- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-23 04:41:33
გიგა გელხვიიძე
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ას დღეზე ნაკლები რჩება, შესაბამისად, ახლა ყველაზე მეტი ყურადღება პოლიტიკური პარტიების მიმართ არის მიმართული, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების.
ოპოზიციურ ველზე სულ სამი ოპოზიციური კოალიცია და ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ცენტრია წარმოდგენილი, რომელსაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუნდი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს. „ქრონიკა+“ სწორედ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს ესაუბრა:
_ ქალბატონო ნათია, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებ. ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი არჩევნებამდე. ახლი გენერალური პროკურორის დამტკიცების აუცილებლობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მისი დანიშვნა შესაძლებელი იყო უკვე შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ. როგორ ფიქრობთ, ასეთი სისწრაფე რასთან არის დაკავშირებული? აქვს ივანიშვილს იმის მოლოდინი, რომ შესაძლებელია „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში და გარკვეული სახის თადარიგს იჭერს ისეთი პროკურორის დანიშვნით, რომელზეც მას გავლენები ექნება?
_ ამ თემის შესახებ თავის დროზეც გავაკეთე კომენტარი, როდესაც წინა გენერალური პროკურორი გადადგა. ამ შემთხვევაში შემიძლია იმ მოცემულობით შემოვიფარგლო, რომელიც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო, პროკურატურის შესახებ კანონი სერიოზული კითხვის ნიშნებს აჩენს საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის 15-წევრიანი საბჭო და ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ მათი ბოლო პერიოდის საქმიანობას, რამდენად გამჭვირვალეა, რამდენად ისმის განსხვავებული ხმა, მათ შორის პარლამენტიდან წარდგენილი წევრების და ა. შ., არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. გენერალური პროკურორობის კანდიდატს, მოგეხსენებათ, წარადგენს საბჭო და ამიტომ როცა საბჭოს მიმართ არის კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, მთელი ამ პროცესის მიმართ ჩნდება კითხვები. ამით იყო განპირობებული ის, რომ ევროკავშირმა როდესაც 9-პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა, პირველად შეახო რეფორმა პროკურატურას და მოითხოვა საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა, რაც არ განახორციელა „ოცნებამ“. ეს არ ეხებოდა მხოლოდ გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას, რაც ასევე პრობლემურია. არჩევა ხდება უბრალო უმრავლესობით და ევროკავშირის რეკომენდაცია კი იყო რომ მომხდარიყო პოლიტიკური კონსენსუსი. არც ეს რეკომენდაცია შესრულდა და არც საბჭოს ნაწილში შესრულდა რეკომენდაციები. ბუნებრივია, როდესაც ირჩევს საბჭო, რომლის მიმართაც არის კითხვის ნიშნები, მთლიანად პროცესის მიმართ ჩნდება შეკითხვები. დაველოდოთ, ახალი არჩეულია გენერალური პროკურორი და რა იქნება ვნახოთ, დანარჩენს პროცესები გამოაჩენს.
_ საკმაოდ ბევრი საქმე დაუგროვდა გენერალურ პროკურატურას, არის პასუხგაუცემელი კითხვები მედიის, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილში, პარლამენტის წარმომადგენლებზე თავდასხმების შესახებ და სხვა რიგით საქმეებზე. უნდა ჰქონდეს თუ არა საზოგადოებას და პირველ რიგში დაზარალებულებს იმის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მმართველობის პერიოდში გარკვეული საქმეები გადაიხედება და რეალური გამოძიება დაწყება?
_ ერთი რამე შემიძლია გითხრათ: ის დანაშაულები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ მიმდინარე აქციების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, უნდა მივმართოთ თუ არა უწყებებს, რადგანაც არ არსებობს ნდობა ამ უწყებების მიმართ. მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა მივმართოთ. როდესაც ჩვენამდე აღწევს დანაშაულის ინფორმაცია, ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ, ოფიციალურად შეგვაქვს განაცხადი, რადგანაც როდესაც სახელმწიფოში დადგება მომენტი და ნება იქნება იმის, რომ სამართლებრივი პროცესები წარიმართოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც გუშინ ახალგაზრდები, ბავშვები, მოხუცები სცემეს, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური შურისძიება, ეს უნდა იყოს რეფორმირებული მართლმსაჯულების სისტემის პირობებში წარმართული ობიექტური, სამართლებრივი პროცესი იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხი აგონ. არ უნდა დავუშავათ დაუსჯელობის ლეგიტიმაციის პრეცედენტი, რასაც ახლა „ოცნება“ სჩადის. დანარჩენი როგორ და რა ფორმით იქნება, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენ მაგალითად გამოვედით ინიციატივით, ძალიან ვაკრიტიკებთ ამნისტიის შესახებ კანონს.
