- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2019-11-30 05:52:19
ქართული საზოგადოება მონაზონი ქალების აქტიურობას მაინცდამაინც მიჩვეული არ არის, ამიტომაც დედა სიდონიას ყველა განცხადება თუ მედიით გამოჩენა დიდი განსჯის საგანი ხდება ხოლმე. ამას ისიც ემატება, რომ დედა სიდონია სასულიერი პირებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ხმამაღლა დაიცვა და განაცხადა, დამნაშავე არ არისო. სწორედ ამის გამო მის წინააღმდეგ ბულინგი დაიწყო, თუმცა როგორც ირკვევა, ეს ბულინგი მართულია, ანუ როგორც დედა სიდონია (ყმაწვილქალობაში ნატალია ყაჭიაშვილი) ყვება, საპატრიარქოში ე. წ. ყვითელი პრესა დაიბარეს, დედა სიდონიაზე დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს და… პირველი „მაბულინგებელი სტატიაც გამოცხვა“.
მოკლედ, ვინ არის სინამდვილეში დედა სიდონია და რატომ არ აქვს კომუნიკაცია მას საპატრიარქოსთან? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს დედა სიდონიასთან:
_ დედა სიდონია, თამამი განცხადებებით გამოირჩევით, რის გამოც ხშირად გაბულინგებენ. ისე, როგორც ვიცი, ამ თამამი განცხადებების გაკეთება „ციანიდის საქმის“ შემდეგ დაიწყეთ. პატიმრობაში მყოფ დეკანოზ მამალაძეს იცნობთ?
_ მას შემდეგ, რაც ქრისტეს მოსვლა გაცხადდა, თავისთავად თამამი აღარაფერია.
_ კი ბატონო, მაგრამ თქვენ ქრისტე არ ხართ!
_ მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანობა მავალდებულებს, რომ რიგ შემთხვევებში სიჩუმე უფრო დიდი ცოდვაა, ანუ უნდა ვიცოდეთ, სიკეთემდე რა უფრო მიგვიყვანს _ დუმილი თუ თქმა. ამას ჩვენთვის ავტორიტეტულ ადამიანებთან ვათანხმებთ. ზოგადად, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ლაპარაკს რეზულტატი მოყვება, რა თქმა უნდა, დუმილი სჯობს და ასეთ დროს ლაპარაკი უგუნურებაა!
_ გახსოვთ, „ციანიდის საქმეში“ როგორ ჩაერთეთ?
_ დიახ, ვთქვი, რომ მღვდელი პატრიარქს არ კლავდა-მეთქი.
_ ამ განცხადების გამო დაგესხნენ თავს?
_ იცით, რა მოხდა?
_ რა?
_ გიორგი გაბუნიამ „არჩევანში“ დამპატიჟა, თუმცა არ ვიცოდი, ჩემ გარდა სტუმარი ვინ უნდა ყოფილიყო და ტელევიზიაში მისულმა გავიგე, გადაცემაში მეუფე პეტრეც იქნებოდა, რაც ძალიან გამიხარდა. საერთოდ, „ციანიდის საქმეზე“ პირველი განცხადება მეუფე პეტრემ გააკეთა, რასაც შოკირებული ვისმენდი და მე თითქოს სათქმელიც არაფერი მქონდა, მაგრამ გეტყვით, ტელევიზიაში ჩემი მისვლის მიზანი რაც იყო: მამა გიორგი ნამდვილად შემეცოდა _ ჩემი დისშვილისშვილის ნათლიაა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.
_ დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებული რატომ იყავით?
_ ერთი წლის განმავლობაში რაღაცებს მეუბნებოდა და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ინტუიციით ვხვდებოდი, რომ ამას არ გააკეთებდა. ამასაც თავი რომ გავანებოთ, მამა გიორგის ადვოკატებს ვესაუბრე და შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არავის კლავდა!
_ ანუ არც შორენა თეთრუაშვილს?
_ დიახ, არც შორენას.
მოკლედ, ხალხში ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო და დეკანოზის დაცვაზე მეტად ის მინდოდა, რომ ხალხისთვის მეთქვა, _ არა, ხალხო, მღვდელი პატრიარქს არ კლავდა-მეთქი.
_ ელოდით, რომ ამ განცხადების გამო თავდასხმის ობიექტი გახდებოდით?
