QronikaPlus
ლევან ტატურაშვილი: „ეკლესიას დარჩება ამბიონიდან ივანიშვილის ქება-დიდების უფლება“

ლევან ტატურაშვილი: „ეკლესიას დარჩება ამბიონიდან ივანიშვილის ქება-დიდების უფლება“

2024-09-12 05:58:09

გიორგი საკარული

გასულ კვირას მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა, რამაც საზოგადოებაში არაერთი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კომენტარი გაკეთდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე „ოცნება“ ოცნებობს, რომ რაც შეიძლება მალე ჩაიგდოს ხელში და ბოლომდე აკონტროლოს ისეთი ძლიერი ინსტიტუცია, როგორიცაა საპატრიარქო, თუმცა მმართველი გუნდის ეს შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა რამდენიმე მაღალი იერარქისთვიის.

რას გადაწყვეტს საპატრიარქო? დაემორჩილება თუ არა „ოცნებას“ იგი და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქართული სამოციქულო ეკლესია, თუ მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად აღიარებს? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება თეოლოგ ლევან ტატურაშვილს:

_ ლევან, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს. რა მიზანი და ინტერესები აქვს ხელისუფლებას ამ საკითხის მიღმა?

_ ჩვენ არაერთხელ ჩაგვიწერია სხვადასხვა დროს ინტერვიუ წმინდა ეკლესიის შესახებ და გულისტკივილით გვისაუბრია იმ მრავალ პრობლემაზე, რომელიც დღემდე დაუძლეველია ეკლესიის სივრცეში რწმენაში გაღატაკებულ იერარქთა უუნარობით. მადლობელი ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამონახეთ დრო, საზოგადოებას შესთავაზოთ განსხვავებული აზრი იმ მზაკვრული ინიციატივის შესახებ, რომელიც მოულოდნელად თითქოს არსაიდან შესთავაზა ხელისუფლებამ ერსა და ეკლესიას.

_ რატომ მზაკვრული?

_ ყველა ის იდეა და ინიციატივა, რომელიც ეკლესიას, მის ბუნებითობასა და ტრადიციებს საფრთხეს უქმნის, ეს მზაკვრობა და უღმერთობაა, უღმერთო ადამიანთა პოლიტიკური წინასაარჩევნო მზაკვრობების სისრულეში მოსაყვანად. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება თუ ვინმეს ან რამეს უქმნის საფრთხეს და აშორებს მის ძირეულ ფუნდამეტს, მიზანსა და მოძღვრებას ეს თავად ეკლესიაა, რომლის ყოველდღიურობაში ყველა ძირითად სამოღვაწეო საეკლესიო ტრადიციას უმალვე აყენებს დიდი ცვლილებების საფრთხის ქვეშ, სადაც ვიმეორებ, რომ ეკლესია დაიწყებს მის ბუნებრივ დეგრადირებას და გამიწიერებას. ხოლო თუ რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, ე. წ. მმართველ პარტიას, ეს უმარტივესად მისახვედრია, _ მათ სურთ, ბოლომდე ხელში ჩაიგდონ ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში და მართონ იგი ერთპიროვნულად. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი ლუკმა და გამარჯვება კი ეკლესიის სრული დაპატრონება და მისი დისკრედიტაცია იქნება, რომელსაც ასე მოწინავეთ ლამობენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე. და თუ არ იქნა ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე ადგილმიჩენილი, გეგმას ეკლესიის გამონებისა და ქვეყნის სრულ გასხვისებაზე სისრულეში მოიყვანენ. მათ არ სურთ და არც არასდროს სურდათ ეკლესიის. როგორც ძლიერი ინსტიტუტის არსებობა დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დღევანდელ იერარქიას და ხელისუფლებას ბინძური გარიგებების შედეგად საკმაოდ იდეალური თანაცხოვრება აქვთ, როგორც ეს პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მაინც მოგვარებული საქმე ურჩევნია და მუდმივი საფრთხის შემცველი პრობლემა განეიტრალებული, ამიტომ სურთ ეკლესია მოტყუებით გადაიყვანონ სრულ მორჩილებაში და არა ნაწილობრივზე, როგორი მოცემულობაც ახლა გვაქვს. ნახევრად ხუმრობითაც გეტყვით, _ ხელისუფლება ეკლესიას ნაწილობრივ შეფარვითი მეთოდებით მართავს ან ცდილობს მართავდეს, მაგრამ აი, ეკლესია კი მართლაც მართავს ქვეყანას მრევლზე მანიპულაციებითა და ბევრჯერ ბოლო წლებში ამ ინსტიტუტმა არჩევნებზეც კი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

_ და თუ ეს გეგმა განხორციელდა?

