საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები საკმაოდ ზედაპირულად ფასდება როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ინტიტუტების მიერ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მეტწილად თავს იკავებენ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ეჭვს ბადებს მედიაში საპატრიარქოს ცალკეული პირების გავლენის შესახებ.
შემეძლო კონკრეტული „გავლენიანი“ პირებიც დამესახელებინა საპატრიარქოდან, თუმცა ამჯერად კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. თუ ვინმე ამ მოსაზრებაში ოპონირებას შეეცდება, ეს საკმაოდ რთულად გამოუვა, რადგანაც ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროტოპრესვიტერთან დაკავშირებული თემების გარდა, უშუალოდ, საეკლესიო პრობლემებზე არავინ საუბრობს. დიახ, თითქმის არავინ საუბრობს, თუნდაც, ეკლესიაში განსახორციელებელ რეფორმებსა და სხვა უამრავ პრობლემასა და გამწვევაზე, რომლის წინაშეც დგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. შესაბამისად, პრობლემების ზედაპირული გააზრებიდან გამომდინარე დასკვნებიც არასწოად კეთდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანო _ საპატრიარქო _ ჩამოყალიბდა ავტორიტარულ ორგანოდ, რომელიც აბსოლუტურად გაცდენილია საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ჩარჩოებს. საპატრიარქოს მიერ იგნორირებულია ეკლესიის მართვის დადგენილ ნორმები, როგორც ინსტიტუციურად, ასევე მორალური და ზნეობრივი მიმართულებით.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გლობალური პროცესების ინსპირატორი საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა (მაგ.: კრება კრეტაზე, მოსაყდრის დანიშვნა), ლოკალური პროცესები კი მეტწილად გამოიყენება ცალკეული მღვდელმთავრებისა და საპატრიარქოს მერკანტილური მიზნებისთვის: კორუფცია, გავლენების მოპოვება, პირადი კეთილდღეობა. საპატრიარქო ამჟამად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტს საქართველოში („ციანიდის საქმის“ მიზეზი).
ეკლესია, რომელიც თითოეული ადამიანის განცდასა და მოცემულობაში უნდა იყოს სამართლიანობისა და სიმართლის დემონსტრატორი და განმახორციელებელი ინსტიტუტი, თავად არღვევს საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას და ითმენს ლეგიტიმაციის არმქონე მოსაყდრეს. მეუფე შიოს დანიშვნა მოსყდრედ კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსულ გავლენას ამ ინსტიტუტზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი შიოს სიმპათიები რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რასაც მედიასა და საჯარო სივრცეებში გულისწყრომა მოჰყვა, საპატრიარქომ ახალი თამაში წამოიწყო. ამ „წაუგებელი თამაშის“ ფარგლებში საპატრიარქომ ეკლესიის „წიაღში“ ე. წ. პროდასავლური ფრთა შექმნა, რომლის არაფორმალური ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო ქორეპისკოპოსმა იაკობმა, სხვა ეპისკოპოსებმა კი, ძალაუნებურად, ანტურაჟის როლი იკისრეს.
ამ თამაშის არსი გახლავთ შემდეგი _ ქორეპისკოპოსები შიო და იაკობი არიან ერთი ჯოხის ორი ბოლო. ამოცანა განისაზღვრა მარტივად: თუ კონკრეტულ ვითარებაში მეინსტრიმი იქნება რუსული, პატრიარქი გახდება შიო, ხოლო თუ დასავლური _ პატრიარქი უნდა გახდეს იაკობი. საპატრიარქოს აქვს მთავარი ამოცანა _ ნებისმიერ მოცემულობაში შეინარჩუნოს არსებული „სიკეთეები“ და კიდევ უფრო გაძლიერდეს ამ მიმართულებით. საპატრიარქოს ამოცანაა, შეინარჩუნოს „ძმური“ კავშირები რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ის კორუფციული სქემები, რომელიც არსებობს. ამის ნათელი მაგალითია ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი მეუფე იაკობის განცხადება, რომ ის თანახმაა, პრეზიდენტმა შეიწყალოს მამა გიორგი მამალაძე, მაგრამ ერთი პირობით, რომ მამალაძე „პირს არ გააღებს“, ანუ არ ისაუბრებს მისი დაკავების რეალურ მიზეზებზე. არადა, მამალაძე ციხეში ზის არა იმის გამო, რომ ვიღაცას უპირებდა მოწამვლას, არამედ სწორედ საპატრიარქოში კორუფციული სქემების გაშიფვრისთვის. დანარჩენი ყველა ქმედება, მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი შეცდომების, უფრო მძიმედ კი, სიბრიყვისა თუ სიხარბის შედეგია.
