QronikaPlus
ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“

2024-07-10 07:11:09

გიგა გელხვიიძე

„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, თუმცა ასევე გვაქვს რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატავად. ვფიქრობ, უფრო მეტსაც ნახავთ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას სურს. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ეს გამოწვევები, მათ შორის, საქართველოში. ასევე ძალიან ფოკუსირებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებზე, რომლებიც რეალურია“, _ ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებია.

ბლინკენის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში თავისი წარმომადგენელი, შიკრიკი (როგორც მას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უწოდებს) მიავლინა.

ამ განცხადებას სხვადასხვა სახის ინტერპრეტაცია მოჰყვა, როგორც ოპოზიციურ, ასევე სახელისუფლებო ფლანგზე და გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ სწორედ ეს არის გზავნილი აშშ-ის მიერ დაწყებული სანქციების მეორე ტრანშის ამოქმედების თაობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არ იქნება მხოლოდ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებული და პირდაპირ კავშირში იქნება ბიძინა ივანიშვილთან.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის მოახლოებული არჩევნები და ოპოზიციის გადაჯგუფება, „ქრონიკა+“ ესაუბრა საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს:

_ საუბარი უნდა დავიწყო საგარეო პოლიტიკით: აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ბოლო განცხადება აშშ-ში სუსის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა. ეს ვიზიტი მიჩნეული იყო ისე, რომ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩავიდა შტატებში კონკრეტული გზავნილებით საქართველოდან. ხომ არ უნდა ველოდეთ ივანიშვილის სანქცირებას უკვე მეორე ტრანშის შემთხვევაში?

_ ფაქტია, რომ ძალიან მაღალ დონეზეა ასული საქართველოს საკითხი და, რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, განაპირობა ჩვენი მოქალაქეებისა და ახალგაზრდების აქტიურობამ. იცით, რომ რუსული კანონი ეს არის ძალიან სერიოზული წინაღობა ჩვენი ინტეგრაციისთვის და რუსული კანონით ასევე პრაქტიკულად ძალიან სერიოზულად შეირყა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობები. რაც არ უნდა მიღებაზე იარონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და კობახიძემ აშშ-ის თავისუფლების დღეზე, ფაქტია, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, პრაქტიკულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. რა თქმა უნდა, ვინც არღვევს ადამიანთა უფლებს, ჩინოვნიკები, „ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ხმას აძლევენ რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში, ვინც არაფრად აგდებს ჩვენს ინტერესებს და საერთაშორისო პარტნიორების გულითად რჩევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, ასეთი ხალხი, ეჭვი არ მეპარება, რომ კონკრეტულად გარიყულები იქნებიან იმ კლუბიდან, რასაც ჰქვია, ცივილიზებული სამყარო. ვერ გეტყვით, როდის იქნება მეორე სანქციების ტალღა, თუმცა ფაქტია, რომ ამაზე მსჯელობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარეობს. სანქცირება, პრაქტიკულად, არის ბოლო ეტაპი, ამის იქით უკვე წარმოუდგენელია რაიმე სახის ურთიერთობების ან გაღრმავება, ან განვითარება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მაინც აწუხებს აშშ-სთან ასეთი დაძაბულობა. მან იცის, რომ აშშ ეს არის ძლევამოსილი სახელმწიფო, მან იცის, რომ ფინანსურმა სანქციებმა შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მის კაპიტალს და იმ აქციებს, რომლებიც მას აქვს დასავლეთში და ასევე, როგორც ჩანს, მაინც ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ამ ურთიერთობებით ითამაშოს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ წარმოუდგენელია რამე სახის ნორმალური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებასთან“.

_ ეუთოს დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ და ასევე განცხადებები გაკეთდა „ოცნების“ სატელიტი პარტიების („ხალხის ძალა“) მხრიდან, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა არც „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რამაც გაამყარა ის მოსაზრებები, რომლებიც, როგორც ისინი ამბობენ, უკვე დიდი ხანია არსებობს, თითქოსდა დასავლეთი არის გარკვეული სახის პრობლემა, საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილში _ როგორია თქვენი შეფასება?

_ სხვათა შორის, არ მიკვირს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს იმ რეზოლუციებს, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტსა და ზოგადად მნიშვნელოვან პოსტულატებზე აღებული, რომელიც არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. ჩვენ რატომ გვინდა ევროპის კავშირი და დასავლეთთან ინტეგრაცია? იმისთვის, რომ გვქონდეს უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, აღარ ვიყოთ რუსეთის დარტყმის ქვეშ, დეზინფორმაციის ქვეშ. ამიტომ ხელისუფლება, რომელიც რუსულ გავლენებს აძლიერებს, არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს იმ რეზოლუციებსა და შეფასებებს, რაც რეზოლუციაშია მოყვანილი და სადაც გამოხატულია შეშფოთება. აქედან გამომდინარე, არ გამკვირვებია, რომ „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა, რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი „ქართული ოცნების“ მიმართ არის ცალსახა.

_ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა. გვესმის სხვადასხვა მოსაზრება, ერთიანი სიის საკითხი, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ ვერ იქნება მომგებიანი და ახლა მივედით ოპოზიციურ დაჯგუფებებამდე, რომელთა საბოლოო კონფიგურაცია სწორედ დღეს, 8 ივლისს გახდება ცნობილი. რა არის თქვენი გადმოსახედიდან ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ფორმულა?

_ საერთოდ ვფიქრობ, რომ თუ რამე არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის კონფიგურაციაზე ლაპარაკი. ეს ყველაფერი უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკოსებმა და შემდეგ გადაწყვეტილება უნდა გავაცნოთ ადამიანებს. გამარჯვების ფორმულა ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ადამიანებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი საფრთხე ამ ქვეყნისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის გამარჯვება და რატომ უნდა იყვნენ აქტიურები არჩევნებზე _ ეს მიმაჩნია გამარჯვების ფორმულად. ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ძირითადად ქალ დეპუტატებთან ერთად და უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ბევრ რეგიონში უჭირთ ოპოზიციის ხილვა. აწუხებთ შეკითხვები, რომელზედაც ვერ იღებენ პასუხებს და მათ არ უნდა ესმოდეთ რაღაც პასუხები ტელევიზორიდან. უნდა მოხდეს ხმების გადაჯგუფება, რომ ოსინი არ დაიკარგოს, მაგრამ ყველს უნდა ესმოდეს, რომ საარჩევნო კამპანია და ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან არის აუცილებლად ჩასატარებელი. ხომ ხედავთ, დიდ ბრიტანეთში ოპოზიციამ მოიგო არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით. 14 წელი მართავდნენ კონსერვატორები და ახლა მოვიდნენ ლეიბორისტები, ამიტომ ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ იქნება აქტიურობა და სურვილი.

_ საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციურ ფლანგზე აქტიური განხილვის თემაა. განსაკუთრებით კი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართულებით. პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთო ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ ზურაბიშვილის დასახელება, მით უფრო ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, რის ფონზეც მისმა რეიტინგმა მოიმატა და ამის დასტური ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელების დაჯილდოებაზე, როდესაც საზოგადოებას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა პრემიერ კობახიძის სცენაზე ასვლის დროს, ხოლო ზურაბიშვილის მიმართ _ პირიქით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მომგებიანი იქნება ოპოზიციისთვის?

_ პრეზიდენტად შესაძლებელია, თუმცა პირადად პრემიერ-მინისტრადაც დავასახელებდი. სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ის არის გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა საკუთარი თანამდებობიდან და სწორი პოზიციიდან გამომდინარე და საინტერესო იქნებოდა. არ ვიცი, როგორ შევთანხმდებით, იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, არ იქნება, ქარტია (სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებული „ქართული ქარტია“) ამას ითვალისწინებს, რომ უნდა იყოს და ამ ქარტიას მიერთებულია ბევრი პოლიტიკური ძალა. სიმართლე გითხრათ, მხარს ვუჭერ მის პრემიერ-მინისტრობასაც, თუმცა ამას სჭირდება, რომ გადადგეს და მთელი რიგი პროცედურები. ვერ გეტყვით, აიღებს თუ არა ის ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამ მოდელსაც დავუჭერდი მხარს.

_ ვინაიდან ვსაუბრობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილზე და საარჩევნო პერიოდზე, უნდა გკითხოთ „ქართულ ქარტიაზეც“, რომელიც სწორედ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა და სადაც ასახულია, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს მთავრობა. ამ შეხედულებას ბევრი არ იზიარებს ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებს ისინი მხარს უჭერენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია მთავრობის დაკომპლექტების ზურაბიშვილისეული ფორმატი?

_ რატომაც არა, შესაძლებელია რაღაც რეფორმების განმახორციელებელი კონკრეტულად რეფორმატორთა ჯგუფი იყოს, რომელიც აქტიურად არის პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი. ადამიანების კონსენსუსის ნაწილი უნდა იყოს ეს ხალხი, ისე არ შეიძლება და ამაში უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა. პოლიტიკოსების ჩართულობის გარეშე მთავრობის დაკომპლექტება ვერ მოხერხდება, თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, უნდა მოვიგოთ არჩევნები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

_ 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე მეტად გამორჩეულია ამ წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისგან და მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბოლო პერიოდში საუბარია ერთგვარი ზონდერჯგუფების მობილიზებაზე წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს. კონკრეტულად ამის ერთგვარ მტკიცებულებად გერმანიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის ფოტოებია, სადაც აღბეჭდილია, რომ ისინი პუტინთან საკმაოდ დაახლოებულ პირს, UFჩ-ს (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ყოფილ ჩემპიონს, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვს ესაუბრებიან. გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ქართველებით დაკომპლექტებული ზონდერჯგუფების გარდა, რომლებსაც დღესაც ვხედავთ, კიდევ იქნებიან სხვები და ამ შემთხვევაში უცხოელები?