_ თუ ეს გეგმა, ეს შემოთავაზება განხორციელდება, ეკლესიას ბევრი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დათმობა მოუწევს. ეს არ მოხდება ერთ დღეს, რაღაც ახალი ჩანაწერიდან მეორე დღეს ან თვეს, ეს შხამი ნელ-ნელა შევა ეკლესიის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, რელიგიურ თემატიკაში უცოდინარ ხალხს დააჯერებენ, რომ ეს პატრიოტული და ეკლესიისთვის სასარგებლო ნაბიჯია, ცოდვებში მხილებულ იერარქიას ამას შეახსენებენ და ასე გაიტანენ ამ ინიციატივას, თუ რეალური წინააღმდეგობა არ აჩვენა იმ გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც ამ ეტაპამდე აფიქსირებს წინააღმდეგობას, მაგრამ ზედმეტად სუსტ წინააღმდეგობას ვხედავთ, უფრო ვაჭრობას წააგავს, ვიდრე ეკლესიის ინტერესების დაცვას.

_ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრებიც შეიკრიბნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებიც აწარმოეს. მღვდელმთავრების ნაწილმა თავიანთი პოზიცია მტკიცედ და მკაფიოდ გამოხატა ამ საკითხის მიმართ და თქვა _ არა, თუმცა ნაწილი თანახმაა, რომ მოისმინოს ის პირობები, რაც წაყენებული იქნება მმართველი გუნდის მიერ.

_ დიახ, სულ რამდენიმე ეპისკოპოსის წინააღმდეგობრივი პოზიცია მოვისმინე. საინტერესო იყო ერთი დეტალი, რომლისთვისაც არავის მიუქცევია ყურადღება: ქალბატონ შორენასთან ასოცირებული იერარქია არ იწონებდა შემოთავაზებას, რასაც ვერ ვიტყვი მოსაყდრის ირგვლივ არსებულ იერარქთა ჯგუფზე. მაგალითისთვის, მღვდელმა ჯაღმაიძემ მაშინ, როდესაც ეპისკოპოსები შემოთავაზების შესახებ ღია უარს აცხადებდნენ, მოსაყდრის ნდობით აღჭურვილი პირი, ზემოთ ხსენებული ჯაღმაიძე, საკითხის განხილვის მომხრე აღმოჩნდა. ეს მღვდელი არ არის ის ფიგურა, რომ რამეს წყვეტდეს საპატრიარქოში, მაგრამ აქ კარგად იკვეთება მოსაყდრის პოზიცია, ის მზადაა ყველა სახის მოლაპარაკებებზე, ოღონდ არსებული კონტაქტები და გავლენები არ დადგეს საფრთხის ქვეშ მისთვის სახელისუფლებო წრეეებთან. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის, თუ მისი სახით წინააღმდეგობრივ სუბიექტს დაინახავს ბიძინა ივანიშვილი, მისი „ოცნება“ და სიზმარი ტახტისკენ მიმავალ გზაზე გაიმრუდება გადაულახავად. მაგრამ ჩვენ შემდეგ გარკვეული აშკარა დიპლომატიური ზეწოლების შედეგად ვიხილეთ შეკრებილი ეპისკოპატი, თუმცა არა სრული სახით. მსგავსი საკითხი მინდა გითხრათ, რომ სინოდზე უნდა განიხილებოდეს, კონსენსუსის შედეგად წყდებოდეს და არა ისე, როგორც ახლა ვნახეთ. ვხედევთ, თუ როგორი ჩქარი ტემპით კარგავს ეკლესია ეკლესიურ ცნობიერებას, ტრადიციებს, კანონისადმი დამოკიდებულებას და ის თუ სახელმწიფოსთან ასიმილირდა, ამის შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ შედეგები?

_ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ეკლესია, თუ მართლმადიდებლობა სახელმწიფო  რელიგიად გამოცხადდება?

_ ე. წ. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს, რომ კონკრეტულ რელიგიას ენიჭება გარკვეული დომინანტობა, განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და ყოველდღიურობაში, თუმცა ეს ისედაც აქვს. ასევე სახელმწიფოსგან მას ექნება გარკვეული სახის პრივილეგიები.

