QronikaPlus
გიგი წერეთელი: „ჩერგოლეიშვილმა პრაიმერიზში ბოკერიასთან ბრძოლაში ვერ გაიმარჯვა და ჩვენ დაგვიპირისპირდა“

გიგი წერეთელი: „ჩერგოლეიშვილმა პრაიმერიზში ბოკერიასთან ბრძოლაში ვერ გაიმარჯვა და ჩვენ დაგვიპირისპირდა“

2024-08-14 10:04:11

შორენა მარსაგიშვილი

რა მოხდა „ევროპულ საქართველოში“? რა იყო გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის დემარშის ნამდვილი მიზეზი? რას აპირებს  „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებზე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული საქართველოს“   ლიდერი, გიგი წერეთელი:

_ ბატონო გიგი, „ევროპულ საქართველოში“ მოვლენები დრამატულად განვითარდა. დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ პარტიიდან გაყარეთ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გუნდი. რატომ გაყარეთ ისინი?

_ მე ასე არ დავსვამდი საკითხს.  „ევროპული საქართველო“ გაიყო, გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა პარტია დატოვეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და საკუთარი ინტერპრეტაციით ახსნეს ეს ნაბიჯი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარტიის მიტოვება უპასუხისმგებლო ქმედებაა, მაშინ როცა ლიდერი გქვია და ბევრი რამ მოგანდო გუნდმა. პარტიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეც მიფიქრია წავსულიყავი, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა საერთო მიზნისა და ბევრი თანაგუნდელის მიმართ ამის გაკეთების უფლებას არ მაძლევდა. სამწუხაროდ, მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს  გაგრძელდა ამ გადაწყვეტილების  უსაფუძვლო გამართლებით, ყველაფრის სხვებზე  გადაბრალებით, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანიით.

_ ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთეს მათ.

_ ეს არის სიცრუისა და თავის გასამართლებელი ბრალდებების ნაკადი. გამოაქვთ პირადი საუბრები, მიმოწერა, რაღაც რეპლიკაზე აგებენ მთელ თეორიებს. ეს ყოვლად მიუღებელი ამბავია საზოგადოდ და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებისთვისაც, რომელ მხარესაც არ უნდა იყვნენ ისინი.

_ რეალურად რატომ გაიყო პარტია?

_ ამ მიზეზებზე ვისაუბრებ, მაგრამ მანამდე ერთ რამესაც გავიხსენებ. ჩვენი პარტია პირველად 2021 წელს დაინგრა. მაშინ პარტია რამდენიმე ლიდერმა დატოვა. მთავარი მიზეზი, რაც წასულებმა დაასახელეს, იყო შიდა უთანხმოება სწორედ გიგა ბოკერიასთან. ჩვენ მაშინ პარტიაში დავრჩით და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარტია არ ჩამოშლილიყო. ჩვენი ეს პრინციპული გადაწყვეტილება სათანადოდ არ აღიქვეს გიგამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა. კარგად მახსოვს მათი რეაქციები, როცა  იმ დროს წასულები პარტიის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა ლანძღვის კუთხით მსგავსიც კი არაფერი უთქვამთ, რასაც ესენი ამბობენ. ასეთი ლექსიკა, რასაც იყენებენ, არის ყოვლად მიუღებელი და ვფიქრობ, მათთვის კიდევ უფრო საზიანო. მათ შეეძლოთ ეთქვათ, წავედით იმიტომ, რომ პარტიის მომავალს ვერ ვხედავთ ან იქ არ არიან ადამიანები, რომლებსაც  შეუძლიათ, ჩვენთან ერთად  წარმატებებს მიაღწიონ. ეს ნორმალურია. მაგრამ როდესაც 8 წელი ხარ პარტიაში და თუ შენი ერთხელ ვერ გაიტანე, მეორე დღესვე გარბიხარ კრიტიკულ მომენტში, შემდეგ ეს ყველაფერი გადადის უკიდურესად  მდაბიო განცხადებებსა და პირად შეურაცხყოფაში გუშინდელი თანაგუნდელების მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მე განვაცხადე, რომ ამაში ჩართვას არ ვაპირებ. საზოგადოება ხედავს, რომ, პრაქტიკულად, პასუხს არ ვცემთ. როცა ინტერვიუა ან კითხვა, ბუნებრივია, ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ. მაგრამ ეს არ არის და არც იქნება კამპანიის ნაწილი. მე თავიდანვე  მოვუწოდე მათ, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ იგივეს აგრძელებენ. თამარ ჩერგოლეიშვილს, ეტყობა, ძალიან მოსწონს ეს როლი: ვიღაცას უპირისპირდება, ვიღაცა მას უპირისპირდება, ვიღაცას ლანძღავს. შემდეგ თავის გაფილტრულ „ბაბლში“ ამით თავს იწონებს. წესით, უნდა ესმოდეთ, რომ პარტიიდან მათი წასვლაც და შემდგომი ქმედებებიც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია.

