობოხიძეს. თანაგუნდელების გასამართლებას შეფასებას აძლევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი თევდორაძე:
„ - ეს არის ტიპიური და კლასიკური მაგალითი შერჩევითი სამართლის, მაშინ როცა ქვეყანაში მართლაც სერიოზული კორუფციის მასშტაბზეა საუბარია, ბევრი ფაქტია გამოუძიებელი, პრატკიულად ყურითმოთრეული ფაქტებითა და არგუმენტების გარეშე მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა ზურაბ ჯიბუხაიასა და ლევან ბობოხიძეს. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ სასამართლო სისტემა პროკურატურასთან ერთად არის ეფექტური იარაღი მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის ხელში. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება, ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოცნებას დაასრულებს საქართველო და ზურა ჯიბუხაია და ლევან ბობოხიძეც გათავისუფლდებიან, რადგან უდანაშაულოები არიან და მსგავსი დაჭერები, ციხეებში ჩვენი თანაგუნდელების ჩასმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არათუ დაასუსტებს, პირიქით გააძლიერებს და ჩვენი ძალის, მართლა უნდა ეშინოდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმს!“
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით: „2014 წლის 28 მარტს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას. კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით, მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.
აღნიშნული ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით - 93,299 მ3, 12 580,69 ლარად ღირებულების ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი.
გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრეფდა, რომელიც თითქოსდა უნდა მოხმარებოდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რეალურად კი თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ.
ამდენად, ლევან ბობოხიძე თაღლითურად დაეუფლა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, რითაც არსებითად შეილახა ზემოხსენებულ პირთა კანონიერი ინტერესი.“