არსებულ პირობებში აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ცალკეული სტრუქტურების კონტაქტები საპატრიარქოს ამ პროდასავლურ ფრთასთან და მეუფე იაკობთან იმ მოცემულობის, ანუ საპატრიარქოს „წაუგებელი თამაშის“ პირობებში, ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ვაშინგტონში უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმნიშველოვანესი ნაწილისთვის, სამომავლოდ, მიუღებელია საპატრიარქოს ავტორიტარიზმის გაგრძელება. აღნიშნული სხვა პრიზმაში უნდა გაიაზრონ. კერძოდ, მეუფე იაკობის მხარდაჭერის პროცესი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ნიშნავს იგივეს, რომ თეთრ სახლს ჩრდილოეთ კორეასთან ან თურქმენეთთან არ ჰქონდეს კითხვები დემოკრატიასთან დაკავშირებით.
დასავლეთში კარგად უნდა ესმოდეთ, საპატრიარქოს (და არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის) უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, დარჩეს სახელმწიფოდ სახელმწიფოში და შეინარჩუნოს საკუთარი გავლენა და ინტერესები, რაც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარების მიზნებს.
თუ დასავლეთში სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პროგრესის მხარდაჭერა, მათ პროცესებისა და თავად ეკლესიის წიაღში არსებული ყველა სახის განწყობა სწორად უნდა გაიაზრონ და მხარი დაუჭირონ არა კონკრეტულ პერსონებსა და მათ საოცარ დაპირებებს სამომავლოდ, არამედ ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს კონკრეტულად ინსტიტუტის _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის საკმაოდ ძლიერი განწყობა, რომ ჩატარდეს რეფორმა და ეს ინსტიტუტი და არა ცალკე აღებული მისი მმართველი ორგანო (საპატრიარქო) გახდეს სახელმწიფოს პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნის განვითარების მიმართულებით. ამ განწყობის მხარდამჭერი პროგრესული მღვდელმსახურნი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა დაუბრუნდეს მის ბუნებრივ მდგომარეობას _ დასავლურ ორიენტაციას და განისაზღვროს სახელმწიფოსთან ურთიერთობის სწორი იდეოლოგია, რომელიც დაეფუძნება ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ფასეულობებს.
მეუფე იაკობი და საპატრიარქოს ამჟამინდელი ადმინისტრაცია ნამდვილად არ და ვერ იქნებიან ამ პროცესის განმახორციელებლები, რადგან მათ ამის სურვილი რომ ჰქონოდათ ან ჰქონდეთ, ამჟამადაც შეუძლიათ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
რეფორმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და სახელმწიფოსთან მისი პარტნიორულ რეჟიმში გადასვლა უმნიშვნელოვანესია გეოპოლიტიკური თვალსაზრისთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს სურვილი და მოსაზრება სათანადოდ იქნება მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ, საქართველოს ეკლესიამ და სახელმწიფომ შესაძლოა, უამრავი გეოპოლიტიკური პრობლემა არათუ ააცილოს, არამედ გადაჭრას მისი მეშვეობით _ საუბარია რელიგიათა ურთიერთობაზე, ტოლერანტობის პრინციპებზე, უმცირესობების უფლებების დაცვასა და ა. შ. ეს უნდა გაკეთდეს რაციონალური არჩევანის საფუძველზე და არა მექანიკურად.
მიმდინარე პროცესების კონტექსტში დაუშვებელია გადაწყვეტილებების მიღება „მინდა-არ მინდას“, „ის ცუდია, მაგრამ ეს უარესიას“ პრინციპით. ყველა ცუდი ერთ მხარეს უნდა დალაგდეს და არ უნდა გამოიყენონ პრინციპი „ეს ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“, თუნდაც იმიტომ, რომ ნაძირალამ არ შეიძლება, მისთვის სასურველ დროს და ვითარებაში ბრუტუსის როლი არ შეასრულოს.
ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის მსურველმა ყველა სახელმწიფომ თუ ინსტიტუტმა უნდა გაითავისოს, რომ, ამ ეტაპზე, პერსონების მიღმა აუცილებელია იდეის მხარდაჭერა, რომელიც თუნდაც ეკლესიის მესვეურებს დაანახვებს მის უალტერნატივობას.
დასავლელ პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ დემოკრატიული აზროვნება და ცხოვრების წესი იმ კანონების ფარგლებში, რომელზედაც დემოკრატიული სისტემის პირობებში თანხმდება საზოგადოება, არანაირად არ მოდის კონფლიქტში არც ერთ აღმსარებლობასთან და მით უფრო, _ მართლმადიდებლობასთან.
ამ იდეის მხარდაჭერის შედეგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის _ მრევლი და სამღვდელოება დაბრუნდება ეკლესიაში, ინსტიტუტი გახდება სახელმწიფოს პატრნიორი და კრიზისულ ვითარებებში შეეხიდება ხელისუფლებას, ეკლესია განთავისუფლდება რუსული გავლენისგან, აქტიურად ჩაერთვება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში და ის იქნება მედიატორი, პარტნიორი სხვადასხვა კონფესიისა და სოციალური ჯგუფისთვის; მოიხსნება აგრესია, საეკლესიო ცხოვრება გადავა მშვიდ ფაზაში.
გოჩა მირცხულავა