QronikaPlus
ლია მუხაშავრია: „რუსული კანონის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებას კოჭი გაუგორა“

ლია მუხაშავრია: „რუსული კანონის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებას კოჭი გაუგორა“

2024-10-17 03:36:34

თამარ სანაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე. 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერში, რომელიც 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“. სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს: ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (78-ე მუხლი);

პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);

აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);

გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);

კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება მუხლი 31).

სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ვადა შეზღუდული არ აქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის მეორედ წამოწყებასა და ევროპარლამენტისა და გერმანიის ბუნდესტაგის კრიტიკული რეზოლუციების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ლია მუხაშავრია:

_ ქალბატონო ლია, რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ წარმოებაში მიიღოს აგენტების კანონი და არ შეაჩეროს მისი მოქმედება განხილვის დასრულებამდე. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რაზე მეტყველებს ის დასაბუთება, არგუმენტაცია, რომელიც გამოაქვეყნა საკონსტიტუციო სასამართლომ?

_ ეს არის ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიუღია. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, იგი მხოლოდ კანონის მოქმედების არსებითად განხილვამდე შეჩერების საკითხს ეხებოდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შესაძლებლობა ისტორიულ პროცესში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, ძალიან სერიოზული როლი ეთამაშა საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე.  მან ეს პასუხისმგებლობა, ეს დამოუკიდებლობა, კონსტიტუციური სინდისი და ღირსება ვერ გამოავლინა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ხელისუფლებას კოჭი გაუგორეს. ერთ თვეზე ცოტა მეტი დასჭირდათ, რომ ეს უღირსი, სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიეღოთ.

ამ კანონის მოქმედება რომ შეეჩერებინათ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში მაინც ვერ მოასწრებდა ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დატერორებას, რაც ამ კანონით იყო გათვალისწინებული.

მეორე მხრივ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, კვლევებით, ცხადია, რომ „ოცნება“ ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში და მით უმეტეს, ვერ დარჩებიან იმ უმრავლესობით, რომ კანონის მოქმედება შეინარჩუნონ. ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ღიად აცხადებს, რომ პირველივე სხდომაზე გააუქმებენ ე. წ. რუსულ კანონს.

სრულიად უსუსურად გამოიყურება საკონსტიტუციო სასამართლო და ეს არის ამ ქვეყნის მართლმსაჯულების დიდი სირცხვილი.

_ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამ რა მასშტაბის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ევროატლანტიკურ გზას, რა მოცემულობა დაგვიდგა ამ მოსამართლეების ხელმოწერით?

_ ის, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის კლანური, კორპორაციულ ინტერესებს ემსახურება და ხელისუფლებისადმი სრულად დამორჩილებულია, ეს ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამიტომ არსებითად ამ კანონის მოქმედების შეჩერება დიდად ვერაფერს შეცვლიდა. ჩვენ ვნახეთ ანტიკორუფციული სააგენტოს უღირსი მცდელობები და ხელისუფლება იძულებული გახდა, გაეუქმებინა მათი გადაწყვეტილება. მათ ასევე წარმატებით შეეძლოთ გამოეყენებინათ ე. წ. რუსული კანონი, მაგრამ ვერ გაბედეს მისი ამოქმედება და გადაწყვიტეს, რაჟდენ კუპრაშვილის უწყება იქნებოდა ამ შემთხვევაში უფრო მიზანშეწონილი, რომ წინა პლანზე გამოსულიყო, მაგრამ მათაც მოუწიათ უკან დახევა.

