QronikaPlus
ნიკო მანაგაძე: „დამოუკიდებლობაში დაბადებულმა თაობამ არასოდეს უნდა განიცადოს მისი დაკარგვა“

ნიკო მანაგაძე: „დამოუკიდებლობაში დაბადებულმა თაობამ არასოდეს უნდა განიცადოს მისი დაკარგვა“

2024-10-17 03:40:50

გიგა გელხვიიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც რეფერენდუმი უფროა, სადაც არჩევანის გაკეთება რუსეთის მონობასა და საქართველოს ევროპულ მომავალს შორის კეთდება, 12 დღე დარჩა.

სარჩევნო კამპანიის წარმოებისას მმართველი პარტიის წინააღმდეგ ოთხი ძირითადი ოპოზიციური ცენტრი გამოიკვეთა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს, „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარიას საქართველოსთვის“, რომელთა ირგვლივ გაერთიანდა ის პროდასავლური ამომრჩეველი, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავალი სურს.

გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებული „ქართული ქარტია“, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იქმნება გარდამავალი მთავრობა, რომელსაც ეყოლება სახალხო პრემიერი და მას გააკონტროლებს პარლამენტი, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც უნდა შეცვალონ ხელისუფლება. აქვე აღსანიშნავია: ოპოზიციამ ხელმოწერით განამტკიცა, რომ მთავრობას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩამოაყალიბებს.

ყველაფერ ამის პარალელურად სტუდენტები აქტიურად გავიდნენ რეგიონებში, რათა მოსახლეობას აუხსნან, თუ რატომ ევროპა და არა რუსული ჭაობი.

სწორედ ამ აქტივობისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა „ქრონიკა+“ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელ ნიკო მანაგაძეს:

_ ნიკო, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც და მერეც აქტიურად დადიხართ რეგიონებში. როგორია განწყობა და რამდენად არიან მზად ცვლილებისთვის მოქალაქეები?

_ სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად განსხვავებული წინასწარი განწყობით მივდიოდით რეგიონებში. წინასწარი აღქმა ყველას გვქონდა შექმნილი, რომ თითქოს თბილისის მიღმა ელექტორალურად მძიმე მდგომარეობაა, იქ ამომრჩეველი საკმარისად არ არის გათვითცნობიერებული, რეგიონებში რეჟიმის პროპაგანდის გავლენა უდიდესი მასშტაბითაა და ა. შ. რეალურად, მთლიანად სხვა მოცემულობა დაგვხვდა. ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო და ყველგან, აბსოლუტურად ყველა რეგიონში, იგრძნობა საოცარი სურვილი ცვლილებების. ყველა ამბობს: „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“; სამწუხაროდ, მძლავრია ნიჰილიზმიც და უპერსპექტივობის განცდაც, ადამიანებს იმედი აქვთ დაკარგული, თუმცა ჩვენს მიზანსაც ეს წარმოადგენდა, რომ ამგვარი ადამიანების მოტივირება და მათში რწმენის გაჩენა მოგვეხერხებინა.

ცხადია, რეგიონების მიხედვით ნაწილობრივ განსხვავებულია ზოგადი სურათი, თუმცა ყველგან იგრძნობა, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ამ არჩევნებს ცვლილებების მოლოდინით უყურებს. და ეს ადამიანები არ გამოდიან მხოლოდ პირადი პრობლემებიდან. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკური გამოწვევები აქვს, რომელთა დაძლევაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, თუმცა ისინი ფართო პრიზმაში უყურებენ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას და ადარდებთ ის საერთო ეროვნული საკითხები, რომელიც ამ არჩევნებს ეგზისტენციალურ დატვირთვას სძენს. პირობითად, სამეგრელოში გამოწვევას წარმოადგენს თხილის ფასი, კახელები ყურძნის ფასის გამო წუხან, რომელიც კატასტროფულად დაბალია და 2012 წლის შემდგომ მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად რეგრესირდება, მაგრამ მათ ესმით მთავარი საკითხები, რის გამოც ამ არჩევნებზე ყველაფერი უკან იწევს და უბრალოდ ამბობენ, რომ მთავარია, ახლა გადავრჩეთ, მოვიშოროთ ეს მოღალატეობრივი, კრემლისტური, ავტოკრატიული ვნებების მქონე რეჟიმი და შემდგომ დავუბრუნდეთ ინდივიდუალურ პრობლემებზე საუბარს. პირდაპირი ზიზღია ივანიშვილის მიმართ, ფიგურალურად, ხსენებაც კი არ უნდათ მისი. ყველა რეგიონიდან დაბრუნების შემდგომ სულ ერთსა და იმავეს ვამბობდი: არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ ისეთი, რომ ამგვარი განწყობები გაანეიტრალონ და ამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ.

იმ ტიპის რეგიონებშიც კი, სადაც ტრადიციულად ხელისუფლების მიმართ ლოიალური მიდგომებია, იგრძნობა განწყობების ცვლილება „ოცნების“ საწინააღმდეგოდ. მძლავრია შიშიც, რეგიონებში ადამიანები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან ხელისუფლების მანიპულაციური ინსტრუმენტების მიმართ. უამრავი ადამიანი ჰყავთ გაფორმებული საჯარო სამსახურებში ფიქტიურად, შექმნილი აქვთ ე. წ. სოციალური დასაქმების პროგრამები. ქედაში ტანკის მონუმენტს 4 კაცი დარაჯობს ან რომელიღაც სოფლის სასაფლაოზე ათობით ადამიანი ჰყავთ გაფორმებული დამლაგებლად, რომლებიც ფეხსაც არ ადგამენ იქ, ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და ასე ჰყავთ მობმული მოქალაქეების ჯიბის ხარჯზე ასი ათასობით ადამიანი რეგიონებში, რომ შემდგომ წინასაარჩევნოდ ემსახურონ პარტიას. მაგრამ ამ ფონზეც კი „ოცნების“ ამომრჩეველი სანთლით საძებარია. შიში ნათლად იგრძნობა რეჟიმის მიმართ, მაგრამ ყველას ვარწმუნებთ, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგებს კაბინაში გაკეთებული მათი არჩევანის შესახებ და იმავეს გვიდასტურებენ თავადაც, რომ აპირებენ შიშით ნაკარნახევი საჯარო პოზიციონირების მიუხედავად, არჩევნებზე რეჟიმის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

_ თუ გქონიათ შემთხვევა, რომ სახელისუფლებო პროპაგანდის „მსხვერპლი“ ადამიანებისთვის მოგიხდათ იმის ახსნა, თუ რა შემთხვევაში ატყუებენ მათ და სად არის რეალური ჭეშმარიტება _ როგორ მიიღეს მათ განსხვავებული ინფორმაცია?

_ რეგიონებში შედარებით მაღალია სამთავრობო ტელევიზიების ყურებადობა, შესაბამისად, პროპაგანდის გავლენა, თუმცა არც ისე კატასტროფულად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სახელისუფლებო პროპაგანდის სჯერათ. ძირითადად, როგორც დავინახე, ისევ საკუთარივე ამომრჩევლის შენარჩუნებაზე მუშაობენ ამგვარი ნარატივების შემოგდებით, რომ მათ საკვები მისცენ და როგორმე გაითეთრონ რეჟიმის მიმართ მხარდაჭერა, მაგრამ მათი მხარდამჭერების წრის მიღმა ხელისუფლების გზავნილების ზემოქმედება ნაკლებად იგრძნობა. უამრავი ადამიანი ხვდება ამ ცრუ დილემების შემოტანის არსს და მათთვის რაიმეს ახსნაც არაა საჭირო.

თუმცა ბუნებრივია, შეგვხვედრია ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული შფოთი ხელისუფლების პროპაგანდისტული კამპანიიდან გამომდინარე და მათ აბსოლუტურ უმრავლესობასთან საუბრის ბოლოს ეს განცდები გაგვინეიტრალებია. ამასთან დაკავშირებით ჩვენს საინფორმაციო ბროშურებშიც გვიწერია, რომლებსაც მათ გადავცემთ გასაცნობად. ზოგადად, ძალიან დიდი ინტერესით შემოდიან კომუნიკაციაში და დიდია რწმენაც და ნდობაც ამ ტიპის ახალგაზრდული, სტუდენტური კამპანიისა და პერსონალურად ჩვენ მიმართ, რადგან ესმით ჩვენი გულწრფელი მოტივაცია. ჩვენ არ ვესაუბრებით მათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით, არ ვთხოვთ ჩვენ მიმართ მხარდაჭერას, არამედ როგორც რიგითი თანამოქალაქეები, ვუზიარებთ ჩვენს განცდებს და დამოკიდებულებებს, რაზედაც უფრო მარტივად მოგვყვებიან და იღებენ მას. ძირითად შემთხვევებში, არათუ მოვლენების მიმართ აღქმის, არამედ არჩევანის ნაწილშიც კი გადაგვირწმუნებია უამრავი ადამიანი, რომლებმაც კომუნიკაციის დასაწყისში სხვაგვარი პოზიცია გამოხატეს. ფაქტობრივად, სრული იდილია გვქონდა ამ მხრივ. იყო შემთხვევებიც, როცა აგრესიით დაუწყიათ კომუნიკაცია, აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციით და 20 წუთის შემდეგ ერთმანეთთან გადახვევით და პოზიციების შეჯერებით დაგვისრულებია საუბარი. ამ მხრივ, ნამდვილად წარმატებული იყო ეს კამპანია.

_ საკმარისია თუ არა ის აქტივობა, რასაც პოლიტიკური პარტიები აკეთებენ რეგიონებში?

_ ესეც განსხვავებულია რეგიონებისა და პარტიების მიხედვით.

ვიცით, რომ ოთხი ძირითადი ოპოზიციური სუბიექტია ველზე, რომელთაც ბარიერის გადალახვისა და მომავალ კოალიციურ მთავრობაში ყოფნის პერსპექტივა აქვთ, შესაბამისად, მხოლოდ ისინი ჩანან მეტ-ნაკლებად. თითქმის ყველა რეგიონში იგრძნობა „ნაცმოძრაობისა“ და „ახლის“ გაერთიანებების მუშაობა, აქტიურობა, ადგილობრივ დონეზე საკმაოდ კარგად აწყობილი ინფრასტრუქტურა და ორგანიზაციული სისტემა აქვთ, თუმცა შედარებით ნაკლებად შეხვდებით „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებებს. სამეგრელოსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში მუშაობენ, თუმცა ეფექტიანად ვერ ფარავენ მთელ საქართველოს. „ლელოს“ ორგანიზაციული სისტემის აწყობის პრობლემები აქვს, გახარიას ამასთან ერთად ფინანსური რესურსების კრიზისიც, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში გვითხრეს, ადრე ჰქონდათ შტაბი და ახლა წინასაარჩევნოდ დაიხურაო. წინასაარჩევნოდ შექმნილი გაერთიანებების ცნობადობის ხარისხი ზოგან დაბალია და უბრალოდ ბანერებიც კი საკმარისია, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. გახარიას შეხსენებაც კი გვიწევდა ხანდახან ადამიანებისთვის, რომელიც 41-ის პოტენციური შემომხაზველებისთვის ყველაზე ახლო ალტერნატივაა, თუმცა იმ არხებზე საერთოდ აღარც კი ახსენებენ, სტრატეგიული იგნორირების რეჟიმში არიან, რომ ამ ტიპის ამომრჩევლებს დაუსახონ, თითქოს არჩევანი ისევ 5-სა და 41-ს შორის კეთდება და სხვა ალტერნატივა პოლიტიკურ ველზე არ არსებობს.

რეალურად, ადამიანებში მძლავრია ცვლილებების სურვილი, უბრალოდ არ იციან, ვის ანდონ საკუთარი ხმა ამ ცვლილებების განსახორციელებლად. ამ ხალხთან უბრალოდ ხელის ჩამორთმევაც კი რაღაცას ნიშნავს პარტიული სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დაანახონ საკუთარი თავი და შესთავაზონ არჩევანი. მათ უნდა იგრძნონ, რომ ოპოზიცია, რომელსაც ტელევიზორში ხედავენ, რეალურად მათ გვერდითაა ფიზიკურად ყოველდღიურობაში და არ იმყოფებიან აბსტრაქტულ სივრცეში. დარჩენილი 2 კვირა პოლიტიკოსებმა სწორედ ამ უშუალო კომუნიკაციისთვის და მეორე მხრივ, ძალის გამოსხივებისთვის უნდა გამოიყენონ.

_ რამდენად დიდი დოზით იქნება წარმოდგენილი ახალგაზრდა თაობა საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლის როლში?

_ ახალგაზრდების ჩართულობა უპრეცედენტოდ მაღალია, რაც ამ არჩევნების მნიშვნელობას ადასტურებს. ჩემი თაობა არა მხოლოდ ამომრჩევლის როლში იქნება განსაკუთრებული მასშტაბით წარმოდგენილი, წინა წლებისგან განსხვავებით, არამედ დამკვირვებლისა და მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ხმის მცველების მისიასაც იკისრებს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დარეგისტრირდა უკვე სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით დამკვირვებლად და ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში ქუჩიდან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ისტორიულ არჩევანს ფიზიკურად, ახლა საარჩევნო უბნებზე გააკეთებენ იმავეს, კიდევ უფრო დიდი მოტივაციით. ჩვენ დავფარავთ ქვეყნის ყველა უბანს. უამრავი ახალგაზრდა მიდის საკუთარ რეგიონში, საკუთარ უბანზე ხმების მცველად.

_ ყველაზე დიდი დაბრკოლება, რასაც წააწყდით ამ პერიოდში (მას შემდგომ, რაც რეგიონებში გახვედით)?

_ ხელისუფლებამ დაინახა, რომ ყველაზე დიდი ძალა აქვს ამ ტიპის გულწრფელ, ახალგაზრდულ, სტუდენტურ წამოწყებებს და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაზე დიდი საფრთხეც ამაში აღიქვეს. ეს შიში ისტერიულად გამოხატეს მაშინ, როცა ერთ-ერთ რეგიონში ყოფნისას ღამით ავტომობილი დაგვიზიანეს, გადაღებეს და ასე შეეცადნენ კამპანიისთვის ხელის შეშლას, ჩვენ შეფერხებას. ამას საკმაოდ ორგანიზებული სახე ჰქონდა: წინა ღამით საპატრულო ეკიპაჟი გვითვალთვალებდა საკმაოდ შესამჩნევად, რომელიც, როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, სხვა რეგიონიდან გამოგვყვა სპეციალურად, რადგან ამ ტიპის მანქანები იმ რეგიონში არასდროს პატრულირებდნენ. გაგვაჩერეს, საგულდაგულოდ გადაგვამოწმეს, დააზუსტეს ჩვენი რაოდენობა, ვინაობა და ა. შ. ამ ადგილიდან 50 მეტრში კი, რამდენიმე საათში, გვიან ღამით ეს იაფფასიანი სცენა დადგეს საოჯახო სასტუმროს გარეთ გაჩერებულ მანქანაზე. როგორც იმ ქუჩაზე მცხოვრებლებმა შემდგომ გვითხრეს, ღამით, იმ დროს, როცა ეს ფაქტი მოხდა, მთელ ქუჩაში გათიშეს შუქი. წარმოიდგინეთ, რამხელა სისტემა ამუშავეს საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ეს განეხორციელებინათ. მაგრამ შეუძლებელია, ამგვარი ფაქტებით რაიმე ფონს გავიდნენ.

_ რისთვის უნდა ვიყოთ და ხართ მზად 26 ოქტომბერს? რა მოლოდინები გაქვთ „ქართული ოცნებისგან“?

_ ალბათ, ყველაფერია მოსალოდნელი, რთული წარმოსადგენია ამ ადამიანებისგან, რა შეიძლება არ იკადრონ. თუმცა ერთადერთი ხალხის აქტიურობის იმედი მაქვს, რომ უპრეცედენტოდ ბევრი ოპოზიციონერი ამომრჩეველი მივა უბანზე, რომლის ძალასაც წინ ვერაფერი დაუდგება.

ყველაფერს ეცდებიან, რთულად ჩაივლის საარჩევნო პროცესი, თუმცა რიგები უბანზე არის ერთადერთი პანაცეა მათი მცდელობების საპირწონედ. თუ მთლიანად ხელით არ გადაჯღაბნეს შედეგი და ხელოვნურად, იმ ტიპის მეთოდებით არ შეეცადნენ სურათის შეცვლას, რომლის შედეგადაც დაწერილ რიცხვებს ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს, შეუძლებელია, რომ ამ ხალხმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და აქ საბოლოოდ დაამყაროს ის, რისთვისაც იბრძვის.

თუ მაინც ამ კატასტროფაზე წავიდნენ და ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობას არ დათანხმდნენ, ქვეყანას უმძიმესი ქაოსი მოიცავს, საპროტესტო ტალღის პარალელურად უბრალოდ საერთაშორისო იზოლაციაში მოვექცევით, ეკონომიკამ შეიძლება პირდაპირი ნგრევა დაიწყოს და ასე ფიზიკურად ვერ შეძლებენ გაგრძელებას. ეს არ არის ბელარუსი და ძალიან ცდება, თუ ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ასე უცებ ამ ქვეყნის ტრანსფორმაცია და საკუთარ ზრახვებზე მორგება შესაძლებელია.

_ არჩევნების დღეს, როგორც წესი, ბევრი ვერ ახერხებს ჩასვლას თავის რეგიონში, რათა ხმა მისცეს. თუ არის რაიმე დაგეგმილი ამ მხრივ?

_ ჩვენ შევქმენით პლატფორმა ფეისბუკ ჯგუფის სახით („გამიყოლე არჩევნებზე“), სადაც ადამიანები ურთიერთდახმარების გზით შეძლებენ ერთმანეთის საარჩევნო უბნებამდე მიყვანას, კონკრეტულ რეგიონებში გამგზავრებას. თუმცა, ამავდროულად, ორიოდე დღის წინ სხვადასხვა ჯგუფი და მოძრაობა გავერთიანდით ერთი პლატფორმის ქვეშ, რომლის ეგიდითაც შეიქმნა ფონდი და მისი დახმარებით შევეცდებით უზრუნველვყოთ მაქსიმალურად ყველა ადამიანის ტრანსპორტირება ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, რომ არცერთი ემიგრანტისა თუ ქვეყნის შიგნით მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქის ხმა არ დაიკარგოს. ეს ყველაფერი დაგეგმარების რეჟიმშია და დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ჩვენი მოძრაობის ფეისბუკ გვერდიდან და ასევე ჯგუფიდან „გამიყოლე არჩევნებზე“.

_ შენი მესიჯი, შენს თაობას...

_ დამოუკიდებლობაში დაბადებულმა თაობამ არასოდეს უნდა განიცადოს მისი დაკარგვა, მონობასა და სხვისი უღლის ქვეშ ცხოვრება. ეს არჩევნები არის გზაგასაყარი, არჩევანი თავისუფალ მომავალსა და ბნელ წარსულს შორის. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს გათავისებული აქვს ეს და 26 ოქტომბერს შესაბამის არჩევანს გავაკეთებთ, _ მკაფიოდ ვიტყვით ჩვენს სიტყვას.

გაზიარება