_ კატეგორიულად არ ვეთანხმები ასეთ განცხადებებს. არ მაქვს ინფორმაცია და ვერ გეტყვით, მაგრამ ვერავითარი ზონდერჯგუფები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადაარჩენს. ვინ უნდა გადაარჩინოს ან რა ჰგონიათ, რომ საქართველო და ქართველები ის ხალხია, რომ აქ ასე იარონ ზონდერებმა და ჩვენი მოქალაქეები სახლში დაიმალონ? არავითარ შემთხვევაში! ეს ვერ მოხდება. არჩევნები ჩატარდება და მოიგებს საქართველოს მოქალაქეების ნება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვერავითარი ზონდერჯგუფი ვერ გადაარჩენს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ უნდა მოვერიდოთ, რომ რაიმე სახის შიში კიდევ უფრო გავამძაფროთ. უნდა ვიყოთ მტკიცეები ჩვენს გადაწყვეტილებასა და ხმების დაცვაში.

_ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდ იმედებს ამყარებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბევრჯერ მოვისმინეთ განცხადება უმრავლესობის წარმომადგენლებისგანაც ამის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, რომ მოხდეს ცვლილება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოზე?

_ სრული სისულელეა. ჯერ ერთი, არჩევნები ჩვენთან ტარდება 26 ოქტომბერს, იქ არის ნოემბერში. ამერიკის საგარეო პოლიტიკა ძალიან იშვიათად იცვლება, მიუხედავად რაღაც გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიების ცვლილებისა. ორპარტიული აქტები არის დარეგისტრირებული სენატსა და კონგრესში, ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს ყველაფერი. ეს არის ზედმეტი რაღაც მოლოდინი, რომ ვიღაცა მოვა და გადაგარჩენს. არავინ არ მოვა, ჩვენი გასაკეთებელი თავად უნდა გავაკეთოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ თუ საქართველოში იქნება დემოკრატია და ყველაფერი ჩატარდება საქართველოს მოქალაქეების გათვალისწინებთ, არ მგონია, რომ რაიმემ ხელი შეუშალოს ჩვენს მშვიდობას, უსაფრთხოებას, პირველ რიგში ევროკავშირში. ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ პირველ რიგში. „ქართული ოცნება“ ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ მთავარია, მოქალაქეებმა იაქტიურონ არჩევნებზე.

_ იმყოფებოდით რეგიონებში, სადაც შეხვდით მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. საუბრის ძირითადი თემა იყო რუსული კანონი. როგორ ესმით რეგიონებში რუსული კანონი მოქალაქეებს და რა საფრთხეებს ხედავენ მასში ან თუ არ ხედავენ საფრთხეს, რას ამბობენ ამის საპირწონედ?

_ ცალსახად ნეგატიურია დამოკიდებულება, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია ჩასატარებელი. ბევრ ადამიანს ეხება ეს კანონი. ეს ეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების ორგანიზაციებს, შშმ პირების ორგანიზაციებს და მათი დახმარების პროექტებს, აივ ინფექციის პრევენციის პროექტებს და ბევრი ადამიანი დარჩება დახმარების მიღმა. ეს ესმით ადამიანებს პირველ რიგში. ახლა შეიძლება პასიური პერიოდია, რადგანაც ზაფხულია, მაგრამ სექტემბრის დასაწყისიდან ხელისუფლება დაიწყებს იმის დავალდებულებას, რომ ყველა დარეგისტრირდეს (უცხოური გავლენების აგენტებად). ვფიქრობ, ადამიანებს ძალიან სწორად ესმით, რომ რუსული კანონი არის დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

_ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როდესაც შემოვიდნენ ადამიანები, კონკრეტულად კი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ ან მკვეთრად გამოხატული აქვთ დადებითი პოზიცია ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მიმართ, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბლოგერები და პროპაგანდისტული მედიასაშუალების („ზვეზდა ტვ“) წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აქციების მსვლელობისას. ამის ფონზე ასევე მრავალი შემთხვევაა, რომ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ვერ შემოდიან ქვეყანაში და არც მიზეზს განმარტავენ, თუ რატომ არ უშვებენ. როგორ აფასებთ ამ ფაქტს და ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ ადგილი ჰქონდეს კრიტიკულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტს საქართველოდან, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმს გაურბიან?

_ საერთოდ მგონია, რომ ეს რეჟიმის ავტოკრატიისკენ სწრაფვას გამოხატავს, რადგანაც არიან ადამიანები, რომლებიც იდევნებიან პუტინის რეჟიმისგან, ესენი ძირითადად არიან აქტივისტები და ერთი და ორი შემთხვევა არ არის, როცა მათ არ უშვებენ საქართველოში. მაგალითად, მათ შორის პრობლემურია ადამიანის უფლებების დამცველი ბევრი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შემოსვლა, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგანაც საქართველო ყოველთვის იყო დემოკრატიისა და ამ რეჟიმთან მებრძოლი ადამიანების თავშესაფარი. მაშინ, როდესაც ათასობით მოქალაქეს უშვებენ და კაცმა არ იცის, ვინ შემოდის და ვინ გადის, ხოლო კონკრეტულად ამ ადამიანებს არ უშვებენ, რა თქმა უნდა ეს, გარკვეულწილად, ბევრ ეჭვს ბადებს.   

გაზიარება