საკონსტიტუციო სასამართლოს უბრალოდ შეეძლო საკუთარი ღირსების გადარჩენა დ რაღაც ნაპერწკალი ყოფილიყო ამ დიდ სიბნელეში, რომელიც წინასაარჩევნოდ შეიქმნა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. არ მგონია, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლომ ამ შემთხვევაში რაღაც დიდი ზიანი მოგვაყენა. ის ჩაჯდა იმ სურათში, სავსებით და სრულად, რომელიც ისედაც ძალიან კარგად აქვთ დანახული  საერთაშორისო ტრიბუნიდან. არაფერი ახალი ჩვენს პარტნიორებს ამით არ დაუნახავთ. სასურველი იქნებოდა, ეს სურათი ცოტათი მაინც განათებულიყო. ჯობია, ბოლომდე გამოჩნდეს, რა წუმპეშიც არის ეს ქვეყანა, რათა მეტი საერთაშორისო დახმარება მოვიდეს, რომ ეს სიბნელე და უკუნი განათდეს, ვიდრე ნაპერწკლები გაელვარდეს და მაშინვე ჩაქრეს.

_ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომებზე ზურაბიშვილს, არანაკლებ ასი ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს“.  სამართლებრივად თქვენ როგორ შეაფასებდით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყებას?

_ ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლომ თავი შეირცხვინა, როდესაც დაადასტურა პარლამენტის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტმა თითქოს დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნები, მაგრამ პარლამენტმა შემდეგ სათანადო ხმები ვერ მოაგროვა. ახლა ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასა და მის რაღაც ეტაპამდე, მათ შორის, საპარლამენტო კენჭისყრამდე მიყვანას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ეს უბრალოდ თეორიულად აღარ არის სერიოზული. ამ არჩევნების ფონზე ეს არის „ქართული ოცნების“ ძალიან უსუსური მცდელობა, ვიღაცებს კიდევ თვალში ნაცარი შეაყაროს, თითქოს მათ აქვთ ძალა, კიდევ ერთხელ წამოიწყონ იმპიჩმენტი. საერთოდ, ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც ასეთი დიდი მარცხი მოელის იმპიჩმენტის პროცედურას, ამის შემდეგ ხელისუფლება ამაზე როგორ უნდა იღებდეს ხმას, მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო.

_ მმართველი გუნდისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ევროკავშირის ქვეყნებში, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებული აქვს, პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ევროპაში ლობირება შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად?

_ არ მიკვირს, რომ საზოგადოება ამ საკითხმა დააბნია, რადგან ძალიან დიდი აბდაუბდის მოსმენა გვიწევს ხელისუფლებისგან. 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. „ქართული ოცნების“ ლოგიკას რომ მივყვეთ, იმის გამო, რომ ამ ევროპული ვოიაჟის დროს, როდესაც პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების პირველ პირებს შეხვდა, მან მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“. ზურაბიშვილმა ამით თითქოს ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოცხადდა, რომ შეჩერებულია და აღარ გაგრძელდება იმ პირობებში, რომელიც ახლა არსებობს საქართველოში. უნდათ, რომ ეს საკითხი შეაწმინდონ პრეზიდენტს, რაც არა მგონია, შეძლონ. წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლების მიერ ყველა ხერხის გამოყენებით არჩეული პრეზიდენტის მიმართ თავად „ქართული ოცნება“ ასე იქცევა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალის პირობებში.

კონსტიტუციური ნორმებისა და იმპიჩმენტის განმარტებას შეიძლება კიდევ უფრო დიდი დაბნეულობა მოჰყვეს. უნდა ვთქვა ის, რომ თავის დროზე, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ვიყავი ჩართული და ჩვენ როდესაც ვმსჯელობდით იმპიჩმენტის პროცედურაზე,  კოლეგებს შორის იყო საუბარი, რომ ეს ისეთი რთული და პრაქტიკაში განუხორციელებელი პროცედურაა, რომ ალბათ ვერასოდეს გამოიყენებენ და ვერ აამოქმედებენ, მაგრამ დავინახეთ, რომ ამაზე „ქართული ოცნების“ მონდომება ისეთი დიდი აღმოჩნდა, გამოიყენეს, თუმცა საკმაოდ მძიმედ დამარცხდნენ.

