QronikaPlus
სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები?

სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები?

2014-10-17 18:08:05

ლუკა ფეისბუქზე შემეხმიანა. უცნაური პირობა ჰქონდა, _ კამერას თუ მათხოვებ, წავალ და იმ აფთიაქებს გადავიღებ, სადაც წლების განმავლობაში ფსიქოტროპულ აბებს ურეცეპტოდ ვყიდულობდიო. არ დაგიმალავთ, გამიკვირდა და არც დავუჯერე. ყოველი შემთხვევისთვის, მეორე დღეს შეხვედრაზე შევუთანხმდი. სიმართლე გითხრათ, არც ის მეგონა, თუ მოვიდოდა და პირობას შეასრულებდა. დილით 12-ზე ოფისთან დამხვდა მაღალი, აწოწილი ბიჭი, _ მე ლუკა ვარო, _ გამეცნო. ჯერ თავისი ისტორია მომიყვა, მერე კამერა დაიმაგრა და რამდენიმე აფთიაქში ფსიქოტროპული აბები ურეცეპტოდ შეიძინა. „ქრონიკა+“-ის ექსპერიმენტის დროს შეძენილი შვიდი ფსიქოტროპული აბი ლუკას მიერ გადაღებულ ორ ვიდეოფაილთან ერთად გაზეთის რედაქციაში ინახება. ჩვენი მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცველი ორგანოები აღნიშნული მასალის გამოქვეყნების მერე ამ პრობლემით დაინტერესდებიან. _ ლუკა, რამდენი წლის იყავი, აბების მოხმარება რომ დაიწყე? _ 23 წლის ვარ. პირველად ფსიქოტროპული აბები 17 წლისამ გავსინჯე. საუბარია პრეპარატ „ანდანტეზე“. მაგის გარდა იყო კიდევ „მაგიტუსი“, „გრიმოდინი“, „დიაზეპამი“, „ბაკლოსანი“. ეს ბოლო გამხსნელია და იმიტომ. _ ამ აბებს რატომ იღებდი? ეს ნარკოტიკია, მსგავსი ეფექტი აქვს, თუ, უბრალოდ, ფსიქოტროპული ნივთიერებებია? _ ამ აბების გადაჭარბებული დოზით მიღების შემდეგ ადამიანი ეძლევა ნარკოტიკულ თრობას, ე. წ. კაიფს. ეს წამლები არის ეპილეფსიის და უმეტესად გიჟების დამამშვიდებელი. _ სად ყიდულობდი ამბებს? _ რეცეპტის გარეშე ვყიდულობდი რამდენიმე ადგილას. ეს არის მეტრო „დელისთან“, უფრო ზუსტად, „დელისის“ მეტროდან ათ მეტრში შესაძლებელია პრეპარატ „ანდანტეს“ ყიდვა 5 ლარად, მაშინ როცა ღირდა 60-70 თეთრი; საბურთალოზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს, კიბეებით არის ასასვლელი, მანდ შესაძლებელია „დიაზეპამის“ ყიდვა, როგორც აბების, ისე ამპულის; „ბაკლოსანის“, „გრიმოდინის“, „ტებალტინის“, „გაბაპენტინის“ _ მოკლედ, ყველაფრის, მთავარია, ფული. _ ამის გარდა თბილისში კიდევ რა ადგილებში იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპული აბები? _ არის „ვორონცოვზე“, არის სოლოლაკში და კიდევ ძაან ბევრია. მე სულ ექვსი ადგილი ვიცი და ამის გარდა კიდევ რამდენი იქნება, კაცმა არ იცის. _ თუ გქონდა ინფორმაცია, გარდა ნარკოტიკული თრობისა, რას იწვევს ამ აბების მიღება? _ იწვევს მიჩვევას, გჭირდება დოზის გაზრდა, რადგან აღარ გაკმაყოფილებს. სიტყვაზე, თუ დაიწყე ოთხი გამხსნელი „ბაკლოსანი“ ოთხი ტაბლეტით, მეორე და მესამე დღეს უკვე გინდა შვიდი, მერე თექვსმეტი, მერე თვრამეტი და ა. შ. ახლა უკუჩვენებას რაც შეეხება: პირველად გულის მხარეს მარცხენა ხელი დამიბუჟდა და, საერთოდ, გრძნობა დავკარგე, დამეწყო შიშები, პანიკური აშლილობა, ფსიქიკური აშლილობა, სუიციდზე ფიქრი, სიკვდილის შიშები, არარსებული დაავადების შიშები და ფიქრი იმისა, რომ მჭირდა ისეთი რაღაც, რასაც ექიმები ვერ იგებდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ველოდებოდი სიკვდილს. _ რამდენი წელი იყავი აბებზე დამოკიდებული? _ სულ ოთხი წლის განმავლობაში ვიღებდი აბებს. მომხმარებელი ვიყავი სხვადასხვა აბების, თუმცა შედეგი და ზემოქმედება ყველას ერთი და იგივე აქვს. _ ლუკა, როდის დაიწყე იმაზე ფიქრი, რომ თავი უნდა დაგენებებინა ამ პროცესისთვის? _ ამას მაშინ მივხვდი, როცა საკუთარ მანქანას დისკები მოვხსენი და გავყიდე, იმისათვის რომ მეყიდა ეს