„ბიჭებს ლუკას დანახვა არ უნდათ! პირდაპირ ეუბნებიან, - ნაძირალა ხარო! მეც იგივე ვუთხარი! დაწერე განცხადება და წადი, როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე-მეთქი. _ არ წავალო! - უთქვამს“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ლეგენდარულ მოჭიდავეს, მსოფლიოს ხუთგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონს, ლევან თედიაშვილს, რომელმაც ლუკა კურტანიძეს ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოუცხადა ნდობა.
რა ხდება ჭიდაობის ფედერაციაში? რას ცვლის ფედერაციის პრეზიდენტისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა?
ლევან თედიაშვილი „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:
_ როცა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იყო, ლუკას მხარი დავუჭირე. „ნაციონალებს“ ვუთხარი, - დიდი მადლობა, რომ იმუშავეთ, შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ ამ საქმეში საჭირო ხალხი ვერ ჩართეთ და აქ სხვა უნდა მოვიდეს-მეთქი. არც მინდოდა მაგათთან მუშაობა, „ნაციონალებთან“ ვერ ვიმუშავებდი, ცალმხრივი ხალხია, ერთი კაცის ჭკუაზე რომ დადიან, არ ვარგა! სააკაშვილი აუტანელი ტიპი იყო, ოღონდ თავისი გაეტანა, ყველაფერზე მიდიოდა. ყველას წირავდა. ლუკა რომ შეკრეს, სცემეს, თავში უბრახუნეს, ნინო ბურჯანაძემ გამოიყვანა და რამდენჯერმე შევხვდი, ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. შემდეგ ლაგოდეხში იყრიდა კენჭს, - იქიდან ვარ წამოშობითო... არადა, ვიცოდი, სოხუმიდან იყო. ვგულშემატკივრობდი, მე და სოსო ჯაჭვლიანი მივედით და მხარი დავუჭირეთ. ჯაჭვლიანმა ახლაც დაუჭირა მხარი, მარამ შეცდა! ფედერაციაში შეკრება რომ იყო, იქ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჭიდაობამ კაცად მაქცია, მეც რომ ვიყო, თუ მოჭიდავეებს არ ვეყვარები და პატივს არ მცემენ, არ ღირს იმ ადგილზე ჯდომა.
_ სპორტსმენები არამიზნობრივად დახარჯულ თანხებსაც ედავებიან...
_ რასაც ჰყვებიან, თუ საბუთები არ დააწყვე, ეგეც მკრეხელობაა! დააბრალო ის, რაც არ გაუკეთებია, არასწორია, მაგრამ სპორტსმენები შეკრებაზე რომ გამოვიდნენ, პირდაპირ დაუსახელეს და უთხრეს, - ნაძირალა ხარო! მეც იგივეს ვიმეორებ! შეკრებაზე ბოდიში მოვუხადე მოჭიდავეებს, რომ კურტანიძეს თავის დროზე მხარი დავუჭირე, ლუკას კი ვუთხარი, - დაწერე განცხადება, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს-მეთქი. რომან რურუა და ლერი ხაბელოვი გამოვიდნენ... სანამ კრება დამთავრდებოდა, წამოვედი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობს ხელს. შემდეგ უთქვამთ, ერთი თვე კიდევ უნდა დარჩესო. რად უნდა მაგას ერთი თვე? ჩემი აზრით, ამ პერიოდში რას გააკეთებს, იცით? რაღაც კალენდარული ტურნირებია, თანხაა გამოყოფილი, ალბათ, ისიც უნდა შეჭამოს, ეს ბიჭები კიდევ არ ივარჯიშებენ და წარმოიდგინეთ, რამდენი მოჭიდავე დაკარგავს ფორმას! ეუბნებიან, - კაბინეტში არ შეგიშვებთ, ჩვენც კარებთან ვისხდებით