_ გავიგეთ, რომ პარტიის შექმნას აპირებენ. რას ფიქრობთ ამაზე?

_ ნამდვილად არ მეწყინება, თუ რამეს გააკეთებენ. ჯობია, ამ საქმით დაკავდნენ და შეეშვან ყოფილი თანაგუნდელების ლანძღვას. ასეთი ქცევით სამომავლოდაც არანაირი ნდობა არ ექნებათ, როგორც პოლიტიკურ პარტნიორებს.

_ თქვენ მარტო თანაგუნდელები არ ყოფილხართ, თანამებრძოლები იყავით, წლები მოდიოდით ერთად და ბევრი სირთულეც ერთად გაქვთ გამოვლილი.

_ რა თქმა უნდა, თანამებრძოლები ვიყავით და ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ახლა პრეტენზიებია, რომ თითქოს ვიღაც პარაზიტირებდა სხვის შრომაზე, მას შემდეგ, რაც ჩერგოლეიშვილი გააქტიურდა პარტიაში. ეს არის უსაფუძვლო. ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიაში დარჩნენ, არიან პარტიის დამფუძნებლები და როცა ვიღაცის შრომაზეა ლაპარაკი, შრომა ყველამ გაწია სხვადასხვა ეტაპზე და დიდი ბრძოლების გადატანაც მოუწიათ. იქნებიან რეგიონული ლიდერები თუ სხვა. განსაკუთრებით რეგიონული ლიდერების მიმართ აქვს პრეტენზიები წასულ გუნდს. თამარ ჩერგოლეიშვილის გუნდს  2021 წელს განახლებულ „ევროპულ საქართველოში“ ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა, მოქმედების სრული თავისუფლება. იმიტომ არა, რომ ის პარტიის თავმჯდომარის ოჯახის წევრი იყო, არამედ საინტერესო და ახალი იდეების ინიციატორიც გახლდათ. ყველა შესაძლო რესურსი იყო მობილიზებული იმის განსახორციელებლად, რა პროექტებსაც გვთავაზობდა და შრომობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვები არაფერს აკეთებდნენ. ეს არც იმას ნიშნავდა, რომ რადგან მოგცეს მეტი უფლება და თავისუფლება, ყველაფერი შენ ირგვლივ მოსხიპო, რადგან შენს მოსაზრებას არავინ შეეკამათოს. იმის ძახილი, რომ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით და სხვები პარაზიტირებდნენო, ეს არის უსამართლო და არაობიექტური. იმის მაგივრად, რომ საარჩევნო კამპანიაში ვიყოთ, ვხვდებოდეთ ამომრჩევლებს, დასანანია, რომ პასუხების გაცემა გვიწევს წასული გუნდის ბრალდებებზე.

_ იქნებ, უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა მოხდა პრაიმერისზე?

_ ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ გაიყო პარტია _ თუ რა მოხდა და რატომ გაიყო გუნდი. ერთ-ერთმა ცნობილმა ექსპერტმა პარტიაში იდეა მოიტანა: იმისათვის, რომ პარტიაში საარჩევნოდ ყოფილიყო მეტი გამოცოცხლება და დინამიკა, ჩატარებულიყო პრაიმერიზი. ამაზე მუშაობა გასული წლიდან დაიწყო. საპარლამენტო სია ასე უნდა შეგვედგინა. ეს არ არის სიახლე. მთელ რიგ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენც გვქონდა ამგვარი პრაქტიკა წინა არჩევნებზე. 2020 წლის არჩევნებისთვის სია კომპლექტებოდა განსხვავებული ტიპის პრაიმერიზის შედეგების მიხედვით. დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელი იყო სიაში, საბოლოოდ ეს განისაზღვრებოდა საარჩევნო შედეგით. შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია და როგორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობა დღევანდელ პარლამენტში. პრაიმერიზის ჩატარების იდეას ღიად დავუჭირეთ მხარი. გადაწყდა, ორი სია შეჯიბრებოდა ერთმანეთს. მიღებული შედეგების მიხედვით, ეს სიები შეერწყმებოდა ერთმანეთს და საბოლოოდ საარჩევნო სიას მივიღებდით. ვფიქრობდით, რომ ეს პროცესი გააძლიერებდა პარტიას, მოიყვანდა ახალ ადამიანებს, გუნდებს ეყოლებოდა ცალ-ცალკე მხარდამჭერები და საბოლოო ჯამში, საერთო მიზნისთვის გაერთიანდებოდა. სამწუხაროდ, ეს პირიქით მოხდა _ პირველი დაძაბულობის კერა მაშინ შეიქმნა როცა პირველმა გუნდმა (ამ სიის პირველი ნომერი იყო გიგა ბოკერია, შემდეგ მე, შემდეგ ჩერგოლეიშვილი, შემდეგ აკაკი ბობოხიძე) დაარეგისტრირა დახლოებით 2600-მდე მხარდამჭერი. მეორე გუნდმა, სადაც პირველი ნომერი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი და მერე გიგა ბოკერია, (იმ სიაში არც მე ვიყავი და არც ბობოხიძე), დაახლოებით, 1300 კაცი დაარეგისტრირა. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი სერიოზული ტრიგერი დაპირისპირების კონკრეტული ამოცანის მისაღწევად. მერე დაიწყო საკმაოდ რთული პროცესი. საკომუნიკაციო ცენტრმა (იგივე ქოლცენტრმა) დაიწყო გადამოწმება მხარდამჭერების, უნდა გარკვეულიყო, ვინ დარეგისტრირდა. აქ ერთი ნიუანსია: თავიდან ვახსენე ექსპერტი, რომელმაც პრაიმერიზის იდეა მოიტანა. მხარდამჭერების დარეგისტრიებასთან დაკავშირებით ეჭვები თავიდანვე გამოვთქვით, იმიტომ რომ ზოგი ონლაინ დარეგისტრირდებოდა, ზოგი ადგილზე მოვიდოდა, მაგრამ მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო შემოგზავნილი ხალხი. ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის გაფილტვრის მექნიზმი.  საბოლოოდ ითქვა, რომ მივიდეს, ვისაც უნდა. უნდა იყვნენ პასუხისმგებელი ადამიანებიც რეგისტრაციაზე და იქნებოდა გადამოწმებაც. მთავარი იყო ამომრჩევლის მოსვლა და მასთან კომუნიკაციის დაწყება, იდეური მხარდამჭერებისა და საარჩევნოდ ელექტორატის გაზრდა.

გაფილტვრის დროს გამოიკვეთა რამდენიმე ჯგუფი, ვინც არ პასუხობდა თავიდანვე, ანუ ვისთანაც კომუნიკაცია არ შედგა ან უარი თქვა პასუხზე, მხარდამჭერების ჯგუფი, სხვა პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც არცერთ პარტიას უჭერდნენ მხარს სატელეფონო კითხვისას. ბევრი იყო გადაუწყვეტელიც. გადამოწმება ხდებოდა სატელეფონო გამოკითხვით, კვლევითი ორგანიზაციის სახელით და კითხვა იყო ასეთი: რომელ პარტიას დაუჭერდნენ მხარს ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნებზე? საარჩევნოდ თბილისშიც და რეგიონებშიც უამრავი ასეთი გამოკითხვაა. ადამიანებთან უამრავი ორგანიზაცია თუ პარტია რეკავს. ხალხს ჰგონია, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს და მათ განწყობებს სუსი სწავლობს. აქედან გამომდინარე, ინსტინქტურად ბევრი თავს იკავებს პასუხისგან. ამიტომ გადაუწყვეტელი ადამიანი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ამ გადაუწყვეტელ ნაწილთან დაკავშირებით გაიმართა კამათი, ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამოსულიყო თუ არა მხარდამჭერების სიიდან, მაშინ როცა, მაგალითად, რეგისტრირებულებად რჩებოდნენ, რომლებმაც უარი განაცხადეს პასუხზე. ჩვენს სიაში ასეთი საკმაოდ ბევრი იყო, ნაკლები მეორე სიაში და მათი ამოღება მნიშვნელოვნად იმოქმედებდა შედეგზე.

ეს საკომუნიკაციო ცენტრი, პრაქტიკულად, სრულად იყო ერთი კონკურენტი გუნდის განკარგულებაში. ამას პირადად თამარ ჩერგოლეიშვილი აკონტროლებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენს მხარეს არ გამოუთქვამს რაიმე სერიოზული ეჭვი, რადგან იმ ადამიანების მიმართ გვქონდა ნდობა, რომლებიც უშუალოდ ამ სამუშაოს ასრულებდნენ. ზოგადად, გუნდებს შორის მტრული სადემარკაციო ხაზი ჩვენი მხრიდან არასდროს გავლებულა, პარტიის საერთო ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენ მივიჩნევდით, რომ ეს „გადაუწყვეტელების“ ჯგუფი არ უნდა ამოსულიყო მხარდამჭერთა სიიდან. უარი ვუთხარით იმ ხალხს, ვინც სატელეფონო გამოკითხვაში თქვა, რომ სხვა პარტიას უჭერდა მხარს ან არცერთ პარტიას. მიგვაჩნდა, დაბალი სანდოობის სატელეფონო კვლევაზე უკეთესი ტესტი პრაიმერიზში მათი ფიზიკური მონაწილეობა იქნებოდა. ამაზე ვერ შევთანხმდით და აქედან დაიწყო დრამატული ამბები.

რადგან კონსენსუსი არ შედგა, ვთქვით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა პარტიის პოლიტიკური საბჭო. ჩვენ ძალიან იშვიათად მივმართავდით სადავო საკითხებით პოლიტიკურ საბჭოს. თუმცა ესეც ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავია პარტიული დემოკრატიისთვის. ამიტომაა ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა.

_ პოლიტსაბჭო რეალურად ამისთვის არსებობს.

_ პარტიული დემოკრატიისთვის პოლიტსაბჭო მნიშვნელოვანია. ჩვენ გავიტანეთ ეს საკითხი. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიას კატეგორიულად მიაჩნდა, რომ მისი წინადადება უნდა გასულიყო და გადაუწყვეტელი ადამიანები რეგისტრაციიდან მოხსნილიყვნენ (რამდენიმე ასეული ადამიანი). ჩვენი წინადადება იყო, რომ ეს ჯგუფი დაგვეტოვებინა და მათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში. პოლიტსაბჭოზე გიგა ბოკერიას წინადადება არ გავიდა. 40 წევრიდან 32-მა ჩემი და აკაკი ბობოხიძის წინადადებას დაუჭირა მხარი. 8 იყო მხოლოდ გიგა ბოკერიას მომხრე. ამის შემდეგ დაიწყო დრამატული ამბები. დეტალებს არ მოვყვები, იქ ვინ როგორ მოიქცა და რეები თქვა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პარტიის თავმჯდომარემ მუქარის ტონით განაცხადა, რაკი მისი წინადადება არ გავიდა, მოიწვევს ყრილობას და იქ დადგება პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნების საკითხი და მერე ვნახოთ, როგორც იქნებაო. ის უკიდურესად გააღიზიანა  პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ. მე კიდევ რბილად ვსაუბრობ იმაზე, რაც იქ ხდებოდა. ამ პროცესის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერიც არსებობს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გიგა ბოკერია არ იყო ავტორიტარული ტიპის ადამიანი, მას უფრო დემოკრატიული ტიპის ლიდერად მივიჩნევდი. ხშირად აცხადებდა, რომ ჩვენ ბელადები არ გვჭირდება, პარტია დემოკრატიულად უნდა ვითარდებოდეს, ქვემოდან ზემოთ და ა. შ. პოლიტსაბჭოზე დავინახეთ სულ სხვა სურათი. პოლიტსაბჭოს ბევრი წევრისთვის ბოკერიას ამგვარად დანახვა მძიმე იყო, რაც არც დაუმალავთ. 

პარტიაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ორმა რეგიონულმა ლიდერმა დატოვა პოლიტსაბჭო და პარტია. ბევრმა განაცხადა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ. მე განვაცხადე, რომ თუკი  გაიმართებოდა ყრილობა და იქნებოდა პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, ჩემს კანდიდატურას დავაყენებდი. ეს მე საჯაროდ არ მითქვამს, ჩვენს შიდა ჩატში ჩავწერე. მეორე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა: გამართეს საგანგებო ბრიფინგი და განაცხადეს პარტიიდან წასვლის შესახებ. გვითხრეს, რომ არ სურდათ პარტიაზე პასუხისმგებლობის აღება არჩევნებზე.

ოღონდ ამ ყველაფერს კიდევ აქვს ორი ფაქტორი, რომელიც სურათს კიდევ უფრო ნათელს ხდის: ერთი სიის პირველი ნომერი იყო გიგა ბოკერია, ხოლო მეორის _ თამარ ჩერგოლეიშვილი. თამარი იყო ორივე სიაში. პრაიმერისამდე ორი კვირით ადრე, საგანგებოდ ჩაწერილ ვიდეოკლიპში, ბოკერიამ თქვა, რომ მართალია თავისი სია აქვს, სადაც პირველი ნიმერია, მაგრამ მხარს უჭერს მეორე სიას, რადგან იგი უფრო მოსწონს. რბილად რომ ვთქვათ, მისი ასეთი პოზიცია ყველასთვის გაუგებარი იყო. თუ შენ სიის პირველი ნომერი ხარ და ამას შენი სია ჰქვია, ხოლო მეორე თამარის სიაა, უცბად აღმოჩნდა, რომ კონკურენციაში სხვა სიას უჭერ მხარს. ეს მართლაც უცნაურია. მას სრული უფლება ჰქონდა, რაც უნდოდა ის ეთქვა, მაგრამ იმ სიას უნდა უჭერდე მხარს, რომლის ლიდერიც ხარ. ხოლო თუ მეორე სიას უჭერ მხარს, მაშინ იქ უნდა წახვიდე, სადაც ისედაც ხარ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იმ მეორე სიის ლიდერი მისი ოჯახის წევრი  იყო და აქაც კითხვის ნიშნები არსებობდა. ბევრი კითხულობდა, რამე თამაში ხომ არ არის, ვერაფერი გავიგეთო.

ამ საკითხზე პარტიაში დაიწყო უკმაყოფილება. განსაკუთრებული უკმაყოფილება ჰქონდათ რეგიონულ ლიდერებს. კითხვები სხვებსაც გაუჩნდათ. მე შევეცადე, ეს საკითხი არ გამემწვავებინა და შედარებით რბილად გავიარე ეს თემა. არ მინდოდა შექმნილიყო ისეთი სურათი, რომ პრაიმერიზის ჩატარებას ხელს ვუშლიდით, მით უმეტეს, ასეთი კონფრონტაციის პირობებში. მაგრამ როდესაც პრაიმერიზის წინა დღეს ყველა დარეგისტრირებულმა მხარდამჭერმა მიიღო გიგა ბოკერიას პირადი გზავნილი, რომ ის მხარს უჭერს სიას, სადაც პირველი ნომერი არის თამარ ჩერგოლეიშვილი, ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება და სიბრაზეც. 

