QronikaPlus
გიორგი გუგავა: „არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა ივანიშვილისთვის საჩუქარი იქნება“

გიორგი გუგავა: „არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა ივანიშვილისთვის საჩუქარი იქნება“

2024-07-10 10:16:30

შორენა მარსაგიშვილი

ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა შეცვალოს ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო რუსეთის ნაწილი გახდება. გუგავა ამბობს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამის მიუხედავად, უარს აცხადებს დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლაზე. მისი თქმით, ასე ლეიბორისტები ამომრჩეველს დაკარგავენ.

რა მინუსები აქვს დიდ ოპოზიციურ ერთობას? ვის და რატომ არ ენდობიან ლეიბორისტები? როგორ უპასუხებს დასავლეთი ივანიშვილის ღიად რუსულ პოლიტიკას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არანაირი სანქციების არ ეშინია და არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის აღებულ კურსს. თქვენი აზრით, მართლა ასე არ ეშინიათ სანქციების და მართლა ასე არასერიოზულად მიაჩნიათ ამერიკული სანქციები? ამერიკას ივანიშვილის დასანქცირებას პირველები თქვენ სთხოვდით, მაგრამ მაშინ ეს სახუმარო თემად იქცა.

_ ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ სანქციების თემა ჩვენი დაწყებულია და ახლა, როგორც იქნა, ეს დაგვირგვინდა. სანქციები რომ დაწესდა, ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდების აქტიურობა. სწორედ მათ გადააწყვეტინეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასანქციო პოლიტიკა დაეწყო.

პირველი ეტაპი სასანქციო პოლიტიკისა არის სავიზო შეზღუდვები. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრებს უკვე მიუვიდათ შეტყობინებები. ხელისუფლება ამას არ იმჩნევს. აკეთებენ განცხადებებს, რომ არანაირი სანქციების არ ეშინიათ. ამით ისინი ამაგრებენ თავიანთ მხარდამჭერებს, ქვედა ეშელონებს და პარტაქტივს, რათა არ ჩამოეშალოთ ერთბაშად მთელი ძალაუფლება და ხელისუფლება. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებებით შეძლებენ დროებით თავის გატანას. სასანქციო პოლიტიკა გაგრძელდება და უფრო გამძაფრდება.

_ „ქართული ოცნების“ წევრები გარდა იმისა, რომ ამბობენ, სანქციების არ გვეშინიაო, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ სანქციებთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინებები არ მიუღიათ. ამასაც იტყუებიან?

_ რა თქმა უნდა, ამასაც იტყუებიან. მათ რომ შეტყობინებები გაეგზავნათ, ეს დაადასტურა შეერთებული შტატების ელჩმა. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ ამ ყოველივეს მალავს. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ეშინიათ, არ ჩამოეშალოთ მთელი ვერტიკალი. ამ ყველაფერს ცოტა ხანში მოჰყვება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შეზღუდვები ფინანსებზე, აქტივებზე. ამას დაემატა გასულ კვირას გამართული ჰელსინკის კომისიის სხდომა კონგრესში. ისინი სპეციალურ კანონს იღებენ უკვე ამ მიმართულებით. ამათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრება. რომ არა დასავლეთი და განსაკუთრებით შეერთებული შტატები, ჩვენ რუსეთს უკვე გადაყლაპული ვეყოლებოდით. ესენი კიდევ აშშ-ს ლამის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარ მტრად სახავენ.

_ ამბობთ, ამერიკამ ჩვენი სუვერენიტეტი დაიცვაო და ეს მართლაც ასეა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ისინი იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს. ამ შეფასებებზე რას იტყვით?

_ ეს არის უტიფარი ტყუილი. ისინი არანაირ სუვერენიტეტს არ იცავენ. „ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტი პირდაპირ მიჰყიდა რუსებს. კრემლისა და პირადად ამათ ინტერესებში შედის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა. ახლა ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ: ან ქართული სახელმწიფო გადარჩება, შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ან ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქორ-ვაჭარი, ივაჭრებს. ამ სოვდაგარს დახლზე აქვს დადებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა გასაყიდად. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირედ მიიჩნევს უპირველეს ყოვლისა ქართველ ხალხსა და არა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი გამოდის ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტად.

