- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-05-30 04:23:00
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დიპლომატი ნინო კალანდაძე:
_ ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის პირდაპირ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ივანიშვილი იმთავითვე იყო რუსული პროექტი, რომელსაც საჭიროების დროს, კონკრეტულ დროსა და მომენტში, საქართველოს საგარეო კურსი უნდა შეეცვალა. ამის დეკლარირება მან თავიდანვე მოახდინა, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, როდესაც მან ისაუბრა, რომ საქართველო არის პატარა სოფელი და მას არ უნდა უნდა ჰქონდეს ამბიციური საგარეო პოლიტიკა. როდესაც მან სომხეთის პოლიტიკა დაასახელა რუსეთსა და ნატო-ს შორის ლავირებული და პრაგმატული პოლიტიკის მაგალითად, როდესაც მან დაჟინებული მოთხოვნით პრაქტიკულად გააუქმა საერთაშორისო ფორმატები და ჩაანაცვლა ის ორმხრივი, რუსულ-ქართული ფორმატებით, რომელიც მხოლოდ რუსულ ინტერესს ემსახურებოდა და არა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს, როცა დღის წესრიგიდან მოიხსნა დეოკუპაციის საკითხი, დევნილების დაბრუნების საკითხი და ყურადღება გადავიდა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სარჩულით; როდესაც მან პოლიტპატიმრების სტატუსით რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლა საპატიმროებიდან და რუსებს გადასცა პოლიტპატიმრების სარჩულით ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია, ამ ქმედებებში იყო მთელი რიგი ნიშნებისა, რომელიც ძალიან ღიად მიანიშნებდა იმაზე, რომ ივანიშვილს აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები, დავალებები და ვალდებულებები რუსეთთან მიმართებით. პირველი და მთავარი ამოცანა, რაც ხელისუფლებაში მის ყოფნას უკავშირდებოდა, იყო ის, რომ საქართველოს უნდა ეთქვა უარი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. 2014 წელს მან ეს ვერ მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეეშინდა მეორე მაიდნის, რადგან უკრაინაში რაც მოხდა, ორჯერ მეტი მოხდებოდა საქართველოში მაშინ პროდასავლურ ტალღაზე. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ივანიშვილის ძალაუფლება ისეთი კონსოლიდირებული არ იყო, როგორც 2016 წლიდან მოყოლებული, როდესაც მან შეძლო კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება და ყველა ინსტიტუტის ძალადობრივად ხელში ჩაგდება. დღეს, როდესაც მიტაცებული არის სახელმწიფო რუსი ოლიგარქის მიერ, მას ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ აქვს, ამიტომ ეს გაბედა, მით უმეტეს, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლეთის პოლიტიკა რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებით. აქამდე თუ დღის წესრიგში არ იდგა საქართველოს ევროკავშირში მყისიერად გაწევრიანების საკითხი და ეს გაცილებით გრძელვადიანი პერსპექტივა იყო, ახლა ეს არის დღის წესრიგში და, შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში საფრთხე, რომ რუსეთმა შეიძლება საქართველო დაკარგოს. შესაბამისად, რეგიონიც შეიძლება გამოეცალოს ხელიდან. უკრაინაში ომი როგორადაც უნდა დასრულდეს და იმედია, უკრაინის სასარგებლოდ დასრულდება, უკრაინის დიდი ნაწილი და შესაბამისად პოლიტიკური გავლენა უკრაინაზე მას დაკარგული ექნება. შესაძლოა, შეინარჩუნოს ზღვაზე გასასვლელი რაღაც ნაწილი, მაგრამ პოლიტიკური კონტროლი კიევზე მას ვეღარ ექნება. ამიტომ ამ სურათში მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს კავკასიის რეგიონი. საქართველოს დაკარგვით რუსეთი დაკარგავს კავკასიის რეგიონს, რადგან აზერბაიჯანმა უკვე ახალი სტრატეგიული ალიანსები შექმნა ნატო-ს წევრ სახელმწიფო თურქეთთან და საკმაოდ ძლიერ მოთამაშესთან რეგიონში. ამავდროულად, სომხეთს სხვა არჩევანი აღარ დარჩა, როდესაც გააცნობიერა, რომ რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი, აიღო გეზი დასავლეთისკენ და მთელი ვექტორი შეატრიალა ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის მთელი გეოპოლიტიკური სურათი იცვლება, თუ ახლა მას თბილისი გამოეცლება ხელიდან. ამიტომ ივანიშვილის ამოცანაა, ახლა რუსეთის ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინოს, რომ 2030 წელს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შემდეგი ეტაპი დასრულდება და გარკეული ქვეყნები, რომლებიც ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან, მოხვდებიან ევროპის კავშირში, ხოლო ის ქვეყნები, რომლებზედაც პუტინს სურს, რომ გავლენა შეინარჩუნოს, მოახვედროს