აბები და მანქანაზე უბრალო დისკები დავაყენე! მაშინ დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა: როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე?! 10-10 თეთრობით ვაგროვებდი ფულს, რომ ერთი „ზახოდის“ 15 ლარი მომეგროვებინა. მაშინ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მერე დავიწყე უკვე იმაზე ფიქრი, როგორ დამენებებინა თავი და ჩავწექი. _ „ჩავწექი“ რას ნიშნავს, თუ შეიძლება, უფრო გასაგებად რომ აგვიხსნა და შედეგი თუ მოიტანა? _ შედეგი მოიტანა ის, რომ სახლიდან გარეთ არ გავდიოდი და ფიზიკურად დღეში სამ სასწრაფო დახმარების მანქანას ვიძახებდი ხოლმე. სასწრაფო ენის ქვეშ მიდებდა 0,10-გრამიან „დიაზეპამს“ და ორი საათის განმავლობაში ვიყავი მშვიდად. შემდეგ ისევ იგივე იწყებოდა, მერე მე თვითონ მივაგენი „დიაზეპამის“ წყაროს, ჩემი ხარჯებით ვყიდულობდი, ვიმარაგებდი და სასწრაფო დახმარებას აღარ ვიძახებდი. 6-7 ცალს ვიდებდი ხოლმე ენის ქვეშ. მერე ვაყოლებდი ალკოჰოლს, ეს კიდევ უარესს იწვევდა. საბოლოო ჯამში, კატასტროფულ შედეგამდე მიმიყვანა! სიტყვით იმ შეგრძნებების გადმოცემა, რასაც მე განვიცდიდი მაშინ და რასაც, ზოგადად, აბების მომხმარებლები გრძნობენ, შეუძლებელია!!! ორი სიტყვით ეს არ ითქმის.!!! _ რამდენი ხანი უძლებს ადამიანი ამ მდგომარეობას? _ აქ არის დოზებიც, მაგრამ მე ჩემს სამეგობრო წრეში მყავს რამდენიმე კონკრეტული პიროვნება, რომლებიც გამუდმებით სვამენ 28 ცალ ტაბლეტს, იმიტომ რომ პატარა დოზა აღარ აკმაყოფილებთ. არიან ძალიან ცუდ დღეში, აქვთ ღვიძლის პრობლემები, ციროზის დაწყების ნიშნები, გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლი ვერ ამუშავებს ამ ტოქსიკურ ნივთიერებას. სხვათა შორის, იგივე პრობლემები მქონდა მეც. მკურნალობისა და ექიმების ჩარევის შემდეგ, ღვთის წყალობით, უკეთეს მდგომარეობაში ვარ. არაფერი საგანგაშო აღარ მაქვს. ფსიქოტროპული აბების სისტემატური მიღება იწვევს ღვიძლის ფუნქციის მოშლას, ფსიქიკურ აშლილობას. ეს პიროვნებები როცა არიან ზემოქმედების ქვეშ, ხდებიან დეპრესიულები, აგრესიულები, უჭირთ საზოგადოებასთან კონტაქტი, არ ურთიერთობენ მეგობრებთან, არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, აქვთ თავიანთი სამყარო და ყოველდღე უფრო და უფრო უარესდება მათი ფსიქიკური მდგომარეობა. _ შენ ამ წუმპიდან როგორ ამოხვედი? _ ვცადე ექიმთან მისვლა, ვცადე ფსიქოლოგები, ვცადე აბები. საბოლოო ჯამში, ამან შედეგი არ გამოიღო. არაფერმა არ მიშველა. პირველი იყო ის, რომ ალკოჰოლს დავანებე თავი და ფსიქოტროპული აბები ჩავანაცვლე მარიხუანით. _ ეგ იყო გამოსავალი? _ ერთი ნარკოტიკით მეორე ნარკოტიკის ჩანაცვლება სისულელეა და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დამეხმარა, ნამდვილად რომ გადამეგდო ფსიქოტროპული საშუალებები. _ ახლა „მარიხუანას“ მომხმარებელი ხარ? _ მარიხუანა არ იწვევს „ლომკას“ და მის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია. ახლა აღარ ვარ მარიხუანის მომხმარებელი. ეს იყო, უბრალოდ, ის პერიოდი, როცა მჭირდებოდა იმისთვის, რომ შევშვებოდი სხვა ყველაფერს. _ აღარ დაუბრუნდები? _ არასოდეს! _ სხვა ნარკოტიკი თუ გაგისინჯავს? _ მხოლოდ მარიხუანა. _ არც „კრაკადილი“? _ არა, ეგ კოშმარია!!! ჩემს სამეგობრო წრეში არიან პიროვნებები, რომლებიც იკეთებენ „კრაკადილს“ და მაგათ სხეულს რომ ვუყურებ, სურვილი არასოდეს გამჩენია. „კრაკადილი“ არის ნარკოტიკი, რომელიც შემოვიდა რუსეთიდან, გამოიგონეს რუსებმა. ინგრედიენტებს რაც შეეხება: ბენზინი, ტუალეტის „კროტი“, რომელიც ათეთრებს საპირფარეშოს, ზებრა ასანთი, მისი გოგირდის თავები და შემდეგ, რაღაცნაირად, ხარშვის