- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-02 05:09:57
გიგა გელხვიიძე
მთავარი ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიაციით უნდა შემდგარიყო, ჯერჯერობით, ვერ განხორციელდა.
გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გზები, როგორც ორივე მხარის განცხადებებიდან იკვეთება, ვერ გადაიკვეთა და საბოლოოდ მაინც გამოიძებნა რაღაც მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე ეს მოლაპარაკებები შეჩერებულია. აღნიშნულ გაერთიანებას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოების რიგებში, რადგანაც მიაჩნდათ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ წაიღონ მმართველი პარტიის ხმები და გადააწყვეტინონ არჩევანის მიღება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს.
აღნიშნული საკითხის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა პოლიტიკოსი ბაჩო დოლიძე:
_ ბაჩო, თქვენთან ამ საკითხზე მანამდეც გვისაუბრია. როგორი იყო თქვენი მოლოდინი, როდესაც გაიგეთ, გახარიასა და ხაზარაძის გუნდისთვის არსებული შეთავაზების შესახებ?
_ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალო, აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს ელექტორატი, დაკარგოს ხმები, ამ ეტაპზე ეს შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ, ორ ჯგუფს, ეს არის „ლელო“ და გახარია. მნიშვნელოვანი ნაწილის წამოღება შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში და რატომ? შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ უფრო ძლიერ ჯგუფებს აძლევენ ხმას, ვიდრე სუსტს, აქედან გამომდინარე, რომ გაუადვილო არჩევანის გაკეთება და საქმე „ქართული ოცების“ ყოფილ ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდეს ამ კონკრეტულ არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ეს იძლევა უკვე თეორიულად „ქართული ოცნების“ დამარცხების რეალურ შესაძლებლობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ რაიმე შეცდომები არ დაუშვა. ჩვენ ვხედავთ, როგორი გამოხმაურებები არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ შესაძლო გაერთიანებაზე, ჩვეულებრივ ისტერიკაში არიან და, რა თქმა უნდა, აქვთ ამის საბაბიც. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალიან დიდ ნაწილს, რომლებსაც აღარ უნდათ ერთპარტიული მმართველობა, უჩნდებათ ალტერნატივა. ვინც „ქართულ ოცნებას“ ხაზავდა 12 წლის განმავლობაში, 5 ნომერს რომ არ შემოხაზავს, ჩემზე კარგად იცით, აქედან გამომდინარე, ისევ ეძებენ მათთვის ახლო წიაღს და ეს გაერთიანება ამ შესაძლებლობას იძლევა. ამდენი ხალხი, ამდენი განსხვავებული სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საჭიროა და მიესალმებიან ამ გაერთიანებას, ამ დროს უფრო მეტი პასუხისმგებლობაც არის საჭირო ორივე ჯგუფის მხრიდან. ძალიან სამწუხაროა რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს, როგორ ხდება ერთი მეორეზე გადაბრალება მოლაპარაკებების ჩაშლის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ორივე ზიანდება ამ პროცესით. ან რას სხდებოდნენ მოლაპარაკებაზე, თუ დეტალები გავლილი არ იყო? მაგრამ მე ვიცი დადასტურებულად ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, რომ წინასწარი კონსულტაციები ყველას ჰქონდა თავის გუნდში და ისინი მომზადებულები მივიდნენ ამ მოლაპარაკებაზე, მაგრამ ამის შემდგომ რაც ხდება, ეს მართლაც გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს, ხალხი უყურებს ამ პროცესს და ეს აისახება მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე. ხომ არ შეიძლება, დაწყებული საქმე წვრილმან, თუნდაც ვიღაცების გამოხტომებს შევწიროთ? ვისურვებდი, ამ დროს ყოფილიყო ყველა მოზომილი, პირველ რიგში, გუნდის წევრების განცხადებებშიც და ა. შ., თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, წვრილ-წვრილ გაუგებრობებზე უფრო მაღლა უნდა დადგნენ. ეს ის შემთხვევა, როდესაც 1+1=3-ს და არა 2-ს. ეს სინერგია იძლევა გაცილებით მეტის მოლოდინს. თუ ვიცით, რომ ერთს აქვს შანსი რაღაც პროცენტი, მეორეს რაღაც პროცენტი, აქ არის მოლოდინი, რომ მიღებული შედეგი ამ გაერთიანებით საბოლოოდ ჯამზე მეტს იძლევა. გამოხმაურებებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი, ყურადღებით აკვირდება და გულშემატკივრობს ამ პროცესს და დიდი იმედი, მაქვს, რომ რაღაც მერკანტინულ, სიების საკითხს არ შეეწირება ეს ამბავი.