დასავლეთიდან მწვავე შეფასებები და სანქციები გაგრძელდება. იქნება ფინანასური სანქციებიც, რომელსაც განახორციელებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი. ამას მოჰყვება არა მარტო ანგარიშების გაყინვა, არამედ ამათი უძრავ-მოძრავი ქონების, ანუ აქტივების გაყინვა. თუ ვინმე გაბედავს და დასანქცირებულებს ხელს შეუწყობს სანქციების გვერდის ავლაში, არსებობს მეორადი სანქციების ფორმატიც. სანქცირდება ის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს დასანქციერებულ პირებს სანქციების გვერდის ავლაში. რაც მთავარია, ფულის გათეთრების გამო აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები. ასეთი რამე უამრავჯერ აქვთ გაკეთებული ამერიკელებს. ივანიშვილი და მისი კლანი იოლად ვერ გამოძვრება. 

ყველაფერი იმ სტრატეგიით ვითარდება, რაც, თავის დროზე, დასახა ჩვენმა პარტიამ. გახსოვთ, ალბათ, ლეიბორისტების ფრთიანი გამონათქვამი: გარედან სანქციები, შიგნიდან აქციები. გარედან სანქციები და შიგნით აქციები გადატეხავს „ქართულ ოცნებას“ მთლიანად წელში. 

_ გარედან სანქციები არის. შიგნით იყო აქციები, მაგრამ ამ აქციებით ვერაფერს გავხდით.

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ აქციებით ვერაფერს გავხდით. ის სანქციები სწორედ ამ აქციების შედეგია. ამის გარეშე ასეთი დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა არ გვექნებოდა. ეს აქციები თავისი ფორმით და შინაარსით მართლა უპრეცედენტო იყო. უამრავი ადამიანი გამოვიდა გარეთ. სასწაული სულისკვეთება იყო ამ აქციებზე. ეს დასავლეთს არ გამორჩენია და ამიტომ არის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდა შემგუებლობა იმ რეჟიმისა, რომელიც არსებობს.

ახლა აქციების მიმართულებაზე დროებითი ტაიმ-აუტია. აქციები მუდმივად ვერ გაგრძელდება, მაგრამ ახალი აქციების ტალღა აუცილებლად წამოვა. საბოლოო ჯამში, მოვლენები შემდეგნაირად უნდა განვითარდეს _ ამ სანქციებმა და აქციებმა უნდა გამოიწვიოს ამ რეჟიმის რყევა. ეს ვერტიკალი, საბოლოო ჯამში, უნდა ჩამოიშალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარება. უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. მოვლენების ასეთი განვითარება სასიცოცხლოდ სჭრდება ჩვენს ქვეყანას. გართულებები ძალიან სახიფათო იქნება.

_ რამდენად რეალურია, მოვლენები ასეთი სცენარით რომ განვითარდეს? ხელისუფლების განცხადებებს თუ მოვუსმენთ, ისინი არაფრის დამთმობები არ არიან.

_ ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის. ხელისუფლებას ძალიან ეშინია. ამაზე მეტყველებს მისი ყალბი თავდაჯერებულობა. თითქოს არ არსებობს სანქციები და თითქოს ევროკავშირს უფრო დავუახლოვდით. არადა, ევროპა საპირისპიროს ამბობს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გადახედილი იქნება მთლიანად. შიგნითაც დიდი რყევებია და ეს განცხადებები ამაზე მიუთითებს. ცდილობენ, რამენაირად შიგნიდან გაამაგრონ ვერტიკალი. სახავენ რაღაც ამოცანებს. ევროპარლამენტის არჩევნებზე ამყარებდნენ იმედს. ჩატარდა არჩევნები და ჩაფლავდა მათი ეს გეგმა.

_ მაინც ზეიმობენ ამ არჩევნების შედეგებს.

_ ამით ამხნევებენ მომხრეებს და საკუთარ თავს იმხნევებენ. სხვა შემთხვევაში არ მესმის, რატომ ზეიმობენ ამ შედეგებს? ვისი გამარჯვების იმედიც ჰქონდათ, იმათ ვერ გაიმარჯვეს.

_ ახლა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს შეჰყურებენ სასოებით და ტრამპის გამარჯვების იმედი აქვთ.

_ ტრამპს ტყუილად შეჰყურებენ იმედის თვალით. უილსონი, რომელიც ჰელსინკის კომისიაშია, ვისთანაც შეხვედრა ჰქონდა ბატონ შალვა ნათელაშვილს, ტრამპის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაა. საგარეო პოლიტიკას როცა ეხება საქმე, იქ განსხვავებები არ არსებობს. განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით. ჯერ ერთ, ეგეც საკითხავია, გაიმარჯვებს თუ არა ტრამპი, მაგრამ რომც გაიმარჯვოს, საქართველოსთან დაკავშიორებით არაფერი შეიცვლება. ამათ უნდა გაიგონ, რომ ამერიკელებისთვის გეოპოლიტიკაში კომპრომისები არ არსებობს. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ამ საკითხებზე ერთი პოზიცია აქვთ. რესპუბლიკელები უფრო ქორები არიან ასეთ საკითხებთან მიმართებით. ამიტომ ცოტა დაფიქრება არ აწყენდა „ქართულ ოცნებას“. მაგათთვის იქნება უკეთესი, თუ რაღაც-რაღაცებს გააანალიზებენ.

_ თქვენი აზრით, არ აანალიზებენ?

_ კარგად რომ აანალიზებდნენ ამ ყველაფერს, ტრამპის გამარჯვების იმედად არ იქნებოდნენ. შესაძლოა, აანალიზებენ კიდევაც, მაგრამ სინდიკატის ხელმძღვანელ ივანიშვილს ამის თქმას ვერ უბედავენ.

_ ივანიშვილს დასავლეთიც ვერ უბედავს დასანქცირებას. მისთვის ჯერ არ დაუწესებიათ სანქციები.

_ სანქცირებაში მოქცეული ჰყავთ უკვე. დასავლეთის მთავარი მიზანი მხოლოდ ბიძინას დასანქცირება არ არის. აუცილებლად დაასანქცირებენ მაგასაც. ამასთან დაკავშირებით უკვე ღიად მოდის მესიჯები. ევროპიდანაც მალე ვიხილავთ სანქციებს. სანქციების მიზანია, უზრუნველყონ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ტრანზაქცია, რათა შეწყდეს ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ახლაა. ცივი ომის პირობებში ვიმყოფებით. განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკა და ევროპა მტერია, უნდა დასრულდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ერთხელ ასეთი რამ განაცხადა, რომ აშშ და ევროპა დონორია ტერორისტული ძალადობრივი ორგანიზაციისა. ყველაფერი, რა უბედურებაც ხდება მსოფლიოში, ეს ამერიკასა და ევროპას დააბრალეს. ასეთი ანტიდასავლური რიტორიკა, მგონი, კიმ ჩენ ინსაც კი არ აქვს. თავის დროზე, მსგავსი არ უკადრებია ჰუსეინსა და კადაფს.

_ პუტინსაც კი არ აქვს ასეთი ანტიდასავლური რიტორიკა.

_ მართლა, რუსებსაც არ აქვთ ასეთი ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკა. დააკვირდით მათ გამოსვლებს და ნახავთ, მსგავსს არაფერს ამბობენ, რასაც ქოცები კადრულობენ. ასეთი რაღაცები მთავრდება ფატალურად. ეს ხელისუფლება ძალიან მძიმედ დაამთავრებს. ამის გარანტიას გაძლევთ.

_ გარედან რა პროცესებიც მოდის, აშკარაა, რომ მოგწონთ. ქვეყნის შიგნით რა კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს? ოპოზიცია ვერ თანხმდებით ერთიანობაზე. ლეიბორისტები ყოველთვის ამბობდით, რომ არავისთან არ შეხვალთ ალიანსში. რა შანსები გაქვთ ცალკე და რას ფიქრობთ ოპოზიციის საერთო სიაზე?

_ ოლიგარქებისა და მსხვილი ბანკირების პარტიები ერთად უნდა დაჯგუფდნენ. ისინი მემარჯვენეები არიან. მათ აქვთ ნეოლიბერტანიალური ეკონომიკური შეხედულებები. ჩვენთვის ეს მიუღებელია, ისევე როგორც ჩვენი ამომრჩევლისთვის. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დამყარდეს ევროპული სოციალიზმის პრინციპები. ევროპაში ხომ გვინდა? თუ გვინდა, იქ საბაზისო პრობლემები მოგვარებულია. ჯანდაცვის, განათლებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების პრობლემა არ დგას. არის ღირსეული პენსია. ბიზნესი თავისუფალია. ჩვენ, ლეიბორისტებიც, ამ პრინციპების მიმდევრები ვართ. ამის გატარება გვინდა. სხვანაირად არაფერი შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის სათავეში პროდასავლელი ოლიგარქი იქნება თუ პრორუსი?

_ ამაში გეთანხმებით, ოლიგარქი არის ოლიგარქი.