_ დიახ, ძალიან საინტერესო იყო თქვენი ინიციატივა ამ მხრივ და ჩავშალოთ ეს თემაც უფრო სიღრმისეულად მკითხველისთვის.
_ ყველა პუნქტი ვნახე დეტალურად ამნისტიის შესახებ კანონის. როგორც ჩანს, „ოცნებამ“ ეს ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური მიზნებისთვის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პირდაპირი გარიგება ზონდერებთან, რომლებიც „ოცნებამ“ გამოიყენა ახალგაზრდების, ბავშვების, ქალების საცემრად. ჩვენ ვნახეთ ეს მიმდინარე მოვლენები და რომლებსაც წინასწარ დაჰპირდა, რომ მათ ამნისტიას შეახებდა, დაუსჯელობის გარანტიები მისცა. სახელმწიფო უწყებებიც, პრინციპში, ამ გარიგების ნაწილი გახდნენ. იგივე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ ყველა ძალადობაზე გამოძიება დაეწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ეს არის პოლიტიკური დევნა, დევნა აზრის გამო და ეს გამოძიებები მათ არ დაიწყეს, ასეთი განცხადება მოხვდა არაუფლებამოსილ უწყება შსს-ში ერთი მარტივი მიზეზის გამო: დღეს ყველა გამოძიებას, რომელიც ფორმალურად დაიწყო შსს-ში, ეხება ეს ამნისტია. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია, დაველოდეთ ამნისტიის ტექსტის გამოქვეყნებას და როგორც კი ტექსტი გამოქვეყნდა, დადასტურდა ეს ინფორმაცია. „ოცნებამ“ შეასრულა თავისი პირობა ზონდერების ხელშეუხებლობის გარანტიებზე და უწყებებმაც შეასრულეს თავისი პირობა, არ დაიწყეს გამოძიებები იქ, სადაც სათანადო კვალიფიკაციით იყო დასაწყები და გადააგზავნეს ეს საქმეები შსს-ში. ერთი საკითხია ის, რომ ეს ამნისტია გაკეთდა ზონდერებისთვის, მეორე ის, რომ ეს არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, მესამე ის, რომ 411 აქტიური მუხლიდან 299 მუხლს ეხება ამნისტია და მათ შორის ძალიან მცირე რაოდენობა არის პატიმრების. პრაქტიკულად პატიმრები მოატყუა „ოცნებამ“ და გაუჩინა უსამართლობის სამართლიანი განცდა, რადგანაც ვერ გაიგო ხალხმა, რა კრიტერიუმებით არის შერჩეული ეს მუხლები, რაც ასევე სავსებით სამართლიანია რადგანაც ნებისმიერი სამართლიანი ამნისტია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა ეფუძნებოდეს განმეორებითი დანაშაულის კვლევას. ჩვენ მოვითხოვეთ ამ კვლევის წარმოდგენა, მაგალითად, თუ შენ ამნისტიას ახებ მკვლელობის ჩამდენს, უნდა ვიცოდეთ მისი განთავისუფლება ან ამა თუ იმ ფორმით ამნისტიის შეხება როგორ აისახება კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. სახელმწიფომ უნდა დააბალანსოს პატიმრისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესი. პრემიერმა (ირაკლი კობახიძე) თქვა, რომ ჩვენ ბალანსს ვიცავთო, მაგრამ გაუგებარია, რას ეყრდნობა ეს მათი პოზიცია, „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“ თემაა. კანონს ჩახედავ და აბსოლუტურად სხვა რამ ხდება. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ დასხდნენ პარტიის ოფისში, გადათვალეს, რამდენ პრობაციონერს რამდენი ხმის მოტანა შეეძლო და ამ კრიტერიუმებით აქვთ მუხლები შერჩეული. შეგნებულად ჰყავთ ამორჩეული პრობაციონერები, ანუ ის ბრალდებულები რომლებიც გარეთ არიან და არა ციხეში. როგორც ჩანს, ფიქრობენ, ვინც ციხეში ზის, მათზე კონტროლის მექანიზმები ისედაც აქვთ. სექტემბრამდე აიღეს დრო, ამ პერიოდში წავა ბრალდებულებზე ზეწოლა, მუშაობა ოჯახის წევრებთან. ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“, რომ შესაძლებელია რაღაცები გაითვალისწინონ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვაქვს კერძო სამართლის დევნა, ასე ჰქვია იურიდიულ ენაზე, დაზარალებულის პოზიციას ჰქონდა მნიშვნელობა, დაისჯებოდა ბრალდებული თუ არ დაისჯებოდა. ჩვენ გვაქვს საჯარო სისხლის სამართლის დევნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მკვლელობაზე შეიძლება საერთოდ არ ჩიოდეს დაზარალებული, მაგრამ არ შეიძლება, რომ მკვლელი არ დასაჯო და მას ბრალი არ წარუდგინო. ასეთი სახიფათო განცხადება ვიხილეთ „ოცნებისგან“, რომელსაც აჰყვა „ოცნების“ სატელიტი პარტია „გირჩი“. ერთ ხმაში ისაუბრეს მათ, აკეთეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამნისტიას დააინიცირებს. მოგეხსენებათ, კოალიციური მთავრობა იქნება და მათზეა დამოკიდებული ბევრი რამ.
_ ძალიან საინტერესო იყო ის პუნქტი, სადაც თქვენი გუნდი ამნისტიასთან მიმართებით საუბრობდა, რომ ეს მოხდება საჯარო განხილვის შემდგომ.
_ არ შეიძლება ამნისტია მიიღო დახურულ კარს მიღმა, როგორც „ოცნებამ“ გააკეთა. დაწერეს პარტიის ოფისში ბატონი ივანიშვილის მითითებით და შენ არავის არაფერს ეკითხები, არანაირი კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზს არ ეყრდნობი, არ ატარებ არანაირ განმეორებითი დანაშაულის კვლევას და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს საზოგადოება და რას ფიქრობენ საექსპერტო წრეები. ამას კრიმინოლოგები სჭირდება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და არ გაინტერესებს ეს. ჩვენი ამნისტიის პროექტი იქნება დაყრდნობილი ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე და ეს იქნება დაფუძნებული განმეორებითი დანაშაულის ანალიზზე. ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ პროცესს ჯეროვნად მიხედავს. მოგეხსენებათ, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ ამნისტიები იქცა ჩვეულებრივ ამბად ქვეყანაში, მაგრამ მას არასოდეს დასდებია საფუძვლად კვლევა, არასოდეს ხელისუფლებამ არ იცოდა, მასშტაბური ამნისტია გააუარესებდა თუ არა კრიმინოგენურ მდგომარეობს და ჩვენ მივიღეთ გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა. ჩვენი ამნისტია იქნება სამართლიანი, ჰუმანური და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესში დაბალანსებული იქნება პატიმრებისა და ბრალდებულების ინტერესები.
_ კიდევ ერთი კითხვა მექნება ამნისტიის ნაწილზე, _ ვიხილავთ თუ არა საარჩევნო უბნებზე 26 ოქტომბერს ზონდერებს და ზონდერჯგუფებს, რომლებსაც შეეხება ამნისტია, გარდა იმისა, რომ მათი ხმების მობილიზება მოხდება?
_ აუცილებლად. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ერთი-ერთში გადაიღო ენმ-ს ხელწერა, რასაც ენმ აკეთებდა 2011-2012 წლებში. სამწუხაროდ, ეს მოხდა და უკვე „ოცნება“ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს იყენებს ძალადობისთვის, არამედ იყენებს ამ ზონდერ დაჯგუფებებს, არაფორმალურ დაჯგუფებებს, შესაბამისად, თუ დააკვირდებით, პირველ ივნისამდე პერიოდს ეხება ეს ყველაფერი. მწვანე რომ აუნთეს და მაქსიმალურად ადამიანებზე იძალადეს, შემდეგ კი დაუსჯელობის გარანტიები მისცეს, ანუ თითქოს არაფერი მოხდა პირველ ივლისამდე, არ სჯიან ამის გამო და წინასაარჩევნო პერიოდში, ბუნებრივია, მათ აქტიურად გამოიყენებენ. ამ მასშტაბის ზეწოლის ფონზე უნდა გავაასმაგოთ ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.
_ ივანიშვილის ბოლო გზავნილები, _ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? ეს იყო წაგების მოლოდინში მყოფი პირის განცხადებები, თუ ეს იყო ადამიანის განცხადება, რომელსაც სრულიად ლოგიკური მოლოდინი აქვს ამ არჩევნებში გამარჯვების?
_ ეს იყო დამარცხებული ადამიანი და დამარცხებული პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვთ, ისტორიულ მინიმუმზეა მათი მხარდაჭერა და ეს თავადაც იციან შიდა კვლევებით, 30%-ს ვერც აღწევენ, კალკულატორით სხედან ახლა და ითვლიან იქ, პრობაციონერებისგან რამდენი ხმა მიიღონ, სოციალურად დაუცველებისგან _ რამდენი. გაჭირვებაში იმყოფებიან. ეს იყო შეშინებული პოლიტიკური პარტია და მისი არაფორმალური ლიდერი, რომლებმაც იციან, რომ არჩევნებში უმრავლესობას კარგავენ. თავად შეშინებულები ცდილობდნენ, რომ საზოგადოებაც შეაშინონ მათ მიერ გამოგონილი კონსპირაციული თეორიებით, ვიღაც გლობალური ომის პარტიით. მათ მცდელობა ჰქონდათ, გაეცოცხლებინათ დაშლილი და დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას მიუძღვნეს, თვითონ დაიწერეს 60%, ენ _ს 30%. არც ერთს და არც მეორეს არ აქვს ამდენი. პრეტენზია განაცხადეს კონსტიტუციურ უმრავლესობაზე, რაც სასაცილოა.
_ და კიდევ მომდევნო 12 წელიწადი ხელისუფლებაში ყოფნა, ეს იყო ძირითადი ლაიტმოტივი.
_ ეს კიდევ ცალკე აგონიაში მყოფი ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი. ალბათ სახეებზე აკვირდებოდით ამ ხალხს, რომ იქ ჩვეულებრივი გასვენება იყო. მათ კარგად იციან, როგორია მათი პოლიტიკური და სამართლებრივი მომავალი. სხვათა შორის, ვხუმრობდი ამაზე კიდეც, რომ თავის ფეხით მივიდა ეს ამდენი კორუმპირებული ადამიანი და ოფისი დაიდო პროკურატურასთან და შსს-თან. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რეალურად თუ ვინმე ქვეყანაში რაიმე ტიპის ომის რისკებს ქმნის, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ფარის გარეშე გვიტოვებს, რომლებიც წლებია გვიცავენ რუსეთისგან და ამას გვიკეთებენ დღეს, რაც არის ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასი.
_ სამი ოპოზიციური კოალიცია გვაქვს, თუმცა „ოცნება“ უფრო მეტად საუბრობს გახარიას გუნდზე და იმ შესაძლო გაერთიანებებზე, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის. რატომ ეშინიათ თქვენი გუნდის ასე?
_ მარტივი საკითხია: „ქართულმა ოცნებამ“ შესანიშნავად იცის, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც „ოცნების“ დაზიანება შეუძლია ელექტორალურად. ეს იციან, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს ხალხი უფრო მეტს იკადრებს, უფრო მეტად დაგვითმობენ თავის დღის წესრიგს უკადრებლის კადრებით. ეს ხალხი იმდენად შეშინებულია, რომ საკუთარ მოედანზე დებატებში ვერ გვისხდება. იციან სანდო საერთაშორისო კვლევებით ჩვენი მზარდი რეიტინგი და ეს არის პარტია, რომელსაც არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. მეტიც: ჩვენ მათ ვთხოვეთ რამდენჯერმე ბარიერის გაზრდა 7%-მდე ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს და ამით არის გამოწვეული ეს პანიკა, რაშიც იმყოფებიან და ხან ენმ-ს გვეძახიან, შესანიშნავად იციან, რომ არ ხარ, მაგრამ ასე აწყობთ. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც გამოკვეთილად აფიქსირებს პოზიციას, რომ ენმ და „ოცნება“ თანაბრად მიუღებელია, მაგრამ „ოცნებას“ ასე აწყობს.
