QronikaPlus
გულიკო ზუმბაძე: „ომი რუსეთია და მშვიდობა ევროკავშირშია“

გულიკო ზუმბაძე: „ომი რუსეთია და მშვიდობა ევროკავშირშია“

2024-11-14 03:49:51

თამუნა მჭედლიშვილი

2024 წლის არჩევნები გააყალბა და მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“, იგივე რუსულმა ხელისუფლებამ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქართულ სასამართლოში ათობით სარჩელი შეიტანეს ხმების გაყალბების, პირადი მონაცემებისა და ფარულობის დარღვევის ფაქტების საფუძველზე, სადაც ითხოვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბათილად ცნობას.

„სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბების შესახებ, რაც მოითხოვს გამოძიებას“, _ ამბობს შარლ მიშელი. საერთაშორისო გამოძიებამდე მისასვლელ გზამდე გასავლელია ქართული (მურუსიძე-ჩინჩალაძე) სასამართლო პროცესები. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც სისტემას წინ აღუდგნენ და თავიანთი კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არჩიეს მონობას.

არის თუ არა იმედი, რომ ოპოზიციური ძალები პოსტარჩევნების პერიოდში გაერთიანდებიან? რა პრევენციული ნაბიჯებია გადასადგმელი საბოლოო გამარჯვებამდე? არის თუ არა ვაჭრობის საგანი ე. წ. რუსული კანონი, ხოლო მისი უკან გაწვევა ხელისუფლებისთვის არჩევნების გათეთრების გარანტია? რა შეცდომები დაუშვეს ოპოზიციურმა პარტიებმა? _ ამ თემებს შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მეოთხე და მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე:

_ ქალბატონო გულიკო, ბოლო პერიოდში, რატომღაც, არ ჩანხართ. ერთ დროს ძალიან აქტიურმა და პოპულარულმა თბილისის საკრებულოს წევრმა რატომ გადაწყვიტა ჩრდილში დგომა?

_ საარჩევნო კამპანიისა და, ზოგადად, პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მე აჟამად წარმოვადგენ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, ვარ პოლიტიკური საბჭოს არჩეული წევრი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ეს რაიონი 150 000 მოსახლეობას წარმოადგენს და მისი შემადგენლობა ძალიან განსხვავებულია. იმით, თუ რას ფიქრობს სამგორის რაიონში მოსახლეობა, შესაძლებელია შევაფასოთ როგორც საქარველოს მთელი მოსახლეობის აზრი... ძალიან მრავალფეროვანია ამ რაიონში მოსახლეობა, _ ინტელიგენციით დაწყებული, მშრომელთა ჩათვლით. ადრე მას საქარხნო რაიონს ეძახდნენ. აქ არის სოციალურად დაუცველთა უზარმაზარი ფენა.

_ რა მოლოდინი ჰქონდა სამგორის მოსახლეობას 2024 წლის არჩევნებთან მიმართებით?

_ სამგორში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, რეალური ცვლილებების მოლოდინი ჯერ კიდევ გაზაფხულიდან არსებობდა. შარშანდელი ე. წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცესები და წლევანდელი გაზაფხულის მოვლენები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ხალხმა გაიაზრა, რა ძალასთან აქვს საქმე. გაიაზრა ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ნამდვილად არის რუსეთის იმპერიის ინტერესების გამტარებელი მარიონეტული ხელისუფლება.

_ რას იტყვით მოსახლეობის ახლანდელი განწყობის შესახებ?

_ როგორც აღვნიშნე, მოსახლეობის განწყობა რუსული კანონის მიღების შემდეგ იყო ის, რომ დადგებოდა 2024 წლის ოქტომბერი და არჩევნების გზით შეცვლიდა იმ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკა დღითი დღე აუარესდებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რუსეთის ინტერესებს, ფაქტობრივად, უკვე ღიად გამოხატავდა.  

_ რა ვერ გათვალა ოპოზიციამ და რა უნდა გაკეთებულიყო ისეთი, რაც დაამარცხებდა მმართველ ძალას?

