QronikaPlus
მიხეილ ბატურინი: „ვინც ახლა იბრძვის და მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, ყველა არის გმირი“

მიხეილ ბატურინი: „ვინც ახლა იბრძვის და მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, ყველა არის გმირი“

2024-11-14 05:02:16

მიხეილ ხაჩიძე

„ყველა, ვინც მონაწილეობს რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, არის გმირი. ისინი მიუხედავად წნეხისა და რეპრესიებისა, იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან კავკასიური კავშირის სამხედრო კომიტეტის წევრი, ქართულ ტაქტიკურ დანაყოფ „სარანგის“ მეთაური, მიხეილ ბატურინი.

„ქრონიკა+“-მა ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ ქართველთან დისტანციურად ჩაწერა. მიხეილ ბატურინის თქმით, საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციას საქართველოს სრული ოკუპაცია სურს, ამიტომ მეტი კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი რეჟიმისა და გარუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამასთან, როგორც ქართველი მეომარი განმარტავს, მნიშვნელოვანია დასავლეთის უფრო მკვეთრი ქმედებები და სანქციების დაწესება რეჟიმის მიმართ. „ვხედავთ, რომ „ოცნების“ წევრები და მათი შვილები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში, ჩვენს შვილებს კი რუსეთისკენ უთითებენ გზას. ამათ არ უნდათ  საქართველო. მათ უნდათ, რომ იშოვონ ფული ქართველი ხალხის ხარჯზე, ხოლო თავად იცხოვრონ კომფორტულად და აცხოვრონ თავისი ოჯახები ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში და საქართველოს მოსახლეობა სრულად დაამონონ“, _ განმარტავს ბატურინი.

შეგახსენებთ: 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მან საზოგადოებას მოუწოდა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დაეფიქსირებიანთ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა.

მიხეილ ბატურინი ამბობს, რომ პრეზიდენტს ბოლომდე არ ენდობა და მის ქმედებებს სკეპტიკურად უყურებს: „ახლა საქართველოს პრეზიდენტი გასაგებია, რომ გამოდის დემოკრატიის მხარეს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, დიდად არ იმსახურებს ნდობას, რადგან ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში და გვახსოვს ჩვენ ის სამწუხარო განცხადებები მაშინ, როცა პრეზიდენტი გახდა, მაშინ მისაღები იყო „ოცნების“ გზა? განა, მანაშინ არ იყო გადახრა დემოკრატიიდან? ჩვენ ხომ ვხედავდით, უცხოელი პარტნიორებიც ხედავდნენ და ამბობდბენ კიდეც. კი, რა თქმა უნდა, ბოლო ხანს უფრო მეტი რადიკალური ზომები მოსთხოვა რუსეთმა საქართველოს მთავრობას, მაგრამ ვექტორი რუსეთის მიმართულებით მანამდეც იყო. ამის გარდა, ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღემდე არ შეუწყალებია“, _ ამბობს იგი.

საქართველოში მიმდინარე პროცესები, საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც პარტნიორები გაყალბებულად მიიჩნევენ, საპროტესტო აქციები, ოპოზიციის გეგმები, ხალხის ჩართულობა, უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება, შტატების საპრეზიდენტო არჩევნები, დოლანდ ტრამპის ადმინისტარცია და ურთიერთობები საქართველოსთან _ ამ და სხვა საკითხებს ეხება „ქრონიკა+“-ის ინტერვიუ მიხეილ ბატურინთან:

_ ბატონო მიხეილ, დავიწყოთ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შეფასებით, როგორია თქვენი და უკრაინაში მებრძოლი ქართველების პოზიცია, შორიდან როგორ ჩანს მოვლენები?