პროცესში ამოჰყავთ „ოპიუმი“ და იკეთებენ ვენაში, რომელსაც, როგორც ვიცი, ერთსაათიანი ზემოქმედება აქვს სულ. ექიმები, მაქსიმუმ, ექვს თვეს აძლევენ „კრაკადილის“ სისტემატურ მომხმარებლებს. _ „კრაკადილის“ გარდა ახლა თბილისში რომელი ნარკოტიკია „მოდური“? _ ამჟამად ყველაზე იაფი ნარკოტიკი არის „კრაკადილი“, ფსიქოტროპული აბები. რაც შეეხება უფრო ხარისხიან ნარკოტიკს, ვისაც ამის საშუალება აქვს, ის იყენებს. _ რა არის ეს „ხარისხიანი“ პროდუქტი? _ შედარებით ხარისხიანი, თორემ ორივეს დამანგრეველი შედეგი მოაქვს, არის „ჰეროინი“, „კოკაინი“, რაც თბილისში იშოვება. უბრალოდ, ეს ძვირია. _ იცი ადგილები, სადაც იყიდება? _ „გერაინი“, „იმენნა“, არ ვიცი, მაგრამ რომ მომინდეს, გავიგებ. „კოკაინსაც“. მაგალითად, არის „მამიკოს ბიჭი“, ის იცნობს ყველას და ჩალიჩობს ფულით „პონტს“, ჰო, „სუბუტექსი“ გამომრჩა. _ ბიო? _ „ბიო“, თავისთავად. „ბიო“ არის ძალიან ბევრნაირი. ეს არის სინთეტიკური მარიხუანა ქიმიურად გაკეთებული. ამჟამად, ამ წუთებში, ჩანაცვლდა ჩვეულებრივი „ბიო“ მწვანე „ბიოთი“, განსხვავება არის ის, რომ 20 წუთის მაგივრად ზემოქმედება აქვს საათნახევრიდან ორსაათნახევრამდე. როდესაც საქართველოში „ბიო“ პირველად გამოჩნდა, ამას ბევრი ადამიანი გადაყვა _ გოგოებიც და ბიჭებიც. ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, დიდ დიღომში: კორპუსის სახურავზე მოწია სამეგობრომ და ერთ-ერთი გაუხდათ ცუდად. პულსი აღარ ესინჯებოდა, ეგონათ, მოკვდა და გადმოაგდეს სახურავიდან, რომ მათ არ დაბრალებოდათ. შემდეგ, როცა სასწრაფო მოვიდა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ცოცხალი იყო და სწორედ გადმოგდების მერე დაიღუპა. ეს ფაქტი წელიწადნახევრის წინათ მოხდა დიდ დიღომში. თბილისში ეს ამბავი ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ არ ხმაურდება. _ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ? _ საბურთალოზე, როცა მე შევსულვარ და გამომიტანია აბები აფთიაქიდან, მოპირდაპირე მხარეს სამოქალაქო ფორმიანებს გავუჩერებივარ, ჩვეულებრივი, სამოქალაქო მანქანით გავუჩხრეკივარ, უკითხავთ, _ რა გინდა, საიდან, ვისთვის იყიდე და რატომ? შემდეგ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, _ შენ ხომ ხედავ, რომ აქ იყიდება, ჩემთან რა გინდა? შედი აფთიაქში და გამყიდველს უთხარი, ნუ ყიდის. სწორედ ესაა გასარკვევი, ვინ არიან ეს ადამიანები? _ კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ ის ადგილები, სადაც იყიდება ფსიქოტროპული აბები ურეცეპტოდ: _ მეტრო „დელისთან“, სისხლის გადასხმის სადგურის მოპირდაპირე მხარეს პავლოვზე, არის „ვორონცოვზე“, მშრალ ხიდზე როგორც კი გადახვალთ და ხელმარცხნივ _ აფთიაქი, სამი კიბე აქვს ასასვლელი, აწერია კიდეც „ფსიქოტროპული აფთიაქი“, რეცეპტის გარეშე გაძლევენ და სოლოლაკში თავისუფლებიდან ქვაფენილიან გზაზე, პირველივე შემოსახვევში, ხელმარცხნივ, კუთხის აფთიაქია. ეს ჩვეულებრივი აფთიაქია, სადაც უპრობლემოდ, რეცეპტის გარეშე გაიცემა ზემოთ ხსენებული პრეპარატები. „ქრონიკა+” შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციას გთავაზობთ, იმ აფთიაქების შესახებ, რომლებზეც საუბარია სტატიაში: თბილისში, ყაზბეგის გამზ. N43ა-ში მდებარე შპს „ჩიქოს“ აფთიაქი სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს 2014 წლის აგვისტოდან. დაწესებულებაში განხორციელებულ  ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად დაფიქსირდა: უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი _  ფარმაცევტული საქმიანობა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე და ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევის ფაქტები: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვისა და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევის ფაქტი, ასევე მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევის ფაქტი, კერძოდ: სააგენტოსთვის მოწოდებული სავალდებულო შეტყობინების თანახმად  შპს „ჩიქოს“ აფთიაქში (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) დაშვებულია მეორე და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, მაშინ როდესაც აფთიაქში დაფიქსირდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის ფაქტი. აღნიშნულ ფარმაცევტულ პროდუქტზე ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თანმხლები „ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვის სპეციალური ფორმით“. აფთიაქში, ასევე, დაფიქსირდა მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტი _ ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფორმა N3 რეცეპტი). კომისიის მიერ, აფთიაქის ღია ტიპის დახლზე, დაფიქსირდა 2 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის არსებობის ფაქტი, რომელთა შენახვის პირობები არ აკმაყოფილებს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს (20C-80C). გამოვლენილი სამართალდარღვევის საფუძველზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. სახდელის ოდენობა გამოვლენილი სამართალდარღვისთვის შეადგენს 8000 ლარს. აფთიაქები ტოლსტოის ქ. #2/1 აღნიშნულ მისამართზე 01.08.2014 წ-მდე ფუნქციონირებდა შპს „სალბის“ ავტორიზებული აფთიაქი სსიპ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სპეციალისტების მიერ, 2013 წლის 27 ნოემბერს, დაფიქსირდა აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევისა და პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის ფაქტები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000785. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილების თანახმად, შპს „სალბი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. 2014 წლის 21 მარტს, დაფიქსირდა აფთიაქის სანებართვო პირობების  დარღვევისა და პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემისა და აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის დადგენილების თანახმად, შპს ,,სალბი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 2014 წლის 13 ივნისს განმეორებით დაფიქსირდა აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევისა და პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემისა და აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის დადგენილების თანახმად, შპს ,,სალბი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირებული კანონდარღვევის  გამოვლენის შედეგად, 18.07.2014 გავაუქმეთ შპს „სალბის“ ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა. აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირება დაიწყო სხვა იურიდიულმა პირმა შპს ,,ფარმამედმა“ 01.08.2014 წ-დან.  სექტემბრის თვეში განხორციელდა კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დაფიქსირდა I ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული  პროდუქტის აღრიცხვისა და რეალიზაციის წესების და ავტორიზებული აფთიაქის სანებართო პირობების დარღვევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილებით, შპს ,,ფარმამედს“ დაეკისრა სახდელი 6 000 ლარის ოდენობით.  

                                                                                                     ელისო კილაძე

       

გაზიარება