2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შუადღისას მკვლელობა მოხდა _ გამვლელების თვალწინ ზურა ტარყაშვილი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი გაასამართლეს, დავით რუსიშვილს 21 წელი, ივერი გოგბერაშვილს 24, ხოლო ძებნილ ირაკლი აგლაძეს 31 წელი მიუსაჯეს. გარდაცვლილის დედა სამართალდამცველ ორგანოებსა და იუსტიციის მინისტრს კიდევ ორი პირის _ დავით ჯოხაძისა და მინდია გოგოჭურის მფარველობაში ადანაშაულებს. მოკლულის დედის განცხადებით, მინდია გოგოჭური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეა, ხოლო დავით ჯოხაძე _ თეა წულუკიანის მეგობრის ძმა. სწორედ ამ ფაქტის გამო არ ხდება აღნიშნული პირების დაკითხვა და დაკავება.
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული დავით რუსიშვილის მამა კი აცხადებს, რომ მისი შვილი ამ საქმეში უდანაშაულოა და იგი მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, ამის დასტურად კი გამოძიების პროცესში რუსთაველის გამზირიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები მოაქვს.
„ქრონიკა+“-ს დავით რუსიშვილის მამა ესაუბრება:
_ ცნობილი ამბავია, 2011 წლის 17 ოქტომბერს დღის სამ საათზე რუსთაველზე მამამ შური რომ იძია და მკვლელობა მოხდა. მოკლეს ზურაბ ტარყაშვილი _ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი. მე დეტალურად არ ვიცი, რატომ მოხდა იქ მკვლელობა, რა იყო მოტივი?.. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ჩემი შვილი, 19 წლის დავით რუსიშვილი, მეორე დღეს აიყვანეს, წაიყვანეს მოწმის სტატუსით და ეს ბავშვი აღარ გვინახავს. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, ვერაფერი ნახეს, მერე სამი ცალი „გეკოს“ ტყვია დაგვიყარეს, ოქმი გააფორმეს, რომ იპოვეს და მორჩა! როგორც შემდეგ პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებიდან გაირკვა, მოწმეები ხელს ადებდნენ ერთ წვერიან ბიჭს, მელოტს, რომელიც მკვლელობის ადგილას ნახეს, _ ესაა შენი შვილიო, _ მიმტკიცებდნენ. მე არ ვიცი, ჩემი შვილი მელოტია თუ არა? ან წვერს ატარებს თუ არა? დაკავებულ ჩემს შვილთან ჩემი ადვოკატი არ შეუშვეს, გამთენიისას მოიყვანეს თავიანთი ადვოკატი, ხათუნა ვაჭრიძე, რომელსაც მოგვიანებით ადვოკატთა ეთიკის კომისიამ შეუჩერა უფლებამოსილება.
_ რატომ მოიყვანეს ადვოკატი ხათუნა ვაჭრიძე?
