- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-05-30 05:16:45
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ საქართველო დასავლეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტის ზღვარზე მიიყვანა. აშშ-მ საქართველოს მმართველი ელიტისა და ძალოვანი უწყებების პასუხისმგებელი პირების მიმართ დააანონსა სანქციები, რასაც ერთგვარი პრევენციული მიზანი აქვს, რომ მმართველმა ძალამ შეისმინოს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნა და უარი თქვას რუსულ კანონად წოდებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საბოლოოდ მიღებაზე, რაც საქართველოს ავტორიტარული ქვეყნების რიგში ჩადგომას უქადის.
რას აპირებს „ქართულ ოცნება“? დარჩა თუ არა მმართველ ძალაში შექმნილი ვითარების ადეკვატურად შეფასების რესურსი და რა ამოცანას უსახავს შეცვლილი რეალობა ოპოზიციას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს:
_ ჩვენ გვაქვს მძიმე ვითარება, სადამდეც მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. ფეხს ითრევდა დასავლეთი, ვინაიდან დასანქცირება სახელმწიფო თანამდებობის პირებისა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე და საინვესტიციო მიზიდულობაზე. შემდეგ ამ სანქციებს მოჰყვება, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის სხვა სანქციები. მთავრობები, რომლებიც განუდგებიან საკუთარ ხალხს, ისჯებიან. ამ დასჯის ერთგვარი ფორმა არის დახმარებების შეწყვეტა. სამწუხაროდ, უგუნური მთავრობა ვნებს უკვე საკუთარ ხალხსაც. ახლა უკვე პირველი ეტაპია, კიდევ და კიდევ გამკაცრდება ვითარება, მძიმე რეალობაში ჩავარდება „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი, ვინც რუსულ კანონს დაუჭირა მხარი, ვინც ახალგაზრდებს აპატიმრებდა, არბევდა, ქუჩაში სცემდა. ეს არის პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი. ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს მკაცრი სანქციები, იგივე ვენესუელის, ნიკარაგუის ან ბელარუსის მაგალითზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან „ოცნების“ ლიდერები, რა თქმა უნდა, ივანიშვილი პერსონალურად და მისი ოჯახიც.
_ კონგრესსა და სენატში დაინიცირდა კანონპროექტები, რომლებიც სანქციების უფრო ვრცელ პაკეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ სავიზო შეზღუდვებია, რას იტყვით ამის შესახებ?
_ რა თქმა უნდა, სენატსა და კონგრესში მიმდინარე პროცესები, ისევე როგორც ევროპარლამენტსა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების პარლამენტებში, რომლებიც რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, იმის მანიშნებელია, რომ უკვე მოთმინების ფიალა აივსო და არავის მისცემენ უფლებას, რომ საქართველო კვლავ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და დაკარგოს დამოუკიდებლობა. ამას არ დაუშვებენ არც დასავლელი პარტნიორები და არ დაუშვებს ქართველი ხალხი. სანქციები არის ამის ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ფორმა, ამას მოჰყვება ასევე გამკაცრება. რომ არა ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებები, სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური, ის მრავალმილიარდიანი დახმარებები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში 90-იან წლებში, როცა ქვეყანას უჭირდა, ასევე 2008 წლის ომის შემდეგ, პანდემიის დროს, ჩვენი ბიუჯეტის ნახევარი, ფაქტობრივად, უცხოეთიდან იყო შევსებული, ვერც ვაქცინას ვიყიდიდით, ვერც ტესტებს და ვერც სხვა რამეს. ეს ყველაფერი დასავლეთის მხარდაჭერით ხდება, თორემ დღეს არც სახელმწიფო გვექნებოდა და არც ლარი იარსებებდა. როდესაც ასეთი მეგობრების წინააღმდეგ ილაშქრებ, ეს არის ღალატი, სხვა სიტყვა არ უნდა ვუწოდოთ ამ ხელისუფლებას, „მოღალატე“ _ მხოლოდ ამ სიტყვით უნდა მოვიხსენიოთ. მოღალატეებს შემდეგ სჯის ისტორია.