რუსეთმა რეალურად გამოხატა სურვილი არჩევნებში ჩარევის. რამდენიმე დღის წინ იყო რუსული სპეცსამსახურების განცხადება და დაზვერვის განცხადება, რეაქცია არ ჰქონდათ. სამაგიეროდ დასავლეთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ახლა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევნები დაიცვას და დაგვეხმაროს იმაში, რომ „ოცნებამ“ არჩევნები არ გააყალბოს, მათ მოიხსენიებენ რევოლუციონერებად, რომ თითქოს რაღაც რეჟიმის ცვლილება უნდათ ქვეყანაში. ეს ემთხვევა რუსების განცხადებებს. მათ აქვთ პროპაგანდის უზარმაზარი ინსტრუმენტები, რომლითაც ხალხს ატყუებენ. ბოლოს ნახეთ ალბათ „იმედის“ (ტვ. „იმედი“) პრაქტიკულად ღალატი პირდაპირი ეთერიდან, მისი მფლობელის, რუხაძის ინტერვიუ. ივანიშვილის დავალებით საუბრობდა იმ მთავარი პროპაგანდისტული მანქანის მფლობელი, რასაც ახალა ივანიშვილი და „ოცნება“ იყენებს თავის სასარგებლოდ. დაიწყო ადვოკატირება, ჯერ შექმნა „ხალხის ძალა“ და დაიწყო ანტიდასავლური პროპაგანდა, ახლა შექმნა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და დაიწყო ნეიტრალიტეტის პროპაგანდა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენისთანა ქვეყნისთვის არ არსებობს, რადგანაც ჩვენ თუ არ გვეყოლება ფარად აშშ და ევროკავშირი, დაუცველი ვრჩებით მარტო რუსეთის წინაშე, არ არსებობს ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ამ რეგიონში. შენ უნდა გქონდეს კონკრეტული დასავლური კურსი, შენ უნდა შეხვიდე ევროკავშირში, დროულად გაწევრიანდე ნატოში და შენ უნდა გქონდეს ყველაფერი იმისთვის, რომ იყო დაცული, მაგრამ ამ თემით მანიპულირებენ, წინასაარჩევნოდ უნდათ ამ თემის გამოყენება და გააჩინა პროპაგანდის ახალი ინსტრუმენტი. ანუ ტყუილებზე, ძალადობაზე დგას „ოცნება“, თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მსგავსად.
_ „ოცნების“ გარდა კრიტიკა ისმის ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც თქვენი მისამართით, და აქ უკვე საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე, ამ თარიღთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე და ბოლოს უკვე დაემატა თქვენ მიერ თავშეკავება საერთო ოპოზიციურ დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ. როგორც ოპოზიციაში ამბობენ იმ მიზეზით, რომ დოკუმენტს დაემატა პუნქტი, „ოცნებისთვის“ კოალიციის არშექმნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეიკავეთ თავი _ რას უპასუხებთ ოპონენტებს?
_ ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომ თითქოს ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკური პარტია პირველივე დღიდან და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ვართ გამორჩეულები, განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც ხან შევლენ პარლამენტში, ხან გამოვლენ, რაღაცას მოაწერენ ხელს და მერე ამ პირობებს არ ასრულებენ. მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ: ე. წ. ბრიუსელის დოკუმენტს არ მოვაწერეთ ხელი, მე ვიღებდი ამ პროცესში მონაწილეობას იქ რაღაცები მოგვეწონა, რაღაცები _ არა. ვინც მოაწერა ხელი თავდაუსხმელობის პუნქტს, მეორე დღიდან დაარღვიეს, ერთმანეთი ლანძღეს და 8 ივლისი იყო საბოლოო ვადა კონფიგურაციების. ეს 8 ივლისის დედლაინიც დაარღვიეს. რაღაც ტიპის პასუხისმგებლობას ხომ უნდა იღებდე, დოკუმენტზე ხელს რომ აწერ? აგერ თუნდაც ქარტია, მოგვწონს შინაარსი, ძალიან მოგვწონს რეფორმების ნაწილი, მზად ვართ, რომ ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა. ორი პუნქტი არ მოგვწონდა და ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი, მაგრამ სად არის ამ ქარტიაზე საუბარი? აღარ საუბრობენ, რადგანაც ეს არის არასერიოზული ხალხი. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ პრეზიდენტს, რომელიც ერთადერთი სწორი და დამოუკიდებელი ინსტიტუტია და აქვს კეთილი ზრახვები. ამ კრიტიკულ მომენტში ისტორიული როლი შეასრულა, რაც პატივისცემას იმსახურებს მხოლოდ.
_ თქვენი გუნდის მთავარი შეთავაზება ამომრჩეველს, რის გამოც სწორედ თქვენზე უნდა გააკეთონ მათ სწორება 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე.
_ ბევრი ინიციატივა გვაქვს, თუმცა ორ მთავარს გამოვყოფდი: ევროინტეგრაციაზე ყველა საუბრობს და ამაზე არ გავჩერდები. რაც გამოგვარჩევს ყველაზე მეტად პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიად, ჩვენ გვაქვს გამოცდილება სახელმწიფოს მართვის, ვიღაცას შეიძლება რაღაც მოსწონდა და რაღაც _ არა, მაგრამ ეს არის უნიკალური გამოცდილება სახელმწიფოს მართვის. შეცდომებთან ერთად ეს არის წარმატებული მართვის გამოცდილებაც. წარმატებული რეფორმების კეთების ძალიან ბევრი მიმართულებით, უნახავს ყველას გახარიას მენეჯმენტი და ხალხს უნახავს, რა გვიკეთებია.
მეორე და მთავარი: ძალიან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ ამ ქვეყანაში 27 ოქტომბრიდანვე დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა. არასოდეს ამ ქვეყანაში ერთი პარტია აღარ უნდა ფლობდეს აბსოლუტურ ძალაუფლებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული ინიციატივები, როგორ ვაპირებთ ამის მიღწევას, რომ პოლიტიკური კონსენსუსით ავირჩიოთ ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან თანამდებობაზე ადამიანები: გენპროკურორი, სუსის უფროსი, ცესკოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ერთ დღეს ვიღაც რომ გაიღვიძებს და მოუნდება, რომ მაგალითად სუსი თავის ჭკუაზე ატრიალოს ან პროკურატურა, ეს ვერ შეძლოს. რადგანაც იქ ადამიანი არჩეული იქნება მრავალპარტიულად და პარტიებმა ერთმანეთი უნდა აკონტროლონ. ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში ერთხელ და ჩვენი ნებით დავტოვეთ თანამდებობები, დავტოვეთ და დავრჩით სახელმწიფოს სამსახურში ოპოზიციიდან. ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს, არც კორუფციულად ფულის საკეთებლად ვიბრძვით. იქ ვიყავით და გავაკეთებდით, ერთადერთი პარტია ვართ, ვინც არც კორუფციულ ფულზე დგას და არც ოლიგარქი ჰყავს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ერთპარტიულ მმართველობას დავუსვათ წერტილი და მოვიდოთ ხელისუფლებაში, საქმე გავაკეთოთ და დროზე წავიდეთ, ისე კი არა, რომ სამუდამოდ დავრჩეთ. თუნდაც ერთი სახელისუფლებო ციკლი გავიაროთ, გავაკეთოთ კარგი საქმეები, შემდეგ წავიდეთ და გავაგრძელოთ ოპოზიციიდან მოღვაწეობა. დავიმსახურეთ ისევ ხელისუფლებაში ყოფნა? და ისევ მოვედით. როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, ფუნდამენტიდან გვინდა დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ გვინდა შეიქმნას სისტემა, რომელიც დარჩება ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად.
_ რას ეტყვით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არც სხვა ჯგუფებთან ერთიანდებიან, თუმცა დაბალი რეიტინგის მიუხედავად შეიძლება ვერ გადალახონ ბარიერი და დადებითი გავლენა იქონიონ „ოცნების“ შედეგებზე _ რას ურჩევდით მათ? ხომ არ სჯობია, რომ ერთმანეთში კონსენსუსი მონახონ და ასეთი ერთობის სახით წარდგნენ?
_ ერთადერთს ვურჩევდი ყველა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენც ამ პრინციპით ვმოქმედებთ: არ უნდა დაიკარგოს არცერთი ხმა, ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი პარტია, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი დღის წესრიგი, არც „ნაცური“ ქოლგის ქვეშ არის და არც „ქოცური“ ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. უნდა იმუშაონ ელექტორალურ ბაზაზე, რომ გადალახონ ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში, რადგანაც პარლამენტსა და ამ ქვეყანას სჭირდება ორპოლუსიანობის დასრულება. ეს არის ხალხის ინტერესი და ამ ყველაფერში ვუსურვებ ამ პარტიებს წარმატებას.