- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-06-27 02:58:15
გიორგი საკარული
არჩევნები ახლოვდება და პარტია „ახალის“ წევრები უკვე აქტიურ შეხვედრებს მართავენ რეგიონებში. პარტიის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული ღირებულებები.
როგორ აპირებს პარტია „ახალი“ მმართველი გუნდის დამარცხებას? ითანამშრომლებს თუ არა ის სხვა პარტიებთან? ჩაახშობენ თუ არა მოძალადე ჯგუფები ოპოზიციურ განწყობას საზოგადოებაში? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი:
_ დიმიტრი, როგორც ვიცი, „ახალის“ გუნდმა უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. როგორი განწყობით გხვდებათ ხალხი რაიონში? მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციაში ვერ ხედავს ძალას, თუ ვისზე შეაჩეროს არჩევანი. ამასთან, ხალხის დაკვეთა არის ოპოზიციის გაერთიანება. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და თუ არა, ამ შემთხვევაში რა შანსები აქვს ოპოზიციას „ოცნების“ წინააღმდეგ?
_ ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია და ვიყავით თერჯოლაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ხობში, ბათუმში, ასევე ვიყავით შუახევში. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით, ვისაუბრეთ. განწყობა ამაღლებულია, ეს ადამიანები მზად არიან ცვლილებებისთვის, ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ამ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის ევროპული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშაა. რუსეთი რომ მტერია, რეგიონებში კარგად იციან, არ უნდათ, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარი იყოს და მტერს ვეძახდეთ აშშ-სა და ევროკავშირს. საზოგადოება ძალიან კარგად იაზრებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. ხალხი თავადვე ამბობს, _ დაარწმუნებენ ახლობლებს, რომ აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და სწორი არჩევანი გააკეთონ. მათთან საუბრისას საერთო სია და გაერთიანება არ იყო პრიორიტეტი, ამაზე საერთოდ არ უსაუბრიათ მათ. მათთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საზოგადოებას დაანახოს, რომ ისინი აპირებენ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვისმინეთ მათი წუხილი, პრობლემები, რაც ძალიან ბევრია დაგროვილი განსაკუთრებით რეგიონში და ეს პროპლემები არ გვარდება. გასაგებიც არის, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ერთეულები მდიდრდებიან, ხალხი კი ღარიბდება.
ამიტომ ვაპირებთ, რომ გავიდეთ სხვადასხვა რეგიონში, ქალაქებში, ვაპირებთ შევიდეთ ყველა ოჯახში, შევიტანოთ ჩვენი იდეა, ვესაუბროთ ახალგაზრდობას, მოვიპოვოთ მათი ნდობა და გავაცნოთ ჩვენი ხედვები. ამის შემდგომ უკვე მოვემზადებით საარჩევნოდ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. რასაც ვუყურე, ვუსმინე და რა განწყობაც წამოვიდა საზოგადოებისგან, მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის 26 ოქტომბერს დამთავრდება და დავრწმუნდი, რომ პარტია „ახალი“ ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამაში.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება? თქვენ აღნიშნეთ, რომ მთავარია, ნდობა მოვიპოვოთ ამომრჩევლისო. როგორ და რა გზებით აპირებთ ხალხის ნდობის მოპოვებას? რა არის თქვენი მთავარი დაპირება? რატომ უნდა ენდოს საზოგადოება პარტია „ახალს“?
_ ჩვენ ახალი პარტია ვართ, ბევრმა ადამიანმა შეიძლება არც იცის ჩვენ შესახებ, ამიტომ ყველას უნდა გავაგებინოთ. ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ღირებულებებით და პრინციპულობით. ისინი არასოდეს მიდიან მორალურ კომპრომისზე და ეს დადასტურდა. ვინც არიან წლების მანძილზე პოლიტიკაში, მათ საკუთარი ინტერესები აქვთ და ისინი იცავენ ამ პრინციპებს და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი ახალი სახეა პარტიაში, ისინი არიან პროფესიონალები თავის საქმეში და სუფთა ადამიანები. რაც მთავარია, ძველისა და ახლის შერწყმით ჩვენ მივიღებთ გუნდს, რომელსაც შეუძლია არა მარტო შეცვალოს ხელისუფლება, არამედ მართოს ქვეყანა, ქვეყნის მომავალი წაიყვანოს ევროკავშირისკენ და საბოლოოდ მივიდეთ იქამდე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც მოსახლეობის სრული უმრავლესობის დაკვეთაა.
