QronikaPlus
სკანდალი - სექსუალური ძალადობის იმიტაცია 12 წლის მოზარდზე!

სკანდალი - სექსუალური ძალადობის იმიტაცია 12 წლის მოზარდზე!

2014-11-07 07:00:34

რა მოხდა ძვირადღირებულ კერძო სკოლაში? რატომ წავიდა სკოლიდან ქართულის მასწავლებელი? რამ აიძულა მეშვიდეკლასელი მოსწავლის დედა, შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანა? „ქრონიკა+“-ს ბრიტანული ცენტრი _ წმინდა ნიკოლოზის სკოლის ყოფილი მოსწავლის დედა, თამარ ჟ... ესაუბრა: _ ჩემი ლ...ა 12 წლისაა. იმედია, დედის ტრაბახში არ ჩამომართმევთ, თუ გეტყვით, რომ თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ნაკითხი და განვითარებული ბავშვია. ორი წლისაც არ იყო, რომ წიგნების კითხვა და წერა დაიწყო, რამდენჯერმე ტელევიზიითაც აჩვენეს. განსაკუთრებით ტექნიკური საგნები აინტერესებს და კვირაში სამჯერ კომაროვის სკოლაში საღამოს გაკვეთილებს ესწრება. ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ ენას. მიღებული აქვს უამრავი სერტიფიკატი. თითქმის ყველა საგნობრივი ოლიმპიადიდან გამარჯვებული ბრუნდება. მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა განათლების სამინისტროს პროექტში „ერთად ვიკითხოთ წიგნები“. ამ ყველაფრის მოყოლა იმიტომ მომიწია, რომ ამეხსნა, რატომ მივიყვანე შვილი ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე ბრიტანული ცენტრი _ წმინდა ნიკოლოზის კერძო სკოლაში. მარტოხელა დედა ვარ, ორ შვილს მარტო ვზრდი და ვინაიდან ლ...ა ასეთი სწავლისმოყვარული აღმოჩნდა, გადავწყვიტე, თანხა არ დამეზოგა და მაქსიმალურად კარგი განათლება მიმეცა. ბავშვი აქამდე გურამ დევდარიანის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ, ტერიტორიული ფაქტორის გათვალისწინებით, სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში გადმოყვანა ვარჩიე. წმინდა ნიკოლოზის სკოლა დიღომში, ჩვენს სახლთან ახლოს მდებარეობს. თბილისში ერთ-ერთ თანამედროვე სკოლად ითვლება. ერთი შეხედვით, კარგი გარემოა და სკოლა სკოლას ჰგავს. დამატებითი საგნები ისწავლება. ბავშვებს ინგლისურს სპეციალური პროგრამებით ორი ამერიკელი მასწავლებელი ასწავლის. საუკეთესო მოსწავლეებს ინგლისში გზავნიან და ვიფიქრე, კარგი იქნება, თუ ლ...ა ამ სკოლაში ისწავლის-მეთქი. _ წმინდა ნიკოლოზის სკოლაში სწავლის სიამოვნება რა ღირს? _ ბავშვის მიყვანისას რეგისტრაციის თანხა 200 ლარია. სკოლის ფორმა დაახლოებით 150 ლარი ჯდება. ყოველთვიური სწავლის გადასახადი 550 ლარია, რაც ყოველწლიურად 5700 ლარი გამოდის. არც ისე მცირე თანხაა საქართველოსთვის, მაგრამ გადავწყვიტე, შვილის განათლებაში ჩამედო ინვესტიცია და ფასის გამო უკან არ დავიხიე. მასწავლებელი ვარ, კერძო მოსწავლეები მყავს და ამით ვაკოწიწებდი სწავლის გადასახადს. _ ახალ სკოლაში მისვლიდან რამდენ ხანში დაიწყო თქვენი შვილის პრობლემები და რა მიზეზით?  _ ფაქტობრივად, პრობლემები მისვლისთანავე დაიწყო. ჩემს შვილს კლასში შვიდი მოსწავლე დახვდა, აქედან ორი ბიჭი იყო და დანარჩენი _ გოგონა. თანაკლასელებმა თავიდან არაქართული გვარის გამო დასცინეს, შემდეგ კარგად სწავლის გამო „შკოლნიკი“ შეარქვეს და აღარ ეკონტაქტებოდნენ. ლ...