ე. წ. ახალი რკინის ფარდის მეორე მხარეს. როდესაც ევროპის ახალი საზღვრების დეფინირება მოხდება ომის დასრულების შემდეგ, რუსეთს უნდა, ეს გავლენის ხაზები ისე დაიყოს, რომ საქართველო მოხვდეს მის მხარეს. ეს არის მთელი გეოპოლიტიკური ამოცანა და ამ მიზანს ემსახურება ივანიშვილი პირველსავე დღიდან. ივანიშვილის ხელისუფლების ამოცანაა, დასავლეთი გააგდოს საქართველოდან, რომ იგი არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ინსტიტუციური ბლოკების წევრი და, შესაბამისად, პერსპექტივა არ ჰქონდეს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ეს არის დავალება, ინსტრუქცია მოსკოვიდან, რასაც ასრულებს პირნათლად, მთელი თავისი კონსოლიდირებული რესურსით, ძალაუფლებით, ФСБ-ს მონაწილეობით, სუს-ისა და ძალოვანი უწყებების აქტიური უზრუნველყოფით ადგილზე.
_ რა შედეგები შეიძლება მოყვეს დასავლეთისა და კერძოდ აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციებს?
_ სანქციები არის კარგი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება მოკავშირე სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესი. ქართველი ხალხის დეკლარირებული ინტერესი არის ევროინტეგრაცია, შესაბამისად, ყველა, ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს, ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული ფინანსური და ძალოვანი მანქანები. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სწორია. რამდენად შეცვლის ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს, რასაკვირველია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა ის პატარა ხალხი, რომლებსაც ეს სანქციები მტკივნეულადაც შეეხება. იმედი მაქვს, ამას არა მხოლოდ სადამსჯელო, პრევენციული შედეგი ექნება. ნელ-ნელა ხალხი გონს მოეგება, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებში.
_ გარდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებისა, როგორც სენატში, ასევე კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტები, რომელიც სანქციების კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს გულისხმობს. ამის შესახებ რას იტყვით?
_ ეს სანქციები წერტილოვნად უნდა შეეხოს მათ, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებები, ასევე ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში შესაძლო აქტიურად მონაწილეები. ეს არის თავად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ასევე ის ფინანსური და ძალოვანი უწყებები, რაც მთავარია, უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან იმისთვის, რომ რუსული ინტერესები გაატარონ საქართველოში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სანქციები შეეხება ყველას, ვისაც ამ პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
_ სანქციები დაანონსდა პრევენციის მიზნით, თუმცა თუ „ქართული ოცნება“ ამას არ შეისმენს, შესაძლოა, ის რეალობად იქცეს, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას ქვეყნისთვის?
_ რასაკვირველია, ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი მყისიერად რეაგირებს რყევებზე. მით უმეტეს აისახება, თუ სანქციები შეეხო ამა თუ იმ მსხვილ ბიზნესს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილის კლანების დაფინანსებასთან, ისევე როგორც შესაბამის ფინანსურ სექტორს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს რყევებს გამოიწვევს, ისევე როგორც ამას გამოიწვევს იმ დახმარებების შეზღუდვა, რაც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტებით. ბელორუსი თუ მოექცა იზოლაციაში, მას თავისი ბუნებრივი რესურსები აქვს, რომლითაც შეუძლია თავი შეინარჩუნოს საქართველოსგან განსხვავებით. საქართველოს აქვს ძალიან შეზღუდული ინდუსტრიები, რომელიც მის ეკონომიკას კვებავს. მასში აკუმულირებულია დიდი ფული, რომელიც არის შავი ფული და არის კონკრეტული დაჯგუფებების ხელში, რომლის გამოყენებაც ვერ მოხდება საქართველოს ეკონომიკის სასარგებლოდ, _ აქ შემოვა კიდევ უფრო მეტი შავი და კონტრაბანდული ფული, რომელიც საქართველოს უსახავს ჩეჩნეთისა და 90-იანების პერსპექტივას, ვიდრე ბელარუსსა და სხვა სახელმწიფოების, რომლებიც არიან იზოლაციაში. საქართველოს მთავარი მამოძრავებელი ინდუსტრია არის ტურიზმი, რაც ისეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში, რომლის ხელისუფლება არის სანქცირებული და ფინანსურ მექანიზმებზე მოქმედებს შეზღუდვები, ვერ იარსებებს. ბუნებრივია, ამ კანონის მიღების პირობებში საქართველოში კარგი ეკონომიკური სურათი ვერ იქნება.