_ შარშან და წელს გაზაფხულზეც ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების ერთობა! ეს პლატფორმა თავისით გაიკვლევდა გზას, შემდგომ ნაბიჯს განსაზღვრავდა თუ როგორ მოვსულიყავით არჩევნებამდე. სამწუხაროდ, დაიკარგა მაშინ ეს შესაძლებლობა. ჩემი აზრით, აღნიშნული პლატფორმის საფუძველზე უნდა შექმნილიყო ერთიანი საარჩევნო სია _  პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შემადგენლობით. ამას ტექნიკურ სიას დავარქმევდით თუ გამარჯვების სიას, პიარისა და შეფუთვის თემა იქნებოდა. მთავარი იყო, მძლავრი პოზიციებით მივსულიყავით ამ არჩევნებამდე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებული სტრატეგიითაც მოიგო ოპოზიციამ ეს არჩევნები, რომელიც ვერ გაიფორმა, ვინაიდან ეს სტრატეგია არ შეიცავდა სათანადო მუხტსა და შინაარსს, რომელიც იმაზე მეტ ამომრჩეველს განაწყობდა ხელისუფლების წინააღმდეგ, ვიდრე ეს მივიღეთ 26 ოქტომბერს.

_ რა ხელის შემშლელი მიზეზები იყო, რის გამოც ვერ განხორციელდა ერთიანობის იდეა?

_ საპროტესტო აქციების პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკოსებისთვის ტრიბუნის დათმობასა და პროცესებში მათ ღიად მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდნენ, რაც იყო დიდი შეცდომა. სწორედ ამაზე მუშაობდა ხელისუფლებაც, _ პოლიტიკოსები ამხელა საპროტესტო ტალღაზე არ უნდა გამოჩენილიყვნენ. მუშაობდა და გაუვიდა კიდეც. წელსაც, გაზაფხულზე, იგივე განმეორდა. თუმცა ოპოზიციის გარეშე მაინც არ მიმდინარეობდა ეს საპროტესტო აქციები, ისინი, გარკვეულწილად, ჩართული იყვნენ ამ პროცესებში. 

მახსოვს, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა რიყეზე,  ვახტანგ გორგასლის მონუმენტზე ქართული დროშა აფრიალდა, ვფიქრობდი, რომ სწორედ ახლა იყო დრო, დაანონსებულიყო ერთობით სვლა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, რაც, სამწუხაროდ, არ თუ ვერ განხორციელდა. 

ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია ხალხის ასეთ განწყობას, კიდევ უფრო მკვეთრად დაუპირისპირდა დასავლეთს და დაიწყო იმ გზების ჩაჭრა, რასაც აქამდე რუდუნებით ვაშენებდით.  

სიტუაცია გაამძაფრეს.

რუსეთსა და „რუსულ ოცნებას“ მოლოდინი ჰქონდა, რომ ჩვენ ევროკავშირი არ მოგვცემდა კანდიდატის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპისაკენ მიმავალი ყველა გზის შეგნებული ჩაჭრით იყო დაკავებული, ციხეში ჰყავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხორციელდებოდა უკანონო დაჭერები, არ სრულდებოდა „ცხრა პუნქტი“, ევროგაერთიანებების მიმართ ჰქონდათ აგდებული რიტორიკა, დასავლეთმა მაინც მოგვცა შანსი და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

_ ხელისუფლების რუსული ამოცანა რა იყო?

_ ხელისუფლების რუსული ამოცანა იყო ის, რომ საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი უკან ყოფილიყო წაღებული. ამისთვის მიიღეს მათ სწორედ რუსული კანონი. დეკემბერში მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და უკვე გაზაფხულზე იღებენ რუსულ კანონს! ანუ დემოკრატია თავზე დაგვახიეს! მესამე, სამოქალაქო სექტორის არსებობა და თავისუფალი ფუნქციონირება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ნორმალურ ქვეყანაში.  რუსული კანონის მიზანი იყო, ის ადამიანები, რომლებსაც უნდა დაეფიქსირებინათ და გაეცხადებინათ არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები, წინასწარ აგენტებად გამოცხადებულიყვნენ... რაც მაინცდამაინც არ გამოუვიდათ. იმ ერთ პერიოდში რაღაცამ მაინც  იმუშავა... გახსოვთ, რომ წარწერებს აკეთებდნენ მათ სამუშაო ოფისების ფასადებსა და საცხოვრებელ სახლებზე: „აქ ცხოვრობს აგენტი“.

_ 2024 წლის არჩევნებმა დაგვანახა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მაგრამ მუშაობა რა მიმართულებით?

_ რიტორიკაში ხელისუფლებას პირდაპირ პუტინის რუსეთის პოზიცია აქვს გადმოღებული. ადამიანებმა ეს ვერ გაიაზრეს და ვერ მოხერხდა მათზე მუშაობა იმ კუთხით, რომ მათ ეს აზრი შეცვლოდათ.

_ მაინც, რა იყო საჭირო დამაჯერებელი მოგებისთვის? როგორი მოცემულობით უნდა მისულიყო ოპოზიცია არჩევნებზე?