ა ფიზიკურად სუსტია და ესეც დაცინვისა და თანაკლასელების მხრიდან გარიყვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, რომ ჩემი შვილი სკოლიდან გაკაწრული საფეთქლით და წებოში ამოსვრილი შარვლით დაბრუნდა. ვკითხე, ნაკაწრი რატომ გაქვს-მეთქი და მითხრა, რომ გარეთ თამაშის დროს ბიჭებმა დაარტყეს. როგორც გითხარით, ბავშვი ფიზიკურად სუსტია და თავს ვერ იცავს, ამიტომ კლასელი ბიჭები როგორც უნდოდათ, ისე ექცეოდნენ. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, დამრიგებელთან მქონდა საუბარი. მითხრა, რომ ლ...ა ძალიან კარგი  ბავშვია, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა აქვს _ თავის დაცვა არ შეუძლია. _ თავის დასაცავი რა სჭირდა, სკოლაში იყო თუ ფრონტზე? _ დამრიგებლის თქმით, ახლა ჯუნგლის კანონები მოქმედებს და ცხოვრებაში რომ არ დაიჩაგროს, ბავშვმა ქუჩაც უნდა იცოდეს და ქუჩის კანონებიც. მისი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემს შვილზე ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა, ამიტომ როცა შვილი სახლში დაკაწრული და დასვრილი შარვლით გამომეცხადა, დამრიგებელთან აღარ მივსულვარ, პირდაპირ დირექტორთან შევედი და ვუთხარი, რომ ბავშვი სკოლიდან გასისხლიანებული საფეთქლით და წებოში ამოსვრილი შარვლით მოვიდა. ვკითხე, რა ხდება თქვენს სკოლაში-მეთქი?! და იქვე დავამატე, _ რადგან ფორმის შარვალი სკოლაში შევიძინეთ და სკოლაშივე გაგვიფუჭდა, მის საფასურს მომავალი თვის გადასახადიდან გამოგიქვითავთ-მეთქი. დირექტორი ძალიან შეწუხდა, _ აუცილებლად გავარკვევ, რა ხდებაო. მომიტანეთ შარვალი და ვინც გაუფუჭა, იმ ბავშვის მშობელს ფულს გადავახდევინებო. მეორე დღეს მართლაც დაუბარებია ყველა მოსწავლე და, მათ შორის, ჩემი შვილიც. იმ ბავშვებს არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ გარკვეული შენიშვნები ჩემმა შვილმაც მიიღო: ალბათ, ცანცარებდი და ეს ბიჭები შენ გააღიზიანეო. _ სკოლაში ვიდეოკამერები არ დგას? _ ალბათ, პასუხისმგებლობის ასარიდებლად შენობის შიგნით კამერები დამონტაჟებული არ არის და რამის დამტკიცება შეუძლებელია. დირექტორთან საუბრის შემდეგ დამრიგებელი კლასში ნამტირალევი სახით შემოსულა და გამოუცხადებია, სკოლიდან მივდივარო. სავარაუდოდ, დირექტორისგან შენიშვნა მიიღო და ეს ამბავი ჩემი შვილისთვის ახალი ბრალდებების წაყენების საფუძველი გახდა: ნინო მასწავლებელი ორი წელი გვასწავლის, ძალიან გვიყვარს და შენი გულისთვის რატომ უნდა წავიდესო? ლ...ს უთქვამს, _ მე რა შუაში ვარ? წებო თქვენ წამისვით, რასაც გინდათ, იმას მიშვრებით და დამნაშავე კიდევ მე ვარო? მეორე დღეს, ანუ 17 ოქტომბერს, მასწავლებელი სკოლაში ჩვეულებრივ გამოცხადდა, მაგრამ მისი მოსალოდნელი წასვლის გამო სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. ბავშვების ლოგიკით, ლ...მ მასწავლებელს უჩივლა, მაგრამ რეალურად ლ...ს „დანაშაული“ მხოლოდ ის იყო, რომ გაკაწრული შუბლი და წებოთი დასვრილი შარვალი ვერ და არ დამალა. _ იმ შემთხვევის შესახებ გვიამბეთ, რომელმაც შვილის სკოლიდან სასწრაფოდ წამოყვანის გადაწყვეტილება მიგაღებინათ. _ არც მანამდე აკლებდნენ, მაგრამ დამრიგებლის განცხადების შემდეგ ლ...