QronikaPlus
მურმან დუმბაძე: „ოპოზიცია გაყალბებულ პარლამენტში არ უნდა შევიდეს!“

მურმან დუმბაძე: „ოპოზიცია გაყალბებულ პარლამენტში არ უნდა შევიდეს!“

2024-10-30 08:14:48

შორენა მარსაგიშვილი

ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოგება შეძლო? რა არ გაითვალისწინა ოპოზიციამ? რა უნდა ისწავლოს საზოგადოებამ? არის თუ არა ივანიშვილის დამარცხების შანსი კიდევ? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე:

_ ბატონო მურმან, რა შეგიძლიათ თქვათ 26 ოქტომბრის არჩევნებზე? ელოდით, რომ ასეთ შედეგს დაწერდა ცესკო?

_ რა საზოგადოებაც ჰყავს ქვეყანას, ისეთია არჩევნების შედეგიც. თუ ძლიერია საზოგადოება, სუსტია ხელისუფლება, თუ სუსტია საზოგადოება, მაშინ ძლიერია ხელისუფალი, ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა.

_ თქვენი აზრით, ასეთი შედეგი რომ დადგა, საზოგადოების ბრალია?

_ ცხადია! იმ ტერიტორიაზე, სადაც მე ვცხოვრობ, არჩევნები ჩაატარეს შავი გაგების ბიჭებმა. უბანზე, სადღაც, 30-მდე ბიჭი იყო მობილიზებული, ყველა მომსვლელს ესაუბრებოდნენ, რაღაცას გადასცემდნენ და ასე უშვებდნენ უბანზე. სადაც მე ვაკვირდებოდი, იქ ახალგაზრდობა საერთდ არ მოსულა ხმის მისაცემად. სამაგიეროდ, მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს უბანში საერთოდ არ მინახავს. შავი გაგების ბიჭებმა ერთი-ერთში იცოდნენ რამდენი ადამიანი უნდა მოეყვანათ. „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე არნახული რაოდენობის კოორდინატორი ჰყავდა მობილიზებული, ათ კაცზე ერთი კოორდინატორი მოდიოდა. სადღაც რომ მიიღო მილიონი ხმა და 100 000 კოორდინატორი გყავდეს, ივანიშვილისთვის ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. ამ 100 000 კოორდინატორს გადაუხდი თითოს 1000 ლარს და ასი მილიონი გამოდის. ეს არ უჭირს „ოცნებას“.

ისეთ სუსტ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ გვყავს, არჩევნების ყიდვა შესაძლებელია. არჩევნები თუ მართლა არჩევნებია, ის თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატია არ მუშაობს სუსტი სამოქალაქო სექტორის გამო.

_ რამდენი არჩევნების წაგების შემდეგ ჩამიწერია თქვენთან ინტერვიუ, მაგრამ ასეთი პესიმისტური არ მახსოვხართ.

_ ნამდვილად პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ჩემი აზრით, ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ უნდა აღიაროს.

_ როგორ ფიქრობთ, არ აღიარებენ?

_ თუ თავმოყვარე პოლიტიკოსები არიან, არ უნდა აღიარონ. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი თავმოყვარე პოლიტიკოსია, ვინც ბარიერი გადალახა იმ პარტიებში და მჯერა, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.  ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს იქნება სწორი გამოსავალი. არ უნდა შევიდეს ოპოზიცია და შექმნას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი. ხელოვნური კრიზისის შექმნა არანაირად საგანგაშო არ არის. პირველ სხდომაზე 100 კაცი თუ არ შეგროვდა, ახალი პარლამენტი მუშაობას ვერ დაიწყებს. ძველი პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას და რამდენ ხანს გასტანს ასე, ვნახავთ.

_ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ „ოცნება“ ვერ შეაგროვებს 100 კაცს?