და არ ვივარჯიშებთო! ამაზეც მიდის! მოიყვანა ამდენი პატრული. ვეკითხები, - ვინა ხარ?! რა პატრული, რა თანამდებობა გაქვს?! სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს! თუ არადა, მივალ ღარიბაშვილთან და ვეტყვი! როგორ შეიძლება, სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენო მოჭიდავეების წინააღმდეგ?! ვისაც მთელი ავლადიდება შეუჭამე, ედავები, რომ შედეგს ვერ აჩვენებ და მიდიხარ პატრულით?! შეხლა-შემოხლა რომ მომხდარიყო?! მე, მაგალითად, ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარიყო და მგონი, პატრულმაც გამიგო, იმიტომ, რომ გამტყუნდა ყველა მხრივ. ალბათ, იმ სკოლაშიც აღარ ივლიან, ეგ რომ მოადგილეა თუ რა ჯანდაბაა, ვერ გავიგე! ეგ რა თანამდებობაა, 30 მანქანა პატრული მოიყვანა, ვისთან? იმ ხალხთან, ვინც აირჩია! იმისთვის, რომ ადგილი შეინარჩუნოს?! რა ვიცი, აირჩიეს? მგონი, ჩემს თავს ვატყუებ! მოჭიდავეების წინააღმდეგ გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, თან ძალიან ცუდად!
_ ბატონო ლევან, ამ ამბავში „ნაციონალების“ ხელიც ხომ არ ურევია?
_ ამ საკითხით მეც დავინტერესდი, თან გობეჯიშვილის აქტიურობაც რომ დავინახე... მაგრამ არა, საამისო ვერ შევატყვე. ნოზაძე რომ არის, ისიც გაქანებული „ნაციონალი“ იყო, ეგეც რომ დავინახე, მაგათი შემოგდებული ამბავი მეგონა, მაგრამ აქ სულ სხვა რაღაცაა... ბევრი რამის საქმის კურსშიც არ ვიყავი, ტაშკენტშიც მინდოდა წასვლა, მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. მეგონა, რომ ლუკა გაქაჩავდა, მაგრამ ვერა, მაგან თავის პირად საჭიროებას მოახმარა მთელი ეს პერიოდი. მანდ კიდევ გაირკვევა რაღაც-რაღაცები, წინასწარ ვერ იტყვი, საჭიროა დაიდოს დოკუმენტი. რევიზია შეისწავლის. გიორგი ლომიძეს ვუთხარი, - თქვენ კი ბატონოს, დემოკრატიისა და დიქტატურის გარდა არაფერს ამბობთ და ეს საქმეს არ გამოადგება, ლუკა უნდა წავიდეს-მეთქი! ლუკასთვის უნდა მეთქვა, - არ შეხვიდე შენობაში, კარი აგიჭედეს-მეთქი, მაგრამ არ მაცალა და გავარდა. ნოზაძემ კიდევ დაიჭირა ეგ ნაძირალა და კვერცხები შემოახეთქა. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, 30 პატრული რომ მოიყვანა! მოჭიდავეებს აშინებ და პატრულით გინდა, ადგილი შეინარჩუნო? პოლიციის აკადემიაში პრორექტორია თუ რაღაც ჯანდაბა, მაქედანაც უნდა წავიდეს! მასე უნდა, ადგილი შეინარჩუნოს? ვაი, მაგის პატრონს! მე მილიციით შემაშინებს? სიტყვით რომ გამოვედი, იქ ვუთხარი, - მილიციით უნდა იარო-მეთქი სამსახურში?! ჩემი აზრით, მაგან ეს სპეციალურად გააკეთა, რადგან ბიჭებმა თქვეს, - არ შევუშვებთო! უნდოდა, ცემა-ტყეპა მომხდარიყო და კიდევ ერთხელ მაგით შეეცოდებინა თავი. როგორც მაშინ, ხომ გახსოვთ, ბორკილებით რომ შევიდა, ახლა ვხვდები, რომ მანდაც თამაში იყო, ნაღდი თამაში იყო! ნინოდან რომ წამოვიდა, თქვა, დროებითიაო, ფაქტობრივად, უღალატა, ნახა თავისი ადგილი და შეძვრა! მაშ, რატომ აღარ დაბრუნდა ნინოსთან? ჩვენთან ეგენი არ გაუვა!
