QronikaPlus
ვადო მაჭავარიანი: „ივანიშვილი აშკარად მოწყვეტილია რეალობას“

ვადო მაჭავარიანი: „ივანიშვილი აშკარად მოწყვეტილია რეალობას“

2024-07-24 04:24:08

გიგა გელხვიიძე            

„ომის პარტია“, კიდევ მომდევნო 12 წელი ხელისუფლებაში ყოფნა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯა, _ ეს ის მთავარი გზავნილებია, რომლებიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვის დროს.

ივანიშვილმა საკუთარ ბოლო სიტყვით გამოსვლაში, ფაქტობრივად, დააანონსა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების დევნა და რეპრესიები, ასევე მის გამოსვლაში იგრძნობოდა ისიც, რომ პროტესტს აუცილებლად უნდა დაუპირისპირონ ძალადობა და არ უნდა მისცენ ევროპული ღირებულებების ადამიანებს ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სახესა და მოძრაობა „მე-12 სართულის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვადო მაჭავარიანს:

_ ვადო, სანამ სხვა თემებზე გადავალთ, დავიწყოთ ყველაზე ახალი თემით, ეს არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება... ზოგადად რომ შევაფასოთ იგი.

_ ზოგადი შეფასება არის ის, რომ ეს ადამიანი აშკარად მოწყვეტილია რეალობას, ანუ განვლილმა 12-მა წელიწადმა ვერ ასწავლა მას, რომ ისევ ამ პოლარიზაციაზე, ნაც-ქოცობასა და 2012 წელს რაც ხდებოდა იმაზე აღარ უნდა ისაუბროს და ამ ყველაფერს დაემატა, ის რომ ბოლო პერიოდი ყველა გამოსვლაში (და მისი მთავრობის წევრებიც ყველა გამოსვლაში) ახსენებს „გლობალურ ომის პარტიას“ და ცდილობს შეაშინოს ადამიანები რაღაც გაუგებარი, უსაფუძვლო ომის საფრთხით, რომელიც არ არსებობს. პირიქით, დასავლეთში არის მშვიდობა და რუსეთში რის ომი. ეს ადამიანი კიდევ გვიხატავს, რომ დასავლეთი არის „გლობალური ომის პარტია“ და ვერც კი ხსნიან ამ ყველაფერს, სასაცილო თემად იქცა ყველასთვის და მგონია, რომ ამ ადამიანის მთელი გამოსვლა, მისი უხასიათო სახე და თვალები, აშკარად გადაღლა _ ეს ყველაფერი გვამცნობს, რომ ელოდება დამარცხებას. თავადაც ხვდება იმას, რომ ყველა დავიღალეთ 12 წელი ერთი და იმავეს მოსმენით. დაგვღალეს მართლა ამ გაუგებარი შეთქმულების თეორიებით და გლობალური ომის პარტიით, რომელიც უკვე სასაცილოც აღარ არის.

_ მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არის ივანიშვილის მხრიდან მარცხის მოლოდინზე, ის და მისი გუნდის წარმომადგენლები მაინც ფიქრობენ, რომ კიდევ 12 წელი იქნებიან ხელისუფლების სათავეში _ ამას როგორ ხსნით?