_ რადგან სტუდიაში მე და მეუფე პეტრე ერთად ვიყავით, დიახ, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, თან ბევრმა იფიქრა, რომ მე და მეუფე პეტრე შეთანხმებულები ვიყავით, ანუ ერთ გუნდად აღგვიქვა, თუმცა ამ გადაცემამდე მეუფე პეტრესთან კომუნიკაცია არ მქონია! სხვათა შორის, მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი შეთქმულების თეორია იყო და სიტუაცია შედარებით დაბალანსდა და დაწყნარდა, თუმცა რამდენიც გამოვჩნდები, ეს ბულინგი ისევ ახლდება.
_ „ციანიდის საქმის“ შემდეგ, როგორც ვიცი, პატრიარქსა და, საერთოდ, საპატრიარქოსთან კომუნიკაცია აღარ გაქვთ. ეს თქვენი არჩევანია თუ უწმინდესთან სხვებმა გადაგიკეტეს გზა?
_ არის რაღაცები, რის თქმისგანაც თავს ვიკავებ.
_ რატომ იკავებთ?
_ ერთ-ერთ მონაზონთან მქონდა საუბარი.
_ რაზე?
_ მათი გადასახედიდან ჩემი რეაბილიტაცია რომ მომხდარიყო, მაგრამ სანამ არ დავრწმუნდები, რომ მას შემდეგ, რაც საპატრიარქოში მივალ, იქ არ დამხვდებიან ყველაფერ ამის მაპროვოცირებელი ადამიანები, მანამდე იქ მისვლის სურვილი არ მაქვს!
_ დედა სიდონია, უწმინდესთან ურთიერთობა შუამავლების გარეშე გქონდათ. მეტიც, თავის დროზე საბერძნეთში სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წახვედით. ჰოდა, რატომ არ შეგიძლიათ, ახლაც ილია მეორესთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროთ?
_ ეს ის დრო აღარ არის.
_ რა დრო?
_ პატრიარქი ავად არის და შეხვედრა ასე აღარ ხდება.
_ შორენას საშუალებით შეგიძლიათ შეხვდეთ.
_ ქალბატონ შორენასთანაც ვიკავებ შეხვედრისგან თავს.
_ რატომ?
_ მე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, რა პროცესში ვართ და რა ხდება, ამიტომ ჯერ ნებისმიერი დიალოგისგან თავს ვიკავებ, თუმცა ეს დროებითია და იმას არ ნიშნავს, რომ მათთან აღარ მივალ. სხვათა შორის, ცალკეულ ეპისკოპოსებთან ვურთიერთობ.
_ ის კამპანია, რომელიც თქვენ წინააღმდეგ დაიწყო, საპატრიარქოსგან მოდის?
_ სულ ვცდილობ, რომ განსაცდელი ჩემი და ღმერთის პირადი ურთიეროთობისა და იქ არსებული დისბალანსიდან განვიხილო. ამიტომ როცა რამე განსაცდელია, არ ვეკიდები ხოლმე ადამიანებს, რომლებისგანაც ეს განსაცდელი მოდის, ანუ ვცდილობ, ჩემში დავარეგულირო ის მიზეზები, რასაც შეიძლება ეს განსაცდელი გამოეწვია. საპატრიარქოსგან ამ დამოკიდებულების მიზეზებსაც ჩემში ვარკვევ და არა _ გარეთ. ხომ იცით, ნათქვამია, ძაღლს ქვას რომ ესვრიან, ქვას გამოეკიდება და არა _ მას, ვინც ეს ქვა ესროლაო. მოკლედ, ყველაფერს გარეთ კი არა, ჩემში ვარკვევ! ნებიმიერ განსაცდელს ჩემში მე თვითონ ვიწვევ!
_ მეჩვენება, რომ ცდილობთ, დელიკატური პასუხები გამცეთ.
_ არა, მართლა ასე ვფიქრობ, თუმცა ერთ რამეს გეტყვით: აი, ზემოხსენებული გადაცემის შემდეგ სოციალურ ქსელში დავწერე, _ ხვალიდან ჩემი და მეუფე პეტრეს ბრძოლა დაიწყება და ჩემს განეიტრალებას ეცდებიან-მეთქი. მართლაც, მეორე დღეს, შუადღიდან, სტატიები გაჩნდა. ადამიანი, ვინც ყველაფერ ამას წერდა, გარკვეულწილად, ინფორმირებული იყო, მაგრამ ყველაფერი დამახინჯებულად დაწერა.