ყველა კითხულობდა, რა ხდება? როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ადამიანების მობილიზებას და ვამბობ პარტიის თავმჯდლმარე ამ სიის სათავეშია და ამ დროს ღიად ხდება მისი მხრიდან მეორე სიის მხარდაჭერა, ეს მიუღებლად მიმაჩნია. იმავე საღამოს მივმართე გიგა ბოკერიას და ვუთხარი, რომ თუ მოგწონს მეორე სია, მაშინ აქ არ უნდა იყო და იყავი იმ სიაში, რომელსაც მხარს უჭერ.  ვფიქრობ, ეს ლოგიკური იყო მისმა ქმედებამ ნდობა გააქრო და პარტიის შიგნით მწვავე პროტესტი გაჩნდა.

როგორც ჩანს, აქ მთავარი იყო, როგორ ნაწილდებოდა სიაში ადგილები მიღებული შედეგების მიხედვით. ბოკერიასთვის და ჩერგოლეიშვილისთვის მთავარი იყო, პირველი-მეორე ადგილები მათი ყოფილიყო და ყველაფერი ამისთვის კეთდებოდა. ძალიან დიდი პროპორციით უნდა მოეგო ჩვენს სიას, რომ ვყოფილიყავით საბოლოო, შეწონილ საარჩევნო სიაში მეორე ადგილზე. იმ პროპორციით, რომლითაც დამთავრდა პრაიმერიზი, მაშინ სიაში ვიქნებოდი მესამეზე

5%-იან ბარიერს თუ გადადიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სიაში რომელი ხარ, პირველი თუ მერვე. პარლამენტში გაგყავს რვა კაცი. თუ ვერ გადადიხარ 5%-ს, აქ საერთოდ არ აქვს მიშვნელობა. მხოლოდ მაშინ, თუ კოალიცია შედგებოდა. სიის პირველი ორი წევრი უფრო დიდი ალბათობით მოხვდებოდა საპარლამენტო სიაში. როგორც ჩანს, ეს იყო ამ მთელი პროცესის მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანებისთვის და არა პარტიის გაძლიერება.

მეორე დღესვე, როცა დასრულდა პრაიმერიზი, თამარის პოსტები დაიდო, აი, მე მოვიგე. გიგი წერეთელს მოვუგე. საბოლოო სიაში ის იყო მეორეზე და მე _ მესამეზე. ჩემთვის ამას საერთოდ არ ჰქონია მნიშვნელობა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაგვიყენებია პრაიმერიზის შედეგები. ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის პოსტები დაიდო, თუ როგორ კარგად ჩატარდა პრაიმერიზი, აღიარება, რომ ჩვენმა გუნდმა, ყველაფრის მიუხედავად, მეტი ხმა მიიღო და გაიმარჯვა ამ კონკურენციაში. მე გამოვაქვეყნე საჯარო პოსტი და არ დამიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ პროცესი, მიუხედავად მომხდარისა. პარტიიდან მათი წასვლის შემდეგ რამე ხელის შეშლაზე, სიყალბეზე, თამაშის წესების დარღვევაზე განცხადებები არაადეკვატურია და სიცრუეა.   ეს ყველაფერი მოვყევი, რომ მკითველს კარგად გაეგო, რა მოხდა სინამდვილეში. მე არ ვაპირებ პიროვნულ საკითხებზე საუბარს და მით უმეტეს, არც შეურცხყოფას ვიკადრებ.

_ ამას არც გკითხავთ, იმიტომ რომ შიდა ამბები არასდროს გამოგიტანიათ გარეთ.

_ მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილე ყურადღება: პრაიმერიზის ანატომიასა და შემდეგ იმაზე, თუ რამ მიგვიყვანა ამ კონფლიქტამდე. ახლა ყველაფერი ნელ-ნელა ცხადი ხდება ბევრისთვის. არ გამოვიტან შიდა ურთიერთობის დეტალებს. არც არავის შეურაცხყოფას ვაყენებ და არც ვლანძღავ, უბრალოდ, გარკვეულ კითხვებზე პასუხს აუცილებლად გავცემ იმისთვის, რომ ადამიანებს მივცე განსჯის საშუალება, ვინ მართალია და ვინ _ მტყუანი.

_ წასვლის მიზეზი გავიგეთ, მაგრამ ახლა ის გვითხარით, რას აპირებთ დარჩენილები?  „ევროპული საქართველო“ დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ კოალიციაში შეხვალთ ვინმესთან?

_ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. „ევროპულმა საქართველომ“ გარკვეული პირობებით განვაცხადეთ შესაძლო კოალიციებში მონაწილეობაზე, მხარი დავუჭირეთ ქართულ ქარტიას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას. იყო ბრიუსელში შეხვედრები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, რითაც გარკვეული კონფიგურაციების შექმნას უნდა შეწყობოდა ხელი. თუმცა ამას განვითარება არ მოყვა.  ამიტომ დამოუკიდებლად უნდა გავსულიყავით არჩევნებზე. კვლევებით ცხადდებოდა, რომ იყო მხარდაჭერის ზრდა. გვქონდა იმედი, რომ მეტი ადამიანი შეოგვიერთდებოდა. პარტიიდან გასულებმა როდესაც დაინახეს, რომ მათი სიის მხარდასაჭერად თბილისის 4 უბანზე მოვიდა  მხოლოდ 388 ადამიანი და გაცილებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა კონკურენტ სიას რეგიონებში, როგორც ჩანს, ვერ დაინახეს დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის შანსი, პარტიაზე ერთპიროვნული კონტროლის პერსპექტივა და პარტიაც დატოვეს. ეს მათ საგანგებო ბრიფინგზეც განაცხადეს წასვლის შემდეგ.

საბოლოო ჯამში, პრაიმერიზში რეალურად თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდა გიგა ბოეკრიას. კონკურენტ სიებში ორივე პირველი ნომერი იყო. მას ძალიან უნდოდა გამარჯვება. გიგა ბოკერიას მხარდაჭერაც ღიად  მოიპოვა და შემდეგ როცა ბრძოლაში ვერ გაიმარჯვა,  დაგვიპირისპირდა ჩვენ, მე და აკაკის და სხვებს. სამწუხაროდ, ეს არის შემდგარი ფაქტი და ამას ვერაფრით შევცვლით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია ძალიან დიდი რესურსების მქონე სახელისუფლებო პარტიის დამარცხება არჩევნებში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ნათელია, რომ ეს ცვლილებები უნდა იყოს ოქტომბერში. ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ ოპოზიციური ხმები იყოს გაერთიანებული და არ დაიკარგოს.

დღეს არსებობს რამდენიმე კონფიგურაცია. ვერ გეტყვით, სად უფრო მეტი შანსია. არის მეტ-ნაკლები სიმპათიებიც. ამასთან დაკავშირებით განახლებული პოლიტსაბჭოს სხდომაზეც ვიმსჯელეთ. პარტიის შიგნით ვიცით განწყობები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. პოლიტიკურ პარტნიორებზეცაა დამოკიდებული. ისინი როგორ ფიქრობენ და რა ვითარება აქვთ შიგნით. გამსხვილებულ პოლიტიკურ ცენტრებში კიდევ მიმდინარეობს შიდა დისკუსიები, თუ როგორ უნდა დალაგდნენ. ერთი რამ ცხადია და მეც მჯერა, რომ ამ ცენტრებმა გააკეთეს განცხადებები, რომ საჭიროა გაერთიანება და გამსხვილება. ამ მოწოდებებს კონკრეტული ნაბიჯები სჭირდებოდა და სჭირდება. ეს პროცესი დაიწყო. ჯერ კიდევ არის მცირე დრო, რომ მოლაპარაკებები შედგეს. მე ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენების განვითარებას.

გაზიარება