ს საშინლად აწვალებდნენ. „წამების მეთოდებში“ ჩემი შვილისთვის კალმის წართმევა და დამტვრევაც შედიოდა. 17 ოქტომბერს, როცა ეს ამბავი მოხდა, ლ...ს მორიგი კალამი გაუტეხეს და წერა მასწავლებლის მიცემული კალმით გააგრძელა. ერთ-ერთ კლასელ ბიჭს უთქვამს, _ ვარდისფერი კალმით რომ წერ, გოგო ხარო? ლ...ს უპასუხია, _ თუ კარგია, შენ ხარ გოგოო. _ ახლავე განახებთ, თუ არა ხარო. სკამიდან ძალით აუყენებიათ, ორ ბიჭს აქეთ-იქიდან დაუკავებია და მესამეს სექსუალური ძალადობის იმიტაცია შეუსრულებია. ალბათ ტელევიზიით ციხეში მომხდარი ძალადობის ფაქტები ჰქონდა ნანახი. ეს ფაქტი შესვენებაზე მოხდა, როცა მასწავლებელიც და თანაკლასელი გოგონებიც გარეთ იყვნენ. _ სექსუალური ძალადობის იმიტაციაში რას გულისხმობთ? ტანსაცმელი გახადეს? _ არა, ბავშვი გადაკუზულ მდგომარეობაში ჰყავდათ და ის ერთი ვითომ აქტს ასრულებდა. ალბათ, ლ... ასე დასაჯეს. ბავშვი შოკში იყო, მაგრამ მასწავლებლისთვის ამის თქმა ვერ გაბედა. შესვენების დროს აკანკალებულმა დაწერა ყველაფერი, რაც მოხდა და მასწავლებელს მისცა. მასწავლებელმა როგრც კი წაიკითხა, სიტყვის უთქმელად ადგა და ნაწერიანად დირექტორთან ჩავიდა. ამის შემდეგ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ბრალეულობის ლ...სკენ გადმოტანა სცადეს. ჩემს შვილს დააყარეს კითხვები: რა ხდება, რაღა მაინცდამაინც შენ გერჩიან, წინა სკოლაშიც თუ გქონდა ეს პრობლემებიო? და ა. შ. მართალი გითხრათ, თქვენამდე მოსვლა სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა. შე დალოცვილო, როცა პრობლემა შენშია, აღიარე და კიდევ დაზარალებულზე ნუ გადაგაქვს ბრალეულობა. დირექტორს რომ დაებარებინა მშობლები, შევკრებილიყავით და მდგომარეობიდან გამოსავალი ერთად მოგვეძებნა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ „იოლი“ გამოსავალი ნახეს და ბრალეულობის ჩვენკენ გადმოტანა სცადეს. _ ბრალეულობა თქვენკენ როგორ უნდა გადმოეტანათ? ბიჭები ლუკამ გამოიწვია იმიტირებული სექსუალური აქტისკენო? _ შეფარვით 12 წლის ბავშვის შესაძლო ორიენტაციაზე მიმანიშნებდნენ. უკაცრავად და თუ ჩემი შვილი მამათმავალია, ვინც მასზე ძალადობის იმიტაცია განახორციელა, ის რა არის? რაც შეხება, მომხდარზე კლასის დამრიგებლის რეაქციას, იმავე დღეს დაწერა განცხადება და წავიდა. არ ვიცი, განცხადებაში წასვლის ოფიციალურ მიზეზად რა დაწერა, მაგრამ მიხვდა, რომ ამას კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა. ეს ამბავი პარასკევს მოხდა. ბავშვი სკოლიდან გვიან მოვიდა და იმ დღესვე ვეღარ მოვახერხე სკოლაში მისვლა. მშობლებთან დარეკვა არც მიფიქრია, ვინაიდან მომხდარზე პასუხისმგებელი სკოლის დირექციაა. ამხელა ტრავმის გადატანის შემდეგ, ორშაბათ დილას, ბალიშში თავჩარგული ბავშვს, სირცხვილისგან თავს რომ ვერ სწევდა, ვერ ვეტყოდი, რომ სკოლაში წასულიყო. სამაგიეროდ, მე მივედი დირექტორთან და ვუთხარი, _ ორი დღის წინ თქვენთან ბავშვის პრობლემის გამო ვიყავი და მეორე დღეს უარესი მოხდა, იქნებ, ამიხსნათ, რა