ის ბრაზი, რაც დაგროვდა ბოლო დროს, არჩევნებამდე უნდა მივიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე, ვიდრე ელოდება ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რეგიონებში ხალხთან სიარული გადამწყვეტია, ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხთნ ერთად და ხალხთან ერთად უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. თუ ვინმესთან უნდა გავერთიანდეთ, ეს უნდა იყოს ხალხი და ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრინციპები, ღირებულებები, რომლებსაც სურთ ოლიგარქების დამარცხება, რომლებსაც არ სურთ ფულის გავლენების ქონა ხელისუფლებაში. პარტია „ახალი“ იქნება სწორედ ამის ავანგარდში და დარწმუნებული ვარ, რომ ნომერი 4 გახდება ივანიშილისა და რუსული ხელისუფლების დამარცხების სიმბოლო.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, ესენი ხომ ასე მარტივად არ დათმობენ ხელისუფლებას?
_ ივანიშვილს რომ ძალაუფლების დათმობა არ უნდა, ეს ჩანს. მისი თითოეული ქმედება რუსული კანონის შემოღებისას, აქციების მიმდინარეობის დროს ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, რომ ადამიანებს ხვდებოდნენ სახლთან, თავს ესხმოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ნახევარ საქართველოს დაურეკეს და აგინეს, ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურს ძალაუფლების დათმობა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალაუფლების წყაროა ხალხი, როგორც გადაწყვეტს ხალხი, ისე იქნება. თუ ჩვენ შევძლებთ და დავარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მივიდნენ არჩევნებზე და თუ იმაზე მეტი ადამიანი მივა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ელოდება, ისინი ვერ შეძლებენ ვერანაირ გაყალბებას. ჩვენ შეგვიძლია, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ, ის 200 000 ადმიანი, რომელიც ქუჩაში იდგა, არიან ისინი, რომლებიც ამას შეძლებენ. ისინი დაარწმუნებენ საკუთარ მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, რომ არჩევნებზე მივიდენ. სწორედ ისინი დაასრულებენ რუსულ ხელისუფლებას. ამაში ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი. ვაპირებთ ისევ ვესაუბროთ საზგადოებას. „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც პროპაგანდით ელაპარაკოს ხალხს და რაც არ გამოუვიდა რუსულ კანონთან მიმართებით, ზუსტად ისე უნდა გავაგრძელოთ და მათ მიერ მოწყობილ ყველა პროვოკაციას გავცეთ სათანადო პასუხი 26 ოქტომბერს.
_ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?
_ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა საარჩევნო პერიოდში არ არის გამორიცხული, მაგრამ საერთო სიასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რომელიც იქნება მყარი და რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ერთიანი სია არის გამარჯვების ფორმულა. მიგვაჩნია, რომ ადამიანებს უნდა დავუტოვოთ არჩევანის საშუალება და უნდა მოხდეს გაერთიანებები ღირებულებებთან დაკავშირებით და არა უბრალოდ გაერთიანება გაერთიანებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არ მუშაობს. ამავდროულად, პარტიებმა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, უნდა იფიქრონ გამსხვილებაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში, არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. ყველამ უნდა შეძლოს ბარიერის გადალახვა. ესეც ერთ-ერთი ფორმულაა გამარჯვების. საუბარი შეიძლება, არგუმენტების მოსმენა, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს მყარი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო სიით გასვლა არის ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების ფორმულა.
_ თქვენ ახსენეთ ფიზიკური ანგარიშსწორება. ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ ამ ყველაფერმა მასობრივი სახე მიიღო: ოპოზიციის წევრებს ხვდებიან სადარბაზოებთან, არის ცემა-ტყეპა. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ დააშინებს ხალხს და ხომ არ ჩაკლავს ოპოზიციურ განწყობებს საზოგადოებაში?
_ ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ მოსვლია, ეს სენი ჩვენს ყველა ხელისუფლებას სჭირს ხოლმე, როდესაც ისინი ასრულებენ ხელისუფლებაში ყოფნას. მათ ეშლებათ ერთი რამ, რომ ქართველი ხალხის დაშინება შეუძლებელია და ამ დაშინებაზე პასუხი არის ხოლმე ის, რომ ხელისუფლებას აშორებენ ასეთ პარტიებს და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ის, რომ „ოცნებამ“ და ივანიშილმა შეძლონ ქართველი ხალხის დაშინება, არა მგონია და ვერ დავიჯერებ. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ძალადობას მიმართავდა ხელისუფლება, მეორე დღეს უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა. არ არსებობს დაშინება, რომელიც გატეხს ქართველს. ეს არც ერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია. ჩვენ არ ვართ რუსეთი, რომ მსგავსი მეთოდებით შეძლოს ვინმემ ძალაუფლების შენარჩუნება. ძალიან კონკრეტული პასუხი იქნება ამ არჩევნებზე, როდესაც „ოცნება“ დამარცხდება.