_ პრორუსი ბევრად უარესია, მაგრამ ოლიგარქი არის ოლიგარქი. ქვეყნის განვითარებისთვის, ხალხისთვის, ევროპული მომავლისთვის ზუსტად ის სტანდარტები უნდა დაწესდეს საქართველოში, რაც არის ევროპაში.

_ რომელ სტანდარტებზე საუბრობთ?

_ იქ განათლება უზრუნველყოფილია მთლიანად თავისი კვებით და ტექნიკური საკითხებით. საქართველოში მშიერი ბავშვები გვყავს. საქართველოში გვყავს ბავშვები, რომლებსაც ჩასაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვთ. გვყავს ისეთი ბავშვები, რომლებსაც სკოლის ჩანთა არ აქვთ, არ აქვთ წიგნები და კომპიუტერი. ასეთი ბავშვების რაოდენობა არის მაღალი, სადღაც 30%. ჯანდაცვის სფეროც მოგვარებულია ევროპაში. აბა, რატომ გარბიან სამკურნალოდ ევროპაში? აქ ონკოდაავადებულები წამლებს იხვეწებიან, ქუჩებში დარბიან და აქციებს აწყობენ. წარმოგიდგენიათ, რა ხდება ამ სფეროში? ეს ყველაფერი გადაქცეულია ბიზნესად. ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საქართველოში ჩალის ფასი აქვს. თუ ფული არ გაქვს, მთლიანად განწირული ხარ. ეს უბედურება ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში? ისიც ხომ უნდა მოგვარდეს, საქართველოში მონობა ოფიციალურად რომ არის დაკანონებული.

_ მონობის დაკანონებაში რას გულისხმობთ?

_ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა 500-600 ლარად მუშაობს, რაც მონობის ტოლფასია. ევროპის 27-ვე ქვეყანაში დადგენილია მინიმალური ხელფასი და საქართველოში იცით, რამდენია მინიმალური ხელფასი? თვეში 20 ლარი! ეს მონობაა! ეს არის ჩვეულებრივი მონობის დაკანონება. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ პირველ ეტაპზე საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს და 10 ლარი იყოს მინიმუმ საათში. ეს 2000 ლარი გამოვა თვეში. ასეთი ხელფასით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა.

ამავე დროს, ბიზნესი არ უნდა იყოს მონოპოლიზებული. მსხვილი ბიზნესი საერთოდ რა უბედურებაა?! საშუალო და მცირე ბიზნესები ქნიან აშშ-სა და ევროკავშირში დოვლათს. მათზე მოდის დასაქმების 70%. აქ საშუალო და მცირე ბიზნესი მოკლეს. ეს ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში?! სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში. არ შეიძლება მათი გასხვისება. ამის ნათელი მაგალითია „ჯივიპი“. სტრატეგიული ობიექტი გაასხვისეს და წყალი შეუწყდა მთელ ქალაქს. ასეთი სტრატეგიული ობიექტი უნდა იყოს დაცული და სახელმწიფოს ხელში. ასე რომ ყოფილიყო, თბილისი უწყლოდ არ დარჩებოდა. ამათ ფეხებზე დაიკიდეს და წყლის მილის თავზე ნაგავსაყრელი მოაწყვეს. წიაღისეული უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, როგორც ეს არის სკანდინავიაში. იქედან შემოსავალი მოსახლეობას უნდა ხმარდებოდეს, ამ ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა ნაწილდებოდეს. ამ ქვეყანას იმხელა რესურსი აქვს, კავკასიურ შვეიცარიად იქცევა.

_ აქვს რესურსი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ღარიბ ქვეყნად ვრჩებით.

_ სამაგიეროდ, პარლამენტში გვისხედან მულტიმილიონერები. ის ხალხი გაფულიანდა, ვინც ცალ-ცალი კალოშით მოვიდა. ჩვენ თვალწინ გახდნენ მულტიმილიონერები. არ გაძღა ეს კასტა და ვერც ვერასდროს და ვერაფრით გაძღება. ეს მარტო ივანიშვილის ხელისუფლების დროს არ დაწყებულა. ეს პროცესი დაიწყო წინა რეჟიმების დროს. თანასწორობისა და სოციალური უზრუნველყოფის პრინციპები არის ევროკავშირის მთავარი პრინციპები. ევროკავშირი თუ გვინდა, ამ პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. იქ მთელი სისტემაა სოციალურ-პოლიტიკური; სამართლებრივი მორგებულია ადამიანზე. ჩვენთან ადამიანი არავის აინტერესებს. ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. ფული თუ არ გაქვს, უნდა მოკვდე. ზემოთ ვახსენე ონკოპაციენტები, რომლებიც აქციებს მართავენ იმისთვის, რომ წამალი მიიღონ. აქვთ ამ ადამიანებს აქციების მოწყობისა და ქუჩაში დგომის თავი? მათ მკურნალობა სჭირდებათ. წამალს კი ვერ აძლევენ. ჩვენ ისეთი სისტემა გვინდა, რომელიც ყველა ადამიანს უზრუნველყოფს ჯანდაცვით.

