QronikaPlus
კახა წიქარიშვილი: „სასამართლო კლანი წლების განმავლობაში ამზადებს სისტემას არჩევნებისთვის“

კახა წიქარიშვილი: „სასამართლო კლანი წლების განმავლობაში ამზადებს სისტემას არჩევნებისთვის“

2024-11-14 03:26:06

ირინა მაკარიძე

თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა, რომ არჩევნებზე დარღვეულო იყო ამომრჩევლის ნების ფარულობა. 

როდესაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვლადიმერ ხუჭუას კითხვა დაუსვეს და უთხრეს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, თუმცა გასაკვირია ჩვენთან, მან უპასუხა, რომ ჩვენც ნორმალურ ქვეყანაში ვართ, რითაც წამიერად გაგვიჩინა იმედი, რომ მართლაც შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც მოსამართლეები გადაწყვეტილებას საკუთარი სინდისის მიხედვით მიიღებენ. ეს ილუზია მალევე გაგვიქარწყლა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როდესაც არცერთი საარჩევნო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თეთრი წყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაც გააუქმა.

როგორ გაეპარა სისტემას ხუჭუას მსგავსი მოსამართლე და რა პრინციპით მუშაობს უსამართლო ქვეყნის სასამართლო სისტემა? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დამოუკიდებელ იურისტთა ჯფუფის წევრი, კახა წიქარიშვილი:

_ სასამართლო სისტემაში, საბედნიეროდ, არიან  მოსამართლეები, რომლებიც კლანს არ ემორჩილებიან, ყოველ შემთხვევაში, ტოტალური კონტროლის ქვეშ არ არიან და შესაძლოა, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, მაგრამ ასეთი მოსამართლეები გამწესებულები არიან პირველ ინსტანციაში და ისეთ ადგილებზე, სადაც პოლიტიკურ ელიტას და კლანს ისინი პრობლემებს ვერ შეუქმნიან. თუ აღმოჩნდა, ასეთმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კლანისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას გააუქმებს საპელაციო სასამართლო. თუ სააპელაციო სასამართლოშიც გამოეპარათ რამე, ასეთ გადაწყვეტილებებს შეცვლის უზენაესი სასამართლო. არის საქმეები, სადაც ორი ინსტანციით ხდება განხილვა და ზუსტად ასეთია საარჩევნო დავები. ამისთვის დიდი ხნით ადრე იწყება მზადება და ყოველი არჩევნების წინ ხდება მოსამართლეების გადანაწილება ისე, რომ ყველა იყოს საჭირო ადგილას, რომ არაფერი გაეპაროთ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ სააპელაციო ინსტანციებს, რადგან საარჩევნო დავებზე ის არის საბოლოო ინსტანცია. თუკი რამე გაეპარებათ რომელიმე რაიონში, მაშინვე მიხედავენ სააპელაციო ინსტანციებში. შესაბამისად, მე არ მქონდა არანაირი ილუზია, რომ ხუჭუას გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებდა სააპელაციო სასამართლო.

_ რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, ქუთაისის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქმეს განიხილავდა შოთა სირაძე, რომელიც არის საპატრულო პოლიციის შეფის მამა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რის გამოც მის აცილებას ითხოვდნენ, რაც არ დააკმაყოფილეს იმ ფონზე, როდესაც ხუჭუას მიმართ ცოლის გავლენასა და მარწყვის ტორტით მოსყიდვაზე საუბრობდნენ. ამის შესახებ რას იტყვით?

_ როგორც კი რომელიმე  მოსამართლე გაბედავს და მიიღებს „ქართული ოცნების“ ან კლანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ისინი იწყებენ ამ მოსამართლის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, რომ ეს მოსამართლე არის „ნაცი“, რომ მასზე მოხდა ზეგავლენა და ა. შ. თუ მოსამართლემ მიიღო „ქართული ოცნების“ მოსაწონი გადაწყვეტილება, მაშინ ისინი ამბობენ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და „ხელები შორს ქართული სასამართლოსგან“. თუ მოსამართლემ მიიღო მათთვის პრობლემური გადაწყვეტილება, მაშინვე ხდება მისი „განაცების“ პროცესის დაწყება. მოუძებნიან  წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს, სხვა რამე „კომპრომატებს“. ამ მოცემულ შემთხვევაში ყველაზე სასაცილო იყო ის ბრალდებები, რაც ამ მოსამართლის წინააღმდეგ გააჟღერეს. ეტყობა, ვლადიმერ ხუჭუას ბიოგრაფიაში ამაზე მნიშვნელოვანი კომპრომატი ვერაფერი მოძებნეს და „მარწყვის ტორტი“ ამოუგდეს. რაც შეეხება შოთა სირაძეს, ამ მოსამართლეზე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ არის ის დაკავშირებული კლანთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ის მოსამართლე, რომელიც აპელაციაში იხილავს საარჩევნო დავებს, არის კლანისთვის მისაღები პირი. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცი, რომ ისინი წლების განმავლობაში ამზადებენ სისტემას არჩევნებისთვის, რომ მიიღონ ხელისუფლებისთვის საჭირო გადაწყვეტილება. 

_ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ჩაატარეს სასამართლო ექსპერიმენტი და ყველამ დაინახა ფურცლის მეორე მხარეს, სად იყო არჩევანი გაკეთებული, მოსამართლე გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ არაფერი დაუნახავს. ამასთან, მან მოსარჩელე მხარის იურისტებს განუცხადა, რომ ცესკოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი საკმარისია და ამით დასრულდა ექსპერიმენტის ჩატარება. ამაზე რას იტყვით?

_ კლანის ერთგულ მოსამართლეებს აქვთ ძალიან ბევრი ტექნოლოგია, როგორ შეცვალონ საქმის ვითარება ისე, რომ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილება. ისინი წლების განმავლობაში ვარჯიშობენ და ხვეწენ ამ ტექნოლოგიებს, რომ შეძლონ პროცესის მანიპულირება და სასურველი გადაწყვეტილების მიღება. იგივე მოსამართლეს შეუძლია საქმე შეატრიალოს და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, გააჩნია პოლიტიკურ შეკვეთას. კლანი სპეციალურად არჩევს ასეთ მოსამართლეებს და განსაკუთრებით მაღალ ინსტანციებში ამწესებს მათ, რომლებსაც შეუძლიათ საქმით მანიპულირება.

_ გარდა ამისა, რომ გაერთიანებული იყო სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათეულობით საქმე, რისი განხილვაც ერთად შეუძლებელი იქნებოდა, უპრეცედენტო იყო თვითონ პროცესის ხანგრძლივობა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში თითქმის 24 საათი უწყვეტად გაგრძელდა. ამის შესახებ რას იტყვით?

_ ზუსტად ასე იქცეოდნენ 2012 წლამდე, როცა „ქართული ოცნება“ იყო ოპოზიციაში. სასამართლო კლანი არის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ემსახურება ხელისუფლებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ძალა იქნება სათავეში. მგონი, ბიძინა ივანიშვილს დაავიწყდა, იმავე გვრიტიშვილმა და მოსამართლეებმა რამდენჯერ გაამწარეს 2012 წელს. მათ აქვთ გარიგება, რომ სასამართლო იქნება ყოველთვის ლოიალური. „ქართულ ოცნებას“,მგონი, არც აინტერესებს, რა ხდება სისტემის შიგნით, როგორ ხდება ამ საქმეების დალაგება, გაერთიანება, ეს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აწუხებთ, კლანი ამას თვითონ აგვარებს და თავად იცის, რა უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, მათ კავშირს აძლიერებს ერთი რამ _ თუ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ძალაუფლება, კლანიც კარგავს ძალაუფლებას. ამ შემთხვევაში, მთელი ეს სამოსამართლეო იერარქია იშლება, ვეტინგი უნდა ჩატარდეს შემდეგ და მთელი პროცესები, რაც კლანს არ აწყობს.

_ ზუსტად 4 წლის წინათ იყო საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა სასამართლო კლანის არსებობის შესახებ. ახლა, როდესაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაცია ბრუნდება, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდ იმედებს ამყარებს, რამდენად მოსალოდნელია, რომ რამე შეიცვლება თუნდაც სასამართლოსთან მიდგომის მიმართულებით?

_ ტრამპის ადმინისტრაციაშიც ისევე სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს სასამართლო სისტემას, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში. ამ კუთხით მგონია, რომ პარტნიორების დამოკიდებულება არ შეიცვლება. ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხი მოსამართლე, მათგან სამი მოქმედი და ერთიც ყოფილი მოსამართლე არის დასანქცირებული. ეს სანქციები არ გადაიხედება, პირიქით, შესაძლოა, ამ სანქციების სია კიდევ უფრო გაფართოვდეს.

რაც შეეხება მაიკ პომპეოს, ის, თავის დროზე, ძალიან კარგად იყო ინფორმირებული კლანის შესახებ. ჩვენ მას მივაწოდეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია. მას ჰქონდა დეტალური შეკითხვები, თუ როგორ მუშაობს ეს კლანი, რას ეყრდნობა მისი ძალაუფლება. მიღებული პასუხების საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაცია მან კიდევ მიიღო სხვადასხვა წყაროდან და გამოიტანა სანქციები. ეს სანქციები ერთ და ორ დღეში არ მომზადებულა, მას საფუძველი ჩაეყარა იმ მრავალ წყაროსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მიდის სახელმწიფო დეპარტამენტში. მინდა გითხრათ, რომ არიან ასევე მოწმეები, რომლებიც მზად იყვნენ საგამოძიებო კომისიაში მისულიყვნენ და მიეტანათ თავიანთი ინფორმაცია კლანის მუშაობის შესახებ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას  ხელი შეუშალა, ეს პროცესი გაიჭედა, ასევე ვეტინგი გაიჭედა, რაც ასევე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. პროკურატურას, ვიცით, რომ არ აინტერესებს სიმართლე, თუ რა ხდება სასამართლოში, არც კორუფცია აინტერესებს და არც კლანის წევრების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არც ის ფაქტები აინტერესებს, რომლებიც ძალიან ბევრი გავიდა მედიაში. ამის სანაცვლოდ „ოცნებამ“ მიიღო სრული მხარდაჭერა სასამართლოსგან ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში.  შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არაფერს გააკეთებს სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, პირიქით, ყოველთვის იტყვის, რომ არანაირი კლანი და არანაირი კორუფცია სასამართლოში არ არსებობს.

გაზიარება