_ პირველ ღამეს რომ წაიყვანეს ჩემი შვილი, მაგრად სცემეს, პოლიციელმა კვინიკაძემ, პირველი განყოფილების უფროსმა, სასტიკად აწამა. ვერ მიაღწია ვერაფერს. ამის მერე ჩემს შვილთან შედის დავით ხიზანაიძე და მიხეილ ჩხეიძე, რომლებიც მას ასეთ რამეს ეუბნებიან, _ ახლა შენი ძმა გვყავს დაპატიმრებული (რაღაც ბეჭდიანი ფურცელი აჩვენეს), მის ლიკვიდაციაზე გვაქვს ბრძანება, თუ აღიარებით ჩვენებას არ მოგვცემ, შენს თავს დააბრალე, რაც შენს ძმას მოუვაო. ამ გზით მიიღეს ჩემი შვილის ჩვენება. ამ დროს ჩვენი ადვოკატი რომ შესულიყო, მაშინ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. იმის ჩანაწერიც მაქვს, როგორ ეხვეწებოდა ჩემი ადვოკატი, შემიშვითო და არ უშვებენ, ეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედება არ ტარდება, მხოლოდ გვიზის აქო. მოგვიანებით, უკვე გვირეკავენ, რომ ბრალი წაყენებული აქვს. ღამის ოთხის ნახევარზე დააზეპირებინეს ჩემს შვილს ჩვენება, კამერის წინ გაამეორებინეს, სწორედ ამ პროცედურის დასაკანონებლად სჭირდებოდათ თავიანთი ადვოკატი. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ამ გოგომ აღიარა, _ მე პროკურატურიდან გამომიძახესო. ამის მერე ჩვენი ადვოკატი შევიდა და პირდაპირ დაუყენა საკითხი ჩემს შვილს, _ თუ დამნაშავე ხარ, მითხარი, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, თუ დამნაშავე არ ხარ, ბოლომდე შენს გვერდით ვარო. მართლაც, ბოლომდე ჩვენთან იდგა. მირეკავდა ხიზანაიძეც და გამომძიებელი გაგუაც, _ ოღონდ თემურ მარაქველიძე მოაშორეთ აქაურობას და ყველა პირობაზე მოვილაპარაკებთო. სამ წელიწადს მივცემთ და ერთ წელიწადში გარეთ გეყოლებაო. როგორც კი მათ პირობას მივიღებდი, ეგრევე მაქსიმუმზე წავიდოდა. ამის შემდეგ რა ხდება: სახლში ჩხრეკაზე მოდიან და მიაქვთ ჩემი ჯემპრი. ტელეფონზე უთხრეს პოლიციელებს, რამე ჯემპრი წამოიღეთო. ვეუბნები, _ სად მიგაქვს, ჩემი ჯემპრია, ჩემი შვილის არაა-მეთქი! უნდოდათ კაპიშონიანი ჯემპრი. როგორ აღმოაჩინეს იმ ჯემპრზე დენთის კვალი, გაუგებარია! მაისური ჩემია, ზომაში ჩემი შვილის არ არის, გამოდის, მე ვყოფილვარ იმ დღეს რუსთაველზე. ამის მერე ორი-სამი საათის მისულები ვართ და მოდის გამომძიებელი ნათელაშვილი. ვეკითხები, _ სამი საათის განმავლობაში მტკიცებულება სად გქონდა-მეთქი? _ რა შენი საქმეა, შენი შიშით სადმე ვერ წავსულვარო? _ ასე მიპასუხა. ამის მერე ატარებენ ბალისტიკურ ექსპერტიზას. არ ვიცით, იქ რა წერია, თითის ანაბეჭდები არ არის იარაღზე, მარტო ჯემპრზეა დენთის კვალი და ქურთუკზე ნახეს ბარიუმის კვალი. თუ ჩემი შვილის ნასროლია, იარაღზე ანაბეჭდები სად არის? გამომძიებელი გაგუა მიმტკიცებს, რომ წვერიანი არის ჩემი შვილი. შე კაი ადამიანო, მთელი ღამე იქ გყავდათ, დაუკვირდით ჩემს შვილს, წვერი არათუ მაშინ, დღესაც არ აქვს. მოკლედ, სასამართლომდე მაინც მივიდა საქმე, ნაფიცი მსაჯულები მოიყვანეს. ეს მსაჯულები ყველა „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორი და მათთან დაახლოებული პირი იყო.
_ რამდენი მიუსაჯეს?
_ 22 წელი! სამი წელია, უკვე ზის. წელიწადი და ორი თვე იმათ ხელში იჯდა და ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე სცემდნენ, _ შენ არ აღიარებ მკვლელობასო და ჩვენიანი არ ხარო! ხიზანაიძე რამდენჯერმეა შესული მასთან მუქარებით. ასევე ხშირად შედიოდა კოკაია. ბოლოს ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, თხოვდნენ, _ აღიარებას ხელი მოაწერე და ორ კვირაში ხელფასიან სამსახურში იქნები, სიტყვას გაძლევთო. ჩემთანაც კი მოვიდნენ, _ ერთ წელიწადში გარეთ იქნება, ოღონდ ხელი მოაწერეო. მკვლელობაზე ერთ წელიწადში ვინ გამოუშვებდა? _ მაშინ სხვა მუხლზე გადაიყვანეთ ეს საქმე-მეთქი... და ესეც არ უნდოდათ. ხიზანაიძემ და ჩხეიძემ თამარ გაგუასთან ერთად მოწმეთა სია მოიპარეს. ინფორმირებული იყო მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელიც სასამართლო პროცესზე ადგა და პროკურორის მაგივრად დააყენა საკითხი. მანამდე მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი: ყველა ტელევიზიამ გადასცა სიუჟეტი, სადაც ჩემი შვილის სახე ანახეს, მეორე დღეს კი დანიშნეს ამოცნობა, მოიყვანეს ნიკა მელია და პოლიციელი ბარათელი, ასევე ტარყაშვილების ოჯახის სიძე, ისიც ყოფილი პოლიციელი. მათ „ამოიცნეს“ ჩემი შვილი. ამ დროს ყველა გამვლელი ამბობდა, რომ მკვლელი იყო წვერით და თვალებჩალურჯებულიო. მკვლელობა ვინც ჩაიდინა, მამამისი გაქცეულია თანმხლებ პირებთან ერთად. სხვათა შორის, ბარათელი ნამდვილად იყო შემთხვევის ადგილას, ტარყაშვილი რომ მორბის, ბარათელი იჭერს. კაცი მუშაობს გლდანი-ნაძალადევის ინსპექტორად, სამუშაო საათებში იმყოფება რუსთაველზე. ზუსტად იმ კუთხეში და ზუსტად იმ დროს დაიჭირა მკვლელი, რომელიც სროლა-სროლით მიდიოდა, თავად დაიმალა, მკვლელმა გვერდით ჩაუარა და არც განძრეულა.
სასამართლო პროცესზე ოთხი თვის მერე მოიყვანეს მოწმედ თავისი თანამშრომელი, ხათუნა მუკბანიანი, _ ეს ოთხი თვე სტრესში ვიყავიო. ამ დროს კადრები არსებობს მეორე დღეს გადაღებული, სადაც მუკბანიანს აჩვენებენ და ხელში სწორედ იმ ოჯახის ბავშვი უკავია. ეკა არეშიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მოწმეები არ დაკითხულიყვნენ, ამავდროულად, მოწმეები დააშინეს კიდეც. მოწმე ღარიბაშვილი წაიყვანეს საღამოს რვა საათზე, მობილურის წაღების უფლება არ მისცეს, შეაშინეს. ჩემს შვილს მკვლელობა რომ ჩაედინა, სახლში მოვიდოდა? დაჯდებოდა კომპიუტერზე და ითამაშებდა? მეორე დღეს ინსტიტუტში წავიდა, მერე _ სტუმრადაც... იმ ოჯახში, სადაც სტუმრად მივიდა, მასწავლებელი ამბობდა, რომ ნამდვილად იყო იქ. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ზურაბ ტარყაშვილს საერთოდ არ იცნობდა. დანაშაულის ჩადენის მოტივიც კი არ ჰქონდა. რას მეუბნება ხიზანაიძე, იცით? _ მამამისთან ერთად საფლავზე ყოფილაო, იქ დაიფიცა ყველამ, რომ შურს იძიებდნენო. ჩემი შვილი სანდრო გოგბერაშვილს ნამდვილად იცნობდა, მაგრამ მეგობრები არ ყოფილან, წლოვანებაში იყო მათ შორის დიდი სხვაობა.
_ გაასამართლეს თქვენი შვილი, მიუსაჯეს 21 წელი, შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება, მიმართეთ თუ არა სამართალდამცველ ორგანოებს და მოითხოვეთ თუ არა ხელახალი გამოძიების დაწყება?