_ რევოლუციური სულისკვეთებით მისვლა იყო აუცილებელი არჩევნებამდე, მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებით. საჭირო იყო, ხალხს კარგად გაეგო მთავარი, რომ ომი რუსეთია და მშვიდობა ევროკავშირშია. ეს უნდა ყოფილიყო ძირითადი მესიჯი და ეს უნდა იყოს ახლაც!

_ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მცდელობა, ორი კოალიცია გაერთიანებულიყავით. სურდა ყოფილიყო მედიატორის როლში  „ძლიერ საქართველოსა“ და გახარიას გუნდს შორის.

_ სამგორის ოლქის მაგალითზე ვიტყვი, რომ განწყობა იყო საკმაოდ დადებითი ამ გაერთიანების მიმართ. ხალხში იყო იმის განცდა, რომ აი, ეს ის ძალაა, რომელიც გაიმარჯვებს, რაც არ ჰქონდა ოთხ სუბიექტს ცალ-ცალკე .

_ თქვენ ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო ამ ორი ძალის არგაერთიანება?

_ გარკვეულწილად, კი. საქართველოში ერთიანობა უყვართ. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ცალ-ცალკე. არ გამოგვდის ერთობის გარეშე გამარჯვება.

_ რამ შეუშალა ხელი ოპოზიის გაერთიანებას?

_ ოპოზიციის გაერთიანებას ხელი შეუშალა სხვადასხვა ფაქტორმა, სადაც ერთ-ერთი იყო „ნაცებთან“ ერთად არდადგომა, რის პროვოცირებასაც ხელისუფლება „წარმატებით“ ახორციელებდა. აი, ახლა ხომ ვამბობთ, რომ ერთად დგომით უნდა დავიცვათ მიტაცებული არჩევნები პოსტფაქტუმ, როცა შედეგი მივიღეთ ძალიან ცუდი?!. ცუდი იმიტომ კი არა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ფაქტია, რომ არჩევნები მიიტაცა ხელისუფლებამ. ანუ საფრთხეები რომ ყველას მძაფრად გაგვეაზრებინა, ორასკაციან სიაში, ათი კაცი იქნებოდა თუ ოცი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამას არანაირი გავლენა არ ექნებოდა საერთო-სახალხო სულისკვეთებაზე. 

_ რატომ ვერ გაამართლა ელექტრონული წესით ხმის მიცემამ არჩევნებზე? მაინც გაყალბდა ხმები.

_ ამ არჩევნებზე ვნახეთ, რომ თუკი რამ არსებობდა დღემდე გაყალბების ნაცადი მეთოდების,  ყველა ხერხი გამოიყენეს. საკმაო გამოცდილება მაქვს სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის და ყოველთვის ვხედავდი, რომ ძირითადი გაყალბების ინსტრუმენტი ამომრჩეველთა სიით მანიპულაცია იყო. 2024 წლის ელექტრონულ არჩევნებში ეს ბევრად „უხილავად“ განხორციელდა და ვფიქრობ, გამოძიებაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს.  ჩემი დიდი რწმენით, სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ დამატებულები სიებში და აძლევდნენ ხმებს რამდენიმე უბანზე. შესაძლებელი იყო, ეს ტექნიკური საკითხი განგვეჭვრიტა... მონიტორინგის  უნდა ყოფილიყო უბნები. ზოგადად, ვფიქრობ, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის არჩევნები უნდა ყოფილიყო სავალდებულო. ამ ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველეყო ხელისუფლებას. არ მიდის ამომრჩეველი _ ყალბდება არჩევნები! წერტილი! თუ ხელისუფლებას უნდა მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ ყოველთვის მოახერხებს გაყალბებას.

_ უნდა ჰქონდეს თუ არა ქართული სასამართლოს იმედი ამომრჩეველს გაყალბებული  ხმების დასაცავად? როგორ უნდა მივიდეთ საერთაშორისო სასამართლომდე?

_ არ გვაქვს ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა, მაგრამ რასაც ოპოზიცია აკეთებს სასამართლოს გავლით, ეს არის სწორი. როცა საერთაშორისო ინსტიტუტებში მიდიხარ, ეს პროცესი უნდა იყოს გავლილი აუცილებლად. ვიცით, რომ სასამართლო ხელისუფლებას, კარგა ხანია, თავის დანამატად და ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს ეს ხელისუფლება. ამ გარდაუვალი „ფორმალობის“ შემდეგ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიება და ეს მოთხოვნა უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის! ე. ი. გვჭირდება ძლიერი საპროტესტო მუხტი!