_ მინისტრმა ყიფიანმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილი ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კი მოუწოდა, რომ თავიანთი საქმე სპორტულ დარბაზში აკეთონ...
_ ისიც ნაძირალაა და არც ლერი ხაბელოვია სწორი! მე რომ საუბარი დავიწყე, ლერის უნდოდა გავეჩერებინე, ვუთხარი, - შენ შენს ჭიქაში ილაპარაკე-მეთქი. გასაგებია, 6 შვილი გყავს, კლასელი მყავს კევლიშვილი, 10 შვილი ჰყავს... რამე პრივილეგიას აძლევს? არის რაღაც კანონი, მთავრობა, მეგობარი გეხმარება. ღმერთმა გაუზარდოს ბავშვები, მაგრამ ის, რომ ამას ამოეფარო, შეიძლება? მანდაც კი ტყუის! შვილებს ავტორიტეტს უფუჭებ! ის შვილი რომ გაიზრდება, რა უნდა უთხრა?
ჩემი აზრით, ყოვლად შეუძლებელია, ამ პერიოდში კურტანიძემ რამე მოაგვაროს. დროს დავაჩქარებთ, ყველა ზომას მივიღებთ, რომ უმრავლესობის მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ლუკამ ბოდიში უნდა მოუხადოს მოჭიდავეებს და წავიდეს! დარბაზშიც არ უნდა შემოვიდეს! ალბათ, მიზანი აქვს, გაწელოს დრო, შემდეგ კი ყველა გაყაროს, დააჭერინოს, შეაშინოს და დარჩეს თავის ადგილზე. სპორტსმენები არ შეშინდებიან. ვუთხარი ბიჭებს, - თქვენთან ვარ-მეთქი! ეგ ვის შეაშინებს, რომან რურუას თუ გურამ საღარაძეს? ეგ არ მოხდება! კომისია რომ შეისწავლის და მაგის შეჭმულ ფულზე დოკუმენტებს დაუდებენ წინ, წასვლას შეიხვეწება კიდეც და ბრალი უფრო დაუმძიმდება. მაგის ოჯახი მეცოდება, ის ბავშვი რომ ეზრდება, რას ეტყვის, - მამა, მართალი ხარო?
_ არ გიცდიათ, ლუკა კურტანიძესთან პირადად გესაუბრათ ამ საკითხზე?
_ მაგის გულისთვის ირანში ჩავედი. იქ ერთადაც ვმუშაობდით სხვადასხვა კლუბში. მსოფლიო პირველობაზე დავეხმარე, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. ახლა მაგასაც ვნანობ!
_ ახლა თუ გქონიათ კონტაქტი, რაც ფედერაციაში საპროტესტო აქციებს უწყობენ?
