- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-17 03:44:04
შორენა მარსაგიშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, აღშფოთებულია „ქართული ოცნების“ სურვილით, „ოს ძმებს“ ბოდიში მოუხადოს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომისთვის საქართველოს არავისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი.
რატომ წამოსწია „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიშის თემა? როგორ შეცვალა ამ ამბავმა მათ მიმართ დამოკიდებულება? რა არის ბოდიშის მოხდის ინიციატივაზე უფრო ამაზრზენი? რატომ ვერ მიიღეს რუსეთიდან მხარდაჭერა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
_ ბატონო პაატა, თქვენ მრავალი წელია მუშაობთ კონფლიქტებზე, იყავით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. საინტერესოა, რას ფიქრობთ „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომ აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი? ზოგიერთი მეოცნებე აფხაზებსაც უხდის ბოდიშს. თავად აფხაზები და ოსები გვეუბნებიან, რომ თქვენი ბოდიში არ გვჭირდებაო. რატომ შემოაგდეს საარჩევნოდ ეს თემა?
_ ბოდიშის მოხდის სურვილი თავისუფლად შეეძლოთ, სხვა დროსაც გამოეხატათ. 12 წელია უკვე, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ქართველებისთვის 2008 წლის აგვისტო ძალიან ტრაგიკული თარიღია, მაგრამ ამასთან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კონფლიქტი არ დაწყებულა 2008 წელს. 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდა არის აბსურდული თემა. აშკარად ჩანს, რომ აქ ბოდიშის მოხდა არ არის მთავარი. აქ პირდაპირ მიდის საუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მთლიანად ოპოზიციასა და არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ბოდიშის მოხდაზე არანაირი საერთო არ აქვს კონფლიქტების მოგვარებასთან. „ქართულ ოცნებას“ იმდენად ეშინია არჩევნების წაგების, რომ ყველაგან ეძებს მტრის ხატს. მათ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავთ ამოჩემებული მუდმივად, როგორც მტერი. ამიტომ წამოწიეს ბოდიშის თემა და ამით უნდოდათ დაეზიანებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაცია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი ცუდი აქვს გაკეთებული, რომ მისი რეპუტაციის დაზიანება ადვილია. ამისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის გამოყენება საჭირო არ არის. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს კონფლიქტი ბევრად ადრე დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ“ კი „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელზე მოინდომა ბოდიშის მოხდა და არა ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე. ეს სხვა საკითხია და სამსჯელოა, მოსახდელია თუ არა ბოდიში. აშკარაა, რომ ხელისუფლებას „ნაციონალების“ დაზიანების ხარჯზე უნდოდა მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ ბოდიშის თემის შემოტანა იყო ძალიან ცუდი.
_ ისე, არის ბოდიში მოსახდელი?
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა და მისი ისე დახურდავება, როგორც „გარეჯი საქართველოა“, დაუშვებელია. გარეჯის თემაც არჩევნების წინ იყო წამოჭრილი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ამ ლოზუნგით ჩაიარა. მორჩა არჩევნები და გაახსენდა ვინმეს, გარეჯი რომ საქართველოა? ახლაც საარჩევნოდ წამოწიეს ბოდიშის თემა. რაც შეეხება თავად ბოდიშს, თუ საჭიროა, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, მაგრამ ამაზე მსჯელობაა საჭირო. ასე ჰარი-ჰარალეზე, არჩევნების წინ ასეთი თემის შემოტანა მიუღეებლი და ამორალურიც კია.
ახლა, ამ სიტუაციაში, ბოდიშის მოხდაზე საუბრის არვითარი აუცილებლობა არ არის. ბოდიშის მოხდა თუ ასე ძალიან უნდათ, ახლაც შეუძლიათ ამის გაკეთება. გამოვიდნენ და მოიხადონ ბოდიში, არავინ უშლის ხელს და რა შედეგსაც მიიღებენ არჩევნებზე, ნახავენ. რაში სჭირდება ბოდიშის მოხდას არჩევნების მოგება და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა? ბოდიშის თემა არის სპეკულაცია და მას არავითარი საერთო არ აქვს მორალთან და ემოციასთან. ამიტომაც არის მანკიერი და მავნებლური. საზოგადოების რეაქციაც იყო სათანადო.
_ კონფლიქტის მოგვარების დროს მხარეები უხდიან ერთმანეთს ბოდიშს? მოაქვს ამას რაიმე შედეგი?
_ კონფლიქტის მოგვარების პროცესში ბოდიშის მოხდა არის მიღებული ფორმა, მაგრამ არა აუცილებელი. კონფლიქტში ბოდიშს არავინ იხდის. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხრიდან არის შეცდომებიც, გადაცდომებიც და დანაშაულებიც, თავად ომის დიდი დანაშაული. ამიტომ, როგორც წესი, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ შერიგებაზე მივდივართ, მაშინ არ გვინდა ეს ბოდიშები და რაღაცები, ისე გავიაროთ ეს საკითხი. რაღაც საკითხების ჩაღრმავებამ მხარეები შეიძლება კიდევ ახალ დაპირისპირებამდე მიიყვანოს. ამიტომ როცა მხარეები შერიგებაზე მიდიან, იქ ბოდიში საჭირი აღარ არის.
ჩვენს შემთხვევაში რა ხდება? _ აფხაზები და ოსები შერიგებაზე არ მოდიან. არც ქართული მხარე არის მზად შერიგებაზე წასასვლელად. შერიგების კონტექსტში თუ აუცილებლად დადგა ბოდიშის მოხდის საკითხი, მაშინ ის უნდა წამოვიდეს აფხაზური და ოსური მხრიდანაც.
_ აფხაზები და ოსები ამბობენ, თქვენი ბოდიში არ გვჭირდებაო. თუ მობოდიშება გინდათ, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეთო.
_ აფხაზური და ოსური მხარეები არ ითხოვენ ბოდიშის მოხდას. მათ ეს არასდროს მოუთხოვიათ. ისინი სულ სხვა რამეს ითხოვენ თბილისისგან. სოხუმი და ცხინვალი ითხოვს, რომ საქართველომ მათი დამოუკიდებლობა აღიაროს. ისინი ითხოვენ ხელშეკრულების დადებას ძალის არგამოყენებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რას ითხოვენ აფხაზები და ოსები. აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე არც ჩვენ გვიმსჯელია არასდროს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ამიტომ საარჩევნოდ ამ თემის დაყენება მნიშვნელოვანი თემის გაბითურება და დახურდავებაა და ეს არის სწორედ ამორალური საქციელი.
_ და ამიტომაც იყო, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გააღიზიანა ამ ბოდიშის მოხდის სურვილმა. მათ შორის ისინიც კი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენც რაღაც დავაშავეთ.
_ ეს იყო სათანადო რეაქცია. სხვანაირი რეაქცია არც უნდა ყოფილიყო. სამართლიანად გაღიზიანდა ხალხი. არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის თემა მომწიფდეს ოდესმე, ოღონდ ამაზე საჭიროა ძალიან სერიოზული მსჯელობა. ასე მსჯელობის გარეშე, მოუმზადებლად, კონკრეტული პარტიის გასაშავებლად არჩევნების წინ ამის შემოთავაზება არის შეურაცხყოფა იმ ხალხისა, ვისაც ამ კონფლიქტების დროს ტკივილი მიადგა. 30 წელზე მეტია, ეს ხალხი ამ ტკივილით ცხოვრობს. ვგულისხმობ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებს, დევნილებს, დაღუპულთა ოჯახებს. ძალიან ბევრმა ამ კონფლიქტების დროს საკუთარ თავზე გამოსცადა წამება. უამრავი ადამიანია, ვინც აქეთ ელოდება ბოდიშს აფხაზებისგან და ოსებისგან.
არ ვამბობ, რომ ბოდიშის მოხდის საკითხის განხილვა არ შეიძლება, მაგრამ საარჩევნიოდ ამ თემის წამოწევა მიუღებელია. ბოდიშის მოხდა თუ უნდოდათ, ამაზე წლები უნდა ემუშავათ. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტურობა. მათ არ ადარდებთ პოლიტიკა, არ აინტერესებთ ქვეყნის მართვა, მათთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. მათ არ აინტერესებთ, რა რეაქცია იქნება იქითა მხარეს. ბოდიშის თემაზე აფხაზებმა და ოსებმა დაგვცინეს კიდევაც.
_ აფხაზებმა და ოსებმა მართლა სასაცილოდ აქციეს ეს მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი.
_ იმიტომ, რომ მათ არასდროს მოუთხოვიათ ბოდიშის მოხდა. სამაგიეროდ, ქართველებისთვის აღმოჩნდა იმდენად მტკივნეული თემა, რომ იუმორშიც კი ვერ გავატარეთ, არადა, ყველაფერს იუმორში ვატარებთ ხოლმე. ამან საზოგადოება ძალიან გააბრაზა.
_ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გათვალა, რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა ქართული საზოგადოებისგან ბოდიშის მოხდის სურვილზე? წესით, რაღაც მაინც უნდა გაეთვალათ, ელემენტარულად, მრჩევლები ხომ უნდა ჰყავდეთ?
_ ვის უნდა გაეთვალა? შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანაა. ამით „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის მოგებული არჩევნები წააგო. ვერ გათვალეს, რომ არ შეიძლებოდა ამის უკან დაბრუნება, ვიღაცამ ურჩია, რომ უნდა დაებრუნებინათ. ესენიც ადგნენ და დააბრუნეს. ან რა საჭირო იყო ეკლესიასთან ურთიერთობის თემის წამოწევა? მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა წამოწიეს და ისიც კი არ იცოდნენ, რომ შევარდნაძის დროს ეს თემა წამოწეული და განვლილი იყო უკვე. მთელი ქართული მედია მაშინ აჭრელებული იყო ამ თემით, უნდა გამოცხადდეს თუ არა საქართველოში სახელმწიფო რელიგია. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე უკეთესი იყო ეკლესიასთან შეთანხმება.
_ კონკორდატი ისეთი ზარზეიმით გაფორმდა, რომ ყველას უნდა დამახსოვრებოდა ეს ამბავი.
_ დიდი ხანი იყო ეს თემა მთავარი თემა. გაფორმებული ხელშეკრულებით ეკლესია ძალიან კმაყოფილი იყო. ეკლესია დღესაც კმაყოფილია ამ შეთანხმებით. „ქართულმა ოცნებამ“ კი ხელახლა დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში. ამხელა პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ეცოდინებოდა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხი უკვე მიღებული იყო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაში მართლა არ იცოდნენ, რომ ბოდიშის მოხდის საკითხის წამოწევა იქნებოდა წამგებიანი. მათ სპეციალისტები არ ჰყავთ, რომლებიც ასეთ თემებზე იმუშავებენ. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, დანარჩენი მათ არ აინტერესებთ.
_ რუსეთის რეაქციაზე რას ფიქრობთ? „ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ ბოდიშის თემაზე მათ სასარგებლოდ გაკეთდებოდა განცხადებები რუსეთში, მაგრამ პირიქით მოხდა. რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ჩვენ არც ჯარებს გავიყვანთ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და არც აღიარებას წავიღებთ უკანო.
_ რუსეთის რეაქციაც კი ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არაკომპეტენტურები არიან და ვერ ფლობენ რეალობას. იმდენიც კი არ იცოდნენ, რომ რუსები ამაზე არ გაჩუმდებოდნენ და აქეთ შემოულაწუნებდნენ. შემოულაწუნეს იმიტომ, რომ მოსკოვი არ ენდობა საქართველოს. ამ შემთხვევაში რუსეთი მართალია, საქართველოს არ უნდა ენდონ და მიხარია, რომ არ გვენდობიან. რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში დაბრუნება და ამიტომ არ გვენდობიან. სამაგიეროდ, რუსები ენდობიან აფხაზებსა და ოსებს. ამიტომ არ აღფრთოვანდნენ „ქართული ოცნების“ განცხადებით. მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით აფხაზებსა და ოსებს გული ატკინონ. ქართველებს რუსები კარგად იცნობენ და იციან ჩვენი ხასიათი. ქართველები ყოველთვის ურჩები იყვნენ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული. ამიტომ ჰქონდათ ჩვენ მიმართ ყოველთვის ასეთი მტრული დამოკიდებულება. რუსებმა პირდაპირ გვითხრეს, _ ჩვენკენ მოდიხართ? წამოდით აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. მათ პირდაპირ უთხრეს „ოცნებას“, შეიგნე, „ოცნებავ“ ეს და შეაგნებინე ეს შენს ხალხს, აფხაზეთსა და ცხინვალს არ დაგიბრუნებთ.
რუსეთის ხელისუფლების წევრების ასეთი განცხადებები იყო ცივი შხაპი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ერთგან ვთქვი და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ საუბედუროდ, რუსეთი უფრო პატიოსანია, ვიდრე „ქართული ოცნება“. რუსეთი არ გატყუებს, პირდაპირ გეუბნება, რომ არაფერი ხარ. გვეუბნება, დაანებე თავი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ ლაპარაკს, მაინც ვერ ეღირსები ვერაფერს. მათი ეს განცხადებები იყო ძალიან მკაფიო მესიჯი. ამისთვის რუსეთს მადლობა უნდა ვუთხრა. ძალიან კარგია, რომ „გაგვიიასნა“. ჟარგონისთვის ბოდიში, მაგრამ არსებულ სიტუაციას ეს სიტყვა უფრო შეეფერება. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს რუსებმა, რომ რუსეთი არის იმპერია და მათი იმედი არასდროს უნდა გვქონდეს. ქართველებს, საბედნიეროდ, მათი იმედი არ გვაქვს და არც გვჯერა მათი.
_ ამ ბოდიშის თემის პარალელურად მმართველმა პარტიამ საარჩევნოდ გამოფინა პლაკატები, რომელზედაც ომისგან დანგრეული უკრაინის ფოტოებია. ამას დიდი და საშინლად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს საზოგადოებაში. რატომ იქცევიან ასე? აქაც არაკომპეტენტურობის ბრალია?
_ აქ არაკომპეტენტურობაზე უფრო მეტად არის არაკეთილსინდისიერება. „ოცნება“ ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ომი უკრაინაში უკრაინელების არჩევანი იყო. თითქოს უკრაინელებმა ომი გამოიმუშავეს, მოიპოვეს და მიიღეს. ეს არის ამ სურათების ამორალურობა. ისე ხატავენ სურათს, თითქოს ჩვენი მშვიდობა არის ჩვენ მიერ მოპოვებული. უკრაინელების არჩევანი არ ყოფილა ომი, ისინი ომს არ ეძებდნენ თავის ტერიტორიაზე. უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ისევე როგორც საქართველოში შემოიჭრა 2008 წელს. თუ ასეთი ვაჟკაცები არიან და უნდათ, ერთმანეთს დაუპირისპირონ ომი და მშვოდობა, გამოფინონ რუსების მიერ გადამწვარი გორის სურათები. არც ომია უკრაინელების ბრალი და არც მშვიდობაა ჩვენი დამსახურება. რუსეთს უნდოდა და შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ და უკრაინას რომ გვქონოდა ნატოსა და ევროკავშირის ქოლგა, რუსეთი ასე ვერ შემოიჭრებოდა ჩვენს ტერიტორიებზე. ამიტომ გვინდა ნატო და ევროკავშირი, რომ მომავალში დავიცვათ თავი ასეთი აგრესიისგან. რუსეთისგან ყოველთვის წამოვა ასეთი საფრთხე. რაც შეეხება ბანერებს, მათი გამოფენა არის ამორალური.
რუსეთს იცით, რა უნდა? უნდა, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი და არა რუსული იმპერიალიზმი. საქართველო-რუსეთის ომზეც იგივეს იტყვიან. აგერ, ამას ივანიშვილი აღიარებს, რომ ეს ომი ქართველების ბრალი იყო და ბოდიში გვაქვს მოსახდელიო. ამ სურათების ამორალურობა არის ის, რომ დისტანცირებას ვახდენთ უკრაინისგან. ამ დროს ჩვენ ერთნი ვართ. 2008 წელს დაიწყო ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. ეს უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს. მსოფლიო გვეუბნება, უკაცრავად, თქვენ ხმას არ იღებთ ამაზე და ჩვენ რა ვქნათო? დადგება დრო და მსოფლიო მოსთხოვს რუსებს უკრაინიდან ჯარების გაყვანას. ჩენთან დაკავშირებით შესაძლოა, ასეთი მოთხოვნა არ დააყენონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ შეიძლება ჩენ გვითხრან, რომ თქვენ ხმას არ იღებდით მაშინ, როცა ჩვენ უკრაინისთვის ვიბრძოდითო. ამ სურათების გაკვრის გამო საყვედურს ბევრჯერ გვეტყვიან. ამ ბანერების გაკვრა ძალიან ცუდი ფაქტია. ნებისმიერ სასამართლოზე აუფრიალებენ მათ „ქართულ ოცნებას“.
_ მშვდობის თემით „ოცნება“ სერიოზულად მანიპულირებს ხალხზე. თუმცა ბოლო დროს აშკარაა, რომ ეს თემა ძველებურად ვეღარ ჭრის.
_ ბოდიშის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. ბოდიშამდე ეს თემა ძალიან მუშაობდა. ახლა ნაწილობროვ მაინც მოქმედებს. ივანიშვილმა თავისი ბოდიშით ყველაფერი ამოაყირავა. აღმოჩნდა, რომ ეს ბოდიში არის სილაჩრის ნიშანი. და ეს მშვიდობა არის სილაჩრის გამოვლინება. რატომ იპყრობს ერთი სახელმწიფო მეორეს? რუსეთს არ უნდა, აგრესორი იყოს, მაგრამ მას გავლენების მოპოვება სურს. ამიტომ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთი სადაც გავლენებს ვერ მოიპოვებს მშვიდობით, იქ მოიპოვებს ომით. ჩვენთან ეს მოიპოვა 2008 წელს ომით და ახლა მშვიდობით აკეთებს ამას. ჩვენ მტერს ვბარდებით ყოველგვარი ბრძოლის გარეშე.
