- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-23 04:25:13
ზაზა სვანაძე
ბეჭდური მედიიდან და საჯარო სივრცეებიდან საკუთარი ნება-სურვილით დისტანცირებულმა, ამ შუა ზაფხულში გადავწყვიტე წარსული საქმიანობის ერთჯერადად გახსენება; იმ წარსულის, როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ოდიოზური და კრიმინალური პერსონების მხილება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი იყო.
ვეჭვობ, სტატიის წაკითხვის შემდეგ ადრესატებს კიდევ უფრო დასცხებათ, თუმცა ჩემს ეჭვებზე მეტად ათასგზის გადამოწმებულ ინფორმატორებზე დაყრდნობით გიამბობთ არცთუ უმნიშვნელო ისტორიას ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ერთი მეტადრე ოდიოზური ქალბატონის შესახებ, რომელთანაც არაერთი წელია, ცხარე დისკუსიებში ვარ პოლიტიკური და ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე. რადგან ეს ვირტუალურ-რეალური ომები, ობიექტურად რომ ვთქვათ, არცთუ იშვიათად ჩემი მხრიდანაც იყო ინიცირებული, ამდენი წლის განმავლობაში არ მივიჩნევდი საჭიროდ, რომ მასზე ოფიციალური მედიის ფორმატით სტატიის სახით დამეწერა.
მედია პირადი გარჩევების ასპარეზი ვერ და არ უნდა გახდეს; იქ, სადაც არსებობს თეორიული ალბათობა, რომ სუბიექტივიზმმა მიუკერძოებელი სიმართლე დაჩრდილოს, ჟურნალისტმა კალამი გვერდით უნდა გადადოს და პირადი წყენები საზოგადოებრივი ინტერესისგან უნდა გამიჯნოს. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ზემოთ ნახსენებ პერსონაჟს არა მხოლოდ სტატიის ავტორთან აქვს უსასრულო კონფლიქტები, არამედ თავად იმ გამოცემის მთავარ რედაქტორთანაც, რომლის ფურცლებზეც ზუსტად ამ წუთს აღნიშნულ სტატიას კითხულობთ.
თუმცა მთავარი ამბავი ეხება არა უშუალოდ ორთა შორის განხეთქილებას, არამედ იმას, თუ როგორ არის მორღვეული ქვეყნის უსაფრთხოება, შესაბამისად, ზემოთ ნახსენები პერსონალური ომები ვერ გააჩენს კითხვებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ინფორმაციის მომწოდებელი (წყარო) ძალიან სანდო და გავლენიანი ჟურნალისტია, ხოლო თავად ინფორმაცია, როგორც აღვნიშნე, პირდაპირ აჩენს კითხვის ნიშნებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ვრცელი შესავლის შემდეგ თემა მარტივი კითხვით გავხსნათ:
_ ვინ არის ნინო ჯღარკავა? _ ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, „ქართული ოცნების“ ქომაგი, ყვითელი პრესის წარმომადგენელი, ინტრიგებით ცნობილი პერსონა, ბულერი (მჩაგვრელი), სპეცსამსახურების აგენტი, თუ უბრალოდ ორღობის ჭორიკანა, რომლის უნარებსაც, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ახალი ასპარეზი და მასშტაბები მიეცა?
დავტოვოთ ეს რეგალიები შეფასების საგნად, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ ვისი სახელით პოზიციონირებს ქალბატონი, რომელიც არაერთი წელია თავს ესხმის მისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ადამიანებს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, სტატუსისა თუ მრწამსისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით დაუდევრად თელავს სხვათა პირად სივრცეებს.
***
2024 წლის 4 ივლისი, დაახლოებით დღის 17:00 სთ.
ფეისბუქის მესინჯერის საშუალებით მივიღე შეტყობინება-შემოთავაზება ერთ-ერთი ჟურნალისტისგან, მისი თქმით, ჩემთვის საინტერესო თემის შესახებ.
მიმოწერის დასაწყისშივე თანამოსაუბრეს მკაფიოდ განვუმარტე, რომ მას შემდეგ, რაც ევროპიდან დავბრუნდი, ჟურნალისტურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა თუ ნაამბობი ფასეულ ინფორმაციას შეიცავდა, შესაძლებელი იქნებოდა მისი სტატიის სახით გამოქვეყნებაც.
შეხვედრა შედგა თბილისის გარეუბანში, ღია კაფეში და თავიდან პირადი საუბრის ფორმატით შეთანხმებული დიალოგი პირდაპირ ინტერვიუს სახით წარიმართა.
***
_ ნინო ჯღარკავას სურდა ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ ფარი როგორც ონლაინ მედიაში, ასევე ფეისბუქის ქართულენოვან სივრცეში.
თავს ვერ დავდებ, თუმცა, როგორც ვიცი, მისი ასეთი აქტიურობა არ უნდა ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილისგან დაკვეთილი.
_ „ტრი-ტრის“ სკანდალში გახვეული ღარიბაშვილისგან რატომ არის გამორიცხული, რომ ნინო ჯღარკავას რესურსებს არ გამოიყენებდა?
_ „ანტუნის“ პერიოდის ღარიბაშვილს თავისი ბოსის ერთ-ერთი შვილის, ბერას დაცვა და მისი ახირებებისთვის მხარდაჭერა ევალებოდა. მართალია, იმას არანაირი გამართლება არ აქვს, მისი მონაწილეობით მოზარდი რომ დააშინეს ვიდეოზე წაწერილი კომენტარის გამო, მაგრამ ერთი ადამიანის პირადი მცველი და ქვეყნის პრემიერი ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა _ შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ლიდერის რანგში მყოფს, რომელსაც სახელმწიფო რესურსებზე განუსაზღვრელი წვდომა ჰქონდა, ჯღარკავა რაში უნდა დასჭირვებოდა?
_ ნუ დაგავიწყდება იმავე ნინო ჯღარკავას კონტაქტები თამაზ თამაზაშვილთან. იქნებ, თავად ირაკლიმ სცადა დაიგნორება, თუმცა ეს უკანასკნელი მისი სიმამრის მხრიდან შეეცადა თავისი მომსახურების შეთავაზებას?
_ თავს ვერ დავდებ, მაგრამ არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ასეა. 2012 წლის ბოლოდან ჯღარკავა საკუთარი ინიციატივით შეუდგა ჟურნალისტების შემოკრებას ამ დიადი მიზნისთვის, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა...
_ რა მიზნისთვის, დიდი გამოცემის გაკეთება უნდოდა?
_ გამოცემა რომ გააკეთო, სტატიის წერა უნდა იცოდე. ქალი სასვენ ნიშნებს ვერ სვამს, ელემენტარული პუნქტუაცია არ იცის, რა შინაარსის ტექსტებს წერს, ეგ კიდევ ცალკე საკითხია...
შემოკრებაში ვგულისხმობ იმას, რომ მას სურდა მედიის წარმომადგენლებთან პირადი ურთიერთობების დონეზე დაელაგებინა კონტაქტები, რათა შემდგომში გავლენიანი მედიაპერსონის სტატუსით ესარგებლა, კონკრეტული დივინდენდების მიღების მიზნით.
_ და რა კატეგორიის ჟურნალისტები უნდა მიეზიდა თავისი გეგმების განსახორციელებლად?
_ ნაცჟურნალისტების გადაბირებას მას არავინ მიანდობდა, ამაზე ზემოთ და სხვა დონეზე მუშაობდნენ, კონკრეტული ფინანსური და სხვა გარანტიების მიცემით. ჯღარკავამ გადაწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის კრიტიკული ჟურნალისტები შემოეკრიბა; „ქართული ოცნება“ ახალი მოსული რომ იყო, იმ წლებში ჟანა ასანიძესთან სცადა დამეგობრება. გემახსოვრება, მაშინ ჟანა საკმაოდ აქტიური ჟურნალისტი იყო და გარკვეულ წრეებში პოპულარობითაც სარგებლობდა.
_ ახლა აქვს კონტაქტი?
_ არასდროს დავინტერესებულვარ ამ თემით.
_ უბრალოდ ცოტა დავიბენი, რა შუაშია ჟანა ასანიძე?
_ ჟანა აქტიურ ჟურნალისტიკას ჩამოსცილდა და ახლა აღარ არის აქტუალური. ასე აეკიდა ბევრს, შემდეგ ამ ადამიანებმა მის ბინძურ თამაშებში რომ არ მიიღეს მონაწილეობა, ზოგი მტრად გამოაცხადა და ზოგთანაც ჩუმად გაწყვიტა კონტაქტი. ამ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის ხსენებით ჯღარკავას მოტივაციასა და მიდგომებს გიხსნი, ვის იკრებდა, რა მიზნით და ვის წინააღმდეგ.
_ ბოლოდან გავაგრძელოთ, _ ვის წინააღმდეგ?
_ ელისო კილაძის!
_ მოტივი?
_ თავიდან მოვყვეთ და დეტალურად ჩავყვეთ: გაიხსენე, აბა, ვინ, სად და რომელ მედიას წარმოადგენდა 2012-14 წლებში?
_ ასე წლებით ვეღარ აღვიდგენ, უნდა დავსერჩო, ამიტომ თავად განავრცე შენივე აზრი!
_ „ფორმულა“ და „ტვ. პირველი“ მაშინ არ არსებობდა, ინგა გრიგოლია სახელისუფლებო „იმედის“ სახე იყო, ნინო ჟიჟილაშვილი და დიანა ტრაპაიძე „მაესტროს“ ეთერებიდან გვახსენებდნენ თავს, ვახო სანაია იმ წლებში ჩრდილში იყო, 2015 წლიდან გააქტიურდა როგორც კრიტიკული ჟურნალისტი, ეკა მიშველაძეს ტაიმ-აუტი ჰქონდა, ნინო ჯანგირაშვილი კი მადლობებს უხდიდა ოლიგარქს, „საქველმოქმედოდ“ გადარიცხული ასი ათასის გამო, ხოლო დღეს გადაპოლიტიკოსებული გვარამია პერიოდულად მუსიკალური შოუების ჟიურიში იჯდა.
ახლა გადავიდეთ ბეჭდურ მედიაზე:
ხელისუფლებაში ახლად მოსული ივანიშვილი „ასავალ-დასავალმა“ ოპერატიულად გამოსახა პირველივე ფურცელზე სანთლით ხელში, ეს ცნობილი ყდა იყო, სიგნალი, რომ გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან თანხვედრაში მოდიოდა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს „ალია“, რომელიც „საოცნებო“ მმართველობის პირველ წლებში დიდად კრიტიკულ გამოცემად ვერ ჩაითვლება, იმ წლებში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით.
აღარაფერს ვამბობ „რეზონანსსა“ და „საერთო გაზეთზე“, რომლებიც პირდაპირ „ქართული ოცნების“ პარტიულ გამოცემებად გადაიქცნენ.
აი, ამ მოსუფთავებულ მედიაგარემოში გამოჩნდა ელისო კილაძე თავისი ახალი რედაქციით და ფეისბუქ სივრცეში კრიტიკული პოსტებით.
_ მკითხველთა ნაწილი იფიქრებს, რომ კილაძეს ვაქებთ, არადა, ვიცოდი, რომ ინსაიდერული ინფორმაციები უნდა მოგეწოდებინა.
_ კილაძე წლებია, არ მინახავს, საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მაქვს მასთან. მე მშრალ ფაქტებს ვიხსენებ, ჯანგირაშვილი მამა-ღმერთივით რომ დახვდა ივანიშვილს თავისივე ტელევიზიის ეზოში, შემდეგ გრიგოლია რომ „იმედზე“ მუშაობდა რამიშვილის თანაწამყვანად და ამ დროს კილაძე თამაზაშვილის კორუფციაზე რომ წერდა, რატომაა ქება?
ყველაფრის მტკიცებულებები დევს ვიდეო და ბეჭდური სახით. შენ მუშაობდი მაგ გაზეთში და გამოთხოვე მასალები, არ გაგიჭირდება.
_ მივუბრუნდეთ ნინო ჯღარკავას. ე. ი. ამავე პერიოდში მან თავისი თავი კილაძის საპირწონედ დაინახა, რადგანაც მედია ბაზარზე მის გაზეთს ეჭირა მკვეთრად კრიტიკული ნიშა?
_ ასეა!
_ რამდენიმე წუთის წინ შენივე ნათქვამს შეგახსენებ: როგორც ვარაუდობ, ჯღარკავას უკან ღარიბაშვილ-თამაზაშვილი არ იდგა, და თუ ასეა, რა რესურსი ჰქონდა ჯღარკავას, კილაძის საინფორმაციო ველი რომ გაენეიტრალებინა? ამ ყველაფერს ხომ ფული დასჭირდებოდა?
_ ჯღარკავას სურდა ქსელის შექმნა და ამ კონტაქტებიდან გამომდინარე, შემდგომ ივაჭრებდა პირდაპირ პრემიერთან თუ არა, მის სიმამრთან.
_ არ ვიცი, როგორ აწარმოებენ ამ ტიპის „მოლაპარაკებებს“ და იქნებ, შენ დამეხმარო სიტუაციის რეკონსტრუქციაში: როგორ ხდება, ერთი მხრივ, ჟურნალისტის დაყოლიება, რომ სტატია არ გამოაქვეყნოს და მეორე მხრივ, ფულის გამოცანცვლა ამა თუ იმ პირისთვის, მისთვის არასასურველი მასალის დაბლოკვის სანაცვლოდ?
_ სხვადასხვა ვარიანტია, გააჩნია, რა კონტაქტზეა ერთ ან მეორე მხარესთან შუამავალი. სრულიად უცნობ კოლეგას არავინ მიადგება მსგავსი წინადადებით, იმიტომ, რომ ის, ვისაც შეთავაზებას გაუკეთებენ, უცხოს ნაკლებად ენდობა, იეჭვებს, პროვოკაციას ხომ არ მიწყობენო და უკან დაიხევს, დაფიქრდება, მოჰკიდოს თუ არა შავ ფულს ხელი.
პირადი ახლო კონტაქტებით ხდება შემოვლა და დალაგება, ამიტომ ცდილობდა ჯღარკავა ბევრთან დაახლოებას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაქალურად მიდგომოდა ამა თუ იმ ჟურნალისტს.
და რაც შეეხება გასაწეწ ობიექტს, ყოველთვის და ყველაფერი ფულითაც არ ნაზღაურდება.
სტატიას ჩავხსნი და ამდენი გადამიხადეო, ასე მოჭრილად შეიძლება არც ეთქვა თამაზაშვილისთვის. ან ეთქვა, ვთქვათ, ასეთი ფორმით, _ ის გოგო მუშაობს, პრესაში დაბალია ხელფასი, ანგარიში გამიწია, სახლში რაღაც ხომ უნდა შეიტანოს, შვილი ჰყავს, პრემიას დაკარგავს, ერთი $1000 მივცეთ და მერეც არ დაწერსო.
მერე 700-ს ან 800-ს ჩაიდებდა ჯიბეში და იმ ვიღაცას მიუგდებდა მესამედს, ისიც საუკეთესო ვარიანტში.
ეს თანხა პირობითად ვთქვი _ ბევრად მეტს ეტყოდა.
და თუ პირდაპირ თანხაზე არ წავიდოდა საუბარი, სხვაგვარად იხეირებდა ივანიშვილის დაწინაურებული ოჯახისგან, ვთქვათ, ვიღაცას მიწის ყიდვა ან ბიზნესის წამოწყება მოუნდებოდა და ეს ეტყოდა „გენერალ“ მეგობარს, შინაურს დახმარება სჭირდება, იქნებ, დავუდგეთ გვერდითო.
იმ ბიზნესმენს კი საქმის გაკეთების სანაცვლოდ, ბუნებრივია, ფულს მოსთხოვდა.
_ კონკრეტული ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების სახელები და გვარები დაგვჭირდება, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ...
_ მე მტკიცებით ფორმაში შემიძლია იმის თქმა, რომ საკუთარი რეპუტაცია თითქმის არავინ გამოაყენებინა, ერთეული მარგინალი ჟურნალისტების გარდა და ისინიც მალევე დისტანცირდნენ მისგან.
_ შეგიძლია სახელებით და გვარებით დაასახელო შენ მიერ ნეგატიურ კონტექსტში ნახსენები მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ნინო ჯღარკავასთან გარიგებაზე წავიდნენ?
_ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, პირველი ნუკა არველაძე მახსენდება.
_ მგონი მერიის პიარიაო, ასე მახსოვს, ამბობდნენ...
_ ნუკა ცოტა სხვა ისტორიაა, სანამ მასზე განვავრცობ, იქამდე ჩამოგითვლი იმ ჟურნალისტების სახელებსა და გვარებს, რომელთაგანაც ჯღარკავა, ღარიბაშვილის დამცველ ქალთა მედია-არმიის შექმნას აპირებდა. ესენი იყვნენ: ირინე გოგოსაშვილი, დარეჯან ლიპარტელიანი, დარეჯან მეფარიშვილი, ნანა გაგუა, ჟანა ასანიძე, თამუნა ლეფსვერიძე _ სია ვრცელია.
მის მიერ მონიშნულ ქალთა შორის ნაწილი თავისი პრინციპებიდან გამომდინარე ებრძოდა ენმ-ს და მზად იყო, უსასრულოდ ესაუბრა „ნაცების“ მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ჩადენილ დანაშაულებებზე, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ შსს-დან ფინანსდებოდნენ.
სხვადასხვა პროფესისა და წარსულის მქონე ადამიანთა ბიოგრაფიები განსხვავებულია, და ამ განსხვავებულობის მიუხედავად, არცერთი სოლიდური იმიჯის მქონე თუ პირდაპირ მიყიდული ჟურნალისტი არ აპირებდა, რომ საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე მისთვის თამაზაშვილის მარანში ვაჭრობის საშუალება მიეცათ.
_ შენ მიერ ჩამოთვლილი ჟურნალისტები დაადასტურებენ ამ ყველაფერს?
_ თქვენი გამოყენება მინდაო, ამის თქმას ღიად ვერ გაუბედავდა ვერცერთ მათგანს, ისე კი დღეს არცერთთან არ აქვს კომუნიკაცია, ყველამ გაუგო ზრახვები და თითქმის ყველა დისტანცირდა მისგან.
_ ნინო ჯღარკავას ქართული მედიის რუხი კარდინალობა რომ აუხდენელ ოცნებად დარჩა, ამაში ვინ ან რა ფაქტორებმა შეუშალა ხელი?
_ პირველ რიგში, მისმა უტვინობამ! დავიწყოთ იქედან, რომ თავის დროზე ზომაზე მეტად ყელყელაობდა, პრემიერის ოჯახში მიღებული სტუმარი ვარ, ჩემები არიანო... მეორე, წლების განმავლობაში იმდენ ჟურნალისტთან ჰქონდა პირადი კონფლიქტი, იმდენი მტერი აიკიდა ამ სფეროში, რომ ეს განაწყენებული ხალხი ღარიბაშვილს მიუტრიალდა. ამ განაწყენებული ხალხის პროფესიას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, აწყობდა თუ არა ივანიშვილის პროტეჟეს მედიასთან შემხებლობაში მყოფი პერსონების მასობრივად გადაკიდება ერთი ჯღარკავას გამო?
ოლიგარქი კიდევ ყველაფერს ადევნებდა და ადევნებს თვალს და მის მიერ ღარიბაშვილის პირველი გადაყენებაც მაშინდელ მედიაში გაჩენილ არაერთ კითხვას უკავშირდებოდა.
_ ნუკა არველაძე ახსენე ზემოთ...
_ აი, ზუსტად ახლა გადავდიოდი მომდევნო თემაზე. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი კვირიკაშვილით ჩაანაცვლეს, ჯღარკავას გეგმებსა და ამბიციებს ფრთები შეეკვეცა, რის გამოც ირაკლის პიროვნების კულტი ნელ-ნელა მიივიწყა და იმ პერიოდში ახლად დანიშნული სუსის უფროსის მეორე მოადგილის, გოგაშვილის გამალებულ ქებას შეუდგა _ ახალმა სახემ გაუმართლა და „ამაგი“ ღარიბაშვილ-თამაზაშვილებზე მეტად დაუნახა.
ელისო კილაძის ფეისბუქპოსტებისა და „ქრონიკა+“-სში მაკა მოსიაშვილის ავტორობით გამოქვეყნებული მასალების გასანეიტრალებლად სოსო გოგაშვილმა სუსის სარეზევრო თანხებიდან ათობით ათასი ლარი გადაქაჩა წლების განმავლობაში _ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვინ იქნებოდა ამ შავი ფულის მთავარი გამტარი... და, აი, აქ იკვეთება ნუკა არველაძის სახელი, გოგაშვილი მას 5000 ლარს უხდიდა, საიდანაც თანხის ნახევარს, 2500 ლარს, რამდენიმე თვის განმავლობაში ნინო ჯღარკავა იღებდა _ ასე ვთქვათ, საშუამავლოს, მაგრამ ნუკას მობეზრდა მარადიული მოწილე და ამ ამბავს კულუარებში დიდი დავიდარაბა მოჰყვა.
_ არ გესწავლება, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც კონკრეტული ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.
_ ზაზა, გუშინდელი ჟურნალისტიც არ ხარ, გოგაშვილი გადახდის ქვითარს ფაქტად დატოვებდა?
_ ქვითრის გარდაც არსებობს მტკიცებულებები, მკითხველი როგორ დავაჯეროთ ამ ამბის სინამდვილეში?
_ თუ სანდო წყაროდ მიმიჩნევ, შენ გადაწყვიტე, გიღირს თუ არა ჩემეული ვერსიის გაჟღერება _ მედიას ფაქტების მიღმა აქვს ვერსიების გამოთქმის უფლება, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ის, რასაც გიყვები, ვერსიების კატეგორიას სცდება, უბრალოდ ფარული ჩანაწერები არ მომიპოვებია. მათ არ ვგავარ, ვისზედაც ახლა ასე ვრცლად ვსაუბრობ.
_ შენი ინფორმაციით, რატომ გაისროლა ამხელა თანხები გოგაშვილმა მედიის მიმართულებით? სუსის უფროსის მოადგილეთა სახელები და გვარები სულ არ იცის დღევანდელი მედიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ...
_ ამაზე პასუხს ნაწილობრივ შენსავე კითხვაში სცემ, _ გოგაშვილს ჰქონდა ყველაზე მაღალი ცნობადობა იმ თანამდებობაზე, რომელსაც წარმოადგენდა.
იქამდე სუსის უფროსის არცერთ მოადგილეს არ ჰქონია ისეთი გამოხმაურება, როგორც მას და ყველას გვახსოვს, რომ ეს გამოხმაურება უკუდურესად ნეგატიური იყო. ამიტომ მიიღო ასეთი კონტრზომები და ამიტომ დაეტაკა რედაქციას ერთი კონკრეტული ქალის ხელით სოსო _ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა მას ელისო კილაძის დისკრედიტაციით სურდა.
_ თუმცა გვახსოვს ისიც, რომ მისი მოკავშირეობა ჯღარკავასთან კრახით დასრულდა _ ერთ დროს თანამებრძოლი და მეგობარი მის დაკავებას სიხარულით შეხვდა...
_ იქამდე, სანამ გოგაშვილი დამოუკიდებელ თამაშებს წამოიწყებდა, ქალბატონისთვის იგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო. სხვათა შორის, ჯღარკავას მისგან მხოლოდ ფინანსური დაინტერესება არ ჰქონია. ის რაც მოგვიანებით სუსის ჩანაწერებიდან გავიგეთ, გოგაშვილს კარგა ხნის წინ ჰქონდა მისთვის გადაცემული ინფორმაციები.
_ ანუ ჯღარკავას წვდომა ჰქონდა ინსაიდერულ ინფორმაციებზე, ე. წ. კრებსებზე?
_ არა მხოლოდ, ჯღარკავას ჰქონდა ინფორმაცია დანაშაულებრივად მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებაც, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც, მადლობა ღმერთს, საჯარო სივრცეში არ მოხვდა. თუმცა მათი შინაარსი ამ ერთი ადამიანისთვის ცნობილი იყო.
_ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუნდაც ტექსტუალური სახით ტირაჟირება კანონის მხრიდან კითხვის ნიშნებს გააჩენდა, შესაბამისად, გოგაშვილის ნაამბობს რა ფორმით გამოიყენებდა?
_ ჯღარკავა შანტაჟის დიდოსტატია...
მან იცის, როგორ იძალადოს ადამიანებზე ფსიქოლოგიურად, თან ისე, რომ მისი ეს ქმედება შესაბამისი რეაგირების მიღმა დარჩეს.
არსებობს მთელი რიგი ტექნოლოგიები, თუ როგორ უნდა აუარო გვერდი კანონს ისე, რომ პასუხისგებაში არ მიეცე და, ამავდროულად, მინიშნებებით, ნახევრად ღიად, ისეთი რამ დაუწერო ადამიანს, რომ გაანადგურო ან მიახვედრო, რომ მისი მაკომპრომეტირებელი კადრების შესახებ ინფორმაცია გაქვს. ჯღარკავასთვის ასეთი ინფორმაციები არასდროს იყო ზედმეტი, რადგანაც ხვალ და ზეგ, რომელიმე მორიგი დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ მსხვერპლის შესახებ ექსკლუზიურად პირადი ცნობები სადღაც, ოდესღაც გამოადგებოდა.
ამიტომ გოგაშვილი მისთვის ძალიან საჭირო პერსონა იყო რაღაც ეტაპზე.
აქვე არ დაგვავიწყდეს მთავარი გარემოება: ის ხელისუფალი, რომელიც კანონის უზენაესობის გარანტი უნდა იყოს, ჯღარკავას არ გაწირავს. და ასეთი ქალის ხელში ამ ტიპის მასალების ყურმოკვრით თავმოყრაც, თავის მხრივ, აწყობდა გოგაშვილსაც _ ყველაფერზე წამსვლელი ქალის მეშვეობით იგი ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეებრძოლებოდა.
მათი თანამშრომლობა ორი ხელის პრინციპი იყო _ ხელი ხელს ბანსო, ხომ გაგიგია.