_ არა. როგორც კი გავიგე, რომ კრება იყო ფედერაციაში, მაშინვე ჩავედი. შევწუხდი, არც მე მაწყობს ეს პრიზიორობა, რადგან მანდ სულ სხვანაირი სქემა უნდა იყოს. ეტყობა, ეგეც არ იცის, ან არ აწყობს, რომ იცოდეს. სულ 7 ოლიმპიური მედალია გასათამაშებელი. ქვეყნებზე ნაწილდება მედლები, განა იმისთვის, რომ გაჩუქონ, უბრალოდ, მსაჯებმა არ უნდა დაგწვან, ქულა არ უნდა წაგართვან. მაგალითად, ინგლისში ერთ-ერთ თავისუფალ მოჭიდავეს ოქროს მედალი წაართვეს. იქ უნდა მწვრთნელი, ან წარმომადგენელი და განგაში უნდა ატეხოს. ჩემთვის არავის უთქვამს, ინგლისში წამოდიო. წავიდოდი, მაშინ შაქარი ასე გართულებული არ მქონდა. წავიდოდი და მედალსაც ჩამოვიტანდით. გოჩა ძასოხოვი რომ იყო ფედერაციის პრეზიდენტი, ჩინეთში მინდორაშვილის მედალი კბილებით დაიცვა. `ნაციონალებმა~, ფაქტობრივად, გააგდეს, ყველა ხომ მაგათი უნდა ყოფილიყო ყველა ფედერაციაში! იქ ხომ სიბინძურე იყო! მოჭიდავე უნდა დაიცვა, რომ ოქროს მედალი არ წაართვან! იყო სამქულიანი? არსებობს ვიდეო? უნდა შეიტანო საჩივარი, აჩვენო და გამარჯვებული გამოხვალ. გაპროტესტებაზე 150 თუ 200 დოლარია გადასახდელი, ეს უნდა გამოიყენო, მაგრად უნდა დადგე, ხმალივით! მერე რა, რომ ავტორიტეტია, მაგალითად, მამიაშვილი? შენც უნდა იყო ავტორიტეტი და მედალი 4 წელი უნდა დაიცვა, რადგან ოლიმპიადა ყველაზე მაღალი ტიტულია სპორტსმენებში. როგორც მეცნიერებაშია ნობელი, ასევეა ოლიმპიური თამაშები! რატომ ართმევ? მოგებული შეხვედრა წააგებინეს! კბილები უნდა დაუმტვრიო, განა უნდა დადგე!
_ ზოგადად, როგორ შეაფასებთ სიტუაციას? საიდან იღებს სათავეს ის პრობლემები, რომელიც ჩვენი მოჭიდავეების წინაშე დგას?
_ ცუდი სიტუაციაა! შედეგი არ არის! რაღაც თანხა რომ იხარჯება, შედეგი ხომ უნდა აჩვენო? ორი წელია, შედეგი არ არის! ბოლო მსოფლიო პირველობა ხომ საერთოდ!.. თანხა თუ იხარჯება, სპორტსმენები ფორმაში რატომ არ უნდა იყვნენ? ვერ ასწავლი, თუ? ნორმალური მწვრთნელები გვყავს... იცით, ადრე როგორ ირჩეოდა სპორტკომიტეტის თავმჯდომარე? რომელიღაც რაიკომის მდივანი დიდხანს იყო რომელიღაც რაიონში და როცა უნდა გაეშვათ, გადაიყვანდნენ ხოლმე სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ. ის ან ინჟინერი იყო, ან ჩაწყობით ჰქონდა დამთავრებული სასწავლებელი, მაგრამ არა ფიზკულტურის ინსტიტუტი. არადა, ეს ინსტიტუტი არის სპორტის დედა, როგორ უნდა ივარჯიშო, სად რა კუნთია, ფიზიოლოგიურად როგორ უნდა დატვირთოს მწვრთნელმა სპორტსმენი და ა. შ. დაუსწრებელი კურსები მაინც გაატარე, შე დალოცვილო! ასეა ახლაც, საქმე პროფესიონალებმა უნდა აკეთონ! რა მინდოდა მე კოლმეურნეობაში? სპორტს ვერ გავუძღვებოდი? - არაო, შენ სოფლელი ხარო! კი, ძროხას და თხას ერთმანეთისგან ვარჩევ... მერე გადამიყვანეს ქალაქის სპორტკომიტეტში, რომელიც არ არსებობდა. ამხელა ქალაქში მისი ბიუჯეტი იყო 160 000. სპორტის ყველა სახეობა სავალალო მდგომარეობაშია. იმედია, გამოსწორდება ყველაფერი. ზოგი ჭირი მარგებელიაო და შეიძლება ეს რომ მოხდა, კიდევ გადაიხედოს რაღაცები.