_ ღმერთმა ნუ ქნას, საერთოდ ვინმე იქნას ხელისუფლებაში 12 წელი ან 12 წელზე მეტი საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, როგორიც მოგვწონს, ბედნიერი და ევროკავშირის წევრი, წესით, ძალაუფლების დათმობა არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის პრობლემა, მაგრამ ყველა ხელისუფლებას ამის პრობლემა ჰქონდა ჩვენთან, არავის უნდოდა წასვლა და არც ამათ უნდათ. კარგად აქვთ მომთბარი ხელი სავარძლებით, კარგად ჰყავთ თავიანთი ოჯახები, მაგრამ დროა, წავიდნენ მაშინ, როდესაც ადამიანებს ისინი არ სურთ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში დასარჩენად რაღაც საოცრებებს არ ჩაიდენენ. მგონია, რომ მაინც მოუხდებათ წასვლა. როდესაც მოსახლეობა უდიდესი უმრავლესობით უარს ეუბნება ხელისუფლებას, მათ მოუწევთ წასვლა. რამდენიც არ უნდა ეცადოს გაყალბებას, ვერ გასწვდება ამ ყველაფერს. ამათი რიტორიკა, 12 წელი კიდევ ვიქნებით და არცერთ არჩევნებს არ წავაგებთ, ეს არის საკუთარი თავისა და ბიძინა ივანიშვილის დამშვიდების რიტორიკა. ისინი ნახულობენ რაღაც თავის კვლევებს, სადაც 60%-ზე მეტი აქვთ, ხოლო რეალობა არის სხვა ამ _ 60%-ს 40-30% უნდა გამოაკლო და მიიღებენ რეალობას. მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და მგონია, ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებებისთვის 12 წელიც ბევრია, რადგანაც ამ ყველაფერს მივყავართ სხვაგან. ხელისუფლება შეიცვლება და მგონია, რომ არა ვიღაც ერთი უნდა იყოს ხელისუფლებაში, არამედ კოალიციური მმართველობა. უნდა გამოვდიეთ ამ პოლარიზაციიდან, დაპირისპირებიდან და სკამების ჩაბღაუჭების ბრძოლიდან.

_ ივანიშვილიც და ზოგადად „ქართული ოცნება“ ძალიან არის გაბრაზებული. ზემოთაც ახსენეთ, რომ 12 წელიც კი ბევრია ხელისუფლებაში ყოფნისთვისო, თუმცა ფაქტია, მმართველ პარტიას სხვა გეგმები აქვს _ როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებენ ისინი თავიანთი წინამორბედის (ენმ-მ დათმო ხელისუფლება 2012 წელს, არჩევნების გზით) ქმედებას?

_ განხილვა ყველაფრის შესაძლებელია, განსაკუთრებით, როდესაც ვნახეთ, როგორ შემოაბრუნეს ეს კანონი, ე. ი. ძალიან ბევრზე არიან წამსვლელები და შეუძლიათ, რომ ასე 10 დღე, 20 დღე ან თუნდაც ერთი თვე ასე გადაბმულად არბიონ ადამიანები, საკუთარი ახალგაზრდები, ქვეყნის საუკეთესო წევრები, არა მხოლოდ ახალგაზრდობა, ყველა თაობა და რა ვიცი, ყველა თაობის წარმომადგენელი არბიონ ქუჩაში. მაინც მჯერა იმის, რომ რაც არ უნდა მცდელობა იყოს, 2012 წელსაც რომ შევხედოთ, მაშინაც შეიძლება არ სურდათ დათმობა ხელისუფლების, რადგანაც საქართველოში ხელისუფლება ის კი არ არის, რომ ხალხს უნდა ემსახუროს, არამედ არის პრივილეგია და პასუხისმგებლობა. მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ეცადონ ბევრ რაიმეს, მაგრამ იმიტომაც მჯერა არჩევნების და არის ამის შანსი დარჩენილი, რომ თუ მივიდა მოსახლეობის 60-65%, რისი მზაობაც არის და ინტერესი გაზრდილია სწორედ ზემოხსენებული მოვლების მერე, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი მიხვდა, რომ უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში, რადგანაც არაფერი გამოვა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების გარეშე, სხვა ვერ გადაგვიწყვეტს იმას, თუ როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ მგონია, რომ თუ ბევრი ადამიანი მივიდა, თავის რაღაც მცირე გაყალბებით, ბევრს ვერ აყალბებს ხელისუფლება, როგორც წესი, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსებისა და დაშინების, ის ხმები რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ და კარგად გადავწონოთ. არის ორი მხარე: ევროპა და რუსეთი. რუსეთი არის „ოცნება“, ევროპა არის სხვა დანარჩენი. უნდა გავაკეთოთ „ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, რადგანაც უნდა იყოს კოალიციური მთავრობა და ამიტომ მგონია, რომ მეორე მხარეს თუ მეტი ხმა იქნება, ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციებით ამის შეცვლა. შეიძლება იყოს პროვოკაციები, მაგრამ მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა. თუ დაფიქსირდა, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმის წინააღმდეგ მისცა ხმა, რასაც დღეს ვხედავთ და ვუსმენთ „ოცნებისგან“, ვერაფერი მოხდება და ზუსტად ასე შეიცვალა 2012-შიც ხელისუფლება. ვეღარაფერი და აღარაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დარჩენილიყო ძალაუფლებაში და გადააბარეს. არავის უნდა გადაბარება არაფრის საქართველოში, მაგრამ მგონია, რომ თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, აუცილებლად გადააბარებენ.