_ საბოლოო ჯამში, იოსებ გოგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ ხუთივე ბრალში; მათ შორის, უფლებამოსილების გადამეტებაში, რომელიც გამოიხატა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელებაში. საუბარი იყო სახელმწიფო საიდუმლოებების გათქმაზეც. შენი ინფორმაციით, რატომ წავიდა ის ასეთ ვა-ბანკზე?
_ თანამდებობიდან განთავისუფლებული ერთი პერიოდი ჩუმად იყო, თუმცა ყველასგან და ყველაფრისგან ჩახსნილმა ხელისუფლებისთვის თავის შეხსენება და ოპონირება გადაწყვიტა. „ქართულ ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ მისი სახით მოსიარულე ნაღმთან ჰქონდათ საქმე, რადგანაც გოგაშვილს შეეძლო არაერთი საიდუმლო გაეთქვა ექსკლუზივებზე მონადირე ჟურნალისტებთან, რითაც სახელმწიფოზე მეტად, კონკრეტულად მმართველი პარტიის ინტერესებს დააზიანებდა და რეალურად ასეც მოხდა.
სუსიდან გაჟონილი ინფორმაციები ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა, თუმცა იქამდე, სანამ სახელმწიფო ბრალმდებლები კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებდნენ, ბუნებრივია, ბრალს ვერ წარუდგენდნენ.
იმავე პერიოდში ეთერში გავიდა „უცნობის“ მორიგი გადაცემა, სადაც „გრეჩიხამ“ მოგვასმენინა „მთავარი არხის“ რედაქციაში ფარულად მოპოვებული ჩანაწერი და ეს იმით ახსნა, რომ სურდა ემხილებინა წყარო, რომელიც ნაცტელევიზიებს სუსის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა.
ზუსტად ამ მასალის ეთერში გასვლის შემდგომ გამოუტანეს მას ვერდიქტი, რომელიც სამართლებრივად მოგვიანებით გაფორდმა.
„კიდობანში“ გასული ჩანაწერით გაიშიფრა ის ფაქტი რომ, გოგაშვილი მელაძისა და „ფორმულას“ ჩიტი იყო.
_ და თუ ნოდარ მელაძისა და სხვათა პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, რატომ უნდა ვისაუბროთ ნინო ჯღარკავას ბრალეულობაზე გოგაშვილისგან მიწოდებული ინფორმაციების კონტექსტში?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ნოდარი ჟურნალისტია, რომელსაც ჰყავს აუდიტორია, ჯღარკავა კი ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედი ცხრა მთავრობის აგენტია,
მისნაირად ნებისმიერს შეუძლია, რომ საიტი დაუკვეთოს. კი იცი, ძვრიც არ ჯდება და არც რაიმე ტიპის სპეციალური ლიცენზიაა ამისთვის საჭირო.
სტატუსების დაკოპირება კიდევ როდიდან გახდა ჟურნალისტური საქმიანობა?
მასე რამდენი ადამიანი რამდენ სტატუსს გააზიარებს, ყველა გამზიარებელი რომ მედიის წარმომადგენლად ჩაითვალოს, მთელი ქვეყანა ჟურნალისტის პროფესიული უფლებებით ისარგებლებს.
გინახავთ მის მიერ დაწერილი ერთი სტატია? მერე კიდევ, მელაძე ღარიბაშვილის და გოგაშვილის მეგობრობით არ ამაყობდა, ის დავალებული არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან და არც სუსის სპეცსახსრების კმაყოფაზე იჯდა.
მან სუფთა ჟურნალისტური საქმე გააკეთა _ გამოიყენა გოგაშვილი, როგორც წყარო და მოპოვებული მასალები ხალხის დასაშანტაჟებლად არ დაუარქივებია.
_ მაინც, რატომ დაგმო ჯღარკავამ დამარცხებული გოგაშვილი, თუ მასთან ამხელა ვალდებულებები ჰქონდა?
პოლიტიკურის გარდა სხვა მოტივი არსებობს მის ამ ქმედებაში?
_ პოლიტიკური მოტივი ჩამიშალე, რას გულისხმობ?
_ გოგაშვილი განუდგა იმ პარტიას, რომელსაც იგი ქომაგობდა, შესაბამისად, მან ჩათვალა, რომ გოგაშვილმა უღალატა წარსულ ფასეულობებს, ოფიციალურად ასე ფორმდება ეს ამბავი.
_ პოლიტკურზე მეტად აქ პირადი ამბავია _ საკითხი ასე დგას: საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, ჯღარკავამ ბორკილებდადებულ გოგაშვილს რამდენიმე მიზნით გაუხსნა ცეცხლი: პირველ რიგში, „ოცნებას“ უმტკიცებდა ერთგულებას, მეც მისნაირი არ გეგონოთ, სანამ ჩვენთან იყო, იქამდე ვემეგობრებოდი და თუ დასაჭერია, მეც ტაშს დავუკრავ მის პატიმრობასო. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი _ ნინო შეშინდა, რომ ყოფილი პარტნიორი მაკომპრომეტირებელ მასალებს გამოუფენდა, ამიტომ ემზადებოდა მასთან ჯახისთვის, რომ პირველს დაესწრო და მოპასუხის როლში არ ყოფილიყო,
მან ივარაუდა, რომ გოგაშვილი მასზეც ისაუბრებდა მელაძესთან, თუმცა პანიკური ფონის მიუხედავად, თავის აყვანა შეძლო და ღიად დატაკება არ იჩქარა. გასამიჯნად ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, იცოდა რომ მალე დააპატიმრებდნენ და ციხიდან მასზე პასუხის გასაცემად ვერ მოიცლიდა.
_ რატომ დაინდო გოგაშვილმა ჯღარკავა?
_ გოგაშვილმა საკუთარი თავი დაინდო! თუ ჯღარკავას გაწირავდა, საკუთარ თავსაც ამხელდა დანაშაულში. არაერთი მუხლის გააქტიურება შეიძლება ამ დუეტის შავბნელი საქმიანობიდან გამომდინარე.
ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვები: ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც საგამოძიებო მიმართულებით მუშაობდა ბევრი წლის განმავლობაში, სუსს მარტივი „კუკლა“ დაუდგა და ისინიც მარტივად წამოეგენ.
წინასწარი შეთანხმების შემდეგ, თავის სახელზე გაფორმებულ ნომერზე, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა ამ ჟურნალისტს, გადმოარეკინა კოლეგას, მანაც თითქოსდა შემთხვევით ახსენა ნინო ჯღარკავას სახელი და გვარი და ამ დადგმის ავტორმაც წინასწარ დაგეგმილად არანორმატიული ლექსიკით მოიხსენია ჩვენი ქალბატონი _ შეაგინა.
გადის რამდენიმე საათი და ჯღარკავა ტელეფონზე ურეკავს ამ ჩემს ნაცნობს, _ რა იყო, რატომ მაგინებ ტელეფონზე, თუ რამის თქმა გინდა, პირში მითხარიო.
რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ენა არ მიუტანია.
მგონი დიდი ანალიტიკური აზროვნება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ ქალის ტელეფონი ისმინებოდა.
და მომსმენმა ჯღარკავას გააგებინა სხვისი საუბრის შინაარსი _ აგერ, გაგინებენო...
ნერვული საუბრისას წამოცდენია, ვისზეც ვეტყვი, იმის საუბარს დამიდებენო, ანუ იცოდეთ, რომ გისმენთო, ეს უთქვამს.
მერე კიდევ, ჯღარკავას პრობლემა იმაშიცაა, რომ ყველგან ყველაფერს ჰყვება. შემდეგ ამა თუ იმ ადამიანთან კონფლიქტში შესულს რომ შეახსენებენ მისსავე მიქარულებს, იწყებს ისტერიულ პოსტვას, ერთგულება არ იცის ამ ხალხმა, ყველამ მიღალატაო.
მას ავიწყდება, რომ მედია წრეებში არაფერი იმალება, თუნდაც სხვადასხვა მხარეზე იდგნენ ჟურნალისტები, ერთმანეთზე ინფორმაციები მაინც გადი-გამოდის. ირმა ინაშვილიდან დაწყებული, ვინ არ ჰყავს განაჭორი, მაგრამ ეს დავტოვოთ მის პიროვნულ ნაკლად.
_ ახლა ვინ არის მისი სამიზნე?
_ მაგას კილაძე ჰყავს სულ პროგრამაში, სულ მის ირგვლივ ტრიალებს. ამას წინათ რომ ეცა მის მეგობარ ტელეწამყვანს, საზიზღრობები რომ დაუწერა, ეგეც კილაძის ბოღმის გამო გააკეთა. ვერ მოინელა, რომ ეგ ქალი ვერ წააქცია, საიდან არ მოუარა მის გარემოცვას, რომ ეთქვა, აი, ასეთი და ასეთი ხალხი ჰყავს გვერდითო.
_ რამდენი პროვოკაცია მოუწყ