- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 09:17:09
მიხეილ ხაჩიძე
არჩევნები არის მოვლენა, რომელიც ყოველთვის შეიცავს ინტრიგის ელემენტს. სოციოლოგები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ შეფასებებში, იყენებენ არასწორ მეთოდებს და ა. შ., მაგრამ სხვაობა კენჭისყრის შედეგებს შორის, რომელიც გაიმართა 20 ოქტომბერს მოლდოვაში, ყველა პროგნოზს ასცდა, იგი, უბრალოდ, სენსაციური იყო. ამას არავინ ელოდა.
მეტიც, ეს შედეგები ნამდვილ კატასტროფად იქცა პროევროპელ პრეზიდენტ მაია სანდუსთვის და მისი გუნდისთვის. სიტუაციის პარადოქსი ის არის, რომ სანდუმ გაიმარჯვა წმინდა ფორმალურად. დიახ, ევროინტეგრაციის რეფერენდუმმა დადებითი პასუხი გასცა. ამომრჩეველმა კონსტიტუციის ცვლილებას მხარი მცირე სხვაობით დაუჭირა და ახლა მისი ევროინტეგრაციის ნორმები მოლდოვის ძირითად კანონში გამოჩნდება. მაგრამ ეს შედეგი დიასპორამ უზრუნველყო. სამაგიეროდ, მოლდოვის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. დედაქალაქშიც კი ამომრჩეველთა 44% ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ანუ თითქმის ნახევარი.
სამაგიეროდ, ქვეყნის რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში გაიმარჯვეს ევროკავშირისკენ მოძრაობის ოპონენტებმა, ზოგან ხმების 95%-იც კი მიიღეს!
არც ისე დამაიმედებელია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ფორმალურად, პრეზიდენტი მაია სანდუ ფინიშის ხაზში პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. მაგრამ ეს გამარჯვება იოლი არ იქნება და ასევე, დიდი ალბათობით, დიასპორის ხმებით იქნება უზრუნველყოფილი. მომავალ წელს კი საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ ძალებს ძალაუფლების შენარჩუნება უკიდურესად გაუჭირდებათ.
მოლდოვის ხელისუფლება მსგავსს შედეგებს რუსული ჩარევითა და პროპაგანდით ხსნის. მაგრამ რეალურად პრობლემების წყარო გაცილებით ღრმაა. ფაქტობრივად, კავშირი სანდუსა და მოლდოვის ევროპულ არჩევანს შორის იმდენად მჭიდრო გახდა, რომ ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლამ მოქმედი პრეზიდენტის მაღალი ანტირეიტინგიც მოიცვა. და ამ ფონზე შესაძლებელი გახდა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების იდეის დისკრედიტაცია.
„ქრონიკა+“ განმარტავს, რა ხდება მოლდოვაში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს განვითარებულ მოვლენებს?
20 ოქტომბრის საღამოს კიშინიოვში, კანდიდატ მაია სანდუს შტაბში, მღელვარება იყო, _ არა მხოლოდ გამარჯვების, არამედ ტრიუმფის მოლოდინი. და ჩანდა, რომ ამის ყველა მიზეზი იყო. მოლდოვის პროევროპული ხელისუფლების სტრატეგიამ ბოლო თვეებში მოსალოდნელზე უკეთაც იმუშავა _ ეს ცესკოდან კენჭისყრის დროს მიღებული მონაცემებითაც დადასტურდა. ამიტომ გამარჯვება გარანტირებულად ითვლებოდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე მოლდოვის პრეზიდენტს კიდევ 10 კანდიდატი დაუპირისპირდა, თითოეული მათგანის რეიტინგი რამდენჯერმე დაბალი იყო სანდუს რეიტინგზე. ეს დაადასტურა ყველა გამოკითხვამ, გამონაკლისის გარეშე, რომელიც ჩატარდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის დაკვეთით. პოლიტოლოგები შეთანხმდნენ, რომ მაია სანდუს გამარჯვება, პრაქტიკულად, გარანტირებული იყო; ერთადერთი საკითხია, გაიმარჯვებს ის პირველ ტურში, თუ ამას მეორე ტურიც სჭირდება? ამ ფონზე, ქვეყნის ორმა ყველაზე პოპულარულმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა _ ექსპრეზიდენტმა იჰორ დოდონმა და კიშინიოვის მერმა იონ სებანმა უარიც კი თქვეს საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე, რომელიც უკვე წაგებული ჰქონდათ. გარდა ამისა, სანდუს ყველა მთავარი ოპონენტი პრორუსული იმიჯის იყო, კონკურენციას უწევდა საერთო ელექტორატთან და ითვლებოდა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა სერიოზული კოზირი _ რომ ის ერთადერთია კანდიდატებს შორის, რომელიც მოლდოვას ჰპირდება ევროკავშირში შეყვანას. თუმცა სანდუს უხილავი „მოწინააღმდეგეც“ ჰყავდა, რომლის დაძლევაც მართლაც რთულია.
