QronikaPlus
ნინო კალანდაძე: „საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარების გარეშე არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია“

ნინო კალანდაძე: „საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარების გარეშე არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია“

2024-11-14 03:28:53

ირინა მაკარიძე

ბუდაპეშტში ევროკავშირის სამიტზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, სადაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ არსებულ კითხვის ნიშნებზე ისაუბრეს და გამოძიების საჭიროებას გაუსვეს ხაზი, საქართველოში დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიზიტი დადებითად შეაფასა და თავი იმით მოიწონა, რომ „კარგი, მეგობრული შეხვედრა“ ჰქონდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, პრორუს რობერტ ფიცოსთან, რომელმაც თავისთან, სლოვაკეთში დაპატიჟა.

ეს ის ფიცოა, რომელიც დაჭრეს და შემდეგ კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკომისარი ვარჰეი მისი ბედის გაზიარებით ემუქრებოდა. კობახიძე ვიზიტის დროს ფიცოსთან მეგობრულ საუბარს ნამდვილად მოასწრებდა, რადგან სამიტზე სწორედ მას მიუსვეს გვერდით. რაც შეეხება სხვა ლიდერებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ათამდე ლიდერთან მოახერხა გასაუბრება“. რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, მან გარკვევით განუცხადა კობახიძეს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა გამოიძიოთო. „ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც“, _ აღნიშნა შარლ მიშელმა.

რეალურად, რა ვნახეთ ბუდაპეშტში და რას გვეუბნება ევროპელი ლიდერების განცხადებები? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის“ დირექტორი, ნინო კალანდაძე:

_ ძალიან აშკარა იყო, რომ ბუდაპეშტის სამიტზე კობახიძე არ იყო სასურველი სტუმარი. არა იმიტომ, რომ მის მიმართ ვინმეს რამე აქვს გასაყოფი, არამედ იმიტომ, რომ ის იქ არ იმყოფებოდა, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი. მას არ აქვს სათანადო ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოების მეთურებთან შეკრების ამ ფორმატში მასთან საუბარი შეძლონ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფალთან. ეს არის მიზეზი, რატომაც მას საჯაროდ არავინ გამოეხმაურა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავდით პარალელურ პროცესს, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს საჯაროდ, ღიად ულოცავდნენ არჩევნებში გამარჯვებას, ესალმებოდნენ. მის გარშემო ერთგვარი საზეიმო ვითარება იყო შექმნილი, რომ მისთვის ეს გამარჯვება მიელოცათ და საკუთარი თავისთვისაც, რადგან ევროპულ ოჯახში კიდევ ერთ კანდიდატ ქვეყანას მიიღებენ მალე. ამ ფონზე კონტრასტული იყო ის, რომ კობახიძეს არავინ ელაპარაკებოდა. მეტიც, არ იყო მიწვეული ამ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად, ის იყო მიწვეული პუტინის მოკავშირე მეთაურების მიერ. ეს შეხვედრა რომ არ ჩატარებულიყო იქ, სადაც მმართველი არის პუტინის მოკავშირე, მაშინ იქ კობახიძე საერთოდ არ იქნებოდა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას, დღეის მდგომარეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ არ არის აღიარებული, როგორც საქართველოს ლეგიტიმური  წარმომადგენელი. რაც შეეხება იმას, რომ ის ვინმეს შეხვდა, _ შეხვედრებს ორი მხარე აქვს: ცალმხრივი საუბარი, რომ ვინმესთან შეხვედრა შედგა, არ არის სანდო. ჩანს, რომ ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ არის ინფორმირებული, როგორ მიმდინარეობს ასეთი შეხვედრა, შეცდომაში შეიყვანონ.