_ მოლაპარაკების დასაწყისში ხაზარაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მან შესთავაზა გახარიას, კოალიციაში შემოსულიყო, როგორც თანაბარუფლებიანი წევრი _ ამასაც ხომ არ შეიძლება ჰქონოდა გარკვეული სახის უარყოფითი ასახვა პროცესებზე?
_ ქვეყნის ბედი დგას სასწორზე, ჩვენ თუ ისევ დავდივართ რაღაც სიებზე, როდესაც მთელი რიგი იდეოლოგიური საკითხები გვერდზე იყო გადადებული, ჩვენ გვახსოვს, რამხელა უთანხმოებას, რამხელა რამეს გადააბიჯეს ერთმანეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, რომ ეს საქმე გაკეთებულიყო, ანუ ორივე აღიქვამდა, რომ ამ არჩევნებზე ეს გაერთიანება იყო საჭირო, ამასთან შედარებით სხვა საკითხები არის წვრილმანი. ამიტომ არის ეს ხალხი აღშფოთებული, რომ ამხელა ამბავი არ ჩავარდეს. არსებობს პარტიული სია, მაგრამ როდესაც საუბრობ იმაზე, რომ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მხარი უნდა დაგიჭიროს, ეს ხალხი არ ითხოვს არც სიას და არც არაფერს. ხალხიც უნდა გაითვალისწინონ. ხომ არ შეიძლება ყველაფერი შევწიროთ იმას, რომ სიები ვერ გაიყვეს. ეს არის ძალიან ცუდი არგუმენტი ამ მოლაპარაკებების ჩაშლის და გვერდიდანა ძალიან ცუდი საყურებელია. იდეოლოგიური უთანხმოებები თუ გადადეს, რა გახდა მიზეზი? ამიტომ ძალიან მძიმე პროცესია ამ თვალსაზრისით. ხაზს გავუსვამ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ ელექტორატს ზუსტად ეს ჯგუფი აკმაყოფილებს ამ შემთხვევაში და ყველაზე ახლოს ამ ელექტორატთან ეს ჯგუფია. ცალ-ცალკე ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან, მით უფრო, „ქართული ოცნების“ განცხადებების ფონზე.
_ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ ის არ გამორიცხავს ტურბულენტობას „ქართული ოცნების“ გუნდში და იმას, რომ იქიდან გადინება დაიწყება. ეს ადამიანები შესაძლოა აღმოჩნდნენ ოპოზიციური პარტიის რიგებში. იმის ფონზე, როდესაც ჩვენ ამ დროის მანძილზე ამ ადამიანებისგან ვისმენთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ოპოზიციის და მათი მომხრეების მისამართით, თუ ასეთი რამ მოხდება, რა სცენარსაც ავითარებს გახარია, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?
_ სწორად უნდა გავიგოთ. გახარია მუშაობს „ქართული ოცნების“ ელექტორატთან. არავინ არავის დახვრეტას არ აპირებს და, შესაბამისად, ეს გზავნილები პოლიტტექნოლოგიურად გასაგები უნდა იყოს, არ ღირს მასზე რაიმე თეორიის აგება. აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ უნდა მორჩეს ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ რისთვის ვიბრძვით, რომ გვყავდეს კოალიციურ მმართველობა, სადაც ერთ კონკრეტულ ჯგუფს ყველაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს და ეს ყველაფერი გაკონტროლდება. ამის ფონზე, დანარჩენი არაფერი აღარ არის ტრაგიკული. მესმის, რასაც გულისხმობს, ისიც მესმის იქ ვიღაცების უკმაყოფილებები რომ არის და ეს ბუნებრივია. როგორ აწყობს პოლიტკამპანიას, ეს მისი საქმეა. კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ ის მუშაობს „ქართული ოცნების“ ყოფილ ამომრჩეველთან, ენმ-ს ამომრჩეველთან ხომ არ მუშაობს. ცხადია, ენმ-ს ამომრჩევლისთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი პოზიციაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება არ შეიცვლება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ დაკარგავს ხმებს. შესაბამისად, ამ ხმებზე მუშაობა, მაინცდამაინც, ყველას არ შეუძლია და ვისაც შეუძლია, ვაცადოთ, დანარჩენს განსჯის საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში ყველას ძალიან გაუჭირდება ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც აცდენილია საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ცხადზე ცხადი.
