ამერიკის ქალაქ ფერგიუსონში, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც პოლიციელის მიერ შავკანიანი მოზარდის დახვრეტის საქმეს განიხილავდა და ბრალდებული გაამართლა, აღნიშნული გადაწყვეტილების გამპროტესტებელ ადგილობრივ მოქალაქეებსა და სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლებს შორის შეტაკებები დაიწყო. მოსამართლის მიერ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ, ქალაქის სასამართლოს შენობასთან შეკრებილმა მოსახლეობამ ტირილი დაიწყო. ადგილობრივები ხმამაღლა სკანდირებდნენ ,,არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა". მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, რამოდენიმე ხანში აბობოქრებულმა მასამ, პოლიციელების მისამართით ბოთლების, ქვების და სხვა ბლაგვი საგნების სროლა დაიწყო. უკმაყოფილებამ ნელნელა იმატა და პროტესტანტებმა პოლიციის ავტომობილებს შეუტიეს. სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ, ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. ტელეკომპანია ,,CNN"-ის მტკიცებით ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გულის ინფარქტით გარდაიცვალა. სასამართლომ თეთრკანიანი პოლიციელი დარენ უილსონი, რომელმაც ადგილობრივი შავკანიანი მოზარდი მაიკლ ბრაუნი იარაღის გასროლით მოკლა, გვიან ღამით 24 ნოემბერს გაამრთლა. ბრაუნის ოჯახის წევრები აღშფოთებულებია არიან აღნიშნული გადაწყვეტილებით, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოწოდებენ ,,ჩვენ გაოგნებულნი ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთხოვთ ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდე შეინარჩუნონ, არ არის საჭირო კიდევ რამოდენიმე მსხვერპლი. შევეცდებით სამართალი ვიპოვოთ და ეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით მოხდება. მოვუწოდებთ პოლიციის თანამშრომლებს ნუ გაამწვავებენ სიტუაციას და ძალღონე არ დაიშურონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისათვის" - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი. 18 წლის მაიკლ ბრაუნი, პოლიციის ლეიტენანტმა, დარენ უილსონმა რამოდენიმე გასროლით 9 აგვისტოს მოკლა. თვითმხილველთა მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და პოლიციელის ბრძანებას უყოყმანოდ დასთანხმდა, უილსონმა მისი მიმართულების რამოდენიმეჯერ გაისროლა. ინციდენტის შემდეგ ფერგიუსონში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი რამოდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდა.