რას უყვება „ქრონიკა+“-ს ინფორმირებული წყარო? - არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხდება ჩხუბი და არის ბუნტის საშიშროება. სოზარ სუბარი მირზა სუბელიანის პირით უთვლის მიშა ღურწკაიას, რომ სიტუაცია ისედაც ძალიან დაძაბულია, ამიტომ საჭიროა, არასრულწლოვნების სიტუაცია ჩუმად მოგვარდეს. ამისათვის მას სთავაზობს, რომ „ბუნტოვშჩიკები“ „კანონიერ ქურდთან“, „ტარასასთან“ გაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს იყო მიშა ღურწკაიას გამოუსწორებელი შეცდომა. ის მინისტრის ამ დავალების შესრულებას უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ზურაბ ვარდიძეს ავალებს. ვარდიძეს სხვა გზა არ აქვს და ის იძულებულია, არასრულწლოვნები „ტარასასთან“ გაიყვანოს, რომელიც არიგებს მოჩხუბარ მხარეებს და ბუნტის მცდელობაც ამით ჩერდება. აქ კი მირზა სუბელიანი ორ კურდღელს იჭერს, - თავიდან იცილებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელიც წესიერი კაცია და არც პატიმრებს ისვამს თავზე, ზურაბ ვარდიძეს კი აკავებენ. პარალელურად, სოზარ სუბარი პრემიერთან მირბის „დანოსით“: ასეთი ფაქტი მოხდა და მიშა ღურწკაიამ არასრულწლოვნები „კანონიერ ქურდებს“ შეარიგებინაო. სხვათა შორის, ვარდიძის საქმეზე „ტარასა“ დაკითხულიც კი არ არის, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მოწმეებად გამოდიან არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი ქელბაქიანი და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მაჭავარიანი, რომლებიც, ყველა ლოგიკით, ვარდიძესთან ერთად უნდა დაეკავებინათ. ეს ის დროა, როცა ღურწკაიას მფარველს, ლაშა ნაცვლიშვილს, უკვე წყალი აქვს შემდგარი და მას საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია. სკანდალის თავიდან აცილების მიზნით მიშა ღურწკაიას თანამდებობიდან გადაყენებისა და მის ადგილას დიმიტრი დარბაისელის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ აქ ხდება ფაქტი, რომელიც ამ დრომდე არსად გახმაურებულა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მიშა ღურწკაია, რომელმაც უკვე იცის, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა გადაწყვეტილია და დიმა დარბაისელი, რომელიც „ბეზ პიტი მინუტ“ „სადის“ თავმჯდომარეა, არც მეტი - არც ნაკლები, ფაქტზე იჭერენ... გენინსპექციის უფროსსა და სუბარის მარჯვენა ხელს - მირზა სუბელიანს. საქმე ეხება პატიმრიდან ფულისა და იარაღის, „სტეჩკინის“ საჩუქრად მიღებას. ეს ხდება 2013 წლის ზამთარში. ბორკილებდადებული მირზა სუბელიანი სამინისტროდან გაჰყავთ. მისი დაკავების ფოტომასალა და ოქმი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა ღურწკაიასთან ამ დრომდე ინახება, მაგრამ ის დღემდე დეპრესიაში და შესაძლოა, სულაც არ არის ამ მასალების გასაჯაროების ხასიათზე. სუბელიანის ფაქტზე დაკავება სუბარისთვის უმძიმესი დარტყმაა. ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, ვისი ჩარევის შემდეგ გადაწყდა მისი განთავისუფლება, მაგრამ ამ ფაქტის მერე, ბოლო დღემდე, ის დიმიტრი დარბაისელის ხელქვეითი იყო. „სადში“ კარგად ახსოვთ სუბელიანის მლიქვნელობა დიმა დარბაისელის მიმართ, რომელიც, პერიოდულად, საჯაროდ უხსენებდა ამ ფაქტს და ეკაიფებოდა, - ჰა, მირზა, აბა, ახლა კიდევ როდის უნდა დაგიჭიროო? სუბელიანი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, დიმიტრი დარბაისელი კი ამ დროს უშვებს საბედისწერო შეცდომას, - იწყებს ომს ლალი მოროშკინას წინააღმდეგ, რომელსაც კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ორი კვირაღა აქვს დარჩენილი. სუბელიანის მსტოვრები დარბაისელს ეუბნებიან, რომ მოროშკინა მის ადგილს უმიზნებს და მასზე კომპრომატებს აგროვებს, თავის მხრივ, მირზა სუბელიანი, რომელსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „სადში“ საკუთარი აგენტი ჰყავს მთავარი ბუღალტრის სახით, იღებს პრემიების მიღების მასალების ასლებს და სანდო პირის მეშვეობით უგზავნის ირმა ნადირაშვილს. ამით ის კვალს რევს: ერთი მხრივ, დიმა დარბაისელს ჰგონია, რომ პრემიების საკითხი ლალი მოროშკინამ გაიტანა, მეორე მხრივ, ლალი მოროშკინა ფიქრობს, რომ მასალები „სუსიდან“ მიაწოდეს ირმა ნადირაშვილს. დარბაისელი მოროშკინასთან ბრძოლაში ებმება და მეორე საბედისწერო შეცდომას უშვებს, - მას სამსახურიდან ათავისუფლებს. საბოლოო ჯამში, ამ სკანდალში მოგებული მხოლოდ სუბარი რჩება, - იგი თავიდან იცლებს დარბაისელსაც და მაროშკინასაც. ვრცლად, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის #30 (66) -ში.