ასევე ბევრის მთქმელია, მათ შორის, შარლ მიშელის განცხადება, რომელთანაც, ვიცით, რომ არა შეხვედრა, არამედ საუბარი შედგა. ამ საუბრის შედეგები გაასაჯაროვა თვითონ შარლ მიშელმა. ამ შემთხვევაში მილოცვა არ ყოფილა, არამედ იყო მოწოდება, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმ მიზნით, რომ დადგინდეს საქართველოს არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის ხარისხი. ამასთან, ქართველი მაღალჩინოსნების თამონაწილეობის საკითხი დამნაშავეების გამოვლენის მიზნით, იმიტომ რომ საქართველო არის ევროკავშირში  გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, სადაც არჩევნებში რუსეთის მონაწილეობა არათუ სასურველი არ არის, არამედ დაუშვებელი და დანაშაულის ტოლფასია. ამ მიზნით მიეთითა მას, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ კობახიძის თანამონაწილეობით  ჩატარდება რაიმე სახის გამოძიება, უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და იქ არ იქნება ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის თანამონაწილეობა.

_ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მან აუხსნა და განუმარტა შარლ მიშელს, რომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ მაშინვე დაიწყო გამოძიება, თუმცა პრეზიდენტი არ მივიდა და მტკიცებულებები არ მიიტანა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შარლ მიშელი, ალბათ, დაფიქრდება ამაზე და დასკვნებს გამოიტანსო. რას იტყვით ამ განცხადებაზე და როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც როგორც ვიცით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკითხებიან?

_ „ოცნება“ ვერ და არ გამოიძიებს გაყალბების დანაშაულს, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება. ისინი ვერ იქნებიან ვერც მიუკერძოებელი და ვერც ობიექტურები ამ გამოძიებაში, რადგან ისინი არიან ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედები. ამიტომ შარლ მიშელისთვის კობახიძის სიტყვების გაანალიზებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ის თავად არის დამნაშავე. დამნაშავის მოსაზრება კი რაიმე სახის გამოძიებაში არ არის გადამწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია, რას ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარების გარეშე არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არის დიქტატურა, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო  არაღაიარების პარალელურ პროცესს თან სდევს შიდა არაღიარება. ცხადია, თუ ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს, თუ სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ, შესაბამისად, სახეზეა დიქტატორული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების უზურპირებას ახდენს და რომლის სიტყვაც არ არის ყურადსაღები.

_ ჯერჯერობით არც აღიარება მომხდარა, მაგრამ არც ის თქმულა, რომ ხელისუფლება ამ აღიარებას ვერ მიიღებს. არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ საჭიროა გამოძიება...

_ საერთაშორისო გამოძიება მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ ხდებოდეს რუსული სპეცსამსახურების ჩარევა და მონაწილეობა. ეს არის გამოსაძიებელი საერთაშორისო დონეზე, ამას აღიარება-არაღიარების საკითხთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ლეგიტიმაციის საკითხი გადის იმაზე, დედაქალაქების, პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე აშშ-ის და საერთაშორისო ცივილიზებული ქვეყნების აღიარება მიიღოს ხელისუფლებამ. არჩევნებიდან უკვე ორი კვირა გავიდა და ეს ჯერ არ მომხდარა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც საერთაშორისო თანამეგობრობა პარლამენტის ლეგიტიმაციას ცნობდა. დღეის მდგომარეობით, ფაქტია, რომ მათ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ.  მიმდინარეობს შემსწავლელი პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მასშტაბური იყო დარღვევები. ჯერჯერობით, ფაქტია, რომ მოლოცვებს ვერ იღებენ და მათი აღიარება არ შემდგარა.

_ საერთაშორისო გამოძიებაში რას გულისხმობთ? ტექნიკურად ეს როგორ არის შესაძლებელი? არის თუ არა ეს თანხვედრაში ჩვენს კანონმდებლობასთან?

_ საერთაშორისო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც შეისწავლის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ჩარევის საკითხს, არჩევნებში მათ მონაწილეობასა და არჩევნების გაყალბებაში მათ წვლილს. საერთაშორისო გამოძიება გულისხმობს იმას, რომ ქართული მხარე ჩაერთვება, მხოლოდ, ვთქვათ, დოკუმენტების წარდგენის ნაწილში, მაგრამ შემსწავლელი კომისია არის ცალსახად საერთაშორისო. ქართული მხარე მასში ვერ მონაწილეობს. ამის პრეცედენტი არსებობს სერბეთში და შესაძლებელია ანალოგი  შეიქმნას. უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება.