_ გახარიასა და ხაზარაძის მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარტია „ახალის“ და ამ შემთხვევაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მისამართით გააკეთა შეთავაზება, რომ ის გაერთიანდეს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. თქვენ კარგად იცნობთ ორივე მხარეს და იცით, თუ რა განწყობებია „ახალში“. გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ეს ორი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანდება?
_ შესაძლებელი ყველაფერია, თუმცა არ მგონია, რომ გაერთიანდნენ. საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ელექტორალური ხმები, რომლებიც ამ შემთხვევაში ნაწილდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ახლებს“ შორის, დიდ სურათში ამ ორ პარტიას შორის არსებული ამბავია. ეს ოპოზიციური ხმები ყოველთვის არსებობდა, ჩემთვის დღევანდელი გადმოსახედიდან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიციურ ხმები, როგორ გადანაწილდება. ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, „ქართულ ოცნებას“ ვინ ართმევს ხმებს, თუ ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა. მესმის მიხეილ სააკაშვილის პოზიციის, მას სურს, რომ მისი პარტია ყოველ შემთხვევაში ინარჩუნებდეს მთავარი ოპოზიციური პარტიის სახეს და პოზიციონირებას, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ ეს, დიდი ალბათობით, ასე აღარ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება გაერთიანებებზე ან არგაერთიანებებზე. თუ შედგა „გახარია-ლელოს“ გაერთიანება, ვპროგნოზირებ, რომ პირველ ადგილზე გავა ოპოზიციურ ფლანგზე ეს გაერთიანება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ახლები“ გაუერთიანდნენ ენმ-ს, რადგანაც იყო სხვა პირობები და ეს იქნება მძიმედ აღქმული „ახლების“ ელექტორატში, თორემ თეორიულად ყველაფრის დაშვება არის შესაძლებელი. ეს ოპოზიციური ხმები 12 წელია, არსებობს და ახლა ის არის საინტერესო, სად წავა ეს ხმები, მაგრამ არასოდეს არ იყო ის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი ნაწილი თავისი ამომრჩევლის დაკარგოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგანაც სუსტს არავინ მისცემს ხმას. არ დახარჯავს თავის ხმას. მაგრამ ძლიერი ცენტრი როდესაც არის, იქ შეიძლება საინტერესო პროცესები განვითარდეს.
_ სანქციებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მიიტაცა, უნდა ველოდოთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარები ამ საკითხზე გვერდიდან ისე ჩანს, რომ ისინი სთხოვენ ევროპას დასანქცირებას _ რა ასახვა შეიძლება ჰქონდეს ამას ოპოზიციის ხმებზე არჩევნების დღეს?
_ ძალიან ცუდი საყურებელია ეს ყველაფერი. ისედაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაღაც შეზღუდვები დაწესდეს ამ ქვეყანაზე და მაინცდამაინც ჩვენც ნუ წავახალისებთ ამ ყველაფერს. დამიჯერეთ, საკმარისზე მეტს აკეთებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არც ფინანსური დახმარებები შემოვიდეს და ვიზალიბერალიზაციის ნაწილშიც შეიქმნას პრობლემები. ამ ყველაფრის სათავეში ისედაც „ქართული ოცნებაა“ და კიდევ ოპოზიციური სპექტრი აღარ უნდა ერეოდეს ამ საკითხებში. მე არ მომისმენია, ვის აქვს ეს განცხადებები გაკეთებული, თუმცა უფრო მეტი ფიქრი ჯობია, სანამ მსგავსს განცხადებებს გააკეთებენ.
_ დღეს, როდესაც გვერდიდან უყურებთ ამ ყველაფერს, როგორ გამოიყურება ოპოზიციური სპექტრი?
_ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და როდესაც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ ხელისუფლების დამარცხებაზე რიტორიკას, სურვილი ერთია და რეალობა მეორე. როდესაც ასეთი ტიპის რეჟიმს ამარცხებ, აურა უნდა იგრძნობდეს ქვეყანაში, რომ რაღაც ცვლილებები რეალურად ხდება. მახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა 2012-ში სულ სხვა რაღაც ტრიალებდა, რომელიც ძალიან რთული იყო, რომ ვერ დაგენახა, შეუძლებელი იყო. რომ გითხრათ, ანალოგიური არის დღეს, უნდა მოვიტყუოთ თავი, მაგრამ ძლიერი გაერთიანების შემთხვევაში, დამიჯერეთ, სრულიად საკმარისია ერთი თვე, რომ ძირფესვიანად შემოტრიალდეს არსებული პოლიტიკა. ამას ცხადყოფს ის ისტერიული განცხადებები და პოზიცია, რომელიც აქვს „ოცნებას“ ამ შესაძლო გაერთიანებაზე. მესმის, რომ ძალიან დიდი სანერვიულო უჩნდებათ, მესმის, რომ ძალიან დაიძაბება აქ მდგომარეობა წინასაარჩევნოდ, რადგანაც უკვე რეალური ხდება „ოცნების“ დამარცხება დიდი უპირატესობით. სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა სოციუმის წარმომადგენლები აპელირებენ და მხარს უჭერენ ამ პროცეას, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული შეიძლება არც „ლელო“მოსწონდეთ და არც გახარიები და შესაბამისად, თავს ვერ ხედავდნენ ან ერთის ან მეორის მხარდამჭერებად, მაგრამ როდესაც გაერთიანებაზეა საუბარი, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ელექტორატის წამოყვანა, ამ შანსის არგამოყენება, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, არის ძალიან დიდი სახიფათო თამაში, რომელიც ისევ ჩვენ მოგვიტრიალდება.
_ ამ წუთის მონაცემებით გვაქვს ოთხი ოპოზიციური ცენტრი, აქედან სამი არის კოალიციური ერთობა _ რა როლი ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა ამ ყველაფერში?
_ მისი მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ცალსახაა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათემატიკურად დაჯამდეს ყველაფერი ისე, რომ პროდასავლურმა პარტიებმა გაიმარჯვონ. რთულია ამ ძალისხმევისა და მცდელობების დაუნახაობა. მისი ბოლო პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპასთან ერთად განვითარება და ქვეყნის შენება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალისხმევას სწორად დააფასებენ იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობენ.
_ იქიდან გამომდინარე, რომ აღარ ჩანხართ იმ გუნდთან ერთად, რომელმაც ერთდროულად დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ უკვე ჩამოყალიბდა ახალი ოპოზიციური პარტია „ახალი“, თქვენ ამ გუნდს აღარ წარმოადგენთ. თუ გქონდათ შემოთავაზება სხვა პარტიების მხრიდან და რომელ პოლიტიკურ ცენტრში ვიხილავთ ბაჩო დოლიძეს?
_ გიდასტურებთ, რომ აღარ ვარ „ახალში“, გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და აღარ გვაქვს საქმიანი და პოლიტიკური. შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, იქნებოდა, მაგრამ ჩემი მხრიდან რომელიმე ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფიშირება ჩემთვის საინტერესო არ არის. რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიხარჯები, თუკი ჩამოყალიბდება ისეთი პოლიტიკური ცენტრი, სადაც ჩვენ შეგვეძლება მონაწილეობის მიღება და ჩვენი წვლილის შეტანა პროცესებში, ყოველგვარი პარტიული სიის ინტერესის მიღმა, რადგანაც, დამიჯერეთ, გაცილებით მეტია ახლა მნიშვნელოვანი. პარტიული სიის ინტერესი რომ მქონოდა, დავეტეოდი იქ, სადაც ვიყავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება ცოტა სხვანაირად ამ პროცესში და თავის წვლილს შეიტანს. რაც შეეხება სამომავლოდ, პოლიტიკურად უფრო ინდივიდუალური კუთხით ვიფიქრებ რა და როგორ იქნება. იცით, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის, მაგრამ ის, რომ არსებულ პილოტურ სუბიექტთან ვიყო ასოცირებული დღეს, ასე არ ვუყურებ. გაერთიანებაში ვხედავ და ვიცი, რას და ვისთან ერთად გავაკეთებ და ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.