- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 08:11:59
შორენა მარსაგიშვილი
რატომ ვერ გათვალა ოპოზიციამ, არჩევნები ასე თუ გაყალბდებოდა? სად გაქრნენ შედეგების გამოცხადების შემდეგ ისინი? რამ შეუშალა ხელი ოპოზიციური ერთობის შექმნას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
_ ბატონო გიორგი, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია საყოველთაო ზეიმს მიეცა, მაგრამ როგორც კი ცესკომ პირველადი შედეგები გამოაცხადა, ოპოზიცია გაქრა და დიდი ხანი არ გამოჩენილა. რით ხსნით მათ გაქრობას? დაიბნენ თუ რა დაემართათ?
_ ჩვენ საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველ სიტყვას, გამოთქმულ აზრს, იდეას თავისი სიმძიმე აქვს. ამის უკან უნდა იდგეს დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ეს. ძალიან არ მინდა, რომ ოპოზიცია გავაკრიტიკო, მაგრამ მთავარი თემა, რაც არის გათვლები, არ ჩანს. სამაგიეროდ, სხვა ყველაფერი ჩანს: ამპარტავნობა, გარკვეული ამბიცია, სხვების მიმართ ზემოდან ყურება. ფაქტი ერთია, რომ ეს ბრძოლა არის მოსაგები. სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ ესმის ბრძოლის კანონზომიერებები. ბრძოლას არ უყვარს წინასწარი ზეიმი, არ უყვარს მოუკლავი დათვის ტყავის განაწილება.
_ მოუკლავი დათვის ტყავს რომ ინაწილებდნენ, იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა...
_ გათვლები არ იყო და ესაა ამის შედეგი. იყო მოწოდებები ერთიანობასთან დაკავშირებით. მერე ითქვა, რომ ერთიანობა არაა მთავარი, უკეთესია, თუ ამომრჩეველს შევთავაზებთ მრავალფეროვნებას. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ახლა ჩვენ გვაქვს რუსული საფრთხე, თუ ჩვენ გვაქვს რაღაც შიდაპოლიტიკური შერკინებები ერთმანეთში, უკვე აწყობილ დემოკრატიის ფარგლებში, სადაც შეიძლება იმაზე ლაპარაკი, ვისი პროგრამა სჯობია, ვის უკეთესი ხედვა აქვს. წესით, ეს მეორე პლანზე უნდა გადასულიყო და უნდა ყოფილიყო მკაფიო გემა, რომ ეს არის „ოცნების“ დემონტაჟი და „ოცნების“ შემდეგ სტაბილიზაციის ერთი წელი. რა ოთხი წელი და 25 წელი და განვითარების გეგმები. ომში ჩაბმული ქვეყანა ომის შემდგომ ეკონომიკურ პროგრამებს არ დებს. ჯერ ომი უნდა მოიგო.
_ ბრძოლა ვთქვათ, თორემ ჩვენს ამომრჩეველზე სიტყვა ომი ძალიან ცუდად მოქმედებს და სწორედ ამ ომის თემით შეინარჩუნა „ოცნებამ“ ხელისუფლება.
_ კი ბატონო, იყოს ბრძოლა. ომს რაც შეეხება, ამ თემით მართლა დაგვაკომპლექსა „ოცნებამ“. მაგრამ ომი და ბრძოლა ის ტერმინებია, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ომებში, არამედ პოლიტიკურ პროცსებში. ჩვენ ახლა თუ დავრჩით ხრუშჩოვის დროინდელი პროპაგანდის კლიშეებში, ცუდი იქნება. „ოცნებამ“ ისე გააკეთა, რომ მართლა ამ კლიშეების ქვეშ ვართ. ჩვენც კი, ვისაც დასავლური ღირებულებები გვაქვს, ხრუშჩოვის კლიშეებით ვსაუბრობთ, რადგან გვეშნია, სხვანაირად არ გაიგონ. ეს კომპლექსი „ოცნებამ“ შეგვიქმნა. ეს კლიშეებიც საზოგადოებამ მიიღო. საბჭოთა კავშირი, ერთი მხრივ, პროპაგანდირებდა მშვიდობას და, მეორე მხრივ, ცხელ წერტილებში ყველაგან ცეცხლის შემკეთებელი იყო. მშვიდობის ფონდში გადარიცხული ფინანსები მიდიოდა ტანკებისა და რაკეტების საწარმოებლად. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და არ მესმის, ამ პროპაგანდას ქართველი როგორ უნდა წამოეგოს?!