_ ეს საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან ნებართვას, რომ ჩატარდეს გამოძიება, თუ ამის გარეშეც არის შესაძლებელი?

_ კარგი იქნებოდა, თუ ითანამშრომლებდა, მაგრამ მათ გარეშეც შესაძლებელია ასეთი გამოძიების ჩატარება.

_ სამი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი არჩევნების გაყალბების შესახებ არსებული ეჭვების გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ, ირაკლი კობახიძემ თქვა, _ გაუკვირდა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოიცალა საქართველოზე განცხადების გასაკეთებლად, რადგან მას თავისი პრობლემები აქვსო. რას იტყვით ამაზე?

_ საქართველოსთვის ყოველთვის მოიცლიან, რადგან საქართველო ევროკავშირისთვის არის პრინციპული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, ამიტომ მოიცლის ყველა, ვინც არის დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელი. მათი ქვეყნების უსაფრთხოებაც, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან საქართველოს ჰყავს თავზეხელაღებული, რუსული სპეცსამსახურების მიერ დაკომპლექტებული, ძალაუფლებაუზურპირებული ხელისუფლება. კობახიძე არავინ არის, რომ ვინმეს სახელით ისაუბროს, მას არ აქვს საუბრის მანდატი. ფაქტი არის ერთი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია გაჩერებულია იმიტომ, რომ მას ჰყავს ბანდიტური ხელისუფლება. საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება, რადგან რუსული სპეცსამსახურის გზით ბანდიტურმა ჯგუფმა მიიტაცა ძალაუფლება.

_ რას უნდა აკეთებდეს ახლა ოპოზიცია?

_ პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიები უნდა დარჩნენ თავის პრინციპულ პოზიციაზე, რადგან ხელისუფლების დელეგიტიმაცია უნდა დაიწყოს ქვეყნის შიგნით. ეს იყო აქამდე ყველაზე პრინციპული გამოწვევა ქართული საზოგადოების. ივანიშვილი აყალბებდა არჩევნებს, ივანიშვილი ვერ იღებდა უმრავლესობის ხმებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მას ლეგიტიმაციას ანიჭებდა პარლამენტში შესვლით. შესაბამისად, გვყავდა არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმური იყო იმიტომ, რომ ქვეყნის საპარლამენტო ოპოზიცია მას ლეგიტიმაციას ანიჭებდა, იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვან. ჩემი აზრით, თუ დაუშვებენ, ეს იქნება ფატალური შეცდომა მათთვის. როგორც პოლიტიკოსისთვის ეს არის პირველი ნაბიჯი, _ პრინციპული პოზიცია. იმისთვის, რომ მათ ეს პოზიცია შეინარჩუნონ, რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ დიდია ცდუნება პოლიტიკური  ორგანიზაციების, არსებული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, რომ ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არის, რისთვისაც იბრძოდნენ. ამიტომ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებზე უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური წნეხი. ქვეყნის სამოქალაქო სექტორის ფუნქცია არის ის, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდოს, მათ მანდატი არ მიუღიათ იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდნენ, მათ მანდატი მიიღეს იმისთვის, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გაუშვან, ეს იყო დაკვეთა და არა ის, რომ რუსული რეჟიმი შენარჩუნდეს და ისინი პარლამენტში იყვნენ. შესაბამისად, ეს წნეხი უნდა შენარჩუნდეს. ამის დამატებითი კომპონენტი არის ის, რომ თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით ყველა ვთანხმდებით, რომ მიტაცებული არჩევნების გზით გაბატონებული ძალა არის რეჟიმი  და არა ხელისუფლება, მაშინ მათ  სამოქალაქო პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ, რათა მათ ვერ შეძლონ მიტაცებული უფლებამოსილებების გაფორმება.

გაზიარება