_ ცალსახა არის, რომ არჩევნები მოპარული და გაყალბებულია. უკრაინაში არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ყველა მეთაური და მებრძოლი შეშფოთებულია არჩევნების ამ მოპარვით. ეს არ იყო გაყალბება, იყო პირდაპირი მოპარვა, დაიწერეს ციფრები. ბევრი ფაქტია, უამრავი დარღვევაა, მეტობით არის დაწერილი ხმები. ეს არის კატასტროფა.

ეს არის რუსული სპეცოპერაცია საქართველოში, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილია. სხვა შეფასებას ვერ მივცემ ე. წ. არჩევნებს.

_ რა პროცესების წინაშე ვართ, გამოსავალს სად ხედავთ?

_ ეს არის ღია გამოცხადებული ომი, დაშინება, ტერორი საქართველოს მოსახლოების. ჩვენ გვაბრალებენ ტერორიზმის ხელშეწყობას აქ და რუსეთის ნარატივს აგრძელებს რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში. მათ მთავრობას ვერ დავუძახები. ისინი არიან სრულიად არალეგიტიმურები და ასრულებენ რუსეთის დავალებას. ტერორიზმზე როცა საუბრობენ, ტერორიზმის ერთ-ერთი ფორმა არის საკუთარი ხალხის თავისუფლებებისა და უფლებების წინააღმდეგ გამოსვლა. რაც ჩვენ დავინახეთ ამ ქოცბანდის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სადაც მოპარეს საქართველოს მოსახლეობას უფლებები და თავისუფლებები, აწარმოებენ ტერორს, დაშინებას, რეპრესიებს, ეს არის ღია კონფრონტაცია. როცა საუბრობენ, გლობალურ ომის პარტიაზე, დიახ, რუსეთი არის გლობალური ომის პარტია და ზუსტად ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ „ოცნება“. ეს არის ღია ომი, მართალია, ჰიბრიდული, მაგრამ ომი.

_ ჩვენ ვხედავთ აქციებს, პროტესტს, გამოსვლებს. ექნება შედეგი ყოველივე ამას თქვენი გადმოსახედიდან?

_ იმ დონეზე არის ხალხი რეპრესირებული და დატერორებული, ძალოვნების სრული მობილიზაცია და დამორჩილება აქვთ გამოცხადებული. ყველა ძალოვანი დააყენეს რუსეთის სამსახურში. ცოტა ხანში, თუ ასე გაგრძელდა, ჩვეულებრივად გამოაგზავნიან რუსეთის მხარეს საომრად უკრაინაში. ყველაფერი აქეთკენ მიდის. ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ემიჯნება „ქართულ ოცნებას“, ისინი კი არ აღიარებენ და ღიად ამბობენ, რომ რუსული ვექტორი არ აქვთ აღებული. არადა, ჩვეულებრივად რუსეთის გაგრძელება არიან და საქართველოს გადაბარება ხდება.  აქციები აუცილებელია, ჩვენი მხარდაჭერა ყველას! ვინც ახლა იბრძვის და მონაწილეობს ამ აქციებში ყველა არის გმირი. ისინი მიუხედავად წნეხისა და რეპრესიებისა, იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენი გადმოსახედიდან მეტი კონკრეტული ნაბიჯები არის საჭირო, რადგან უნდათ საქართველოს სრული ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ადმინისტრაცია. ასევე რეპრესიები და ტერორი! რეპრესიები ეხება ყველა სოციუმს, კერძო ბიზნესიდან დაწყებული, საჯარო სამსახურის თანამშრომლებით დასრულებული. ძალოვნებზე აღარ ვსაუბრობ, ისინი რუსულ ორბიტაზე არიან გადასულები. ებრძვიან თავის ხალხს, ებრძვიან დემოკრატიას, ებრძვიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მეტი აქტიურობაა საჭირო და რაღაც მკვეთრი მოთხოვნების დაყენება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი.

_ ეს ყველაფერი ოპოზიციამ უნდა ითავოს, თუ როგორ აფასებთ ამ მიმართულებით საკითხს, ოპოზიციას უფრო მეტი ხომ არ მოეთხოვება ზოგადად?

_ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აჩვენა თავისი სუსტი მხარე. საქართველოს მოსახლეობა მართლა გმირია, გამოდის და იბრძვის, მაგრამ არ ხდება ოპოზიციის კონსოლიდირება, საერთო გეგმის ჩამოყალიბება, რაღაც პოლიტიკური ინტერესებისთვის იბრძვიან და არ უხდება ეს ამ ბრძოლას. უფრო მეტი ერთიანობაა საჭირო. ჩემი აზრით, პლატფორმა, რომელიც პრეზიდენტმა დააარსა, კარგია, მაგრამ არასაკმარისი. გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოდის დემოკრატიის მხარეს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, დიდად არ იმსახურებს ნდობას, რადგან არასანდოა ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში და ჩვენ გვახსოვს ის სამწუხარო განცხადებები. მაშინ, როცა პრეზიდენტი გახდა, მისაღები იყო ოცნების გზა? განა მანაშინ არ იყო გადახრა დემოკრატიიდან? ჩვენ ხომ ვხედავდით. რა თქმა უნდა, ბოლო ხანს უფრო მეტი რადიკალური ზომები მოსთხოვა რუსეთმა ხელისუფლებას, მაგრამ ვექტორი რუსეთის მიმართულებით მანამდეც იყო. ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ ეს იყო შენიღბული. ამის გარდა, ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღემდე არ შეუწყალებია. სააკაშვილი, რომელიც რუსეთისა და პუტინის პირადი ტყვეა, საქართველოს რუსეთის ადმინისტრაციის მიერ არის დატყვევებული. ამიტომ ზურაბიშვილის გულწრფელობის პირადად მე დიდად არ მჯერა. მახსოვს მისი განცხადებები, პოზიციები და დიდ ნდობას არ იმსაუხრებს. ჩემი აზრით, დროა ახალი პლატფორმის შექმნის, ეროვნული მოძრაობის, სადაც მოხდება გაერთიანება, კონსოლიდაცია. უნდა ვაიძულოთ რეჟიმი, გადააბაროს მთავრობა. ეროვნულმა მთავრობამ უნდა შექმნას ჯანსაღი კონკურენტურანიანი გარემო, რომ ჩატარდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი გადაწყვეტს და დემოკრატიულ ნებას გამოხატავს. სხვანაირად ამ რეალობით შეუძლებელია, რადგან რუსეთი ისევ ჩაერევა. ეს ვნახეთ მოლდოვაშიც, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იქ მოლდოველმა ხალხმა მოუგო რუსეთს და დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს. არ ვართ დაზღვეულები, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი მორიგ ტრიუკს არ ჩაგვიტარებს და ამ ტრიუკით მოგვიწევს ისევ სპირალზე სიარული, სანამ არ იქნება ლუსტრირებული ყველა, ვინ თამაშობდა რუსეთის მხარეს და  ემსახურებოდა მას. და უნდა შეიქმნას ჯანსაღი გარემო არჩევნებისთვის, სხვანაირად შეუძლებელია, რომ ამ პირობებში, სადაც არის ტოტალური რეპრესიები და ტერორში ამყოფებენ მოსახლეობას, რამე დემოკრატიის გამოხატვის ფორმაზე ვისაუბროთ.

_ რაც შეეხება დასავლეთის აქტიურობას, თუნდაც სანქციების კუთხით, მათი მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია და თუ ექნება ეფექტი და გავლენა რამე სახით?

_ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის უფრო მკვეთრი ქმედებები და რეჟიმის სანქცირება. ვხედავთ, რომ „ოცნების“ წევრები და მათი შვილები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში, ჩვენს შვილებს კი რუსეთისკენ უთითებენ გზას. ამათ არ უნდათ საქართველო. ამათ უნდათ, რომ იშოვონ ფული ქართველი ხალხის ხარჯზე, ხოლო თვითონ იცხოვრონ კომფორტულად და აცხოვრონ თავისი ოჯახები ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში და საქართველოს მოსახლეობა სრულად დაამონონ, რომ ჩვენი შვილები ემსახურონ მათ, თვითონ კი იპარპაშონ ცივილიზაციაში. ყველა, ვინც ემხრობა რუსულ ნარატივს, უნდა დასანქცირდეს და აეკრძალოს ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილებაც კი.

_ ახლა უკრაინის შესახებ ვისაუბროთ, რა სიახლეებია ფრონტზე?

_ დღეს კარგი ამბავი გვაქვს: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსის ოლქში დაიკავეს ნოვა ივანოვკა, ქართული დანაყოფები მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში, ბიჭებმა დავალება შეასრულეს. ალბათ, მათი მეთაურები ვრცლად ისაუბრებენ ამ ოპერაციის შესახებ. ოპერაცია წარმატებით დასრულად. ეს არის წინ წაწევა, ივანოვკა ტაქტიკურ-სტრატეგიულ ადგილი იყო.

_ ეს იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ ჩრდილოკორეელებიც კი გადმოსხეს კურსკში?

_ კი, კი, ვიცით, ბრძოლაშიც შევიდნენ უკვე. დიდად ვერაფერი (იცინის). ამ ფონზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სვლა იყო და დასახლება დავიკავეთ.

_ ზოგადად ფრონტსა და ომში რა ვითარებაა?

_ ზოგადად, სიტუაცია ისევ დაძაბულია, რუსეთი აგრძელებს დაბომბვებს, უმისამართო სროლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ძალიან ბევრს ისვრიან. უკრაინის საგარეო ძალები კი გმირები არიან, მაგრამ, სამწუხრაოდ, ყველა ნასროლის მოგერიება ვერ ხერხდება. ეს არის დაშინების ტაქტიკა. ამ მხრივ რუსეთი აგრძელებს თავის ბოროტ სტრატეგიასა და ქმედებებს.

_ შტატების არჩევნებზე რომ გვითხრათ თქვენი აზრი, როგორ აფასებთ, რა მოლოდინები და იმედებია?

_ ამერიკის არჩევნებმა აჩვენა, როგორ უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები. გაიმარჯვა ტრამპმა, ბაიდენის ადმინისტრაციამ მიულოცა, ხალხს ერთობისა და ქვეყნის ინტერესებისკენ მოუწოდა. მოლოდინებს რაც შეეხება, ტრამპი არის ამბიციური პოლიტიკოსი და თავისი განაცხადები აქვს არაერთხელ გაკეთებული. ტრამპი სერიოზული პოლიტიკური ამბიციების პრეზიდენტია და ვნახოთ, იმედები დიდია, რომ გარდატეხას შეიტანს მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის წინააღმდეგ.

_ ჩვენთან, საქართველოსთან მიმართებით, რას შეიძლება ველოდეთ?

_ გვახსოვს, ტრამპს არაერთი პროექტი ჰქონდა საქართველოში, ჩამოსულიც იყო, ტრამპთაუერი უნდა აშენებულიყო ბათუმში. ვფიქრობ, რომ „ოცნების“ რეჟიმის მიმართ უფრო გამკაცრდება ამერიკის პოლიტიკა, რადგან ტრამპი არის ამბიციური ადამიანი და როცა ვხედავთ, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ალაგებს ურთიერთობას ირანთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ჩადის და უსმენს გზავნილებს „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“, სადაც ვხედავთ, რომ სტრატეგიულად ჩინეთს დავუახლოვდით, რუსეთზე აღარ ვიტყვი, ისეთი ამბიციური პოლიტიკოსი, როგორიც ტრამპია, უფრო ხისტი და მკაცრი იქნება რეჟიმის მიმართ და არა ქართველი ხალხის.

გაზიარება