_ დავუბრუნდეთ ოპოზიციის საერთო სიას. თქვენ არ გინდათ ხომ ეს საერთო სია?

_ რა თქმა უნდა, არ გვინდა საერთო სიაში ყოფნა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლად გამოვალთ არჩევნებზე.

_ შეძლებთ დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვას?

_ რა თქმა უნდა, შევძლებთ. ბარიერი ხუთჯერ მეტი რომ იყოს, მაინც გადავლახავთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ.

_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

_ იმიტომ, რომ მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს. ამაში ხელმოწერების შეგროვების დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

_ რა ხელმოწერებს აგროვებთ?

_ ჩვენ ხომ დაგვასანქცირა ივანიშვილის რეჟიმმა და ხელახალი რეგისტრაციისთვის ხელმოწერები გვჭირდება. ვაგროვებთ ამ ხელმოწერებს და ვხედავთ, რომ წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭრა გვაქვს. უბრალოდ, მსხვერპლი ვართ გაყალბების სისტემის. ივანიშვილი გადამტერებული გვყავს. კარდაკარ დადიოდა და გვლანძღავდა. ჩვენ წინააღმდეგ პერსონალურ გაზეთებს არიგებდა. გადაცემებს გვიწყობდნენ, დავალებული ჰქონდა სუსს, ესენი ჩაძირეთო. დანარჩენი ოპოზიცია მშვენივრად თანამშრომლობს ივანიშვილთან.

_ კონკრეტულად ვინ თანამშრომლობს ივანიშვილთან?

_ ვინც ახლა პარლამენტშია. პარლამენტში ჯდომა ივანიშვილთან თანამშრომლობაა. ვინ გადაარჩინა 2020 წელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი? მაგათ გადაარჩინეს. ეს დღე ხომ არ დადგებოდა, რომ მაგათ ერთი თვეც გაეძლოთ და ბოიკოტში დარჩენილიყვნენ. ბოიკოტის ერთი თვე იყო საჭირო და არც რუსული კანონი გვექნებოდა და არც ქვეყნის ვექტორი შეიცვლებოდა. მივიღებდით უსაფრთხოების გარანტიებს, მოგვცემდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც მოიტანდა კეთილდღეობას. დღეს ჩვენი ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა და ეს იმ სულწასულობის ბრალია, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოიჩინა. გარდა იდეოლოგური შეუთავსებლობისა, არსებობს ნდობის ფაქტორი. ჩვენ მათ ვეღარ ვენდობით. ერთად ვიყავით მაშინ და ყველამ ნახეთ, მერე რაც გააკეთეს. ამათ ცხრა პარასკევი აქვთ და რა ვიცით, რას მოიფიქრებენ უცებ. რამდენჯერმე საჯაროდ მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომ გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ შევიდნენ. ასეთ პირობის გამტეხ ხალხს ვეღარ ვენდობით. გროშის ფასი ჰქონია ამათ დადებულ პირობას. ეს ჩვენმა ამომრჩეველმაც იცის და ამიტომ არ ითხოვს გაერთიანებას. საკმარისია ვინმესთან გავერთიანდეთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავკარგავთ. გავიდეთ ცალ-ცალკე, ეს უფრო ეფექტიანი იქნება.

_ რატომ?

_ არცერთი ხმა არ დაიკარგება. ისინი მართლა უნდა გაერთიანდნენ. ისინი ისედაც ერთი პარტია არიან. გაერთიანება და ერთიანი სია იქნება საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის. ერთი სიით თუ გავა ოპოზიცია, ყველა მოიხარშება ერთ ქვაბში, ყველა მოინათლება „ნაცებად“, მათ მიმართ კი საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ამ ერთიანი სიით  ივანიშვილი მუქთად მოახდენს „ნაცების“ მოწინააღმდეგე ამომრჩევლის მობილიზებას.

გაზიარება