ხდება-მეთქი? _ მეც გაოგნებული ვარ, მაგრამ ისეთ ასაკში არიან და ტელევიზორში ისეთ რაღაცებს უყურებენ, შეიძლება რაღაც მოხდაო. თქვენ დაწყნარდით, არ ინერვიულოთ და მე მშობლებს დავურეკავ, ყველაფერს მოვაგვარებო. ისე მელაპარაკებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ სკოლაში, სადაც ასეთი ამაზრზენი შემთხვევა მოხდა, შვილის მიყვანას აღარ ვაპირებდი. არც წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნება მითხოვია და არაფერი. უბრალოდ, ვუთხარი, რომ ბავშვი სკოლიდან გამყავდა. _ ნუ წაიყვანთ, ის მასწავლებელი, რომელიც სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, გავუშვი და ახლა ძალიან მკაცრი მასწავლებელი მომყავს, ასეთი რამე აღარ მოხდებაო. ვუთხარი, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და სკოლიდან წამოვედი. _ როგორც ვიცი, ამის შემდეგ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი  ბავშვის მშობელთან უსიამოვნო საუბარი შედგა. _ მე მშობლებთან დარეკვას მოვერიდე, რომ ჩხუბივით და საქმის გარჩევასავით არ გამომსვლოდა. მეგონა, დირექტორი დაურეკავდა, შევხვდებოდით და ერთად მოვაგვარებდით პრობლემას, მაგრამ როცა ასე არ მოხდა, მშობლებთან დაკონტაქტება ზედმეტად მივიჩნიე. ზუსტად იმ დღეს, როცა დამრიგებელი სკოლიდან წავიდა, ჩემს შვილს რომ იჭერდა, იმ ბიჭის დედამ დამირეკა და მკითხა, _ ნინო მასწავლებელი ლ...ს გამო სკოლიდან წასულა და რა მოხდაო? _ ბავშვმა თუ ის გითხრათ, რომ მასწავლებელი წავიდა, ის აღარ გითხრათ, რაც მოხდა-მეთქი? _ ვუთხარი და ისეთი კივილი ატეხა, ხმა მეზობელ კორპუსებამდე მიდიოდა, _ თქვენ იგონებთ, შანტაჟისტი ხართ, პირი გამოირეცხეთ, როცა ჩემს შვილს ახსენებთ, არ შეგარჩენთო და ა. შ. როცა იქით შესადავებლები აქეთ მომედავენ და დამემუქრნენ, ძალიან ავღელდი. იმ ზომამდე მივედი, რომ ღამის 12 საათზე საპატრულო პოლიციაში ჩავედი და საქმის კურსში ჩავაყენე. სკოლის დირექტორსაც გავაგებინე, რომ მშობელმა დამირეკა და გამლანძღა. სხვათა შორის, მეორე დღეს ახალმა დამრიგებელმა დამირეკა და ლ...ს სკოლაში დაბრუნება შემომთავაზა, _ იქნებ, ბავშვის სკოლიდან წაყვანა გადაიფიქროთ. ეკლესიაში წავიყვან, შევარიგებ და მომავალში საუკეთესო მეგობრები გახდებიანო. მე ვუთხარი, რომ სკოლაში დაბრუნების სურვილი არც მე და არც ჩემს შვილს არ გვაქვს. სურვილიც რომ მქონდეს, ასეთ გადაწყვეტილებას ჩემი ახლობლები არ მაპატიებენ და ყველას დავკარგავ-მეთქი. _ შვილი ისევ კერძო სკოლაში გადაგყავთ? _ არა. ჩვენს კვარტალში საკმაოდ კარგი საჯარო სკოლაა და იქ მივიყვანე. ორი დღის წინ პირველად მივიდა სკოლაში და ძალიან კმაყოფილია. იმედია, აქ მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება.   ბუნებრივია, ლ...ს ყოფილი დამრიგებლის სკოლიდან წასვლის მიზეზებითაც დავინტერესდით, თუმცა ჩვენი კითხვების მოსმენის შემდეგ ნინო ქანთარიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და ტელეფონი გაგვითიშა.  

                                                                                              ნელი თორდია

 

გაზიარება