ტრიუმფიდან _ სასოწარკვეთამდე
რა თქმა უნდა, ყველა მოლდოველი ამომრჩეველი არ არის აღფრთოვანებული ევროკავშირში გაწევრიანების იდეით. ქვეყანაში პრორუსული ელექტორატის დიდი ნაწილია. ასევე არის რეგიონები, სადაც ანტიევროპული განწყობები დომინირებს, თუმცა არჩევნების დღეს, როგორც ჩანს, მათი ძალა კლებულობდა.
ერთი სიტყვით, ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ მიაღწია მკაფიო დასკვნას: მაღალი აქტივობა აჩვენებს, რომ ხალხმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა მოლდოვის ისტორიული ევროპული არჩევანი. მაგრამ ხმების დათვლის შესახებ პირველმა მონაცემებმა, რომელიც ცესკოდან მოვიდა, შოკი გამოიწვია.
ცესკოში აცხადებდნენ, რომ ევროპული არჩევანის წინააღმდეგ ხმები დომინანტური იყო. მეტიც, ეს მაჩვენებელი მაღალი იყო მოლდოვის ყველა რეგიონში. თავდაპირველად, მაია სანდუს შტაბმა დაარწმუნა ჟურნალისტები, რომ ეს იყო პირველი დათვლილი უბნები _ პატარა, ატიპიური და არა წარმომადგენლობითი. მათი თქმით, ახლა ძირითადი ხმები დაითვლება და ყველაფერი ძირეულად შეიცვლება, მაგრამ ცესკოს მრიცხველი სწრაფად იზრდებოდა... და როდესაც დათვლილი ხმების 20-30% შეგროვდა, პატარა უბნების შესახებ ვერსიამ აღარ იმუშავა. კიშინიოვში გაანგარიშება კიდევ უფრო ცხადი იყო. დედაქალაქი, რომელიც მტკიცედ პროევროპული უნდა ყოფილიყო, ბეწვის ხიდზე გავიდა. საბოლოოდ, ყველა უბანზე ხმების დათვლის შემდეგაც კი აღმოჩნდა, რომ კიშინიოვში ამომრჩეველთა მხოლოდ 56% უჭერს მხარს მოლდოვის ევროკავშირში გადასვლას, რაც კატასტროფულად დაბალია. მაია სანდუს პრესცენტრში ტრიუმფი სასოწარკვეთამ შეცვალა. პრეზიდენტის დაპირებული პრესკონფერენცია გადაიდო. იყო იმედი, რომ შეიცვლებოდა დინამიკა და მოხდებოდა ის სასწაული, რასაც მთელი პერსონალი ელოდებოდა. შემდეგ, როცა მიხვდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, სიტუაციურ ოთახში დასხდნენ ახალი პოზიციის მოსამზადებლად, რომლითაც მოლდოვის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად პრესცენტრში გამოვიდა. მან მოკლე განცხადება გააკეთა, რომელიც მხოლოდ 1 წუთსა და 20 წამს გაგრძელდა... და სანდუმ, პასუხების გარეშე, დარბაზი დატოვა.