_ ჭიდაობის სკოლის გაკეთება რომ გინდოდათ, რა ეტაპზეა ეს საქმე?
_ მინდა, საკუთარი სკოლა გავხსნა, რომ მოჭიდავეებს მოვეფერო, ჩემი კავშირები გამოვიყენო. არის ხალხი, რომელიც მაფინანსებს, თანხას ჩამოდის. გახსოვთ, ალბათ, დიდუბეში მქონდა სკოლა, ტექნიკურად წამართვეს. ჩემი სახელობის ხომ იყო? ადგნენ და ჩემი ნათლულის, ჩოჩიშვილის სახელი დაარქვეს. ნათლულის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდი? სპორტის სასახლეშიც მქონდა წილი ნაყიდი. რომ დავიბრუნო, გივი კარტოზიას სახელს ხომ არ გადავარქმევ? ახლა მეუბნებიან, მოდი, დაგიბრუნებთ მაგ სკოლასო. ვუთხარი, - ნათლული რომ გამოქლიავებულია, ნათლიაც ხომ არ გამოქლიავდება-მეთქი? სანაცვლოდ ვითხოვ შრომითი რეზერვების სკოლას, სახელსაც კი არ შევუცვლი. მერე რეგიონებში გავხსნი ფილიალებს, ფულის მოზიდვის დიდი საშუალებებია, სახელმწიფოსგან კაპიკი არ მინდა. ვფიქრობ, უარს არ მეტყვიან. მთავარია, ახლა ფედერაციაში მიმდინარე პროცესების მშვიდობიანად და სწრაფად დამთავრება. კედელს თავი უნდა მიარტყას ლუკამ და როგორც მოსვლით გაგვახარა, ისე წასვლით უნდა გაგვახაროს! ქართული ჭიდაობის ფედერაციიდან რომ გამიშვეს, რიგგარეშე არჩევნები ჩაატარეს. კრებაზე რომ მივედი და შევატყვე, ისე არ საუბრობდნენ, მე რომ მომეწონებოდა, ავდექი და ვთქვი, - თქვენ რომ არ გამაგდოთ, მე თვითონ ვერ წავალ-მეთქი? დავწერე განცხადება და წავედი უმტკივნეულოდ. საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა.
_ ხომ არ გიფიქრიათ, ვინ შეიძლება გაუძღვეს ამ თანამდებობას?
_ მთავზობენ, მეც ვიყარო კენჭი. ცუდად რომ არ ვიყო, სიამოვნებით დავთანხმდებოდი და ფეხზე დავაყენებდი ფედერაციას. ჯანმრთელობა არ მაძლევს ამის საშუალებას. ვინმეს ნორმალურს ავირჩევთ. მთავარია, კაცთმოყვარე იყო და საერთაშორისო სარბიელზე ავტორიტეტი გქონდეს. ავტორიტეტის ამბავში მეც დავეხმარები, გადავფრინდები-გადმოვფრინდები, ფედერაცია ახალია, თითქმის ყველას ვიცნობ, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მივეხმარები. ამის შესახებ ლუკას ჩემთვის ორი სიტყვაც არ უთქვამს. ან ინგლისში რატომ არ უნდა წავეყვანე `ნაციონალების~ დროს? გობეჯიშვილი იყო და ვერაფერი გააკეთეს, ოქროს მედალი დააკარგინეს მოჭიდავეს! ჩვენს დროსაც ასე იყო...