_ თუმცა ეს პრივილეგიები სახელმწიფოსგან ეკლესიას უკვე დიდი ხანია, აქვს.

_ დიახ, აქვს და ყოველ არჩევნებზე თოვლის ბაბუის სულ უფრო და უფრო ბევრი საჩუქარი ემატება ეკლესიას, მაგრამ და კიდევ უფრო დიდი მაგრამ! _ სახელმწიფო ოფიციალურად დაამყარებს კონტროლს ეკლესიაზე და ეს კონტროლი იქნება, ფაქტობრივად, მართვადი სახის და გაცილებით იმაზე უუნარო გახდება ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო, წმინდა სინოდი, ვიდრე ის დღეს გახლავთ. ეკლესიას დარჩება ამბიონიდან ივანიშვილის ქება-დიდების უფლება. ხანდახან მესანთლესაც შეცვლიან ხოლმე, თუ წინა მესანთლე მისი ნებით გადადგება ან წუთისოფლის კანონზომიერების შედეგად გარდაიცვლება ან წაეშველებიან. სხვა მხრივ ეკლესია ზედმეტად დაკარგავს დამოუკიდებლობის ხარისხს.

საერთოდაც, იცით თუ არა, რომ არსებობს ეკლესიისთვის ამომწურავად მომგებიანობის თვალსაზრისით ისტორიული ხელშეკრულება სახელად კონკორდატი? იგი თავისი გავლენითა და შინაარსობრიობით საუკეთესო მოდელია, რაც კი შეიძლებოდა ეკლესიას სახელმწიფოსთან ჰქონოდა და პირიქით.

_ რას გულისხმობთ?

_ კონკორდატში სახელმწიფო ეკლესიას უწესებს პრივილეგიების მთელ რიგ კასკადს, ხელშეუხებლობას, სოციუმში სრულ დამოუკიდებელ ყოფას, ფინანსურ მხარდაჭერას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, საეკლესიო ღვთისმსახურებათა აღიარებას. ჯვრისწერას, აღსარების საიდუმლოს და ა. შ., მაგრამ ახლა ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალს, ეს ტოტალიტარული მმართველობის დამყარების ნიშანია. ამიტომ ჩვენ ყველამ ეკლესიას უნდა ავაცილოთ ეს საფრთხე, ახლაც და მომავალშიც.

_ თუ ეკლესიის მართვაზეა საუბარი და, პრინციპში, ახლაც ნაწილობრივ ხელისუფლება მართავს ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას, ამ კანონის მიღების შემთხვევაში რამდენად დიდ საფრთხეში აღმოჩნდება თუნდაც საქართველოში არსებული სხვა კონფესიები?

_ მართავს თუ არა ნაწილობრივ ხელისუფლება ეკლესიას, ამაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ გავიმეორებ, ეს მართვა არ არის ღია და კანონიკური, მისი აღკვეთა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მისი კონსტიტუციით დაპატრონება დიდი ზიანის მომტანი იქნება. სხვა რელიგიებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, თუ ასევე გავიხსენებთ იმასაც, რა სახის პრობლემებს უქმნიან ხშირად მათ რწმენის თავისუფლებას. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% თავს ორთოდოქს ქრისტიანად აღიარებს, იქ არ შეიძლება ვინმე იდევნებოდეს, მით უფრო უმცირესობა, მაგრამ იმავე სახელმწიფოს ხშირი ფარული ჩარევებითა და სუს-ის მიერ ორგანიზებული პროვოკაციებით ხშირად გვინახავს სხვადასხვა აღმსარებელ ადამიანთა დევნა-შევიწროება რელიგიური აქტის შესრულების დროს.

_ თქვენი მოლოდინი როგორია, გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს ეკლესია და დაემორჩილება თუ არა ხელისუფლებას?

_ მე მაინც მგონია, რომ დიდი გამოცდილების მქონე კათალიკოსი კარგად აწონის მოსალოდნელ საფრთხეებს. ამ კაცმა შეიძლება მრწამსი დათმოს, მაგრამ საკუთარ გავლენებს, პატივსა და ძალაუფლებას ვერ შეელევა. ამის მაგალითია მისი ამ ვითარებაში პირველ პირად დარჩენა. ეკლესია შეეცდება ასევე მისი წილი თამაშის შემოტანას მოვლენებში, რათა მარცხზე მეტად სარგებელი ნახოს. თუმცა ეს თამაში საფრთხის შემცველია და ეკლესია არ შეიძლება სასწორზე დაიდოს. ხელისუფლებები, ეპიკოპოსები და პატრიარქები მოდიან და მიდიან, ამაქვეყნის მებრძოლი ეკლესია კი რჩება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და მერმე მიღმიერში.