განმეორებითი იმპიჩმენტის  წამოწყება მგონია სრულიად შეუძლებელი და ეს ყველაფერი არის „ოცნების“ მხრიდან იმის გამოხატულება, ჩხუბის მერე ცხვირ-პირდასისხლიანებული, მოჩხუბარი რომ გაიძახის, აი, მე კიდევ შემეძლო ჩხუბი და დამარცხება მოწინააღმდეგისო. ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით.

_ გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, დოკუმენტში ძალიან მკაცრი ჩანაწერებია. საუბარია კონკრეტულად ივანიშვილზე, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი საქართველოს ევროპულ მომავალსა და სტაბილურობაზე ბევრად მაღლაა დაყენებული, ნახსენებია სანქციები. ბუნდესტაგი ავალებს მთავრობას, რომ შესაძლო ფაქტები გამოავლინოს, რაც სანქციების დაწესების საფუძველი გახდება და ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვიდრე რუსული კანონი მოქმედებს, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება. როგორ შეაფასებთ ამ ჩანაწერებს?

_ გერმანიამ ამით მკაცრი ტონი მისცა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომ მათაც ამ საკითხს მეტი ყურადღება დაუთმონ. ერთი  მხრივ, გერმანიის ბუნდესტაგმა გვითხრა, რომ ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, ჩვენს დახმარებას, მაგრამ ძალიან  ცალსახად გვაგრძნობინეს და გვითხრეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ურთიერთობები არ გაუმჯობესდება, წინ არ წავა. პირიქით, ეს ურთიერთობები შეიკვეცება, შემცირდება და გაქრება. რეზოლუციის ყველა წინადადება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოებისთვის.

ამჯერად ეს გზავნილი ეხება არა ხელისუფლებას, არამედ უფრო მეტად საზოგადოებას, რადგან მან ყველაფერი გააკეთოს, რომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირში უფრო კონკრეტულად და მკაფიოდ გამოიკვეთოს არჩევნების დღეს, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე, ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, გააყალბოს არჩევნები და გამოხატოს მისწრაფება, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი საზოგადოების თითოეული წევრისადმი, რადგან მათ, თავის მხრივ, ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, _ აქამდე არსებული დიპლომატიური და პოლიტიკური ხერხები ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მიმართულებით, რათა დაერწმუნებინათ ხელისუფლება, შეეცვალა საგარეო ვექტორი, მაგრამ როცა ამას ვერანაირი გზით ვერ მიაღწიეს, ეს რეზოლუცია უფრო მეტად  მიმართეს ქართველი ხალხის მიმართ. ამავდროულად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც მიმართულნი არიან ევროპის საბჭოში, რომ საქართველოს საკითხი გაიყინოს მანამ, სანამ საარჩევნო პროცესი არ მივა ბოლომდე და ამ ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლება რადიკალურად არ შეიცვლება.

_ ბუნდესტაგსა და ევროპარლამენტში საუბარი იყო არჩევნებზე. ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა თავის კოლეგას უთხრეს, ჩახვალთ ახლა საქართველოში, დააკვირდებით არჩევნებს და ნახავთ, რა სიტუაციაა. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზედაც მიუხედავად ხარვეზებისა, მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ ჩვენს პარტნიორებს., თუ ძლიერი დარღვევებით წარიმართება ეს არჩევნები, რა სურათს მივიღებთ, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?

_ როგორც „ტრიბუნის“ წარმომადგენელი, ჩართული ვარ არჩევნებში. შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგისთვის გამოგზავნილ ადამიანებს. მათ გვითხრეს, რომ ისინი აქ არიან გაზაფხულიდან და ძალიან კარგად, ზედმიწევნით იციან ის მდგომარეობა, რაც საქართველოში განვითარდა. ბევრი გარემოება და ფაქტია უკვე დაფიქსირებული, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. ერთ საქმედ ღირს, რაც მოხდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო პროცედურული ცვლილებები, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ძალიან მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უქმნის. ასევე მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევა. ეს შემაშფოთებელია, რადგან რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისა ძალიან დიდია ამ პატარა ქვეყნის მასშტაბის გათვალისწინებით. ასე რომ, ძალიან საყურადღებო გარემოებებია, რომლებიც წინასწარ იძლევა შეფასების საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი უკვე არ მიმდინარეობს ისე, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები. რაც მოხდება დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში, ეს კიდევ უფრო მეტად გამოავლენს ამ პროცესის მანკიერება.ს ძალიან დიდი იქნება მედიის როლი ამ პროცესში. აქტიურობა საკმაოდ მაღალია, არავინ აპირებს გაჩუმდეს და ხელი დააფაროს დარღვევებს. წინასწარი დასკვნები, რაც შუალედური ანგარიშების მიხედვით გაკეთდა, სერიოზულ სიგნალს აძლევს ხელისუფლებას, რომ თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, საერთშორისო ორგანიზაციებმა არალეგიტიმურად ჩათვალონ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები.

_ საინტერესო იქნება თქვენი შეფასება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც, პრაქტიკულად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოხვდა. ვგულისხმობ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.

რეზოლუციაში ასევე ჩაიწერა სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის, რომელთა ანტიდასავლური ქმედებები გამო შეუსრულებელია ევროკომისიის რეკომენდაციები და ვიდრე ამ ხელისუფლების მიერ მიღებული, ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონები არ გაუქმდება, ევროკომისია საქართველოსთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ გახსნის. როგორია თქვენი დამოკიდებულება რეზოლუციის ტექსტის მიმართ?

_ აუცილებელია ამ საკითხის განხილვა. ევროპარლამენტის ეს როზოლუცია ლოგიკური გაგრძელებაა ამერიკის შეერთებული შტატების განხილვებისა და ამ განხილვებისას მიღებული  გადაწყვეტილებისა. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის მიერ გამოხატული შეშფოთება და ღია მესიჯი, თუ რა განწყობა არის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. ეს ლოგიკურია, რადგან ამერიკა და ევროპა ამ შემთხვევაში ორკესტრირებულად, შეთანხმებულად მოქმედებენ, მათთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებისგან ხედავენ. სანქციების საკითხი და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება ძალიან მკაფიო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს არჩევნებს, თუკი ხელისუფლება მიიტაცებს მას.

უკვე ითქვა ერთ-ერთ ანგარიშში, რომ „ოცნება“ ცდილობს არჩევნების მოპარვას, მიტაცებას. ამაზე ძალიან მკაფიო სანქციები ამოქმედდება და ეს არის წინასწარ, ღიად გაცხადებული ევროკავშირის მიერ.

_ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბევრი კომენტარი გააკეთეს. „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, თქვა, რომ ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვსო და ეს არაერთხელ გაიმეორეს სხვებმაც. როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მმართველი გუნდის რიტორიკას?

_ კალაძე სრულიად არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებს, ისევე როგორც ბევრი სხვა მისი თანაგუნდელი, რაც აშკარად მანიშნებელია, რომ ეს ხალხი ძალიან შეშინებულია და იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ სხვა რა გზა დარჩენიათ? სრულიად არაკვალიფიციური შეფასებები უნდა გააკეთონ იმის საჩვენებლად, რომ მათ თითქოს არ ეშინიათ, მაშინ როდესაც, მგონი, ეჭვი არ ეპარებათ, რა ფასიც აქვს ასეთ რეზოლუციებს. ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი წინადადებები და ქაღალდზე დაწერილი განცხადებები, ძალიან მალე მიხვდებიან და სანანებელი გაუხდებათ არა მხოლოდ ის, რომ აიძულეს საერთაშორისო პარტნიორები, ამ გზას დასდგომოდნენ, რამედ ის, რომ მათი დამოკიდებულებაც ასეთია და ეს იხტიბარის გაუტეხელობა ძალიან ძვირად დაუჯდებათ, ეჭვი არ მეპარება.

_ ხელისუფლება ამბობს, რომ მას უნდა საქართველოს ევროკავშირში „ღირსეულად შეყვანა“, თუმცა ვხედავთ, ჯერ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოზე რეზოლუცია, შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმა, გვესმის მწვავე განცხადებები ვაშინგტონიდან. იმის ფონზე, რა შეფასებებსაც ვისმენთ დასავლელი პარტნიორებისგან, იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, რა რესურსი აქვს მას ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად?

_ შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს არჩევნებში და მერე სცადოს და გამოუვიდეს ურთიერთობების დალაგება. ერთი მხრივ, შესაძლოა ეს ინსტრუქციები, რომლებსაც სრულიად დაუფიქრებლად იმეორებენ „ქართული ოცნების“ ე. წ. ლიდერები, შეიძლება იყოს განზრახ გაკეთებული, დავალებული ბიძინა ივანიშვილისგან, რადგან, მგონი, მასაც აღარ უნდა „ოცნება“ იმ შემადგენლობით, რომელიც ახლა არის. მასაც მობეზრდა 12 წლის განმავლობაში მონების მართვა, რადგან ვერ მიიღო უკუგება.

ეს ერთი ვარაუდია, თუმცა  იმდენად ღიად და უგუნურად იქცევიან, სრულიად არ არის გამორიცხული, რომ მარიონეტებს ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე გაუყენებს გზას და გაწირავს. რუსეთი ახლა უმძიმეს დღეშია, მას საქართველოსთვის არ ცხელა, რადგან უზარმაზარი ომი აქვს უკრაინასთან გაჩაღებული. წესით, მას არ უნდა უნდა ეცალოს საიმისოდ, რომ ასეთი დიდი ზეწოლის განხორციელება ხდებოდეს საქართველოზე, რომ „ოცნებამ“ ასე უჩვენოს ზურგი დასავლეთსა და ევროპას.

თუ ვივარაუდებთ, რომ რაღაც დიდი თამაშის მოწმენი ვართ, ეს თამაში ძალიან უნიჭოდ მიმდინარეობს. ალბათ შეიძლებოდა ამ პროცესების გაცილებით ლამაზად მართვა, რომ ასეთი უგუნურება არ ჩანდეს. მეორე მხრივ, ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, აშკარად დაპირისპირებულია საზოგადოების მოთხოვნასთან, ხალხის ნებასთან, რომელიც არ არის არც რუსული და არც ბელარუსული საზოგადოება და რომელიც საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. ჩვენ ამ პროცესებს ძალიან ნათლად ვხედავდით უახლოეს წარსულში. ამიტომ, ერთი მხრივ, ეს უნდა მივაწეროთ პირადად ბიძინა ივანიშვილის უგუნურებას და „ქართული ოცნების“ სრულად აცდენას რეალობისგან და, მეორე მხრივ, შეიძლება ეს იყოს ღრმა ჩანაფიქრი, რომლის განხორციელება ძალიან უნიჭოდ მიმდინარეობს. არც ერთი არის მისაღები და არც _ მეორე. ასეთი რიტორიკის შემდეგ ურთიერთობის დალაგება, როდესაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებ მრავალი ათეული წლის მანძილზე დამხმარე სტრატეგიულ პარტნიორს, რომლის შემწეობითაც გიდგას სული, მიუღებელია.

არის ასეთი ქართული ანდაზა, რომ იმ ჭაში არ უნდა ჩააფურთხო, საიდანაც წყალს სვამ. ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად დააზარალებს ასეთი „ქართულ ოცნებას“. არჩევნებზე მივიღებთ იმ შედეგს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება უარესს შემთხვევაში გადავა ოპოზიციაში, საუკეთესო შემთხვევაში კი საერთოდ წავა პოლიტიკის არენიდან, მაგრამ ახალ ხელისუფლებას ძალიან დიდი მუშაობა გაწევა მოუხდება მოუწევს იმისათვის, რომ დაიბრუნოს და განაახლოს ის ურთიერთობები, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აგურ-აგურ შენდებოდა და რომლის დანგრევა ასე მალე და იოლად მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“.

გაზიარება