_ თავად „ოცნება“ ვერ შეიყვანს ას კაცს. ახლა რომელიმე ოპოზიციონერი თუ შევა და შეუვსებს „ოცნებას“ კვორუმს სხდომის გასახსნელად, ამას უკვე სხვა სახელი დაერქმევა. დამოუკიდებლად „ოცნება“ ვერანაირად აქაჩავს 100 კაცს. ამდენი ადგილი გაყალბებითაც კი ვერ მოიპოვა. გაყალბებასაც აქვს თავისი ზედა ზღვარი. საბედნიეროდ, „ქართული ოცნება“ 2/3-ის ნიშნულზე არ მისულა. არ გამოვრიცხავ, რომ დანაკლისი ოპოზიციით შეივსოს.

_ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ბევრმა მაინც მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, რადგან ომის თემამ იმუშავა. „ოცნებამ“ დააჯერა ხალხი, რომ თუ ისინი წავლენ, ომი იქნება. ოპოზიციას ამ თემის გასაბათილებლად ხალხთან, ფაქტობრივად, არ უმუშავია.

_ არ უმუშავია ამ თემაზე ოპოზიციას, მაგრამ ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ უნდა ამტკიცონ, რომ ომი არ იქნება. ეს იცით, რას ჰგავს? შენ გეუბნები, რომ ცუდი კაცი ხარ და შენ უნდა ამტკიცო, რომ ცუდი კაცი არ ხარ. ამ მტკიცებაში როგორ უნდა შეხვიდე? ყველაფერი რუსული სცენარით წარიმართა და მოხდა ის, რაც მოხდა. კაცმა არჩევნების დღესაც განაცხადა, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მყისიერად დაიწყება ომიო. მოქალაქე როცა სუსტი გყავს, ამ მოქალაქეზე მესიჯის დონეზე ზემოქმედება ძალიან ადვილია.

_ წინა ინტერვიუში თქვენ წუხილი გამოთქვით იმის გამო, რომ პარტიულ სიებში ოპოზიციას, ძირითადად, თბილისელი პოლიტიკოსები ჰყავს. ძალიან თვალსაჩინო იყო ის ფაქტი, რომ ეს ლიდერები არჩევნების დღეს რეგიონებში არ იყვნენ გაშლილები და ყველა თბილისში იყო. საქართველო მარტო თბილისი არ არის და ვნახეთ, რაც მოხდა რეგიონებში.

_ ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ საქართველოში რეგიონულ-პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო. საქართველო არის რეგიონების ქვეყანა და ეს მოდელი უფრო გამართლებულია. ახლა დააკვირდით, მაგალითად, „ნაციონალური“ მოძრაობის სიას. ამ სიაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მათ მივეცი ხმა. სანამ მიშა ციხიდან არ გამოვა და მისი დევნა არ შეწყდება, მის მხარეს ვიქნები. ხელისუფლებაში რომ მოვა მიშა, მერე როგორ მოვიქცევი, ეს დამოკიდებული იქნება თავად სააკაშვილზე. დღეს მიმაჩნია, რომ მიშა არის პოლიტპატიმარი და ყველაზე მეტად მას სჭირდება მხარდაჭერა. შესაბამისად, პატივს ვცემ მის ამომრჩეველს. ახლა „ნაციონალების“ სიაზე: შეხედეთ, რა ხდება? პირველი ნოიმრიდან დაწყებული, რომლებიც უნდა გასულიყვნენ პარლამენტში 30 კაცი, ყველა არის თბილისიდან, კარაქიან პურზე გაზრდილები. შესაძლოა, არის ერთი-ორი გამონაკლისი, რაც ვერაფერს ცვლის. რეგიონულ-პროპორციული სია სხვა სიაა. ეს იქნება დაწერილი იმერეთში, კახეთში, გურიაში... ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები უნდა წარმოიშვას. თუ ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევალთ, არაფერი გამოვა. დედაქალაქში, თბილ კაბინეტში ჩაკეტილი ლიდერი არ ვარგა. მიმაჩნია, რომ ამითაც დიდ პოლიტიკურ შეცდომას ვუშვებთ და ეს გამოსასწორებელია. არ იფიქროთ, რომ ამას იმიტომ ვამბობ, პესიმიზმში ვარ. სიტუაციის შემობრუნება ჯერ ისევ შეიძლება.