_ ყველა ვარიანტი რომ განვიხილოთ, როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით იტყვის პრინციპულ და მტკიცე უარს, რას მოიმოქმედებს „ოცნება“?

_ დღევანდელი რამდენიმე ბანაკად დაქსაქსული საპატრიარქო შეეცდება კონსენსუსით შეჯერდეს და გარკვეული სახის შეთანხმებას მიაღწიოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, თუმცა არა მგონია, დამოუკიდებლობა დათმოს. ეს ისეთია, მეფე იყო და ბატონს აზნაურობაზე დათანხმდე. თუ ეს ვიხილეთ, მაშინ გამოდის, რომ დღევანდელმა სინოდმა ეკლესიის ბუნებითი დამოუკიდებლობა საქართველოს ეკლესიისა გაყიდა. ასევე მოკლედ შევეხები მღვდელ ჯაღმაიძის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედზე“ გააკეთა, რომ ეკლესიას სჭირდება დაცვა, მის როლს ქვეყნის წინაშე სჭირდება საკონსტიტუციო ჩანაწერი, ჩვენ ვართ ხელჩართულ ომში და ა. შ.

რაც შეეხება ეკლესიის როლის შესახებ სადმე რამის ჩაწერას, ეს მხოლოდ ზეციურ წიგნში უნდა იქნეს ჩაწერილი თითოეული ჩვენი ცხოვრებისა თუ ეკლესიის მიერ გაწეული მისიონერობის შესახებ. სხვა რაიმე ამა სოფლის წიგნებში განდიდება ეკლესიას არ სჭირდება და არც ამ ქვეყანაზე სამოთხისეული ყოფისა, თუ პატივის განზრახველობა არ უნდა გააჩნდეს ქრისტეს ეკლესიას. ვუსმენდი და ზედმეტად არ ჰგავდა ტრადიციულად ამ კაცის გამოსვლა მღვდლისას კი არა ქრისტიანისასაც კი. რაც შეეხება ხელჩართულ ომს, მე არ მინახავს ეკლესიის მესვეურებს ვინმე სცემდეს, რასაც ვერ ვიტყოდი მათ მიერ განხორციელებულ ფაქტებზე. ასევე ის შეეხო თემას, რომ თურმე მიდის დიდი პროპაგანდა ლგბტქ+ თემის და სხვადასხვა უმსგავსობის შესახებ. უხერხულია, როცა ამ განცხადებას ეკლესიის საზოგადოების სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებს, იმ ეკლესიისა, სადაც 5 მღვდლიდან 3 ჰომოსექსუალია, ის ორი კი _ მრუში. ერში უამრავი მღვდლისგან დაორსულებული მოქალაქე და ცხოვრება დანგრეული მოზარდი ბიჭები გვყავს. იმ სააფრთხეებზე, რითაც სამომავლოდ გვაშინებს ჯაღმაიძე, თუ სხვადახვა ორმაგი სტანდარტების სხვა სასულიერი პირები, დიდი ხანია ხალხმა უკვე მაგათგან იგემაა და საკუთარ თავზე გამოსცადა. ბორჯომელი შეცდენილი ბავშვი გაიხსენონ, შემაცდენელი კი ისევ სინოდში უზით. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ეკლესიას ემუქრება, ესაა ამაქვეყნის დიდებისკენ სწრაფვა, ცოდვის სიწმინდედ წარმოჩინება და დაუსჯელობის სინდრომით ცხოვრება.

ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება უარის შემთხვევაში, გიპასუხებთ, რომ არაფერ კარგს. როცა ეკლესია რაიმე სახის წინააღმდეგობას ან დომინანტობას იჩენს, იქვე ხელისუფლების მოქმედებაც არ აგვიანებს, ამის საუკეთესო მაგალითია ე. წ. სუს-ის მიერ სახალხო და დაუვიწყარი სკანდალი კრებსების სააშკარაოზე გამოტანის შესახებ.

გაზიარება