მონრეალში ვხვდებით მე და ჯონ პეტერსონი. მსაჯი ნაყიდია, 50 000 დოლარი აქვს აღებული, თვითონ ამერიკელმა გვითხრა. ტრაბახი გამომდის, მაგრამ იმიტომ ვყვები, ეს შევახსენო ვიღაც-ვიღაცებს... ჩვენებმა ვერაფერი მოიფიქრეს... ეს ამბავი ჩვენმა მინისტრმა პავლოვმაც იცის, თამაში გაყიდულია, მე და ბარზოვს გაგვიკეთეს. მას უთხრეს, თუ გაასწრებ ზანგს, სნაიპერი ზის და გაგორდებიო. ასეთი რაღაცები ოლიმპიურზე ხდება ხოლმე. 10 წონითი კატეგორიაა, 48-მ იჭიდავა, 52-მა, 57-მა, 62-მა, 68-მ, 74-მა, 82-მა, მე 90 ვარ და გამომტოვეს, 100-მა, მძიმემ იჭიდავა. მე მიშვებენ, რატომ? ან ამერიკის ჰიმნი უნდა დაიკრას, ან საბჭოთა კავშირის. მსაჯი ნაყიდია! რას იზამ? მივარტყი კედელს თავი. ლუკასაც ამიტომ ვეუბნები ამ სიტყვებს. მივარტყი კედელს თავი, მაგრამ ვერაფერი... შეხედეთ, რა სიტუაციაა, თამაში 3-პერიოდიანია, ვთქვათ, პირველ პერიოდში ავიღე 100 ქულა, ჩემმა მწვრთნელმა სიაფანდზე მიკარნახა რაღაც, მაძლევენ გაფრთხილებას, მერე ორივეს გვაძლევენ და ვინაიდან მე მესამე გაფრთხილება მაქვს, მხსნიან, ჩემპიონი ხდება ამერიკელი. თავში მომივიდა ერთი აზრი: პავლოვი ზის კისინჯერის გვერდზე ლოჟაში. შახმურადოვი იყო უფროსი მწვრთნელი, სეკუნდანტობდა, ნერვიული ტიპი იყო. სერგეი პავლოვიჩს ვუთხარი, - ეგ გაიყვანეთ, არ შემოუშვათ, რაღაც აზრი მაქვს და ეგ თუ არ იქნება, ისე განვახორციელებ-მეთქი. შახმურადოვი გააქრეს. კომკავშირიდან ბაქრაძე იყო ჩვენთან ერთად წამოსული საგულშემატკივროდ, იმას ვუთხარი, - ვინც მე შემაგინოს, იმის დედა-მეთქი... დავიწყე ნელ-ნელა ქულების მიცემა, ერთი ქულა მივეცი, ორი... მოვისიკვდილე თავი, ვითომ ძალიან დავიღალე, მიგებს. მსაჯს უხარია, ფულიც აიღო, ისედაც მიგებს, ფსიქოლოგიური მომენტია, მაგაში ძლიერი უნდა იყო... მეორე პერიოდში ერთი ქულა ავიღე, შიგნით ვინახავ ენერგიას. მესამე პერიოდში სამ გაფრთხილებას ვერ მოგცემენ, წესი არ არის. დავიწყე ქულების აღება, 12 ქულა ავუღე, მესამე გაფრთხილებას მაძლევენ, დაუძახეს და უთხრეს, - არ შეიძლებაო. აი, ასე მოვიგე ოლიმპიური თამაშები და აჟღერდა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ამიტომ მომცეს ლენინის ორდენი, თორემ მაგას კახელს ვინ მისცემდა? მსაჯებთან სამუშაოა, მე ვიცი, ეს როგორც უნდა. ვისაც ავირჩევთ, არ მოვწყდები, დიდ შეჯიბრებებში გავყვები, ბიჭებს არ დავაჩაგვრინებ! ცოდოები არიან ოჯახს მოწყვეტილები. ბევრი ნიუანსია - სტაბილური ბაზა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს, ვიცი! კოლმეურნეობაში წველადობა როგორ გავზარდე, იცით? რძის ფხვნილი ჩამომქონდა თბილისიდან, ვუხსნიდი და ხბოებს ვაჭმევდი, ძროხებს კიდევ ვწველიდი...
თამარ ბატიაშვილი