_ დასავლეთის მიმართ დემარშის პარალელურად ვხედავთ ავტოკრატიულ ქვეყნებთან საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას. შეძლებს თუ არა მმართველი ძალა პოლიტიკური ვექტორის ამ მიმართულებით შეცვლას?
_ შეძლებს, ეს არის მათი ამოცანა და თუ ვერაფერმა შეაკავა ისინი, რასაკვირველია, ჩვენ მოგვახვედრებენ ამ ავტორიტარული ქვეყნების კალათაში, სადაც ლეგალური ფული არ ბრუნავს.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ 2012 წლიდან უკვე გასაგები იყო, თუ რას აპირებდა „ქართული ოცნება“, თუმცა ბევრ ადამიანს, მათ შორის მათაც, რომლებიც ახლა აქტიურად არიან ოპოზიციაში, დიდი დრო დასჭირდათ ამის მისახვედრად. რამდენად ეყოფა ახლა დრო „ქართულ ოცნებაში“ მყოფ ადამიანებს, გააცნობიერონ თუ საით მიჰყავს ივანიშვილს ეს ქვეყანა?
_ „ქართული ოცნების“ მომხრეების რამდენიმე კატეგორია არსებობს: 1. ეს არის უმაღლესი რგოლი _ ივანიშვილის წყალობით კორუფციაში ჩართული ადამიანები, რომლებსაც აქედან დამოუკიდებლად გამოსავალი არ გააჩნიათ; 2. სახელმწიფო მოხელეების საშუალო რგოლი, რომელიც ფიზიკურად არის დამოკიდებული იმ შემოსავალზე, რასაც სახელმწიფოდან იღებს. ამავდროულად, ძალიან დიდი შიშის ფაქტორია, რადგან ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლება; 3. ეს არის ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელსაც წლების მანძილზე ანტიდასავლური პროპაგანდით ურეცხავდნენ ტვინს, შესაბამისად, მათ შეიძლება გულწრფელად სჯეროდეთ, რომ ივანიშვილი შეიძლება მართლაც რამე კარგს აკეთებდეს ამ გადაწყვეტილებით. სწორი ინფორმაციის სწორად მიწოდების შემთხვევაში, მათ რეალობის შეცნობა შეეძლებოდათ. რაც შეეხება თვითონ ხელისუფლების წიაღში მყოფ ადამიანებს, არაფერი დრო არ სჭირდებათ, რომ გაერკვნენ. კარგად იციან, რასაც აკეთებენ.
_ იმედი გაქვთ, რომ შეიცვლიან პოზიციას, თუ მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს? ბოლომდე დაუჭერენ მხარს ამ კანონს?
_ იმედი მაქვს, რომ სანქციები მტკივნეულად იმოქმედებს ივანიშვილზე და რომ, შესაძლოა, კიდევ არსებობდეს რაიმე ბერკეტი გადაწყვეტილების შეცვლის, თორემ ეს ადამიანები რომ შეიცვლიან პოზიციას და გაექცევიან ივანიშვილს, ამის არ მჯერა.
_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ არჩევნები შეცვლის ამ სურათს?
_ არ მაქვს ამის იმედი, იმიტომ რომ არჩევნები არ ტარდება ბელარუსსა და რუსეთში, საქართველო თუ გადაიქცა ბელარუსად და ჩეჩნეთის ნაირსახეობად, მაშინ საქართველოში ნებისმიერი სახის არჩევნები იქნება ფორმალობა და ამ კანონის პირობებში ჩატარებული არჩევნები იქნება ფორმალობა,
_ გამოსავალს სად ხედავთ?
_ არჩევნებამდე უნდა გადაწყდეს ივანიშვილის ბედი.