ახლა ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ, ახლა არ არის მათი კრიტიკის დრო. ეს ის ოპოზიციაა, რაც გვყავს და ვერაფერს იზამ. მთავარი პრობლემა ახლა არის ჩვენს ოპოზიციაში, „ოცნება“ რომ ასე მოიქცეოდა და არჩევნებს გააყალბებდა, ეს ხომ ყველამ ვიცოდით წინასწარ. არჩევნების დასრულების შემდეგ ვუსმენდი ოპოზიციონერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ აღმოაჩინეს მეთოდი, თუ როგორ გააყალბა „ოცებამ“. ეს ახლა უნდა აღმოაჩინონ? აქამდე რა გააკეთეს?
ჩვენ გვქონდა ორი პროექტი. ერთი იყო დიდი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ შემოდიოდა. მზად იყო დაეთმო თავისი საარჩევნო ნომერი და სიაში შესულიყო შეზღუდული რაოდენობით. რამდენიმე პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დიდი ერთობა არ შემდგარიყო. თქვეს, რომ ისინი არჩევნებს გაერთიანების გარეშეც მოიგებდნენ. ეს განცხადებები დასაბუთებისა და პასუხისმგებლობის გარეშე აკეთეს. ზუსტად ესაა უბედურება. ახლა ამბობენ, რომ დაგვჩაგრესო. პოლიტიკური ძალა რაღაცას რომ აკეთებს, უნდა ჰქონდეს გათვლილი შესაძლო შედეგები. და ამ შედეგებზე უნდა იმოქმედოს ადეკვატურად. თუ ამის გათვლისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, მაშინ ასეთი ძალა და ხალხი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა. დასავლეთში ყველა პოლიტიკური მარცხი არის ამ მარცხის ავტორის პასუხისმგებლობა.
ოპოზიციამ როცა უარი თქვა ერთიან პლატფორმაზე ყოფნაზე, მაშინ დააშავა ბევრი. კარგი, ესეც გავიგე, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს შექმნას წინ რა ედგა? სალომე ზურაბიშვილი რასაც აკეთებს, როგორც პრეზიდენტი, ეს არის ის ჩარჩო, რაც მას შეუძლია. ავად თუ კარგად ამ მიმართულებით მან ყველაფერი გააკეთა, მაგრამ პრეზიდენტი ვერ იქნება ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკური ბრძოლის კოორდინატორი. ამით ის იმ ხიბლს კარგავს, რაც მის პრეზიდენტობაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი ლეგიტიმური სტრუქტურაა, რომელიც არის ხალხის მხარეს. ეს ლეგიტიმაციას მატებს საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს. ამის გარდა ხომ უნდა ყოფილიყო საკოორდინაციო საბჭო ან ერთიანი შტაბი. რაში შეუშლიდა ეს ხელს ოპოზიციას? ის ხომ გააერთიანებდა რესურსებს? ხომ ვხედავთ, რომ მწირი რესურსები აქვთ? გახარიასა და „ნაციონალებს“ რომ შეხედავ, მათი ფინანსური გადარიცხვები არის ძალიან მიზერული. ამ მიზერული რესურსების პირობებში უნდა გაერთიანებულიყვნენ და ერთიანი კოორდინაციით მომხდარიყო გაყალბების საწინააღდეგო ქმედება.