_ თავიდან, როდესაც მმართველმა ძალამ დაიწყო ანტიდასავლური განცხადებების კეთება, ეს გვიკვირდა, შემდეგ ასე თუ ისე შევეჩვიეთ, მაგრამ ახლა ეს ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, ისინი უკვე ყველანაირ უარყოფით ტერმინს იყენებენ დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ისინი პაიკებიც კი არ არიან. პაიკი ხანდახან გაიბრძოლებს და ზოგიერთი პაიკი ლაზიერიც კი ხდება ან ცხენი ხდება ან _ კუ. ესენი არიან მარიონეტები და პოლიტიკური ჭიაღუები. ჭიაღუებს არ აქვთ ტვინი და ასე მოძრაობენ უღირსი ადამიანებიც. ივანიშვილს კარგად სცოდნია სელექცია, კარგად შეარჩია ადამიანები, რომლებსაც არავითარი მორალური პრინციპები არ გააჩნიათ და ელოდებიან ერთადერთ რამეს _ ივანიშვილის მორჩილებით იშოვონ ფული. მივმართე განცხადებით დეპუტატებს, რომ არ დაუჭირონ მხარი ვეტოს დაძლევას. 10 კაცი არის საჭირო, რომ არ მისცენ ხმა და ეს კანონი ჩავარდება. ექვსმა კაცმა არ დაუჭირა გასულ წელს მხარი ამ კანონს, კი დასაჯეს ისინი, გაყარეს პარლამენტიდან, თუმცა პოზიციებზე გადაიყვანეს, მაგრამ ხომ მოხდა ერთხელ პატარა გაბრძოლება? როგორ ვერ უნდა მოიძებნოს უმრავლესობის 85 დეპუტატიდან თუნდაც 10 წესიერი ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს და ქვეყნისა და თავისი ოჯახის ინტერესებს დააყენებს ერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებზე მაღლა და სამშაბათს მხარს არ დაუჭერს აგენტების რუსულ კანონს? ამით თავსაც გადაირჩენს სამუდამო სირცხვილისგან და მოღალატის დამღისაგან და ქვეყანასაც დაუტოვებს შანსს. მე მათ მივმართე, დაძლიონ შიში და ნუ დაემსგავსებიან პატარა თაგვს, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია. ნუ ჰგონიათ, რომ ის ერთი კაცი ყველაზე დიდია. ჩაიხედონ სარკეში, გაიღიმონ და ხმამაღლა თქვან: არა, რუსულ კანონს!
_ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადადგა, რამდენიმე დღის წინ კი პოსტი დატოვა გენერალურმა პროკურორმა. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ამ ცალკეულ შემთხვევებს სხვებმაც მიბაძონ?
_ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი, ღირსეული ადამიანი გამოდგა, ერთი თვის წინ მას ნათქვამი ჰქონდა სამინისტროში, რომ გადადგებოდა რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად. ის წავიდა პოსტიდან შეგნებულად, როგორც ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი.
ღაც შეეხება გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ის კი არ გადადგა, არამედ გააგდეს. Mას არჩევნების შემდეგ ვადა ერთ წელიწადში ეწურებოდა. ეშინიათ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, უნდათ, ამ პროცესს მათ მიერვე დანიშნული გენერალური პროკურორით შეხვდნენ. შოთაძეს, როგორც ჩანს, მართლაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. უნდათ, უფრო ენერგიული „ახალი ცოცხი“, რომელიც უფრო აქტიურად დაერევა ოპოზიციას.
_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ უმრავლესობა არ დაძლევს ვეტოს?
_ ვნახოთ, ასეთი ვითარება არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ქვეყანა საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ მოქცეულიყო, ამიტომ თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს. რა თქმა უნდა, პირადად ველოდები, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
_ „ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანქციების არ ეშინიათ და არ გაემგზავრებიან აშშ-ში. ამ დონეზე დაჰყავთ ეს საკითხი, ამის შესახებ რას იტყვით?