_ ყველგან მივმართე, _ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, იუსტიციის სამინისტროთი და პროკურატურით დამთავრებული, გენინსპექციას მივმართეთ, სახალხო დამცველს მივმართეთ, ამის მერე იცით, რა მოხდა? უარესს გეტყვით: 2013 წლის 8 მაისი იყო, „კავკასიაზე“ გადიოდა გადაცემა ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით. დავრეკე, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ მეთქვა, _ ნაფიცი მსაჯული ჩვენთან არ გაამართლებს არასოდეს. კონკრეტული გვარები დავასახელე. ამის მერე, 9 მაისს, როდესაც ციხის ადმინისტრაცია ისვენებს, შედის უკვე მისჯილზე ვინმე ტუხაშვილი და პირდაპირ ემუქრება ჩემს შვილს. დათუნამ უთხრა, _ მე ნუ მემუქრებით, მაინც არაფერზე არ წამოვალ თქვენს შეთავაზებაზე, გირჩევნიათ, გელა ნიკოლეიშვილის ტელეფონს მოგცემთ და იმას ელაპარაკეთ, რაზეც გინდათო. ამ ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვიპასუხა, _ გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა და იმიტომ შევიდაო. ვის ატყუებენ, მისჯილ ადამიანზე რა საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატარო?!
ამის მერე იწყება ზეწოლა ჩემს უფროს ბიჭზე, უნდოდათ, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირი დაებრალებინათ. ეს ორი თვის წინ მოხდა. იძულებული გავხდი, ჩემი შვილი ქვეყნიდან გამეხიზნა. ის ახლა ისეთ ადგილასაა, უბრალოდ, ვერავინ მიაგნებს. წელიწადი და ორი თვე ისედაც ვმალავდი, მიწურში იყო. ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე და ქვეყნიდან გავიყვანე. უსაფრთხო ადგილასაა და ვერც ვერავინ გაიგებს, სად.
სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო და კოდიც მოგვანიჭა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, ამას აღიარებს თავად მკვლელი მამა, _ ეს ბიჭი ჩემთან ერთად არ ყოფილაო. სანამ ჩემს შვილს არ მიუსაჯეს, ის კიევიდან არ ჩამოიყვანეს. მერე ჩემი ადვოკატი შევუშვი ციხეში, იმ კაცმა დაწერა, _ არ ყოფილა დავით რუსიშვილი ჩემთან ერთად რუსთაველზეო. არც ერთმა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. „სამხარაულის“ ექსპერტიზაზე რომ გავიტანეთ ფირი, ექსპერტმა გვითხრა, _ სამი პირი მონაწილეობს: ერთი, რომელიც ვარდება, ერთი, რომელიც მორბის და მესამე მამამისიო, მეოთხე პირი ფირზე არ ჩანსო, სახეები კარგად კი არ ჩანს, მაგრამ სამნი არიან და მეოთხე პოლიციელიაო. აქედან არც ერთი შენი შვილი არააო. ერთი, რომელიც ჩარბის წვერიანია, მეორეს სახე ჩანს პირდაპირ და მესამე მამამისიაო.
ძალიან სამწუხაროა, რომ ტარყაშვილის ოჯახიც პროვოკაციებს აწყობდა, ოღონდ მე გამოვეწვიე. მამაჩემს ხელიც დაარტყა. იცით, ჩემი შვილი რატომ დაასახელა? გოგბერაშვილი რომ მოკლეს, მისი შვილის სასამართლოზე გოგბერაშვილის მამამ სთხოვა ჩემს შვილს, სასამართლოზე წამომყევიო. ეს რომ დაინახა მამამისმა, მაშინვე უთხრა ჩემს შვილს, _ აი, შენ ნახავ, სიცოცხლეს როგორ გაგიმწარებო და გაუმწარა კიდეც. ამის გამო ზის ჩემი შვილი ციხეში. სხვათა შორის, იცით, ვისი სიმამრია? _ პრესა.გე-ზე რომ მუშაობდა გიორგი კაპანაძე, აი, ის მისი სიძეა, იქ იწერებოდა ჩემი შვილის დაჭერის სცენარი. მეორე შვილი იქვე მუშაობდა დირექტორად და მესამე შვილი _ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ახლა ამბობს, „ნაციონალი“ არ ვარო. ამ ხალხის ინტერესებს შეეწირა ჩემი შვილი.
ელისო კილაძე