_ მინდა შევეხო სანქციების თემასაც. დასავლეთი ამბობს, რომ დავაწესეთ სანქციები, „ოცნების“ წევრები კი ამბობენ, რომ ჩვენ არანაირი სანქცია და შეტყობინება არ მიგვიღიაო. როგორ ფიქრობთ რამდენად აშინებთ ეს სანქციები და რამდენად სერიოზულად უყურებენ მმართველ გუნდში ამ პროცესს?
_ მათ ძალიან აღელვებთ ეს ფაქტი, რადგან თუ ვინმეს შვილები სწავლობენ ამერიკასა და ევროპაში, არიან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ვინმე ისვენებს, მოგზაურობს და შოპინგზე დადის, არიან სწორედ მათი შვილები და ახლობლები. სამწუხაროდ, მათ შვილებსაც მოუწევთ იმ ქვეყნების დატოვება, რომლებსაც „ოცნების“ წარმომადგენლები მტრად მოიხსენიებენ. რაც შეეხება იმას, რომ სანქციებს უარყოფს „ოცნება“, ძალიან კარგად მესმის მათი, რადგან მათი ამომრჩევლის უმეტესობა არის პროდასავლური. ახლა თამაშობენ, რომ „ოცნება“ პროდასავლური პარტიაა და ამით ცდილობენ, საკუთარი ამომრჩეველი დაამაგრონ, რომ არ გაექცეთ. აას ვერ შეძლებენ. როცა სანქცირებული ადამიანი გეუბნება, რომ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს გააღრმავებს, ცოტა უცნაურია, თავად ვერ შევლენ ამერიკაში და ცოტა ხანში ევროკავშირში და ასეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ?
ასეთ საუბრებს მალე საბოლოო პასუხი გაეცემა, ყოველდღიურ რეჟიმში ამ საუბრებს ჩვენი პარტნიორები სცემენ პასუხს. არ მგონია, რომ „ოცნებას“ ეს პროპაგანდა დიდი ხანი გაუვიდეს, ასეთი საუბრით ისინი მოქმედებენ თავის ამომრჩეველზე და ამაგრებენ მათ. დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ძალიან ნერვიულობს ამ სანქციებზე. შეზღუდვები არა მგონია, ვინმესთვის არ იყოს სანერვიულო. მე რომ დამაკავეს „ოცნების“ პირობებში და ყადაღა დამადეს, საბანკო ბარათის გამოყენება არ შემეძლო, აბსოლუტურად მოწყვეტილი ვიყავი ყველაფერს. ჩემი აზრით, ძალიან ნერვიულობენ ისინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
_ „ოცნებამ“ უკვე მიიღო რუსული კანონი. როგორ ფიქრობთ, არჩევნების წინ როგორ გამოიყენებს ხელისუფლება ამ კანონს?
_ ეს კანონი პრობლემაა მთელი ქვეყნისთვის და ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც გვითხრეს. „ოცნება“ რუსული კანონით ცდილობს, ყველაფერი გააჩეროს და გააჩუმოს. ეს უკვე გაიარა რუსეთმა და ვნახეთ, რაც არის იქ და ზუსტად ასეთი მმართველობა სურს ივანიშვილს, მაგრამ ვერ შეძლებს, რადგან საქართველო არ არის რუსეთი.
_ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შესაძლოა საქართველოს საელჩო გაიხსნას. რამდენად გაბედავს და გადადგამს მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს?
_ არა მგონია, მსგავსი რამ მოხდეს. ძალიან კარგად იციან ხელისუფლებაში, რომ მსგავსი ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გაუჭირდებათ. გვახსოვს აფხაზეთთან დაკავშირებით სარკინიგზო მიმოსვლაზე იყო საუბარი და ესეც საუბრადვე დარჩა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს, ოღონდ ეს გააკეთოს საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად, მაგრამ არა მგონია, ქართველმა ხალხმა აპატიოს რუსული კანონი. წარმოუდგენელია, ვინმე მსგავსს ფაქტს შეეგუოს. რუსეთი რომ არის მტერი საქართველოსთვის, ეს ძალიან დიდი ხანია იცის ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხმა იცის მტრისა და მოყვარის გარჩევა. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა იძახოს, რუსეთს ვერ გახდის ჩვენს მოკავშირედ და მეგობრად. დანარჩენი უკვე 26 ოქტომბერს არჩევნებზე გახდება ცნობილი.