_ პანიკაში არიან, ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ სულელურ განცხადებებს. როცა პარლამენტში არის 90 კაცი, ერთმანეთს აგულიანებენ, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რა ხდება გარეთ, ქუჩაში ვერ გამოდიან. შვილები, მშობლები, მეუღლეები რას ეუბნებიან, ძალიან კარგად იციან. ამიტომ როგორც კეთროვანები, ასე არიან შეყუჟულები პარლამენტში, სპეცრაზმის დაცვის თანხლებით. ძალიან მძიმე მდგომარეობასა და მძიმე განცდებში არიან, მათი კომენტარები ეს არის განწირული ადამიანების საუბრები, თურმე ევროპაში არ წავლენ, ამერიკაში არ წავლენ, სად წავლენ,აბა, მოსკოვში? ან ბიზნესს სად გააკეთებენ? შვილებმა სად უნდა ისწავლონ ან მომავალში დასავლეთთან კომუნიკაციის გარეშე მათი ცხოვრების ხარისხი რა იქნება? მთელი ცხოვრება რომ მოღალატის იარლიყის ტარება მოუწევთ? რა თქმა უნდა, ზოგს პრაგმატული შიშები აქვს, რომ ბიზნესს დაუყადაღებენ და შიშები იმის შესახებ, რომ იმ სახრავს დაკარგავენ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადმოუგდოთ და, ძირითადად, ბიუჯეტიდან იკვებებიან, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ადამიანის წინაშე უფრო მაღალი ღირებულებები დგება, როგორიც არის სამშობლოს ბედი, ოჯახის ბედი, ამიტომ თუ უგუნური ადამიანი არ არის, ამ პროცესში ივანიშვილს უნდა გაეცალოს.
_ მათთვის მტკივნეული აღმოჩნდა სწორედ ოჯახის წევრების დასანქცირება, რადგანაც როგორც ვიცით, ბევრს შვილი ჰყავს დასავლეთში, მათ შორის, აშშ-ში. „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიებსა და ბულინგზე საბჭოთა კავშირმაც კი თქვა უარი. მისივე თქმით, დასავლეთს მარტო ომის გამოცხადებაღა დარჩა საქართველოს მიმართო. რას იტყვით ამ რეაქციების შესახებ?
_ პრიმიტიული ადამიანების განცხადებებია, შოკში არიან და არ იციან, ახლა რა თქვან. ამავე დროს, ივანიშვილისგან ღებულობენ ფულს. ივანიშვილი კონვერტებით რომ უგზავნიდა ფულს 3 ათას კაცს, სად არის ის 3 ათასი კაცი? სად არის ის ე. წ. ინტელიგენცია? ტელეკომპანია „იმედში“ ივანიშვილისა და „რუსული კანონის“ მხარდამჭერების სიას ადგენდნენ, ბანერებს კიდებდნენ და 10 ბიზნესმენი მოძებნეს და ერთი-ორი კონფორმისტი ადამიანი _ ძველი „კაგებეშნიკები“ რომ არიან, ვითომ ექსპერტები და მეტი ვერავინ. სად არის ის 3 ათასი კაცი, ვინც ივანიშვილისგან ფულს იღებდა, ერთმა მაინც რატომ არ შეაწია ხმა? იმიტომ, რომ მათ აქვთ ღირსება _ ერთია, როდესაც არ იცოდნენ, ივანიშვილი ვინ იყო, ის ოპოზიციას უჭერდა მხარს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეგონათ, რომ ივანიშვილი იყო მათი მედროშე და მეორე, როცა გაიგეს, ის რეალურად ვინ არის, ამის შემდეგ ყველამ ზურგი აქცია. ამიტომ ივანიშვილმა კონვერტებით ფულის დარიგებას დაანება თავი და სანაცვლოდ ამათ ბიუჯეტი მიუგდო საჯიჯგნად. ამ ადამიანებს ახლა არ ეთმობათ ის სიკეთეები, რაც ივანიშვილმა მისცა, მაგრამ უფრო დიდი სიკეთეც არსებობს. _ ადამიანი სოციალური არსებაა, თუ გარემო შეიძულებს და ქუჩაში ვერ გამოვა, მაშინ რად უნდა ის ფული, რომელიც ამ უსამართლო ტენდერებიდან მოიგო? ამიტომ არ არის მარტივად საქმე, „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი გაგრძელდება.
_ შეცვლილი ვითარება ოპოზიციისგანაც ადეკვატურ ქმედებებს მოითხოვს, ქუჩაში არსებულ პროტესტს უნდა მოყვეს პოლიტიკური შედეგი. რა უნდა გააკეთონ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამისთვის?
_ რა თქმა უნდა, რეალობა აშკარად შეცვლილია, ის არ არის, რაც კანონის მიღებამდე იყო. ბუნებრივია, ოპოზიციამ ამას ადეკვატურად უნდა უპასუხოს, მოთხოვნა არის ერთობაზე, ეს იქნება დიდი გაერთიანება თუ ორი თუ სამი ბლოკი, ამას გვაჩვენებს დრო და ოპოზიციის მზადყოფნა, თუ რა კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ოპოზიცია რომ გამსხვილებისკენ წავა, ეს ფაქტია. ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას.