- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-02 05:38:13
ირინა მაკარიძე
რას ნიშნავს რეალურად გორში, ოკუპაციის ხაზთან, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება? რა საფრთხეს უქადის ქვეყანას „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რას ვერ აცნობიერებს ოპოზიცია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ექსპერტი, ანალიტიკოსი გელა ვასაძე:
_ ბოდიში არაფერ შუაშია. გასაგებია, რომ ემოციურად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ეს საკითხი, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ პრაქტიკულად ეს გახლდათ განცხადება გეოპოლიტიკური საგარეო კურსის შეცვლაზე. ცოტა გასაკვირია ეს ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ არაკონსტიტუციურია და ა. შ., ამას უკვე მიჩვეულები ვართ, საქმე ის არის, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ აქ მივიღებთ ტოტალურ რუსეთს. ეს კი ნიშნავს ლიკვიდაციას არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ელიტის, რომელიც აქ არის, არამედ თვითონ „ქართულ ოცნებასაც“ ემუქრება საფრთხე. ემუქრება კი არა, გარდაუვალია „ქართული ოცნების“ ლიკვიდაცია რუსეთის მიერ. რუსები არ დატოვებენ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს ხელისუფლებაში, ეს აშკარაა. როგორ აპირებს ამ სიტუაციიდან ივანიშვილი გამოსვლას, არ ვიცი. ნუთუ, ვერ ხვდება ამას? ხვდება, მშვენივრად იცის, რა დაემართა რუსეთის პოლიტიკურ კლასს, აქედან გამომდინარე, გასაკვირია მისი ნაბიჯები.
_ გაკეთდა უკვე განცხადებები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, რომ მათთვის ბოდიში საკმარისი არ არის და ითხოვენ აღიარებას. ანალოგიური განაცხადეს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის პირველი შედეგები, რაც მოყვა ამ განცხადებას. გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებას?
_ ნაკლებად საინტერესოა კოლაბორანტი ხელისუფლების განცხადებები, მით უმეტეს, ცხინვალის რეგიონის კოლაბორანტი ხელისუფლება არ არის პოლიტიკის სუბიექტი. თუ ოკუპირებულ აფხაზეთზე კიდევ რამის თქმა შეიძლება, ცხინვალის რეგიონი მთლიანად არის რუსეთის მარიონეტი. ეს განცხადება თვითონ არაფერს ნიშნავს, რომ არ იყოს მარკერი იმ პოლიტიკური პროცესების, რომელიც მიმდინარეობს „ქართულ ოცნებასა“ და, სამწუხაროდ, საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს მმართველი ძალა _ ოფიციალური ხელისუფლება. საუბარი მიდის იმაზე, რომ ჩვენ უკვე შევცვალეთ საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩით ერთი ერთზე მოსკოვთან. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა გეგმები აქვს მოსკოვს, თუმცა ფაქტია, მას უნდა ტოტალური კონტროლის დამყარება საქართველოზე, მოსკოვისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი არის იზოლირებული დასავლეთიდან, ლოჯისტიკური თვალსაზრისით სამხრეთ კავკასია არის ერთადერთი კარიბჭე მისთვის. წარმოიდგინეთ, ტოტალური კონტროლი რომ ექმებათ საქართველოში, რას გვიზამენ? არსებობს რამდენიმე ვარიანტი და არცერთი ვარიანტი არ არის სასიკეთო საქართველოსთვის, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ქვეყანას ვკარგავთ.
_ ივანიშვილის განცხადება გაკეთებულია წინასაარჩევნო კონტექსტში, ეს არის მისი დაპირება, სადაც ამბობს, რომ შესაძლოა დადგეს ქვეყნის გაერთიანების მომენტი, რისთვისაც მას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ შეცვალოს ქვეყნის მოწყობის საკითხი. აქ სავარაუდოდ იგულისხმება კონფედერაციის საკითხის გატანა. რას იტყვით ამის შესახებ? ამ დაპირებებით რამდენად აქვს „ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერის მიღების შანსი?
_ ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე, რამდენად შეძლებს იგი აუხსნას მოსახლეობას, რომ კონფედერაციის იდეა სინამდვილეში ნიშნავს საქართველოს დაშლას. ჩვენ არა მარტო დავკარგავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ზოგადად, საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს, დაემუქრება დიდი საფრთხე. ჩვენ არ ვიცით მოსკოვის გეგმები, მაგრამ სტრატეგიულ ჭრილში მოსკოვს აწყობს საქართველოს გაყოფა. თუ მას გამოუვა საქართველოზე ტოტალური კონტროლის დამყარება, რატომ არ გააკეთებს ამას? აქედან გამომდინარე, საუბარი მიდის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავალზე.
_ რაც შეეხება თვითონ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, იქ იყო წინააღმდეგობა აპარტამენტების კანონის შესახებ, რასაც მოჰყვა მოსკოვიდან დაფინანსების შეჩერება. არსებობს თუ არა მინიმალური შანსი, რომ ამან დააფიქროს აფხაზები საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე?
_ არ არსებობს ეს შანსი. აფხაზეთში მშვენივრად ხვდებიან, რა ემუქრებათ. მოსკოვს აფხაზი ეთნოსი მიჰყავს სრულ განადგურებამდე. რაც შეეხება აპარტამენტების კანონს, ვფიქრობ, რომ ეს იყო მოსკოვის პროვოკაცია, მან კონფლიქტი შექმნა ცარიელ ადგილას ზუსტად იმისთვის, რომ გაათამაშოს ქართული კარტი აფხაზ საზოგადოებასთან. ეს არის ერთადერთი მიზეზი, თორემ ისედაც აკონტროლებს რუსეთი აფხაზეთს. აფხაზები შეიძლება კარგადაც ხვდებიან, მაგრამ არ აქვთ უნარი, შეეწინააღმდეგონ ამას.
იგევე ბედი ელოდება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის, კოლაბორაციონისტურ ხელისუფლებასაც. საბოლოო ჯამში, ისინიც იქნებიან ლიკვიდირებული. ადრე „ნამესტნიკი“ რომ ჰყავდა მოსკოვს საქართველოში, ზუსტად ისეთი უნდა, რომ ჰყავდეს. ნუთუ, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება იმ საფრთხეს, რომელიც პირადად მას ემუქრება მოსკოვიდან?
_ რა აიძულებს მას, გადადგას ასეთი არაპოპულარული და საფრთხის შემცველი ნაბიჯი?
_ არ ვიცი, ივანიშვილი შეიძლება დაარწმუნეს, რომ ამერიკელები „შეჭამენ“ დღეს და მოსკოვი _ ხვალ, ხვალამდე კი რამე შეიძლება მოხდეს. ვიღაცამ დაარწმუნა, რომ შტატებიდან და დასავლეთიდან მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე _ მოსკოვიდან. არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საფრთხე მოსკოვიდან გარდაუვალია. გორში გაკეთებული განცხადებით ივანიშვილმა შტატებთან დახურა მოლაპარაკების ფანჯარა, რომელიც არსებობდა.
_ რას იტყვით აშშ-ის მიერ აქციების დამრბევებისა და მოძალადეების იდერების დასანქცირებაზე?
_ სანქციები ტექნიკური ინსტრუმენტია. ჯერ სად ვართ! სამწუხაროდ, თუ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს არჩევნებში და, დიდი ალბათობით, დღეს აქვს შანსი, გაყალბებითა და მანიპულაციებით დახატონ რაღაც შედეგი, ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. გარდაუვალია ჩვენთვის ძალიან მძიმე რეალობა, თუ არსებობს, რა თქმა უნდა, თეორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ (ფართო საზოგადოებამ და არა მხოლოდ იმ ვიწრო წრემ, რომელიც ხვდება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს) როგორღაც იმოქმედოს. მე ვერ ვხედავ ოპოზიციისგან საკმარისს ნაბიჯებს, რომ თავისი ამომრჩეველი მიიყვანოს საარჩევნო უბნებზე, საკმაოდ ინერტულად იქცევიან, ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები არასაკმარისია.
_ მეტი რა უნდა გააკეთონ? ხვდებიან მოსახლეობას, მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი, კიდევ რა არის საჭირო?
_ კი, ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი. საჭიროა ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, არ ვიცი, შეიძლება რომელიმე ოპოზიციური ძალა ამას აკეთებს, მაგრამ რასაც ვხედავთ, ძველებურად მოქმედებენ, ეს აღარ მუშაობს. საჭიროა ამომრჩევლის მიყვანა საარჩევნო ყუთთან, რაც ადვილი არ არის. ამ არჩევნებზე იქნება ძალადობა, მუქარა, ათასი რაღაც, რაც უკვე ნახახი გვაქვს და ვიცით.
_ ელით, რომ ხელისუფლება ბელარუსის გზას დაადგება და შეეცდება, არჩევნების შედეგების მიუხედავად, თავისი გაიტანოს?
_ თუ არჩევნებზე კრიტიკულად დიდი რაოდენობის ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდა, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
_ რას იტყვით სალომე ზურაბიშვილის როლზე ოპოზიციური ფრონტის გაერთიანებასთან დაკავშირებით და მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“?
_ მშვენიერი იდეაა „ქართულ ქარტია“. სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რისი შესაძლებლომაც მას აქვს, მაგრამ მას მეტი ძალა არ გააჩნია. იდეალური იქნებოდა, თუ ოპოზიცია ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანდებოდა, მაგრამ ეს არ გამოდის, ორ სუბიექტად გაერთიანება კარგი იქნებოდა. საქმე ისაა, რისთვის მიდის ბრძოლა ამ არჩევნებზე? საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე. ეს უნდა გააცნობიერონ ოპოზიციაში, ხელისუფლებაში მათ ცალ-ცალკე არავინ მიუშვებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ქვეყნის გადარჩენისთვის არის საჭირო. თვითონ ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში დამარცხება არის ახლა გადარჩენის ერთადერთი გზა.
_ არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ივანიშვილი ხვდება, რომ აგებს არჩევნებს და ცდილობს, დაიტოვოს პუტინთან მისასვლელი გზა...
_ არ აქვს პუტინთან მისასვლელი გზა ივანიშვილს. თუ საქართველოს ჩაიგდებს ხელში, რაში აინტერესებს პუტინს ივანიშვილი?! პუტინი დანიშნავს აქ „ნამესტნიკს“. არჩევნების წაგების შემთხვევაში კი ივანიშვილი მშვენივრად დარჩება პოლიტიკაში, ძალიან ძლიერი ოპოზიცია იქნება, თან საკუთარი რესურსებით. წაგება ახლა მისთვის ხელსაყრელია, ოღონდ თუ აღიარა წაგება.
_ ე. ი. ეს მისთვისაც გადარჩენის გზაა?
_ რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გაანულებს „ქართულ ოცნებასაც“, სულ სხვა ხალხს მოიყვანს ხელისუფლებაში. იმათ არ სჭირდებათ ლოიალობა, რუსეთს არ სჭირდება აქ მეორე ორბანი, უნგრეთის სცენარი. არა! რუსეთს სჭირდება საქართველო როგორც გუბერნია, რომელიც ჩაკეტავს სომხეთს, აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიას. ეს მისცემს საშუალებას რუსეთს, როცა რაღაც ფორმით დამთავრდება ომი უკრაინაში, შექმნას რაღაც ეკოსისტემა და გადარჩეს, სულ სხვა სტრატეგიულ ამოცანას წყვეტს. და აქ საუბარია რაღაც მელიას ჯგუფზე, გახარიას ჯგუფზე, „ლელოს“ ჯგუფზე და ა. შ. ჩვენ აღმოვჩნდით საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური პროცესების ცენტრში, ამას ვერ ხვდებიან. ხალხი ამას ვერ ხვდება. საბოლოო ჯამში, ამის გამო მოგვიწევს ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურის გადახდა.
_ მხოლოდ რუსეთის ინტერესი ხომ არ არის? არის დასავლეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ, ჩამოვლენ დამკვირვებლები, ეს რა როლს შეასრულებს არჩევნების შედეგებზე?
_ დასავლეთის ყურადღება, რა თქმა უნდა არის, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთისთვის საქართველო და სამხრეთ კავკასია არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რუსეთისთვის კი არის. დასავლეთმა თუ დაინახა ნამდვილად ქართველი ხალხის ნება, მაშინ, კი, ბატონო, მხარდაჭერა იქნება, მაგრამ თუ ქართველი ხალხის ნება ვერ დაინახა, ბევრი ხალხი არ მოვიდა არჩევნებზე, იფიქრებს, რომ უბრალოდ საქართველოში არ არსებობს ბაზა, რომ იყოს დასავლეთის მოკავშირე.
_ გაზაფხულზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე, სადაც თითქმის 300 ათასი ადამიანი გამოვიდა, ხომ გამოჩნდა ხალხის სურვილი, რაც დასავლეთმაც დაინახა?
_ ეს არ არის საკმარისი! არჩევნები! _ აი, ეს არის დასავლეთისთვის ძირითადი მარკერი. ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნებსა და კონკრეტულ ადამიანებზე, მივლენ თუ არა არჩევნებზე. თუ არ მივლენ, მივიღებთ ამიერკავკასიას, რაც ნიშნავს რუსეთის ტოტალური გავლენის აღდგენას რეგიონზე.