„ქართული ოცნების“ მთავარი ფორმულა ასეთია: მოდი, ჩავბარდეთ რუსეთს, რომ არ დაგვიპყროს. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს უკვე ნამეტანია. ყველა აშკარად ხედავს, რომ რუსეთში მივდივართ, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ჩვენ რუსეთი არ გვინდა. რუსეთთან ჩახუტებას არ ვაპირებთ. ჩვენი გზა არის დასავლეთი და მათთან ერთად უნდა გადავირჩინოთ თავი აგრესორ რუსეთისგან. „ქართული ოცნება“ დასავლეთს უპირისპირდება და საქართველოს აბარებს რუსეთს. მათ საერთოდ არ ადარდებთ, რომ რუსეთი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანი არ არის.
_ დასავლეთს ლანძღავენ, მაგრამ არასდროს ახსენებენ რუსეთს. ირაკლი კობახიძე გაეროში გამოსვლისას საუბრობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ ერთი სიტყვითაც კი არ ახსენა ის ქვეყანა, ვისაც საქართველოს მიწები აქვს ოკუპირებული.
_ გაეროში საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან შეგვიძლია ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ: მოვიდა ვიღაც მარსიანელი და დაიპყრო საქართველოს ტერიტორია. ჩვენ ვაპირებთ ამ ხალხთან საერთო ენის გამონახვას და მშვიდობას. მაგრამ ის, ვინც ეს ტერიტორია დაიპყრო, გვაძლევს ამის საშუალებას? რუსეთი ამის საშუალებას არ გვაძლევს. იმის მაგივრად, რომ რუსეთი ახსენოს, საუბრობს რაღაც არარსებულ ომის პარტიაზე.
_ უყვარს „ქართულ ოცნებას“ გლობალურ ომის პარტიოაზე საუბარი და დღემდე ვერ დავადგინეთ, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია.
_ ბუნებაში რაც არ არსებობს, იმას იგონებენ და რაც არსებობს, იმაზე ხმას არ იღებს საქართველოს ხელისუფლება. როგორ შეიძლება, ისაუბრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ახსენო ვინ განახორციელა ამ ტერიტორიების ოკუპაცია.
_ ამ ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ საზოგადოება ძალიან გააღიზიანა. მაგრამ გამოფხიზლდება ერი? იქონიებს ეს ყველაფერი არჩევნების შდეგებზე გავლენას? რუსული კანონის მიღებამ და ბოდიშის თემამ ბევრი რამე შეცვალა ქვეყანაში.
_ არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული მოულოდნელობები იქნება. აშკარად ჩანს, რომ ქართული საზოგადოება არაა იმისთვის მზად, უარი თქვას დამოუკიდებლობაზე, ევროპულ არჩევანზე და პირდაპირ ჩაბარდეს რუსეთს. ეს განწყობა აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზეც. ჩხადია, რომ „ქართული ოცნება“ 40%-ზე მეტს ვერ აიღებს. 26 ოქტომბერი „ოცნებისთვის“ უსიამოვნო სიურპრიზის მომტანი იქნება. აქედან გამომდინარე, 26 ოქტომბერზე იმდენად არ ვდარდობ, რამდენადაც შემდეგ დღეებზე.
_ შემდეგ დღეებზე რატომ? ნერვიულობთ? ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს?
_ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აშკარად გაიმარჯვებს. როგორც უკვე ვთქვი, „ქართული ოცნება“ 40%-ზე მეტს ვერ აიღებს. როგორ შეიფერებს ქართველი ხალხის გამარჯვებას და როგორ გააფორმებს ამას „ქართული ოცნება“, ეს სხვა საკითხია. ამიტომ ვდარდობ არჩევნების შემდეგ დღეებზე.
_ ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ არჩევნების შემდეგ ხმების დასაცავად იქნება ქუჩაში გამოსვლა საჭირო?
_ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. არ ვიცი, რამდენად აღიარებენ იმ შედეგს, რაც არჩევნებზე დაიდება. ამიტომ მედარდება არჩევნების შემდეგი დღეები. ქართული საზოგადოება იმისთვის უნდა იყოს მზად, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ მძიმე დღეები გვექნება. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი. საქართველოს საზოგადოება აღარ დაუშვებს საქართველოს რუსეთში დაბრუნებას. „ქართული „ოცნება“ ღიად მიაქანებს ჩვენს ქვეყანას რუსეთში.