_ რას გულისხმობთ ძლიერ საპროტესტო მუხტში და რა არის ამისთვის საჭირო?

_ ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. ამის შესახებ  სოციალურ ქსელებშიც წერენ და პირად საუბრებშიც აფიქსირებენ თავიანთ აზრს. დღეს ხალხს სჭირდება გამოკვეთილი ძალა, რომელიც „კიდევ აბრძოლებს იმედით“. სჭირდება საბრძოლო მუხტი. ბრძოლის გზები და შედეგის განჭვრეტა სჭირდება.  ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამ ბრძოლას შედეგი ექნება! „ვარდების რევოლუციის“ ამომრჩეველიც და 2012 წლის ამომრჩეველიც განსხვავებულები არიან 2024 წლის ამომრჩევლისგან. დღეს ამომრჩეველი, ადამიანი, მოქალაქე ფიქრობს, _ მე რომ გამოვიდე, დავდგე, ვიშიმშილო, მე რომ გადავდო ყველაფერი, ჩემი პირადი ინტერესები, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა და რა შედეგი დადგება და რა იქნება მომავალში? იცით, სწორია ეს ხედვა, სწორია! ოპოზიციის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ეს გზა დაანახოს ადამიანებს. საჭიროა მობილიზება სწორი მუხტის და ამ მუხტის ბოლომდე მიტანა! ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს, არის ადამიანების ძლიერი პროტესტი.  ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომ რუსების მძევლები ვყოფილიყავით _ რუსეთის მძევლად აქციეს თავისი თავიც და ქართველი ხალხიც.

_ ხმები დადის, ვაჭრობენო. თითქოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის რუსული კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში არჩევნების აღიარების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

_ არ არის გამორიცხული, რომ ეს თემა „თადარიგში“ ჰქონდეთ სავაჭროდ. თუმცა თუ არ აღიარებს არჩევნებს დასავლეთი, ესეც ექნებათ გათვლილი და ამისთვის მზად იქნებიან. მათი მხრიდან სახელმწიფოებრივი მიდგომების იმედის მისხალი არ არსებობს. პუტინისა და „ოცნების“ რიტორიკა იდენტურია დასავლეთის მიმართ. „ოცნება“ მზად არის, ქონების, ძალაუფლების, ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად რუსეთ-ირან-ჩინეთის ორბიტაზე მთლიანად გადაიყვანონ ქვეყანა და კიდევ უარესი, _ იქ საქართველო ცალკე მოთამაშეც ვერ იქნება, არამედ როგორც რუსეთის ნაწილი.  

_ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. შეიცვლება საქართველოს მიმართ  ამერიკის დამოკიდებულება?

_ შეიძლება, რაღაცები უფრო გამოიკვეთოს და თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს, რაც ბაიდენის დროს დიპლომატიურად შეფუთული და ორაზროვანი იყო. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, არავინ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს. მზად უნდა ვიყოთ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია გამარჯვება!  

_ არის იმის საშიშროება, რომ ოპოზიცია მიეყიდოს  ხელისუფლებას და შევიდეს პარლამენტში?

_ ადამიანებმა ინდივიდუალურად უნდა დადონ პირობა თავის ლიდერებთან და ხალხის წინაშე, რომ არ გადადგამენ შეუთანხმებელ ნაბიჯებს.

ვფიქრობ, ვერ უნდა შეძლოს „ოცნებამ“ ამ ილეთის ჩატარება! არავინ უნდა წამოეგოს მათ სატყუარას! დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და დაინიშნება ახალი არჩევნები. ისევ ხალხის პროტესტი, ისევ ერთიანობით სვლა იქნება სწორი ინსტრუმენტი ამ ბრძოლაში!

_ პოსტარჩევნების მოცემულობა გვაძლევს იმის ნიშნებსა და შანსს ვიფიქროთ, რომ ოთხი ძალა ერთად იქნება ბრძოლაში ახლა მაინც საბოლოო გამარჯვებამდე?

_ დიახ, არის ამის ნიშნები. ნიშნები არის საზოგადოების განწყობა. ის, ვინც ერთიანობას განუდგება და ითამაშებს ბიძინას, ანუ პუტინის თამაშს, მას ნამდვილად დაატყდება თავს საზოგადოების რისხვა. თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება ასეთი ნანბიჯის გადადგმა! საზოგადოებაში არის  ერთიანობის აუცილებლობის განცდა და ეს ერთიანობა უნდა განვავითაროთ და მივიდეთ გამარჯვებამდე! არ გაუვა ამ ხელისუფლებას ქართველი ხალხის გარუსება!     

გაზიარება