_ ივანიშვილის ბოლო განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის, რომ მმართველი პარტია 2008 წლის ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. აცხადებენ, რომ უნდა გამოიძიონ ომის დანაშაული და დაისაჯონ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორ აფასებთ ამას? თქვენს თაობას კარგად ახსოვს ამ საკითხის შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორი მოსასმენია, რომ ქვეყნის ხელისუფალი ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას საომარი მოქმედებების წამოწყებაში 2008 წელს რუსეთთან?

_ ჩემთვის ოკუპანტთან ომის დაწყებაში ჩემივე ქვეყნის დადანაშაულება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, წარმოუდგენელია. არ მესმის, საიდან არიან ასეთი არაპატრიოტები. ეს ქვეყანა არ არის ხელისუფლებები და მე ჩემს ქვეყანას არ ვუყურებ ისე, რომ „ონების ხელისუფლება“ რადგანაც ჰყავს, ის ცუდია. ჩემთვის ჩემი ქვეყანა არის კარგი და მართალი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ შენს იდენტობას, სამშობლოს (თავს დებენ მისი ტრადიციების დაცვაზე), არ შეიძლება მსგავსი მძიმე რამ დააბრალო. მე პირადად აგვისტოს ომის დროს 7 წლის ვიყავი, მაგრამ მაშინაც კი ვიცოდი და მერე უფრო გავითავისე, რუსეთი რა იყო. მაშინ გავიგეთ ყველაზე კარგად, რომ ეს თვითმფრინავები, ჩვენს თავზე რომ დაფრინავდნენ და დაბომბვას რომ გავურბოდით, რა ხდებოდა. გვბომბავდა რუსეთი, შემოიჭრა რუსეთი და მას აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული. იმის თქმა, რომ ვიღაცამ დააპირისპირა რუსეთთან და იმის თქმა, რომ ომი ვიღაცის პროვოცირებით დაიწო საქართველომ, ეს არის ბოლო დონე და ამას ვერ აღვწერ სიტყვებით, თუ რა შეფასება უნდა ჰქონდეს ჩემი ან ვინმე სხვისი მხრიდან. მით უფრო, როდესაც ამ ყველაფერს წინასაარჩევნოდ საუბრობენ... გასაგებია, შეიძლება ქვეყანა არ უყვართ, მაგრამ ამომრჩეველზე მაინც არ ფიქრობენ? არავის მოსწონს ეს რიტორიკა და არავინ ეთანხმება. ვიცი, რომ ვიწრო აზროვნებით უდგებიან მოვლენებს, მაგრამ ხომ შეიძლება, ამაზე მაინც არ ისაუბრონ და არ თქვან, _ ეს სირცხვილია. უცხოეთში ივანიშვილის ეს პათოსი ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე. არადა, ყველამ ვიცით, ამ პატარა ჯგუფის, „ქართული ოცნების“ გარდა,ვინ ფიქრობს ასე. საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა, ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. მერე და მანამდეც რაც ხდებოდა, ესეც ვიცით, რომ მთავარი ბოროტება არის რუსეთი. აქციაზე რომ თქვეს, ძალიან ცუდად ჩამრჩა, რომ რუსეთს დააპირისპირა საქართველო დასავლეთმაო. მანდ არის გაუგებარი, ამდენი წლის, ასწლეულების ისტორიაა როცა რუსეთისგან ღალატი, შემოჭრა, ყველაფერი ცუდი და რა ვიცი, ისტორიაში მაინც ჩაიხედონ და ნახონ, რომ რუსეთი გვიპირისპირდება და გვებრძვის მუდმივად. ჩვენთვის რუსეთი, როგორც მეტრი, ბუნებრივი მდგომარეობაა.

_ წინასაარჩევნოდ გვაქვს სამი ოპოზიციური ერთობა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საკმარისი ეს სამი ოპოზიციური ერთობა იმისთვის, რომ გადამწყვეტი იყოს ივანიშვილის დანარცხებაში მათი როლი? ეს ცენტრები ძირითადად მუშაობენ ოპოზიციურ ამომრჩეველზე. თუმცა არის კიდევ სხვა, საკმაოდ დიდი სეგმენტი ამომრჩევლის, რომელიც განაწყენებულია „ოცნებაზე“, თუმცა ის ხმას არ მისცემს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორ მიგაჩნიათ, ამ მოცემულობით შეუძლიათ საკმარისი ხმების მოგროვება „ოცნების“ ოპოზიციაში გასაშვებად?

_ კარგია, რომ ასეთი გაერთიანებები ბევრი იქნება. გასაგებია, რომ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის არჩევანი შეიძლება არ არის იდეალური, თუმცა ეს არჩევანი ფაქტია, რომ გასაკეთებელია. „ოცნება“ და რუსეთი ერთ მხარეს არის და ცდილობს, დაგვანახოს, რომ სწორედ ის არის მშვიდობა, ხოლო მეორე მხარეს არის თქმით „გლობალური ომის პარტია“. თუმცა რეალურად რუსეთი და ომი სინონიმებია. სინამდვილეში, მშვიდობა და ევროპა დგას მეორე მხარეს და ვინც არ უნდა იდგეს იქ, ეს არჩევანი გასაკეთებელია. მე დიდად არ მომწონდა საერთო სიის იდეა, შეიძლება ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის იყოს რაღაც მიუღებელი ნომრებთან ან პარტიებთან დაკავშირებით, მაგრამ კარგია, რომ ბევრი არჩევანი გვაქვს და არა ერთი, თუმცა ეს ერთი არჩევანიც რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ამის სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს, რადგანაც „ოცნების“ სახით რუსეთი დგას მეორე მხარეს. პირველი კონტურები ჩანს იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთა სრულდება. ჩვენ ვიცით, რომ ქარტიის გათვალისწინებით არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, სადაც არ იქნებიან პარტიული ადამიანები, არ იქნება პარტიული და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიღებული და ეს არის კოალიციის ხიბლიც, რომ ვერ იქნება მიღებული ისეთი ერთპარტიული და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, რომელსაც ვხედავდით მოქმედი თუ წინა ხელისუფლებების დროს. კარგი იქნება, რომ წინასაარჩევნოდ რაღაც სადღეგრძელოებისა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ნაცვლად, ცოტა მეტი ისაუბრონ შინაარსზე, იმაზე რაც მე და ჩემს თანატოლებს არა ამარტო მათ, ყველა თაობის წარმომადგენლებს გვაინტერესებს. როდესაც ხელისუფლება იცვლება გასაგებია, რომ გათვალისწინებულია ტექნიკური მთავრობა, ძირეული რეფორმები, მაგრამ მეტი შინაარსი გვინდა. ამ არჩევნებით არ მთავრდება პროცესი, რაღაც უნდა დაიწყოს უფრო მეტი, სხვა ახალი რამ. უნდა შესრულდეს 9 რეკომენდაცია, უნდა შევიდეთ ევროკავშირში აუცილებლად, რისი შანსიც გვაქვს 2030 წელს და მთავარი არის ის, რომ შემოგვთავაზონ მეტი შინაარსი. როდესაც ამას გვეტყვიან, რას აპირებენ, როცა ხელისუფლებაში მოვლენ, რას შემოგვთავაზებს კოალიცია, ასე უფრო გაგვიმარტივდება ყველაფერი. გასაგებია, რომ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის არის, მაგრამ ევროპას რომ ვირჩევთ, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ისინი ქვეყნის მართვას, რომ შემდგომში არ იყოს გაუგებრობები.

_ გარდა სამი მსხვილი ოპოზიციური ერთობისა, არის ოპოზიციური ცენტრი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს „ოცნების“ განაწყენებული ელექტორატის ხმები. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ოპოზიციური ცენტრის მიმართ, ვგულისხმობ გიორგი გახარიას პარტიას, არსებობს კონკრეტული შეკითხვები, განსაკუთრებით 20 ივნისთან დაკავშირებით. შექმნის თუ არა ყოველივე ეს გარკვეული სახის დაბრკოლებას ამომრჩეველში?

_ უნდა ითქვას, რომ ივანიშვილმა ერთადერთ მოღალატედ გამოაცხადა ის, თუმცა მსგავსი რაღაცები ხშირად გვინახავს. ჩემი აზრით, გიორგი გახარიამ, თუ მას გამოუცხადებს საზოგადოება იმის ნდობას, რომ პარლამენტში შევიდეს და მიცემს ნდობის მანდატს, უნდა გასცეს იმ კითხვებს პასუხები, რაც არსებობს 20 ივნისთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა ბრძანება, თუ რატომ ესროლეს დამიზნებით ადამიანებს? მეც ვიყავი ამ აქციების მონაწილე და ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კითხვებზე გასაცემი არის ადეკვატური პასუხები, მეტი სიცხადე გვჭირდება, არ უნდა იყოს ბუნდოვანება დარჩენილი. მე, ამომრჩეველმა, უნდა ვიცოდე, ამა თუ იმ საკითხზე რას ფიქრობს ეს ადამიანი და აპირებს თუ არა ამა თუ იმ შეკითხვაზე პასუხების გაცემას? თუმცა, მეორე მხრივ, გახარიას რაღაც როლიც არის მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ მას შეუძლია მმართველ პარტიას ხმები წაართვას და „ოცნებას“ ვინც წაართმევს ხმებს, ასეთი პოლიტიკური აქტორების არსებობა მნიშვნელოვანია. „ოცნებას“ უნდა წაერთვას რაც შეიძლება მეტი ხმა. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები იყოს ისეთი ძალა, რომელიც მათ ხმებს წაართმევს, შესაბამისად, გახარიას არსებობა მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი რიტორიკიდან გამომდინარე არის ანტინაცური და ანტიქოცური ოპოზიცია. ამან შეიძლება მოიზიდოს „ოცნების“ ყოფილი ან მოქმედი ამომრჩეველიც. თუ გვინდა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და ამას ვცდილობთ 30 წელზე მეტია, ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია, ანგარიშვალდებულია, პასუხები გასცეს შეკითხვებს. მით უფრო გახარიას აქვს პასუხისმგებლობა, რადგანაც მაშინ იყო შს მინისტრი, შემდეგ იყო პრემიერი.

_ გასულ კვირას დაარსდა სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, რომლის წარმომადგენელიც არის თქვენი ორგანიზაცია „მე-12 სართული“. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ახლა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, პოლიტიკურ აქტორებთან ერთად სამოქალაქო სექტორის ჩართულობა?

_ ეს ერთობა, „აირჩიე ევროპა“ არის ძალიან კარგი ამბავი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ზეპარტიული გაერთიანება. აქ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ასოცირებულია რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან ბევრ პატივსაცემ ადამიანს, რომელიც ამ ერთობას გვერდით უდგას და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ერთობაში მონაწილეობა მიგვეღო, გარდა იმისა, რომ ვეთანხმებით მის პრინციპებს და მოვაწერეთ კიდევაც ხელი. ძალიან კარგია, რომ ეს გაერთიანება არ ატარებს რომელიმე პარტიის ინტერესებს, არამედ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ქვეყანა ვერ გავა ფონს ჩხუბით, რასაც ამდენი წელია ვხედავთ ტელევიით და ეს ხდება სკამებისთვის ბრძოლის გამო. განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს უნდა ვესაუბროთ მეტი, მოვისმინოთ მათი, ეს ორმხრივი უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, ავუხსნათ ადამიანებს, რომ წავიდნენ არჩევნებზე, გავაგებინოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა, ავუხსნათ ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეგიონებში ჩასვლა, რათა ის ძლიერი პროპაგანდა გავანეიტრალოთ. ბევრი ახალგაზრდა არის ამ ყველაფერში ჩართული, ბევრი ცნობადი და არა ცნობადი სახე. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს ფონს შევუქმნით, რომ სწორად იმოქმედონ. სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ამის მაკონტროლებელი.

_ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორზე მინდა, გკითხოთ, _ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ?

_ სალომე ზურაბიშვილის როლი არის უმნიშვნელოვანესი, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტი დადგა საქართველოს ევროპული მომავლის, ქართველი ახალგაზრდებისა და საქართველოს მოსახლეობის იმ უმრავლესობის გვერდით, რომელსაც გვინდა ევროპა და ის შეკითხვები, რომლებიც იყო მის მიმართ, გააქარწყლა. პრეზიდენტი, რომელიც არის არის ქვეყნის პირველი პირი, მთავარსარდალი, რომ არ იყოს დღეს ამ პოზიციაზე, ბევრად რთული იქნებოდა პარტიებს შორისაც შეთანხმება და საზოგადოების კონსოლიდაციაც. ვნახეთ, რომ „აირჩიე ევროპის“ ღონისძიებაზეც მოგვმართა სიტყვით და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ეს არის ძალიან გასახარი მისი მხრიდან. მნიშვნელოვანია ქარტია და ის, რომ პრეზიდენტი საუბრობს შინაარსზე, ძირეულ რეფორმებზე, რაც არის ქარტიით გათვალისწინებული, მაგალითად სუსის, პოლიციის, სასამართლოს რეფორმა, გაზიარება ამ ევროატლანტიკური კურსის. პრეზიდენტის როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროსაც, მანამდეც და დღესაც ის გვერდით უდგას ქართულ საზოგადოებას და ეს ნიშნავს ევროპის გვერდით დგომას, რაც ძალიან გასახარია. ძალიან კარგია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც საზოგადოების მხარეს დგას, განსხვავებით პრემიერისგან და არაფორმალური მმართველისგან.

_ ხმების დაცვა _ ქვეყნის ტერიტორიის 70%-ზე არჩევნები ტარდება ელექტრონულად, დანარჩენ ნაწილში კი ჩვეულ რეჟიმში, თუმცა არჩევნების დღეს ყველაზე დიდი ზეწოლა ამომრჩეველზე ხორციელდება საარჩევნო უბნებზე _ ამ პროცესში, როგორ უყურებთ ხმების დაცვას? რა დოზით უნდა ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები?

_ პირველ რიგში, მე, ჩვენი მეგობრები, ორგანიზაცია „მე-12 სართული“, ვიქნებით უბნებზე და ასევე ჩვენ ვიღებთ პროექტში მონაწილეობას მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად, რომელსაც ჰქვია „ხმის გუშაგი“.დეტალები მალე იქნება ცნობილი და ჩვენი მიზანია, კონსოლიდაცია მოვახდინოთ ჩვენი ძალების. რაშიც ძლიერები ვართ, აქციებზე დაგროვილი ენერგიის მუხტი არ უნდა ჩაქრეს და არც ქრება, ამ მუხტით უნდა მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მოხდეს კულმინაცია. კანონის ფარგლებში ვიდგებით უბნებთან, დავიცავთ ჩვენს ხმებს და არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები რომებიც არჩევანის გასაკეთებლად მივიდნენ იქ, ვინმემ შეაშინოს ან დააშინოს. უბნებშიც ვიქნებით, უბნების გარეთაც ვიქნებით. წარმოდგენილები ვიქნებით, როგორც ცესკოში რეგისტრირებული დამკვირვებლები, ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული და ვფიქრობ, ასეთი ინიციატივებით ბევრს მივაღწევთ. ასევე იქნებიან უცხოელი დამკვირვებლები და ვეცდებით, ეს ხმები აუცილებლად დავიცვათ. რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ უბანზე, რომ „ოცნებას“ მაქსიმალურად გაუჭირდეს, არჩევნების გაყალბება.

გაზიარება