- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-10 10:19:53
თამარ სანაძე
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში განუსაზღვრელი დროით გადადო.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ცრუ ბრალდებებს შორის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასახელებს ნარატივს, რომლის თანახმადაც, აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას „დასანანი“ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსს წვრთნებს „სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის“.
საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების, სანქციების მძიმე შედეგებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ლია მუხაშავრია:
_ ქალბატონო ლია, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ სპორტულ ღონისძიებაზე, სადაც გამოვიდა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე. მის გამოსვლას მოჰყვა სტვენა და არასასიამოვნო შეძახილები იქ მყოფი ათი ათასობით ადამიანის მხრიდან, მან ძალიან მოკლე სიტყვა წარმოთქვა და მალე დატოვა სცენა. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ამას შეიძლება ეგზიტპოლიც კი ვუწოდოთო. თქვენ როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ფაქტს?
_ ვფიქრობ, ეგზიტპოლამდე ჯერ შორია, მაგრამ ის, რომ პრემიერისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა, ამას, ცხადია, სპორტულ ღონისძიებაზე მისი გამოსვლა ადასტურებს. ეს მან იგრძნო და რაღაც რეაქციაც ჰქონდა ამაზე. მე მახსოვს ღონისძიება, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი იდგა ხალხში და მას სცენა არ დაუთმეს. ახლა კი ვნახეთ სრულიად განსხვავებული სიტუაცია. პრეზიდენტის მიმართ იყო ოვაციები, შემდეგ პრემიერმა გადასცა მას სიტყვა.
თავს შევიკავებ იმის თქმისგან, რომ ეს მთელი საზოგადოების აზრის გამოხატვა იყო, რადგან არ ვიცი, იქ რა კატეგორიის ხალხი იდგა. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სახლში, ტელევიზორებთან ისხდნენ. ასე რომ, ამის ცალსახად ასე შეფასება გამიჭირდება.
_ რუსული კანონის მძიმე შედეგებს უკვე ვიმკით. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და რა ვითარებაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა?
_ ძალიან მძიმეა, გულზე ეკალივით მომხვდა ეს გადაწყვეტილება, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ღონისძიება გადავადდა გაურკვეველი ვადით. ბუნებრივია, როდესაც შენს პარტნიორებს ესაუბრები ისე, როგორც „ქართული ოცნება“, მათ ექნებათ ადეკვატური რეაქცია. როდესაც ამბობ, რომ სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი კი არ არის, დამხობა, სახელმწიფო გადატრიალება უნდა და ომში უნდა ჩემი ჩათრევა, რასაკვირველია, გარდა ფორმალური პასუხებისა, უნდა შეამზადონ სხვა ტიპის მოქმედებებიც. ალბათ ამის გამოხტულებაა ესეც. ეს რიტორიკა, პირველ რიგში, საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე ძალიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს და ასეც მოხდა. თუ არ შედგა ასეთი წვრთნები და სწავლებები, ეს ჩვენს თავდაცვას მკვეთრად შეასუსტებს. ეს ყოველივე ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ რომელ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენ გარშემო რამხელა ცეცხლიც ტრიალებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
_ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები რომ ბევრი თვალსაზრისით გაუარესებულია, ვხედავთ. სამწუხაროდ, ასეთივე, რბილად რომ ვთქვათ, გართულებული ურთიერთობები გვაქვს აშშ-სთან.
_ ასეა იმის გამო, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებები და მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
_ როგორ შეაფასებდით, ერთი მხრივ, ევროკავშირი-საქართველოს, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს?