_ პესიმიზმი აშკარაა, მაგრამ ბოლოსკენ მაინც შეგეპარათ ოპტიმიზმი.

_ პესიმიზმი და ოპტიმიზმი იქით იყოს და უთქმელობა არ ვარგა და სათქმელი უნდა ითქვას. მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ ისიც უნდა გაიზარდოს. უკვე მოვიდა მისი გაზრდის დრო. ჩვენ ძირითადად პრეტენზიებს ვუყენებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს.

_ ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანად ვუყენებთ.

_ გეთანხმებით, მაგრამ მოვიდა დრო, როცა მოქალაქესაც უნდა წავუყენოთ პრეტენზიები. კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც ძლიერია საზოგადოება და მოქალაქე, იქ სუსტია ხელისუფალი და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავს არჩევანის გაყალბებას. სუსტი საზოგადოება ხელისუფლებას ბევრი რამის უფლებას აძლევს. ვაკრიტიკოთ ოპოზიცია, მაგრამ მოქალაქემაც უნდა იგრძნოს თავისი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

_ ისევ ოპოზიციაზე გადავიდეთ, თქვენი აზრით, გაუძლებენ ცდუნებას და არ შევლენ პარლამენტში?

_ ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასე იქნება და არავინ შევა ოპოზიციიდან პარლამენტში. სად უნდა შევიდნენ? რომელ პარლამენტში? გაყალბებული გზით არჩეული პარლამენტი პარლამენტი არ არის. არჩევნები უნდა ტარდებოდეს თავისუფალ გარემოში. არჩევნები უნდა იყოს ზეიმი, სადაც ერთ ძალას მეორე ცვლის და ყველაფერი მშვიდად მიდის.

_ დასავლეთის ქვეყნებში ასეა.

_ იმიტომ, რომ ძლიერი ქვეყნები არიან. თითქმის ამერიკის მოქალაქე ვარ და ხშირად ჩავდივარ იქ. აბა, გაბედე და ამერიკის მოქალაქეს უთხარი, ჰარისს მიეცი ხმა და არ მისცე ტრამპს ან პირიქით, ეგრევე ცხვირს გაგიტეხავს. გამორიცხულია იქ ამის თქმა, რადაგან იქ ბავშვობოდან ასწავლიან, რომ შენი არჩევანი არის შენი საკუთრება, ისევე როგორც შენი სახლი და შენი მიწა. მას ვერავინ შეეხება. სანამ ამას ჩვენი მოქალაქეები კარგად არ გაიაზრებენ, ვიქნებით ასე. იქნება გამუდმებული იწილო-ბიწილო და ამას გამოიყენებს ნებისმიერი ხელისუფალი, არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, არამედ მომავალიც. ამიტომ ეს უნდა დასრულდეს. ეს ვერ დასრულდება, თუ ჩვენ, პოლიტიკოსები, სიმართლეს არ ვიტყვით.

მოქალაქეს უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება. ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებზე 60% ვერ მოვიდა. ეს როგორ შეიძლება?! 60% რომ მოსულიყო, სულ სხვა შედეგი იქნებოდა. 60-ს 3-4% დააკლდა და ეს იცით, რამდენი ხმაა? _ 80 000 ხმა, რომელსაც შეეძლოა ბევრი რამე გადაეწყვიტა.

უცხოეთში სასწაული აქტიურობა იყო. ასეთი რამ ჯერ არ მომხდრა.

ნიუ-იორკში უამრავი ადამიანი ჩავიდა. სულ მცირე, 1000 დოლარი დაუჯდა იქ თითოეულს ჩასვლა. გააცდინეს სამსახურები და ბევრმა მათგანმა ხმა ვერ მისცა იმიტომ, რომ უბნები დაიხურა. აქაც ასეთი აქტიურობა უნდა ყოფილიყო. თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, ხელისუფლება დასუსტდება და თუ ვიქნებით პასიურები, მაშინ გაძლიერდება.

გაზიარება