გამარჯვება, მაგრამ არა მოლდოვაში
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება არაფრისმთქმელ იყო. მან არ აღიარა კენჭისყრის შედეგები, მაგრამ არც უცდია მისი უარყოფა. სანდუს სიტყვებიდან გამომდინარეობდა, რომ ის ხმების დათვლის დასრულების შემდეგ უპასუხებდა ყველა კითხვას. მან თქვა, რომ კრიმინალები და უცხოელი მოთამაშეები (მინიშნება რუსეთზე) აპირებდნენ 300.000 ხმის ყიდვას და ხელისუფლებას ამის მტკიცებულება აქვს. მაგრამ განხორციელდა ეს შესყიდვა? ეს კითხვაც უპასუხოდ დარჩა. მაია სანდუს ყველა მიზეზი ჰქონდა, შედეგით უკმაყოფილო ყოფილიყო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ფინიშამდე მივიდა 42%-ზე მეტი მხარდამჭერით. საგრძნობლად ნაკლები, 26% აქვს მეორე ადგილზე გასულ ალექსანდრ სტოიანოგლოს.
რეფერენდუმის მთავარი შედეგიც განხილვის თემად იქცა. მოლდოველმა ამომრჩევლებმა ევროპული არჩევანი მოიწონეს არა მხოლოდ მინიმალური სხვაობით, არამედ მხოლოდ დიასპორის წყალობით. საზღვარგარეთული უბნების გამოკლებით, ამომრჩეველთა მხოლოდ 45,57%-მა მისცა ხმა ევროკავშირს, ხოლო 54,43%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს თავისთავად დამღუპველი შედეგია. ირკვევა, რომ მოლდოვის ევროპულ არჩევანს ქვეყანაში მცხოვრებთა მხარდაჭერა არ აქვს. ევროპამ ხმა მისცა ევროპას, მოლდოვამ კი _ მის წინააღმდეგ.
საპრეზიდენტო არჩევნებით, ერთი შეხედვით, უკეთესი მდგომარეობაა. მეორე ტურში გასვლა 43%-იანი მხარდაჭერით არის შედეგი, რაზედაც ბევრი ოცნებობს, მაგრამ არა სანდუს შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს, ის 2020 წლის არჩევნებზე წავიდა, ძირითადად, კორუფციასთან ბრძოლის დაპირებებით, სასამართლო სისტემის გასუფთავებით და ა. შ. ეს დაპირებები ძირითადად შეუსრულებელი დარჩა. ამის ახსნა შეიძლება, მაგრამ ამომრჩეველს შედეგი აინტერესებს და არა მისი არყოფნის საბაბი.
ასე რომ, არსებითად, „ევროპის რეფერენდუმის“ პარალელურად, მოლდოვაში გაიმართა „ხელისუფლების ნდობის რეფერენდუმი“ და ის, რომ სანდუმ ხმების 50%-ზე ნაკლები მიიღო, ნიშნავს, რომ მან ის წააგო.
გარდა ამისა, პირველ ტურში დამარცხებული ძირითადი კანდიდატები თითქმის ყველა დაუჭერენ მხარს სტოიანოგლოს მომდევნო კენჭისყრაში. ახლა კი საკითხავია, გაიზრდება თუ არა საპროტესტო რეიტინგი საკმარისად პრორუსული კანდიდატის ასარჩევად, მხოლოდ იმისთვის, რომ აიცილონ პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მაია სანდუს გამარჯვების შანსები კვლავ საკმაოა.
შესაძლოა, „პირველი ტურის შურისძიება“ ზოგიერთი ამომრჩევლისთვის საკმარისიც აღმოჩნდეს. მეორე ტური უფრო სერიოზულია და ამ კანდიდატებთან ერთად ისევ გეოპოლიტიკურ არჩევანში ექცევა. თუმცა არაპროგნოზირებადი შედეგით.