ახლა დაბნეულები რომ არიან, ასე კი არ იქნებოდა. წარმომიდგენია, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტია რომ დაიბნევა და არ აქვს აწყობილი ისე სტრუქტურები, რომ მოახდინოს რეაგირება, როგორ მოიქცევიან, ქვეყნის სათავეში რომ იყვნენ და აქ რაღაც მოხდეს. მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ, როცა ხელისუფლებაში მოვლენ, მერე სახელმწიფო სტრუქტურები იქნება მათ ფეხქვეშ. მათ ჰგონიათ, რომ სისტემა ასეა. იმედი აქვთ, რომ სამინისტროები გააკეთებენ დამოუკიდებლად საქმეს. ეს ასე ნამდვილად არ არის. ზუსტად ესაა პრობლემა. ასეთი რამე არც დასავლეთში არ არის. მაგალითად, გერმანიაში როცა პოლიტიკური ძალა მიდის ხელისუფლებაში, მას თავდაცვის სამინისტრო არაფერში ეხმარება. თავდაცვის სამინისტრო, როგორც სამხედრო სტრუქტურა, გარკვეულწილად, სტრუქტურულ ოპონირებაში არის პოლიტიკურ ძალასთან: ედავება ბიუჯეტზე, პროექტებზე და ა. შ. ჩვენს პოლიტიკოსებს კიდევ ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში რომ მოვლენ, მათ პროექტებს სამინისტროები განახორციელებენ თავად. ამის გამო ირევა ხოლმე ყველაფერი.
თუ პოლიტიკურ ბრძოლაში შედიხარ, რესურსი და ფინანსები არ გაგაჩნია სათანადოდ, მაშინ ამ დანაკლისს ავსებ კარგი ორგანიზებულობით.
_ ელემენტარულად, გეგმა მაინც უნდა ჰქონოდათ, წაგება უნდა დაეშვათ და დაეგეგმათ, რას იზამდნენ ამ შემთხვევაში.
_ რა თქმა უნდა. როგორ გინდა, მხარი დაუჭირო იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ვერ ხედავს ხვალინდელ დღეს. ამის დრო არ არის, მაგრამ
მაინც უნდა ითქვას სათქმელი. ჩვენ დიდი სიჩქარე ავკრიფეთ და ძალიან სწრაფად მივდივართ რუსეთისკენ. ჩვენს განვითარებას ძალიან დიდი ხნით შევაფერხებთ. ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს.
_ იმედია, მოვლენ გონს და ამ კვირიდან გადავლენ მოქმედებებზე ან დასკვნებს მაინც გამოიტანენ.
_ პირველ რიგში, გაბრიქული სახეები უნდა შეცვალონ, თორემ მოხდება ის, რაც აქამდე ხდებოდა. პოლიტიკური ძალები იქნებიან ცალკე და საპროტესტო ტალღა, რომელიც დაიწყება, იქნება ცალკე. არ ვიცი, ეს საპროტესტო ტალღა ახალ ლიდერებს წარმოშობს თუ არა, მაგრამ ბოლო ორი წელია ცხადია, _ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა საპროტესტო ტალღის გასაღები ვერ ნახეს. მათ ვერ გამონახეს საერთო ენა იმ ადამიანებთან, რომელთა პოლიტიკური განწყობები ემთხვევა მათ განწყობებს. ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ ოპოზიციას რაღაც წესრიგში არ აქვს.
_ მაჩვენებელია, მაგრამ ამაზე, სავარაუდოდ, არც უფიქრიათ.
_ მიიღეს კიდევაც შედეგი. ახლა ამ ინტერვიუს არჩევნების მერე ვწერთ და შესაძლოა, ემოციები სჭარბობს ჩემს შეფასებებში, მაგრამ დღეს ასეთი სურათია _ ოპოზიციამ თავისი შეცდომები თუ არ გამოასწორა, სულ დამარცხდება. პოლიტიკური ომი არაა სპორტული შეჯიბრი, სადაც წინასწარ დაწერილი წესებით იმოქმედებ. ზუსტად ასეთი, წესების გარეშე ომი და ბრძოლა შემოგვთავაზა „ოცნებამ“. ადამიანების სახე არ უნდა დავკარგოთ, კანონის ჩარჩოდან არ უნდა გავიდეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აქ თეთრი ხელთათმანებით და სალონური დისკუსიებით საქმე არ კეთდება. ტელევიზიით და სალონური საუბრებით „ოცნებას“ ვერ მოუგებ.