QronikaPlus
პაატა ზაქარეიშვილი: „ოცნება“ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას გეგმავს“

პაატა ზაქარეიშვილი: „ოცნება“ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას გეგმავს“

2024-07-23 12:43:48

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არიან სასაცილოები ტრამპის გამარჯვების მოლოდინში მყოფი მეოცნებეები? გაიღვიძებს თუ არა საქართველო 27 ოქტომბერს საბჭოთა კავშირში? რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა? რომელ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსი? რატომ უნდა წავიდეს ხალხი არჩევნებზე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი:

_ ბატონო პაატა, „ქართული ოცნება“ უკვე ზეიმობს ტრამპის გამარჯვებას და სჯერა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გატარებული პოლიტიკის გამო მადლობას ეტყვის. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

_ ტრამპს აქვს ძალიან ხისტი პოლიტიკა. ის ვერც კი ხედავს, საქართველო სად არის... და რატომ უნდა უთხრას მისთვის არარსებული ქვეყნის ხელისუფლებას მადლობა? ტრამპი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ხედავს, ესაა რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, ჩრდილოეთ კორეა და ევროკავშირი. სადაა საქართველო აქ? ამიტომ „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს არავინ ეტყვის მადლობას. ტრამპი ყველას დასცინებს და გადაუვლის. თუ ვინმე მოგებული დარჩება ტრამპის გამარჯვებით, ეს იქნება მოსკოვი. მოსკოვი მას ეტყვის, დონბასი, ყირიმი, საქართველო და კავკასია ჩემია და დანარჩენი შენი იყოს. ტრამპი ეტყვის, გაგიმარჯოთ, თქვენი ჭირიმე, საერთოდ არ მაინტერესებს კავკასია და დონბასი სად არის. დაახლოებით ამ დონის საუბარი ექნება რუსებს ტრამპთან. ვინაიდან „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს, ალბათ, იმას ეტყვის ტრამპი მათ, რომ ამდენი ხანი ითმინეთ და გაბარებთ რუსეთს, როგორც გუბერნიას. დაახლოებით ასეთი რამ გაახმოვანა  ირაკლი კობახიძემ.

_ რამდენად რეალურია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსები?

_ დონალდ ტრამპმა ტელედებატებში დაჯაბნა ჯო ბაიდენი, შემდეგ მასზე განხორციელდა ტერაქტი, რაც გამაოგნებელი და მიუღებელია. ამის შემდეგ ტრამპის გაპრეზიდენტების შანსები ძალიან გაიზარდა. თუმცა ტრამპის წარმატება ბევრი ამერიკელისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ძალიან ბევრი ხალხი მიდის არჩევნებზე. ის ხალხიც კი წავა, ვინც არ აპირებდა წასვლას. ისინი იმიტომ წავლენ, რომ ტრამპის წინააღმდეგ მისცენ ხმა. თუ ბაიდენის კანდიდატურა შეიცვალა, მაშინ უკვე დემოკრატები გაიმარჯვებენ. ამერიკელებს იმდენად არ უნდათ ტრამპის გამარჯვება, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.  ტრამპსაც ჰყავს თავისი ამომრჩეველი და ისინი, ბუნებრივია, მას მისცემენ არჩევნებში ხმას.

_ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებზეც ვისაუბროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რა პროგნოზები გაქვთ, როგორი შდეგებით დასრულდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები?

_ „ქართული ოცნება“ ტრიალებს 40%-ის გარშემო. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ახლა რაღაცა. რაღაცებს აკეთებენ კიდევაც. მხედველობაში მაქვს გადაჯგუფება. დაუშვებელია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. ეს არ უნდა გაკეთდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ერთიანი ოპოზიციური სია, ეს ოპოზიციას დააზარალებს და ივანიშვილს დაუსხამს წისქვილზე წყალს. რამდენიმე ცენტრი უნდა იყოს ოპოზიციურ ფლანგზე, „ნაციონალური მოძრაობის“, მელია-გვარამიასი, „ლელოს“ გარშემოც დაიწყო გაერთიანება და გახარიას პარტია. ეს ოთხი ძალა გადალახავს 5%-იან ბარიერს, თუ ამომრჩეველი მივა არჩევნებზე მაქსიმალურად და ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“. ვინც გადაწყვეტილი ამომრჩეველი არ არის, მათ მოვუწოდებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ხმა „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ბუნებრივია, „ოცნებას“ მისცემს ხმას. ისინი არ შეცვლიან თავის პოზიციას. ზოგი გულმხურვალედ უჭერს ამ პარტიას ხმას, ზოგი ფულის გამო, ზოგი შიშის გამო.

შექმნილ ვითარებში საქართველოში „ოცნების“ ამომრჩეველი არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი. დაახლოებით იმხელა მხარდაჭერა აქვს ივანიშვილის პარტიას, როგორიც შევარდნაძეს ჰქონდა იმ წელს, როცა არჩევნები წააგო. 2003 წლის არჩევნებზე მან მიიღო ადმინისტრაციული რესურსის ხმა. ეს ხმები ნებისმიერ ხელისუფალს აქვს. ხალხს სძულდა ის და აღარ უნდოდა, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ კიდევ დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ამის გამო მას მოუწია არჩევნების გაყალბება, რაც შემდეგ „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა.

30% გარანტირებულად აქვს „ქართულ ოცნებას“ და ამას ემატება გაყალბებული ხმები. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, კარგი იქნება. ამომრჩეველმა, ვისაც გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცეს ხმა, ის ძალა უნდა შემოხაზოს, ვისაც გარანტირებული აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ასეთი არის ოთხი პარტია: „ნაციონალები“, მელია-გვარამია, გახარია და „ლელო“. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვა ოპოზიციურ პარტიებში, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო არ არის. ხმა უნდა მივცეთ იმ პარტიებს, რომლებსაც შეუძლიათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამ ოთხი ოპარტიიდან არცერთი არ მეხატება გულზე, მაგრამ რომელიმეს მივცემ ხმას, „ნაციონალების გარდა“. გაყალბება დავა მინიმუმადე, თუ ხალხი მივა არჩევნებზე. 

_ ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. რისთვის სჭირდება რეალურად მას ეს უმრავლესობა?

_ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ ერთი რამისთვის, კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ 78-ე მუხლი. ამ მუხლში მკაფიოდ წერია, რომ ჩვენ მივდივართ ნატოსა და ევროკავშირში. ვიდრე კონსტიტუციაში ეს მუხლი არის, ჩვენ მივდივართ ევროკავშირში. რაც არ უნდა ახტეს-დახტეს და ყურებზე იაროს „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ევროკავშირში მივდივართ. ამას „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუცია ავალდებულებს.

_ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში ეს მუხლი თავად „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა.

_ ამათ არ ჩაუწერიათ. ამაზე მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ კოალიცია იყო. კოალიციამ დაიწყო და როცა მარტო დარჩნენ, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ევროპისკენ მატარებელი უკვე დაძრული იყო. იმ დროისთვის ასეთი გადაგვარებულები ჯერ კიდევ არ იყვნენ. ვიღაცა შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მათი გადაგვარება დაიწყო მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური წააგო.

_ 2018 წლის საპრეზიდენტიო არჩევნებამდე არ ყოფილან გადაგვარებულები?

_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნები რომ წააგეს, მაშინ მიხვდნენ, რომ თურმე „ქართული ოცნება“ არჩევნებში გარანტირებულად არ იღებს ხმებს და ტყუილად დაშალეს კოალიცია. ამის შემდეგ გამწარდნენ და ისტერიკით დაიწყეს გამოსავლის ძებნა. პანიკაში ჩავარდნენ და ცდილობდნენ რაღაცები გადაერჩინათ. დღემდე ასეთი პანიკით მოდიან. ახლა მათ რუსეთისგან სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა წარმატებას მიაღწიონ.

26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი და ჩვენმა საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს. ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მსოფლიოში არსებული კონტექსტი ჩვენ სასარგებლოდ არ არის. ახლა ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, სად წავა საქართველო. ხალხი თუ არჩევნებზე მივა, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს ხმას და იმ ოპოზიციურ პარტიებს შემოხაზავს, ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვს, საქართველო სულ სხვა დონეზე გავა.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?

_ რა მოხდება და 27 ოქტომბერს საქართველო გაიღვიძებს საბჭოთა კავშირში, სადაც საქართველო მართლა წარმატებული რესპუბლიკა იყო, მაგრამ რუსეთზე იყო ყველანაირად დამოკიდებული.

_ ბევრს ენატრება ეს დრო საქართველოში.

_ სამწუხაროდ, ენატრებათ. ამბობენ, კარგად ვცხოვრობდითო. სხვა რესპუბლიკებთან შედარებით კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენ გალიაში ვცხოვრობდით, რადგან საბჭოთა კავშირი იყო ციხე. ციხეში რომ კარგ საკანშია პატიმარი, დაახლოებით ასე იყო საქართველო საბჭოთა იმპერიაში. იქ დაბრუნება არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვთ.

გაზიარება