_ მოკლედ, იმის შესახებ, რომ საბერძნეთში იმყოფებოდით, ინფორმაცია არაოფიციალურად საპატრიარქომ გაავრცელა, არა?
_ დიახ.
_ დედა სიდონია, არ ვიცი, სწორად ვკითხულობ თუ არა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ხართ თუ _ საბერძნეთის?
_ ოფიციალური, ტიტულიანი და ბეჭდიანი დოკუმენტები მაქვს, სადაც წერია, საქართველოში მონასტერში რომელ წელს მივედი, როდის შემმოსა სამთავროს იღუმენია დედა ქეთევანმა. მაშინ 20 წლის ვიყავი… იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დიდ სქემაში აღკვეცა მოხდა ელადის ოფიციალურ ავტოკეფალიურ ეკლესიაში, ავტომატურად მივეკუთვნები იმ ეკლესიას.
_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი დიდ სქემაში აღკვეცა ელადაში მომხდარიყო?
_ ამას მოძღვარი წყვეტს. ჩემი მოძღვარი ხომ საბერძნეთშია.
მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ ელადაში აღვიკვეცე, ჩემი საბუთები ავტომატურად იქ მოხვდა. არ მინდა, ახლა ვუკარნახო, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს განტევების ფურცელი ჩემთვის არ მოუცია. როგორც იტყვიან, ორმაგი მოქალაქეობასავით მაქვს.
_ ანუ ორივე საპატრიარქოს ექვემდებარებით?
_ საქართველოს ეკლესიიდან საბერძნეთის ეკლესიაში ჩემი კეთილი ნებით არ გადავსულვარ!
_ „განტევების ფურცელი“ რას ნიშნავს?
_ „განტევების ფურცელი“ იმას ნიშნავს, რომ ერთი ეკლესიის იურისდიქციიდან გადიხარ და გადადიხარ მეორე ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ადმინისტრაციის დონეზე არ მომხდარა.
_ ერთი სიტყვით, საპატრიარქომ თქვენზე ინფორმაცია გარკვეულ ადამიანებს მიაწოდა და ყველაფერი ასე დაიწყო, არა?
_ ცხადია, არ დავასახელებ, მაგრამ ერთმა ბერმა, რომელიც დიდსქემოსანია, გამაფრთხილა, ფრთხილად იყავი, ამან და ამან, საპატრიარქოში ყვითელი პრესა დაიბარა და შენ საწინააღმდეგო კამპანიას აპირებენო. გამეცინა და ვუპასუხე, ალბათ, არ იცი, სტატია უკვე დაიწერა-მეთქი. კონკრეტული სასულიერო პირი მითხრა, ვინც ყველაფერი ეს დაავალა.
_ ეს სასულიერო პირი ეპისკოპოსია?
_ არა, დაბალი იერარქია.
ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და იცით, რატომ?
_ რატომ?
_ ეს ორმაგი სტანდარტია.
_ ანუ?
_ ეს უსამართლობა და ქრისტიანულ მოწოდებასთან დაშორებაა! დავუშვათ, მე რამეს ვაშავებ და, როგორც დაწერეს, დაკარგული ცხვარი ვარ მათი გადასახედიდან, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, მაშინ რატომ გადავუხვიეთ სახარების სწავლებას, თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი და ამხილე, თუ არ შეგისმენს, ორნი მიდით და ამხილეთ და თუ მაინც არ შეგისმენს, მაშინ წინამძღვართან ერთად მიდი და ამხილეო.
ჩემთან არავინ მოსულა და არ უცდია, რომ შეეგონებინა, _ დაო, რა გიჭირს, რამ გაიძულა, რა მიზანი და მოტივი გაქვსო?
ამდენი წელია, ჩვენ ერთად მოვდივართ, რამდენიმე მონასტერი უშუალოდ ჩემი მონაწილეობით დაფუძნდა _ 21 წლის ვიყავი, როცა აბასთუმნის მონასტერში შეშას ვხერხავდი, თან ასეთი მძიმე დაავადებით.
_ დედა სიდონია, ისევ უნდა გკითხოთ: ყველაფერ ამის ფონზე რატომ არ შეხვდით პატრიარქს, რომელსაც აუხსნიდით და ეტყოდით, თუ ყველაფერ ამის უკან ვინ იდგა და როგორ დაიწყო?
_ ამაზე რესურსის დახარჯვა ძალიან მეზარება. უფალზე ვარ მინდობილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მე და მისი უწინდესობა აუცილებლად გადავიკვეთებით.
_ და ყველაფერს მოუყვებით?
_ მის ასაკს ვითვალისწინებ და ვცდილობ, უსიამოვნო ინფორმაცია არ მივაწოდო. ეს ადამიანი ისეთი რანგის სასულიერო პირია, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის პრობლემებს აგვარებს. ამიტომ მე, რიგითი, როგორმე პრობლემებს თავს გავართმევ!
_ რატომ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ თქვენი, ანუ რიგითის პრობლემაა?
_ რა თქმა უნდა.
_ დედა სიდონია, თქვენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან მოვლენებზე აკეთებთ განცხადებებს.
_ მგონი, ახლა იმაზე მაფიქრებთ, რომ უწმინდესთან ხომ არ უნდა მივიდე და ყველაფერი ვუთხრა?
სხვათა შორის, ამას წინათ მე და ჩემი მეგობარი სასულიერი პირები ვსაუბრობდით და მათაც ეს მითხრეს, _ ხომ არ გინდა, მივიდეთო? მაგრამ ვფიქრობ, ეს გაჭირდება.
_ რატომ?
_ მგონია, რომ იქ ჩემზე წინასწარ არაჯანსაღი განწყობა იქნება შექმნილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, როცა მე და პატრიარქი ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ და ჩემს გულსა თუ ინტონაციას იგრძნობს, დამიჯერებს, მაგრამ ყველაფერ ამას მაინც უწმინდესს ვარიდებ!
გულახდილად ვიტყვი: იქ ის ჯგუფი წვეტს ყველაფერს და არა _ უწმინდესი!
_ ამ ჯგუფის სათავეში შორენა თეთრუაშვილია?
_ ეს სხვადასხვა ჯგუფია.
_ ე. ი., რამდენიმე ჯგუფი გიპირისპირდებათ?
_ არა, ერთი!
_ ამ ფონზე არ გაგჩენიათ სურვილი, რომ საბერძნეთში უფრო სწრაფად დაბრუნდეთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ?
_ როცა 17 მაისის ამბები იყო, მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი და მითხრეს, _ კომფორტის ზონა ჩვენც მოგვწონს, მაგრამ არის პასუხისმგებლობებიო. ბევრისთვის, ვისაც ჩემი პოზიცია არ მოსწონს, ჩემი აქტივობა, ალბათ, ისე აღიქმება, როგორც პირადი არჩევანი, მაგრამ ეს ასე არაა. ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდი, აბსოლუტურად სპონტანურია, ანუ ეს ნაფიქრი არ იყო!
სხვათა შორის, იგივე 17 მაისის შემდეგ უამრავი წერილი მომდიოდა და ყველაფერი ეს ძალიან მძიმე იყო, რადგან ბავშვობიდან სოლო მდგომარეობას ვარ მიჩვეული, სადაც ძალიან კარგად ვპროგრესირდები. მარტოობა ჩემთვის უფრო კარგი გარემოა.
_ შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ანარქისტი ხართ. ყოველ შემთხვევაში, დოგმების წინააღმდეგ მიდიხართ.
_ ვაიმე, კიდევ საკითხავია, დოგმების წინააღმდეგ ვინ მიდის. ვფიქრობ, რომ ადამიანის თავისუფლებას ეს დოგმები განსაზღვრავს.
_ ანუ?
_ ნებისმიერ პროფესიაში ასეა: თავიდან ადამიანი სწავლობს და მერე ინდივიდუალურად შლის ფრთებს. მოკლედ, დოგმები ცუდი არ არის, თან სულ ვცდილობ, რომ ღვთის მცნებებს არ ავცდე! ქრისტე ძალიან თავისუფალი და ყველასთვის ინდივიდუალურია!
_ დედა სიდონია, სამკაულებს ქმნით და თქვენს ერთ-ერთ გამოფენას „გამომწყვდეული თავისუფლება“ ერქვა. ამას გარდა, მას შემდეგ, რაც მონაზვნად აღიკვეცეთ, უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეთ. ასეთი რამეები ქართული მართლმადიდებლური მორალისთვის ხომ მიუღებელია?
_ არ ვიტყვი, ვინ, მაგრამ ერთი სამონაზვნე იყო, რომელსაც უწმინდესმა უნივერსიტეტში ჩააბარებინა, მაგრამ არ გაამართლა.
_ რატომ?
_ ქართული მენტალიტეტისთვის რაღაც-რაღაცები ადრეა, თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია.
_ მეც არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ ქართულ ეკლესიაში არის თუ არა განათლების პრობლემა?
_ განათლების პრობლემა ეკლესიაში კი არა მთელ საქართველოშია! ზოგადად, იმ პროცესში ვართ, როცა პოსტაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მენტალობაა _ ერთი იდეოლოგიიდან გამოვდივართ და ჯერ კიდევ არ ვიცით, რომელზე ავიღოთ ორიენტირი _ რუსეთზე, აშშ-ზე თუ ევროპაზე? მე თუ მკითხავთ, რატომ უნდა იყოს რომელიმე მათგანი? ჩვენ სადაც გავჩნდით და ვართ, აქ რომ განვვითარდეთ, არ შეიძლება? კი ბატონო, ყველა ცივილიზაციიდან კულტურა მაგალითისთვის ავიღოთ და მივბაძოთ, მაგრამ რა საჭიროა, რომ ვინმეს ჩამოვეკიდოთ? ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ჩვენი ქვეყანა ჩვენვე შევქმნათ!
_ ისე, დედა სიდონია, რუსეთი ოკუპანტია?
_ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა ის თავისას ცდილობს.
_ ამ განცხადებისთვის შესაძლოა, თქვენზე ახალი ბულინგი დაიწყოს.
_ ვაიმე, სულ არ მაინტერესებს, რა ვქნა?
_ დედა სიდონია, ლიბერალი ხართ?
_ კონსერვატორი ვარ!
_ თქვენ?
_ დიახ, კონსერვატორი ნამდვილი ლიბერალია!
_ ეს როგორ?
_ აი, ასე. საერთოდ, ლიბერალიზმი არასწორად ესმით… ლიბერალიზმის განმარტება ბევრნაირია: მე ღვთის ქმნილება ვარ და იმისთვის გავჩნდი, რომ უზენაესმა როგორიც დამბადა, ვრეალიზდე და მარადისობაში რეალიზებული გადავიდე. ამ წუთასაც კი ტვინში ყველაფერს ვცვლი და შეიძლება, ის არ გიპასუხოთ, რასაც ვამზადებდი. აი, სწორედ ესაა თავისუფლება!
საერთოდ, კონსერვატიზმი და ფუნდამენტალიზმი სხვადასხვა რამეა. მეტიც, ფუნდამენტალიზმი რელიგიასთან კავშირში არაა. ფუნდამენტალიზმი მავნებლობაა, რომელიც ექსტრემიზმის მშობელია! ნამდვილი რელიგია და ნამდვილი ლიბერალიზმი კონსერვატიზმია! აი, როგორიც ქრისტე იყო! დიახ, ქრისტე ყველაზე დიდი ლიბერალი იყო!
_ ეჭვი არ მეპარება, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენზე იტყვიან, რომ ქრისტიანობა არასწორად გესმით!
_ დამიმიტკიცონ!
_ საერთოდ, დედა სიდონია, როგორ ფიქრობთ, „დასავლეთი გვრყვნის“?
_ არა, რას ამბობთ! დასავლეთი ქრისტიანული კულტურაა!
იცით, როგორაა? _ მანკიერება დასავლეთშიც არის, რუსეთშიც, ბედუინებთანაც, ანუ სამყაროს ისე განვიხილავ, როგორც ერთ მთლიანს და ჩემთვის არ არსებობს არც „ნაციონალები“ და არც _ „ოცნება“.
_ არადა, „ნაციონალს“ გეძახიან.
_ ძალიან ცდებიან. არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთხელ მივიღე და ირაკლი ალასანიას მივეცი ხმა.
_ რატომ?
_ ის მთავრობა უნდა დაბალანსებულიყო, რადგან ეგონა, რომ ყველაფერი მისი იყო.
ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდესო, მაგრამ როგორ არ უნდა ერეოდეს? ისე, გააჩნია, როგორ ერევი _ კანდიდატებს უჭერ მხარს თუ აგიტაციას ეწევი. მოძღვარსაც არ აქვს უფლება, რომ მრევლს მიუთითოს, ხმა ვის მისცეს _ ეს მრევლის შეურაცხყოფაა. მოძღვარმა სულიერი შვილი ისე უნდა გაზარდოს, რომ ენდობოდეს და იცოდეს, ის სწორი არჩევანისთვისაა მზად. შეიძლება, მიმართულება ან დამატებითი ინფორმაცია მისცეს, რა ცუდია და რა _ კარგი, მაგრამ არჩევანში არასოდეს უნდა ჩაერიოს! მოძღვარი ადამიანსა და ღმერთს შორის არ უნდა ჩადგეს.
მოკლედ, ეკლესია და პოლიტიკა პირდაპირპროპორციული თუნდაც იმიტომ არის, რომ დღეს საზოგადოებაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ეკლესია ახდენს!
_ ისე, დედა სიდონია, ნატალია ყაჭიაშვილი, ანუ საკუთარი თავი, საერო ცხოვრებაში გენატრებათ?
_ ის არ დამიკარგავს!
_ ეს როგორ? უკვე წლებია, დედა სიდონია ხართ! არასოდეს გდომებიათ, შვილები გყოლოდათ?
_ არა!
მოგეხსენებათ, რაიონებში ადრე აოჯახებდნენ ხოლმე, ეს ცოტა გადამდებია და გგონია, რომ შენც ასე უნდა მოიქცე. იყო ერთი ადამიანი, რომელთანაც ახლა ძალიან ვმეგობრობ.
_ გიყვარდათ?
_ არა. უბრალოდ, გგონია, რომ ასე უნდა ყოფილიყო და იმაზე ფიქრობ, ვინ არის ოპტიმალური, შენი ხასიათის შესაბამისი, მაგრამ ვუყურებდი და უცბად მივხვდი, რომ 16 წლის ვიყავი, ჩემი ზრდა არ იყო დასრულებული, ხან ის მინდოდა, ხან _ ეს, არ ვიცოდი, სამყარო რა არის, არც ის ვიცოდი, ვინ ვიყავი და როცა ჩამოვყალიბდებოდი, შეიძლებოდა, აღარ მომწონებოდა, მაგრამ სანამ ჩემი ზრდა დასრულდა, მონასტერში აღმოვჩნდი.
_ ახლა იცით, ვინ ხართ?
_ დიახ, ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, გარდაცვალებამდე რა უნდა ვაკეთო და ამიტომ ბევრი გამოწვევა მექნება!
_ დედა სიდონია, მამაკაცი სასულიერი პირი რომ ყოფილიყავით, ბულინგის მსხვერპლი მაინც გახდებოდით?
_ ჩვენს კულტურაში, მგონი, საბჭოთა ხელოვნებამ განსაზღვრა მონაზვნის მოდელი და არც კითხულობენ, ეს მოდელი ჭეშმარიტებასთან ახლოს არის თუ არა, არადა, ქალისა და კაცის ბერად აღკვეცის დროს ერთი და იგივე ლოცვა სრულდება, ანუ სქესი უკვე აღარ არის, მიუხედავად ამისა, მონაზონმა კაცმა იგივე რომ გააკეთოს, საზოგადოებას პრობლემა არ ექნება, რადგან ჰგონია, რომ კაცს აქტივობის უფლება აქვს! სინამდვილეში კი ქალ და კაც მონაზონს ყველაფერი ერთნაირად ეზღუდება ან ნება აქვს დართული!
მოკლედ, ჩვენს კულტურაში ჯერ მიღებული არ არის, რომ მონაზონი ქალი აქტიური იყოს! ეს ეკლესიის დოგმა კი არა, საზოგადოების სტერეოტიპია!
რაც შეეხება გენდერს, არ ვიცი, ქალი ვარ თუ კაცი, რადგან ჯერ ერთი, ანგელოზებს სქესი არ აქვთ! მეორეც, მესამე შვილი ვარ და მშობლებმა არ იცოდნენ, გოგო ვიყავი თუ ბიჭი. მამას კედელზე ორი სახელი დაუწერია _ ალექსანდრე და ნატალია. მეფიცებოდა ხოლმე, ბიჭი იქნებოდი თუ გოგო, თანაბრად გელოდითო. ჰოდა, ჩემში ორივე თანაბრად არის და ახლა, როგორც გინდა, ისე გაშიფრეთ!
გიორგი აბაშიძე