_ კანონის მიღებამდე გვესმოდა საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ხაზგასმით და ღია ტექსტებით საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტს არ უნდა მიეღო ე. წ. რუსული კანონი, მაგრამ ცოტა რთულად ასახსნელია. რატომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა ასე პირდაპირ და პირწმინდად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ? ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ პრემიერი ცდილობს, გადატვირთვის ტერმინებით ისაუბროს და შეარბილოს ის მძიმე და არამეგობრული გარემო, რომელიც მათ გამო შეიქმნა ამერიკასა და ევროკავშირთან. ასევე ძალიან დასანანია, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან გაიხსნა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხოლო ჩვენ ჩამოვრჩით ამ პროცესს და ძალიან მკვეთრი განცხადებები ისმის ბრიუსელიდან, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტები, შეიძლება გაგვიუქმდეს. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან საშიში ვითარება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მტრული გარემოცვის რეგიონში, სადაც ომი ვიხილეთ და ბეწვის ხიდზე გადის საქართველო, ამიტომ სრულიად უგუნურია ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც ჩრდილოეთში დაიწყო მეგობრისა და პარტნიორის ძებნა და უარი თქვა მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილ მეგობრებსა და პარტნიორებზე _ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ღასაკვირველია, ეს არ დარჩება შედეგების გარეშე და ვხედავთ კიდეც, რომ ეს შედეგები დგება. ერთადერთი იმედი რჩება, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და „ქართულ ოცნებას“ გაუშვებს ან პენსიაზე, ან ისტორიაში, მაგრამ თუ მკვეთრი ცვლილებები არ განხორციელდა ამ ქვეყანაში ხელისუფლების თვალსაზრისით, მაშინ ძალიან დიდი ხნით და, შეიძლება სამუდამოდაც, დავემშვიდობოთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის მეგობრობის, მხარდაჭერის წყალობით გადავრჩით 2008 წლის აგვისტოს ომში. დღეს რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასე რომ იწონებს „ქართული ოცნება“ თავს მშვიდობის უზრუნველყოფით, ეს ამერიკის ძალიან დიდი დახმარების შედეგია. თუ ეს დახმარება მოიშალა, საშიში ვითარება იქნება არა მხოლოდ სტაბილურობისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, ამას თუ დაემატა სამხედრო კუთხით საშიში მდგომარეობა ან ომში ჩათრევა, ეს იქნება კატასტროფა.
სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ არ გაითვალისწინა მომავალი და მესამედ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. თუ ვინმე კიდევ ვერ არის გონზე, არა უშავს, მაგრამ სასურველია, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი არჩევანი. არ გაითვალისწინოს მთავრობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მათზე, ნურც ფულს დახარბდება, ნურც დაპირებებს, გადაწყვეტილება მიიღოს მისი შვილების საკეთილდღეოდ. რა იქნება უკეთესი მათი შვილების მომავლისთვის. ასე რომ, ეს საკითხები, მიუხედავად მათი გლობალური ხასიათისა, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ მივა იქამდე, თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს არჩევნებში მისი მონაწილეობის მნიშვნელობა და სწორი არჩევანის აუცილებლობა.
არსებული ვითარება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ რაიმე უკეთესის პერსპექტივა გაჩნდეს ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმძიმეს ვითარებას მივიღებთ. ძალიან ბევრი ადამიანია წასული საზღვარგარეთ, ისინი არა თუ ვერ დაბრუნდებიან, არამედ მათ მიემატება კიდევ ბევრი ემიგრანტი.
მე გურიაში ვცხოვრობ და აქ ძალიან თვალსაჩინოა ეს პრობლემა. ძალიან ბევრი სახლია დაკეტილი. რაც არ უნდა დიდი რესურსები ჰქონდეს ქვეყანას, რაც არ უნდა ეკონომიკური და კლიმატური რესურსები გვქონდეს, ადამიანური რესურსის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება.
_ თქვენ ისაუბრეთ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან გადატვირთვის პოლიტიკის შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა პარტნიორებთან, ასევე გვესმის განცხადებები, რომ ჩვენ ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. არადა, მათი ქმედებები საწინააღმდეგოა. რას ემსახურება „ოცნების“ ამგვარი რიტორიკა?
_ ეს არის ძალიან იაფფასიანი პროპაგანდა-აგიტაცია, რომელიც გასულ საუკუნეში მუშაობდა. ხომ არ გვეტყვიან, რომ არ გვინდა აშშ და ევროკავშირი, ბიუჯეტის ფულს ვიპარავთ და ვიყენებთ, როგორც გვინდა და არავინ პასუხს არ გვთხოვთ, გვკარნახობს ერთი კაცი და ვიქცევით ისე, როგორც მას უნდა, არ გვაინტერესებს დემოკრატიაო? მათ ძალიან კარგად იციან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მკვეთრი პოზიცია და ამიტომ ეწევიან ამ იაფფასიან პროპაგანდას, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მუშაობს ვიღაცებზე. ძალიან ხშირად ვხუმრობ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი გვჭირდება-მეთქი, იმიტომ რომ ათეული წლების მძიმე მოვლენებმა გამოიწვია გარკვეული შედეგები ჩვენს გონებაში და ხელისუფლება აგრძელებს ამას. სამწუხაროდ, განათლების სისტემა ხელს არ უწყობს საზოგადოებაში ანალიტიკური უნარების განვითარებას. ბოლო პერიოდში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამოჩნდა ძალიან ჯანსაღი ანალიზი მქონე ახალგაზრდობა, რომელმაც იცის, რა უნდა მათ, რისთვის უნდა იბრძოლოს და თავი დადოს. საბედნიეროდ, ეს მოვლენები მაფიქრებინებს, რომ საზოგადოების დიდ, ახალი თაობის ნაწილში ეს აგიტაცია ვეღარ გაჭრის.
ის უსუსური მცდელობა, რომ ფეხბურთში ევრო 2024-ზე ჩვენი ნაკრების წარმატება „ქართულ ოცნებას“ გამოეყენებინა მათი წინასაარჩევნო ინტერესებისთვის, როგორც ვნახეთ, არ გამოვიდა. ძალიან უჭირთ, რომ ამის გამოყენებაც თავის სასარგებლოდ სცადეს. მათ იციან, რომ უდაბლესია „ოცნების“ რეიტინგი. გაზომილი აქვთ, ალბათ, ბევრჯერ საზოგადოებრივი აზრი.
26 ოქტომბრის არჩევნებზე გვექნება ძალიან მძიმე ვითარება. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერზე წავა, ყველა ღონეს იხმარს, უკანონოს, უზნეოს, დაუშვებელსაც კი, ოღონდ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომ ყურადღებით უყურებს ყველა გონიერი მოქალაქე, ოპოზიციასაც აკვირდებიან, რას და როგორ მოქმედებენ, როგორ აანალიზებენ სიტუაციას. თუ არ გვეყოლება გონიერი, ჭკვიანი, ზომიერი და გამჭრიახი ოპოზიცია, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარესაც ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელიც ოპტიმისტური განწყობის საფუძველს შეგვიქმნის საარჩევნოდ.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა? როგორ და რა ბერკეტებით უნდა შეძლოს ოპოზიციამ „ოცნების“ დამარცხება არჩევნებზე?
_ მე რომ ეს ფორმულა მქონდეს, მე რომ ამის გასაღები მქონდეს, შუბლზე ამოვიტვიფრავდი და ასე ვივლიდი, რომ ყველას წაეკითხა. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეს ფორმულა არავის აქვს, იდეის დონეზეც არ არის. ერთადერთი შეიძლება ვისურვოთ, რომ ოპოზიციამ თავისი რიგები გაწმინდოს ძველი ხალხისგან, რომელიც ზედმეტად ეჩხირება თვალში მოსახლეობას და ზედმეტად ნეგატიურ განწყობებსაც კი იწვევს. ვისურვებდი, რომ სამზე მეტი ოპოზიციური გაერთიანება არ იყოს. რაც მთავარია, მათში საზოგადოებამ უნდა დაინახოს წესიერი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანები, მაგრამ ძალიან მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ ეს ადამიანები საზოგადოებამ გაიცნოს. ხოლო ვისაც იცნობს, უახლოესი გამოცდილებიდან, არც ერთის მიმართ საზოგადოებას არ აქვს ის დამოკიდებულება, რომ მზად არის ხმა მისცეს და გაჰყვეს ოთხი წლის მანძილზე.